მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1465 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველაფერს ჯივზი მიხედავს

 

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

 

იმას გეუბნებოდით, ამ ჩემ ჯივზს (ერთხანობაა, ლაქიად მიდგას) რა გინდა, ხელიდან არ გამოსდიოდეს! ზოგ-ზოგებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტად ვენდობი - აქაოდა, მსახური მაინც  მსახურიაო (დეიდა აგათა სულაც  ჩემს „ძიძად“ იხსენიებს), მაგრამ რა მერე? ეგ კაცი უბრალოდ გენიოსია! ყოველ შემთხვევაში, ყველა ჩემს ნაცნობზე მთელი თავით მაღლა დგას და რა გინდა, რომ ქნა?

კვირაც არ იყო გასული, რაც ჩემს სამსახურში ჩადგა და ყველა საქმე მაგას გადავაბარე… მას მერე ბარე ხუთი წელი იქნება გასული და უნდა გითხრათ, მაშინდელი გადაწყვეტილება ერთხელაც არ მინანია. კი, ნაღდად ხუთი წლის წინ მოხდა - ახლაც მახსოვს, რა ამბავი გადამხდა ფლორენს კრეის, ბიძია უილობის ხელნაწერისა და იმ ბენტერა ბოისკაუტ ედვინთან დაკავშირებით…

ყველაფერი იქიდან დაიწყო, „სამყუდროდ“ წოდებულ ბიძაჩემის მამულს რომ ვეწვიე შროპშირის საგრაფოში: წესად მედო, ზაფხულის ერთი-ორი კვირა მაინც გამეტარებინა ხოლმე იქ, მაგრამ სწორედ იმ წელს მომიწია, სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი ლონდონს და ახალი ლაქია მეძებნა.

საქმე ის გახლდათ, რომ წინა ვაჟბატონს - ვინმე მედოუზს, ჩემი აბრეშუმის წინდების ქურდობაზე წავასწარი და დამეთანხმებით, ალბათ, ამას არა თავმოყვარე კაცი არ მოითმენს! იმაზე აღარას ვამბობ, რაღაც-რაღაც სხვა წვრილმანი ნივთებიც რომ გააყოლა ხელს… მოკლედ, სწორედ ამ წინდების გამო იყო, ასე ვთქვათ, ხელთათმანი რომ ვესროლე და დაქირავების ბიუროს მივმართე - სხვა ვინმე გეყოლებათ ცოტა უფრო საჩემო-მეთქი! ჯივზი გამომიგზავნეს.

არადა, ჩემ დღეში არ დამავიწყდება ის დილა, მძინარეს რომ დამადგა თავზე: ისე მოხდა, წინა დღეს ფრიად საჩინო მონაწილეობას ვიღებდი ერთ ლხინის სუფრაზე და გასაგები მიზეზების გამო მეორე დღისთვის რაღაც მთლად ჯანზე ვერ გახლდით. ყველაფერთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, წიგნის კითხვასაც კი ვცდილვარ - ფლორენს კრეიმ დამავალა და იმიტომ.

ეს ქალბატონი ბიძაჩემის სტუმარი გახლდათ მაშინ „სამყუდროში“ და იქვე დავინიშნეთ კიდეც. კვირის თავზე უნდა მივბრუნებულიყავი და მოელოდა, ალბათ, წიგნი სატიტულო ფურცლიანად მექნებოდა სათანადოდ დამუშავებული. საქმე ის იყო, რომ ფლორენს კრეიმ გულის ფიცარზე ამოიჭრა - ჩემი ინტელექტი აემაღლებინა უახლოეს მომავალში… სიმართლე ითქვას, ქ-ნი ფლორენს კრეი - საუცხოო პროფილისა და ჩამოქნილი ფეხების პატრონი - თავფეხიანად რაღაც მაღალ მატერიებში ჩაფლულიყო და წიგნსაც არც მეტი, არც ნაკლები - „ეთიკურ კატეგორიათა სახეობები“ ეწერა ყდაზე. იმის იქით არც წავსულვარ. თუმცა არა, ერთი გვერდი მაინც გადავშალე საცდელად და აი, რა ამოვიკითხე:

…პოსტულატები, ანთუ მეტყველების იმპლიციტური წინადაშვებები, არაკორექტულია სოციალურ ორგანიზმებთან მიმართებაში, რამეთუ სასაუბრო ენაც იმავე მიზნებს ემსახურება…

ეჭვი არაა, ესე ყოველი სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, ოღონდ მე ჩემი მითქვამს - ამისთანა საკითხავი არანაირად არ ესადაგება ინ ვივო მიღებას და თანაც ნაბახუსევზე, დილის საათებში…

მოკლედ, ამ სატანჯველს შეჭიდებულს ჩამთვლემია და უცებ - ზარი კარზე. ძლივს ავითრიე წელი, ხელის კანკალით გადავწიე ურდული და რას ვხედავ - ვიღაც სრულიად უცნობი, შავთვალწარბა, ჩაკოსტუმებულ-ჩაჰალსტუხებული ჯეელი დგას და ძაან-ძაან დაყენებული ხმით მეუბნება:

- დაქირავების ბიურომ გამომაგზავნა, სერ. როგორც მითხრეს, კამერდინერი დაგჭირვებიათ, სერ.

ახლა ერთი კარგი მეკუბოვე უფრო მომიხდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ მაინც შევიპატიჟე შინ და ისიც კი არ შემოვიდა, ზენა ნიავივით უჩუმრად შემოქროლდა ოთახში. უნდა გითხრათ, მედოუზს ბრტყელტერფიანობა სჭირდა და ლამის ტორებს სცემდა იატაკს, ეს კიდე თითქოს ფეხსაც არ ადგამდა, ხალიჩაზე მისრიალებდა თითქოს… და სახე მისი ერთდროულად თანალმობასა და წუხილს გამოხატავდა მოყვასსა ზედა, თითქოსდა მთლად გასიგრძეგანებული ჰქონოდა ის გასაჭირი, კაცს გვარიან გამონაყოლზე რომ იპყრობს.

- ბოდიში მომითხოვია, სერ… - წაიჩურჩულასავით, მერე ოთახიდან აორთქლდა, სამზარეულოში რაღაცეები ააჩხარუნა და წუთიც არ იქნებოდა გასული, ისევ ისე უხმაუროდ მობრუნდა შეორთქლილი ჭიქით ხელში.

- პატივი დამდეთ, სერ… - და ისე მოიხარა წელში, როგორც ექიმი დაიხრებოდა ავადმყოფის სასთუმალთან, ანთუ კარის მკურნალი, დავრდომილ მეფისწულს რომ აწვდის მაცოცხლებელ სითხეს. - საკუთარი მწარე გამოცდილების შედეგად შექმნილი რეცეპტია, სერ. პიკანტურობას საკაზმი აძლევს, უმი კვერცხი მაწიერს ხდის და კაიენური წიწაკა - გალვანიზაციის ეფექტს იძლევა… ბევრს უთქვამს პირადად ჩემთვის, უებარია ამგვარი შეჭირვების ჟამსო, სერ.

იმ დილას ისეთ დღეში ვიყავი, წყალწაღებული ხავსსაც რომ მოეჭიდება და სულმოუთქმელად გამოვცალე სასმისი. ჯერ იყო  და  იმგვარი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიღაცამ თავში ყუმბარა ამიფეთქა, მერე ესეც არ იკმარა და ცეცხლმოკიდებული მაშხალა ჩამიგდო კუჭში, მაგრამ უმალ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ფანჯარაში მზე ანათებდა, ტევრში ჩიტები ჟღურტულებდნენ და საერთოდ, ცხოვრებასაც ისევ აზრი მიეცა…

- აყვანილი ხართ, - აღმოვთქვი შვებით.

იმთავითვე ვიაზრე, ეს კაცი ადამიანთა მოდგმის იმ იშვიათ სახეობას მიეკუთვნებოდა, რომელთა სახლში ყოფნა ღვთის მადლია ხოლმე და არა თქვენი პირადი დამსახურება.

- მადლობელი დიდად, სერ. ჩემი სახელია ჯივზი.

- შეგიძლიათ დღესვე შეუდგეთ საქმეს?

- რაზეა ლაპარაკი, სერ.

- ზეგ ამ დროს შროპშირში უნდა ვიყოთ, ბიძაჩემის მამულში… რატომღაც „სამყუდროს“ ეძახიან.

- ძალიან კარგი, სერ. - მერე ჩემ ზურგს უკან, ბუხრის თაროსკენ გააპარა თვალი და რატომღაც დაამატა:  -  ლედი ფლორენსის მშვენიერი პორტრეტი გქონიათ, სერ. მისი ბრწყინვალება უკანასკნელად ამ ორი წლის წინ ვიხილე, სერ - ერთხანობა ლორდ უორპლსდონისას ვმსახურობდი, მაგრამ მერე იძულებული შევიქენი დავთხოვებოდი, რადგან ვერაფრით გადავახვევინე ტილოს შარვალში, ფლანელის პერანგსა და სანადირო ქურთუკში სადილობის ჩვევას, სერ. არავითარი ამგვარი ახსნა-განმარტება არ მჭირდებოდა: მოხუცი ლორდის გამოხდომები მთელ საგრაფოში ყველას პირზე ეკერა!

ისე, ეგ ლორდ უორპლსდონი ფლორენსს ღვიძლ მამად ერგება, მაგრამ ერთხელაც დილით გაიღვიძა და სასაუზმოდ ჩამოსულმა, ისევ ერბო-კვერცხი რომ მიართვეს, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში გადაბარგდა. ოჯახს აღარც დაბრუნებია. თუმცა ოჯახს დიდად მაინც არ უგლოვია ეს დანაკარგი - მაგისთანა უჯიათი ხასიათის ვინმე სანთლით უნდა გეძებნა ჩვენს მხარეში! და საერთოდ, თუკი იმ ღვთიურ სიამეს, რასაც ფლორენსის საქმროდ ყოფნა ჰქვია,  მაინც  შეიძლება რაიმე ზადი უპოვოთ, ეს ისევ მშობელ მამასთან მისი სისხლით ახლობლობა და შესაბამისად, ხასიათის ერთი-ორი უცნაურობის მემკვიდრეობით გადმოღებაა - კაცი ვერ იტყვის, როდის იფეთქებს… აი, პროფილი და ფეხები კი მართლა უზადო აქვს.

- გაცნობებთ, რომ ლედი ფლორენსი და მე დაწინდულები ვართ, ჯივზ, - ვეუბნები.

- ნუთუ მართლა, სერ?

და იცით, რას გეტყვით? მის ხმას რაღაც შეუსაბამო იჭვნეულობა დაჰკრავდა, აშკარად. თითქოსდა ისეთიც არაფერი, ზრდილად იკითხა, ლაქიასთვის აუცილებელი ყველა წესის დაცვით, ოღონდაც აღფრთოვანებისა კი ვერაფერი შევატყვე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოსდა ფლორენსის მიმართ ჩემს განწყობას სულაც არ იზიარებდა. იქნებდა უორპლსდონებთან რომ იდგა მსახურად, მამასთან ერთად ქალიშვილმაც აწყენინა რაღაც. რას იზამ, ხდება ხოლმე. ყველას გულს ვერ მოიგებ. ისე კი, მეტად მომხიბლავი ქალიშვილია და როგორც უკვე მოგახსენეთ, ტან-ფეხიც…

ამ დროს ზარი გაისმა კარზე. ჯივზი წამიერად გაქრა და წუთში დაბრუნდა დეპეშით ხელში. გავხსენი და მეტად უცნაური შინაარსის ტექსტი ამოვიკითხე:

„პირველივე მატარებლით დაბრუნდით უკან. გადაუდებელი საქმეა. ფლორენსი“.

- უცნაურია, ღმერთმანი, - ვთქვი მე.

- სერ?

- არა, ჯივზ, ისეთი არაფერი.

ლაქიასთან საკითხის გარჩევა მაშინ საჭიროდ არ ჩავთვალე, რაც იმაზე მიანიშნებს, რამდენად ცუდად ვიცნობდი საკუთარ მსახურს. ახლა ხომ ასეთი რამ თავშიც არ მომივიდოდა - უცნაური შინაარსის დეპეშის თაობაზე მისი აზრი არ მეკითხა. შინაარსი ესე კი მართლაცდა უკიდეგანოდ გაუგებარი გახლდათ: ფლორენსს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ზეგ ისედაც ვბრუნდებოდი

„სამყუდროში“ და ეს ფაცხაფუცხით აბარგება რაღა საჭირო იყო? აშკარად ჩემს იქ არყოფნაში მოხდა რაღაც; არადა, აზრზე ვერ მოვდიოდი, მაინც რა შეიძლებოდა მოხდარიყო ისეთი?

- ჯივზ, - ვეუბნები, - ნასადილევს „სამყუდროში“ მივემგზავრებით. იმედია, ჩასაბარგებლად დრო საკმარისი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, სერ.

- ჩემოდნებსაც ჩამილაგებთ და…

- დარდი გაუშვით, სერ. რის ჩაცმას ინებებთ საგზაოდ?

- აი, ამის.

და ჩემს კუბოკრულ, მოსპორტულო შარვალ-პიჯაკზე მივათითე, რომლითაც კლუბში ვიწონებდი ხოლმე თავს და მის ფერთა ერთგვარი მოულოდნელი შეხამების მიუხედავად, არც სხვა ადგილებში დავუძრახივარ ვინმეს.

- კეთილი, სერ.

და ისევ ის რაღაც მოუხელთებელი ინტონაცია გაერია ხმაში. რაღაცნაირად სხვანაირად გამოუვიდა ნათქვამი. მიმიხვდით, ალბათ, რის თქმაც მსურს. მოკლედ, აშკარად უარყოფითი აზრისა გახლდათ ჩემს ჩაცმულობაზე. წამსვე გადავწყვიტე, ახლა თუ მაგრად არ დავუდექი, მერე მთლად თავზე დამაჯდება- მეთქი!

მოგეხსენებათ ლაქიების ჯიში - თითს თუ დაუთმობ, მერე მთელ ხელს… არაფერი ამის მსგავსის მოთმენას საკუთარი მსახურისაგან არ ვაპირებდი, რადგან უამრავი მაგალითი ვიცი, როცა ბატონი საკუთარივე მსახურის მონა გამხდარა - თუნდაც ის ჩემი მეგობარი ობრი ფოდერგილი ავიღოთ:

ამასწინეებზე მწარედ მოთქვამდა კლუბში, რომ იძულებული გამხდარა, საყვარელ ჟღალ ფეხსაცმელებზე ეთქვა უარი - თურმე ნუ იტყვით და, მის კამერდინერს, ვინმე მიკინს აუთვალწუნებია! არაა, მაგათთან მხოლოდ აი ის - რა ქვია იმას - „ხავერდისთათმანიანი მუშტის“ პოლიტიკა თუ გაჭრის…

- გატყობთ, ჩემი სამოსი არ მოგდით თვალში, ჯივზ?

-  რას ბრძანებთ, სერ!

- რას უწუნებთ?

- არც არაფერს, სერ, მშვენიერი სამოსია.

- კარგი ახლა, მე ვერ გამაცურებთ! აბა ერთი, თქვენი მოსაზრებანიც გვიბოძეთ.

- თუკი ასე დაბეჯითებით მოითხოვთ, სერ… იქნებ რაიმე ოდნავ უფრო მრუმეფერებიანი და ნაკლებ კუბოკრული შეგვერჩია?

- რა სისულელეა, ჯივზ!

- ბატონი ბრძანდებით, სერ.

- სრულიად გაუმართლებელი თვალსაზრისია!

- როგორც ინებებთ, სერ.

უცებ საიდანღაც ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს კიბის თავში მოვექეცი, ფეხიც გადავდგი და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ საფეხურები უკვე გათავდა… ჩახმახივით გახლდით შემართული, მაგრამ ბრძოლის ველი დაცარიელებულიყო.

- მაშ კარგი, მოვრიგდით.

- დიახ, სერ.

ჯივზი თავის საქმეებზე გაემართა, მე კი ისევ იმ „ეთიკურ კატეგორიათა სახეობებს“ მივუბრუნდი - ახლა „იდეოფსიქოლოგიური ეთიკის“ თავი მელოდა ასათვისებლად…

მთელი გზა მატარებელში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ასეთი რა უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო „სამყუდროში“. ბოლობოლო, ეს სულაც არ გახლდათ ტყეში ეულად მდგომ იმ სახლთაგანი, სადაც - ე. წ. „ქალთა რომანებს“ თუ დავუჯერებთ - ახალგაზრდა, გამოუცდელ ქალიშვილებს შეიტყუებენ ხოლმე ვითომდა ბაკარას სათამაშოდ და მერე პირწმინდად ძარცვავენ!

ჩემი იქიდან წამოსვლისას იქაურობას უკვე გულდინჯ, პატივცემულ, ასაკოვან მოქალაქეთა მთელი ჯგრო სტუმრობდა და კაცმა რომ თქვას, სხვანაირ ხალხს ბიძაჩემი არც შეუშვებდა მამულში - ამ ხანმოთეულ, გაბღენძილ პედანტს უყვარდა, როცა ცხოვრება მის გარშემო მდორედ და აუმღვრევლად მიედინებოდა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე რა ხანია ჩვენი საგვარეულოს გენეალოგიის შედგენით გახლდათ დაკავებული და ვაი იმას, ვინც ბიბლიოთეკის მყუდრო სიჩუმეს დაურღვევდა! საზოგადოდ, უპირობო ჭეშმარიტებაა, რომ ფათერაკები კაცმა ახალგაზრდობაშივე უნდა მოილიო - ერთ დროს ბიძაჩემი გვარიანი მექალთანე, ბანქოს მოყვარული და მოგზაურიც კი ყოფილა, რის დასაბრალებლად ახლა ენა არ მოგიბრუნდება კაცს.

სახლში რომ შევედი, ოუქშოტმა, იქაურმა კარისკაცმა მომახსენა, ლედი ფლორენსი თავის ოთახშია, მოახლე გოგოს თვალს ადევნებს, ყველაფერი სწორად ჩაალაგოსო; თურმე სულ რაღაც ოციოდ მილზე მეზობელი მემამულე აწყობდა მეჯლისს და მთელი ეს ჯამაათი ჯგროდ მიემართებოდა იქ, ღამისთევით. ოუქშოტისთვის ჩემზე უთქვამს - როგორც კი ჩამოვა, მყისვე მომახსენეთო. მეც მოსაწევ ოთახში შევიარე და იქ ველოდებოდი. გამოჩნდა თუ არა, სახეზე ეწერა, რომ დიდად აღელვებული გახლდათ, შეიძლება ითქვას, განერვიულებულიც კი. ის იყო, მოხვევა დავუპირე და ქვემსუბუქი წონის მოკრივის სისხარტით აიცილა ჩემი მკლავები.

- მორჩით ახლა!

- მოხდა რამე, ძვირფასო?

- მოხდა რომელია! გახსოვთ, რომ გამაფრთხილეთ, როგორმე ბიძათქვენის კეთილგანწყობა მომეპოვებინა?

- კი, ეგრე იყო.

საქმე ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით მაინც ბიძაჩემის კმაყოფაზე ვარ და მისი კურთხევის გარეშე ქორწინებაზე ფიქრსაც კი აზრი არა აქვს. ვერც წარმომიდგენია, საწინააღმდეგო ანკი რა უნდა ჰქონდეს - ეგა და ფლორენსის მამა ხომ ერთად სწავლობდნენ ოქსფორდში, მაგრამ მოგეხსენებათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მეც ფლორენსი გავაფრთხილე, ემანდ შემთხვევით სიტყვაც არ შეუბრუნო-მეთქი.

- და ისიც კი მთხოვეთ, იქნებ ჯერაც დაუმთავრებელი საკუთარი ნაშრომიდან ნაწყვეტი მაინც წააკითხოო?

- და რა მერე, არ გაუხარდა ბერიკაცს?!

- გაუხარდა და ეგრე? სწორედ გუშინ მოუმთავრებია ბოლო გვერდი და მთელი საღამო მიკითხავდა - ლამის ბოლოში გავიდა! აღმაშფოთებელი ამბავია, თავმოსაყივნებელი!

- მაინც რა გვჭირს გვარში ამისთანა? მეგონა, არც მთლად წყალწაღებულები ვიყავით…

- არაფერი კავშირი ამას თქვენს გვართან არა აქვს! და არც თქვენი გვარის გენეალოგიასთან! მემუარები დაუწერია სათაურით „ხანგრძლივი ცხოვრების ტკბილი მოგონება“.

აი, მაშინ კი დამკრა თავში: როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიძია უილობის მეტად შფოთიანი ახალგაზრდობა გამოუვლია და ახლა თუ ყველაფერს სამზეოზე გამოიტანდა…

- იმის ნახევარიც თუ მართალია, რასაც ის ამ თავის „მოგონებებში“ წერს, მოგვეჭრა თავი და ეგაა! გუშინ იმაზე შეჩერდა, ის და მამაჩემი მიუზიკ-ჰოლიდან სახალხოდ რომ გამოუძევებიათ 1887-ში!

- ნეტა რისთვის?

- არა, მაგას ნუ მკითხავთ! ისე, 1887 წელს ორ ჯენტლმენს ტყუილუბრალოდ არავინ გამოაგდებდა ქუჩაში… მარტო იმას გეტყვით, რომ მამაჩემს დროსტარება ლიტრიანი ბოთლი შამპანურის გამოცლით დაუწყია! მერე კიდე - აი ის ამბავიც, ლორდ ემსუორთის თაობაზე… და რამდენიც გნებავთ! მთელი წიგნი სულ ამისთანა უმსგავსობების აღწერაა!

- დაიცა, საყვარელო, ვინ ემსუორთზე ამბობთ? იმ ჩვენს მეზობელზე? ეგ ბუზსაც არ ააფრენს, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს, ცხოვრებაში…

- გეგონოთ! წაიკითხავთ და თავად ნახავთ… სულ ამისთანა ხალხზე წერს - ჩვენს ახლობლებზე, ნათესავებზე, საერთო მეგობრებზე, ნაცნობ ოჯახებზე!

სულ წვრილად ყვება, ვინ რას სჩადიოდა ახალგაზრდობაში! აი თუნდაც სერ ჯერვაისის ამბავი ავიღოთ… გინდათ, იცოდეთ, რა მოხდა მერე? ვერ გეტყვით, ვერა!

- გეცადათ მაინც.

- არავითარ შემთხვევაში!

- კარგი ერთი! რა განერვიულებთ? თუ მართლა მაგისთანა უმსგავსობებია შიგ, მაგას რომელი ჭკუათმყოფელი გამომცემელი დასტამბავს?!

- ცდებით, ჩემო კარგო! ცუდად გცნობიათ! ბიძათქვენმა თავისი პირით მითხრა - ერთ დიდ და გავლენიან გამომცემლობას უკვე მოველაპარაკე, ხვალვე გადავუგზავნი ხელნაწერსო! ლედი კარნაბის მემუარებიც სწორედ მაგათ გამოუციათ - „სიცოცხლით სავსე 80 წელი“.

- ო-ო, ეგ მეც კი წავიკითხე, თანაც ორჯერ…

- ახლა სიტყვაზე მენდეთ, რომ ლედი კარნაბის წიგნი ბავშვური ტიტინია ბიძათქვენის მოგონებებთან შედარებით! მარტო მამაჩემის ამბები…

- და ახლა რა ვქნათ?

- ხელნაწერი უნდა გავანადგუროთ.

ლამის იყო, ადგილზევე შევხტი - აი მესმის, ქალი!

- და ეს როგორ მოვახერხოთ?

- რას ნიშნავს „მოვახერხოთ“? მე რა შუაში ვარ? აკი ამ საღამოს მეჯლისზე ვარ დაპატიჟებული! ჩამოვალ… დაიცათ, როდის? ორშაბათს! ხვალ დილით კი ეს საქმე მომთავრებული უნდა იყოს. სწორედ ამისთვის გამოგიძახეთ.

- რ-რაო?

ისე ცივად შემომხედა, გული გადამიქანდა.

- გინდათ მითხრათ, ვერაფრით დაგეხმარებიო?

- ა-ა-რრა, მაგრამ…

- სულ მარტივი ამბავია, ბერტი!

- ე-ე… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, რა პრობლემაა, მაგრამ მეორე მხრივ…

- ბერტი! აკი ხელს მთხოვდით?

- კი, რაღა თქმა უნდა, ოღონდ…

წამში ეს ანგელოზი მთლად მამამისს არ დაემსგავსა?!

- ჰოდა, დაივიწყეთ!

- დაიცათ, ე-ე… ფლორენს, იმის თქმა მინდოდა…

- ხმა-კრინტი! გამოცდას გიწყობთ. თუ ყველაფერს მოაგვარებთ, ჩავთვლი, რომ არც ისეთი ცერცეტი ვინმე ყოფილხართ, როგორადაც ვიღაც-ვიღაცეები გთვლიან… და თუ ხელნაწერი ხვალ დილით ამ სახლიდან გამომცემლობას გადაეგზავნება, ვიფიქრებ, რომ დეიდათქვენი აგათა სავსებით მართალი ბრძანდებოდა, როცა სრულიად უხერხემლო და უნებისყოფო გიწოდათ და არც მირჩევდა, თქვენს წინადადებას დავთანხმებოდი!

- დეიდაც ამას ჰქვია… და ბიძაჩემმა რომ ჩამავლოს? ერთ პენისაც ვეღარ ვეღირსები მისგან!

- აჰაა… თუკი ჩემს თავს ბიძათქვენის ფულს ანაცვალებთ…

- ფლორენს, ეგ როგორ იფიქრეთ!

- მაშ, მოვრიგდით: ბანდეროლი ხვალ დილით ჰოლში იდება, მაგიდაზე, ოუქშოტმა უნდა წაიღოს ფოსტაში სხვა წერილებთან ერთად. მარტო ის გევალებათ, აიღოთ, წაიღოთ და გაანადგუროთ. ბიძათქვენს კი ეგონება, გადაგზავნისას დაიკარგაო.

გეგმა რაღაც მთლად სრულყოფილი არ მეჩვენა.

- დავიჯერო, ასლი არ გაუკეთებია?

- საქმეც ეგაა, რომ არა! პირდაპირ ხელნაწერს გზავნის, გადაბეჭდვა აზრადაც არ მოსვლია.

- ხელახლა რომ დაჯდეს წერად?

- მეტისმეტად დიდი ხანი დასჭირდება. მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი…

- რაღაც უცნაური ნათქვამი გამოგივიდათ, ფლორენს!

- ბერტი, თუ აპირებთ დილამდე იდგეთ აქ და თქვენი უაზრო კონტრარგუმენტები ამრავლოთ…

- მე…

- მოკლედ მოჭერით: ჰო თუ არა? არ შეგიძლით, ჩემი ხათრით ერთი კეთილი საქმისთვის თავი გადადოთ?

- რატომ მაინცადამაინც მე? იქნებ ედვინისთვის გეთხოვათ? ოჯახურ წრეში, ასე ვთქვათ… ბავშვსაც გაუხარდებოდა!

მე თუ მკითხავთ, ბრწყინვალე აზრი იყო: ედვინი ფლორენსის უმცროსი ძმა გახლდათ და „სამყუდროში“ ატარებდა სკოლის არდადეგებს. ბავშვობიდანვე დიდი მაბეზღარა და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის დიდოსტატი იყო, ახლა კი, თოთხმეტი რომ შეუსრულდა, სკაუტებში გაწევრიანებულა და ერთთავად იმას ეკითხებოდა საკუთარ თავს - აბა დღეს მე ვის რა ვარგეო… თუმცა, როგორც წესი, სიკეთის მოტანის მთელი მისი მცდელობები გარშემო მყოფთათვის - ადამიანები იქნებოდნენ თუ ცხოველები - მხოლოდ უსიამოვნებებით მთავრდებოდა ხოლმე.

მაგრამ ჩემმა წინადადებამ ვერაფერი შედეგი გამოიღო:

- ახლა ეგღა მაკლია, ბავშვი გავრიო ამ საქმეში! ნუთუ მართლა ვერ აფასებთ იმ ნდობას, რაც ამ წუთს გამოგიცხადეთ?! მეგონა, იამაყებდით!

- ე-ე, ვამაყობ კიდეც, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ ბიჭი ამას უკეთ გაართმევდა თავს - სკაუტებს ათას ხრიკებსა და ძებნა-მალვის ხერხებსაც ასწავლიანო, გამიგია.

- ბერტი! თუკი საერთოდ რამეს ვნიშნავ თქვენთვის, მეტი სიტყვა აღარ გამაგონოთ!

- კარგი ჰო, მივდივარ… - ბედს შევეგუე და აზრების მოსაკრებად ბაღში დავაპირე გასვლა, ოღონდ ფეხის გადაგმაც ვერ მოვასწარი, რომ ჯივზს შევეჩეხე კარებში.

- ბოდიში მომითხოვია, სერ, სწორედ თქვენ გეძებდით!

- კიდევ მოხდა რამე?

- ვიღაცას თქვენი ყავისფერი ფეხსაცმელები შავი საცხით დაუპრიალებია, სერ!

- რა… რატო? რისთვის?!

- ვერაფერს გეტყვით, სერ.

- არაფერი ეშველება?

- ვფიქრობ… არა, თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ, რომ აღარაფერი, სერ.

- ეშმაკმა წაიღოს იმ ვიღაცის თავი!

- თანახმა ვარ, სერ.

 

* * * * * * * *

 

იმ ღამის მერე არაერთგზის დავკითხებივარ საკუთარ თავს - როგორ ახერხებენ მთელი ეს მკვლელები, მძარცველები თუ ათასი ჯურის აფერისტები ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას? თავად მე ხომ შეუდარებლად უფრო მარტივი საქმე დამევალა, მაგრამ ღამე თეთრად გავათენე გეგმების დაწყობაში და დილით ისეთ დღეში გახლდით, ჯივზის ნაქები სითხე თუ მიშველიდა…

ნასაუზმევს კი თავს უკვე ისე ვგრძნობდი, როგორც ჯიბის ქურდი სადგურის მოსაცდელ დარბაზში: ჰოლში მიდი-მოვდიოდი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ერთთავად იმის შიში მქონდა, ემანდ ბანდეროლის მაგიდაზე დადების წამი არ გამომრჩეს-მეთქი. მოხუცი კი არა და არ ჩანდა.  რაც  დრო  გადიოდა,  ეს ამბავი სულ უფრო და უფრო ნაკლებ მომწონდა: ერთიც ვნახოთ და - ჩამავლეს, მერე რა გინდა, რომ ქნა? ბიძაჩემი არასოდეს გამოირჩეოდა უხეში ქცევით, ოღონდ ერთი- ორჯერ კი შევესწარი მისი მრისხანების გამოვლინებას და - ღმერთო, შენ მიშველე, თუკი ამ ნალოლიავები ხელნაწერის ქურდობაზე წამასწრო!

საათის ოთხმა ჩამოჰკრა. ისიც, როგორც იქნა, გამოფრატუნდა ყვითელი პაკეტით ხელში, მაგიდაზე დადო და ისევ, უკან, ბიბლიოთეკაში შეფრატუნდა. მე ამ დროს კვარცხლბეკზე აჩონჩხლილი ვიღაც  რაინდის  ჯავშან-აბჯრის  უკან  ვიმალებოდი და თვალს მიეფარა თუ არა მოხუცი, მაგიდას ვეცი, პაკეტს ხელი დავავლე და სულ ხტუნვა-ხტუნვით ავირბინე კიბეები. გულამოგდებული შევვარდი ჩემს ოთახში და რას ვხედავ - ეგ მართლა ბოისკაუტი ედვინი არ იქექება განჯინის უჯრებში?

- სალამი! - მომმართა მხედრულად.

- აქ რა დაგკარგვია?

- არც არაფერი, ოთახს გილაგებთ.

- ეგ ვითომ რათაო?

- წინა კვირას ორი კეთილი საქმის ჩადენა დამაკლდა და ახლა ვანაზღაურებ. ფეხსაცმელები უკვე დაგიპრიალეთ, ახლა აქაურობის ლაგებასაც მოვრჩები და…

- აჰა, ესე იგი - დამიპრიალე…

- მაშ როგორ! თქვენამდე კი ამ ოთახში ბატონმა ბერკლიმ გაათია ღამე - ხომ შეიძლება, რამე დარჩენოდა უჯრაში? ვიპოვი და გზაში დავაწევ - ესეც კიდევ ერთ კეთილ საქმედ ჩამეთვლება.

- შენ რომ არ გვყავდე…

ახლა ცხადი იყო, ამ ინფერნალურ ყრმას დროზე თუ არ გავისტუმრებდი აქედან, ცუდად წამივიდოდა საქმე. პაკეტი ზურგს უკან მეჭირა და ვიმედოვნებდი, ბიჭს არაფერი შეუმჩნევია-მეთქი, მაგრამ დროზე თუ არ დავმალავდი სადმე, ვაითუ კიდევ ვინმე შემოსულიყო…

- კარგი, მორჩი ახლა, ისედაც მილაგებულია ყველაფერი.

- დაიცათ, ჯერ ჰალსტუხები უნდა დაგიხარისხოთ…

საქმეს ძაან ცუდი პირი უჩანდა. გონება დავძაბე და უცებ ერთი ძვირფასი აზრი მომივიდა თავში.

- იცი, რას გეტყვი? თუ მართლა გინდა, სამსახური გამიწიო, ეგ სიგარების კოლოფი აიღე, სამზარეულოში ჩადი და მჭრელი დანით პირები წააჭერი - საკვნეტის წამოღება დამვიწყნია… აი ეგ მართლა კეთილი საქმე იქნება შენგან!

ცოტა დაეჭვებით კი შემომხედა, მაგრამ მაინც დამიჯერა. კარი გახურულიც კი არ ჰქონდა, რომ პაკეტი უჯრაში ვდურთე, ჩავკეტე და გასაღები ჟილეტის ჯიბეში ჩავიდე. უცბადვე მომეშვა გულზე. იქნებ დიდი ვერაფერი ტაქტიკოსი ვარ, მაგრამ ამისთანა ცხვირმოუხოცავ ღლაპს კი მაინც ვაჯობებ როგორმე. ქვევით ჩავედი, სუფთა ჰაერზე მინდოდა გასვლა ნერვების დასამშვიდებლად და საიდანღაც ისევ ეს ედვინი არ გამოვარდა? ღმერთმანი, ამ ბიჭისთვის ყველაზე კეთილი საქმე თვითმკვლელობა იქნებოდა-მეთქი, ვიფიქრე.

- ვაჭრი! - მიპატაკა.

- ეგრე გააგრძელე! - არ ჩამოვრჩი მეც.

- ოღონდ ეს არ ვიცი, ბევრი წავაჭრა თუ ცოტა?

- ისე, საშუალოდ.

- მეც ასე ვფიქრობდი. წავალ აბა.

- მიდი, მიდი.

როგორც გამიგია, ბოროტმოქმედებაში ყველაზე ძნელი ამბავი ცხედრის ანთუ რაიმე სხვა ნივთიერი სამხილის თავიდან მოშორებაა. მახსოვს, ბავშვობაში ერთი ლექსი წავიკითხე ვიღაცა ტიპზე, რომელმაც აბეზარი მეზობელი მოკლა და მერე გვამის დამალვას გადაჰყვა. მართალია, თავად ლექსიდან მხოლოდ ეს ორი ტაეპი დამამახსოვრდა:

ტა-რა, ტა-რა, ტა-რარა -

მოვკალი და მორჩა!

მაგრამ არაფერიც არ მორჩა თურმე - ჯერ იყო და მიწაში ჩაფლა, მერე მდინარეს გაატანა, მერე აღარ მახსოვს, კიდე რა ქნა, მაგრამ ცხედარი ვერაფრით მოიცილა თავიდან… საათი არ გასულა, რაც ის ყვითელი პაკეტი უჯრაში ჩავკეტე და მეც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი!

ფლორენსს რა ედარდებოდა - გაანადგურეო, დამიბარა და ეგონა, ერთი ხელის გაქნევით მოგვარდებოდა ეგ საქმე. ნურას უკაცრავად! აბა მითხარით ერთი, როგორ გინდა მოსპო და უკვალოდ გაანადგურო ქაღალდების გვარიანი შეკვრა - თანაც სხვის სახლში და თანაც გაგანია ზაფხულში? ხომ ვერ ითხოვ - ოთახში ბუხარი დამინთეთ, მამცივნებსო? ომზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს, როგორ შეუჭამიათ ხოლმე საიდუმლო წერილი მსტოვრებს, მაგრამ წერილი ერთია და ბიძია უილობის სქელტანიანი მემუარები კიდევ სხვა. მთელი ერთი წელი დამჭირდებოდა მაგის გასაღეჭად…

გამოგიტყდებით, ფრიად შეჭირვებაში გახლდით, ვერც ვერაფერი მოვიფიქრე ხეირიანი და გადავწყვიტე, ჯერჯერობით პაკეტი ისევ უჯრაში მქონოდა ჩაკეტილი. ისე, სინდისზე რომ რაღაც გაწევს, მეტად მძიმე რამე ყოფილა: საღამოსთვის უკვე ისე ვიყავი განერვიულებული, ბიძია უილობი რომ უჩუმრად შემოვიდა მოსაწევ ოთახში და რაღაცა მკითხა, ნაღდად არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი დავამყარე მჯდომარე მდგომარეობიდან სიმაღლეზე ხტომაში…

ჩემი ანგარიშით, მოხუცს მხოლოდ შაბათ დილით უნდა ეყნოსა, რომ რაღაცა ვერ იყო წესრიგში, რადგან გამომცემლობიდან ბანდეროლის მიღების თაობაზე არავითარი დასტური არ მოუვიდოდა; მაგრამ აქაც მიმუხთლა ბედმა - უკვე პარასკევ საღამოს დამიძახა, ბიბლიოთეკაში შემიძღვა და ძაან შეჩქვიფებული სახით მეუბნება:

- დიდი რამ უსიამოვნება შემემთხვა, ბერტი! (სულ ასე, საზეიმო კილოთი მეტყველებდა ხოლმე). მოგეხსენება, გუშინ ჩემი ხელნაწერი გავუგზავნე გამომცემლობას და ბევრი-ბევრი, ამ დილით მაინც ხომ უნდა მიეღოთ! რატომღაც გულმა რეჩხი მიყო, გადავურეკე და იცი, რა მითხრეს? არავითარი ხელნაწერი თვალითაც არ გვინახავსო!

- უცნაურია, ღმერთმანი.

- მადლობა უფალს, ჯერჯერობით სკლეროზი არ მჭირს და მშვენივრად მახსოვს, ყვითელი კონვერტი ჰოლში მაგიდაზე დავუდე უოქშოტს ფოსტაში წასაღებად! არადა მიმტკიცებს - თავს დავდებ, არავითარი კონვერტი იქ არ ყოფილაო.

- გასაოცარი ამბავია.

- ბერტი, ერთგვარი ეჭვი მღრღნის…

- მაინც?

- არ დამიჯერებ, მაგრამ ერთადერთი ახსნა ისაა, რომ პაკეტი მოიპარეს!

- კარგი ერთი, ბიძაჩემო! ეს რამ გაფიქრებინათ?!

- დაიცა, ახლავე აგიხსნი: ერთხანობაა, ამ სახლიდან სულ რაღაც-რაღაცები ქრება! ზოგი ძვირფასი ნივთი, ზოგიც ისე რა… ანუ ჩვენ შორის ნამდვილი კლეპტომანი დაიარება. მოგეხსენება, ამ დაავადებას სწორედ ის სიმპტომი გამოარჩევს, რომ ავადმყოფისთვის სულერთია, ფასეულს მოიპარავს რასმე თუ უბრალო დანა-ჩანგალს! რაკიღა ჩემი ხელნაწერი არავისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას…

- მაგას ნუ იტყვით, ბიძაჩემო!

- მატერიალურ ღირებულებას ვგულისხმობ, ბერტი…

- დაიცათ, რა სხვა ნივთებზე ლაპარაკობდით? აკი დავადგინეთ, რომ ეგ ყველაფერი ჩემი ყოფილი მსახურის, მედოუზის ჩადენილია! ამიტომაც დავითხოვე და ახლა ახალი მყავს…

- მით უარესი! რაკი ქურდი სახლში არაა, ჩემი ხელნაწერი ვიღას უნდა მოეპარა?

ორივენი მწარედ ჩავუფიქრდით ამ თავსატეხს. განსაკუთრებით მე ვფიქრობდი ბევრს, ბოლოს თავიც კი ამტკივდა და ბაღში გავედი…

უნდა გითხრათ, ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი იდგა, რომ ამბობენ - ლოკოკინამ დააცემინოს და სოფლის ბოლოს გაიგონებო… მზე ნარნარად ეშვებოდა ცისკიდურზე, ჰაერში კი ათას ერთი სურნელი ტრიალებდა - მოკლედ, სულიერი შფოთვის დასაოკებლად უკეთესს ვერაფერს ინატრებდი, მაგრამ რად გინდა? წუთი არ იყო გასული, ვიღაცის ჩურჩული ჩამესმა:

- ბერტის თაობაზე მინდოდა მეთქვა…

მაგ ხმას ათასში გამოვიცნობდი - ედვინი გახლდათ! ჯერ აზრზე ვერ მოვედი, საიდან მომესმა, მიმოვიხედე და ბიბლიოთეკის ღია ფანჯარას ვკიდე თვალი. ერთი ნახტომით გავჩნდი რაფასთან და ვარდების ბუჩქს ამოვეფარე. გული მიგრძნობდა, ჩემდა სასიკეთოს ვერაფერს გავიგონებდი.

- რაო? - დაეკითხა ბიძია უილობის ხმა.

- რაღაც ყვითელ კონვერტზე არ ლაპარაკობდით? ბერტის აქვს ოთახში.

სწორედ ამ დროს მფრინავი ხოჭო თუ რაღაცა მაგისდაგვარი მწერი ჩამიფრინდა საყელოში, ხელი გავიქნიე, ახლა ვარდის ეკლებზე გავიკაწრე თითები და ამის მერე რაღა გასაკვირია, თუკი მთელი ინგლისის ახალგაზრდობა, ფაუნა და სრულიად სამყარო ჩემ წინააღმდეგ მეჩვენა ამხედრებული!

- დაიცა, ბიჭო, რას ბოდიალობ?

- გუშინ საღამოს მასთან ვიყავი, ერთი კეთილი საქმის ჩადენა მსურდა, ის კი შემოდის და ხელში ყვითელი პაკეტი უჭირავს, ოღონდ დამინახა თუ არა, წამსვე ზურგს უკან დამალა! მერე რაღაც დავალება მომცა, ქვევით ჩამაგზავნა და წუთიც არ იყო გასული, თვითონაც ჩამოვიდა ქვევით, ოღონდ პაკეტი უკვე აღარ ჰქონდა თან… ნამდვილად ოთახში დამალა!

ამ ბოისკაუტებს ხომ ყურადღების გამახვილებას, დედუქციის მეთოდებსა და ათას სხვა უბედურებას ასწავლიან, იმას კი არავინ უფიქრდება, ყველაფერმა ამან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს!

- დაუჯერებელია! - აღმოხდა ბიძაჩემს.

- თუ გნებავთ, იქაურობას მოვჩხრიკავ და ნაღდად ვიპოვი! - თავი გამოიდო უასაკო ასპიტმა.

- კი, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა?

- იქნებ სწორედ ის დაავადება სჭირს?

- რა, კლეპტომანია? სისულელეა!

- იქნებ ის სხვა ნივთებიც სულაც მაგის აწაპნილია? - იმედიანად ავითარებდა საკუთარ თეორიას ეს პატარა მამაძაღლი. - იქნება და იმ რალფივითაა…

- ვისავითო?!

- წიგნი წავიკითხე, იქ ერთი ბიჭია, რაც კი თვალში ხვდება, ყველაფერს ჯიბისაკენ მიაქანებს…

- რაღაც მეეჭვება, ბერტი რომ ე-ე… როგორ თქვი? საკუთარ ჯიბეში მიაქანებდეს სხვის ნივთებს.

- მაგრამ კონვერტი კი ნამდვილად მის ოთახშია! თუ გინდათ, შევამოწმოთ: უთხარით, რომ მისტერ ბერკლის რაღაცა დარჩენია განჯინის უჯრაში და თქვენ გთხოვათ…

- კარგი აზრია, ხომ იცი!

მეტს აღარ დაველოდე, დავკარი ფეხი და ჩემს ოთახში ავვარდი. განჯინასთან რომ აღმოვჩნდი, ახლა გასაღები მოვიძიე და - ღმერთო დიდებულო! ჟილეტი არც მეცვა! მერე გამახსენდა, წინა საღამოს სავარძლის საზურგეზე მივაგდე დაუდევრად და ჯივზმაც, ალბათ, იფიქრა, გასაწმენდიაო…

ზარის ერთი ჩამოკვრა და - ჩემი ლაქიის მაგივრად ბიძია უილობიმ არ შემოაღო კარი?!

- ბერტი, ე-ე… უნდა გითხრა, რომ შენამდე აქ მისტერ ბერკლი ათევდა ღამეს და ე- ე… როგორც მითხრა, პორტსიგარი დარჩენია, ე-ე… ეტყობა, განჯინაში. შეიძლება ვნახო?

ამაზრზენი სანახაობა გახლდათ, ღმერთმანი: თმაშევერცხლილი კაცი, წესით, უკვე სულის ხსნაზე რომ უნდა ფიქრობდეს, დგას აქ და ცრუპენტელობს უნიჭო მსახიობივით!

- არა, ბიძია უილობი, ეგეთ რამეს თავად შევამჩნევდი და… ის კიდე არც მისმენს, ჯერი-ჯერზე ექაჩება უჯრებს, თან ისევ იმ პორტსიგარზე ბუტბუტებს რაღაცას.

- დაიცა, ეს უჯრა რატოა ჩაკეტილი?

- რა ვიცი, მაგას გასაღები, მგონი, საერთოდ არცა აქვს… დიდი ხნის წინ დაიკარგა.

მშვიდი, მოზომილი ხმა მოისმა ჩემს ზურგს უკან:

- მიხმობდით, სერ?

- არა, ჯივზ!

- ეს გასაღები ვიპოვე, სერ. ამ განჯინისა უნდა იყოს. მზად ვიყავი, ადგილზევე მიმეხრჩო.

- მადლობა, ჯივზ. - ეუბნება მოხუცი უილობი.

- რას ბრძანებთ, სერ.

ბიძაჩემმა საკეტს გასაღები მოარგო და უჯრა გამოსწია. თვალები დავხუჭე.

- არც აქაა, - ჩამესმა მისი ხმა, - ეტყობა, მოხუც ბერკლის რაღაცა შეეშალა. ბოდიში მომითხოვია შეწუხებისთვის, ბერტი.

თქვა და გავიდა. კარი გადავრაზე, მერე ჯივზს მივუბრუნდი. ჩემს სმოკინგსა და ჟილეტს კიდებდა კარადაში.

- ჯივზ?

- დიახ, სერ?

- ე-ე… არა, არაფერი.

ძაან გამიჭირდა შეკითხვის ჩამოყალიბება.

- მ-მ-მ… ჯივზ?

- გისმენთ, სერ?

- შენ… თქვენ… ასე ვთქვათ… ე-ე… ხელი ხომ არ გირევია ამაში?

- ჯერ კიდევ ამ დილით ამოვიღე კონვერტი, სერ.

- აჰა-ა… და რატომ, მაგალითად?

- ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი, სერ.

შევეცადე, გონება მომეკრიბა.

- რა მიზეზით, ჯივზ?

- სრულიად შემთხვევით თქვენი და ლედი ფლორენსის საუბარს მოვკარი ყური, სერ.

- ახლა გასაგებია…

- მოხარული ვარ, სერ.

- კარგი იქნებოდა, თუ ლონდონში დაბრუნებამდეც შენთან იქნებოდა ეგ კონვერტი, ჯივზ.

- სავსებით გეთანხმებით, სერ.

- იქ კი მოვუხერხებთ რამეს.

- ნამდვილად, სერ.

- შენი იმედი მაქვს, ჯივზ.

- იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, სერ.

- ჯივზ… ე-ე… მინდა მეთქვა, დიდი მადლობელი ვარ შენი.

- სამადლობელო რა გჭირთ, სერ! თავს მოვალედ ვთვლი…

- შენისთანა მსახური მილიონში ერთი თუ გამოერევა, ჯივზ.

- გმადლობთ, სერ.

- არა, ათ მილიონში!

- როგორც თქვენ იტყვით, სერ.

 

* * * * * * *

 

ფლორენსი, როგორც სავარაუდო იყო, ორშაბათს ჩამოვიდა, მაგრამ სანამ ხუთი საათის ჩაისსმის მერე ყველა თავ-თავის ოთახში არ შეიყუჟა, სიტყვაც კი ვერ გადავუგდე. ბოლოს ისევ ბაღში შევხვდით ერთმანეთს.

- აბა, როგორაა საქმე? - მეკითხება.

- კარგად, - ვეუბნები.

- ხელნაწერი მოსპეთ?

- არც მთლად, მაგრამ…

- ეგ რას ნიშნავს, ნაწილ-ნაწილ ანადგურებთ?

- მინდოდა მეთქვა…

- ბერტი, რაღაცას მიმალავთ!

- არც მიფიქრია! გეუბნებით, საქმე კარგადაა-მეთქი! უბრალოდ…

სწორედ ამ დროს ბიბლიოთეკიდან ბიძია უილობი გამობრძანდა - ისეთი სახე ჰქონდა, როგორც კარგად დასაჩუქრებულ ბავშვს შობაღამეს.

- გასაოცარი ამბავია, ბერტი! ეს წუთია გამომცემლებს ველაპარაკე და მითხრეს, ახლახან მივიღეთ თქვენი ხელნაწერიო! წარმოდგენა არა მაქვს, რა მოხდა… ფოსტა აღმაშფოთებლად ცუდად მუშაობს რაიონებში! კავშირგაბმულობის სამინისტროს უნდა მივწერო საჩივარი! ვის გაუგია, ფასიან გზავნილებს ასე აგვიანდებოდეს ადრესატამდე?!

თქვა და ისევ უკან, ბიბლიოთეკაში, შებრძანდა. ფლორენსის ზღაპრული პროფილისაკენ გახედვაც კი არ მინდოდა.

- რა ხდება, ბერტი? - ხმა უილკინსონის ფირმის ფოლადივით ჰქონდა, ღმერთმანი.

- წარმოდგენა არა მაქვს… ვერაფერი გამიგია…

- აი, ჩემთვის კი დღესავით ნათელია ყველაფერი: დეიდათქვენი უბრალოდ მართალი კი არა, ცამდე მართალი იყო, როცა…

- არ დაიჯეროთ!

- ვითომდა რატომ, ბერტი?

- რაღაც გაუგებრობაა…

- ვითომ? ერთი პირობა ვიფიქრე, ამ კაცისაგან ადამიანს გავხდი-მეთქი, მაგრამ ვხედავ, მწარედ მოვტყუვდი!

დაჰკრა ფეხი და გავარდა. რაღა დამრჩენოდა, ჩემს ოთახში ავლასლასდი. ჯივზს ვუხმე და ისიც შემობრძანდა - სარგადაყლაპული, მშვიდი, თავდაჯერებული.

- ჯივზ! - შევღაღადე. - ხელნაწერი გამომცემლებს ჩაუვარდათ ხელში!

- ნუთუ, სერ?

- არ მითხრა ახლა, თავად გავუგზავნეო…

- რა თქმა უნდა, სერ. სხვანაირად ხელი არ მიუწვდებოდათ, სერ. უნდა გითხრათ, თქვენცა და ლედი ფლორენსმაც მეტად გააზვიადეთ ის ხიფათი, რაც ამ ხელნაწერის წიგნად გამოცემას მოჰყვება, სერ. პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, სერ, ადამიანებს უხარიათ კიდეც ნაბეჭდ ფურცლებზე საკუთარი გვარ-სახელის ამოკითხვა - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დადებით კონტექსტში იქნებიან მოხსენიებულნი თუ - არც ისე… ერთი ბიცოლა მყავს, სერ - თქვენ არ გეცოდინებათ - წყალმანკი სჭირდა და მხოლოდ

„უოკინშოუს სასწაულებრივმა მალამომ“ უშველა,  სერ.  მერე გაზეთშიც  კი გაგზავნა წერილი და წარმოიდგინეთ, დაუბეჭდეს კიდეც. ის კი არა, ფოტოებიც დაურთეს, ასე ვთქვათ, „მანამდე“ და „მერე“. ეს მანამდე მართლაც ამაზრზენი სანახაობა გახლდათ, სერ, მაგრამ დეიდაჩემი ცას ეწია სიხარულით… აქედან ვასკვნი, რომ ხალხისთვის ეს ე. წ. „ცნობადობაა“ მთავარი, ხოლო რანაირი - ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, სერ. მეტსაც გეტყვით: თუკი ინებებთ და საკითხის შესაბამის ნაშრომებს გაეცნობით ფსიქოლოგიაში, ნახავთ, რომ თურმე უკეთილშობილეს ხანმოთეულ ჯენტლმენებსაც  კი  არაფერი  აქვთ საწინააღმდეგო, როცა მათი შთამომავლობა იგებს, რანი იყვნენ ახალგაზრდობაში… ერთი ბიძა მყავს, სერ…

- წყალსა და მეწყერს წაუღია ეგ შენი ბიძაც, ბიცოლაცა და თვითონ შენც! -

ვეუბნები. - არ იცი, რომ ფლორენსმა ნიშნობა ჩაშალა?!

- ნუთუ მართლა, სერ? - ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა, თითქოს ამინდის თაობაზე ვესაუბრებოდე… არც კი გაიკვირვა.

- მორჩა, დათხოვნილი ხარ!

- გასაგებია, სერ.

მერე დელიკატურად ჩაახველა მუჭაში.

- თუ ნებას დამრთვათ, სერ - რაკი თანამდებობიდან გადამაყენეთ, ახლა შემიძლია საკუთარი აზრი მოგახსენოთ და არც სუბორდინაცია დავარღვიო. ჩემის ღრმა რწმენით, სერ, თქვენ და ლედი ფლორენსი არც ერთი პარამეტრით არ მიესადაგებით ერთმანეთს, სერ. თქვენგან განსხვავებით, მისი ბრწყინვალება მეტად არამდგრადი და გავბედავ ვთქვა, დესპოტური ხასიათითაც კი გამოირჩევა, სერ.

კარგა ხანს ვმსახურობდი უორპლსდონებთან და უნდა გითხრათ, მოსამსახურეებში ძალზე უარყოფითი აზრისა გახლდნენ მისი ტემპერამენტის თაობაზე... საქმე საქმეზე თუ მიდგა, ვერც კარგი მანერებით დაიკვეხნის, ხანდახან კი ყოველგვარ საზღვრებს სცილდება ხოლმე, სერ. მასთან ბედნიერი ვერაფრით იქნებოდით.

- დამეკარგე აქედან!

- ასევე თავს ვალდებულად ვთვლი მოგახსენოთ, რომ არც მისი პედაგოგიური მეთოდები იმოქმედებდა თქვენზე კეთილისმყოფლად - იმ წიგნს გადავხედე, სერ, აი, მან რომ გადმოგცათ და ახლაც მაგიდაზე რომ გიდევთ… ნამდვილად არაა თქვენი სარგო საკითხავი, სერ. მისი პირადი მოახლის მეშვეობით კი შევიტყვე, რომ ქალბატონი ფლორენსი აქ სტუმრად მყოფ ბ-ნ მაქსუელს - ყოველთვიური ალმანახის რედაქტორს ეუბნებოდა თურმე, ამის მერე ნიცშეს შესასწავლად ვუპირებ დასმასო! გავბედავ ვთქვა, ჰერ ნიცშე მეტისმეტად არაჯანმრთელი ლიტერატურაა თქვენისთანა მყიფე და მგრძნობიარე სულიერი წყობის პიროვნებისათვის, სერ.

- მომწყდი-მეთქი თავიდან!

- როგორც მიბრძანებთ, სერ.

 

* * * * * * *

 

საოცარი ამბავია - რა სხვანაირად მოჩანს ყველაფერი დილით, კარგად გამოძინებულზე და რა სხვანაირად - წინა საღამოს, დათრგუნულ და ვნებათაღელვით გათანგულ გონებაზე! მეორე დღეს უკვე ისე აღარ მეწურებოდა გული ამ ჩემი არშემდგარი ოჯახური ბედნიერების გამო და მერე იმ აზრმაც კი გამიჭიატა თავში, რომ ჯივზი არც ისე შორს იდგა ჭეშმარიტებისაგან…

ბოლობოლო, თლილი პროფილი და ჩამოქნილი ფეხები ერთია, მაგრამ იმავე ჯივზის თქმისა არ იყოს, არც ამისთანა გადამეტებული ტემპერამენტიანობა ვარგა… საქმე საქმეზე თუ მიდგა, მე უფრო ნაზი, მოჟღურტულე, მიმნდობი არსება მჭირდება ცხოვრების თანამგზავრად და არა ამისთანა, როგორ ვთქვა და… სწორედაც რომ - დესპოტი!

ამ ფიქრებში გახლდით და თითქოს განგებო, მზერა მაგიდაზე გადაშლილ „ეთიკურ კატეგორიათა სახეობებზე“ შემიჩერდა. დავწვდი და ღმერთო მაღალო! - სიტყვასიტყვით ასეთი რამ ამოვიკითხე:

„ძველბერძნული ფილოსოფიის ორი ანტითეზისაგან მხოლოდ ერთია ცხოველმყოფელი და შინაგანად არაურთიერთსაწინააღმდეგო: იდეალური საზრისი, რომელიც თავად ობიექტს წინაღუდგება და აყალიბებს კიდეც მას; მეორე - მხოლოდ ბუნების ჩვენეული აღქმის თანხმიერია, ფენომენოლოგიურია თავისთავად, მკვდრადშობილი და არავითარი პერმანენტობა არ გააჩნია, რაკიღა

სრულიად დაცლილია დამაჯერებელი პრედიკატებისაგან. უფრო მარტივად თუ ვიტყვით - დამაჯერებელია მხოლოდ შინაგანი რეალობის გამოვლინებებში, ანუ მხოლოდღა გარეგანი გამომსახველობითი ხერხებით თუ აღწევს მიზანს.“

აი, ასე - არც მეტი, არც ნაკლები. როგორია? ნიცშე კიდე, ამბობენ, ამაზე უარესიაო…

- ჯივზ, - ვეუბნები, როცა დილის ჩაი შემომიტანა ლანგრით (ლანგრით ფინჯანი და გახუხული პური შემომიტანა, თორემ თავად ჩაი, ცხადია, ფინჯანში ესხა - ღმერთო, შენ მიშველე, ორი აბზაცის გადაკითხვამ თუ ასეთ დღეში ჩამაგდო, მთელი წიგნი რაღას მიზამდა?!), - ჯივზ, ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამსახურში უნდა აღგადგინო. გაქვს რაიმე საწინააღმდეგო?

- არც არაფერი, სერ.

ყლუპი მოვსვი და ჯერ კიდევ საყლაპავ მილში ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ნექტარსა და ამბროზიას ერთად გეახლებოდით. არა, ჩაის დაყენებაც მთელი ხელოვნებაა, ნამდვილად.

- სხვათა შორის, ჯივზ, - ვეუბნები, - იმ კუბოკრულ პიჯაკს რაც შეეხება…

- გისმენთ, სერ?

- მართლა არაფრად ვარგა?

- მცირეოდნავ ექსცენტრიკულია თქვენისთანა ჯენტლმენისათვის, სერ.

- მაგრამ ბევრი იმასაც კი მეკითხება, სად შეაკერინეო…

- იქნებ იმისთვის, შემთხვევით მაგ მკერავის ხელში რომ არ მოხვდნენ, სერ?

- არადა, მთელ ლონდონში უმწიკვლო სახელი აქვს დაგდებული…

- მე მის ზნეობრივ ღირსებებს არ შევხებივარ, სერ.

მაინც ვყოყმანობდი - გულის სიღრმეში იმის შიში მქონდა, ემანდ საკუთარი ლაქიას გემოვნება-შეხედულებების გავლენის ქვეშ არ აღმოვჩნდე-მეთქი! თვალწინ სულ ის საცოდავი ობრი ფოდერგილი მედგა, ჭიქა ირლანდიური ვისკით ხელში რომ მისტიროდა საკუთარ ფეხსაცმელებს! მეორე მხრივ, ეს ჯივზი მართლაც თავიანი ვინმე ჩანდა და არცთუ ურიგო იქნებოდა, ზედმეტი გონებრივი სამუშაო მისთვის გადამებარებინა. საბოლოოდ, ისევ პირსახოცის გადმოგდება ვამჯობინე…

- კეთილი, ჯივზ, - ვეუბნები, - როგორც იტყვი. შეგიძლია აჩუქო ვინმეს. ისე გადმომხედა, როგორც რომ მოყვარულმა მამამ - უწლოვან შვილს:

- მადლობელი, სერ. სწორედ გუშინ ვუსახსოვრე მებაღის ბიჭს. კიდევ ერთ ფინჯან ჩაის ხომ არ ინებებთ, სერ?

 

დაიკიდე, ჯივზ!

 

რეიმონდ ნიიდემს, სამეფო კარის ვექილს - სიყვარულითა და მოწიწებით.

 

თავი 1

 

- ჯივზ, - ვეუბნები, - შემიძლია გულახდილად დაგელაპარაკო?

- რა საკითხავია, სერ.

- ვაითუ იწყინო…

- არავითარ შემთხვევაში, სერ.

- კარგი აბა…

დაიცათ - არც მთლად ეგრეა საქმე! ისევ ამერია რამსები და ვატყობ, გავუტიე ჩემებურად…

 

* * * * * * *

 

არ ვიცი, თქვენ თუ გემართებათ ხოლმე, მე კი მუდმივად ერთი და იგივე ამბავი მჭირს, როცა რამის მოყოლას ვიწყებ: ღობე-ყორეს მოედები და - მსმენელს დაკარგავ, ჯიქურ დაიწყებ და - მკითხველს დააბნევ… აგერ ახლაც იმავე დილემის წინაშე ვდგავარ: ზემომოყვანილი დიალოგი სრულიად გაუგებარი იქნება თქვენთვის,  თუ ჯერ იმაში არ გაგარკვიეთ,  ან  გასი (იგივე „პრანჭიკა“)  ფინკ- ნოთლი ვინაა, ან მედლინ ბასეტი, ან ბენტერა გლოსოპი და მზარეულ ანატოლის სახელი ხომ საერთოდ გაგონილიც არ გექნებათ… ამას კიდე ჩემი დეიდაშვილი ანჯელა, ბიძაჩემი ტომასი თუ დეიდაჩემი დალია დაუმატეთ და ცხადი ხდება, რომ ახლა ისევ პირველ ჩვენებას უნდა დავუბრუნდე და წვრილად მოგიყვეთ ყველაფერი.

საქმე ისაა, რომ მთელი ეს დავიდარაბა - თუკი ძირისძირამდე ჩავდიეთ საკითხს - სწორედ საფრანგეთის სანაპიროზე, კანში დაიწყო: მე რომ იქ არ გავმგზავრებულიყავი, აღარც ქ-ნ ბასეტს გავიცნობდი, აღარც იმ თეთრ სმოკინგს შევიძენდი და აღარც ანჯელა გადაეყრებოდა ზვიგენს… იმაზე აღარაფერს ვამბობ, დეიდაჩემი დალია იმ ავბედით ერთ ხელ ბაკარასაც რომ აღარ ჩაუჯდებოდა!

მოკლედ, ეჭვი არაა, სწორედ კანი გახლდათ, ასე ვთქვათ, მთელი ამ ამბის point d`appui(2).

მაშ ასე, მგონი, ახლა უკვე შემიძლია, ჩემს ამბავს მივყვე.

კანში რომ გავემგზავრე, ჯივზი ლონდონში დავტოვე (მაგრძნობინა, ესკოტის დოღის გაცდენას ვერ გადავიტანო) და ეს ივნისის პირველ რიცხვებში მოხდა. ჩემთან ერთად დეიდა დალია და მისი ქალიშვილი ანჯელა გამოემგზავრნენ. ანჯელას საქმრო, ბენტერა გლოსოპიც უნდა შემოგვერთებოდა, მაგრამ რაღაც- რაღაც საქმეები გამოუჩნდა და ქალაქში ჩარჩა, ხოლო ბიძაჩემმა, ანუ დალიას მეუღლემ, გამოგვიცხადა: საფრანგეთი ჩემთვის კატორღაზე უარესია და კარგად მეყოლეთო...

ასე და ამგვარად, დეიდაჩემმა დალიამ, ჩემივე დეიდაშვილმა ანჯელამ და მე ივნისის თვის დასაწყისში უკვე კანში ამოვყავით თავი.

აქამდე გაუგებარი ვთქვი რამე?

საფრანგეთის თვალწარმტაც სამხრეთ სანაპიროზე მთელი ორი თვე გავატარეთ და თუ იმ საწუხარ შემთხვევებს არ ჩავთვლით, დეიდა დალია რომ პირწმინდად გაფცქვნეს ბაკარას თამაშში, ანჯელა კი წყლის თხილამურებზე სრიალისას კინაღამ ზვიგენმა შესანსლა, მშვენიერი დროც გავატარეთ.

25 ივლისს კი, საღამოს 7 საათზე, მზემოკიდებულნი, ჯან-ღონითა და ხალისით სავსენი კვლავ ლონდონში გახლდით - ვიქტორიას სადგურზე ჩამოვედით მატარებლიდან და დიდი სიამტკბილობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს - ისინი ბრინკლი-ქოურთში, დეიდა დალიას მამულში გაემგზავრნენ ვუსთერშირს, სადაც დღე-დღეზე ანჯელას გულის მურაზი, ის ბენტერა გლოსოპიც ეახლებოდათ, მე კი სახლში გავემართე დამქანცველი მგზავრობის მერე ცხელი აბაზანის მისაღებად და - კლუბ „საქმის კაცში“ შევლამდე - საათიანი ტკბილი ძილის გამოსაცხობად.

სწორედ ტანს ვიმშრალებდი და ჯივზს აქეთურ-იქითურზე ვემასლაათებოდი (რა იცი, რა ამბები მომხდარიყო ჩემს აქ არყოფნაში), რომ უცებ ოგასტუს (იგივე გასი, იგივე „პრანჭიკა“) ფინკ-ნოთლის სახელი ახსენა…

რამდენადაც მახსოვს, ჩვენი საუბარი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: მე: აბა, ჯივზ, მეც აქა ვარ… არი რამე ახალი?

ჯივზი: ნამდვილად, სერ.

მე: გულისხმობ, რომ უკვე ჩამოვედი? ჯივზი: ცხადია, სერ.

მე: ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საუკუნეა, ფეხი არ დამიდგამს ლონდონ- ქალაქში.

ჯივზი: ნაცნობი შეგრძნებაა, სერ. მე: ესკოტში როგორ იყო საქმე?

ჯივზი: სავსებით დამაკმაყოფილებლად, სერ. მე: ხეირი თუ ნახე რამე?

ჯივზი: გვარიანი თანხა, სერ. გმადლობთ ყურადღებისათვის, სერ. მე: გილოცავ… სხვა? ვინმემ მიკითხა?

ჯივზი: მისტერ ფინკ-ნოთლი ლამის დღეყოველ შემოივლიდა ხოლმე, სერ. ლამის იყო, ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისაგან.

მე: არაფერი გეშლება, ჯივზ?

ჯივზი: არავითარ შემთხვევაში, სერ. მე: დავიჯერო, მართლა ლონდონშია? ჯივზი: ასე გამოდის, სერ.

ახლავე აგიხსნით, რით დავრჩი გაოგნებული: კაცი სადღაც ლინკოლნშირში ცხოვრობს, ბაღში საკუთარი ტბორი აქვს და ტრიტონები ყავს მოშენებული, ლონდონში კი ცხვირს არ ყოფს და უცებ - ლამის ყოველდღე არ მადგება კარზე გაუფრთხილებლად?!

- აკი ჩემს ტრიტონებს წუთითაც ვერ ვტოვებო?

- სერ?

- ტრიტონებს, ჯივზ. ეგეთი პატარა ცხოველებია, ხვლიკებს წააგვანან, სულ აქეთ- იქით დასლიკინებენ და წყალთან უყვართ ცხოვრება…

- დიახ, სერ. სალამანდრათა ოჯახის წარმომადგენლები, სერ.

- ათიანში, ჯივზ! ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, აკვარიუმი რომ დაიდგა ოთახში და საათობით შეეძლო ეცქირა… ხომ იცი ბიჭების ამბავი, ოღონდ მაგას ეგ რაღაც დაავადებაში გადაუვიდა: მამულში გადასახლდა და ახლა მთელ

დროს მაგათ მოვლა-პატრონობას უნდება! და რაო, რა მინდაო?

- ახლავე მოგახსენებთ, სერ: მისტერ ფინკ-ნოთლმა კონფიდენციალურად გამანდო, რომ ერთი ახალგაზრდა ქალბატონის გამო ჩამოვიდა ლონდონს, სერ.

- გინდა თქვა, შეყვარებულიაო?

- გამოიცანით, სერ.

- ღმერთო დიდებულო! ვინა - ფინკ-ნოთლი?! დაუჯერებელია!

ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ეს უკვე მართლა მეტისმეტი ამბავი იყო. თუმცა აქ კიდევ უფრო დიდი უცნაურობა იმალებოდა: თუკი „პრანჭიკა“ გასი, დედაბუნების ყველა კანონის უგულებელყოფით, ამურმა საკუთარი ისრით დაკოდა - მე რაღას მერჩის? ჩემგან რაღა უნდა? გასაგებია, ხანდახან კაცს გულის გადაშლა მოუნდება ხოლმე - განსაკუთრებით, ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ მე ამ საქმეში უბრალო ვარ: არც დიდი არაფერი მეგობრობა გვაკავშირებდა, არც Bruderschaft(3) გვისვია ოდესმე და ეს ბოლო ორი წელი ღია ბარათი რაა, ისიც კი არ მიმიღია მისგან!

ყველაფერი ეს წვრილად მოვახსენე ჯივზს.

- ისე, ჩემს კეთილ გულს რა ვუთხარი და ცოტათი თანავუგრძნობ კიდეც, ჯივზ, ამხელა გზა გამოიარა და არც ერთხელ არ დავხვდი შინ…

- ამ ფაქტის გამო მისტერ ფინკ-ნოთლს დამწუხრებისა არაფერი ეტყობოდა, სერ.

- აკი დღეყოველ გაკითხავდაო?

- თქვენ არა, სერ. ჩემთან მოდიოდა რჩევის საკითხად.

- იცნობთ ერთმანეთს, თუ?

- აქამომდე პატივი არ მქონია, სერ. უბრალოდ, მისმა ყოფილმა თანაკურსელმა, მისტერ სიპერლიმ ურჩია ჩემი თავი, სერ.

როგორც იქნა, გაირკვა ყველაფერი. უნდა გითხრათ, ჩემი ლაქია უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ერთგვარ, ასე ვთქვათ, cognoscenti - ანუ განდობილთა შორის, და თუკი ვინმე ჩემს მეგობართაგან რაიმეგვარ შეჭირვებაში ჩავარდებოდა,  წამსვე ჯივზს აკითხავდა  რჩევის სათხოვნელად,  მერე ის უკვე სხვას აგზავნიდა, ის სხვა - კიდევ სხვას და ასე, გაუთავებლად… თავად სიპი, როგორც ვიცი, აქამომდე ჯივზს ემადლიერება, ქ-ნ მოუნთან რომ „ჩაუწყო“ საქმე, დღემდე დედამიწაზე უბედნიერეს ქმრად მიაჩნია თავი და რაღა გასაკვირია, გასიც თუ აქეთ გამოაგზავნა. Nat¸rlich…(4)

- მაშასადამე, იკისრე ეგ საქმე, ჯივზ?

- თქვენის ნებართვით, სერ.

- და რა პრობლემაა ეგეთი?

- იგივე, რაც მისტერ სიპერლის აწუხებდა, სერ - გაუბედაობა. მისტერ ფინკ-ნოთლი ვერაფრით ახერხებს, სიყვარული აუხსნას თავის გულის რჩეულს, სერ.

- კი, გამახსენდა! შენ კიდე კატისა და ძეხვის ანეკდოტი მოუყევი თუ რაღაც ამდაგვარი…

- ანდაზა გავახსენე, სერ - კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო… თავს იმით იმშვიდებდა, სერ, ეგ ქალი საჩემო არაა და სულ ტყუილად ვიტანჯებიო.

- ესე იგი, გასიც სულ ტყუილად ეპრანჭება?

- არც მთლად მასეა საქმე, სერ. უბრალოდ, ჯერჯერობით გაბედულება არ ჰყოფნის, სერ.

- და თუ ხმა არ ამოიღო, ვერც ხელს სთხოვს, ეგრეა?

- ზედმიწევნით ზუსტად ჩამოაყალიბეთ, სერ. ჩავფიქრდი.

- აი, რა მოსდევს ტრიტონების დევნას, ჯივზ… იმის მაგივრად, წესიერ საზოგადოებაში ეტრიალა, სადღაც სოფლად გამოიკეტა და ქალებს ახლოსაც არ ეკარებოდა! ასე ვერ დაკაცდები, ჯივზ. ან ტრიტონები, ან ქალები! მართალი არა ვარ?

- ცამდე მართალი ბრძანდებით, სერ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლა დამამწუხრა ამ ამბავმა. აკი მოგახსენეთ, დიდი ვერაფერი მეგობრები ვიყავით-მეთქი, მაგრამ კაცი რომ ამგვარ უნიათობას იჩენს, გული მეწურება ხოლმე. კარგად მახსოვს, ერთხელ რაღაც ბზიკმა მიკბინა და სტუმრად ვეწვიე. კი გაუხარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რად გინდა - სადილზე ამ უბედურის ერთი ქვეწარმავლებით გამომეცხადა - თითო ხელში თითო ეჭირა და გენახათ ერთი, რას ელოლიავებოდა! ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ორივე გაექცა და შიგ სასალათეში დურთეს თავები… მაგის მერე რაღა გასაკვირია, თუკი ნამგზავრ სტუმარს რომ ეკადრება, მთლად ისეთი მადა ვეღარ გამოვიჩინე.

ამ ამბის გახსენებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გასი ის კაცი არ იყო, ვინმე თანამედროვე ბანოვანისთვის დაეხვია თავბრუ - აი ისეთისთვის, ერთთავად დამცინავად რომ პრუწავენ პომადადათხაპნილ ტუჩებს!

- და რას წარმოადგენს ეგ მისი ბეატრიჩე, ჯივზ?

- რა გითხრათ, სერ, მისტერ ფინკ-ნოთლი მეტად მაღალი აზრისაა მასზე, სერ.

- ეგ თავისთავად, ჯივზ! მე გეკითხები, შენ რა აზრისა ხარ-მეთქი.

- მაქვს პატივი მოგახსენოთ, სერ - მის მედლინ ბასეტი…

- რაო?!

- მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა, სერ.

- ვერ მიმიხვდი, ჯივზ. ჩათვალე, რომ გასს თავი ქუდში აქვს!

- ეგ როგორ გავიგოთ, სერ?

- როგორ და, მაგისთანა ქალი გასს თავად მიიყვანს საკურთხეველთან! ახლა ისევ უნდა გადავუხვიო თხრობას და წვრილად მოგახსენოთ,

სადაა აქ ძაღლის თავი დამარხული. ზემოხსენებული მედლინ ბასეტი ჩვენთან ერთად იმყოფებოდა კანში და  ცხადია,  წამში დაუმეგობრდა  ანჯელას (გოგოებს ეს საქმე კარგად ეხერხებათ), მე კი აზრზე არ ვიყავი, რაზე შეიძლებოდა მასთან მელაპარაკა და ერთთავად ან ჰალსტუხის წვერს ვაწვალებდი თითებით, ან ფეხიდან ფეხზე ვინაცვლებდი და საერთოდ, ნამდვილი ჯორივით ვიქცეოდი. ისიც გითხრათ, ამ ჩემი უცნაური ქცევის მიზეზი სულაც არ გახლდათ მისი ღვთიური სილამაზე - არა, იმის თქმა კი არ მინდა, არაფრად ვარგოდა-მეთქი - პირიქით, მშვენიერზე მშვენიერი შესახედი იყო, ცისფერთვალა და ქერათმიანი, მაგრამ რად გინდა - ასეთი ვინმე რომ შემოგანათებს მზერას და უცებ გკითხავს: „განა ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეული ცა ღვთის ხელით ნაქარგ თურანულ ფარდაგს არ გაგონებთ?“ - ენასაც გადაყლაპავ და მეტიც მოგივა…

აი, გასი კი სულ სხვა ამბავია - ამისთანა აბდაუბდა მასზე ანგელოზების მღერასავით მოქმედებს და მყის მოიმჩვარება ხოლმე… ეტყობა, ტრიტონებთან ურთიერთობამ იცის ასე და დარწმუნებული ვარ, ეგა და მედლინი ისევე შეეწყობიან ერთმანეთს, როგორც ერბოკვერცხი - ბეკონს.

- ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო, ჯივზ! რადაც უნდა დაგვიჯდეს, ჯვარი უნდა ვაფსკვნევინოთ… მოგიწევს თავის გამოდება, ჯივზ!

- რაკი ასეა, ყველა ღონეს ვიხმარ, სერ.

 ასე ვსაუბრობდით, სანამ აბაზანამიღებული, ტანს ვიმშრალებდი, რიგრიგობით ვიცვამდი საცვლებს, წინდებს, ნატის რბილ ფეხსაცმელებს და ის-ის იყო, შარვალ- ჟილეტსაც მივადექი, რომ ჯივზი, რომელიც ჩემს ჩემოდანს ცლიდა, წამოდგა, ჩაახველა და ჩემთვის ნათელი გახდა - ორ ძლიერ პიროვნებასა და ხასიათს შორის ახლა კვლავ ჯახი უნდა დაწყებულიყო!

საზოგადოდ, აქამომდე ჩვენს სახლში სრული თანხმობა სუფევდა: ბატონსა და მსახურს შორის აზრთა, ასე ვთქვათ,  მეგობრულ გაცვლა-გამოცვლას იქით საქმე იშვიათად  თუ მიდიოდა, ახლა კი ვითარება მკვეთრად დაიძაბა… ავისმომასაწავებელი ღრუბლები მოიქუფრნენ ცაზე და ელჭექის პირველი ხმებიც მომესმა თითქოს. არადა, ვუსტერთა სამყოფელში ეგეთი რამ, გამოგიტყდებით, ერთი-ორჯერ ადრეც მომხდარა.

ე-ე… არ ვიცი, ყოფილხართ თუ არა კანში იმ ზაფხულს, ოღონდ ყურმოკვრით ხომ მაინც გეცოდინებათ - საღამოობით იქ არა თავმოყვარე მამაკაცი სმოკინგის გარეშე ფეხსაც არ გაადგამს გარეთ. მეც არავისზე ნაკლები არ მგონია თავი და შესაბამისად, მერე ხშირად დავფიქრებულვარ კიდეც, ჯივზი რა აზრისა იქნებოდა ამ ჩემს ახალ შენაძენზე.

საქმე ისაა, რომ ეს ჩემი ჯივზი პირწავარდნილი ორთოდოქსია. არავითარი სიახლის გაგონებაც არ სურს (სულ ახლახან არ იყო, აბრეშუმის პერანგების გამო რომ ამიწეწა ნერვები?!) და თუმც ეს თეთრი, თითბრისფერი ღილებით გაწყობილი პიჯაკი ნამდვილი dernier cri de chic(5) გახლდათ მთელი ლაჟვარდოვანი სანაპიროს მასშტაბით, იმთავითვე ეჭვი მღრნიდა, რომ ინგლისში დაბრუნებისთანავე ჩემი საკუთარი ლაქია რაღაც უსიამოვნებას მაინც გადამყრიდა.

იქვე გადავწყვიტე, ჩემი პიროვნული თავისუფლებისა და არჩევანის უფლების გოჯიც არ დამეთმო.

- გისმენ, ჯივზ?

სრულიად მშვიდი ხმა მქონდა, ოღონდ  გარეშე მაცქერალს არ გამოეპარებოდა ჩემს თვალებში გამკრთალი რკინისებური გამოხედვა: რა დასამალია და ჯივზში მე, უპირველესად, მის ჭკუა-გონებასა თუ მიხვედრილობას ვაფასებ, ოღონდ ყველა ლაქია ხომ ერთი პროფესიული სენითაა დავაავადებული - ერთი სული აქვთ, სწორედ ის ხელი მართონ, რომელიც მათ კვებავს… აი, ამის უფლებას კი ვერაფრით მივცემდი, რადგან ეს ახალშეძენილი პიჯაკი რაღაცნაირად მეძვირფასებოდა, და ისეთივე შემართებით ვაპირებდი მისთვის ბრძოლას, როგორც რომ ჩემი დიადი წინაპარი, ვუსტერის ბებერი დუკა იბრძოდა აზენკურის ველზე!(6)

- რაო, ჯივზ, მაგით რის თქმა გსურს?

- ვშიშობ, შეცდომით სხვისი სამოსი გამოგიყოლებიათ ხელისთვის, სერ.

გამჭოლი მზერა არ მომიცილებია მისთვის, თუმცა ხმაში ახლა მცირეოდენი ლითონიც გავურიე:

- არაფერი მაგის მსგავსი, ჯივზ! ეგ სმოკინგი, ხელში რომ გიჭირავს, სწორედაც ჩემი საკუთრებაა - კანში შევიძინე, კაზინოებში სასიარულოდ.

- და იცვამდით კიდეც, სერ?

- საღამო არ გამომიტოვებია.

- ვიმედოვნებ, რომ აქ, ინგლისში, ამის ჩაცმა აზრადაც არ მოგივათ, სერ? მივხვდი, ჭეშმარიტების წუთი დამდგარიყო: „დაჰკარ, მაკდუფ!“

- უკვე მომივიდა კიდეც, ჯივზ.

- მაგრამ, სერ…

- კიდევ მოხდა რამე, ჯივზ?

- ღმერთმა დაგიფაროთ, სერ, ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო… სრულიად შეუფერებელი სამოსია ინგლისელი ჯენტლმენისთვის, სერ.

- ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, ჯივზ! პირიქით, ხვალვე ვაპირებ მაგით ჩემი ახალი მეგობრის, „პონგო“(7) ტვისტლთონის დაბადების დღეზე მისვლას და დარწმუნებული ბრძანდებოდე, საზოგადოება ერთსულოვანი იქნება…

- სწორედ მაგის მეშინია, სერ.

მეტი ხმა აღარ გაუღია, ისევ ჩემოდანს მიადგა. გამარჯვება მე დამრჩა და საუბრის თემა შევცვალე - ჩვენ, ვუსტერები, დანებებულთ არას ვერჩით ხოლმე. ყველაფერს რომ მოვრჩი,

ჯივზს ვეუბნები - კლუბში ვაპირებ ვახშმობას და მთელი საღამო თავისუფალი ხარ, გინდა კინოში შეიარე, ან სადმე… მოკლედ, ზეთისხილის რტო გავუწოდე, ასე ვთქვათ.

თუკი ეამა, სახეზე მაინც არაფერი დატყობია.

- გმადლობთ, სერ. სახლში დავრჩები. ეჭვიანად გავხედე.

- და ამას ჩემს ჯინაზე აკეთებ, ჯივზ?

- რას ბრძანებთ, სერ. სამწუხაროდ, შინ უნდა ვიყო, მისტერ ფინკ-ნოთლმა მაუწყა, ამ საღამოს შემოგივლიო.

- აბა, მოკითხვა გადაეცი ჩემგან და არც გამასპინძლება დაგავიწყდეს - ვისკი, ჯინი, სოდიანი წყალი… თვითონ გეტყვის.

- რასაკვირველია, სერ. და  მეც  ჩემს კლუბში გავუტიე.  „საქმის კაცში“, უპირველესად, პონგო ტვისტლთონს გადავეყარე, იმან კიდე ტვინი წამიღო თავისი გრანდიოზული დაბადების დღისთვის მზადების ამბებით. მოკლედ, სახლში სადღაც თერთმეტისთვის დავბრუნდი და სასტუმრო ოთახის კარი შევაღე თუ არა, თვალში მეცა ჯივზი, მშვიდად რომ ესაუბრებოდა ეშმას!

კიდე კარგი, ეშმა მეფისტოფელის სამოსში გამოწყობილი „პრანჭიკა“ ფინკ- ნოთლი აღმოჩნდა…

 

თავი 2

 

- გასს გაუმარჯოს! - ვეუბნები.

რაღა თქმა უნდა, გარეგნულად კაციშვილი ვერაფერს შემატყობდა, მაგრამ სახტად კი დავრჩი. აბა ერთი ჩემ ადგილას წარმოიდგინეთ თავი: იცნობდით ერთ თავმდაბალ, მორცხვ, გაუბედავ ბიჭს, საკვირაო საუზმეზე მღვდელთან რომ მოერიდებოდა მისვლა და რას ხედავს ჩემი სიმპათიური თვალები - მიზის აგერ შუა ოთახში საბალმასკარადოდ შემოსილი, ჩემს ვისკის წრუპავს და ჩემსავე ლაქიას ესაუბრება, გულითადად!

თან მაინცადამაინც სატანა-მეფისტოფელის სამოსი რომ ჩაუცვამს - განათუ პიეროსი, რომლითაც ყველა კეთილგონიერი ინგლისელი მოიწონებდა თავს - არა, ეს ტანზე შემოტმასნილი, მეწამული ტრიკო და მართლაცდა დამზაფრავი ყალბი წვერი რაღა იყო?!

მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და არაფერი შევიმჩნიე. ჩემს დანახვაზე ეს სახეზე დადებული ბურბუშელა აუმოძრავდა - ღიმილის მცდელობა თუ ჰქონდა, ალბათ.

- შენა ხარ, ბერტი? გაგიმარჯოს.

- შენც ასევე… გადაკრავ რამეს?

- არაა, მეჩქარება. აი, ჯივზის აზრი მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურები… შენ რას იტყვი?

ერთადერთი სწორი პასუხი იქნებოდა, ამაზრზენია-მეთქი, მეთქვა, მაგრამ ჩვენ, ვუსტერები, სტუმარმასპინძლობის წესებს მივდევთ და აზრად არ მოგვივა, ძველ მეგობრებს პირში მივახალოთ, გულისამრევად გამოიყურებიო.

- ვხედავ, ლონდონ-ქალაქისათვის პატივი დაგიდვია შენი ჩამოსვლით. რამდენი წელია, აქეთ არ გამოგიხედავს?

- ბევრი.

- დროის სატარებლად ჩამოხვედი? აშკარად ტანში გააჟრჟოლა.

- ამისთანა დროსტარებას რა ვუთხრა…

შეყვარებულებს ერთი სული აქვთ, ვინმეს შესჩივლონ საკუთარი უბედურებაო, ასე გამიგია და ვიფიქრე, არც გასს აწყენს გულითადი საუბარი-მეთქი.

- აბა, ძველო, წვრილად ჩამოყარე ყველაფერი! ჯივზმა კი მითხრა უკვე რაღაც- რაღაცეები, მაგრამ…

- მერჩივნა, შენს მსახურს ასე მარჯვნივ-მარცხნივ არ ელაქლაქა ყველასთან! მეგონა, კონფიდენციალური საუბარი გვქონდა… - გაწყრა გასი.

- იცი, რას გეტყვი? ჩემი ლაქია თუ არაფერს მესაიდუმლება, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ლაქლაქაა! და საერთოდ, უნდა გითხრა, რომ მედლინ ბასეტი შესანიშნავი გოგოა. მთლად შენთვისაა გაჩენილი.

- ახლა არ გადამრიო! რა, იცნობ?!

- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ძალიან კარგადაც… (ბედი ჩემი, რომ ენაზე ვიკბინე და მართლა არ მოვახსენე, რა აღმატებული აზრისაც გახლდით მის გულის რჩეულზე). საკითხავი ისაა, შენ საიდან იცნობ!

- ორი კვირის წინ თავის ნაცნობებთან იყო სტუმრად ლინკოლნშირში, მათი მამული კი ჩვენსას ესაზღვრება და…

- აკი მეზობლებთან არ ვურთიერთობო?

- კი, ეგრეა. უბრალოდ, თავის ძაღლს ასეირნებდა და ხიჭვი შეერჭო - ცხადია, ძაღლს ვგულისხმობ - მე კიდე მივედი და მივეხმარე…

- ძაღლს გამოაძვრე ხიჭვი?

- აბა, რა უნდა მექნა?

- და ერთი ნახვით შეგიყვარდა? მე ქალს ვგულისხმობ…

- კი, ეგრე იყო.

- მერე, თუკი ძაღლის ამბავში ასე გაგიმართლა, პატრონს იქვე ვერ უთხარი სათქმელი?

- გამბედაობა არ მეყო…

- აბა, რა ქენი?

- ჩიტებზე ვისაუბრეთ.

- რომელ ჩიტებზე?!

- გარშემო რომ დაფრინავდნენ, იმათზე. და კიდევ - ბუნებაზე, ყვავილებზე, აქეთურ-იქითურზე… რა ვიცი.

- მერე?

- მერე მითხრა, ხვალ მივემგზავრები, მაგრამ თუ ლონდონში ჩამოხვალ, აუცილებლად მესტუმრეო.

- და არც ამის შემდეგ მოგსვლია თავში, ან ხელი მაინც მოგეხვია, ან…

- აზრადაც არ გამივლია!

რაღა მეთქმოდა… როცა კაცს ასეთი შანსი გეძლევა და არ გამოიყენებ, წასულია შენი საქმე! მაგრამ იქვე შევახსენე საკუთარ თავს, რომ ერთად ვსწავლობდით სკოლაში, ბრიტანელისთვის კი ეს რაღაცას მაინც ნიშნავს.

- ეგ არაფერი, - ვეუბნები, - რამეს მოვიფიქრებთ. ბოლობოლო, ჩემი მხარდაჭერაც ერთ რამედ ღირს.

- მადლობელი ვარ, - მეუბნება. - შენი და განსაკუთრებით, ჯივზის…

დავიჭყანესავით. იქნებ არც უცდია კბილის გაკვრა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ვისაც არ ეზარება, ყველა იმას მაგრძნობინებს ხოლმე, შენ უბრალოდ ბერტ ვუსტერი ხარ, ჯივზი კი ერთდერთი და განუმეორებელიაო. რა გასაკვირია, რომ ამგვარ რამეს ლამის წყობიდან გამოვყავდი ხოლმე! იმ დღეს კი ისედაც აღრენილი გახლდით - სწორედ იმ სმოკინგის გამო… არა, მსახურების ასე ხელიდან წასვლაც არ იქნება - რას დაემსგავსება ეს ქვეყანა, ყველამ თუ თავის ნებაზე გამოთქვა ხოლმე საკუთარი აზრი!

- და ჯივზმა რაო? - ვეკითხები.

- ყველაფერი დამიგეგმა, სულ ბოლო წვრილმანამდე.

- რა დაგიგეგმა?

- მეჯლისზე წასვლა და იქ მედლინთან შეხვედრა.

- შესანიშნავი გეგმაა, მთლად გადასარევი. და ეს საოცრება ვინღა შეგირჩია?

- ჯივზმა, რა თქმა უნდა.

სიმართლე გითხრათ, ლამის თვალები შუბლზე ამივიდა: სულ ცოტა ხნის წინ თეთრი საკლუბო სმოკინგის წინააღმდეგ ლამის ჯვაროსნულ ომს

მიწყობდა, ამ საცოდავ გასს კი ახლა მეწამულ ტრიკოსა და მოკლე მოსასხამში უპირებდა სახალხოდ თავის მოჭრას! გაგიჟდები კაცი. არა, მაინც სანამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ორპირობა…

- ვითომ პიეროს საწინააღმდეგო რა ქონდა? ჩვენს ძირძველ ბრიტანულ ტრადიციებსაც ხომ უნდა ვცეთ რაღაც პატივი…

- ჯივზმა თქვა, პიეროს ტანსაცმელში ვერანაირად ვერ იგრძნობ კაცი თავს ძლიერ პიროვნებადო.

- ეგ ვითომ რათაო?

- ასე ამიხსნა, აქ ფსიქოლოგიური ამბავიაო.

უკვე ისე ვიყავი შეჩვეული ჯივზის მსჯელობებს პიროვნების ფსიქოლოგიის თაობაზე, ამით ვეღარ გამაკვირვებდით.

- მაშ, ფსიქოლოგიაო, არა?

- კი, ეგრეა. ჯივზი თვლის, რომ ადამიანის ქცევას მისი სამოსი განსაზღვრავს და რაც უფრო თვალში საცემად გამოვეწყობი, მით უფრო იოლად დავძლევ ჩემს უნიათობას. ისე, ჯერ სულაც მეკობრეთა წინამძღოლის სამოსი შემირჩია, მაგრამ უარი ვუთხარი - მაღალ ქუსლებზე სიარულს არა ვარ ჩვეული…

ღმერთო დიდებულო, ცხოვრება ისედაც სამწუხარო მოულოდნელობებითაა სავსე და ახლა ის მაკლია, ქუსლიან ბოტფორტებში გამოწყობილ გას ფინკ- ნოთლს ვუცქირო!

- და რა მერე, გიშველა?

- ჯერჯერობით დიდ ცვლილებას ვერ ვგრძნობ. ოღონდ რას გეტყვი, იცი? იქნება გაჭრას კიდეც! ჩემსავით სულელურად  გამოწყობილ ხალხში რომ  მოვხვდები, იქნებ მეც… თან ასეთ დროს ფერიც ძალზე დიდ როლს თამაშობს ხოლმე - თურმე რაც უფრო მჭახე ფერისაა ტანსაცმელი, მით უფრო იქცევ ყურადღებას და იძულებული ხდები, ისეთი რამ მოიმოქმედო, რასაც ადრე თავშიაც არ გაივლებდი. აი მაგალითად, ტრიტონები: არ დაიჯერებ, შეწყვილების წინ მამრის კანი ათასფრად ლივლივებს - ეს მას გამბედაობას მატებს და…

- და რომელი მამრი ტრიტონი შენა მყავხარ?!

- მაგაშია საქმე. რომ ვიყო, აქამდე უჯივზოდაც მოვაგვარებდი ყველაფერს… იცი, რას შვრება მამრი ტრიტონი? მდედრის წინ დგება და თავს აქეთ-იქით აქნევს! რა უნდა მაგის გაკეთებას - დავდგებოდი და…

- მამრი ტრიტონი რომ იყო, მედლინ ბასეტი ზედაც არ შემოგხედავდა. ყოველ შემთხვევაში, გულზე ვერანაირად ვერ დაეხატებოდი...

- რატომაც ვერა? თუ თავადაც მდედრი ტრიტონი იქნებოდა…

საფეთქლებზე თითქოს რაღაც მომაწვა შიგნიდან და მივხვდი, ამგვარი კამათი სასიკეთოს არაფერს დამმართებდა.

- კარგი, ტრიტონებს შევეშვათ. არ იშლი შენსას და მაინც ეგრე გამოწყობილი აპირებ წასვლას?

- ახლა უკვე გვიანაა უკან დახევა…

- აბა, შენ იცი… რაო, ჯივზ?

- მისტერ ფინკ-ნოთლის კები უკვე პარმაღთან დგას, სერ.

- აბა, წავედი, ბერტი. კარგად, ჯივზ - გამოვა-არგამოვა, შენი მაინც დიდი მადლობელი უნდა ვიყო.

მერე ისე გაგვიღიმა, აი - ასე, ალბათ, სასიკვდილოდ მიმავალი გლადიატორები თუ უღიმოდნენ იმპერატორს და გასვლისას, კარი გაიჯახუნა: მედიდური ქცევის ილეთებს თუ ეუფლებოდა, თავისი ჭკუით.

აი, ახლა კი დამიდგა დრო, საკუთარი ლაქიისთვისაც მიმეხედა. ოღონდ ეგეცაა, არავითარი სურვილი არ მქონდა, მთლად ჩამეწიხლა ეს კაცი: ჩვენ, ვუსტერებს, განსაკუთრებული უნარი გვაქვს ხავერდისთათმანიანი რკინის ხელით ვმართოთ ჩვენი პატარა სამყარო…

- ჯივზ, შემიძლია გულახდილად დაგელაპარაკო?

- რასაკვირველია, სერ.

- და იმედია, წყენას არ ჩაიდებ გულში…

- რა სათქმელია, სერ.

- გასს ველაპარაკე და წვრილად ჩამიკაკლა ყველაფერი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეგ შენი „მეფისტოფელური“ გეგმა ერთგვარად, ე-ე… როგორ ვთქვა… აი, სულ ენის წვერზე მიტრიალებს ის სიტყვა… აი, რაღაც გაბერილსა და უსარგებლოს რომ აღნიშნავს…

- გაფუყული, სერ?

- დი-იახ, სწორედაც რომ გაფუყული და უაზროა! და საერთოდ, ამ წუთიდან უკვე მე ვიღებ ხელში ამ საქმის სადავეებს, შენ ისედაც ბევრი საზრუნავი გაქვს, ჯივზ.

- გასაგებია, სერ.

- საბრალო გასს ჯიქურ და მტკიცედ ვამოქმედებ და ნახავ, სულ ერთ დღეში გადავჭრით საკითხს!

- ეჭვიც არ მეპარება, სერ.

- როცა შემოივლის, პირდაპირ ჩემს კაბინეტში შეიყვანე, ჯივზ.

- როგორც მეტყვით, სერ.

მაგრამ მეორე დილას ისეთი უცნაური დეპეშებით ამიკლეს და იმდენი საკუთარი საზრუნავი გამიჩინეს, საბრალო გასის პრობლემა სულ გამომივარდა თავიდან…

 

თავი 3

 

პირველი ცალი ჯივზმა იმ კოქტეილთან ერთად მომართვა, საუზმის წინ რომ გეახლებით ხოლმე დღიდან დღემდე. დეიდა დალიას გამოგზავნილი გახლდათ სნოუდსბერიდან (ეს პატარა დასახლება სულ რაღაც ორიოდ კილომეტრშია მისი მამულიდან) და უკიდურესი ლაკონიურობით გამოირჩეოდა:

ახლავე გამოემგზავრე. დალია.

ენა ვერ აღწერს ჩემს გაოცებას, და ორი ჭიქა მარტინი სრულიად გაუაზრებლად შემომესვა. ჯერ იყო და, როგორც წესია, მარცხნიდან მარჯვნივ წავიკითხე, მერე - ყოველი შემთხვევისთვის - უკვე მარჯვნიდან მარცხნივ… მგონი, დავყნოსე კიდეც.

გესმით, ალბათ - ორი თვის ყოველდღიური ურთიერთობის მერე სულ რაღაც ორიოდ დღის წინ დავცილდით ერთმანეთს და უნდა გამოგიტყდეთ, ბევრი ჩათვლის, რომ პირველი სავსებით საკმარისია  კაცის ჭკუაზე გადასაყვანად, ხოლო მეორე - არანაირად არაა საკმარისი ჩემი პიროვნების მოსანატრებლად!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიდრე ჯივზის მომზადებულ საუზმეს მივუჯდებოდი, შემდეგი შინაარსის დეპეშა ვაფრინე დეიდა დალიასთან:

გაკვირვებული ვარ. არაფერი მესმის. ბერტი.

ნასაუზმევს, ის იყო თვალის მოსატყუებლად მივწექი ტახტზე და - კვლავ დეპეშა: რა არ გესმის, შე ღვთისპირიდან გადავარდნილო? ახლავე ჩამოდი. დალია.

სამი სიგარეტის მოწევა და ბოლთის ცემა დამჭირდა, სანამ რიგიან პასუხს მოვიფიქრებდი:

რას გულისხმობთ სიტყვაში „ახლავე“? პატივისცემით, ბერტი. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია:

სიტყვაში „ახლავე“ იგულისხმება „ახლავე“! ანუ ახლავე ჩამოდი, თორემ შეგაჩვენებ, იცოდე! გკოცნი. დალია.

გაურკვევლობისა და რაიმე გაუგებრობის სრულად თავიდან ასაცილებლად, კლუბ

„საქმის კაცში“ წასვლამდე (სადაც, სხვათა შორის, გადასარევი დრო ვატარე - მაგიდაზე დაგდებულ ძველ ცილინდრში ბანქოს ქაღალდების ჩაყრაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს), შემდეგი შინაარსის დეპეშა გავაშანშალე:

გულისხმობთ, ბრინკლი-ქოურთში უნდა ჩამოვიდე? ვერ ვიჯერებ. ბერტი. კლუბიდან რომ მოვბრუნდი, მორიგი პასუხი მაგიდაზე დამხვდა:

 არ მაინტერესებს, დაიჯერებ თუ არა! დღესვე აქ იყავი! და თუ ღმერთი გწამს, მოეშვი დეპეშებით ჩემთან ფარიკაობას - ფულის საბეჭდი მანქანა კი არ მიდგას სახლში! გკოცნი, დალია.

სხვა რაღა დამრჩენოდა, ჯივზს ვუხმე.

- ჯივზ, - ვეუბნები, - ვუსტერშირის დაბლობზე გაჩენილმა ქარბორბალამ ჩვენამდეც მოაღწია! ერთი ამეებს გადახედე… - და დეპეშების შეკვრა გავუწოდე.

თვალი გადაავლო.

- რაიმე აზრი თუ გამოიტანე აქედან, ჯივზ?

- როგორც ვატყობ, მისის ტრეივერსს თქვენი ნახვა მოსურვებია, სერ.

- სავსებით დარწმუნებული ხარ?

- წყალი არ გაუვა, სერ.

- კი, მაგრამ მთელი ზაფხული ერთად არ გავატარეთ?! ბევრი ჩათვლიდა, რომ ჩემს საზოგადოებაში ამდენ ხანს ყოფნა მავნებელია ჯანმრთელობისთვის…

- სავსებით მესმის თქვენი, სერ. მაგრამ მისის ტრეივერსი სრულიად არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ აუცილებლად თვლის ბრინკლი-ქოურთში თქვენს ყოფნას, სერ.

- და ფიქრობ, მეც მის ხუშტურებს უნდა ავყვე?

- თქვენ ადგილას ასე მკაცრად არ განვსჯიდი, სერ.

- არ არსებობს! რომც მინდოდეს, „ახლავე“ იქ მაინც ვერ გავეგზავრები - თავადაც კარგად მოგეხსენება, რაოდენ მნიშვნელოვანი ღვინისძიება გვაქვს დასახული კლუბში - პონგო ტვისტლთონის დაბადების დღეს აღვნიშნავთ!

რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ეტყობა, ორივეს ის ჩვენი უთანხმოება გაგვახსენდა და დარწმუნებული გახლდით, ჯივზი მწარედ განიცდიდა ამ ამბავს.

- სულ ტყუილ-უბრალოდ აითვალწუნე ჩემი თეთრი სმოკინგი, ჯივზ.

- მხოლოდ საკუთარი აზრი მოგახსენეთ, სერ.

- კაზინოში ჩემს გამოჩენაზე ყველა იმას კითხულობდა, ეგ კაცი ვინააო.

- კონტინენტური კაზინოების მდარე გემოვნება საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, სერ.

- კლუბშიც რომ ყველას მოეწონა? სიტყვა აუგი არავის უთქვამს!

- ნუთუ, სერ?

 - დარწმუნებული ვარ, დრო მოვა და საკუთარ შეცდომას აღიარებ, ჯივზ.

- მცირეოდენი ეჭვიც კი არ მაქვს, სერ.

რა გინდა, რომ ქნა? ამისთანას შეაგნებინებ რამეს? რომ იტყვიან, შეჯდება ვირზე და მორჩა!

- ჩვენს ცხვრებს დავუბრუნდეთ, ჯივზ… რა თქმა უნდა, „ახლავე“ ვერავითარ ბრინკლი-ქოურთში მე ვერ გავვარდები, ცხადია.

- გასაგებია, სერ.

- ამიტომ ფოსტაში მიდი და რამე ასეთი მისწერე: „კვირის თავზე მანდ ვიქნები“. მოკლედ, თვითონ იცი. მაგარი ქალია და რამდენიმე დღით უჩემობას კი აიტანს როგორმე - ეგეთები აუტანია?

- თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, სერ.

დღე ნელა მიიზლაზნებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს საღამომაც მოაწია და მეც პონგო ტვისტლთონის ცხოვრებაში ეგრერიგად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად გავემართე.

ზოგადად, ეს ტვისტლთონი დიდი მკვეხარა ვინმე კია, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არავის გაუცრუა იმედები და მართლა საუფროსო სუფრა გაშალა. სადღაც დილის 4 საათი იქნებოდა, სახლის კარი რომ შევაღე და აღარც მახსოვს, ლოგინში როგორ აღმოვჩნდი… და საერთოდ, ბალიშზე თავის დადება და კარის გაღების ხმა ერთი

მეგონა:

- განა უკვე დილის ჩაის დროა, ჯივზ?

- არა, სერ, მაგრამ მისის ტრეივერსს ხომ ვერ ვალოდინებთ…

იქვე ქარიშხლის ხმაც მომესმა და დეიდაჩემი 50 კმ/სთ სისწრაფით შემოიჭრა ოთახში!

 

თავი 4

 

ვფიქრობ, არავისთვის საკამათო არაა, რომ თქვენი მონა-მორჩილი - ბერტრამ ვუსტერი - დიდად განმკითხავი ვინმეა საკუთარი ნათესავ-ახლობლების მიმართ, თუმცა - სამართლიანიც. ამას ნამდვილად ვერ წაართმევთ. და თუკი ყურადღებით წაგიკითხავთ ჩემი მოგონებები, ისიც გეხსომებათ, რაოდენ ვაფასებდი დეიდა დალიას.

ბებერ ტრეივერსს ის, ასე ვთქვათ, en secondes noces(8) გაჰყვა ცოლად - სწორედ იმ წელს, როცა „ეჟვანმა“ კემბრიჯის დოღში გაიმარჯვა - და ისიც კი მოახერხა, ჩემთვის შეება ეჟვანი და მთელი სტატია გამეშანშალებინა ქალთა ჟურნალისთვის სახელწოდებით „ლამაზმანის ბუდუარი“. დეიდა დალია ნამდვილად გამოირჩევა კეთილი ხასიათით და მასთან ურთიერთობაც ერთი სიამოვნებაა, რასაც ვერ ვიტყვი მამიდაჩემზე - ქ-ნ აგათაზე, რომელიც ლონდონ- ქალაქის ნამდვილი რისხვაა და წყევლა - ბევრი მისი ჩენილი მოსახლისათვის… აი, დეიდა დალია კი მუდამ ხალისიანია ხოლმე, სპორტული განწყობისა და მომავალი თაობის მუდამ გვერდში მდგომი!

რაღა გასაკვირია, თუკი სრულიად გამაოგნა მისმა დილაუთენია ასე უწესოდ თავზე დადგომამ! ბოლობოლო, ძალიანაც კარგად მოეხსენება, რომ ჩვევად არა მაქვს ვინმეს მიღება დილის ფინჯან ჩაის მირთმევამდე - ყველა ბრიტანელს ეს ერთი ჭკვიანური ჩვევა მაინც შემოგვრჩა და ჩვენს უფლებებს…

- ბერტი, შე ღვთისპირიდან გადავარდნილო! წამოხტი ახლავე და მიხედე საქმეს! -

ისე დამჭყივლა, ეს ჩემი ნაბახუსევი თავი ლამის შუაზე გამპობოდა, გოგრასავით.

ერთი ის კი უნდა ითქვას, რომ დეიდა დალია თუ ვიღაცაზე განაწყენებულია, ისე მიმართავს ხოლმე თავის vis-‡-vis-ს(9), თითქოს მელაზე სანადიროდ მიჭენაობდნენ გვერდიგვერდ! რას იზამ, ახალგაზრდობის გატაცებები ლამის სისხლში აქვს გამჯდარი…

რაც შემეძლო, მკაცრად და საყვედურით აღსავსე თვალებით გავხედე, მაგრამ -

თქვენც არ მომიკვდეთ! წამსვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა:

- მორჩი სახის მანჭვას და წესიერად შემომხედე! აზრზე თუ ხარ მაინც, როგორ გამოიყურები?! რას სვამთ ეს დღევანდელი ახალგაზრდები - ხის სპირტს?

- პონგო ტვისტლთონი დენატურატს არ გეახლებათ, დეიდაჩემო, - მივუგე რაც შემეძლო, თავდაჭერილი ტონით, - და არც თავის სტუმრებს შეკადრებს… დალევით კი დავლიე, რაღა თქმა უნდა - Noblesse oblige(10), ასე ვთქვათ.

- კარგი, კარგი! ადექი და ხუთ წუთში ადამიანს დაემსგავსე. მომეყურა-მეთქი, ვიფიქრე.

 - რა ბრძანეთ?!

- ადე-მეთქი!

ერთი საწყალობლად ამოვიკვნესე და შევეცადე, გვერდი მეცვალა. სწორედ ამ დროს ოთახში ჯივზი შემოვიდა - დი-იდი, შეორთქლილი ჭიქა მოჰქონდა ლანგრით. მაცოცხლებელ სითხეს დავეწაფე… არა, მთლად მკვდრეთით არ აღვმდგარვარ - ასეთ სასწაულს პონგო ტვისტლთონის დაბადებისდღეგამოვლილ კაცს ვერა უკვდავების წყარო ვერ დამართებს, მაგრამ თვალებში კი გამოვიხედე აშკარად. მერე იმასაც მივხვდი, რაღაც უბედურება ტრიალებდა ბერტრამ ვუსტერის თავს, მაგრამ რა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევი იყო.

- მაინც რა მოხდა ამისთანა, აღარ იტყვით? - ძლივს ამოვღერღე.

- დიდი არაფერი! ჩემს ერთადერთ დისშვილს დეპეშას დეპეშაზე ვუგზავნი - ჩამოდი, გადაუდებელი საქმე მაქვს-მეთქი და ის კი მპასუხობს, მომავალ წელს, სააღდგომოდო!

- არაფერი მაგისდაგვარი არ მომიწერია, დეიდა დალია! უბრალოდ…

- არ ვიცი, არ ვიცი! ჯერჯერობით მაინც ისევ ლოგინში ხარ და თითის განძრევასაც არ აპირებ ჩემთვის.

- და რა გინდათ, რომ ვქნა?!

- ადექი, ჩაიცვი, ადამიანს დაემსგავსე და წავედით ბრინკლი-ქოურთში. საქმე მაქვს შენთვის.

- საქმის კაცები კლუბში მოიკითხეთ…

- სწორედ მაგას ვაკეთებ ახლა! ხუთ წუთში გამოწკეპილი მენახე!

- შანსი არაა, დეიდა! ჩემი სიკვდილი თუ მოგსურვებიათ, იქნებ რაიმე ნაკლებსატანჯველი - დარიშხანი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვენების გადაჭრა მოგესაჯათ…

- კარგი ჰო, მოგკლავს ამდენი წუწუნი… ისე, შენც დალიე ხოლმე ერთი-ორი-სამი- ოთხი ბოთლი და გაჩერდი მერე! არაფრის ზღვარი აღარ იცით თანამედროვე ახალგაზრდებმა… მოკლედ, ერთ დღეს მოგცემ და ხვალ უთენია ჩემს კაბინეტში გამოცხადდები - გაპარსული, ორგანიზმიდან ალკოჰოლგადევნილი და საერთოდ, შუშა კიტრივით უნდა იყო!

- რა მოხდა ასეთი, აღარ იტყვით?

- გეტყვი, თუკი ამ მდგომარეობაში რამეს გაიგებ… სულ უბრალო ამბავია: სნოუდსბერის დაწყებით სკოლაზე თუ გსმენია რამე?

- არც არაფერი.

 - არც მიკვირს. ესაა დაწყებითი სკოლა სნოუდსბერიში. ირონია ისეთი ძალის იყო, სპილოს დააგდებდა.

- მაგდენს მეც ვხვდები, დეიდაჩემო.

- ნუთუ მართლა! უყურე შენ! არადა, რაებს არ გაბრალებენ… მოკლედ, შევთანხმდით: სნოუდსბერის დაწყებითი სკოლა - ესაა დაწყებითი სკოლა სნოუდსბერიში და მეც ერთი მის მეურვეთაგანი ვარ, ყოველ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრი… გასაგებია?

- და რა მერე, მე რა შუაში ვარ?

- თავში ხარ, თავში! ამა თვის ბოლო დღეს,

ანუ 31-ში, იქ წლიური დაჯილდოების ცერემონია უნდა შედგეს და ამის ორგანიზება მე ვიკისრე. აქამდე მაინც გასაგებია ყველაფერი?

თვალები მოვწკურე.

- სნოუდსბერი, დაწყებითი სკოლა, დაჯილდოების ცერემონია… მე რაღა?

- ვირის თავ-ფეხი! პრიზები უნდა გადასცე.

არ გეხუმრებით, თვალები მართლა შუბლზე ამივიდა. ისიც კი ვიფიქრე, მზემ ხომ არ დაკრა-მეთქი…

- ვინა, მე?!

- შენ-მეთქი, გეუბნები!

- ხუმრობთ, ალბათ!

- სახუმაროდ მცხელა?! ჩვენი ეკლესიის მოძღვარს ვუპირებდი ამ საერო საქმეში ჩართვას, მაგრამ რად გინდა - ჩლიქი ამოუგდია და მოიხსნა დისტანციიდან… კაცი აღარაა, ჩემი გასაჭირი რომ გულთან მიიტანოს და სწორედ ამ დროს გამახსენდი…

გადავწყვიტე, იქვე აღმეკვეთა ამ ყოვლად უგნური ქმედების მცდელობაც კი. ყოველთვის მზად ვარ, საკუთარ დეიდებს დახმარების ხელი გავუწოდო - მით უმეტეს, თუკი იმსახურებენ ამას - მაგრამ ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო.

- მაშ, გინდათ, რომ სეფესიტყვა წარმოვთქვა და საბოძვრები ჩამოვარიგო?

- ჯილდოები-მეთქი, რით ვერ გაიგე!

- ეგ ერთია ყველა… არაფერი გამოვა.

- ვითომ რათაო?

 ჩამეცინა.

- მორჩი ხრიალს! ეგეთიც არაფერი გჭირს.

- კი არ „ვხრიალებდი“, ვხითხითებდი, დეიდაჩემო.

- მართლა? ძალიან კარგი. ვიცოდი, გაგიხარდებოდა…

- გესლიანად ვხითხითებდი-მეთქი, მინდოდა მეთქვა. შანსი არაა, მაგ საქმეში ფეხი არ ჩამივა.

- არ ჩაგივა და ვეღარც ჩემს სახლში შემოადგამ ფეხს! ვე-ღა-რა-სო-დეს! ასე რომ, ანატოლის სადილებსაც გამოეთხოვე.

ტანში გამცრა. არა, ეს უკვე მუცელსქვემოთ დარტყმას გავდა! არაფრით მეგონა, საკუთარი მიზნის მისაღწევად დეიდაჩემი ამგვარ არასპორტულ ილეთებს თუ მიმართავდა ოდესმე… ცოდვა გამხელილი ჯობია და ჩემი სიცოცხლის ერთი მნიშვნელოვანი საზრისიც დეიდაჩემ დალიას შეფ-მზარეული გახლდათ - უფრო სწორად, მის მიერ სრულიად ჩვეულებრივი პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები… პირში დნებაო, რომ გითხრათ, გადატანითი მნიშვნელობით არ უნდა გამიგოთ - ანატოლი ჯადოქარი გახლდათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!

- დეიდაჩემო!

- არაფერი შენი დეიდა მე აღარა ვარ - არ შემისრულებ ამ პაწია თხოვნას და მეყოლე ვარდივით, შე მუცელღმერთა შენა!

- ე-ე… მუცელღმერთობა დიდი ცოდვაა, მე კი მხოლოდ გენიოსის ჯეროვნად დაფასებას თუ დამდებთ ბრალად, ეგაა და ეგ.

- რაც მართალია, მართალია: ამისთანა მზარეული ჩვენს ნაცნობობაში მართლა არავის ჰყავს… - მოდნა დეიდაჩემი, - მაგრამ როგორც თავად კითხულობ ხოლმე, მერე შენ რა?

ახლაღა მივხვდი, რას გრძნობს, ალბათ, მელია, ხაფანგში რომ მოიმწყვდევენ…

- კი, მაგრამ რატომ მაინცადამაინც მე?

- 1001-ჯერ დავეკითხე საკუთარ თავს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ სხვა არავინ შემრჩა.

- კარგი რა, მე რომ ვმოწაფეობდი, თვით პრემიერ-მინისტრი გვირიგებდა ხოლმე ჯილდოებს…

- ეგ იტონში იყო(11), ჩვენ აქ, სნოუდსბერიში, ეგრე არ ვიჭიფხებით.

- მაშინ ბიძია თომასთვის გეთხოვათ!

 - ბერტი… - ისე ამოიხვნეშა, გეგონებოდათ, გული ამოაყოლაო, - ხომ იცი, კანში რომ გამატყავეს… ბაკარა ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია! ახლა ჩემს ქმარს უნდა ვუთხრა ყველაფერი და თუ კიდევ ცილინდრსა და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობა და ბავშვებისთვის ჯილდოების გადაცემა მოვთხოვე, კარგი დღე არ დამადგება! საერთოდ გამეყრება და ახიც იქნება ჩემზე… მოკლედ, შენს იქით გზა აღარა მაქვს.

- კი მაგრამ, ერთი ისიც წარმოიდგინეთ, მე რა სულელური გამომეტყველება მექნება!

- აბა, როგორ გინდა? სამაგიეროდ, ქვეყნად უ-უმოსაწყენეს ცერემონიას სახალისოდ ვაქცევთ! ბავშვებსაც მეტი რა უნდათ? კეთილ საქმედ ჩაგვეთვლება. მოკლედ, არ ვიცი არაფერი, ხვალ-ზეგ გელოდები.

თქვა და ოთახიდან გაშპა. ცუდ დღეში ვიყავი, ღმერთმანი და თითქოს ეს არ მაკმარესო, ახლა ისევ ჯივზმა შემოაღო კარი:

- მისტერ ფინკ-ნოთლი გეწვიათ, სერ!

 

თავი 5

 

- შენგან მაინც აღარ მოველოდი ამას, ჯივზ… ამ დილაუთენია რა გეტაკათ ყველას? როგორ ფიქრობ, ახლა ფინკის გარჩევა შემიძლია ნოთლისაგან?!

- თავად არ მიბრძანეთ, სერ, როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე ჩემთან შემოიყვანე, მის საქმეს ახლა მე ვკიდებ ხელსო?

ამის გაგონებას ცივი შხაპის მიღება მერჩივნა, ღმერთმანი! რა გასაკვირია, რომ ამდენ ამბავში საბრალო პრანჭიკა სულ გადამავიწყდა… არადა, კლიენტების ასე თავიდან მოშორებაც არ ეგების - განა შერლოკ ჰოლმსი უარს ეტყოდა ვინმეს მხოლოდ იმის გამო, გუშინ ექიმ უოტსონის დაბადების დღეზე გამოვტყვერი და ახლა თქვენი თავი არა მაქვსო?! თქმა არ უნდა, უკეთესი იქნებოდა, ჩემთვის უფრო მოსახერხებელ საათებში რომ დამიდიოდნენ რჩევის მთხოვნელები, მაგრამ რაკი გას ფინკ-ნოთლი დილაუთენია დამადგა თავზე, ახლა უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი…

- კარგი, ჯივზ, ცამდე მართალი ხარ. შემოუძეხი.

- დიახ, სერ.

- ოღონდ ჯერ ის შენი ღვთაებრივი კოქტეილი შემიზავე, თორემ კაცს არა ვგავარ…

- ახლავე, სერ.

ჯივზმა კარი გაიხურა და ასე მგონია, უკვე გამზადებული სასმელი მაცივარში ქონდა შედებული, რადგან წუთიც არ გასულა და თავზე წამომადგა ჭიქით ხელში. მგონი, უკვე არაერთხელ მოგიყევით ჯივზის სასწაულმოქმედ სითხეზე, მაგრამ მართლა რა რეცეპტით ამზადებს - ეგ სრული იდუმალებითაა მოცული. თავად ამბობს -  ბევრი არაფერი,  ნიგვზის საწებელა,  უმი კვერცხის გული,  კაიენური წიწაკა და ეგაა მთელი ამბავიო. ცრუობს, ცხადია.

პირველ ყლუპზე თითქოს არაფერი ხდება, სრულიად არაფერი… მეორეზე მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო გაირინდა რაღაცის მოლოდინში,  მერე კი - ჯერ მთელი ფეიერვერკი იფეთქებს შიგანში, შემდეგ გამლღვალი ტყვია ჩაგედინებათ, თავში კი ამ დროს ორთქლის ძრავა  ამუშავდება  და  აღსავლის კარის ზარები ჩამოკრავენ… და სწორედ მაშინ, როცა აღარაფრის იმედი არ გაქვთ და მუხლმოდრეკით ელით უარესს, ქარიშხალი დგება, სმენა გეხსნებათ და სასას მიკრული თქვენი ენაც შვებით ისრუტავს მაცოცხლებელ სითხეს! უკვე გეჩვენებათ,  რომ  ჩიტები ალილუიას ჭიკჭიკებენ,  მზე მხოლოდ  თქვენთვის ანათებს და ყოველი მხრიდან რაღაც არაამქვეყნიური მუსიკა იღვრება… მთლად ბოლოში კი უკვე სრული სიმშვიდე და სულის აუმღვრევლობა გეუფლებათ.

აი ასე, არც მეტი, არც ნაკლები. ამ პროცედურის მერე თითქოს ხელახლა დავიბადე - მე, ბერტრამ ვუსტერი, ახლა სულ სხვა კაცი ვიყავი: უფრო ძლიერი, მეტად კეთილი და უკიდეგანოდ გამბედავი.

- ღმერთი მოგიზღავს ამ შენი სიკეთისთვის, ჯივზ, - ვეუბნები.

- რა სათქმელია, სერ.

- აი, დეიდაჩემის მოსვლამდე რომ მიმეღო… კარგი, გარდასულს ნუ ინანიო, ნათქვამია. ახლა გასს რა ვუყოთ? მეჯლისმა როგორ ჩაიარა?

- იქ არ ყოფილა, სერ.

- აბა, სად ჯანდაბაში იყო?! აკი კებში ჩავსვი და გავისტუმრეო?

- სავსებით მართალი ბრძანდებით, სერ. ჩავსვი და გავისტუმრე. ოღონდ მისამართი შეშლია და ნორფოლკ-ტერასის მაგივრად (ნომერი 17) საფოლკ- სკვერზე (ნომერი 71) ამოუყვია თავი. ამგვარი გაუგებრობები ხშირად ემართება იმ ტიპის ხალხს, მე რომ მეოცნებთა კატეგორიას მივაკუთვნებდი, სერ.

- პირადად მე უფრო მათ სირეგვენეს დავაბრალებდი…

- ნება თქვენია, სერ.

- მერე რა მოხდა?

- კებმენისთვის ფულის გადახდა მოისურვა და…

- და რამ შეუშალა ხელი?

- უფულობამ, სერ. მაშინღა აღმოაჩინა, რომ მეფისტოფელის სამოსს არავითარი ჯიბე არ გააჩნდა, ზემოხსენებულ მისამართზე კი არავითარ მეჯლისზე ყურმოკვრითაც კი არაფერი იცოდნენ - ლაქიამ საერთოდ არ შეუშვა სახლში. ასე რომ, ისევ ჩაჯდა კებში და ბიძამისის სამოსახლოსკენ გასწია, ვისი მასპინძლობითაც ლონდონში ყოფნისას სარგებლობდა ხოლმე, მაგრამ ბიძამისი სადღაც სტუმრად წასულიყო და ლაქიაც დაეთხოვა მთელი ღამით… მისტერ ფინკ-ნოთლს საკუთარი გასაღები კიდე, გასაგები მიზეზების გამო, ტრილიაჟზე დაეტოვებინა, სერ.

- მერე?

- ჩვენსას აპირებდა თურმე მოსვლას, მაგრამ კებმენმა მისი კიდევ სადმე წაყვანა აღარ მოისურვა და მაშინვე მოსთხოვა ანგარიში გაესწორებინა.

- მერე, ვერ აუხსნა საქმის ვითარება?

- უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ კებმენებს უჭირთ ამგვარი ახსნა- ანმარტებების მიღება, სერ… იმას კიდე სულაც მისტერ ფინკ-ნოთლის კეთილსინდისიერებაში შეუტანია ეჭვი.

 - გაგიჟდები კაცი! სულ გათავხედდა ეს ხალხი.

- ცამდე მართალი ბრძანდებით, სერ.

- მერე, ვერ აითესა?

- ესეც სცადა, სერ. მაგრამ კებმენმა მოასწრო და ლაბადის კალთა მოიგდო ხელში, სერ. მისტერ ფინკ-ნოთლმა გაიბრძოლა, ლაბადა ხელში შეატოვა და ის იყო - როგორც მოსწრებულად ბრძანეთ - ათესვა დააპირა, რომ შეძრწუნებული კებმენის სახეს ჰკიდა თვალი, სერ: საბრალოს სამასკარადო სამოსი ნამდვილისაგან ვერ გაერჩია

და სულით ხორცამდე შეძრული, მუხლმოყრილი ლოცულობდა, სერ - უფალს შენდობას სთხოვდა ჩადენილი ცოდვებისათვის…

- ახლა, ალბათ, სადმე სამიკიტნოში ზის და ბოთლის ყელს ვერ აცილებს ტუჩებს!

- რა გასაკვირია, სერ.

- და საბრალო გასს რაღა დაემართა? ლონდონში, ღამით - და რამე რომ იყოს, დღისითაც - ჯენტლმენის მეწამულ ტრიკოში გამოჩენა ვერაფერი მისასალმებელი ამბავია…

- სწორედ მაგ დღეში ყოფილა, სერ, როგორც თავად მომიყვა. შუკა-შუკა გაუღწევია მისტერ სიპერლის სახლამდე, სერ. იქ გაუთევია ღამე და ერთი ხელი ტანსაცმელიც უსესხებია ლორდ სიპერლისაგან.

ბალიშებზე მივესვენე და ღრმად ჩავფიქრდი. კაცმა რომ თქვას, ახლაღა გავისიგრძეგანე, რა ყულფშიც გავყავი თავი: მოყვასის დახმარება ერთია და ამისთანა ბეყეირათს რო გადაეყრები… ერთი პირობა ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ისევ ჯივზს გადავაბარო ეგ საქმე-მეთქი, მაგრამ ვუსტერების საგვარეულო სიამაყემ არ მომცა ნება - დაშნა თუ დააძრე, ტყუილუბრალოდ მისი აქეთ-იქით ქნევა და მერე ისევ ქარქაშში ჩაგება ვერაფერი საკადრისია. თან ისიც გაითვალისწინეთ - ჩემი საკლუბო თეთრი სმოკინგის გამო ამტყდარი ჯახის მერე სულ ოდნავი სისუსტის გამოჩენა და - გარდერობის ნახევარს დაემშვიდობე, ბერტრამ!

- მაშ ასე, ჯივზ, იმედია, სრულად იაზრებთ თქვენს შეცდომას?

- რის თაობაზე, სერ?

- იმეორე ახლა ეს „სერ“ და იყავი… თავს ნუ იკატუნებ, ძალიანაც კარგად გესმის, რასაც ვგულისხმობ. იმ საბრალოსთვის შენ რომ არ გერჩია სამეჯლისოდ ასე სულელურად გამოწყობა, არაფერი ეს არ მოხდებოდა.

- მაქვს პატივი მოგახსენოთ, სერ, რომ გარკვეული გაუთვალისწინებელი გარემოებანი…

- გაუთვალისწინებელი გარემოებები არ არსებობს, ჯივზ! ზრდასრულმა კაცმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. აი, პიეროს ტანსაცმელი რომ ცმოდა, არც არაფერი ამგვარი არ დატრიალდებოდა მის თავს - თავად მოგეხსენება, რამდენი ჯიბე აკერია ზედ! კარგი, შევეშვათ ამას. გასი სადაა?

- სასტუმრო ოთახში გელოდებათ, სერ.

- შემოიყვანე. ვნახოთ ერთი, რით შეიძლება დავეხმაროთ.

 

თავი 6

 

მომაკვდავი გედის პოზაში გარინდულ პრანჭიკას წუხანდელი მძიმე ღამის კვალი თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე: ტუჩები უთრთოდა, თვალები ჩასცვენოდა, ყურებს აპარტყუნებდა და საერთოდ, წყლიდან ახლად ამოყვანილ თევზს გავდა.

- დილა ხომ მაინც მშვიდობისაა, გას? - დავეკითხე. - თავს როგორ გრძნობ?

- შენც გაგიმარჯოს, - მეუბნება. - ვარ, რა…

- გავიგე, კარგი ამბავი არ დაგმართნია გუშინ.

- ეგრეა.

- ჯივზს უმადლოდე.

- ჯივზი რაღა შუაშია?

- შუაში კი არა, თავშია, თავში!

- მაგის რა ბრალია, მე თუ ფული და გასაღები…

- საქმეც ეგაა - რატომ დაგრჩა? აბა ერთი, ჯიბეები ქონოდა იმ შენს ტრიკოს! მაგრამ არა უშავს, მაგ ამბავს მე მივხედავ.

თვალები გაუფართოვდა, ტუჩების ცმაცუნს შეეშვა და ყურებიც კი აღარ უპარტყუნებდა. ახლა უკვე ნავში შემთხვევით ჩარჩენილ, შარშან დაჭერილ თევზს მოგაგონებდათ.

- რას იზამ?!

- მე მივხედავ-მეთქი. ჯივზს სხვა საქმეც ბევრი აქვს.

- და შენგან რა ხეირი?

ვეცადე, აღშფოთება არ დამტყობოდა. ჩვენ, ვუსტერები, დიდსულოვანი ხალხი ვართ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმათ შეჭირვებას, ღამღამობით მეწამული ფერის ტრიკოებით რომ დარბიან ლონდონის ქუჩებში.

- კარგი, ვნახოთ ერთი, რა გაგჭირვებია ასეთი: ამბობ, ეგ შენი გოგო ნაცნობებს სტუმრობს ვიღაცის მამულშიო? ძალიანაც კარგი, ჩახვალ და გვერდიდან არ მოშორდები. სულ მარტივი ამბავია.

- დაიცა, სრულიად უცნობ ხალხს ასე როგორ დავადგე თავზე?

- რა, მართლა არავის იცნობ?

 - არა…

საქმე რთულდებოდა.

- დაიცა, - ვეუბნები, - ლონდონი ერთი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს… ვინმეს როგორ ვერ გამოვჩხრეკთ?

- ის ვიცი მხოლოდ, რომ ტრეივერსების გვარის ხალხია, ვუსტერშირში სახლობენ, ბრინკლი-ქოურთში.

სახეზე თავისთავად დამეხატა გულითადი ღიმილი.

- ჩემზე ილოცე, გას! რაკიღა მე ვკიდებ საქმეს ხელს, სადარდებელიც აღარაფერია! დღესვე ბრინკლი-ქოურთს მიემგზავრები, ასე ვთქვათ, საპატიო სტუმრის სტატუსით.

საბრალოს გააკანკალა კიდეც - ვერაფრით იჯერებდა, რომ ამისთანა ჯადოქარი აღმოვჩნდებოდი. თავად მერლინი რომ მოვლენოდა აქაურობას, ასე არ დაფეთდებოდა, ნამდვილად.

- არ მითხრა, ტრეივერსებს ვიცნობო.

- დეიდაჩემ დალიას? ქმრიანად.

- ღმერთო, შენ მიშველე!

- დამიწყო ახლა ისევ თავისებურად! ხან ჯივზს სთხოვ დახმარებას, ხან - უფალს… ბოლობოლო, ვისი დეიდაა ქ-ნი დალია - ჯივზის თუ ჩემი?

- არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა!

- ჩვენში, აბა, ეგ რა სალაპარაკოა! კლუბში გავსწორდებით.

- დაიცა, და… იქ როგორ უნდა დავიჭირო თავი?

- ჩემო კარგო, ერთხელ მაინც თუ ყოფილხარ ბრინკლი-ქოურთში, ასეთი აზრები თავში აღარასოდეს მოგივა! წარმოიდგინე ურომანტიკულესი ადგილი, სადაც წარსულის ცნობადი სახეები სწორედაც რომ ბრინკლიში უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს… ვერც ერთი ვერ იკავებდა თავს! დაჩრდილული ტერასები, მობიბინე ლორთქო ბალახი მდელოებზე, ათასნაირი ყვავილნარი, უსიერი ტყე, ტბის მოლივლივე ზედაპირი, რომელზეც შენი ეული ნავი დასრიალებს და ნიავი რაღაცას გეჩურჩულება… თავს მოვიჭრი, თუ მეორე დღესვე ხელი არ სთხოვო!

- მგონი, მართალი ხარ, ხო იცი…

- არავითარი „მგონი“! თავად სამჯერ ვარ დანიშნული და სამივეჯერ - ბრინკლიში! მართალია, უშედეგოდ, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება… თან ისიც გაითვალისწინე, არაფერი ამისდაგვარი ფიქრშიც არ გამივლია - დასასვენებლად ჩავდიოდი იქ და პირველსავე კაბას ავეტორღიალებოდი ხოლმე. ან ჰაერია იქ რაღაც განსაკუთრებული, ან რამე ამდაგვარი…

- ზუსტად საჩემოა! ამ ოხერ ლონდონში წუთიც ვერ დარჩები ვინმესთან ერთი- ერთზე - ან ვიღაცის გასაცნობად წაგაპროწიალებენ, ან აქეთ გაგაცნობენ… ადამიანურად ხომ ვერც დაელაპარაკები ვინმეს.

- ეგრეა. აქ თუ ქალს გინდა გული გადაუშალო, ენის გასატეხის სისწრაფით უნდა აუხსნა სიყვარული…

- მეც მანდა ვარ! იქ კიდე, ასე ვთქვათ, ბუნების წიაღში, სრულიად სხვა ვინმე გავხდები და… ღმერთო, რა ბედნიერებაა, მისის ტრეივერსი რომ შენი დეიდა აღმოჩნდა!

- დაიცა, რას ნიშნავს „აღმოჩნდა“?! ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი დეიდა იყო!

- მინდოდა მეთქვა, ე-ე… მედლინი რომ სწორედ მასთან სტუმრობს! ხომ შეიძლებოდა…

- არაფერიც არ შეიძლებოდა! მედლინ ბასეტი ჩემი დეიდაშვილის უახლოესი მეგობარია და სხვა აბა ვისთან ჩავიდოდა სტუმრად? კანში რომ ვისვენებდით, გვერდიდან არ იცილებდნენ ერთმანეთს.

- ესე იგი, კანში გაიცანი? მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ გაჩენილი! ალბათ ნამდვილი ნეტარებაა საცურაოდ გამოწყობილი მედლინ ბასეტის ყურება! ან თუნდაც ორიოდ სიტყვით მასთან დალაპარაკება ზღვის პირას, მთვარის შუქზე…

- მე პირადად ღამღამობით კაზინოში უფრო დავიარებოდი და არა უკაცრიელ პლაჟებზე…

არაა, სიმართლე ითქვას,

ამისთანა აბდაუბდის მოსმენა თუნდაც კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას მოითხოვს, მე კიდე მხოლოდ ჯივზის კოქტეილის წყალობით თუ მედგა სული. ამიტომაც ზარი დავაწკარუნე და წამში ჩემს სასთუმალთან დახრილ ჯივზს ვეუბნები, დეპეშის ბლანკი და ფანქარი მოიტა-მეთქი. მერე კი დეიდა დალიას შევუთვალე, ჩემს მეგობარს, ვინმე ფინკ-ნოთლს ერთი სული აქვს, ბრინკლი- ქოურთში თქვენი საარაკო მასპინძლობით დატკბეს-მეთქი.

- ესეც შენ, - ვეუბნები პრანჭიკას, - პირველივე საფოსტო განყოფილებიდან გააგზავნი და ჩათვალე, რომ თავი ქუდში გაქვს.

საცოდავი თავქუდმოგლეჯილი გავარდა და თან დეპეშის ბლანკს ბაირაღივით მიაფრიალებდა.

- ხომ ხედავ ჯივზ, არაფერი განსაკუთრებული - მოკლედ და ლამაზად, ასე ვთქვათ, ჩემპიონის სტილში…

- ნამდვილად, სერ.

 - საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა წყვილი დღეყოველ ხვდებოდეს ერთმანეთს შესაფერის გარემოში, ერთად ისეირნონ ტყის პირას, დატკბნენ დედაბუნებით და ერთურთის მიმართაც ბუნებრივი გრძნობა სულ ბუნებრივად გაუჩნდებათ!

- თქვენ, ალბათ, სულთა შერწყმას გულისხმობთ, სერ?

- დიახაც, სწორედ ეს გამოუწერა ექიმმა ვუსტერმა - სულთა შერწყმა! ეს კი მართლა კარგად გამოგივიდა, ჯივზ… ახლა გულისსწორის დანახვაზე ენა უვარდება მუცელში, მაგრამ ერთი-ორი კვირა რომ ერთად იქნებიან, ყოველ დილით ერთად რომ მიირთმევენ შემწვარ სოსისებს, ერთმანეთს რომ შესთავაზებენ ლორის საუკეთესო ნაჭრებს, საღამოობით ქალი რომ საკუთარი ხელით გადმოუღებს თეფშზე ნამცხვარს…

ანაზდად მოვსხიპე ეს ლაქლაქი: მივხვდი, უდიდესი შეცდომის ჩადენის პირას ვიდექი და კიდევ კარგი, ჯივზის პირველი დახმარების სასმელი რომ ჯერ კიდევ მოქმედებდა ჩემს ორგანიზმში!

- ღმერთო ჩემო, ჯივზ! კარგად გაიგე, რაც ვთქვი?!

- სერ?

- კინაღამ წყალში არ ჩავყარე ყველაფერი! ქალი უნდა ხედავდეს, რომ გასი ზეზეულად ხმება, ლუკმა არ გადასდის პირში, მე კიდე - სოსისებიო, ლორიო, ნამცხვრებიო… აიკრძალოს, კატეგორიულად!

კიდევ ერთი ბლანკი შევავსე და ჯივზიც დეპეშის გასაგზავნად ვაფრინე: ფინკ-ნოთლს, ესკ.

ბრინკლი-ქოურთი სნოუდსბერიში, ვუსტერშირი

მკაცრი დიეტა - არავითარი სოსისები, ნამცხვრები და მით უმეტეს, ლორი! ბერტი

- ახლავე იმ პირველს დაადევნებ, ჯივზ!

- გასაგებია, სერ.

შვებით მივესვენე ბალიშებზე. ჯივზს კი ნახევარი საათიც არ დასჭირვებია, ისე მობრუნდა შინ.

- ყურადღება მიაქციე, ჯივზ, რაოდენ დახვეწილად და ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე მოვაგვარე ყველაფერი! იმაზე არას ვამბობ, ლოგინიდანაც  რომ არ წამოვმდგარვარ…

 - ნამდვილად აღსანიშნი ამბავია, სერ.

- და მაინც, ჯივზ, შენ კიდევ ბოლომდე ვერაფრით ჩასწვდი ჩემს გენიალურ ჩანაფიქრს!

- ეჭვიც არ მეპარება, სერ. ბევრი რამ არის…

- არა, ჯივზ, შექსპირი აქ არაფერ შუაშია. აი, დეიდა დალია რატომ შემომივარდა ამ დილით, თუ იცი? მომთხოვა, სნოუდსბერის სკოლის მოწაფეებს ჯილდოები შენ უნდა გადასცეო! როგორია?

- ვშიშობ, ეგ ვერაფერ სიამოვნებას მოგანიჭებთ, სერ.

- ცამდე მართალი ხარ და ახლა გასმა ითავოს ეგ საქმე! თან საკუთარ მეტსახელსაც გაამართლებს… დეიდაჩემს კი ერთს კიდევ ვუდეპეშებ, ვერაფრით გავითავისუფლე თავი და იმ ლაწირაკებს ფინკ-ნოთლი მოუვლის-მეთქი!

- და უარზე რომ დადგეს?

- ვინა, პრანჭიკა?! შანსი არაა! თან აბა, ერთი ეგეთი სურათიც წარმოიდგინე: კუთხეში მიმწყვდეული გასი და აფოფრებული დეიდა დალია - ვისი აჯობებს?

- იოლი გამოსაცნობია, სერ. მისის ტრეივერსი მართლაც მეტად ძლიერი ნების მქონე პიროვნებაა, სერ.

- ხოდა, ასე მოვუვლით ბაკინგემს! არა, იქნებ დააპიროს კიდეც იქიდან ათესვა, მაგრამ მედლინ ბასეტს ხომ ვერ მიატოვებს?! მოკლედ, უნდა-არ უნდა, კათედრაზე დადგომა და ცრემლისმომგვრელი მიმართვის გაშანშალება მოუწევს… საშინელებაა! ხომ გახსოვს, ჯივზ, ერთხელ მეც რომ მაიძულეს რაღაც მაგდაგვარის ჩადენა და თანაც - ქალთა გიმნაზიაში? ქვეყნის სამასხარაო გავხდი!

- შეძლება ითქვას, აღვირი გაგეშვათ ხელიდან, სერ.

- იცი, რას გეტყვი? ამ მწარე მოგონებებთან დაკავშირებით… ერთიც ხომ არ… ჰა? პირი გამიშრა…

 

* * * * * * *

 

დეიდა დალიასაგან საპასუხო დეპეშა უკვე სამხრობის წინ მივიღე. აშკარად გრძნობებს აყოლილი დეიდაჩემი სიტყვასიტყვით შემდეგს იწერებოდა:

ვაპირებ, ჩემს ვექილს დავუკავშირდე და გამოვარკვიო ერთი, გონებაჩლუნგი ნათესავის მოკვლა თუ ჩამეთვლება მძიმე დანაშაულად! ჯერჯერობით იმედს ვიტოვებ, რომ არა. შენ რა, ბრინკლი-ქოურთი საკუთარი ლოთი ძმაკაცების მოსასვენებელ ადგილად გინდა აქციო? ვინაა ეს ფინკი-ბოთლი?!

გკოცნი, დალია.

რაღა თქმა უნდა, ეს პირველადი რეაქცია გათვალისწინებული მქონდა და პასუხიც შესაბამისი გავუგზავნე:

ფინკი-ბოთლი კი არა, ფინკ-ნოთლი. მოკითხვა. ბერტი.

ეტყობა, პრანჭიკა და დეიდა დალია ლამის ერთდროულად ჩავიდნენ ბრინკლი- ქოურთში, რადგან ოცი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ ჯივზმა კიდევ ერთი დეპეშა გადმომცა, ამჯერად გასისაგან:

ეს-ესაა დაშიფრული

ტექსტი მივიღე: არ გაეკარო სოსისებს და ლორს. სასწრაფოდ გამოაგზავნე კოდის გასაღები. გ. ფ-ნ.

პასუხი, რაღა თქმა უნდა, არ დამიყოვნებია:

…და არც ნამცხვრებს. აბა, შენ იცი. ბერტი.

იმედი მქონდა, გასი იოლად მოუქონავდა თავს მასპინძლებს - დეიდა დალიას სიმპათიები მუდამ თავმდაბალ, უენო, ერთიანად მისი სამსახურისთვის მზადმყოფი ახალგაზრდებისაკენ იხრებოდა, ვინმესთვის სიტყვის შებრუნება აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ. შემდეგი დეპეშა ჩემი შორსმჭვრეტელობის დასტური გახლდათ:

შენი მეგობარი გავიცანი. მეგონა, სრული რეგვენი იქნებოდა შენსავით, მაგრამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ზრდილია, თავშეკავებული და ტრიტონების დიდი სპეციალისტი. ვფიქრობ, ერთი-ორი საჯარო ლექცია ჩავატარებინო აქაურებისთვის. და მაინც ნამდვილი თავხედი ხარ. ჩემი სახლი უპოვართა თავშესაფარი არაა და რომ ჩამოხვალ, მაშინ მოგახსენებ წვრილად ყველაფერს.

 გკოცნი, დალია.

ცხადია, ჩემი გეგმების შესაბამისად, ახლა შემდეგი შინაარსის დეპეშით ვუპასუხე:

ჩემს დღიურში ჩავიხედე და თურმე ზედიზედ რამდენიმე უმიშვნელოვანესი შეხვედრა დამიგეგმავს ამ კვირას.

ვწუხვარ. ბერტი.

დეიდა დალიას მომდევნო დეპეშის ტონი უკვე, მე ვიტყოდი, ავისმომასწავებელიც კი გახლდათ:

მაშ ასე, არა? ძან-ძააან წუხხარ, ხომ? ან ჩამოხვალ და ჯილდოებს დაარიგებ, ანდა მე ვიცი, როგორც მოგივლი!

მაინც გკოცნი. დალია.

აი, დადგა კიდეც ვა-ბანკის ჩასვლის დრო! კბილი კბილს დავაჭირე და ხელის აუკანკალებლად მივწერე:

თქვენი აზრით, ოგასტუს ფინკ-ნოთლი რიღასთვის გამოგიგზავნეთ?! მაგ კაცს სხვისთვის ჯილდოების გადაცემაში ჭიპი აქვს მოჭრილი! 31-ში იმისთანა სიტყვას დააქუხებს, ყველას ცრემლები წამოგივათ ღაპაღუპით. დეიდაჩემო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხელიდან არ გაუშვათ ეგეთი შესაძლებლობა - მეორე აღარ გექნებათ.

სამარადჟამოდ თქვენს სამსახურში მიგულეთ. ბერტი.

ამის მერე მთელი ერთი საათი სული კბილებით მეჭირა, მაგრამ ბოლო დეპეშაც რომ მივიღე, უღრუბლო დღესავით ცხადი გახდა, რომ საქმე გაჩარხული იყო:

ნამდვილი უხერხემლო გაზისებრთა წარმომადგენელი ხარ! რაც იქნება, იქნება - ჯილდოებს ეგ შენი პინკი-ბოთლი გადასცემს… დარჩი მაგ შენს ლონდონში და ავტობუსსაც გაუტანიხარ!

გკოცნი, დალია.

გენახათ ერთი, რა შვებით ამოვისუნთქე! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - მეფისტოფელის არიის ღიღინიც კი წამოვიწყე „ფაუსტიდან“… მერე „საქმის კაცს“ მივაშურე და შუაღამეს, სახლში რომ დავბრუნდი, ერთი სული მქონდა, ბალიშზე მიმედო თავი.

ახლა იოლად მიხვდებით ჩემს გაოგნებას, როცა სასთუმალთან - ჯივზის შემზადებულ ღამის ჩაჩთან(12) ერთად, ლანგარზე კიდევ ერთ დეპეშას რომ ვკიდე თვალი! სუნთქვა შემეკრა და გულისცემაც გამიჩერდა თითქოს - ვაითუ დეიდა დალიამ გადაიფიქრა? ქალებისაგან ყველაფერს უნდა ელოდე კაცი… ანდა პრანჭიკამ ვეღარ გაუძლო ზეწოლას და შებინდებისას წვიმის საწრეტი მილით დაეშვა ბაღში, ღობეზე გადაფოფხდა და სდიე ახლა! ბოლოს, აკანკალებული ხელით რომ გავხსენი დეპეშა, გულიც გადამიქანდა და უნებლიეთ შევყვირე კიდეც.

 - სერ! - ჯივზი კარში აისვეტა.

- იცი რა მოხდა? - ვეკითხები.

- არანაირად, სერ.

- ჩემს დეიდაშვილ ანჯელას ხომ იცნობ?

- ნამდვილად, სერ.

- და ბენტერა გლოსოპს?

- მასაც, სერ.

- მოკლედ, ნიშნობაზე უარი თქვეს.

- სამწუხაროა, სერ.

ისევ გადავავლე თვალი დეპეშის ტექსტს.

- შეცდომა გამორიცხულია… ნეტა რა ბზიკმა უკბინა ორივეს?

- აბა, რა გითხრათ, სერ.

- ეს რიტორიკული შეკითხვა იყო, ჯივზ!

- უკვე მივხვდი, სერ.

მართალი გითხრათ, გუნება-განწყობა მთლად მომეშხამა.

- ბრინკლი-ქოურთში გამგზავრება მაინც მოგვიწევს, ჯივზ. დეიდა დალია, ალბათ, ჭკუაზე აღარაა და ვინმე ხომ უნდა დაუდგეს გვერდში… ჩემოდნები ჩამილაგე და 12 საათის მატარებლით გაემგზავრები; მე ორის თხუთმეტზე ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ნასამხრალს წამოვალ მანქანით.

- მესმის, სერ.

- საოცარი ამბავია, ჯივზ, საოცარი… ყოველთვის მეგონა, მათი დაცილება ისევე ძნელია, როგორც კედლიდან შპალერის ახევა-მეთქი და ეგეც შენ!

- ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, სერ.

- სწორი შენიშვნაა, ჯივზ. ახლა კი აბაზანა გამიმზადე და საქმეს მიხედე.

- დიახ, სერ.

 

თავი 7

 

ჩემი ბებერი ორადგილიანი „ასტონ-მარტინით“ მივქროდი თითქმის სრულიად ცარიელ ტრასაზე და ერთი ფიქრი არ მშორდებოდა თავიდან - რატომ?

ხშირად, როცა შენი მეგობარი შენსავე ნაცნობ ქალს სთხოვს ხელს, ერთი სურვილი გიჩნდება ხოლმე - მიხვიდე და პირდაპირ უთხრა: ჭკუაზე მოდი, ერთხელ მაინც დაუფიქრდი, რას სჩადიხარო, მაგრამ ეს ამგვარი შემთხვევა ნამდვილად არ გახლდათ. საქმე ისაა, რომ ბენტერას - მისივე მეტსახელიდან გამომდინარე - ათასი სამხიარულო სისულელის ჩადენა შეეძლო, მაგრამ სიბრიყვეს არასოდეს იქმოდა და ბიჭი ბიჭადაც არ დაიწუნებოდა; ანჯელა კიდე მუდამ თითით საჩვენებელი გოგო იყო მთელ ჩვენს სანაცნობოში. მოკლედ, მშვენიერი წყვილი ჩანდა და მეგონა, მაგათ ერთობას მაინც არაფერი ემუქრება- მეთქი.

თქმა არ უნდა, შიგადაშიგ ეგენიც წაკინკლავდებოდნენ ხოლმე: აი, იმ მართლა ბენტერამ რომ ერთხელ ალალად (ეს მისი აზრით, თორემ მე თუ მკითხავთ, ნაღდად ბნედამ მოუარა) ანჯელას უთხრა, მაგ ახალ ქუდში წმინდა სისხლის პეკინეზს გავხარო… მაგრამ ეს რა მოსატანია - მალევე ისწავლა ჭკუა და მას მერე სულ გვრიტებივით ღუღუნებდნენ ხოლმე. ამიტომაც ვერაფერი გამეგო - რამ გამოიწვია ნიშნობის ჩაშლა და, ასე ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ამ მართლა მშვენიერ წყვილს შორის.

ფიქრებს აყოლილი, ძალაუნებურად გაზის სატერფულს ვაჭერდი ფეხს და ძრავას ექვსივე ცილინდრი, თავის ცხენისძალებიანად, სრული დატვირთვით მუშაობდა, ასე რომ ბრინკლი-ქოურთში სარეკორდო დროში ჩავედი. ცხადია, წამსვე დეიდა დალიას ვეახლე და ამხელა გზის გამოვლით დამაშვრალმა კოქტეილი მის კაბინეტშივე ვითხოვე, მოერთმიათ.

მომეჩვენა, რომ მართლა ეამა ჩემი დანახვა. ისიც კი წამოსცდა, მიხარია შენი ნახვაო. თავს დავდებ, სხვა ჩემი დეიდები უმალ ვენებს დაიჭრიდნენ, ვიდრე ამგვარი რამ ამოუვიდოდათ პირიდან. როცა ასე დაუკითხავად მივადგები ხოლმე, ყველანი მებუტებიან და იმის იმედითღა ცოცხლობენ, როგორც მოსვლით გაგვახარა, წასვლასაც ასევე არ დააყოვნებსო…

- მეტად კეთილშობილური საქციელია შენი მხრივ, ბერტი. არც კი მოველოდი.

- მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ, დეიდა! ისე, მაინცადამაინც კარგად ვერ გამოიყურებით. რა ამბავია, ყველას მაგივრად თქვენ როგორ უნდა იდარდოთ?!

- კარგი ერთი! აბა, შენ ყოფილიყავი ჩემ ადგილას - რაც კანიდან ჩამოვედით, წამი მოსვენება არა მქონია… ახლა კიდე ბიძაშენსაც უნდა დაველაპარაკო!

- ბიძია თომასთან რაღა პრობლემაა - წაგებული ფულის ამბავი ჯერ არ გითქვამთ?

 - კარგი რა, ასე ნუ ეძახი! სულ მგონია, რომ ბებერ ზანგად გადაიქცა და საცაა ბანჯოს ამოიიღლიავებს... ბანქოში დანიავებული ფულის ამბავი თუ გაიგო, წასულია ჩემი და ჩემი ჟურნალის საქმე!

- ჟურნალს რაღას ერჩის?

- 500 ფუნტი სტერლინგი თუ არ გამოვწერე სასწრაფოდ, დაიხურება.

აი, ამ ამბავმა კი მართლა ამაღელვა: მგონი, უკვე გითხარით კიდეც - „ლამაზმანის ბუდუარში“ ერთ დროს მეც გამოვაქვეყნე წერილი სათაურით „რას იცვამს ახალგაზრდა ჯენტლმენი“ და მას მერე მთლად გულგრილი არ გახლდით ზემოხსენებული ჟურნალის მიმართ. იტყვით, ალბათ, ეგ ცარიელი სანტიმენტებიაო, მაგრამ ჩვენ, პროფესიონალი კალმოსნები, ამ გრძნობას არ გავურბივართ…

- განა „ბუდუარს“ ასე გაუჭირდა?

- ჩემო კარგო, ახლად ფეხადგმულ გამოცემას ხელი თუ არ შეაშველე…

- განა სამი წელი საკმარისი არ იყო ფეხის გასამართად?

- ჯერ თავად სცადე ქალებისათვის ყოველკვირეული ჟურნალის ბეჭდვა და ფეხებზე მერე მელაპარაკე!

- და ამისთანა რა პირკატა ეცა ბიძია თო… ე-ე… თქვენს მეუღლეს?

- რა და საგადასახადო ინსპექციიდან მოუვიდა შეტყობინება - 58 ფუნტი, ერთი შილინგი და სამი პენი გაქვთ დამატებით გადასახდელიო… ლამის ჭკუას გადავიდეს - დილიდან საღამომდე სულ იმას გაიძახის, ქვეყანა განვითარების სოციალისტურ გზას დაადგა და ხელებიც დამიბანიაო!

მართალი გითხრათ, ძაანაც არ გამკვირვებია: ეს ჩვენი ბიძია თომა მაგარი უცნაური ვინმე გახლდათ - „საქველმოქმედო“ მიზნებით ახლობლებისათვის გარკვეული თანხების გაცემა არასოდეს დანანებია, მაგრამ როგორც კი გადასახადებზე მიდგებოდა საქმე, ორნიშნა ციფრსაც კი გამოყავდა წყობიდან.

- ანატოლი რომ არ გვყავდეს, არ ვიცი, მის ნერვებს რა ეშველებოდა! თანხმობის ნიშნად თავი დავხარე: „ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!“

- ამინ! - დაასვა ბეჭედი დეიდაჩემმაც და განაგრძო:

- მოკლედ, რაც კანიდან ჩამოვედი, უბედურება უბედურებაზე ხდება - ჯერ ეს ჯილდოების გადაცემის ამბავი, მერე ტომასის ეს აბობოქრება და ახლა კიდე ანჯელა წაეკიდა გლოსოპს!

ახლა, მწუხარების ნიშნად, თავი გადავაქნიე აქეთ-იქით:

- მერწმუნე, დეიდაჩემო, ერთი სიცოცხლე გავათავე, ეგ ამბავი რომ შევიტყვე…

 მაინც რაზე წაიჩხუბნენ?

- ზვიგენებზე.

- ?!

- ზვიგენებზე-მეთქი! უფრო სწორად, იმ ერთადერთი ზვიგენის გამო, ანჯელას რომ თავს დაესხა კანში… გახსოვს ეგ ამბავი?

რა დამავიწყებდა! ქვის გული უნდა გქონოდა კაცს ან მთლად უგულო ყოფილიყავი, ასეთი რამ რომ…

დაიცათ, ჯერ თქვენც ხომ უნდა გაიგოთ, რაზეა ლაპარაკი:

მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ წყალზე ძრავიანი ნავი მისრიალებს და უკან, თოკზე ფიცარი აქ გამობმული, რომელსაც რატომღაც ზღვის თხილამურებს ეძახიან. სწორედ მასზე დგახართ და ხსენებულ თოკს ჩაჭიდებული, ხან ერთ მხარეს გადაქანდები, ხან - მეორე მხარეს და სვლის მიმართულებასაც შესაბამისად იცვლით. ცხადია, შიგადაშიგ საერთოდ კარგავთ ამ თქვენს წონასწორობას და წყალში ებერტყებით… მერე ისევ მოირგებთ ფეხზე იმ ფიცარს და ასე, რამდენიც გაგიხარდებათ. დიდი სულელური გართობაა, მე თუ მკითხავთ, მაგრამ ბევრს მოსწონს.

ანჯელას მონაყოლს თუ დავუჯერებთ, ერთი ასეთი ამოყურყუმელავების მერე ის იყო ფიცარს უნდა ჩაფრენოდა ორივე ხელით და რაღაცაზე თუ ვიღაცაზე გაბრაზებული უ-უზარმაზარი ზვიგენი ეცა (ბედზე, ფიცარს და არა ჩემს დეიდაშვილს) და სადღაც გააქანა! რა გასაკვირია, რომ სანამ ნავში მყოფნი გამოერკვნენ, სანამ საბრალო გოგოსთან მიცურდნენ და ისიც ნავში აიყვანეს, იმასაც ლამის თავისი დაემართა… მერე მთელი კვირა სხვა აღარაფერზე შეეძლო ყურადღების გადატანა - მხოლოდ იმას უყვებოდა უცხოსა თუ ახლობელს, გამვლელსა თუ გამომვლელს, საშინელი ცხოველის ყბებს როგორ გადაურჩა.

- კი, მაგრამ ამის გამო როგორ დაცილდნენ ერთმანეთს?!

- როგორ და, გუშინ ანჯელამ ყველაფერი ეს უამბო გლოსოპს! გენახა ერთი, როგორ უბრწყინავდა თვალები, თავის ჯერ კიდევ ბავშვურ ხელებს აქეთ-იქით იქნევდა, ხმა უკანკალებდა…

- არცაა გასაკვირი, ღმერთმანი!

- ის მართლა ბენტერა კიდე, იმის მაგივრად რომ ორიოდ დამამშვიდებელი სიტყვა მაინც ეთქვა, მიდგა და უმტკიცებდა, უბრალოდ მორი ან რამე ფიცარი იქნებოდა, შიშს დიდი თვალები აქვსო…

- დაუჯერებელია!

- გინდ დაიჯერე, გინდ არა… მერე, როცა მთლად ისტერიკაში ჩავარდნილი ანჯელა ცდილობდა აეხსნა, რომ ეს „მორი თუ ფიცარი“ წყლიდან ხტებოდა და ცდილობდა, ხელ-ფეხი მოეჭამა მისთვის, წამოდგა, მშვიდად გაურჭო მუნდშტუკში სიგარეტი და შეუვალი ტონით განუცხადა, დიდი ორაგული იქნებოდა, გეთამაშებოდა, ალბათო. როგორია?! და ეს ჩემი სათუთად აღზრდილი, მყიფე ფსიქიკის მქონე გოგონაც სულ გამოვიდა წყობიდან, ბრიყვი და რეგვენი უძახა, ის კიდე…

უნდა გითხრათ, უყოყმანოდ დავდექი ჩემი დეიდაშვილის მხარეზე: როგორია, რაღაც საშინელებას გადაურჩე, მერე საყვარელ ადამიანს უყვებოდე ამას და პასუხად მხოლოდ იმას გეუბნებოდნენ, მოგეჩვენაო! ეგ იგივე იქნებოდა, დეზდემონას რომ ოტელოს მონაყოლზე ერთი მადიანად დაემთქნარებინა და ეთქვა, ისინი მართლა ველური თურქები იყვნენ თუ უბრალოდ, ცირკის მსახიობებიო? განა რა ტრაგედია გამოვიდოდა? არც არაფერი!

მე ანჯელას მხარეს ვიჭერდი, ნამდვილად.

- დაიცათ, დეიდაჩემო, ამის მერე მაინც აღარ დაიხია უკან?

- გეკადრება?! მიდგა და მეცნიერულად ცდილობდა საკუთარი თვალსაზრისის მტკიცებას! ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე… ანჯელამ ურჩია, დილაობით წაივარჯიშე მაინც, თორემ მალე განში მეტი იქნებიო, ამაზე იმ ბენტერამ ფერუმარილისა და პომადების ჭარბი ხმარების თაობაზე მოახსენა რაღაც - კარგად გალესილი კედლის მაგალითიც კი მოიყვანა და ასე, სიტყვა-სიტყვაზე და ვულკანმაც იფეთქა! კიდევ კარგი, რომ ჩამოხვედი, ბერტი…

ძირისძირამდე შემძრა მისმა ამგვარმა ნდობამ.

- რა სალაპარაკოა, დეიდაჩემო! რაღაც მეექვსე გრძნობამ მიკარნახა, რომ გჭირდებოდით.

- უფრო შენ კი არა, ჯივზი. პირველი ეგ იყო, ვისზეც გავიფიქრე. ეგ თუ გვიშველის, თორემ წასულია ჩვენი საქმე…

კიდე კარგი, ფეხზე არ ვიდექი, თორემ ნაღდად დავეცემოდი! სავარძლიდან გადმოვარდნა კიდე, მოგეხსენებათ, არც ისე ადვილია. ვიგრძენი, სახე გამიქვავდა.

- ჯივზი რა შუაშია? - ვიკითხე კრიჭაშეკრულმა.

- ამ გორდიას კვანძს მხოლოდ ეგ თუ გადაჭრის!

- მეეჭვება, დეიდაჩემო.

- რა გეეჭვება?

- რა და, მეტისმეტად გადაჭარბებული წარმოდგენისა კი ყოფილხართ ჩემი მსახურის გონებრივი მონაცემების თაობაზე.

- ახლა შენც გარეკე?

 - და საერთოდ, სულაც არ მეპიტნავება ის წინადაშვება (ახლა რატომღაც ასე ამბობენ - წინადაშვებაო, თუმცა უკანადაშვება რაღას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცი), რომ ჯივზი ერთადერთია, ვისაც თავში რაღაც უდევს და სულ მას მიმართავენ ხოლმე დახმარებისთვის, თითქოს მე საერთოდ არც ვარსებობდე ამქვეყნად!

ის იყო, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ აღარ ვაცალე:

- იქნებ ბრძანოთ, რომ წარსულში თავად მიმიმართავს მისთვის დახმარების თხოვნით, ეს მართალია და იქნებ მომავალშიც ასევე მოვიქცე, ოღონდ ჩემს საკუთარ ნათესაობას მე თავად მოვუვლი! ეს თქვენი ახლანდელი პრობლემები რა სახსენებელია - ერთ დღეში მოვუთავებ ხელს! ჩვენში დარჩეს, ჯივზს უბრალოდ

უმართლებდა ხოლმე…

- რა, თქვენც წაიჩხუბეთ?

- აბა, ეგეთი აზრები საიდან მოგდით თავში, დეიდაჩემო!

- აბა, ეგეთი განაწყენებული რატომ ხარ?

- ეგ საიდანღა დაასკვენით?

ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და კი ვიყავი ჯივზზე განაწყენებული! ეგ კი არა, მთლად ცოფები მაყრევინა იმ დილით! კარგი, ახლავე წვრილად მოგიყვებით ყველაფერს:

თუ გახსოვთ, ჯივზს ჩემოდნები ჩავალაგებინე და 12 საათის მატარებლით დავავალე ბრინკლი-ქოურთს გამგზავრება; თავად გადაუდებელი შეხვედრა მქონდა და მერე, სახლში რომ შევიარე, უცებ რაღაც ეჭვმა გამკენწლა - არ დავიზარე, ტანსაცმლის კარადაში შევიხედე და რას ვხედავ - ეს ჩემი თეთრი, სანაქებო, თითბერისფერი ღილებით შემკული სმოკინგი იქვე არ კიდია?! საკუთარ მსახურს - ამ ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს - თურმე სულაც ყურსგარეთ გაუშვია დანაბარები!

არა, „საქმის კაცში“ გაიკითხეთ ერთი - ვინმეს როდისმე თუ გაუცუცურაკებია ბერტი ვუსტერი-თქო! არ არსებობს. მეც მშვიდად შევფუთე სმოკინგი, მანქანის უკანა სავარძელზე დავასვენე და ბრინკლი-ქოურთში ჩასვლისთანავე შუა ჰოლში სავარძლის საზურგეზე გადავკიდე. არა ბიჭო, მისი აჯობებს! ასე რომ, მთლად მართალი არც მე ვიყავი, ჯივზზე განაწყენება რომ შევიცხადე.

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისით მთლად კმაყოფილი ვერა ვარ, - დავაზუსტე მე. - აზრთა შეურიგებელი სხვადასხვაობა აღმოგვაჩნდა ჩემი გარდერობის ზოგიერთ წვრილმანთან დაკავშირებით და იძულებული გავხდი…

- კარგი, ეგ სულ არ მაინტერესებს. მიედ-მოედები რაღაცას. ჯივზია ჩვენი ბოლო იმედი და ახლა ამ იმედითღა ვსულდგმულობ!

- უკეთესი იქნებოდა, საკუთარ სისხლსა და ხორცს დანდობოდით, მაგალითად, მე!

- კი, როგორ არა… სულ მაგ ჭკუაზე ვარ!

- სულ ტყუილად, დეიდაჩემო, სულ ტყუილად! აქეთობისას მანქანაში ერთთავად ამ ამბავზე ვფიქრობდი და მოცემულ ინდივიდთა ფსიქოლოგიურ პორტრეტზე დაყრდნობით, საუცხოო გეგმაც შევიმუშავე. თუ გნებავთ…

- არა, არ მნებავს!

- მერწმუნეთ, დეიდა, ადამიანის შინაგანი ბუნების ცოდნა მკარნახობს, რომ…

- ბერტი, - რაღაც დაღლილი ხმით გამეპასუხა დეიდა დალია, - ღვთის გულისათვის, შემეშვი! თავი გამანებე! მოხარშულს გიცნობ - ისევ აურ-დაურევ რაღაცას… სულ არ გამიკვირდება, ანჯელა რომ ტბაში გადააგდო - აქაოდა, ბენტერა გადაარჩენს და იქვე იფსკვნიან ჯვარსო!

- არაფერი მაგის მაგვარი!

- სხვა არაფერზე ჭკუა მაინც არ გეყოფა…

- მაცალეთ, აგიხსნათ მაინც!

- არ გაცლი!

- კარგი, ბატონო, ყრუ-მუნჯი ვარ, - ვთქვი და ფრიად განაწყენებული სახით სავარძელში მოვიკალათე.

- ნეტა დაბადებიდანვე ეგრე ყოფილიყავი!

ცხადია, ამგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენი საუბარი უკვე ყოველგვარ აზრს კარგავდა. ისევ წამოვდექი, რაც შემეძლო ქედმაღლურად გავიღიმე, დეიდაჩემს თავი დავუკარი და ბაღში გავედი.

არადა, ბიჯიც არ მქონდა გადგმული, გლოსოპს რომ გადავაწყდი. საბრალო მიუსაფარი სახით იდგა ყვავილნართან და ცარიელ ქოთანში ისროდა კენჭებს.

 

თავი 8

 

ისე, უპრიანი კია, ბენტერა გლოსოპზეც გითხრათ ორიოდ სიტყვა: სწორედ ეგ იყო,

„საქმის კაცში“ რომ დამენაძლევა - ჭერიდან ჩამოშვებულ რგოლებზე ჩაბღაუჭებული, აუზის ერთი ბოლოდან მეორემდე ვერ გააღწევო. ჩემისთანა ათლეტისათვის ეგ ან რა მოსატანი იყო, მოგება განაღდებული მქონდა, მაგრამ ბენტერა უძახე შენ და რა მოიფიქრა - ბოლო რგოლი თავის თოკიანად აკეცა და იძულებული გავხდი, პიჯაკგაუხდელი ჩავმხტარიყავი წყალში…

რაღა თქმა უნდა, შანსი გამჩენოდა და სამაგიეროს როგორ არ მივუზღავდი - ან ზღარბს ჩავუსვამდი ლოგინში, ან სადმე სუფრაზე ტკბილ საწებელს მდოგვით შევუცვლიდი… ოღონდ სპორტული სანაძლეოს სალაზღანდაროდ ჩაშლა ერთია და ქორწინების კიდე - სულ სხვა ამბავი!

მეტიც, მზად ვიყავი, ყველა ღონე მეხმარა, ოღონდ ეს ორი თავქარიანი ახალგაზრდა ერთმანეთისათვის არ დაეშორებინა განგებას და დეიდაჩემთან იმ მძიმე საუბრის მიუხედავად, წამითაც არ გადამიფიქრებია მათი შერიგების ჩემეული გეგმის განხორციელება. მივედი, ხელი გავუწოდე და ვეუბნები:

- ბენტერას გაუმარჯოს! გავიგე, რაღაც მთლად კარგად ვერ დაგიწყვია საქმეები… ისე უნიათოდ ჩამომართვა ხელი, აშკარად არ მოფონებია გულზე ჩემი დანახვა.

„მელანქოლიამ შეიპყროო“ - სწორედ ასე დაახასიათა ჯივზმა ერთხელ პონგო

ტვისტლთონის მდგომარეობა, როცა ის გამეტებით ცდილობდა თამბაქოს წევის ყოვლად მავნე ჩვევისთვის გაენებებინა თავი. გლოსოპის შეჭირვება კი სულაც არ გახლდათ მისაზე ნაკლები - აშკარა იყო, ჩემი დეიდაშვილის ხატება გულიდან ვერაფრით ამოეგდო…

როგორც რომ კაცების წესია, პორტსიგარი გადავხსენი და სიგარეტი შევთავაზე. არც დაუხედავს, ისე აიღო ერთი ცალი.

- მაშ, ჩამოხვედი?

- ეგრეა.

- დიდი ხნით?

ერთი პირობა ვიფიქრე, ვეტყვი კიდეც, რომ სწორედ მისი გულისათვის ჩამოვედი- მეთქი, მაგრამ მერე ეს აზრი აღარ დამიჯდა ჭკუაში - აბა, ვის მოეწონება, თუ ეტყვი, შენ და შენი შეყვარებული ძაფებზე გამობმული თოჯინებივით უნდა გათამაშოთო?

- ჯერ არ გადამიწყვეტია, - ვეუბნები. - მომავალი გვიჩვენებს.

ისე დამიქნია თავი, აშკარაზე აშკარა იყო, სულ ცალ ფეხზე ეკიდა, დღესვე წავიდოდი თუ აქ სამუდამოდ ვაპირებდი დარჩენას. უნდა გითხრათ, გლოსოპს პირწავარდნილი ინგლისური ბულდოგის სახე აქვს და ახლა სწორედ ისეთი გამომეტყველება დააჩნდა, როგორც ამ კეთილშობილ ცხოველს, როცა პატრონი გემრიელი ნამცხვრის ნაჭერზე ეუბნება უარს. ყოველ შემთხვევაში, ჩემისთანა გამოჯეკილ ფიზიონომისტს არ გაუჭირდებოდა იმის ამოცნობა, რაზე ფიქრობდა ახლა ეს საბრალო.

- უკვე გაიგე ჩვენი ამბავი? - მეკითხება.

- ასე მითხრეს, ზვიგენის თაობაზე მოგსვლიათ რაღაც უთანხმოება…

- ორაგული იქნებოდა-მეთქი, გეუბნები!

- სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ცოტა მეტი ტაქტი ვერ გამოიჩინე?

- მე… კიდე აქეთ…

- დაიცა, ეს ხომ მისი ზვიგენი იყო, რას ერჩოდი? მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი თავგადასავალი გაატრიზავე!

- ჩემს ვერსიას აღარ იკითხავ?

- შენი რაღაა?

- რა და, ჯერ იმან დამიწყო ქილიკი და კბენა, მერე მეც ვეღარ მოვითმინე…

- რა კბენა-ქილიკზე ლაპარაკობ?!

- საუბარში ისე, სასხვათაშორისოდ დავეკითხე, ანატოლი რას გვიმზადებს ვახშმად, ხომ არ იცი-მეთქი, იმან კიდე - რა მუცელღმერთა ვინმე ხარო! გესმის შენ?! გენიოსის შექმნილი კერძი თუ დავაფასე, მუცელღმერთა ვყოფილვარ!

- აღმაშფოთებელი ამბავია ნამდვილად. მაგრამ ასეთი სიყვარული ქარს გაატანო, როცა ერთი ტკბილი სიტყვაც კი…

- დაიცა, არ მითხრა ახლა, აქეთ უნდა მოუხადო ბოდიშიო!

- ხომ გიყვარს?

აშკარა იყო, მტკივნეულ კოჟიჟზე დავაბიჯე… ტუჩები აუთრთოლდა, ხელები გაასავსავა - მოკლედ, აიჭრა.

- მიყვარს, აბა რა… ოღონდ ერთი კარგი გატყეპა კი არ აწყენდა!

- გლოსოპ! ეს რა მესმის?!

- აბა, ერთი ის გაგეგონა, როგორ მითხრა, ღაბაბი გაქვსო!

- ანჯელამ გითხრა?!

 - აბა, სხვას ვის შევარჩენდი?

- კარგი ახლა, ყველა ქალს მოსდგამს კაცის გაღიზიანებისა და წყობიდან გამოყვანის ჩვევა… თუ მაგისთვის მზად არა ხარ, ცოლიც ვეღარ შეგირთავს და ეგაა! მიდი, შეურიგდი.

თავი გადააქნია ჯიუტად.

- კარგი ახლა, აბა, ის რა იყო, ახალი ქუდის თაობაზე რომ აჯახე - პეკინეზს გავხარო?

- შეურაცხყოფა არც მიფიქრია, უბრალოდ, არ მინდოდა ქვეყნის სამასხარაო გაეხადა თავი…

აშკარა იყო, მთლად ასე იოლად ვერ დავარისხებდი საქორწინო ზარებს სნოუდსბერის ეკლესიაში… მაგრამ როდის იყო, ვუსტერებს სიძნელეები გვაშინებდა! თანაც აშკარაზე აშკარა გახლდათ, რომ ბენტერას გული ეწურებოდა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არც ანჯელა იქნებოდა უკეთეს დღეში - იქნება და დიდი სიამოვნებით კი გადაამტვრევდა გლოსოპს თავზე ერთ-ორ სკამს, მაგრამ გულის სიღრმეში ისევე მიილტვოდა მისკენ, როგორც თაგვი - ყველისკენ… მოკლედ, შელახული თავმოყვარეობის გარდა, წინ არაფერი ეღობებოდათ. ეგ

იყო სწორედ საქმე.

შევეცადე, სხვა შემოვლითი მანევრი განმეხორციელებინა:

- არადა, როგორ იტანჯება საწყალი გოგო…

- ეგ საიდანღა მოიტანე?

- სახეზე ეტყობა.

- თვალთმაქცობს!

- გეუბნები მე შენ, ერთი ტკბილი სიტყვა და შარშანდელი თოვლივით დადნება!

აშკარად შეცბა. იდგა გაბუსუნებული და ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას ჩიჩქნიდა. მერე მომიტრიალდა და მეუბნება:

- რა, მართლა ასე გგონია?

- წყალი არ გაუვა! - დავუსვი ბეჭედი. უიმედოდ გადააქნია თავი.

- არაფერი გამოვა. ვიცნობ მაგისთანა ქალებს - ერთხელ დაუთმობ და კისერზე დაგაჯდებიან! როგორმე უნდა მივახვედრო, რომ მზად ვარ, შევუნდო და ვაპატიო… რას იტყვი, მის დანახვაზე მძიმე-მძიმედ რომ ამოვიოხრო ხოლმე?

 - იფიქრებს, ახია მასზეო…

- ეგეც მართალია. აბა, რა წყალში ჩავვარდე?

სულ ერთი წუთი დამჭირდა პრობლემის გადასაჭრელად - გამახსენდა, გასს რა ვურჩიე და ვერაფერს ვხედავდი საიმისოს, ბენტერას რატომ არ შეიძლებოდა წასდგომოდა იგივე ქცევა!

- მე თუ რამე დამეჯერება, ერთი მშვენიერი მეთოდი არსებობს, რომ ქალი დააჯერო, უშენოდ სიცოცხლეც არად მიღირს-თქო! სადილზე ლუკმა არ უნდა ჩაიდო პირში!

- ეგ როგორ?!

- როგორ და ისე - ნებისმიერი შემოთავაზებული კერძი გვერდზე გასწიე და პირი არ დააკარო არაფერს! როცა დაინახავს, რომ ლუკმა ყელში გეჩხირება, წამსვე მიხვდება ყველაფერს!

გლოსოპის სახეზე ენით აუწერელი ტანჯვა აისახა.

- პირი არაფერს დავაკარო… ანატოლის შედევრებს არ დავაკარო პირი? ანუ დღეს რომ ris de veau a la financiere(13) მოგვართვან სადილად, არც კი გავსინჯო?!

- არჩევანი შენზეა: ან ანატოლი, ან ანჯელა!

ცოტა ხანს მედგრად ებრძოდა საკუთარ თავს და ბოლოს ისე გაუცისკროვნდა სახე, როგორც ქრისტიან პირველწამებულთ თუ ექნებოდათ:

- ყაბულსა ვარ!

- უკან არ დაიხევ?

- არავითარ შემთხვევაში! ოღონდ, იმედია, გესმის, რა მსხვერპლსაც ვიღებ…

- ეგ არაფერი, ბოლობოლო, ყველა რომ დაიძინებს, საკუჭნაოში შეყოფ ცხვირს და…

- აგაშენა ღმერთმა! ეგ კი მართლა კარგი მოიფიქრე - ხბოს ხორცითა და თირკმლით გაძეძგილი ღვეზელი! ამ დილით მოგვართვეს და ნახევარზე მეტი დარჩა! არადა, ყველაზე მეტად რით ვაფასებ ანატოლის? ყველა სხვა ეს თანამედროვე chefs ფრანგულ სამზარეულოს ვერ გასცილებია, ის კიდე მუდამ მზადაა ნაღდი, ძირძველი, ტრადიციული ბრიტანული კერძით გაგიმასპინძლდეს! მოკლედ, გადაწყვეტილი ამბავია - სადილზე პირს არ ვაკარებ არაფერს, ღამით კი…

- აბა, შენ იცი.

- შესანიშნავი იდეაა, უნდა გითხრა! ერთი საუკეთესოთაგანი, რაც კი ჯივზს მოსვლია თავში! რომ ნახავ, დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან.

თითქოს ცივი წყალი გადამასხესო… სიგარეტიც კი გამივარდა თითებიდან.

- დაიცა… შენ გგონია, ეს გენიალური გეგმა სულ ჯივზის მოგონილია?!

- არა ბიჭო და შენ მოისაზრებდი ეგეთს… კარგი ახლა, ბერტი, არ გეწყინოს და მაგას ვინ ჭკუათმყოფელი დაიჯერებს!

წელში გავიმართე და გამანადგურებელი მზერა ვტყორცნე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ისე იყო ანჯელასთან შერიგებისა თუ ხორციანი ღვეზლით მალულად პირის ჩატკბარუნების პერსპექტივით შეპყრობილი, ჩემს მზერას კი არა, მეხი რომ დასტყდომოდა თავზე, იმას ვერ შეამჩნევდა.

- წავედით, ბენტერ, - ვეუბნები ცივად, - ტანსაცმელი გამოვიცვალოთ, უკვე სადილობის დროა.

 

თავი 9

 

მაგრამ მისი ეს ბრიყვული დასკვნა არ ამომდიოდა თავიდან, როცა ტანსაცმელს ვიხდიდი, როცა ხალათს ვიცვამდი და მაშინაც კი, როცა salle de bain(14) მოვინახულე.

იმედია, თქვენთვის იმის ახსნა არ მჭირდება, რა განაწყენებული გახლდით - სწორად გამიგეთ, მე არც სახალხო სიყვარულს ვითხოვ და არც მშრომელთა მასების გმირად გახდომის სურვილი მკლავს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! კაცი დღე-ღამეს ასწორებ, გასაოცარ გეგმას დააწყობ მეგობრის გადასარჩენად და ის კიდე შენს ლაქიას ემადლიერება!  და ლაქიასაც  გააჩნია -  სწორედ  იმას, შენს სასიქადულო თეთრ საკლუბო სმოკინგს ჯინაზე რომ არ ჩაგიდებს ჩემოდანში! ამაზრზენი ამბავია, მე და ჩემმა ღმერთმა!

აი, აბაზანაში ჭყუმპალაობამ კი ოდნავ გამომიკეთა გუნება: დიდი ხანია შემჩნეული მაქვს, რომ ეს საქმე უებარი წამალია უგუნებობის წინააღმდეგ - აფორიაქებულ სულს გიწყნარებს, შეიძლება ითქვას. ხოლო როცა სასაპნეში სათამაშო იხვის ჭუჭულიც აღმოვაჩინე - ეტყობა, წინა მდგმურს დარჩენოდა - ლამის იყო, ღიღინიც კი წამოვიწყე. უნდა გითხრათ, ჩემისთანა დაკავებულ კაცს არც ისე ხშირად უწევს ხოლმე აბაზანაში პლასტმასის იხვით თამაში და ახლა მართლა გულით გავიხარე. თუ ვინმემ არ იცით, შემიძლია გაგანდოთ: როცა მას ძალით ჩაძირავ და მერე უცბად გაუშვებ ხელს, ისეთი სისხარტით ამოხტება ხოლმე, მართლა ცოცხალი გეგონება და მაგარი სასაცილო სანახავია, ღმერთმანი! ერთი ათიოდ წუთი მაინც ვიხალისე და ოთახში უკვე ძველებურად გულმხიარულ ბერტრამ ვუსტერად დავბრუნდი.

ჯივზი მშვიდად მილაგებდა ლოგინზე საცვლებს. ჩემს დანახვაზე მდაბალი სალამი არ დაიზარა - ზრდილობას ნამდვილად ვერ დაუკარგავდი, ბატონ- მსახურის ურთიერთობის ეტიკეტი ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი.

- საღამო მშვიდობისა, სერ.

- შენც ასევე, ჯივზ. - გავეპასუხე ხაზგასმით ცივად.

- იმედია, მგზავრობა სასიამოვნო გამოდგა, სერ.

- მთლად არაჩვეულებრივი… წინდები რა იქნა, ჯივზ?

მომაწოდა და მეც აუჩქარებლად შევუდექი მორთვა-მოკაზმვას.

- მაშ ასე, ჯივზ, კარგა დრო გავიდა, რაც მე და შენ უკანასკნელად ვიყავით ბრინკლი-ქოურთში…

- ნამდვილად, სერ.

 - და როგორც ჩანს, კვლავაც დიდი ვნებათაღელვა გველოდება წინ, ჯივზ. აი, თუნდაც ჩემს დეიდაშვილ ანჯელასა და იმ ახალგაზრდა გლოსოპს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება ავიღოთ…

- აქაური მომსახურე პერსონალი იმ აზრისაა, რომ დაძაბულობა იმატებს, სერ.

- და შენც იმავე აზრისა ხარ, ჯივზ?

- ვშიშობ, რომ ასეა, სერ.

- აი აქ კი ცდები, ჯივზ! უნდა გითხრა, რომ ახლა უკვე ყველა სადავე ჩემს ხელთაა!

- საკვირველი ამბავია, სერ.

- ასეც ვიცოდი, გაგიკვირდებოდა. მაგრამ სწორედ ახლა შევხვდი მისტერ გლოსოპს და დავაკვალიანე. თუ ჩემს გეგმას არ გადაუხვია, აღარაფერი უჭირს.

- მეც ხომ არ გამანდობდით, სერ?

- ჩემს მეთოდს ხომ იცნობ, ახლა თავად გამოიყენე! სულ მარტივი ამბავია, ჩემო კარგო, უმარტივესი!

- უნდა გამოგიტყდეთ, რაღაც-რაღაც მოსაზრებები მეც მქონდა და…

- აბა ერთი, თქვენი მოსაზრებებიც გვიბოძეთ!

- ვთვლი, რომ მისტერ გლოსოპსა და მის ანჯელას შორის გაუცხოების აღმოსაფხვრელად სწორედ იმ ინსტინქტს უმდა მივმართოთ, რაც ჯენტლმენს აიძულებს ხოლმე, ქალის გადასარჩენად თავიც კი გადადოს…

მერწმუნეთ, გაოგნებული დავრჩი!

- ჯივზ! ნუთუ იმდენად დამდაბლდი, რომ ყალბი „დახრჩობა-გადარჩენის“ სცენარი გინდა გაითამაშო?! როცა ასეთი რამ დეიდა დალიამ მე დამაბრალა, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა და ახლა რა მესმის - შენ მართლა აპირებ ამგვარი გეგმის განხილვას?! არა, ეს უკვე მართლა მეტისმეტია, ჯივზ!

- ე-ე… ჩემი მოსაზრება მცირეოდნავ განსხვავებული გახლავთ, სერ: ვიფიქრე, შუაღამით საგანგაშო ზარმა რომ ჩამოკრას, მისტერ გლოსოპი უბრალოდ, იძულებული შეიქნება, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გადასარჩენად გამოიდოს თავი და აქაურობას გაარიდოს-მეთქი…

- სრულიად ფანტასმაგორიული გეგმაა, ჯივზ!

- მე მხოლოდ…

- ვისურვებდი, საერთოდ შეგვეწყვიტა ამაზე ლაპარაკი, ჯივზ!

არა, ბოლო დროს რაღაც-რაღაცეებს კი ვამჩნევდი, ოღონდ მთლად ასე ცუდად თუ იყო ჩემი ლაქიის საქმე, მართლა არ მეგონა… ერთ დროს ეგზომ ფართოდ და სიღრმისეულად მოაზროვნე კაცი თვალსა და ხელს შუა ბავშვდებოდა! მერკანტილური ხდებოდა, მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ… თუ - ინფანტილური?

- უბრალოდ, faute de mieux… სერ.

- ამით რის თქმა გსურს, ჯივზ?

- ფრანგულია, სერ. იგულისხმება: „უკეთესის არქონის შემთხვევაში“.

აი, ამან მთლად გამომიყვანა წყობიდან. ერთი წუთის წინ ალალად შემტკიოდა გული კაცზე, ვისაც ხანის მოთევასთან ერთად უკვე გონებაც ღალატობდა, მაგრამ ეს უკვე ბოლო წვეთი გახლდათ - არავითარი დანდობა! ვუსტერთა საგვარეულო სიამაყე ამას ვეღარ აიტანდა…

- შენდა საყურადღებოდ, ჯივზ: ძალზე კარგად

მომეხსენება, რას ნიშნავს faute de mieux - ბოლობოლო, ახლახან მთელი ორი თვე გავატარე ჩვენს გალ მეზობლებს შორის და უნდა გითხრა, ეს დრო ტყუილად არ დამიკარგავს! იმაზე აღარას ვამბობ, ფრანგულს ჯერ კიდევ სკოლაში რომ მასწავლიდნენ… მე სხვა რამ ვერ გავიგე, ჯივზ: რა შუაშია აქ ეს შენი faute de mieux, როცა ნათლად და გასაგებად გითხარი, პრობლემა უკვე გადაწყვეტილია-მეთქი?

- კი, მაგრამ, სერ…

- რა მაგრამ, ჯივზ?

- მაქვს პატივი შეგახსენოთ, რომ წარსულში ყველა თქვენი გეგმა ერთნაირად წარმატებული არ გამოდგა, სერ. ყოფილა შემთხვევები, მთლად წარუმატებელიც კი ეთქმოდა...

ჩამოვარდნილი სიჩუმე (მე ვიტყოდი, ავბედითი სიჩუმე-მეთქი) ჰალსტუხის ზედმიწევნით უზადოდ გამოსანასკვად გამოვიყენე... მიმიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.

- ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ, ჯივზ: გენიოსები - სხვისაზე, ჩვენ, ვუსტერები

- საკუთარზე… ამჯერად წარმატება გარანტირებულია, რადგან ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნაზეა დაფუძნებული.

- ნუთუ, სერ?

- ეგრეა. მეტიც, ის ყოველი კერძო ინდივიდის ფსიქოლოგიას ითვალისწინებს და თუ შეიძლებოდეს, ამ „ნუთუს“ ძახილს შეეშვი! ისე გამოგდის, თითქოს ამბობდე

„კარგი ერთი…“ ან რამე ამდაგვარს გულისხმობდე!

- ფიქრადაც არ გამივლია, სერ.

- ვიცი, და იმიტომაც გეუბნები… ახლა მისმინე: უპირველეს ყოვლისა, ბენტერას ვურჩიე, სადილზე პირი არაფერს დააკარო-მეთქი.

 - ეგ რიღასთვის, სერ?

- კარგი რა, ჯივზ, ნუთუ არ გახსოვს, რა ვუდეპეშე ფინკ-ნოთლს?! აქაც იგივე რეცეპტია! საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ, როცა კაცი ლუკმას არ იდებს პირში, შეყვარებულია… მიმიხვდი?

- აბა, რა გითხრათ, სერ…

- ჯივზ, ეგ შენი „აბა, რა გითხრათ“ წინანდელი „ნუთუსაგან“ არაფრით განსხვდება! თითქოს გინდა მიმახვედრო, რომ არც ჩემი გეგმისა გწამს და საერთოდ, არც შენი ახალგაზრდა ბატონის ინდუქციურ მეთოდს იწონებ…

- არავითარ შემთხვევაში, სერ.

- და მაინც, რა გაფიქრებინებს, რომ გეგმა გამიცუდდება?

- ვშიშობ, სერ, ქ-ნი ანჯელა იფიქრებს, რომ მისტერ გლოსოპს ყაბზობა სჭირს.

სიმართლე ითქვას, ეს შესაძლებლობა ნაღდად არ გამითვალისწინებია, მაგრამ იქვე გადავწყვიტე, ჯივზს, უბრალოდ, ჩემი საზრიანობისა შურს-მეთქი და ათიანის ტუზით გაჭრა დავუპირე:

- ვნახოთ, ჯივზ, ვნახოთ… ახლა კი ის ჩემი თეთრი საკლუბო სმოკინგი მიბოძე! ერთი განახათ, რა სახე გაუხდა! მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა და მეუბნება:

- ეს ერთი უნდა მაპატიოთ, სერ! სიჩქარეში სწორედ და მაინცდამაინც იმ სმოკინგის ჩადება არ დამვიწყებია?

მთელი დღე ველოდი ამ წამს და აი, ჩემი შურისგების ზარმაც ჩამოკრა!

- ვიცი, ჯივზ, ვიცი. ოღონდ ეგაა, რომ მე არ მავიწყდება არაფერი! მოზრდილი შეკვრა დავტოვე ჰოლში, თუ არ გაგიჭირდება, იქნებ ამომიტანო?

მერწმუნეთ, ამგვარი დარტყმა ჯივზისთანა გამოჯეკილი ლაქიისთვისაც კი არ იქნებოდა ადვილი გადასატანი, მაგრამ რად გინდა - წარბიც კი არ შეტოკებია სახეზე!

- ახლავე, სერ.

ათიოდე წუთის მერე, მშვენიერ გუნება-განწყობაზე მყოფი და ქათქათა სმოკინგში გამოწყობილი, სასტუმრო ოთახში ჩავედი. დეიდა დალია დივანზე წამოწოლილიყო, გაზეთით ხელში. ჩემს დანახვაზე რატომღაც შუბლი შეიჭმუხნა და ეჭვით ამათვალ-ჩამათვალიერა.

- რაო, დეიდაჩემო, დავიჯერო ეს ჩემი ჩაცმულობა თქვენც გეხამუშებათ?

- „მეხამუშება“ ცოტა მსუბუქი ნათქვამია… რაიმე წარმოდგენის გამართვას აპირებ სტუმრების გასართობად?

 - რა, მართლა არ მოგწონთ?

- არა.

- მაინც რას უწუნებთ?

- ყველაფერს.

- კანში ამაზე სიტყვაც არ დაგცდენიათ…

- ახლა ინგლისში ვართ და არა საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე!

- კი, მაგრამ, დეიდაჩემო…

- კარგი ერთი, ბერტი! თუ ჩემი სტუმრების გართობა გადაგიწყვეტია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო და საერთოდ, ყველაფერ ამას ახლა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს!

მართალი გითხრათ, გული მომიკვდა: ისედაც ვერ ვიტან ხოლმე, როცა ვინმეს შუბლზე აწერია - „გულამღვრეული, სიკვდილისგან მოველი შვებას…“ და ახლა კიდე, ჯივზზე გამარჯვებით ფრთაშესხმულს, მსურდა ჩემ გარშემო ყველა აღმატებულ ხასიათზე ყოფილიყო.

- სევდას უარი, დეიდაჩემო! - ვუბნები.

- მომწყდი თავიდან მაგ შენი ლოზუნგებით!

- ბიძია თომას თუ დაელაპარაკე?

- არა, მთელი დღეა, თვითონ მოთქვამს, გაუთავებლად…

- ისევ გადასახადების თაობაზე?

- მაშ! გაიძახის - ადამის მოდგმა ცეცხლოვან გეჰენიაში დაინთქმება და უკვე ყველა მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე კაცსა თუ ქალს შეუძლია კედელზე წარწერების წაკითხვაო…

- სადა, სადაო?!

- ძველი აღთქმიდანაა, შე უწიგნურო შენა! ბალთაზარის ნადიმი…

- ჰოო… მძიმე ამბავია.

- ახლა კიდე კანში წაგებულ ფულზე რომ ჩამოვუგდო სიტყვა, სულ გადამერევა! მარტო ეგ თუ იყო საქმე, მაგას მოევლებოდა - უკვე მივხვდი, რომ დეიდაჩემი ერთ

შეცდომას სჩადიოდა: არავითარი საჭიროება არ იყო, მოხუცისთვის ყველაფერი ეამბნა და ათასი ამგვარი სისულელით გაენერვიულებინა.

 - მისმინეთ, რა საჭიროა ასე გულის გადაშლა? განა როდისმე უარი უთქვამს ჟურნალის დაფინანსებაზე? ახლაც, უბრალოდ, იგივე თანხა სთხოვეთ და დარწმუნებული ვარ, წარბსაც არ შეიხრის.

- უკვე ვთხოვე. ზედ კანში გამგზავრების წინ.

- მერე, უარი გითხრათ?

- რა თქმა უნდა, არა! ნაღდი ჯენტლმენია, ფულზე არასოდეს მედავებოდა. სწორედ ეგ ფული მივაფშვენი კანში.

- აჰ-ა-ა… არ ვიცოდი.

- ცოდნა-განათლების მხრივ  ყოველთვის  მოიკოჭლებდი,  ბერტი. ნათესაურმა სიყვარულმა მაიძულა, ამ ყოვლად უადგილო შენიშვნაზე აღარ

გამემახვილებინა ყურადღება. თანაც ეს ამბავი სულ უფრო და უფრო ნაკლებ მომწონდა: დეიდაჩემისთვის „ლამაზმანის ბუდუარი“ ბევრად მეტი იყო, ვიდრე რაღაც აჩემება, ბიძაჩემი კი ერთ პენის დამდები არ იყო, თუკი საქმის ნამდვილ ვითარებას შეიტყობდა…

როგორც ეს საერთოდ მჩვევია ხოლმე, გამოსავალი სრულიად მოულოდნელად ვიპოვე და თან, როგორც ყოველთვის, გენიალურობამდე მარტივი: დეიდაჩემი, უბრალოდ, სხვა ჩემს კლიენტთა რიგში უნდა ჩამეყენებინა! ანუ - ბენტერა გლოსოპი უარს ამბობს ჭამაზე, რათა ანჯელას გული მოინადიროს; პრანჭიკა ფინკ-ნოთლი - მის ბასეტზე შთაბეჭდილების მოსახდენად; დეიდა დალია კი ზუსტად იმავეს მოიმოქმედებდა საკუთარი მეუღლის გულის მოსალბობად! გეგმის მთელი დახვეწილობა და სისადავეც სწორედ ის გახლდათ, რომ მონაწილეთა რაოდენობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა - რაც მეტი, მით უკეთესი! უნივერსალური რეცეპტი დამიდვია, შეიძლება ითქვას…

- მოკლედ, საშველი ერთია: არ ჭამო არაფერი!

უცნაურად შემომხედა, საწყალობლად და არ ვიცი, თითქოს მომეჩვენა კიდეც, ეული ცრემლიც კი აუკიაფდა თვალში.

- კარგი რა, ბერტი… იქნებ ამ ერთხელ მაინც დამდო პატივი და სისულელეების როშვას თავი ანებო? ჩემი ხათრით მაინც…

გამახსენდა, ყველაფერი გენიალური მარტივიაო, მაგრამ ყველაფერი მარტივად გამოთქმული სრულიადაც არ მოისმის ხოლმე გენიალურად…

- მისმინეთ, დეიდაჩემო! იმის თქმა მინდა, საღამოს ვახშმად რომ დავსხდებით, ყველამ უნდა დაინახოს - უმადოდა ხარ და უგუნებოდ… ბიძია თომა ცხადია, გკითხავთ: „დალია, ძვირფასო, თავს როგორ გრძნობ?“ თქვენ კიდე უპასუხებთ:

„რას ამბობ, საყვარელო, მუდამ ისეთი ყურადღებიანი ხარ…“ „ჩემო კარგო,“ - გეტყვით ის და… და აქ დეიდაჩემს მოთმინების ძაფი გაუწყდა:

 - შენ რა, სერიალების გმირებად გამოგყავართ ტრეივერსები?! მოკლედ თქვი, თუკი სათქმელი გაქვს რამე!

შესაფერისი პაუზის მერე ვითომც არაფერიო, ჩემი გავაგრძელე:

- …და როგორც სჩვევია ხოლმე, მხარზე დაგადებთ ხელს: „შემიძლია, რამით დაგეხმარო?“ აი, სწორედ აქ გაებმება მახეში! თვალის დახამხამებაში გამოგიწერთ ჩეკს…

რაც თავი მახსოვს, დეიდაჩემმა პირველად შემომხედა რაღაც ისე, თითქოსდა პატივისცემით.

- რას გეტყვი, იცი? მგონი, ახლა კი მართლა გაარტყი ათიანში!

- თქვენა გგონიათ, მარტო ჯივზს აქვს ტვინი თავში?

- მართალი თქვი, ჯივზი ამ გეგმასთან არაფერ შუაშია?

- არც შუაში, არც თავში და არც ბოლოში! სულაც ახლა გაიგო, რომ ბენტერასა და პრანჭიკასაც ზუსტად იმავეს გაკეთება ვურჩიე….

- უყურე შენ! დრო ტყუილად არ დაგიკარგავს… არც მთლად ისეთი ქარაფშუტა ყოფილხარ, როგორიც მეგონე.

- ეგ როდის გეგონეთ, დეიდაჩემო?

- რა მახსოვს, დიდი ხანია.

ვარჩიე, საუბარი ამით დამესრულებინა და სასადილოდ გავწიეთ.

 

თავი 10

 

ბრინკლი-ქოურთში განვითარებულ ბოლო მოვლენების შედეგებს თუ ჩავუკვირდებით (გაბზარული გულები, ტანჯული სულები და ა. შ.), სუფრაზე მაინცდამაინც დიდ სიმხიარულეს არ უნდა ველოდე-მეთქი, ვიფიქრე და არც შევმცდარვარ - ვინმე უცხოს სულაც შეიძლებოდა ჰგონებოდა, ეშმას ვესტუმრე ქრისტეშობაზეო…

დეიდა დალიას საერთოდ გადავიწყებოდა დიასახლისის მოვალეობები და ყოვლად უჟმური სახით, ჯერი-ჯერზე ამბობდა უარს ანატოლის შედევრებზე (ადვილი წარმოსადგენია, რა სულიერ ტანჯვად უჯდებოდა ამგვარი იძულებითი მარხვა!); ორმოცდაათი ფუნტით დაზარალებული და სახელმწიფოზე გულისგულამდე განაწყენებული ბიძაჩემი, ისედაც რომ სულ დაღვრემილ პტეროდაქტილს ვამსგავსებდი, ახლა მთლად ფრთებჩამოყრილი იჯდა და დანა პირს არ უხსნიდა;

თვალებზე ლიბრგადაკრული მედლინ ბასეტი შავი პურის ნამცეცებს ასორსოლავებდა; ანჯელა ქვისაგან ნაქანდაკარს გავდა; ბენტერა იმ სიკვდილმისჯილს მოგაგონებდათ, უკანასკნელ სურვილზე რომ უთხრეს უარი… რაც შეეხება გას ფინკ-ნოთლს, ყველაზე გამოჯეკილ მეკუბოვესაც კი შეიყვანდა შეცდომაში და აფიქრებინებდა, ეს პატიოსანი გვამი ან ახლავე უნდა დაიმარხოს, ან ბალზამირება მაინც გაუკეთდეს საჩქაროდო!

გეუბნებით მე თქვენ, გადამრევს ეს ხალხი: თავად არ იძახდა, ბუნების წიაღში, უსიერი ტყისა და მინდორ-ველების შემხედვარე, კურდღელი ლომად გადავიქცევიო?! არაფერი მსგავსი - რაც იყო, იგივე დარჩა: იჯდა თავისთვის გაბუსუნებული და ხმას არ იღებდა. ერთი კარგი მოცხება არ აწყენდა, მაგრამ ავდექით თუ არა, დეიდა დალიამ ბანქოს სათამაშოდ დამსვა… მხოლოდ მას მერე, როცა მოახსენეს, შეფ-მზარეული გთხოვთ თავისთანო, ვიხელთე დრო და მის საძებნელად გავემართე.

ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, ბოლობოლო, ვარდნართან აღმოვაჩინე - იდგა მარტოდმარტო და ყვითელი ჩინური ვარდების სურნელს იყნოსავდა, საცოდავი.

- გასს გაუმარჯოს!

ცხადია, ისე მივესალმე, როგორც ძველ კარგ მეგობარს შეშვენის და სახტად დავრჩი, საპასუხოდ მხოლოდ მრუმე გამოხედვა და მხრების აჩეჩვა რომ მივიღე… ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სულაც არ გახარებია ჩემი დანახვა.

- გაგიმარჯოს, თუ გინდა.

ესეც ისე მითხრა, თითქოს ვალი მქონოდეს მისი ან ვახში! რა ბზიკმა გიკბინა- მეთქი, - ვეკითხები.

- ვითომც აზრზე არ იყოს! ეს რაღაც უბედური ჯილდოების გადაცემა შემატოვე და თავად კი მოცოცხე, არა? ეგაა შენი მეგობრობა?!

მართალი გითხრათ, ამ დავიდარაბაში ეგ ამბავი სულ გადამვარდნოდა გულიდან, მაგრამ ბერტრამ ვუსტერისთვის ამგვარი მოულოდნელობები რა მოულოდნელობებია - თუკი მიმიხვდით, რის თქმაც მსურს… ამიტომაც ნირი არ შემიცვლია და ღირსების სრული შეგრძნებით აღსავსემ მივუგე:

- კი, მაგრამ, ჩემო კარგო, ჯილდოების გადაცემა სწორედაც რომ ჩემეული გეგმის უცილობელი ნაწილია და მიკვირს, ახლა რომ შენთვის მჭირდება ამის ახსნა!

რაღაც გაურკვეველი ჩაიბურდღუნა ჩემზე და ჩემი გეგმების თაობაზე.

- რა ბრძანეთ? მოცოცხეო… ეს რა მესმის?! ნუთუ წამით მაინც  გაგიელვა ეჭვმა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა შენ გადმოგაბარე?! არადა, მართლა ასეა - ვიფიქრე, ამაზე თავგამოსაჩენი რაღა უნდა გავუიმასქნო-მეთქი! რა, არ გიხარია?

ამაზე რაღაც ისეთი მომაძახა ჩემ მიერ ხალხის განხარების თაობაზე, პირკატა მეცა - ვერც კი წარმომედგინა, ბ-ნი ოგასტუს ფინკ-ნოთლის ლექსიკონში ამისთანა სიტყვებიც თუ მოიძებნებოდა! თუმცა მიყრუებულ დაბაში რომ გამოიკეტები კაცი და ერთთავად სოფლის მღვდელთან, ექიმთან თუ რძის დამტარებელთან გაქვს ურთიერთობა, აღარაფერია გასაკვირი - მაგათგან რას არ გაიგონებ ქალაქში გაზრდილი კაცი…

- დაიცა, რა ამბავში ხარ?! რა, მართლა არ გესმის, როგორ გაგიღიმა ბედმა? ახლა შენი აქციები ცამდე აიწევს, აგერ ნახავ თუ არა! წარმოიდგინე: დგახარ სცენაზე, ასი თვალი მოგჩერებია და შენ კი ვითომც აქ არაფერიო - გოგონებს უღიმი, საჩუქრებს ურიგებ, მშობლებს ხელს ართმევ… მედლინ ბასეტს განა ასეთი უნახიხარ სადმე? წამსვე მოიხიბლება!

- ასე გგონია?

- მგონია რას მიქვია! ის ჯერ მხოლოდ ტრიტონების მეგობარ და ძაღლის თათებიდან ხიჭვების უებარ გამომძრობს გიცნობს, სეფესიტყვების წარმომთქმელი და ბავშვების დამლოცველი ოგასტუს ფინკ-ნოთლი კი მისთვის სრულიად ახალი ხილი იქნება! მერწმუნე, ქალები ჭკუას კარგავენ საზოგადო მოღვაწეებზე!

ჩემმა ტირადამ სათანადო შედეგი გამოიღო: საბრალოს თვალში სხივი ჩაუდგა და თითქოს კიდეც გამიღიმასავით.

- დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ბავშვები კვერცხებს არ დამიშენენ?

- გაგიჟდი?! შარშან არ იყო, მე რომ მომიწია საშობაოდ სკოლაში სიტყვის წარმოთქმა და რას ამბობ - ჩემზე ლოცულობდა ყველა!

ამოიოხრა. ღრმად.

- კარგი აბა, ვცდი… ის დაშიფრული დეპეშა რაღა იყო? აი, სოსისებისა და ლორის თაობაზე.

 - არავითარი შიფრი, სიტყვასიტყვით უნდა გაგეგო და შეგესრულებინა ყველაფერი!

მწარედ ჩაეცინა.

- ახლა გასაგებია... არა უშავს, მაინც ლუკმა მეჩხირებოდა ყელში.

- შევამჩნიე, სადილობისას კბილი არაფრისთვის გაგიკრავს. ეგრე გააგრძელე.

- რა

გავაგრძელო? მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ შავ პურსა და წყალზე გავატარო, მაინც ვერასოდეს ავუხსნი…

- კარგი რა! ნახე რა რომანტიკულია აქაურობა - ფოთლების შრიალი გინდა, მზის ჩასვლა…

- არაფერი გამოვა. ისეთი შორეულია, ისეთი მიუწვდომელი…

- ვინა, მედლინ ბასეტი?! მოგცლია ერთი!

- ეგრეა. განსაკუთრებით, გვერდიდან თუ შეხედავ. როდისმე დაკვირვებიხარ მის პროფილს? მედალიონზე გამოკვეთილს გავს… გული მეკუმშება ხოლმე.

- ა-რა-ა…

- მერწმუნე, ეგრეა. ვუცქერი და ენა მებმება.

ერთი პირობა ისიც კი გავიფიქრე, ამისთანა კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებს- მეთქი, და მორიგი გასხივოსნება დამემართა:

- დაიცა, გას, მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ! წინასწარი არტმომზადებაა საჭირო.

- როგორი მომზადება?

- საარტილერიო. ასე ვთქვათ, ობიექტი უნდა დავამუშაოთ.

- რა უნდა ვქნათო?!

- მოკლედ, მე ახლა სახლში მივბრუნდები, მედლინს ჩავავლებ ხელს და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გამოვიყვან; მერე გატეხილ გულებსა და დამსხვრეულ იმედებზე ჩამოვუგდებ სიტყვას და იმასაც ჩავაწვეთებ ყურში, ერთი ამისთანა დამტვრეულ-დამსხვრეული აქვე, შორიახლო დაბორიალობს-მეთქი. სულ წვრილად ავუწერ შენს სულიერ-ხორციელ ტანჯვას და ა. შ. დარწმუნებული ვარ, სანთელივით დადნება. სადღაც ოციოდე წუთში შენც უნდა გამოჩნდე, მწუხარე სახის რაინდის გამომეტყველებით და ბერტრამ ვუსტერი არ ვიყო, წამსვე კისერზე თუ არ ჩამოგეკიდოს!

მახსოვს, სკოლაში პიგმა-ვიღაცის პოემას გვაზუთხინებდნენ - ერთი ქანდაქარი ყოფილა, თავისი ოცნების ქალი გამოაქანდაკა და უცბად ხელებში არ გაუცოცხლდა? მერე საწყალს, ალბათ, მთელი ცხოვრება ავი სიზმრები არ ასვენებდა! ოღონდ ახლა ეს იმიტომ გამახსენდა, იქ ერთი ამგვარი აბურდული სტროფიც იყო:

სუნთქვა, მზერა, მშვიდი ძრაობა - ცივი ქანდაკი იქცა რაობად… თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, გასი ახლა სწორედ იმ ქანდაკებას მოგაგონებდათ: შუბლი გაეხსნა, თვალებში სხივი ჩაუდა, მხრებში გაიშალა.

- დაიცა, შენ რა გინდა, ასე ვთქვათ, ბილიკი გამიკვალო?

- ზედა ხარ! მე ნიადაგს გავაფხვიერებ, შენ კი მიდი და თესე!

- მართლა მაგარი ხარ, ბერტი! თვითონ მოიფიქრე?

მეთქი ახლა ამას ერთი კარგი რო გავულაწუნო ჟანგიან ყბაში… თავი შევიკავე.

- ოღონდ შენც თუ არ გამოიდე თავი, მარტო მე რას გავხდები… ენა აიქაფე და ხელის მოხვევაც არ დაგავიწყდეს - უმაგისოდ არაფერი გამოვა!

- და რაზე ველაპარაკო?

ხელის ჩაქნევას არაფერი მიკლდა, მაგრამ თავს შევახსენე - აკი შენი ყოფილი თანაკლასელია და ჩვენთვის, ბრიტანელებისთვის, ეგეც რაღაცას ხომ ნიშნავს- მეთქი.

- ღმერთო მაღალო! გას, ამწუთას არ დაგიღეჭე ყველაფერი? შეყვარებულისათვის თემას რა მნიშვნელობა აქვს? აი, ვთქვათ, ჩამავალ მზეზე ჩამოუგდე სიტყვა…

- გინდა თქვა, მზის ჩასვლაზე?

- დი-ი-ახ, დი-ი-ახ, სწორედ მაგაზე! ჩემი ნაცნობების ნახევარი ეგრე გათხოვდა თუ დაოჯახდა - საკმარისი იყო…

- დაიცა, რა ვუთხრა, მზე რომ ჩადის, ნუ გეშინია, ხვალ ისევ ამოვა-მეთქი?

- ვაი ჩემს თავს… აი მაგალითად, ამას წინათ ჯივზი ჩემს ძაღლს ასეირნებდა სანაპიროზე, მეც შემთხვევით ერთი ძაან მნიშვნელოვანი შეხვედრიდან სწორედ მაგ გზით ვბრუნდებოდი სახლში, ერთად გავუყევით მდინარის პირს და უცებ, იცი, რა მითხრა? გარემო ქრება, ოდეს მეწამული ფერის მნათობი ეფარება თვალს… შეგიძლია გამოიყენო.

- როგორი ფერისო?

- მეწამული. მ-ე-წ-ა-მ-უ-ლ-ი…

 - გავიგე, გავიგე… მეწამული ფერის, თვალს ეფარება… კარგია, ხო იცი!

- მერე ესეც უთხარი: ხანდახან მგონია, ვარსკვლავები ღვთის ხელით დაწნული ყვავილების გვირგვინია-თქო!

- რაღაც არ მგონია…

- იმედი მაქ. და არც მე მგონია, მაგრამ ახლა ასეა საჭირო! მთავარი ისაა, რომ იმას გონია ასე! წამსვე მიხვდება, რომ სულიერი სიახლოვე გაკავშირებთ…

- ე-ე… როგორ? ღვთის ხელით დაწნული?

- სწორედ ეგრე და არა სხვანაირად. მერე ისიც მოახსენე, რომ მიმწუხრისას სევდა გერევა. ვიცი, ვიცი, ვერავითარი სევდა შენ ვერ მოგერევა, მაგრამ როცა ამას ეტყვი, უნდა მოგერიოს და - მორჩა!

- რატო?

- იმიტო. სწორედ მაგას გკითხავს და მზად უნდა იყო: აუხსენი, რომ შენი ხვედრი ეულად ყოფნაა; მოუყევი, სიმარტოვეში რომ ატარებ უხალისო საღამოებს, ანდა ადგილს რომ ვერ პოულობ და მწუხარე სახით, გულდამძიმებული, ლინკოლნშირის სანახებში დაბორიალობ…

- საერთოდ, ბუხართან მიყვარს ხოლმე ჯდომა და რადიოს ვუსმენ, თუკი ჩემი ტრიტონები…

- არავითარი ტრიტონები! ტორფის მინდვრებში დააბოტებ და იმ ერთადერთ სიყვარულზე ოცნებობ! მერე გაიხსენე, როგორ შემოვიდა ის შენს ცხოვრებაში…

- ზღაპრების წიგნიდან გადმოსული მეფის ასულივით…

- კარგია! - მართალი გითხრათ, სულაც არ ველოდი მისგან ამისთანა პოეტურობას. - ზღაპრების წიგნიდან გადმოსული… ზედგამოჭრილია!

- და მერე?

- მერე კი არა, მანამდე ერთი-ორი სირჩის გადაკვრაც არ გაწყენდა.

- არ ვეტანები.

- მერე ვინ გეუბნება, დაეწაფეო?! უბრალოდ, ერთი-ორი…

- საერთოდ არ ვსვამ. ცხოვრებაში არასოდეს დამილევია.

მართალი გითხრათ, ამან ცოტა კი შემაჩქვიფა: რამდენადაც ვიცი, ყველა დიდი ავტორიტეტი თანხმდება, რომ სიყვარულის ასახსნელად ერთი სირჩის გადაკვრა, უბრალოდ, აუცილებელიც კია! თუმცა ამ მხრივ ვინმეს ცხოვრების წესის შეცვლა ჩემს მოვალეობაში სულაც არ შედიოდა.

- არა და ნუ! მაშინ ლიმონათი დალიე.

- ფორთოხლის წვენი მირჩევნია.

- აგაშენა ღმერთმა! შევთანხმდით. მაშ ასე, გავიმეოროთ: ვარსკვლავები…

- ღვთის ხელით დაწნული ყვავილებია.

- მწუხრის ჟამს…

- სევდა მეძალება.

- ხვედრი შენი…

- ეულად ყოფნაა.

- როგორ შემოიჭრა ის შენს ცხოვრებაშიო?

- ზღაპრების წიგნიდან გადმოსული მეფის ასულივით.

- და სწორედ აქ ხელს მოხვევ, ეტყვი, მიყვარხარო და… მერე შენ იცი!

მოკლედ, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ გასი სცენარს აღარ გადაუხვევდა, სახლში მივბრუნდი.

 

თავი 11

 

გამოგიტყდებით, სასტუმრო ოთახში მედლინ ბასეტის დანახვაზე ტანში გამცრა - ახლა ამ ბატისტვინა გოგოსთან უნდა მელაქლაქა 10-15 წუთი და კიდე საღ ჭკუაზეც დავრჩენილიყავი! არადა, კანში ყოფნისას რამდენჯერ მინატრია, ნეტა ვისიმე მანქანა დაეჯახებოდეს და ჩემგან სადმე შორს მოისვრიდეს ამ თოჯინას- მეთქი!

მოკლედ, მის ბასეტი საინტერესო მოსაუბრის ხატებად ნაღდად არ მესახებოდა. მაგრამ რას იზამ, ჯერ არც ერთ ვუსტერს არასოდეს დაუხევია უკან და მიცემული სიტყვა არ გაუტეხავს.

ბაღში გასეირნება რომ შევთავაზე, ცოტათი კი გაიკვირვა, მაგრამ უარი არ უთქვამს.

- საოცარი საღამოა, - ამოვღერღე.

- ნამდვილად გასაოცარი! - ულაპარაკოდ დამეთანხმა.

- თითქმის ისეთივე, როგორიც კანში იდგა ხოლმე!

- ნამდვილად.

- ნამდვილად.

- კი, ნამდვილად.

ფრანგული რივიერასა და შუა ინგლისის დაბლობის ამინდთა შედარებით ანალიზს რომ მოვრჩით, საუბრის სადავეები ახლა მედლინმა აიღო ხელში და გარემო ბუნების მშვენიერებათა განსიტყვებას მოჰყვა, მე კიდე მხოლოდ შიგადაშიგ თუ ვუქნევდი თავს და იმას ვფიქრობდი, როგორ გადამეტანა საუბარი საჭირო თემაზე.

არა, ბედი არ გინდა? ეს რომ ვინმე ჩვეულებრივი გოგო ყოფილიყო, უბრალოდ ვეტყოდი: „გას ფინკ-ნოთლს თუ იცნობ?“ მეტყოდა - კიო, მე კიდე ვეტყოდი:

„თავფეხიანად შეყვარებულია!“ ის კიდე - ვაიმე, ვისზე? მე კიდე: „შენზე, რა თქმა უნდა!“ ის კიდე ან გადაბჟირდებოდა სიცილით, ან ისე, ვითომდა გულსგარეთ ჩამეძიებოდა - იგონებ რაღაცას! აბა ერთი, მომიყევი…

მოკლედ, წუთში გავარკვევდი ყველაფერს. ახლა რა გინდა, რომ ქნა? მზის დისკო ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა ცისკიდურს, გარშემო სულ მეტი და მეტი ჩრდილი ედებოდა ყველაფერს, ვარსკვლავებიც მატულობდა ცაზე და ღამურები იწყებდნენ აქეთ-იქით ფრენას… მთელი დღის უქმად დამხარჯავი თეთრი ყვავილები ახლა დაუნანებლად აფრქვევდნენ სურნელს და ეს ყველაფერი მედლინზე ისე მოქმედებდა, როგორც მწიკვი ჰეროინი - ნარკომანზე: თვალები ჭყიტა, ტუჩები ყურებამდე გაეხა და სახეზეც ისეთი გამომეტყველება დაედო, თითქოს ესაა და სულ გაბავშვდებაო… მოკლედ, აშკარად რაღაცის მოლოდინში იყო.

 ამგვარ ვითარებაში, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი საუბარი მთლად ჩაკვდა. საზოგადოდ, ენა მუდამ მუცელში მივარდება ხოლმე, როცა ოხვრა, ხვნეშა და რაიმე გულში ჩამწვდომის  თქმაა  საჭირო. 

სხვათა  შორის,  „საქმის  კაცშიც“ ხშირად გამიგია იგივე ჩივილი: აი მაგალითად, ამას წინებზე თვით პონგო ტვისტლთონი გვიამბობდა: ვენეციაში, მთვარიან ღამით, მთელი სამი საათი დავსეირნობდი მავან გოგონასთან ერთად და სულ ერთადერთხელ გავაღე პირი, მოვუყევი, რომ ვიღაც ჩამოსული ბიჭი თურმე ისე კარგად ცურავდა, სთხოვეს, დარჩენილიყო და არხების პოლიციაში ემსახურა… მოკლედ, ბოლოს იმ გოგონამ აზრი გამოთქვა, აცივდა და იქნებ უკან, სასტუმროში დამაბრუნოთო.

ასე რომ, ახლა ხმისამოუღებლად მივაბიჯებდი ბილიკზე და მედლინიც, გაგიკვირდებათ და, პირს არ აღებდა… გასს კი დავპირდი, მხოლოდ დაკოდილ გულებზე დავუწყებ ლაპარაკს-მეთქი, მაგრამ ამისათვის ხელმოსაჭიდი არაფერი ჩანდა. ის კი არა, ტბორს რომ მივუახლოვდით, ისევ მოხსნა გუდას პირი და ერთთავად სულ ვარსკვლავებზე ალაპარაკდა.

- ნახეთ, ნახეთ, რა მომხიბვლელია! - წამოიძახა უცებ. აი, ამას კი ნამდვილად ვერ წაართმევდი: ჯერ კიდევ კანში ყოფნისას მივხვდი, რომ ხიბლს ის ყველაფერში ხედავდა, რასაც კი დაადგამდა თვალს - იქნებოდა ეს ბენზინგასამართი სადგური, აბრა პროვანსულ ენაზე, მზის სათვალეების გამყიდველი, ვიღაც მსახიობის პეკინეზი, მზის ჩასვლა, მზის ამოსვლა, ლურჯი ზღვა თუ ნიუ-იორკის ყოფილი მერის ვარსკვლავზოლებიანი საცურაო ნიფხავი… - იმ ეულ ვარსკვლავს ხედავთ? ისეთი პატარაა, ისეთი ნაზი…

თავი უკან გადავწიე და მალევე აღმოვაჩინე მისი აღტაცების საგანი - მე თუ მკითხავთ, რაღაც ქედმაღლურად ციმციმებდა სხვა თანამოძმეთა გვერდით…

- ვხედავ, რაღა თქმა უნდა.

- როგორ ფიქრობთ, მართლა ასეთი მარტოსულია?

- ე-ე… არა მგონია.

- ალბათ ციურმა ფერიამ თუ დაღვარა ცრემლი…

- რა ბრძანეთ?!

- განა არ გაგიგიათ? ამბობენ, ცის ფერია რომ ცრემლს გადმოაგდებს, ის მერე ირმის ნახტომს უერთდება ეულ ვარსკვლავადო… ამაზე არასოდეს გიფიქრიათ, მისტერ ვუსტერ?

ცხადია, სიმართლეს ვერაფრით გავუმხელდი… თან თუკი, მისივე თქმით, ვარსკვლავები ღვთის ხელითგან დაწნული გვირგვინი იყო, ეს ციური ფერია საიდანღა გამოეკვეტა? მოკლედ, თავი ბოლოს ვერ ებმოდა. და უცებ თითქოს გონება გამინათდა: რა თავს ვიმტრევდი, საჭირო თემაზე როგორ გამება საუბარი - ისედაც მძივზე აცმულივით ეწყობოდა ყველაფერი!

- რაც შეეხება ცრემლებს… ყურიც არ გაუპარტყუნებია, წამსვე იქვე მდელოზე მოხტუნავე ბაჭიებზე გადაიტანა ყურადღება:

- ნახეთ, ნახეთ, რა საყვარლები არიან!

- განსაკუთრებით კი - სიყვარულის ცრემლებს…

- ისე მიყვარს საღამოობით სეირნობა, ვერ წარმოიდგენთ! რა სიჩუმეა ირგვლივ, რა

სიმყუდროვე! მზე დასაძინებლად წვება, ბაჭიები ბალახის მოსაციცქნად გამორბიან გარეთ… იცით, პატარა რომ ვიყავი, სულ მეგონა, ბაჭიები იგივე პაწია ქონდრისკაცებია, და სუნთქვას თუ შევიკავებ, ზღაპრულ ფერიასაც დავინახავ- მეთქი!

ცხადი იყო, რომ საბრალოს ჯერ კიდევ ბავშვობაში დაერტყა რაღაცისთვის თავი და მას მერე ფერიებზე დაციკლულიყო, მაგრამ ასე იოლად ვერავინ გადამაცდენდა დასახული გზიდან:

- …ესეგვარი ცრემლები კი გაბზარული გულის შედეგი უნდა იყოს, ასე მგონია. ერთი ასეთი ახლაც დაიარება აქ, ბრინკლი-ქოურთში.

როგორც იქნა, რაღაც მაინც შევიდა მის ლამაზ თავში. ყოველ შემთხვევაში, ბაჭიებისთვის თვალყურის დევნებას მაინც შეეშვა, სახიდანაც ის დატკბილული გამომეტყველება გაუქრა და ერთი ღრმად ამოიქშინა - აი, რეზინის სათამაშო იხვს რომ მოუჭერ ორივე ხელს და მერე უცბად გაუშვებ ხოლმე, სწორედ ისეთი ხმა ამოუშვა.

- ღმერთო, რა დაუნდობელია ცხოვრება!

- მეც მანდ არა ვარ?! განსაკუთრებით კი - სწორედ იმ ცალკე აღებული გაბზარული გულისთვის!

- არადა, რა ხალისიანი ვინმე იყო, როგორ უბრწყინავდა ხოლმე თვალები! ზვიგენზე ერთი რაღაც გადაბრუნებული სიტყვის გამო ასე ტრაგიკულად შეტრიალდეს ყველაფერი! ახლა სიყვარული ჩაქრა, მისტერ გლოსოპი კი…

- დაიცა, ანჯელა არ მიგულისხმია!

- აბა, ვინ? მისტერ გლოსოპი გყავდათ მხედველობაში?

- არა, არც ის. მე…

- ესე იგი, მისის ტრეივერსი?

ღმერთმანი, ვუსტერების მოთმინებასაც აქვს საზღვარი! მთელ ფუნტ სტერლინგს არ დავიშურებდი, ამ ტუტრუცანასთვის ერთი კარგი გალაწუნების საშუალება რომ მოეცა ჩემთვის მამაზეციერს!

 - კარგი ახლა, ნუთუ მართლა ვერ ხვდებით, ვისზე ვლაპარაკობ?

- აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო… მისტერ ვუსტერ, თქვენ…

- დაიცათ, ერთი ნახვით შეყვარებისა თუ გჯერათ?

- რა თქმა უნდა! აი თუნდაც…

- ზუსტად ეგ დაემართა ერთ ჩვენს საერთო ნაცნობს! და დადის ასე, გულგაბზარული…

უნდა გითხრათ, რაღაც საეჭვო სიჩუმე ჩამოვარდა. მედლინი ახლა ტბორის პირას მოცურავე იხვს აკვირდებოდა, რომელიც წარამარა ნისკარტს ყოფდა წყალში და რაღაც წყალმცენარეებს კორტნიდა. დიდი ვერაფერი საკვებია, მე თუ მკითხავთ - გინდა ეგენი გიჭამია და გინდა ისპანახი. თუმცა ხომ ჭამს ხალხი ისპანახს? უცბად, იხვს რაღაც მოეჩვენა და ფართხაფურთხით აფრინდა ჰაერში.

- ვაიმე, მისტერ ვუსტერ! - პათეტიკურად შესძახა მედლინმა. - როგორ ვიფიქრებდი…

აჰა, როგორც იქნა-მეთქი, გამიელვა თავში; დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა- მეთქი და მოვხსენი გუდას პირი:

- უფრო სწორად, კი არ დადის, დაბოდიალობს! მადა დაეკარგა, ძილი გაუკრთა, მხოლოდ თქვენზე ფიქრობს… მთავარი უბედურება კიდე ისაა, რომ ვერაფრით გაუმხელია, ასე ვთქვათ, გატეხილი გულის ნადები! თურმე თქვენი პროფილის ბრალი ყოფილა ყველაფერი - საკმარისია გვერდიდან შემოგხედოთ და მუნჯდება! სასაცილო იქნებოდა, სატირალი არ იყოს…

ღმერთმანი, ამოისლუკუნა. მერე ისეთი სახით შემომხედა, წამსვე ცხვირსახოცი შევთავაზე, მაგრამ უარზე დადგა, არაფერი მიჭირსო.

იმის არ ვიცი და მე კი გავიღვარე ოფლად: არ ვიცი, რატომ, მაგრამ როგორც კი ამგვარ მგრძნობიარე რამეებზე მიხდება ლაპარაკი, წამსვე ოფლი მასხამს ხოლმე. მახსოვს, დეიდაჩემ აგათასთან ვიყავი სტუმრად ჰერფორდშირში და იქ თეატრალური წარმოდგენა გაიმართა საქველმოქმედო მიზნით. თუ არ მეშლება(15),  მეფე ედუარდ  რომელიღაცის როლი მარგუნეს სათამაშოდ შექსპირის პიესიდან, იქ კიდე ერთი სცენა იყო - მეფე თავის გულის ვარდ როზამუნდს ეთხოვება და იმისთანა დიალოგი მიდის, თქვენს მტერს (იმ ეპოქაში ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და ხალხი იმას ამბობდა ხოლმე, რასაც გულისხმობდა), ჰოდა ბოლოს მთლად გასაწური გავხდი!

კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვგრძნობდი თავს უკეთესად. ჩემმა ვიზავიმ კი ერთი ამოისლოკინა, მერე პირიც გააღო - აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა და ისიც კი ვიფიქრე, ახლა მაინც მეშველა-მეთქი, მაგრამ…

- გემუდარებით, მეტი არაფერი მითხრათ, მისტერ ვუსტერ! გაგიჟდი?! კიდე ხმის ამომღები ვიყავი?

 - მიგიხვდით, მისტერ ვუსტერ, ჯერ კიდევ კანში ყოფნისას… ყურები ვცქვიტე: ეს კანში ჩვენი ერთად ყოფნა რაღამ გაახსენა?

- ყველაფერი სახეზევე გეტყობოდათ, როცა ასე მორიდებით იდექით ხოლმე ჩემ გვერდით და სიტყვასაც ვერ ძრავდით… არადა, თქვენი თვალები უხმოდ მეტყველებდა თქვენსავე გრძნობებზე!

ღმერთმანი, ანჯელას ის ყბადაღებული ზვიგენი რომ მტაკებოდა ფეხში, ამ სიმაღლეზე მაშინაც ვერაფრით შევხტებოდი! გაწამაწიაში სულ ვეღარ მოვტვინე, გასის გულისათვის რა ორჭოფულ მდგომარეობაშიც ვიგდებდი საკუთარ თავს… ან საიდან უნდა მეაზრა, რომ ეს ქალბატონი მე ჩამთვლიდა მისი გაღმერთების წყაროდ?! ოფლი კი არა, უკვე ხვითქი გადამდიოდა სახეზე…

არადა, რა გინდა, რომ ქნა?! თუ ქალმა გადაწყვიტა, ეს კაცი ხელს მთხოვსო, ხომ არ ეტყვი - უმალ თავს

ჩამოვიხრჩობო! მაგის ცოლად შერთვაზე კი ფიქრიც მზარავდა: წარმოიდგინეთ ერთი, რომ შენი ცოლი მარჯვნივ და მარცხნივ ყველას ეუბნება: იცით, ვარსკვლავები მაშინ ჩნდება, ფერიები რომ აცხიკვებენო თუ რაღაცა ამდაგვარი!

ის კიდე იდგა და კაკანებდა:

- იცით რა, მისტერ ვუსტერ: ქალის გულს ვერაფერს გამოაპარებთ! ჯერ კანში, ახლა კი აქ… მთელი საღამო ვამჩნევდი თქვენს სევდიან მზერას, როგორ ცდილობდით, საკუთარი გაუბედაობა დაგეძლიათ და საჭირო სიტყვები გამოგეძებნათ… ჩემთვის ეს მართლა დიდი პატივია, მისტერ ვუსტერ, მართლა- მართლა, ოღონდ… უნდა მაპატიოთ, ეს შეუძლებელია!

ისე ამოვისუნთქე, თითქოს ჯივზის ის სასიცოცხლო ელექსირი გადამეკრას სულმოუთქმელად! (თუ გახსოვთ, ვორჩესტერული ცხარე საკმაზის, წითელი კაიენური წიწაკისა და კვერცხის გულის ნაზავიაო, ამბობს, თუმცა თავს დავდებ, თუ კიდევ რაღაც-რაღაცეებს არ ურევდეს შიგ…). ამოვისუნთქე და რომ იტყვიან, კაცს არ დავემსგავსე?! ღმერთმანი, ჩემი პირადი მფარველი ანგელოზი თუ დაფრინავდა სადღაც ახლოს.

მცირედ იმანაც ამოიოხრა, ოღონდ უფრო გულდაწყვეტით და დიახ, ყოვლად შეუძლებელიო… - დაამატა.

- გასაგებია, გასაგები…

- ძალზე ვწუხვარ…

- რას იზამ, ბედის ამბავია ყველაფერი…

- სიტყვა ვერ აღწერს, როგორ განვიცდი თქვენს ამბავს, მისტერ ვუსტერ! გინდათ, მეგობრებად დავრჩეთ?

- რაზეა ლაპარაკი…

 - და ამ ჩვენი პატარა საიდუმლოს თაობაზე ნურავის ნურაფერს ვეტყვით…

- ცხადია.

- გავუფრთხილდეთ, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ რძეს…

- აბა-აბა, ემანდ არ გადმოვიდეს…

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი სიბრალულით შემომცქეროდა, თითქოს ფეხმოტეხილი ფინია ვყოფილიყავი, ის კიდე - პატარა გოგონა.

- რა სამწუხაროა ეს ყველაფერი, მისტერ ვუსტერ! ქვეყნად ცხოვრებაზე მკაცრი და ულმობელი არაფერია, ასე არ არის?

- ე-ე… არც მთლად. თუმცა, მეორე მხრივ…

- არადა, ჩემი გული რომ თავისუფალი ყოფილიყო, სწორედ თქვენისთანა მამაკაცს ვინატრებდი ამქვეყნიურ თანამგზავრად…

რომ მეცლია, კიდე კარგა ხანს იბოდიალებდა ასე და ამგვარად, მაგრამ ჩვენ, ვუსტერებს, მახვილი ყნოსვა გვაქვს და სმენაც შესაბამისი. მოკლედ, წამსვე ჩავავლე, საითკენ უბერავდა ქარი.

- გინდათ მითხრათ, რომ თქვენი გული უკვე სხვას ეკუთვნის? თავი დამიქნია, უხმოდ.

- დანიშნულნი ხართ?

ამჯერად უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი.

აჰა, რაღაც ხომ მაინც დავცინცლე! თუმცა გასისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა - აშკარად ჩანდა, ქალი თავფეხიანად გაბმულიყო ვიღაც სხვის მიერ იქვე დაგებულ მახეში. ახლა არ გინდოდა, ამისთანა ამბავი პირში მიგეხალა კაცისთვის? სულ არ გააფრინოს-მეთქი, ვფიქრობდი.

საქმე ის გახლდათ, რომ გას ფინკ-ნოთლი არაფრით გავდა სხვა ჩემს ნაცნობებს - თუნდაც, ვთქვათ, ბინგო ლაითლს - იმას ქალი რომ ცხვირს აუბზუებდა, დაჰკრავდა ფეხს და სხვას აეტორღიალებოდა, გასი კი იმისთანა იყო - აი, რძით დამდუღრული, დოს უბერავდაო - არ გაგიგიათ? მაგისგან არც გამიკვირდებოდა, რომ ამ ამბის მერე თავის მამულში დაყუდებულიყო სიცოცხლის ბოლომდე.

- მარტო თქვენ გაგანდობთ, მისტერ… შეიძლება, უბრალოდ ბერტი დაგიძახოთ? ახლა მე მოვყევი თავის კანტურს.

- თუკი რამ გრძნობები გააჩნია ჩემ მიმართ, ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს… ან იქნებ ვერც მოასწრო ჯერ? იქნებ… არა, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე! - პათეტიკურად შესძახა უცებ და რატომღაც დეიდა აგათა გამახსენა იმავე დადგმაში, მე რომ ვმონაწილეობდი - იმას, მგონი, ბოადიცეას როლი ერგო…

- გეტყვით, ბერტი, როგორც მოხდა ყველაფერი: მეხის დაცემასავით იყო, ოღონდ მართლა! მეგობრებთან ვიყავი სტუმრად ქალაქგარეთ, ჩემი პაწია ძაღლი გავიყვანე სასეირნოდ და საბრალოს უუზარმაზარი ხიჭვი არ შეერჭო თათში? ჭკუაზე არ ვიყავი, აღარც ვიცოდი, ვისთვის მეხმო საშველად და უცებ ეს ადამიანი არ მომევლინა მხსნელად?!

ისეთი გრძნობა მქონდა, ათიანზე ტუზი რო ამოგივა ბოლო ჩამორიგებაზე! გასზე მელაპარაკებოდა, ცხადია - არა მგონია, იმ დღეს მამაკაცების ოცეული დასდგომოდა თავს მისი ფინიასათვის იმ ეკლისა თუ ხიჭვის ამოსაძრობად…

ფაცხაფუცხით დავემშვიდობე გაოგნებულ ქალს და ბუჩქებში ვდურთე თავი. ბედზე, დიდი ძებნა არც დამჭირვებია, იქვე შემეფეთა და ისეთი ვუჯიკე საჭირო მიმართულებით, ძლივს შეიმაგრა თავი. ახლა უკვე თავი ქუდში მქონდა - ეს ორი შერეკილი თუ ამ ვითარებაშიც ვერ გაახერხებდა რამეს, აღარ ვიცი… მოკლედ, ხელებიც დამიბანია-მეთქი, გავიფიქრე, აგერ მთვარე, აგერ ვარსკვლავები და დანარჩენი თქვენ იცით-მეთქი!

მოკლედ, ოპერაცია გასი + მედლინი შეიძლებოდა წარმატებულად მიმეთვალა და ახლა საკუთარი საქმეებისათვისაც მიმეხედა. ყოველ შემთხვევაში, ამისთანა დავიდარაბის მერე ერთი-ორი ჭიქა აპერიტივის გადაკვრა ნაღდად არ მაწყენდა.

 

თავი 12

 

სასმელები პატარა მაგიდაზე გამოეფინათ, ბიბლიოთეკის კუთხეში. ახლა, ჩემი გუნება-განწყობის შესაფერისად, რბილი ირლანდიური ვისკი ვამჯობინე და კარგა ნახევარი ჭიქაც დაუნანებლად ჩამოვისხი. მერე იქვე, ტყავის ღრმა სავარძელში მოვიკალათე და ნება-ნება გეახლებოდით ამ სულისსარგო სითხეს. სახეზეც, ეჭვი არაა, ნამდვილი რომაელი ტრიუმფატორის იერი მედო.

იმ დროიდან, რაც მე გასი და მედლინი ერთმანეთს შევატოვე, უკვე კარგა ხანი გასულიყო და დარწმუნებული გახლდით, ასე ვთქვათ, pour parlers(16) უკვე მოთავებულიც ექნებოდათ. სავარაუდოდ, თაფლობის თვის გეგმებზე იქნებოდა მიმდგარი საქმე.

ისე, ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო - სწორედ ასე იყო მაგათი ამბავი. მედლინის ჭიკჭიკი ვარსკვლავებსა და ბაჭიებზე ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გადაიყვანდა ჭკუიდან, ოღონდ რომელი ნორმალური გას ფინკ-ნოთლი მყავდა?!

სწორედ ამ დროს ფიქრი კარის გაჭრიალებამ და კატასავით ფეხაკრეფილმა ნაბიჯებმა შემაწყვეტინა - ვიღაც ჩემსავით დამაშვრალი მიიპარებოდა სასმელებით დახუნძლული მაგიდისაკენ. მივტრიალდი და ბენტერა გლოსოპი არ შემრჩა ხელთ?

სიმართლე გითხრათ, წამით სინდისის ქენჯნაც კი ვიგრძენი: გასის და მედლინის გადამკიდეს, ამ ჩემი მეორე კლიენტის ამბავი სულ გადამვიწყებოდა! ან რა გასაკვირია - მართლა ი. კეისარი ხომ არა ვარ, სამი საქმე ერთდროულად ვაკეთო.

აი, ახლა კი შემეძლო ბენტერასა და ანჯელასთვისაც მიმეხედა. პირველადი მოცემულობა დამაიმედებელი გახლდათ: გამოგიტყდებით, სავსებით კმაყოფილი დაგირჩით, როგორ მოთოკა თავი და განსაკუთრებით, იმ ღვთაებრივ კერძზე - nonnettes de poulet AgnËs Sorel(17)-ზე - რომ თქვა უარი! ისეთი სახე ჰქონდა, მასთან სვიმეონ მესვეტე ეპიკურეელად გამოჩნდებოდა.

- სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან შემოვლას! - ვეუბნები.

ჭიქით ხელში მომიტრიალდა და უნდა გითხრათ, ვერაფერი საამო გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე.

- მართლა? და რისთვის მერე?

- შენზე და ანჯელაზე რას მეტყვი?

- არც არაფერს.

- დაიცა, ეგ როგორ? არაფერი მომხდარა?

- კარგი არაფერი.

- არ მითხრა ახლა, შენი საცოდაობის მაცქერალს გული არ ეკუმშებოდაო!

- როგორ არა, სულ მაგ ჭკუაზეა!

- უცნაური ამბავია…

- რაა აქ უცნაური?

- დავიჯერო, ვერ შეამჩნია, ლუკმა რომ გეჩხირებოდა ყელში?

- რა გამეჩხირებოდა, რაც არ გადამიყლაპავს… მუცელი მიბუყბუყებს შიმშილისაგან!

- გაუძელ, ბენტერ! მაჰათმა განდი გაიხსენე.

- ვინ განდი? ეგ რაღა შუაშია?

- მაგ კაცს წლობით არ უჭამია ადამიანურად.

- დიდი ამბავი! ერთი ანატოლის გაწყობილ სუფრაზე მოხვედრილიყო… ეგ განდი მაინც რამ გაგახსენა?

აშკარა იყო, ცუდი მაგალითი გამომივიდა და ვცადე, საუბარი სხვა კალაპოტში გადამეგდო.

- იქნებ ახლა შენ გელოდება?

- ვინა, მაჰათმა განდი?! სულ გარეკე?

- ანჯელაზე გეუბნები. შანსი არაა, შენი თავდადება და მოდუს ვივენდის დაკარგვა არ შეემჩნია! განსაკუთრებით, როცა ის საოცრება - nonnettes de poulet AgnËs Sorel შემოიტანეს… А cepes a la Rossini(18) ხომ საერთოდ…

დაჭრილი ნადირის გმინვა აღმოხდა საბრალოს:

- მორჩი რა, ეგ მაინც აღარ მიხსენო! შევეცადე, როგორმე დამემშვიდებინა:

- დაიცა, ბენტერ! ახლა ის ხორციან-თირკმლებიანი ღვეზლები გაიხსენე, საკუჭნაოში რომ გელოდება! როგორც საღვთო წერილში წერია - ცისკრის ჟამს - მხიარულება(19)...

- მეც მანდა ვარ! გათენებამდე რა მოითმენს?! იცი, რომ ჯერ მხოლოდ ათის ნახევარია?! ეგ ღვეზლები მაინც არ გეხსენებინა, არ შეიძლებოდა? სულ ვცდილობ, არ ვიფიქრო...

 ახლაღა მივხვდი ჩემს შეცდომას: სანამ ყველა არ დაიძინებდა, საკუჭნაოში ცხვირსაც ვერ შეყოფდი, იქამდე კი დრო უსასრულოდ გაეწელებოდა საბრალოს! ჭკუა მეყო და ამჯერად ხმა არ გავიღე, ის კიდე აღგზნებული სცემდა ბოლთას - სწორედ იმ ლომივით, ზოოპარკში გონგის ხმა რომ გაიგონა და ახლა ეჭვი ღრღნის, ემანდ დარაჯმა ჩემი კუთვნილი ხორცის ნაჭერი არ მიითვისოსო! ბოლობოლო, სავარძელში ჩაებერტყა და ისეთი სახით მომაშტერდა, ვიფიქრე, ახლა ან გასკდება, ან ნამდვილად ჩემზე გადმოანთხევს ყველაფერს-მეთქი და არც შევმცდარვარ: მოხსნა გუდას პირი და ჩვეულებისამებრ, მოჰყვა რაღაც სისულელეების როშვას:

- გინდა სიმართლე იცოდე?

- კარგ ტყუილს ისევ ცუდი სიმართლე ჯობია.

- ბევრი ვიფიქრე და ერთ დასკვნამდე მაინც მივედი.

- აბა, თქვენი მოსაზრებანიც გვიბოძეთ…

- ვიღაცის ხელი ურევია ამ საქმეში.

- რა საქმეში?

- ჩემსა და ანჯელაზე გელაპარაკები!

- ა-ჰა…

- ახლავე აგიხსნი ყველაფერს: კანში გამგზავრებამდე, ანჯელას თვალში რომ ჩავვარდნოდი, თითს არ ამოისვამდა…

- ე-ეე…

- მაგრამ დაბრუნდა თუ არა, დანასისხლად წავეკიდეთ ერთმანეთს.

- აი, მაგას კი წყალი არ გაუვა.

- თან სულ ტყუილუბრალოდ, რაღაც სისულელის გამო!

- დაიცა,

მის ცხოვრებაში ერთადერთ, უსაყვარლეს ზვიგენს მიაყენე შეურაცხყოფა, ქორჭილა თუ რაღაცა ეგეთი უწოდე და ეგ გგონია შენ „სისულელის გამო“? კარგად გცნობია ქალები!

- არავითარი შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია - უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნე! შენ გგონია, მაგისთვის ამომიგდებდა გულიდან?!

- რა ვიცი, ხალხნი ვართ…

მართლა არ მესმოდა, ასე რამ გამოათაყვანა ეს ჩვენი ბენტერა! ბიჭი ბიჭად მშვენიერი შესახედი იყო და რაგბისაც გამორჩეულად თამაშობდა, მაგრამ - როგორც ერთხელ ჯივზმა თქვა, არ მახსოვს ვისზე - გრძნობებში ვერ ერკვევაო - სწორედ ასე იყო მისი საქმეც: შეეძლო მოწინააღმდეგეს შეჯახებოდა, ძირს დაეგდო და ბუცებით გადაევლო ზედ, ოღონდ ქალის ბუნების ხვეულები მისთვის მართლა სრული ლაბირინთი გახლდათ. ვერაფრით შეეგნო, რომ ანჯელა ცოცხალი თავით ვერ შეელეოდა იმ თავის ზვიგენს!

- არა-ა! ეგ უბრალოდ, საბაბი იყო…

- რის საბაბი?

- აი სწორედ მაგის! ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და ზვიგენს ჩააფრინდა…

- ე-ე… ახლა ნამეტანი მოგდის!

- გეუბნები, ეგრეა-მეთქი!

- და რა ეშმაკად სჭირდებოდა შენი თავიდან მოცილება?!

- მეც მანდა ვარ! სწორედ ეგ შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს და პასუხიც სულ მარტივად ვიპოვე: ვიღაც სხვა შეუყვარდა, ნამდვილად! აქ იყო - ვუყვარდი, კანიდან ჩამოვიდა - გადამიყვარა… ე. ი. იქ შეხვდა ვიღაცას და ისე ჩაუვარდა გულში, ჩემი ადგილი იქ აღარც დარჩა!

- ვაიმე! ბენტერ…

- და მორჩი ამ სულელური მეტსახელის ძახილს! ერთი ის ვიღაც მანახა და ხეიბრების თავშესაფარში ადგილი გაუხდებათ დასამატებელი! სულს ამოვაცლი!! ნაწლავებს დავაყრევინებ!!!

უცებ წამოხტა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ოთახიდან, მე კიდე სასტუმრო ოთახში გადავედი - კარგად მომეხსენებოდა ქალების ეს უცნაური ამბავი - ნასადილევს ყველას იქ უყვარს ხოლმე ფოთიალი და იმედი მქონდა, ანჯელას ვნახავ და ერთი კარგად შევახურებ-მეთქი. უნდა გითხრათ, რომ ბენტერას ეს თეორია ვიღაც „იდუმალი მესამის“ თაობაზე არანაირ საღ განსჯას არ ექვემდებარებოდა და მხოლოდ და მხოლოდ მისივე უკიდეგანო ფანტაზიების ნაყოფი გახლდათ. ზვიგენი და მხოლოდ ზვიგენი იყო მათი განხეთქილების ვაშლი! ეჭვიც არ მეპარებოდა, გაუგებრობის ამისთანა კვანძს წუთში გავხსნიდი და ყველაფერს სასიკეთოდ მოვაგვარებდი.

ახლა იმასაც აგიხსნით, რას ეფუძნებოდა ჩემი ამგვარი თავდაჯერება: ვერაფრით ვირწმუნე, თითქოსდა ამ ჩემს დეიდაშვილზე იოტისოდენადაც კი არ იმოქმედა ბენტერას ქცევამ - თავისი შეუვალობით განთქმული კამინგზიც კი, ბიძაჩემის ლაქია - შეკრთა და შექანდა, როცა საკუთარი თვალით იხილა, როგორ გასწია გვერდზე მეტრ ანატოლის chef díoeuvre(19) - nonnettes de poulet AgnËs Sorel, ხოლო მიმტან ბიჭს კინაღამ ლანგარი გაუვარდა ხელიდან!

დავიჯერო, ნაზი ასულის გული იოტისოდენადაც არ გაალღო  ამ,  შეიძლება ითქვას,  წრეგადასულმა ურვამ?! ამიტომაც ვვარაუდობდი, ზის ახლა სადმე კუთხეში და იმაზე იმტვრევს თავს, როგორ აღადგინოს საქმროსთან ურთიერთობის საკუთარი ენით ჩატეხილი ხიდი-მეთქი.

მაგრამ როცა სასტუმრო ოთახში შევაბიჯე, იქ, დეიდაჩემ დალიას გარდა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა და იმანაც რაღაცნაირად ქეშად გამომხედა თითქოს. თუმცა დიდად არ გამკვირვებია - ტაქტიკური მიზნებით მასაც ხომ მოუწია დიეტაზე დაჯდომა და რა გასაკვირია, ვერც ის იქნებოდა კარგ ხასიათზე.

- შენა ხარ?

რა გინდა, ასეთ რიტორიკულ შეკითხვას უპასუხო?

- ანჯელა არ გინახავთ, ქ-ნო დალია?

- ლოგინშია.

- ასე ადრე?

- შაკიკმა შეაწუხა.

- ესე იგი, შაკიკმა არა? გასაგებია…

მართალი გითხრათ, ძალზე არ მომეწონა ეს ამბავი. როცა ქალის თვალწინ მასზე უგზოუკვლოდ შეყვარებული კაცი ამისთანა მსხვერპლს იღებს, ის არ შეიძლება მშვიდად მიდიოდეს დასაწოლად! პირიქით - თვალებს უჟუჟუნებს, ეულ ცრემლს იწმენდს და საერთოდ, ყოველნაირად ცდილობს მიახვედროს, რომ მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს... არაა, აქ მართლა რაღაცაში იყო საქმე.

- მაშ, ლოგინშიო არა? საინტერესოა.

- გინდოდა რამე?

- სასეირნოდ მინდოდა გამეყვანა და ცოტას დავლაპარაკებოდი აქეთურ- იქეთურზე.

- გასეირნებას აპირებ? - უცებ გამოცოცხლდა დეიდაჩემი. - მაინც საით?

- რა ვიცი, ჩემთვის სულერთია.

- მაშინ, იქნებ ერთი სამსახურიც გაგეწია ჩემთვის?

- რა, მაინც?

- ის ბილიკი ხომ გახსოვს, ტბორთან რომ მიყავხარ?

- კი, რა თქმა უნდა.

- ფანჩატურში თოკი ან რაიმე მავთული იქნება, რამდენიმე ცალი აგურიც გაიყოლე, მერე მიდი ტბორთან, აგურები თოკით შეკარი, მეორე ბოლო ყულფად გამონასკვე და როგორც კარგი და დამჯერე ბიჭი, წყალში ჩახტი, რაც შეიძლება ღრმად, გასაგებია? მეორე დღეს კი შენს გვამს ამოვიღებთ წყლიდან, გავაპატიოსნებთ და აქვე დავმარხავთ… ღმერთმანი, ყველაზე მეტად ახლა შენს საფლავზე დავლურის დავლა მომიხდებოდა!

მხოლოდ ვუსტერებისათვის დამახასიათებელმა თავდაჭერამ შემაძლებინა, კარი არ გამეჯახუნებინა და გარეთ არ გავვარდნილიყავი. ისიც შევახსენე საკუთარ თავს, რომ მშიერ კუჭზე განა ეგეთები შეიძლება წამოსცდეს ადამიანს?! ამიტომაც მახვილსიტყვაობაში პაექრობის წამოწყება აღარ ვიკადრე და ესღა ვიკითხე:

- მაინც რით დავიმსახურე ამგვარი ვნებათაღელვა, დეიდაჩემო?

- რით დავიმსახურეო!

- სწორედ მაგას ვკითხულობ, დეიდა დალია.

უცებ ისეთი ცეცხლი დააკვესა თვალებიდან, ლამის იყო, იქვე ცოცხლად შევიბრაწე.

- და რომელმა რეგვენმა, შტერმა, ბრიყვმა, ცალტვინამ, ჭკუაუხმარმა თუ სალოსმა დამითანხმა, საკუთარი ნებით მეთქვა ანატოლის კერძებზე უარი?! ხომ უნდა მცოდნოდა, რომ…

მივხვდი, დიაგნოზი სწორად დამისვამს და იქვე გავაწყვეტინე:

- კარგი ახლა, დეიდაჩემო, სულ ნუ დაიწყვეტთ ნერვებს… კუჭი გიხმებათ? არა უშავს, ყველა რომ მიიძინებს, საკუჭნაოში ჩადით და როგორც სარწმუნო წყაროებიდან მაცნობეს, იქ ხორცისა და თირკმლის ღვეზლები დაგხვდებათ დიდი რაოდენობით! ცოტაც გაუძელით და ნახავთ, ბიძია თომა თავისი ფეხით გეახლებათ ჩეკების გამოსაწერად…

- მართლა! და იცი, სადაა ახლა ბიძაშენი?! თავის კაბინეტში ჩაიკეტა, თავი ხელებში აქვს ჩარგული და ცეცხლოვან გეჰენიასა და ზნედაცემულ კაცობრიობაზე მოთქვამს!

- ჯერ ისევ იქაა? მერედა რატომ?

- იმიტომ, ძაან-ძაან მიხვედრილო ჩემო, რომ იძულებული გავხდი, ეს ახალი ამბავიც გამემხილა მისთვის: ანატოლი ჩვენგან წასვლას ითხოვს!

არ დაგიმალავთ - ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს კონდახი ჩამცხეს თავშიო.

- რა ბრძანეთ?!

- დი-აახ, დი-აახ! სწორედაც რომ ასეა საქმე! აბა, რა გეგონა? როგორ წარმოგიდგენია, რას იფიქრებდა მგრძნობიარე, თავის საქმეზე - არა, შთაგონებაზე - გადაგებული პროვანსელი მზარეული, როცა ყველა ერთად აიძულე, კერძებისთვის პირიც კი არ დაეკარებინათ?! როგორც მითხრეს, ჯერ ცრემლები წამოსვლია ღაპაღუპით, მერე კი გადაწყვიტა, აქ ნამდვილ შეთქმულებას აქვს ადგილიო და ახლა განთავისუფლებას ითხოვს.

- ღმერთო შენ გვიშველე!

- მაგის იმედი ნუ გაქვს. არ გიშველის. ეს კაცი-ბალზამი, ეს ღვთის წყალობა, ეს… მოკლედ, მარტო ჩვენი ოჯახის კი არა, მთელი ინგლისის სამზარეულოს მშვენება მხოლოდ იმიტომ გვტოვებს, რომ ჩემს შერეკილ დისშვილს თავი მშვიდობის მტრედად წარმოუდგენია! ახლა თუ ხვდები მაინც, რატომ მინდა, ჩემსავე ტბორში გნახონ დამხრჩვალი?

მკაცრი ქალი იყო დეიდაჩემი, მაგრამ - სამართლიანი… ამჯერად.

- რას იზამ, მინდოდა, როგორც უკეთ…

- …სხვა დროს საპირისპირო სცადე, იქნებ უფრო იოლად გადავრჩეთ ხოლმე.

- ამბობთ, ბიძაჩემი ჭკუაზე აღარააო?

- გიკვირს? მიდი ახლა და ფულზე ელაპარაკე…

თუ ჩემი ქრონიკებისთვის გადაგივლიათ თვალი, უთუოდ გემახსოვრებათ, რომ დეიდაჩემის მეუღლე ძალიან წააგავდა დაღვრემილ პტეროდაქტილს - ყოველ შემთხვევაში, როგორც ამ დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ფრინველს ახლა მეცნიერები გვიხატავენ - და ამის მიზეზი მეტად პროზაული გახლდათ: აღმოსავლეთიდან ჩამოტანილ მილიონებს მან კუჭის წყლულიც  ზედ  მოაყოლა და მას შემდეგ ერთადერთი მზარეული, ვინც მის დელიკატესებით გამოკვებას ისე ახერხებდა, რომ შედეგად სამდღიანი ხანძარი არ გაეჩინა სტომაქში, სწორედ კულინარიულ ჯადოქრობათა მაგისტროსი,  ვინმე ანატოლი იყო…  ახლა  მაინც ხომ ჩახვდით ვითარების მთელ ტრაგიკულობას?

მაგრამ ვუსტერების უკან დახევა ვინ გაიგონა!

- კარგი, სულ ცოტა ხანიც მაცალეთ და ჩემს გაფუჭებულ საქმეს მევე გამოვასწორებ, დეიდაჩემო…

- ერთი გიცდია და ჩემივე ხელით მიგასიკვდილებ!

მივხვდი, ახლა მასთან საღი მსჯელობა არ გაჭრიდა, დრო უნდა მიმეცა გონებაზე მოსასვლელად. ამიტომაც დამწუხრებული სახით დავტოვე ოთახი. არ ვიცი, დარწმუნებით ვერ გეტყვით, ოღონდ, მგონი, ლორდ ტენისონის ლექსების სქელტანიანი კრებული რომ იდო მაგიდაზე, სწორედ ის გამომიქანა ზურგში - კარი გამოვიხურე თუ არა, რაღაცა ყრუდ და მძიმედ კი მოხვდა და…

ცხადია, მომხდარში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს თუ დავადანაშაულებდი: როგორ ვერ გავთვალე ტემპერამენტიანი ფრანგის რეაქცია ამისთანა საყოველთაო და გამოუცხადებელი შიმშილობის გამო? ეგ გალები ხომ ისედაც შერეკილები არიან - ცნობილი ამბავია - და ახლა, ამგვარი დემარშის შემხედვარეს, განა რა უნდა ეფიქრა?!

 კარგი, რაც იყო, იყო,  გარდასულზე ნუ ინანიო,  ნათქვამია… მეც  ისევ ბაღში გავედი და ახალი გეგმების დაწყობას შევუდექი. და სწორედ მაშინ, შუა ბოლთის ცემაში რომ გახლდით და თითქოს რაღაც გამოიკვეთა კიდეც, იმისთანა კვნესა მისწვდა ჩემს სმენას, ნაღდად ბიძია თომას გადაუწყვეტია სუფთა ჰაერზე გამოიგლოვოს  კაცობრიობა-მეთქი,  ვიფიქრე. 

მიმოვიხედე, მაგრამ პრეისტორიული ფრინველის მსგავსი არაფერი შეინიშნებოდა სიახლოვეს. კვნესა განმეორდა, მერე - ისევ… როტონდას შემოვუარე და გას ფინკ-ნოთლი და ჯივზი არ შემრჩნენ ხელში?! დგანან და ერთ-ერთი მათგანი გულისგამგმირავად კვნესის… ნაბიჯს ავუჩქარე და ახლოს რომ

მივედი, რას ხედავს ჩემი სიმპათიური თვალები - გასს იმისთანა ფერი ადევს, საკუთარი დასაფლავებიდან ახალდაბრუნებული გეგონება…

- საღამო მშვიდობისა, სერ! - ჯივზი მეუბნება. - ბ-ნი ფინკ-ნოთლი ფრიად უხასიათოდაა.

მართალი გითხრათ, ჭეშმარიტი ბრიტანელისაგან ეს ვერაფერი თავგასამართლებელი საბუთია - ბოლოს და ბოლოს, აკი არც მე გახლდით სტვენა-სტვენის განწყობაზე, მაგრამ ასე არავინ დამიფეთებია! არა, მართლა რაღაც დაემართა ამ ხალხს - კი ბატონო, დაოჯახება სერიოზული ნაბიჯია და რამდენჯერ მინახავს, ახალგამომცხვარი სასიძოები თვალსა და ხელს შუა რომ იღუშებოდნენ, როცა მათ თავში ნელი-ნელ შედიოდა ვითარების მთელი სიმძიმე, მაგრამ ასე მაინც ვინ მოთქვამდა სახალხოდ!

ჩემი ნაბიჯების ხმაზე ისიც მოტრიალდა და პირველქრისტიანი ტანჯულის ხმით მეუბნება:

- მშვიდობით, ბერტი…

- გინდოდა გეთქვა - საღამო მშვიდობისაო, არა?

- არა. ის ვთქვი, რაც ვთქვი. მშვიდობით.

- მაინც, საით გაგიწევია, არ მეტყვი?

- ტბორზე. თავი უნდა დავიხრჩო.

- სულ გარეკე?!

- არა. განა გავრეკე, ჯივზ?

- მე ვიტყოდი, მცირედ დაუფიქრებლად აპირებთ მოიქცეთ, სერ.

- რაკი თავი მინდა დავიხრჩო?

- სწორედაც, სერ.

- ფიქრობ, არ ღირს?

 - ნამდვილად, სერ.

- როგორც შენ იტყვი. იქნებ მისის ტრეივერსს მართლაც ეტკინოს გული, მის ტბორში ჩემი გარუმბებული გვამი რომ აღმოაჩინონ.

- ეჭვი არაა, სწორედაც ასე იქნება, სერ.

- არადა, ძალიან კეთილი იყო ჩემ მიმართ.

- უეჭველია, სერ.

- და შენც, ჯივზ.

- გმადლობთ, სერ.

- და შენც, ბერტი. ყველა, ყველა კეთილად მექცეოდა. ცოდვას ვერ ვიტყვი, დასაჩივლი არაფერი მაქვს. წავალ, სადმე სხვაგან გავისეირნებ.

ყბაამოვარდნილი შევცქეროდი, ფეხათრევით რომ მიბლაყუნობდა მოკირწყლულ ბილიკზე.

- გადამრევს ეს კაცი! - ჯივზს ვეუბნები. - მოხდა რამე?

- ეს-ესაა ძლიერი ემოციური დარტყმა გადაიტანა, სერ.

- აკი მედლინ ბასეტთან ერთად დავტოვე…

- დიახ, სერ.

- და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩავუტარე ქალის გულის მოსაგებად…

- ესეც ცნობილია ჩემთვის, სერ.

- ერთი ათჯერ მაინც გავამეორებინე, როგორ უნდა მოქცეულიყო და რა ეთქვა…

- მართალი ბრძანდებით, ოღონდ მცირედი რამ შეუსაბამობა მოხდა.

- ახლა არ მითხრა, ისევ გასმა აურ-დაურია ყველაფერიო!

- მომიწევს, სერ.

აზრზე ვერ მოვდიოდი, რა გაახერხა ამისთანა. აკი იმგვარი პოზიცია ჰქონდა, ორად ორ სვლაში უნდა მოეგო მთელი პარტია…

- ქალს გული აქვს მასზე შევარდნილი, ეგ კი მთლად ჭკუას კარგავს - თანაც იმავე ქალზე! რაღა დარჩა? ერთი ესღა უნდა ეთქვა…

- სწორედ მანდაა ძაღლის თავი დამარხული, სერ.

 - რა, არ უთხრა?

- არა, სერ. მხოლოდ ტრიტონებზე ესაუბრა, სერ. თანაც გამოწვლილვით.

- ეგ რაღაში დასჭირდა?!

- სრულიად არაფერში, სერ. უბრალოდ, ოდნავ ზედმეტად აღელდა, სადავეები მიუშვა და მოგეხსენებათ, ასეთ დროს ზოგიერთები იმას ამბობენ ხოლმე, რაც პირველი მოადგებათ ენაზე… სამწუხაროდ, ბ-ნ ფინკ-ნოთლს მაინცადამაინც თავისი ტრიტონები გაახსენდა.

ახლა ყველაფერი გასაგები გახდა. ცოდვა გამხელილი ჯობია და მეც მქონია ცხოვრებაში ეგეთი შემთხვევა: ერთხელ კბილის ექიმს ვეჯექი სავარძელში და მთელი ათი წუთი პირში ბურღი არ ჩავათხრევინე - გამწარებული ვუყვებოდი ვინმე ბრიტზე, სკოტზე და ურიაზე, ერთად რომ გაემგზავრნენ ჩრდილო პოლუსის დასაპყრობად… თან ეს სრულიად ჩემდა უნებურად გამომდიოდა - რაც მეტს ცდილობდა ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, მით ვუმატებდი მოყოლის ტემპს და სულ ახალ-ახალი წვრილმანებით ვალამაზებდი იმ რაღაც წვერებიან ანეკდოტს. ხდება ხოლმე - ასეთ დროს შიშისაგან გონება გეთიშება და რაღაც მთლად გაუაზრებლის ლაქლაქს იწყებ კაცი!

მოკლედ,  ადვილი წარმოსადგენი იყო,  რა ამბავიც  დატრიალდა გასის თავს: დარჩა ბაღში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, სრულიად მარტო თავის გულის ვარდთან და ის იყო თავის გრძნობებში უნდა გამოსტყდომოდა, და ქალმაც ალბათ თვალები დახარა და გაინაბა, და იმანაც წამოიწყო რაღაც ბუტბუტი იმაზე, რომ დიდი ხანია უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა და ქალმაც ალბათ ამოიოხრა კიდეც მომაკვდავი გედივით და მათი თვალებიც ერთმანეთს შეხვდა და… და სწორედ ამ დროს, გასსაც იგივე დაემართა, რაც მე იმ კბილის ექიმთან - თითქოს გონება დაებინდა, აზრი აებნა და მოჰყვა ტრიტონების საგას…

- ცუდადაა საქმე, ჯივზ.

- სავსებით გეთანხმებით, სერ.

- და რაო, რამდენ ხანს გრძელდებოდა ლექციაო?

- რამდენადაც მივხვდი, ერთობ დიდხანს, სერ. თურმე არაფერი გამოუტოვებია -

მათი ჩასახვიდან დაწყებული,

საკვების მომნელებელი სისტემის განხილვითა თუ სხვადასხვა ავადობების მკურნალობის მეთოდებით დამთავრებული, სერ. სწორედ ამ ადგილას უთხოვია მის ბასეტს, მამცივნებს და იქნებ სახლში დავბრუნდეთო.

- მერე?

- არაფერი, სერ. თავის ოთახში ავიდა დასაძინებლად.

ჩავფიქრდი. სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს ჩემი მეგობარი ადამიანთა იმ იშვიათ ჯიშს განეკუთვნებოდა, ვისაც გინდა დაეხმარე რამეში და გინდა არა, აზრი არა აქვს, საქმეს მაინც ვერასოდეს მიიყვანს ბოლომდე! აგერ, რა ძალისხმევა დამჭირდა, რომ მედლინ ბასეტის გულისაკენ მიმავალი ბილიკი გამეკვალა მისთვის - თუმცა რა ბილიკი, მთელი შარაგზა, ია-ვარდით მოფენილი - ეგ კიდე სადღაც ჩირგვებში გაბოდიალდა და აერია კიდეც გზა-კვალი…

- მძიმე ამბავია, ჯივზ.

- ნუ იტყვით, სერ.

სხვა შემთხვევაში, ეჭვი არაა, აზრსაც დავეკითხებოდი და რჩევასაც, მაგრამ იმ ჩემს სმოკინგთან დაკავშირებული განხეთქილების მერე უმალ თავს ჩამოვიხრჩობდი, ვიდრე ჯივზს მივმართავდი დახმარებისათვის!

- მაგარი თავსატეხი გამიჩნდა, ჯივზ.

- ვშიშობ, მართალი უნდა იყოთ, სერ.

- ღამე მშვიდობისა, ჯივზ.

- თქვენც ასევე, სერ.

თქვა და თითქოს ჰაერშივე გაუჩინარდა. მე კიდე ისეთ დღეში ვიყავი, აღარც ვიცოდი, რა ქვა მეხალა თავში.

 

თავი 13

 

ნეტა თქვენ თუ დაგმართნიათ ასეთი რამ, მაგრამ ჩემი თავისთვის კი ხშირადაც შემიმჩნევია: თუკი საღამოს რაღაც გადაუჭრელი საკითხის გამო ვიბურღავდი ტვინს, საკმარისი იყო ერთი კარგი გამოძინება და პასუხი თითქოს თავისით მომდიოდა ხოლმე თავში…

სწორედ ასე მოხდა ამჯერადაც.

როგორც გამიგია, ეს ფენომენი კარგადაა შესწავლილი გაბრძნობილ კაცთა მიერ და ამა მოვლენას ე. წ. ქვე-ცნობიერს უკავშირებენ. ახლა იმის მტკიცებას ვერ მოვყვები, თითქოსდა მეც უცილობლად გამაჩნია ეგ ქვეცნობიერი, მაგრამ რაღაცა მაგისდაგვარი ნაღდად უნდა მქონდეს და ეტყობა, მთელი ღამე მუხლჩაუხრელადაც შრომობდა, სანამ თვითონ მე საღათას ძილით მეძინა!

ამას იმიტომ ვამბობ, გავახილე თუ არა თვალი, ნათელი ვიხილე - არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ დილა იყო და ოთახშიც უკვე მზე იჭყიტებოდა - ჭეშმარიტების ნათელი ვიხილე-მეთქი, მინდოდა მეთქვა; ანუ ის, რაც წინა დღეს დიდ თავსატეხად მიჩანდა, ახლა გახვრეტილ შაურად არ მიღირდა, რადგან ჩემმა ქვეცნობიერმა ზედ ცხვირწინ დამიდო პასუხი და უკვე ზედმიწევნით ნათელი იყო ჩემთვის, რა უნდა მომემოქმედებინა, რომ გასი ძილუკარება რომეოთა სიაში დამებრუნებინა…

გემახსოვრებათ, მედლინ ბასეტთან შეხვედრის წინ დაჟინებით რომ ვურჩევდი, თითო გადავკრათ-მეთქი, ის კიდე ვირზე შეჯდა და უარზე დადგა - წვეთ ალკოჰოლს არ გავკარებივარ ცხოვრებაშიო. მაშინ აღარ ჩავაცივდი, თუმცა დანამდვილებით ვიცოდი - ქალისთვის სიყვარულის ახსნა გინდოდეს და გადაკრულში არ იყო, მაგარზე მაგარი შეცდომაა, ნამდვილად.

და ვინ აღმოჩნდა მართალი? ფორთოხლის წვენით გაჭყეპილი გასი რა ვაჟკაცობას იქმოდა?! სიყვარულის მძაფრი და ვნებიანი სიტყვების მაგივრად ზოოლოგიის სახელმძღვანელოდან ამოკრეფილი ცნობები ამოუშვა პირიდან! მედლინ ბასეტისთანა რომანტიკულ არსებას კი ტრიტონების სიყვარულით ვერ შეაბამ… ახლა მისტერ გას ფინკ-ნოთლს უარი უნდა ეთქვა ბავშვობიდან გამოყოლილ თავის უზნეო ჩვევებზე და ცოტა კაცს დამსგავსებოდა - ალკოჰოლთან მის ურთიერთობას ვგულისხმობ, რაღა თქმა უნდა, შედეგად

„მორნინგ-პოსტსაც“ ერთჯერად დამატებით შემოსავალს გაუჩენდა საკუთარი საქორწინო განცხადების გამოქვეყნებით…

წამსვე გამომიკეთდა გუნება-განწყობა და ჯივზმა რომ დილის ჩაი მომართვა, ვაპირებდი კიდეც - შერიგების ნიშნად - ჩემი გეგმა გამეცნო, რომ სწორედ ამ დროს ბენტერა გლოსოპი არ შემობლაყუნდა დაუკითხავად? ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რა თეთრად გაეთენებინა ღამე: ჰილდებრანდ გლოსოპი კარგად ნაცემ ძაღლს უფრო გავდა, ვიდრე საკუთარ თავს.

 - მოგესალმებით! - ხალისიანად მივაძახე, ვითომც ისეთი არაფერი შემემჩნიოს. -

რა დღეში ხარ, ძველო?

ჯივზი, როგორც ჩვეოდა ხოლმე, გველხოკერასავით გასრიალდა კარში, ბენტერა კი ჩემ წინ სავარძელში ჩაეძნეყვა.

- ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, - მეუბნება.

- მერე, იქ რა გინდოდა?

ქუში მზერა ბუხრის თაროზე მიეყინა. თვალი გავაყოლე და ვხედავ, ბიძაჩემის პორტრეტს მიშტერებია. რამდენი წელია ვემუდარები დეიდაჩემს, ეს საშინელება მოაშორე აქედან ან სულაც დაწვი-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევაგონე. ამტკიცებს, ეგ ნახატი მუდმივად შეგახსენებს, რომ ცხოვრება არც ისეთი იოლი და ფეხმსუბუქი რამეა, შენ რომ გგონიაო…

- თუკი ასე გიმძიმებს სულს, კედლისაკენ შეაბრუნე.

- რა თქვი?

- მეხანძრის მუნდირში გამოწყობილ ბიძია თომას პორტრეტს ვგულისხმობ.

- კი აბა, სხვა არაფერი მაქ სადარდებელი…

- რა იყო, ანჯელას გამო იგლიჯავ გულს? დარდი გაუშვი - ისეთი გეგმა დავაწყვე, საღამომდე თვითონ ჩამოგეკიდება კისერზე.

- ერთი შენცა და შენი გეგმებიც!

- piano, piano(21)…

- არავითარი გეგმების დაწყობა აღარ მიშველის - ვიღაც სხვა შეუყვარდა და მორჩა, აღარ ვუნდივარ! სულ იმ კანში გამგზავრებამ ქნა, რაც ქნა!

- სისულელეა.

- რა არი სისულელე?

- რასაც ახლა გაიძახი. ჩემთვის კი ქალის გული გადაშლილი წიგნივითაა და გეუბნები - ანჯელას უყვარხარ.

- მაშინ, ძაან კარგად ინიღბება! გენახა ერთი წუხელ საკუჭნაოში…

- იქ რაღა დარჩენოდა?!

- მარტო ის კი არა, დეიდაშენი და ბიძაშენიც იქ ბრძანდებოდნენ. ლიტანიობა ღამე გეგონებოდა.

აშკარად ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას. წარმოდგენაც არ მქონდა, ღამღამობით ბრინკლი-ქოურთის ნაღები საზოგადოება თუ საკუჭნაოებში იკრიბებოდა ხოლმე.

- მიდი აბა, მისხალ-მისხალ მომიყევი ყველაფერი! ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსსაც კი შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.

ისევ შეავლო თვალი ბიძაჩემის ფოტოს და ამოიოხრა.

- კარგი, რაკი ასეა… ხომ გახსოვს, ხორციან ღვეზლებზე რომ გადამიკარი სიტყვა?

- ხორციან-თირკმლებიან…

- მორჩი ახლა! ისედაც ვერა ვარ ჭკუაზე! მოკლედ, ეგ ამბავი არ ამომდიოდა თავიდან და შუაღამისას ქვევით ჩავედი. ჩამიჩუმი არ ისმოდა - ვიფიქრე, პროვინციაში ადრე იძინებენ-მეთქი… მერე საკუჭნაოს მივაკითხე, ღვეზლებიანი ლანგარი გადმოვიღე თაროდან და მაგიდაზე დავდგი, დანა-ჩანგალიც

კი შემოვუწყვე. დიდი თეფში შევარჩიე, მერე მარილი მოვძებნე, მდოგვი, შავი წიწაკა… ლანგარზე რამდენიმე ცალი ცივი კარტოფილიც იდო, ჯერ ისინი გადმოვიღე და ის იყო, საქმეს უნდა შევდგომოდი და დეიდაშენი არ დამადგა თავზე?

- გერჩივნა, ალბათ, მიწა გაგსკდომოდა…

- არა, არ მერჩივნა. ანჯელას ვუყურებდი.

- ის საიდანღა გამოტყვრა?

- მამამისს ჩამოჰყვა. ის კიდე ლამის კუდში მოსდევდა ცოლს. ვარდისფერი პიჟამა ემოსა და რაღაც ძველებური დამბაჩა ეჭირა ხელში. მითხარი, ოდესმე გინახავს ბიძაშენი ვარდისფერ პიჟამაში და დამბაჩით ხელში?

- ე-ე… არასოდეს.

- ბევრი დაგიკარგავს.

- და ანჯელამ რაო? - საჩქაროდ ჩავუგდე სიტყვა, ემანდ საკითხს არ გადაუხვიოს- მეთქი. - რომ გიყურებდა, მზერა ხომ არ გაუთბა, არ შეგიმჩნევია?

- არაფერსაც არ მიყურებდა, ღვეზლებს მიშტერებოდა.

- თქვა მერე რამე?

- თავიდან არაფერი. ჯერ ბიძაშენმა ამოიღო ხმა და დეიდაშენს დაეკითხა, აქ რას აკეთებო… დალიამ კი იქით შეუბრუნა კითხვა - ამ შუაღამისას შენ რაღამ ჩამიგიყვანა საკუჭნაოშიო? ბიძაშენმა კიდე - მომეჩვენა, სახლში მძარცველები შემოიპარნენო.

თავი დავუქნიე. ეგ საკითხი გარკვეული იყო: მას შემდეგ, რაც ერთხელ ბიძაჩემი გვიან ღამით დაბრუნდა შინ და სამზარეულოში ფანჯარა დახვდა მოფრიალებული, იმ დღიდან სულ ქურდები და მძარცველები ელანდებოდა. რა დამავიწყებს: ერთხელაც ღამით ძილი არ მეკარებოდა და ფანჯარაში გავყავი თავი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და კინაღამ ბიძაჩემის ნაბუთქი საფანტი არ ჩავყლაპე დიდი ოდენობით?! მას მერე ის ორლულიანი თოფი კარადაში ჰქონდა გამოკეტილი დეიდაჩემს… მაგრამ რად გინდა რა, ახლა თურმე რაღაც დამბაჩა შეუძენია!

- ეგ საიდანღა მოგელანდაო? - ეკითხება დეიდაშენი. - ხმები მომესმაო, - ეუბნება. აი, სწორედ მაშინ გამოყო ორკაპი ენა შენმა დეიდაშვილმა: „ეს მისტერ გლოსოპი იქნებოდა, მამიკო…“ თან ისე მიყურებს, აი მაღალ მატერიებზე მოფიქრალი ბანოვანი რომ გადახედავს ვინმე უბირს,  რომელიც  მთელი რესტორნის გასაგონად ერთიმეორის მიყოლებით თქვლეფს კერძებს… მერე ასეთივე საამო ტონით დაამატა: „უნდა გითხრათ, მამაჩემო, რომ მისტერ გლოსოპი სამ-ოთხჯერ მაინც მოაკითხავს ხოლმე საკუჭნაოს საუზმემდე თავის გასატანად! პირდაპირ გასაოცარი მადა აქვს ჩვენს სტუმარს - ხელი რომ არ შეგვეშალა, დარწმუნებული იყავით, ამ ლანგარს ერთიანად მოასუფთავებდა…“

აქ ბენტერას ხმაც კი აუკანკალდა აღშფოთებისაგან:

- არა, ერთი ლუკმის ჩადება მაინც მომესწრო! დეიდაშენი კიდე, როგორც თავად თქვა, ამ „ფენომენით“ დაინტერესდა და ბოა-კონსტრიქტორს შემადარა… ანჯელა შეეკამათა, არა, უფრო პითონსო. ამ დროს კი ბიძაშენი სულ აქეთ-იქით იქნევდა თავის დამბაჩას და ბედი თუ იყო, რომ არ გაუვარდა! მერე კიბეს ავუყევით ყველა ერთად და ანჯელა სულ იმას ჩამჩიჩინებდა - ნელი-ნელ აბრძანდით, მისტერ გლოსოპ, მკვეთრი მოძრაობები თქვენი აღნაგობის კაცისათვის სახიფათოაო! მერე დედამისს მიუბრუნდა და მოწმედ დაიყენა - ხომ გახსოვს, ჩვენს სპანიელ ჩიჩის რა დაემართა, გადაჭარბებული კვებისაგან გულის დაცხიმიანება რომ დაეწყო და კიბის ქვეშ რომ დალია სულიო… შენ კიდე მიმტკიცებ, უყვარხარო! ერთი ის კანში გაცნობილი ვიღაცა მაპოვნინა და მერე მე ვიცი…

- კარგი ახლა, - ვეუბნები, - აიჩემებ რაღაცას და ვეღარც გადაგათქმევინებს კაცი! ამ ვიღაც კანელის თაობაზე უკვე მართლა idÈe fixe(22) გემართება…

- რა მემართება?!

- იდეა-ფიქსი. მძიმე დაავადებაა. და ძაან გადამდები. აი, ბიძია თომა ხომ დარწმუნებულია, სრულიად ინგლისის ყველა ქურდი და მამაძაღლი მის ბაღში იმალება და სულ იმის მოლოდინშია, სახლში შემომივარდებიანო… შენც იგივე გჭირს - ამოგიჩემებია, ვიღაც ტიპი იყოო კანში და  მორჩა,  აღარაფრის გაგონება არ გინდა! მე კი გეუბნები - არც არავინ ყოფილა, ვერც იქნებოდა და აი რატომ: მთელი იმ ორი თვის განმავლობაში მე და ანჯელა, ფაქტობრივად, განუყრელად ერთად ვიყავით! ვინმე რომ ატორღიალებოდა, შანსი არაა, ვერ შემემჩნია…

შეკრთა. აშკარად დიდი შთაბეჭდლება მოვახდინე ჩემი ლოგიკური მსჯელობით.

- ესე იგი, სულ ერთად იყავით, არა?

- მაგას არ გიხსნი? თუ კაზინოში ან საერთო მაგიდასთან ერთი-ორ ყასიდად გადაგდებულ სიტყვას არ ჩავთვლით, ხმაც კი უცხოსთვის არავისთვის გაუცია.

- გინდა თქვა, თქვენ ორნი იყავით ხოლმე - ზღვაში ბანაობისას თუ მთვარის შუქზე…

- ძლივს არ შევიდა შენს თავში?! ის კი არა, ზოგი დამსვენებელი რაღაც- რაღაცეებსაც გადმოგვკრავდა ხოლმე…

- ასე გამოდის, კარგი დრო გიტარებიათ ერთად.

- გეკადრება? ხომ იცი, ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ეს ჩემი დეიდაშვილი.

- არა მართლა!

- პატარაობისას სულ ასე გაიძახოდა, რომ გავიზრდებით, ბერტის უნდა გავყვე ცოლადო…

- სწორედ ასე ამბობდა?

- ნამდვილად, დეიდაჩემს ჰკითხე, თუ გინდა.

- უყურე შენ…

ღრმად ჩაფიქრდა და მეც საშუალება მომეცა, ჯივზის დაყენებული, უკვე მცირეოდნავ შეგრილებული ჩაისთვის გამესინჯა გემო. გულმშვიდად ვიყავი, რაკიღა ჩემმა მცდელობამ ამგვარი შედეგი გამოიღო და ეს მართლა ბენტერა ცოტა ჭკუაზე მოვიყვანე. ოღონდ ნახევარი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სასადილო ოთახიდან გონგის ხმა მოისმა.

- საუზმე! - იყივლა ახალგაზრდა გლოსოპმა და ერთი ნახტომით გაუჩინარდა კარში.

ახლა მაინც შემეძლო, წყნარად მეჭვრიტა მომავალი და რაკიღა გას-ბასეტის კონფლიქტი, კაცმა რომ თქვას, უკვე მოგვარებულადაც კი მიმაჩნდა, ხოლო ბენტერა გლოსოპის პრობლემა - იმდენად გამჭვირვალედ, რომ დიდად ტვინსაჭყლეტად აღარც ეგ მესახებოდა, მშვენიერ ხასიათზე დავდექი და როცა ჯივზი ცარიელი ფინჯნისა და ლანგრის გასატანად შემოვიდა, ალალი საუბარი გავუბი:

- ჯივზ, - ვეუბნები.

- სერ?

- ეს წუთია გლოსოპს ველაპარაკე. შეამჩნევდი, ალბათ, ვერაა ხასიათზე.

- დიახ, სერ. არ მეგონა, ეს თქვენთან საუბრის გამო თუ იყო, სერ.

 - არც ყოფილა. გუშინ ღამით ჩემს დეიდაშვილს, ანჯელას გადაეყარა საკუჭნაოში.

- ნამდვილად შეუფერებელი დრო და ადგილია, სერ.

- კიდევ უფრო შეუფერებლად მოიქცა ანჯელა, როცა თავისი აზრი მოახსენა იმ მუცელღმერთებზე, პითონებივით ღამღამობით რომ გამოდიან ხოლმე ხორციან ღვეზლებზე სანადიროდ.

- ქალის პირიდან ეს მეტად მძიმე ბრალდებაა, სერ.

- ზემძიმე, ჯივზ. ჩემ ადგილას ბევრი ბრძენკაცი მიიჩნევდა, რომ საქმე ხელიდანაა წასული და  აღარაფერი ეშველება:  ქალიშვილს,  რომელმაც  თავის დანიშნულს ჯერ პითონი უძახა, მერე კი ურჩია, გამოზომილი ნაბიჯით ასულიყო კიბეზე, რათა ზედმეტი წონის გამო მისთვის შემთხვევით გულს არ ეღალატა… არაა, სიყვარული გულიდან უკვე ამოუგლეჯიაო, იფიქრებდნენ და ძალიანაც შეცდებოდნენ!

- ნუთუ, სერ?

- რაზეა ლაპარაკი! რაც მე ქალებს ვიცნობ, მაგათ სიტყვა არ დაეჯერებათ!

- გინდათ თქვათ, მის ანჯელას სიტყვები au pied de lettre არ უნდა აღვიქვათ?

- ჰა?!..

- პირდაპირ, ანუ სიტყვასიტყვით-მეთქი.

- სწორედაც რომ, ჯივზ. არავითარ შემთხვევაში. წაკინკლავდებიან თუ არა, მზად არიან, ლაფში ამოსვარონ კაცი, მაგრამ გულისგულში…

- ცამდე მართალი ბრძანდებით, სერ. აკი პოეტ სკოტსაც უთქვამს…

- კარგი ახლა, ჯივზ… ეგ აქ რა მოსატანია! მთავარი ისაა, ახლა ანჯელას შევაბათ ეჟვანი…

- მესმის, სერ.

- გითხრა, ეგ როგორ უნდა მოხერხდეს?

- მთელი გულისყურით გისმენთ, სერ.

სიგარეტს მოვუკიდე, გემრიელი ნაფაზი დავარტყი და ჯივზს გავხედე. კაცმა რომ თქვას, თუ არ გაჯიქდა და აქეთ არ დამიწყო სიტყვის შებრუნება, ეს ჩემი ლაქია მართლაც კეთილგონიერი მსმენელია. ყოველ შემთხვევაში, ისე იცქირება, თითქოს ყოველ ჩემს სიტყვას იყოს ჩასაფრებული.

- აი, ვთქვათ, ჯუნგლებში მოხვდი და ვეფხვის ბოკვერს გადააწყდი ბილიკზე…

- უნდა მოგახსენოთ, მაგის მეტად მცირე ალბათობა თუ არსებობს, სერ.

 - დავუშვათ-მეთქი, გეუბნები!

- აჰა, გასაგებია.

- ისევ დავუშვათ - დავუშვათ-მეთქი, ვიმეორებ - ჭიტლაყი უთავაზე და ამ შენი უმსგავსი საქციელის ამბავმა დედამისის ყურამდეც კი მიაღწია; ახლა როგორ ფიქრობ, თუკი სადმე შეეფეთე, რა რეაქცია ექნება შენზე?

- გარკვეულ უკმაყოფილებას ნამდვილად გამოხატავდა, სერ.

- და მართალიც იქნებოდა! ასე ვთქვათ, დედობრივი ინსტინქტი იჩენდა თავს. ეგრეა?

- უსათუოდ, სერ.

- ახლა წარმოიდგინე, რომ დედა-შვილს უთანხმოება მოუვიდა და რამდენიმე დღე უბრად იყვნენ ერთმანეთთან - განა ეს ფაქტი შეაკავებდა ძუ ვეფხვს, საკუთარი ბოკვერი დაეცვა?

- ვერანაირად, სერ.

- მეც მანდა ვარ! მოკლედ, ჩემი უებრო გეგმა ასეთია: ვაპირებ ანჯელა დავიმარტოხელო და ბენტერას დავასხა თავსლაფი.

- რა დაასხათ, სერ?!

- გავლანძღო, გავთათხო, თუნდაც - მასხრად ავიგდო… ქცევას დავუწუნებ, გარეგნობასაც გადავწვდები, ვეტყვი - ეგ აფრიკული ჯიშის ტახს უფრო წააგავს, ვიდრე ინგლისელ ჯენტლმენს-მეთქი! და ამით რას მივაღწევ? რასა და - ამ ყველაფრის გაგონებაზე ანჯელას გული დაეთუთქება, მასში დედობრივი ინსტინქტი იმძლავრებს და რაც უნდა ნაჩხუბრები იყვნენ, მის დაცვას მოჰყვება - შეიძლება ითქვას, კბილებითა და ბრჭყალებით დაიცავს! რაღა დარჩა? თავად ჩამოეკიდება კისერზე გლოსოპს! რას იტყვი?

- მეტად თამამი გეგმაა, სერ.

- ეს თვისება ვუსტერებს სისხლში გვაქვს გამჯდარი… ამ მხრივ ჩვენი გვარის თაობაზე ლეგენდები დადის, ჯივზ.

- ეჭვიც არ მეპარება, სერ.

- ისე, ეს გეგმა უკვე გამოცდილიც კი მაქვს, ჯივზ.

- ნუთუ, სერ?

- ეგრეა. საკუთარ თავზე გამოვცადე. კანში რომ ვიყავი, ერთხელაც სანაპიროზე ვიდექი უსაქმოდ და იმ დარტყმულებს

გავცქეროდი, კოშკიდან რომ ხტებოდნენ წყალში. ვიღაც გოგო ამეტორღიალა და მეუბნება, აი იმ ბიჭს იმისთანა კანჭები აქვს, მამალს შეშურდებაო. ირონიას წამსვე ჩავხვდი და მხარი ავუბი - აბა, აბა, მაგისთანა ფეხების პატრონი შარვლით უნდა იძინებდეს-მეთქი, ვეუბნები.

გენახა ერთი, რა დღეში ჩავარდა: აიფოფრა, ღაწვები შეუფაკლდა, თავი უკან გადააგდო და რა არ მაკადრა - უზრდელი ხარ, ხეპრე, გაუთლელი, თვალებში ვერ იხედები და ფეხს ხელისაგან ვერ არჩევო… მოკლედ, რა ვიცი… მამისმკვლელობა არ დაუბრალებია, თორემ სხვა ყველაფერი.

მერეღა გავიგე, რა უპატიებელი შეცდომაც დამიშვია: ეგ ქალბატონი თურმე იმ გრძელფეხება ჯონის საცოლე ყოფილა, წინა საღამოს ბრიჯის თამაშისას წაკიდებოდნენ ერთმანეთს და ახლა ენა ექავებოდა თურმე. მოკლედ, იმავე საღამოს შერიგდნენ და ვახშამზე თვალსაც კი ვეღარ წყვეტდნენ ერთმანეთს, ჩანგალი ყურთან მიჰქონდათ… ასეა ეს, ჯივზ.

- უაღრესად საინტერესო დაკვირვებაა, სერ.

- დარდი გაუშვი, ნასამხრალზე ის ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ისევ იკიაფებს ანჯელას სალოკ თითზე! დაიცა, თუ უსახელოზე?

- აი აქ კი მცირედად მაინც მეპარება ეჭვი, სერ. საქმე ისაა, რომ მის ანჯელას მოახლე გოგომ ხმა მომაწვდინა: ქალბატონი დილაუთენია მანქანით გაემგზავრა თავის მეგობრებთან - სულ ერთი საათის სავალზე ცხოვრობენ - და მთელი დღით დარჩება იქო…

- დიდი ამბავი! მაშინ, ვთქვათ, ნავახშმევს… მაგაზე მედავები? მთავარია, რომ ისინი ისევ ერთად იქნებიან და ჩვენც გულზე მოგვეშვება, ჯივზ.

- თქვენს პირს შაქარი, სერ.

ახალ სიგარეტს მოვუკიდე, რათა პირველი ეტაპის წარმატებით დამთავრება აღმენიშნა.

- მაშ ასე, ჯივზ… დასავლეთის ფრონტზე სიწყნარეა, ახლა აღმოსავლეთს მოვავლოთ მზერა…

- რა ბრძანეთ?!

- ეს ქარაგმული ნათქვამია, ჯივზ. იმის თქმა მინდა, რომ ახლა გასისა და მის ბასეტის საკითხი უნდა განვიხილოთ, აქ კი სრულიად სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად, მიდგომებიც სულ სხვანაირი გვმართებს.

- გასაგებია, სერ.

- არ ვიცი, არ ვიცი… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამჯერად ოგასტუს ფინკ-ნოთლს

- ყოვლად უნიათო და სრულიად უხერხემლო კაცს ვუწვდით დახმარების ხელს!

- ხომ არ აჯობებდა, მის გასაგონად მაინც, რაიმე ნაკლებ მწარე და არც მთლად ასეთი გამანადგურებელი ეპითეტები გვეხმარა, სერ? ვთქვათ, „მორცხვი ია…“ მაქვს პატივი მოგახსენოთ, მეტად ნაზი და სათუთი მცენარეა, სერ.

- არავითარ შეთხვევაში! სწორედ მანდაა ძაღლის თავი დამარხული… როგორც უკვე ვნახეთ, მაგისთანებთან არავითარი ფსიქოლოგია არ ჭრის! არ მინდა, რამე გისაყვედურო, ჯივზ, მაგრამ მაგ შენმა ექსპერიმენტმა - მეფისტოფელის სამოსს ვგულისხმობ - სრული მარცხი განიცადა და ეს თავადაც კარგად მოგეხსენება. აკი გეგონა, მეწამული ტრიკო და შავი მოსასხამი ჯადოსნურად იმოქმედებდა მის დაჩიავებულ გამბედაობაზე, მაგრამ ხომ ჩაგივარდა კოვზი ნაცარში!

- კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, იმ საღამოს მისტერ ფინკ-ნოთლი პირისპირ რომ შეჰყროდა მის ბასეტს, სერ.

- აი, აქ კი ცამდე მართალი ხარ! მაგრამ ხომ ხედავ - კაცი, რომელიც სამეჯლისოდ გამოეწყობა და მოახერხებს, იქ ვერ მოხვდეს, მართლა უნიათოცაა და უხერხემლოც! შეგიძლია ჩვენს საერთო ნაცნობებში გამოარჩიო ვინმე, ვისაც შეიძლება იგივე დაემართოს?!

- გამიჭირდებოდა, სერ.

- აჰაა, ხომ ხედავ! ახლა მისმინე, რას გეტყვი: გასი მართლაც რომ მისულიყო მეჯლისზე, თუ მის ბასეტი იქვე არ ჩაიკეცებოდა მისი მეწამული ტრიკოსა და სქელჩარჩოიანი სათვალის შემხედვარე, და თუ მთელ თავის ნებისყოფას მოიკრებდა და ამისთანა კავალერს გაჰყვებოდა საცეკვაოდ, ამ შემთხვევაშიც კი არაფერი ხეირი გამოვიდოდა მანდედან, რადგან გას ფინკ-ნოთლი იმისთანა ჩვარია, ვერანაირად ვერ მოახერხებდა მისთვის ხელის თხოვნას! უბრალოდ, რამდენიმე დღით ადრე წაუკითხავდა ლექციას ტრიტონებზე და ამით მორჩებოდა ყველაფერი… და იცი, ეს ყველაფერი რის ბრალია, ჯივზ?

- ნუთუ თავ მიზეზს მიაკვლიეთ, სერ?

- დიახაც რომ! კაცს ცხოვრებაში ფორთოხლის წვენზე მაგარი სასმელი არ დაულევია და მითხარი ერთი, რა ვაჟკაცობას იქმს?

- ეგ კი ნამდვილად ვერ წარმომედგინა, სერ. მიუტევებელი ამბავია, ნამდვილად.

- შენ კი იმედი გქონდა, რომ ეს დაშინებული, დაბეჩავებული სული ქალს აუხსნიდა სიყვარულს?!

- ახლა რას აპირებთ, სერ? გინდათ დაათროთ?

- რატომაც არა! აბა, ფორთოხლის წვენით აღტყინებული რაინდი ან მსახიობი, ან თუნდაც ამისთანა ტრიტონოფილიით შეპყრობილი მაინც თუ გინახავს სადმე? ათჯერაც რომ ჩაუწყო საქმე, ათჯერვე ისევ იმ თავის ბიბილოიან ამფიბიებზე დაუწყებს ბჟუტურს!

- გავბედავ შეგახსენოთ, სერ, ტრიტონებს ბიბილოები არ გააჩნიათ, რქოვანა წანაზარდი შეემჩნევათ კისრის…

- მორჩი ახლა! მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! ხვალ ბლომად ჯინი უნდა ჩავუსხათ იმ თავის ფორთოხლის წვენში!

 - სერ?..

- იმედი მაქვს, თავს შეიწუხებ და გაიხსნებ, რომ ერთხელ უკვე შეგნიშნე ეგ უცნაური ქცევა, ჯივზ! ახლაც ისეთი ტონით ამბობ ამ უბრალო სიტყვას - სერ? თითქოსდა რაღაც სისულელე წამომეროშოს!

- იმის თქმა მსურდა, სერ…

- ა, ისევ!

- უკაცრავად, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს ცოტა არ იყოს და სარისკო გეგმაა… ე-ე, სერ.

- რას გულისხმობ?

- იმას, რომ შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ, რა ზემოქმედებას მოახდენს ალკოჰოლი ადამიანზე, რომლის ტვინიც სრულიად მიუჩვეველია ამგვარ აღმგზნებ საშუალებებს, სერ. მაგალითისთვის, ჩემთვის ცნობილია, რომ თუთიყუშები მას ძნელად იტანენ.

- ვინა, ვინა?

- თუთიყუშები, სერ. ერთხანობა ლორდ ბრანკასტერს ვედექი ლაქიად; ლორდს არრას ჯიშის საყვარელი თუთიყუში ჰყავდა, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდა, მაგრამ ერთხელაც ეს ეგზოტიკური ფრინველი შეუძლოდ შეიქნა - გაბუსუნებული იჯდა და აღარც საჭმელს ეკარებოდა, ლაპარაკზე რომ არაფერი ვთქვა. ლორდმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და 1884 წლის ჩამოსხმა პორტვეინში ჩაბუჟბუჟებული პურის ნამცეცები შესთავაზა. თუთიყუშმა აშკარად დიდი სიამოვნებით კი მიირთვა ეს უჩვეულო ნუგბარი, მაგრამ მალევე ზედმეტად აღეგზნო, მის ბრწყინვალებას თითზე უკბინა, მერე მეკობრეთა მეტად უხამსი სიმღერა შემოსძახა და საბოლოოდ, გალიის იატაკზე ფეხებაშვერილი დაეპერტყა. კარგა ხანს იწვა ასე და…

მე წამსვე მივუთითე ჯივზს მის ძირეულ შეცდომაზე:

- გას ფინკ-ნოთლი თუთიყუში არაა, ჯივზ. კაცი დარწმუნებულია, რომ ადამიანთა მოდგმა ტრიტონებიდან წარმოიშვა, შენ კი მას თუთიყუშს ეძახი!

- მაგრამ არც ტრიტონების ორგანიზმი…

- ჯივზ, არ გადამიყვანო ჭკუიდან! მოკლედ, ხვალ დილიდანვე ვიწყებთ ოპერაციას

„ალკოჰოლი“, და თუ ხვდები, რატომ მაინცადამაინც დილიდან? იმიტომ, ჯივზ, რომ სწორედ ხვალ შედგება ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი სნოუდსბერის გიმნაზიაში, სადაც თავად გას ფინკ-ნოთლი წარმოთქვამს სეფესიტყვას! ფორთოხლის წვენით გაჭყეპილმა, სავსებით შესაძლებელია ისევ იმ თავის ტრიტონებზე წაიკითხოს ლექცია, ჩვენ კი მჭექარე, თამამი, უჩვეულო და მსმენელთა გულისდამატყვევებელი გამოსვლა გვჭირდება! ხმა დაირხევა და მის ბასეტის კეთილგანწყობაც გარანტირებულია…

 - ეგ როგორ, სერ?

- უმარტივესი ამბავია, ჩემო ჯივზ, უმარტივესი! ოღონდ ასე მგონია, აჯობებს, თუ იმ ფორთოხლის წვენს ჯინით შენ განაზავებ და არა მე.

- სერ?!

- ჯივზ!!

- მომიტევეთ, სერ.

- ახლავე აგიხსნი ყველაფერს:  ყურადღება მივაქციე,  რომ გასს ერთ დიდ  ჭიქა წვენს ერთსა და იმავე დროს მიართმევენ ხოლმე, ნასაუზმევს. სუფრაზე გატანამდე ის სამზარეულოში იდგმება, ლანგარზე და შენთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს ასე, ორი თითის დადება ჯინი ჩაუმატო შიგ. რა, გაგიჭირდება? იეჭვებს ვინმე რამეს?

- არა მგონია, სერ, ოღონდ…

- აღარც ეგ სიტყვა გამაგონო, ჯივზ!

- ე-ე… ვშიშობ…

- ეგ კიდე უარესი!

- ბოლოს და ბოლოს, იძულებული ვარ, ლეგალიზით(23) მოგახსენოთ, სერ, რომ ვაცხადებ nolle prosequi.

- რას ვშვრებიო?

- იურიდიული ცნებაა, სერ, საქმის წარმოებაზე უარის თქმას ნიშნავს, სერ. სხვა სიტყვებით, დაღათუმცა ნებისმიერ თქვენს მოთხოვნას უყოყმანოდ შევასრულებდი, მოცემულ შემთხვევაში - მთელი ჩემი თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად - ამ მოთხოვნის შესრულება არ ძალმიძს.

- მოკლედ და გასაგებად: გინდა თქვა, რომ ჯინს არ ჩაუსხამ ჭიქა წვენში?

- სავსებით მართალი ბრძანდებით, სერ.

გაოგნებული დავრჩი, უნდა გითხრათ. როგორი ამბავია, სარდალმა შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცე და უცებ განგიცხადონ, დღეს ჯარისკაცები რაღაც ვერ არიან საბრძოლო განწყობაზეო…

- ამას კი აღარ მოველოდი შენგან, ჯივზ!

- ნუთუ, სერ?

- არავითარ შემთხვევაში. მესმის, რომ გას ფინკ-ნოთლისთვის კოქტეილების მომზადება შენს უფლება-მოვალეობებში არ შედის, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც იმედგაცრუებული ვარ, ჯივზ. ნამდვილად.

- სამწუხაროა, სერ.

- არა უშავს, ჯივზ. იმედია, ეს გრძნობაც მალე გადამივლის. მოკლედ, განაწყენებული კი ვარ, მაგრამ - არა აღშფოთებული.

- მესმის თქვენი, სერ.

- ოღონდაც, ჯივზ!

 

თავი 14

 

როგორც სახელდახელო გამოძიებამ მიჩვენა, ანჯელას ის მეგობრები ვინმე სტრეჩლი-ბეიდები აღმოჩნდნენ - საკუთარ მამულში, ქინგჰემ-მეინორში გამოკეტილი ნაღდი სოფლელები. 8-10 მილი თუ იქნებოდა იქამდე, ოღონდ ანჯელა მაინც მხოლოდ მოსაღამოვებულზე დაბრუნდა მათგან და სავახშმოდ ტანსაცმლის გამოცვლაც კი ძლივს მოასწრო. ასე რომ, სანამ ყავის სმაც არ მოათავეს და ყველა აქეთ-იქით არ მიმოიფანტა სახლში, ვერაფრით დავიმარტოხელე.

ბოლოს, როგორც იქნა, სასტუმრო ოთახში დავინახე, კუთხეში მიმჯდარი (ბენტერა კიდე, რაღა თქმა უნდა, საპირისპირო კედელთან დაყუდებულიყო) და ჯიქურ შევუდექი ჩემი გეგმის განხორციელებას.

ერთი შეხედვით, საშინლად გამოიყურებოდა: აი, ქალთა ჰოკეის გუნდის იმ კაპიტანს გავდა, მეტოქე ქალბატონმა ზედ შუბლში რომ დააწეპა შაიბა და კიდევ აქეთ აიკიდა ორწუთიანი ჯარიმა კვანტის გამოდებისათვის… ნებისმიერ სხვა თავყრილობაზე წამსვე ყველას ყურადღებას მიიპყრობდა, ბრინკლი-ქოურთში კი ახლა იმდენად მრუმე განწყობა სუფევდა, კაციშვილი ვერ ამჩნევდა ვერაფერს. ის კი არა, სულაც არ გამიკვირდებოდა, თუკი სავარძელში მოკალათებული და მეორედ მოსვლის მომლოდინე ბიძია თომა აქეთ ჰკითხავდა ქალიშვილს - ნეტა ასე რა გიხარიაო!

მოკლედ, მივედი და ძაან-ძააან გულთბილი დავიჭირე:

- შინაბერას გაუმარჯოს! აბა, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?

- შენც მშვენივრად გამოიყურები, ბერტი…

- წამო, მუხლი გავშალოთ… რაღაც მინდა გითხრა.

- სიამოვნებით, ბერტი.

- ძალიან კარგი. სულაც არ მინდა, ვიღაც-ვიღაცეებმა ყური გვიგდონ.

მომეჩვენა, რომ სწორედ ამ დროს საბრალო ბენტერას შეაქანასავით. აქამდე ქანდაკივით იდგა, ახლა კი რატომღაც წინ გადმოქანდა, კუთხის მაგიდას დაეჯახა და ერთი ლარნაკი, ერთიც სუნამოს ფლაკონი, ფინიების ორი ცალი ჩინური ფაიფურის ფიგურა, ფინჯანი ყავა და ომარ ხაიამის „რობაიების“ ტყავგადაკრული სქელ-სქელი გამოცემა ერთად გადმოყარა ძირს.

დეიდა დალიამ შეჰკივლა და ხელები გაასავსავა, ბიძაჩემმა - განკითხვის დღეც მოსულაო, წამოხტა და - ბედი არ გინდა? მსახურს ჩაის მთელი სერვიზი გააგდებინა ხელიდან… ბენტერამ რაღაც ბოდიშები წაიბურტყუნა, რაზეც დეიდა დალიამ ოხვრით უპასუხა, არა უშავს, დიდი არაფერი ზარალიაო. ანჯელას კი წარბიც არ შეუხრია, თავაწეული, ხაზგასმით გამოზომილი ნაბიჯით გავიდა ბაღში.

წუთის მერე უკვე მერხზე ვისხედით და მეც საქმეს შევუდექი, ოღონდ ასე, ყოველგვარი შესავლის გარეშე ხომ ვერ დავიწყებდი ბენტერას თათხვას და ჯერ აქეთურ-იქითურს მივედ-მოვედე: სტრეჩლი-ბეიდებისას რა ხდებოდა-მეთქი და - საქველმოქმედო საღამოს აწყობენო, მითხრა. მოსაწვევების დამზადებაში ვეხმარებოდი და სუფრის მენიუს შედგენაშიცო.

ძალიან კი მინდოდა ჩვენს ანატოლისაც მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მაგრამ უარი გვტკიცა - მშობლიურ პროვანსში უნდა დავბრუნდე - აი იქ კი დამაფასებენ და ასეთ უმსგავს ობსტრუქციებს არავინ მომიწყობსო… ამაზე კინაღამ ენა ჩამივარდა მუცელში, და სწორედ ამ დროს თქვა, ბალახი სველია, ფეხსაცმელებს გავიფუჭებო.

რაღა თქმა უნდა, ეს არანაირად არ მაწყობდა და შევთავაზე, აგერ, მუხლებზე დამილაგე- მეთქი. ისიც მოხერხებულად  მოეწყო  და  ისევ გავაგრძელეთ საუბარი.  ეგაა ოღონდ, ყველა შესაფერისი თემა მალევე ამოვწურე: აბა, სულ ჩამავალი მზის, მოციმციმე ვარსკვლავებისა და ტბორზე გადებულ მთვარის ბილიკზე ხომ ვერ ავიქაფებდი ენას!

უცბად თითქოს რაღაცამ გაიფაჩუნა ბუჩქებში. ანჯელა შეკრთა, მაგრამ დავამშვიდე, ზღარბი იქნება-მეთქი. თავი დამიქნია და მივხვდი, მეტის გაწელვა აღარ იქნებოდა:

- ეს რა გავიგე, ჩემო ერთადერთო დეიდაშვილო? საქორწინო ზარების ჩამორეკვა გადაიდო?

- კი, ეგრეა.

- საბოლოოდ და უკანმოუხედავად?

- ნამდვილად.

- სიმართლე თუ გინდა, ძაანაც ჭკუა გიქნია. ვერაფრით გამეგო, რა იპოვე მაგ მართლა ბენტერაში… შენისთანა ანგელოზის გარდა, სხვა ვინ გაუძლებდა მაგას! ერთი გაუთლელი, ენაბრგვილი, ბეყეჩი ვინმეა - ცარიელი კუნთები და ნოლი ინტელექტი. ბრალი მისი, ვინც მაგას გაყვება ცოლად… - ვთქვი და ყველაფერ ამას იქედნური ჩაცინებაც დავაყოლე ზედ.

- მე კი მეგონა, მეგობრები იყავით… - მეუბნება. ახლა უკვე სარკაზმიც გავურიე ხმაში:

- ვინა, ჩვენ? ხუმრობ? ზრდილობიანი სალამ-ქალამი ერთია და რა მეგობრობა, რის მეგობრობა - კლუბში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ეგაა სულ. თანაც ერთი სასწავლებელი დავამთავრეთ და მოგეხსენება, ჩვენი ძირძველი, ინგლისური ტრადიციების თანახმად…

- იტონი დაამთავრეთ ერთად?

- გადაირიე? მაგისთანას იქ ვინ მიიღებს?! სკოლას ვგულისხმობ. მახსოვს, იქაც უკვე გვარიანი ფეთხუმი იყო - სულ დალაქავებული პერანგითა და მელნით დათხუპნული თითებით დაიარებოდა. მგონი, კვირაში ერთხელ თუ შეივლიდა აბანოში… კაციშვილი არ ეკარებოდა, ჩემ გარდა.

აქ კი ცოტა დავმუხრუჭდი: არც ისე ადვილი აღმოჩნდა გულწრფელი ხმით მეთათხა მეგობარი (თუნდაც ვინც ბოლო რგოლი ჩამოხსნა და სმოკინგში გამოწყობილი მაიძულა, ბაყაყურით მეცურა აუზის ბოლომდე…) და

თანაც, უნდა გითხრათ, ჩემი სიტყვები რაღაც ვერაფერ გავლენას ახდენდა ანჯელაზე. ყოველ შემთხვევაში, აშკარად უგულისყუროდ მისმენდა…

გადავწყვიტე, ასე იოლად არ დავნებებოდი:

- გეუბნები, ამისთანა ფეთხუმი მეორე არავინ შემხვედრია ცხოვრებაში! ახლაც არ შეცვლილა - მოგეხსენება, ჩვევა სულ იოლად გადადის ხოლმე ხასიათში… და საერთოდ, როგორც ერთმა პოეტმა თქვა - „ძე ჩემი მამაა კაცისა“ და…

- ვინ კაცის?

არა, ნაღდად რომ სხვაგან ქროდა მისი გონება.

- ძე-მეთქი, - გავუმეორე, - კაცის მშობელი…

- ვისი მშობელი?

- გლოსოპზე გეუბნები…

- მომესმა, ვიღაცის მშობელი ახსენე.

- გითხარი, ძე ჩემი მამაა კაცისა!

- შენ რა, შვილი გყავს?!

- არა, გლოსოპზე გეუბნები-მეთქი!

- გლოსოპს ნაღდად არა ყავს შვილი.

- მე ვთქვი… უფრო სწორად, ერთმა პოეტმა თქვა ასე.

- და რა თქვა - გლოსოპს შვილი ყავსო?

მივხვდი, რომ თუ ახლავე ცხადს არ გავხდიდი სათქმელს, საკითხი კიდევ უფრო აიბურდებოდა.

- მისმინე, ვცდილობ, აგიხსნა, რომ გლოსოპი-ბავშვი იგივე ზრდასრული გლოსოპია და რა ნაკლიც ბავშვობაში ჰქონდა, იგივე გამოჰყვა მოწიფულობაშიც! რაა აქ გაუგებარი?  თუნდაც  „საქმის კაცში“  შეიარე და  იკითხე,  ბენტერა გლოსოპზე რას იტყვითო და წამსვე ჩამოგიფქვავენ ყველაფერს! იმ დღეს სწყევლიან, ეგ რომ კლუბის წევრად მიიღეს - ზოგს მაგის სიფათი არ მოსწონს, ზოგს ქცევა არ მოუდის თვალში, ზოგს - რა და ზოგს - რა, ოღონდ ერთსულოვნად კი იძახიან, ერთი ის ტიპი გაგვახსენა, ვინც მაგას რეკომენდაცია გაუწია და მერე ნახოს, რა დღეც დაადგებაო! თავიდანვე nolle prosequi უნდა მოგვეწყო მაგისთვისო…

აქ ცოტა ხნით ისევ მოვითქვი სული, წინაპრების სულებსაც შენდობა ვთხოვე და მერეღა გავაგრძელე ბენტერას თავზე ლაფის დასხმა:

- რამდენს ვიცნობ, ცხოვრებაში გაუთოებული ლამის არაფერი სცმია, მაგრამ არავის მათზე ცუდი არ დასცდენია, რამდენს უყვარს კარგი ჭამა-ყლაპვა, მაგრამ არავინ დასცინის, იმიტომ რომ იუმორის გრძნობაც აქვთ და ღირსებისაც, გლოსოპს კი არც ერთი გააჩნია და არც მეორე! გარეგნობითაც არ უქნია ღმერთს და არც ის შემიმჩნევია, ტვინი უჟონავდეს ყურებიდან… ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს ხეირიანად და სულ რაღაც სისულელეებს გაიძახის! მოკლედ, ღმერთია მოწმე, ვინმე გოგო თუ მაგასთან ჯვრის აყრამდე მოვა გონზე და ნიშნობას ჩაშლის, ორივე ხელით მივესალმები!

ისევ გავჩუმდი და მერხზე მხართეძოზე წამოწოლილი ანჯელას სახისაკენ გავაპარე მზერა. რაღაც არ გავდა, გავეშებული ძუ ვეფხივით მბდღვნოდა ყელში. არადა, რომელი მოითმენდა ამდენს საკუთარ ბოკვერზე?!

ამის გაფიქრებაღა მოვასწარი და თითქოს ცის ჩარდახი ჩამომექცა თავზე:

- მართალი ხარ. - თქვა და მძიმე-მძიმედ დამიქნია თავი.

- ?!

- სავსებით მართალი. თუმცა ახალი არც არაფერი გითქვამს.

- ე-ე…

- იშვიათი ეგზემპლარია, სიბრიყვის მხრივ.

ისეთ დღეში ჩავვარდი, ემანდ მალე რეანიმაციაში არ ამოვყო-მეთქი თავი, გავიფიქრე.

არა, როგორია?! ემზადები კაცი, ტვინს იჭყლეტ, გეგმებს ადგენ და უცებ - ეგეც შენ! ვიფიქრე, ფრჩხილებით სახე არ დამიკაწროს, ან რამე ასეთი - გააფთრებული ქალისაგან ყველაფერია მოსალოდნელი - ეგ კიდე აქეთ მიდგება გვერდში?! ღმერთმანი, აღარაფერი მესმოდა.

არა, რაღაც შეცდომა რომ დავუშვი, ეგ აშკარაზე აშკარა გახლდათ, ოღონდ სად და რა - აი, ეგ იყო ახლა საკითხავი.

ამასობაში ანჯელა მეტად ემოციურად ავითარებდა თეზისს გლოსოპის სიბრიყვესა და უნიათობაზე და თან ისეთი ხალისით, გას ფინკ-ნოთლის მონოლოგები ტრიტონების შესახებ მოგონილი იყო…

- ვერ წარმოიდგენ, რა მადლობელი ვარ შენი: ბოლოს და ბოლოს, ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, ვინც სიმართლეს შეხედა თვალებში! დედაჩემი მიმტკიცებს, „სასიამოვნო“ ყმაწვილიაო.  წარმოგიდგენია?  ერთი თვეც  ვერ გაძლებს მასთან ერთ ჭერქვეშ! ჭირვეულია, ჯიუტი, ყველას ყველაფერზე ეკამათება, მიედ-მოედება რაღაცეებს და უნდა, ყველა საკუთარ აზრზე მოიყვანოს! ბევრს ეწევა და არც თმის ფერი უვარგა, თუკი იმ რაღაც სამ ღერს შეიძლება „თმა“ უწოდო და ერთ-ორ წელიწადში ხომ საერთოდ გამელოტდება! ჭამით კი როგორ და რამდენს ჭამს - ჩემს მტერს! დაიჯერებ, ბერტი, ღამის პირველ საათზე მთელი ლანგარი ხორცის ღვეზლები შესანსლა, მანამდე კი - შენც იქ არ იყავი? - სადილზე ხომ პირი არ გაუჩერებია! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცი, რომელიც ზვიგენს ქორჭილასაგან ვერ ასხვავებს… ისე, რას ვუზივარ აქ და ვთათხავ ვიღაც ბენტერას? რა, საქმე არაფერი მაქვს?!

წამოხტა, კაბა შეისწორა და გულიანად დამემშვიდობა:

- აბა, კარგად, ბერტი! შენ რომ არ მყავდე…

ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და სახლისაკენ გაცუნცულდა. გაოგნებული დამტოვა

მარტო, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, არც მთლად ისეთ სიმარტოვეში დავრჩენილვარ - ორ წამს არ გაევლო, რომ ბუჩქები მისტერ გლოსოპის ახოვანმა სხეულმა გადმოქელა!

 

თავი 15

 

თვალები მოვწკურე: უკვე ბინდ-ბუნდი იდგა, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისი სინათლე იყო იმისთვის, რომ ბენტერას სახის გამომეტყველება გამერჩია და როგორც კი ეს მოვახერხე, წამსვე ვიაზრე - ჯობდა ამ მყარი, მძიმე, მუხის ხის მერხის სხვადასხვა მხარეს ვყოფილიყავით… და მეც წამში აღმოვჩნდი იქ, სადაც ჩემი ღრმა რწმენით, იმ წუთს უნდა ვყოფილიყავი.

უნდა გითხრათ, ამ ჩემმა ელვისებურმა მანევრმა მოწინააღმდეგე აშკარად დააბნია. იდგა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

- ახლა სადღა წამიხვალ! - წაისისინა და ცოტა გამიკვირდა კიდეც - აქამომდე მეგონა, ამ გამოთქმას მხოლოდ იდიოტურად გახმოვანებულ ფილმებში ანდა ყოვლად უვარგის თარგმანებში თუ გადააწყდებოდით, ნორმალური ხალხი კი ასე არასოდეს ლაპარაკობს-მეთქი, თუმცა ჩემს vis-‡-vis-ს ახლა ნორმალურისა არაფერი ეცხო… არა, იმის მტკიცებას ვერ მოვყვები, პირიდან ცეცხლს აფრქვევდა-მეთქი, მაგრამ თვალებიდან რომ მართლა აკვესებდა ნაპერწკლებს, ესეც პარანორმალურის სფეროს უფრო განეკუთვნებოდა…

- ახლა სადღა წამიხვალ! - გაიმეორა კარგად გაწვრთნილი თუთიყუშივით.

ვინც კარგად იცნობს ბერტრამ ვუსტერს, ისიც ეცოდინება, რომ საფრთხის დროს მყისიერად პოულობს ხოლმე გამოსავალს, და რაც მეტია საფრთხე, მით უფრო სწრაფად და აუღელვებლად მოქმედებს! ასე მაგალითად, კემბრიჯის ოქსფორდზე გამარჯვების აღნიშვნის ღამეს, როს კანონის მსახვრალი ხელი სწვდა ყელში, ვინ თუ არა ბ. ვუსტერმა მოიფიქრა და იუსტას კ. პლამსოულის სახელით გაატარებინა თავი ვაინ-სტრიტის საპოლიციო უბანში? ამით კი ვუსტერთა საგვარეულოსაც ააცილა გვარის შელახვის საფრთხე და თავადაც დაუსჯელი დაუძვრა მართლმსაჯულებას!

ასევე… თუმცა ზედმეტი ტრაბახი არ მჩვევია: ჩემი ნამსახურობის სია თავად მეტყველებს ამაზე - სამჯერ ჩამავლეს კანონდამცველებმა და არც ერთხელ - გესმით თქვენ - არც ერთხელ ვუსტერთა შთამომავლისათვის ჯერ განაჩენი არ გამოუტანიათ! სიმართლე თუ გინდათ, თუნდაც „საქმის კაცში“ მოიკითხეთ…

ახლაც, როცა ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, ხოლო საფრთხე განვლილი წამების ფარდად მატულობდა, არ დავბნეულვარ, გულიანად გავუღიმე და რაც შემეძლო, მტკიცე ხმით შევეხმიანე:

- ბენტერას გაუმარჯოს!

პასუხად რაღაც ღრენასავით მომესმა.

- დიდი ხანია აქა ხარ?

 - საკმარისად.

- კარგია. სწორედ შენს საძებრად მოვდიოდი.

- ბევრი სიარული აღარ დაგჭირდება. გამოდი მანდედან!

- მადლობა, მაგრამ აქ მირჩევნია. მიყვარს, რაღაც მყარსა და გამძლეს რომ ვეყრდნობი ხოლმე…

- ორ წამში ისეთი მყარი და გამძლე სასახლე დაგჭირდება, შენი მოწონებული… ან ორი ყავარჯენი მაინც.

წარბი ავზიდე. ეს კლასიკური მიმიკა, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩა სიბნელეში, მაგრამ ჟანრის კანონებს ვერ გადავუხვევდი.

- და ამას ამბობს ჰილდებრანდ გლოსოპი?

დამარწმუნა, ეგ ნამდვილად არ გეშლებაო და თუ რამე ეჭვი გღრღნის, შეგიძლია, უფრო ახლოს მოხვიდე და თავად დარწმუნდებიო.

ახლა მეორე წარბი ავზიდე.

- ეს გამქირდავი ინტონაციები არ მომწონს, გლოსოპ! რას გულისხმობ? ახლავე აგიხსნიო, ჩაიბურდღუნა და მერხის შემოვლა დაიწყო, შემპარავად.

ცხადია, რამდენზეც ის მოიწევდა ჩრდილოეთის მხრიდან - დასავლეთი მხრის შემოვლით - სამხრეთისაკენ, იმდენზევე მე ვიწევდი საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ამგვარი წონასწორობა ყოველ წამს შეიძლებოდა დარღვეულიყო.

- მისმინე, გლოსოპ! თუკი მთელი ეს ხანი ამ ჩირგვებში იჯექი, მგონი, ვხვდები, რა მცდარ დასკვნებსაც გამოიტანდი ჩემი და ანჯელას საუბრიდან…

- არ ვიცი, არ ვიცი…

- ნუთუ? კარგი, მოდი საკითხის ეთიკურ მხარეს შევეშვათ - რამდენად შეეფერება ინგლისელ ჯენტლმენს, ბუჩქებიდან დააყურადოს სხვების საუბარს - ბევრი პურისტი, როგორც მათ ჯივზი უწოდებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, თავს გადააქნევდა და ტუჩს აიბზუებდა შენს საქციელზე… კარგი, როგორც უკვე ვთქვი, ამას შევეშვათ, თუმცა არც ერთი ინგლისელი ჯენტლმენი…

- ინგლისელი არა ვარ!

- აბა, ვინა ხარ?!

- შოტლანდიელი.

- მთლად უარესი! ისე, სულ ეს საკითხი მაწუხებდა - რა განსხვავებაა ირლანდიურ ვისკისა და სკოჩს შორის?

მაგრამ საუბრის სხვა თემაზე გადატანის ამ  ჩემმა  მცდელობამ  სასურველი შედეგი ვერ გამოიღო - ეტყობა, ეს საკითხი იმდენად მტკივნეულია ნებისმიერი მთიელისთვის, რომ გლოსოპმა უცებ ისკუპა და სცადა, რაგბის ილეთით შევებოჭე. ოღონდ არც მე აღმოვჩნდი ჯაბანი, დავუსხლტი და ერთი ნახტომით გადავევლე მერხს (ისე, ამგვარ რამეს, სხვა ვითარებაში, ნაძლევზეც კი არ ვიკისრებდი). ბენტერამ ახლა საათის ისრის საწინააღმდეგო მხარეს იწყო მოძრაობა. შესაბამისად, მეც საპირისპირო გეზი ავიღე.

- მისმინე, გლოსოპ, სავსებით მესმის შენი, რაღა თქმა უნდა, უცები კაცისთვის მთელი ჩემი ნაუბარი მცირეოდნავ უცნაურად მოისმოდა, ალბათ…

- შენისთანა მოღალატე და ნამუსგარეცხილი კაცისაგან - სრულიადაც არა!

- ჩემო კარგო, - ვეუბნები, - დღეს რაღაც ვერა გცნობ!

რა, მართლა ვერ მიხვდი, რომ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო?!

სიტყვა „გეგმამ“ რატომღაც კიდევ უფრო გააღიზიანა და შეეცადა, ახლა მერხის იქიდან მწვდომოდა ყელში, მაგრამ დროზე გავხტი უკან. ვატყობდი, ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა - შევეცადე, რაც შეიძლებოდა გარკვევით და ლაკონიურად მომეთხრო ჩემს გეგმაზე; მოვუყევი, რა უცნაური დეპეშები მივიღე დეიდა დალიასაგან, როგორ ჩავხტი მანქანაში და მისი გულისათვის სარეკორდო დროში როგორ ჩამოვედი ბრინკლი-ქოურთში, როგორ შევადგინე გეგმა და…

- ერთი სიტყვაც კი არა მჯერა შენი!  -  შემაწყვეტინა.  -  დაიცა,  დამაცა… და აი აქ, ჩემდა საბედნიეროდ, ერთი რამ შევამჩნიე: მართალია, ანჯელა

ყველაფერს იგონებდა - ბენტერა არც სქელო იყო და არც უნიათო - ზამთარ-

ზაფხულ ან ფეხბურთს თამაშობდა, ან ჩოგბურთს, მაგრამ რაკი გადაწყვიტა, საკუჭნაოში გუშინდელი გაუგებრობის მერე, დასაკარგი მაინც აღარაფერი მაქვსო, მიდგა და სადილზე, ანატოლის გულის გასახარად, რაც რამ იყო, მოუსუფთავებელი არაფერი დაუტოვებია. ანატოლის დამზადებული კერძების ასე დაურიდებლად მირთმევა  კი მსოფლიო  ჩემპიონსაც  მოუქნელ ბოყვერად აქცევდა!

ჩემდა გასახარად, სწორედ ასე ემართებოდა ახლა ბენტერას და ზეცას მადლობას ვწირავდი ამგვარი შეწევნისათვის…

- შენი ვერაფერი გამიგია, - ვეუბნები, თან სულს ძლივს ვითქვამ, - რა ბზიკმა გიკბინა? ყოველთვის გულითადი ურთიერთობა გვქონდა, თუ იმ ეპიზოდს არ ჩავთვლით, სმოკინგიანად რომ მაყურყუმელავე აუზში. თუმცა ვინც ძველს გაიხსენებს… და საერთოდ, რაში უნდა დამჭირვებოდა შენი ლანძღვა-თათხვა? რა ხეირი?

 - აუ-უ, რა ხარ! - ამოიგმინასავით და ისე აცახცახდა, როგორც გასის ტრიტონებს ემართებათ მდედრის დანახვაზე. - ვითომ ვერ ვხვდებოდე, ანჯელას რომ ეკურკურები!

- რაო?!

ღმერთმანი, ყბა ჩამომივარდა და ერთხანს ვიდექი ასე, პირდაფჩენილი. ამისთანა სისულელე მეორე არ გამეგონა ცხოვრებაში! როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი დეიდაშვილის შეყვარება, რომელსაც ფეხის ადგმიდანვე იცნობ? თანაც, როგორც ვიცი, დეიდაშვილზე დაქორწინება დაუშვებელია… თუ - დეიდაზე?

- შე მართლა ბენტერა, შენა! - ვეუბნები. - თავი ხო არ მიგირტყია რაიმესთვის?!

- რაო ვითომ? არ მითხრა ახლა, მართალი არააო!

- დაიცა, შენ რა, ამ ბოლო დროს თამბაქოს მოწევა ბანგის ჭამაზე გადაცვალე?

- აბა, ფეხები რო ქონდა შენს მუხლებზე შემოწყობილი?

- ბალახი იყო სველი და ნატის ფეხსაცმლის გაფუჭებისა ეშინოდა, შე თავგასიებულო!

- არა მჯერა. და არც კამათს ვაპირებ. თავად არ მითხარი, ერთად ვბანაობდით ღამღამობით, მთვარის შუქზეო…

- ვაი შენს პატრონს!

- დაიცა, ერთი ხელი ჩაგავლო და მერე… არა, ეს ამდენი მერხი ვინ რეგვენმა ჩამოამწკრივა ბაღში?! ვის რა ჩემ ფეხებად სჭირდება? - იკითხა ყასიდად და სულმობრუნებულმა, ჩემი გამოჭერის ცდები ისევ განაახლა.

აკი გითხარით, შეჭირვების ჟამს ბერტრამ ვუსტერს ტოლი არა ჰყავს გამოსავლის მოძებნაში-მეთქი და უცებ ბასეტთან ჩვენი გაუგებრობის ამბავი გამახსენდა - ეგ იყო სწორედ ჩემი ხსნის ერთადერთი საშუალება!

- რანაირად შეიძლება ანჯელას, როგორცა თქვი, „ვეკურკურებოდე“, როცა 24

საათი არ იქნება გასული, რაც ხელი სხვას ვთხოვე?!

გაშრა. ადგილზევე გაიყინა. საკუთარი ღრენა გაეჩხირა ყელში.

- მართალს ამბობ?

- რაზეც გინდა, შემოგფიცავ.

- ვინაა?

- ბენტერ, ასეთ შეკითხვაზე ჯენტლმენი პასუხს ვერ გაგცემს…

- ისე გამცემს, როგორც დაგიბარებია! თუკი არ უნდა, რომ ამ ღამით თავშეხვეულმა დაიძინოს.

მივხვდი, ასე იოლად ვერ მოვიშორებდი თავიდან.

- მედლინ ბასეტი, - ვეუბნები.

- ვინა, ეგ კაბაჩამოცმული საშინელება? მაგას სთხოვე, ცოლად გამომყევიო?!

- აბა, ეგ რა ლაპარაკია, გლოსოპ!

- ამისთანა ტყუილზე რატომ უარესი არაფერი მომდის თავში!

აშკარად საჭირო იყო დროებითი პოზიციების გამაგრება და მეც ვა-ბანკს ჩავედი:

- გლოსოპ, გინდ დაიჯერე და გინდ არა, ოღონდ გემუდარები, არავისთან დაგცდეს! საქმე ისაა, რომ უარი მითხრა.

- ვინა, იმ დაფსტვენილმა?

- მანქანის ძრავასავით გაჭედა. აქვე, ამ ბაღში. 24 საათის წინ.

- ამ ბაღში, ოცდაოთხი საათის…

- ან იქნებ 25 საათი იყო, რა ვიცი… ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ მე ვერაფრით ვიქნებოდი ის არარსებული პიროვნება, ვინც თურმე ანჯელა დაგაწერა.

ამჯერად ჩემმა სიტყვებმა გაჭრა - გახელებული მზერა ჩაუქრა, ხელები ჩამოეშვა და ახლა ცოტათი დაბნეულიც კი ჩანდა. შვებით ამოვისუნთქე, გულის ჯიბიდან სიგარეტი დავაძრე და აკანკალებული ხელით ვცდილობდი, მომეკიდებინა.

- შემდეგში, - მომესმა ყრუ, დაგუდული ხმა, - შენი უგვანი გეგმების არაფერი გამაგონო, თორემ…

- როგორც შენ იტყვი, გლოსოპ.

- სწორედ ასე ვიტყვი. და კარგად დაიხსომე.

ახლა ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც რომელიღაც რომანის გმირს, რომელსაც შეყვარებულმა უარი სტკიცა და გადაწყვიტა, დანის ამარა წასულიყო დათვებზე სანადიროდ… სადღაც, გულის კუნჭულში, შემეცოდა კიდეც.

- მისმინე, ბენტერ, შენ ალბათ არც იცი, რას ნიშნავს au pied la lettre, მაგრამ უნდა გითხრა, შენ ადგილას ანჯელას ნალაპარაკევს ასეთ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი.

- აბა, რას მივანიჭო?

 ამოვიოხრე, ღრმად.

- იმის თქმა მინდა, რომ პირდაპირ არ უნდა გაიგო ხოლმე მათი ნათქვამი! ცხადზე ცხადია, მიხვდა, რომ ბუჩქებიდან გვითვალთვალებდი და გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა შენთვის…

- ჩემთვის ესწავლებინა ჭკუა?

- სწორედაც რომ.

ცხენივით ჩაიფრუტუნა და მივხვდი, მთლად სწორი გამოთქმა ვერ შევარჩიე საკუთარი აზრის გამოსახატავად. ის იყო გავიფიქრე, ვაითუ მეორე წრეზე მომიწიოს სირბილი-მეთქი, რომ ბილიკზე ჩემი მხსნელი გამოჩნდა.

როგორც ყოველთვის, ანჯელას ამჯერადაც უმანკო ანგელოზის გამომეტყველება ედო სახეზე, ხელში კი სენდვიჩებით გაძეძგილი მოზრდილი ლანგარი ეჭირა.

- თუკი სადმე მისტერ გლოსოპს გადაეყარო, ბერტი, - განაზებული ხმითა და მინაბული თვალებით განმიცხადა, თან მზერა არც კი შეუჩერებია ბენტერაზე, ვითომდა რაღაც უხერხემლო გაზისებრთა წარმომადგენელი ყოფილიყო, - ეს გადაეცი, წაიხემსოს. ძალიან ვნერვიულობ, მთელი საათია ლუკმა არ ჩასვლია პირში და ვაითუ ბნედა მოუვიდეს… აგერ დავდებ, მერხზე.

თქვა და ნარნარი ნაბიჯით გაგვშორდა. რა თქმა უნდა, წამიც არ დამიხანებია და კუდში ავედევნე. როგორც კი მოსახვევს გავცდით, უკნიდან ფაიფურის მსხვრევა- მტვრევის ხმა და რაღაც გაურკვეველი სიტყვების ნაკადი წამოგვეწია.

- რა საამო, წყნარი საღამოა, - სიტყვა დააგდო ანჯელამ.

 

თავი 16

 

მეორე დილას  რომ  გამომეღვიძა,  მზე უკვე მთელ ბრინკლი-ქოურთს  აცხუნებდა და სუროს ხვიარებზე ჩამომსხდარი ჩიტებიც  მხიარულად  ჭიკჭიკებდნენ,  ოღონდ მე არც ეს მზიანი დღის დადგომა მახარებდა და არც ფრინველთა გალობა მითბობდა გულს - ბერტრამ ვუსტერს მშვენივრად ესმოდა, რომ ხელი მოეცარა და მთელ ამ კასრ კუპრში თუნდაც ერთი კოვზი თაფლის პოვნაც კი გაჭირდებოდა: ბენტერასა და ანჯელას ურთიერთობა იმგვარ ჩიხში იყო შესული, ახლა არიადნეს ძაფიც ვეღარ უშველიდა საქმეს.

შესაბამისად, გადავწყვიტე, დროებით მაინც შევშვებოდი მაგათ პრობლემას და მთელი ყურადღება ახლა გასის ამბავზე გადამეტანა: მართალია, ჯივზის საარაკო სიჯიუტემ გარკვეული სირთულეები შემიქმნა, მაგრამ როდის იყო, ვუსტერებს სიძნელეები აფრთხობდათ? ჯინი წინა საღამოსვე მოვიმარაგე, ისიც დავაზუსტე, რომ ფორთოხლისწვენიანი ჭიქა ზუსტად პირველ საათზე დაიდგმებოდა მაგიდაზე და ახლა ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა.

დილის ჩაისსმას მოვრჩი, მერე ერთი საათი კიდევ წავუძინე - მოგეხსენებათ, ყველა დიდ ადამიანს სჩვეოდა თვალის მოტყუება, ვიდრე საქვეყნო საქმეებს შეუდგებოდა - მერე კი ბაღში გავედი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. გავედი და რას ვხედავ? ამაზე მკაფიო დასტურს, რომ გას ფინკ-ნოთლს სასწრაფოდ სჭირდებოდა შეჯანჯღარება, კაცი ვერ მოიფიქრებდა: თავად გასი იდგა იქ, შუა მდელოზე და იფიქრებდით, საცაა კავარადოსის არიას დასცხებსო! მოკლედ, საბრალო იდგა და ერთთავად ამას ბუტბუტებდა: არავითარი გრძელ-გრძელი მონოლოგების წარმომთქმელი მე არა ვარ, ოღონდ არც ის ძალმიძს, ორიოდ სიტყვით მაინც არ გამოვეხმაურო იმგვარ ღირსშესანიშნავ მოვლენას, როგორიცაა…

- დილა მშვიდობისა! - ვეუბნები, როგორც კი ვიგრძენი, რომ გაიჭედა. - ზღაპარი ამინდი დაგვიდგა, რას იტყვი?

არა, თუნდაც რომ ადრე ვერაფერი შემემჩნია მის სულიერ მდგომარეობაზე, მას მერე მაინც ამეხილებოდა თვალი, რაც იმან ყოველ ახალ დღესა და ზოგადად კარგ ამინდებზე გამაცნო საკუთარი აზრი.

- კარგი ახლა, რა დაგემართა? აი, მე კი მშვენიერი ახალი ამბები ვიცი! შეკრთა და რაღაც მიუსაფარივით გამომხედა:

- რა, სნოუდსბერის სკოლას ცეცხლი გაუჩნდა? მართალი გითხრათ, ცოტა ავიმრიზე.

- ე-ე… ვერ მოგართვეს.

- აბა, ყივანახველა მოედო ქალაქს? ბავშვებში წითელა მძვინვარებს? სკოლაში კარანტინია გამოცხადებული?

- არაფერი მაგის მაგვარი!

- აბა, საიდან მოიტანე, მშვენიერი ამბებიაო?

სასწრაფოდ სჭირდება შველა, სანამ სულ არ გაუფრენია-მეთქი, გავიფიქრე.

- ბოლოს და ბოლოს, ეს ჯილდოების გადაცემა რა გაგიხდა ამისთანა?

- რა გამიხდა? მე რა გამიხდა?! დღედაღამე იმაზე ვფიქრობ, რა უნდა ვუთხრა იმათ-მეთქი და ამ ერთადერთი წინადადების გარდა თავში არაფერი მომდის:

„გრძელ-გრძელი მონოლოგების წარმოთქმას არ ვაპირებ, ოღონდ…“ - ეგაა სულ! დაგენიძლავები, ამაზე მოკლე სიტყვა ლაკონიკის მეფეებსაც არ წარმოუთქვამთ! არა, გეკითხები, რაზე უნდა ვილაპარაკო?

დავფიქრდი. ვითარება მართლაც მძიმდებოდა. უცებ ერთი ფრაზა ამომიტივტივდა მეხსიერებაში:

- უნდა უთხრა: მონაწილეობაა მთავარი და არა გამარჯვება!

- ვითომ რატომ?

- მე რა ვიცი! კარგად ჟღერს და საერთოდ…

- მე სხვა რამეს გეკითხები: რატომ არაა გამარჯვება მთავარი?

- რატომ - არ ვიცი, მაგრამ ყველა გამოჩენილი სპორტსმენი საკუთარი კარიერის დასრულების მერე სულ ამას გაიძახოდა ხოლმე.

- და რატომ მერე?

- ალბათ, იმიტომ, რომ დამარცხებულმა ძაან ცუდად აღარ იგრძნოს თავი.

- დამარცხებულები მე რაში მადარდებს? იმათი დარდი მკლავს, ვინც სცენაზე გამოვა და ჯილდოები უნდა გადავცე… რომ ამირიონ ყველაფერი?

- არ აგირევენ.

- შენ რა იცი? იქნებადა ერთი სული აქვთ… დაიცა, იცი, რას გეტყვი, მგონი, ერთი- ორი ჭიქის გადახუხვა არ მაწყენდა!

ჩამეღიმა. კვერცხი ქათამს ასწავლიდა ჭკუასო…

- ბერტი, გახსოვს სკოლაში გენერალ-მაიორი სერ უილფრიდ ბოშერი რომ გვესტუმრა?

მაგას რა დამავიწყებდა!

 - სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი, საზოგადოების წინაშე დამსახურებული კაცი გვესტუმრა დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენთვის საჩუქრების გადმოსაცემად და ძირს დავარდნილი წიგნის ასაღებად რომ დაიხარა, უკანალზე შარვალი გადაუსკდა! ღმერთო, რა ამბავში ვიყავით - იმის მაგივრად, რომ არ შეგვემჩნია და ვითომც აქ არაფერიო, ჩვენ-ჩვენი კუთვნილი ჯილდო მიგვეღო, რა სტვენა- ყვირილი მოვრთეთ! რა დღეში ჩავაგდეთ ის თმაშევერცხლილი კაცი! გეუბნები, ბერტი, ღმერთი დამსჯის და მეც იგივე მომივა!

- არ მოგივა! შენი შარვალი ლონდონის საუკეთესო თერძის შეკერილია…

- და რა მერე? სერ უილფრიდს რა ბარძაყგამონაცვალი ეცვა?! ღვთის ნებისთვის ეგ რომელი დაუძლეველი წინაღობაა? შენ კიდე გაიძახი, კარგი ამბები მოგიტანეო… აი, უკლებლივ ყველა მოწაფეს რომ შავი ჭირი შეყროდა, ეგ იქნებოდა კარგი ამბავი!

უკვე მართლა გაერეკა, ნამდვილად.

- რომ გითხარი, კარგი ამბები

მაქვს შენთვის-მეთქი, მედლინ ბასეტს ვგულისხმობდი.

- იტყვი რაღა… მაგ მხრივ არაფერი მეჭყანება. მორჩა ეგ ამბავი.

- ცდები, ჩემო კარგო, მაგრა გეშლება, - ვეუბნები. - ერთიც სცადე და იმასაც ვნახავთ, რომელი ვართ მართალი.

და მოკლედ მოვუყევი, რაც გადამხდა თავს წინა საღამოს.

- ახლა ისღა დაგრჩენია, კიდევ ერთი შეხვედრა დაუნიშნო. თვითონ ჩამოგეკიდება კისერზე.

თავი გადაიქნია უსასოოდ.

- მაინც არაფერი გამოვა.

- რა არ გამოვა?! აკი გითხარი…

- მნიშვნელობა არა აქვს, რა მითხარი. იქნებ ვუყვარდი კიდეც, მაგრამ გუშინ მოთავდა ყველაფერი.

- ნუ იგონებ რაღაცას! არაფერიც არ მოთავებულა. ახლა სწორედ იმას ელოდება, მეორეჯერაც სცადო ბედი.

- კი, როგორ არა… ვცადო და ისევ ჩავისვარო?! რა ვქნა, ბერტი, ეგეთი დავიბადე, ჭიანჭველასაც ვერ დავადგამ ფეხს!

- ახლა ჭიანჭველებზე მატირე! ვინ გთხოვს მერე? და საერთოდ, მწერები აქ რა შუაშია? გეუბნები…

 - სულ ტყუილად მეუბნები, ბერტი. მივალ და ისევ ჩემდა უნებურად ტრიტონებზე ან რაღაც ეგეთებზე დავუწყებ ლაპარაკს! რა აზრი აქვს? მორჩა. გათავდა. ახლა წადი, თავი დამანებე, ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე წარმოსათქმელი სიტყვა უნდა მოვიფიქრო… თუმცა რა, ორი დღეა, ვერაფერი მომიფიქრებია და ახლა რა მუზა მომივა? რამე ანეკდოტი მაინც მომიყევი, იქნებ გამომადგეს…

- ის იცი, ტიპი რო ხვრინავს და მეზობლებს ძილს უფრთხობს და…

- გაიხარე! და გინდა, ეგ ანეკდოტი მოვუყვე ბავშვებს, რომელთა ერთ ნახევარს, ალბათ, ადენოიდები აქვს, მეორე ნახევარს კი - გლანდები?! კვერცხებს დამიშენენ, ბერტი! მოკლედ, წადი ახლა, თავი გამანებე… ბატონებო და ქალბატონებო! გრძელ-გრძელი მონოლოგების წარმოთქმა არ მჩვევია, ოღონდ ერთი ის კი უნდა გითხრათ, რომ…

კიდევ კარგი, გეგმა უკვე მზად მქონდა და მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, ასამუშავებელი მექანიზმის მოქმედებაში მოყვანაღა იყო საჭირო!

არ დაგიმალავთ, აქამდე იმედი მიჭიატებდა - მედლინ ბასეტის გულისნადებს რომ გავუმხელ, სპირტიანი სასმელების ფარულ იარაღად გამოყენება იქნებ აღარც დამჭირდეს-მეთქი, მაგრამ ახლა ნათელი იყო, რომ მკაცრი და ხისტი ზომების მიღების გარეშე აქ ფონს ვერ გავიდოდით - საბრალო სულიერად გამტყდარიყო! მეც პირდაპირ სამზარეულოსკენ დავაღირე თავი, შევიცადე, სანამ სასმელების კარადა მთლად უმეთვალყურეოდ დარჩებოდა და გასისათვის გათვალისწინებული ფორთოხლისწვენიანი ჭიქა ციმციმ ავარბენინე ჩემთან ოთახში.

ჯივზი ჩემს ახალდაუთოებულ ტანსაცმელს კეცავდა. ისე გამომხედა, რომ (როგორც შემდგომ აღმოჩნდა, სრულიად მცდარად) წამსვე კრიტიკულ გამოხედვად შევაფასე და გადავწყვიტე, გოჯი არ დამეთმო - თავაწეული დავხვედროდი ყოველგვარ შემოტევას:

- რაო, ჯივზ, რა მინდაო?

- რა ბრძანეთ, სერ?

- ისეთი სახე გაქვს, თითქოს საკუთარი უარყოფითი აზრის გამოთქმას აპირებდე.

- არავითარ შემთხვევაში, სერ. მხოლოდ იმას მივაქციე ყურადღება, რომ ფორთოხლის წვენი გისხიათ ჭიქაში და მინდოდა მეთქვა…

- ჯობია, არ ქნა ეს, ჯივზ.

- …რომ მაგაზე უკვე ვიზრუნე-მეთქი, სერ.

- ?!

- გარკვეული განსჯის შემდგომ დავასკვენი, რომ სავსებით მართალი იყავით, სერ. უნდა გითხრათ, სულით ხორცამდე შემძრა მისმა ამგვარმა აღიარებამ.

 - უნდა ითქვას, სამაგალითო მოპაექრე ხარ, ჯივზ.

- გმადლობთ, სერ.

- ცოტა ვინმეა, საკუთარ შეცდომებს აღიარებდეს, ჯივზ.

- თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, სერ.

- და მაინც, გადაწყვეტილება რამ შეგაცვლევინა, ჯივზ?

- ბაღში მისტერ ფინკ-ნოთლს გადავეყარე, სერ. მცირე ხანს ვისაუბრეთ და მისი ამჟამინდელი ცხოვრებისეული პოზიცია ყოვლად მიუღებლად მეჩვენა, სერ.

თავი დავუქნიე. ახლა გასაგები იყო ყველაფერი.

- ძაან დათრგუნული გამოიყურებოდა, ჯივზ?

- მეტი რომ აღარ შეიძლება, სერ.

- უთხარი რამე?

- შევეცადე, ქედუხრელობის ისტორიული მაგალითებით გამემხნევებინა, სერ.

- მერე, გაჭრა?

- არანაირად, სერ.

- გასაგებია… მოკლედ, რამდენი ჯინი ჩაუშვი ჭიქაში?

- ერთი გაპიპინებული სირჩა, სერ.

- ფიქრობ, საკმარისია ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ზრდასრული კაცისთვის?

- ვფიქრობ, რომ კი, სერ.

- მოდი ნუ დავწვრილმანდებით, ჯივზ. ერთიც დავუმატოთ.

- არ გირჩევდით, სერ. ლორდ ბრანკასტერის თუთიყუში, სერ…

- კარგი რა, ჯივზ! რამდენჯერ გაგიმეორო: სად თუთიყუში, თუნდაც მოლაპარაკე და სად - გას ფინკ-ნოთლი?! ერთიც, ერთიც მივუშვათ, ჯივზ!

- ბატონი ბრძანდებით, სერ.

- და სხვათა შორის, შესაფერისი ანეკდოტის შეშველებაც არ აწყენდა… იცი რამე ეგეთი?

- ორ ირლანდიელზე, სერ?

- პეტზე და მაიკზე, პიკადილიზე რომ დაბორიალობენ?

 - სწორედ ეგ, სერ.

- გამოდგება. აბა, მიდი და გაახარე ის საცოდავი, მე კიდე ამასობაში… როგორც სჩვეოდა, აორთქლდასავით.

მათარა ამოვიღე, ხრახნიანი სარქველი მოვხსენი და დაუნანებლად ჩავასხი ჯინი ფორთოხლის წვენში. სწორედ ამ დროს კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა. მათარა ბალიშის ქვეშ შევტენე, ჭიქა კი ბიძია თომას პორტრეტის უკან მივმალე. ბეწვზე მოვასწარი - კარი გაიღო და ოთახში გასი შემოჯლიგინდა.

- ბერტს გაუმარ-ჯოს! არ ვარგა - გაუმარ-ჯოოს!! აი, ასე… როგორც გვიმტკიცებენ, ცხოვრება მშვენიერია!

გაშტერებული მივაჩერდი. ვუსტერების შთამომავლის თვალს რა გამოეპარებოდა და წამსვე მივხვდი, აქ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო: თუ გახსოვთ, მხოლოდ ჩემთვის ჩვეული ოსტატობით დაგიხატეთ გასის მდგომარეობა, როცა ბაღში, მდელოზე ვიდექით და ვსაუბრობდით, ახლა კი - არაფერი ამის მაგვარი! სულ სხვა გას ფინკ-ნოთლი იდგა ჩემ წინ: წელში გამართული, თვითდაჯერებული, ცხოვრებას მოწყურებული, ჯან-ღონით სავსე, მოღიმარი ახალგაზრდა კაცი! თან ერთი ისეთი მომიტყაპუნა ხელი მხარზე, მეგონა, დათვმა დამტორა-მეთქი! არაა, ასეთი მეტამორფოზები ისე, უბრალოდ არ ხდება…

- შენი პირით თვით ჭეშმარიტება ღაღადებდა, ბერტი! დაგიჯერე და ხომ ხედავ, სულ სხვა ვინმე ვარ! ან აქამდე რატომ არ…

- დაიცა, - ვეუბნები, - რა მოხდა ამისთანა? გადაკრულში ხარ?!

- სწორედაც რომ! მაგარი უგემური რამე კი იყო, ქინაქინაზე მწარე… თან გაწყურებს და ყელსაც გწვავს… რა გასმევთ მაგას ყოველდღე! ოღონდ სისხლს რომ ადუღებს ძარღვებში - ეგ ეგრეა, წყალი არ გაუვა! თითქოს ხელახლა დავიბადეო! ვეფხვს კუდით დავიჭერ, თუ დამჭირდა!

- ეგეთი რა მიირთვი?

- ვისკი. ნაღდი შოტლანდიური… აბა, დეიდაშენი ბოთლებს ხომ არ აურევდა! გეკადრებათ?! თუკი აწერია - ვისკი - ე. ი. ვისკია, მორჩა და გათავდა!

- სწორად მოქცეულხარ, გას. ვისკი და სოდიანი წყალი - საუკეთესო არჩევანია…

- ე-ეე… რიანიო? სოდა რაღად მინდოდა? კუჭში კი არ მძმარავს…

- დაიცა, რა, არც კი გააზავე?

- აზრადაც არ მომსვლია! და საერთოდ, კეთილშობილი სასმელის რაღაცაში არევა… არ ვიცი, არ ვიცი.

- რამდენი ყლურწე?

 - რა ვიცი… ვიცი? არ ვიცი… ასე, ხუთი-ექვსი ყლუპი. ან - ათი-თორმეტი… რა მახსოვს! როგორც მაცხოვარი იტყოდა, მწყურის!

პირსაბანს ეცა და პირდაპირ ონკანს შეუშვირა ხახა.

ბიძია თომას პორტრეტისაკენ გავაპარე თვალი და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ მთლიანად ფარავდა ჯინნარევ ფორთოხლისწვენიან ჭიქას - ეგ რომ არა, გასს ხელიდან ვერ გამოსტაცებდი და მერე გენახათ, რა ვაიუბედურებაც დატრიალდებოდა!

- ცოტა გეშველა? - ვეკითხები.

ის კიდე ცქვიტად მომიტრიალდა და კიდევ ერთხელ მიპირებდა მხარზე ხელის დაკვრას, მაგრამ ამჯერად მზად დავუხვდი - დავყვინე და წონასწორობადაკარგული, ისიც ლოგინზე დაეძნეყვა.

- რა მკითხე? თუ მეშველაო? მეშველა კი არა, თუ გინდა, სამ საჯარო სიტყვას ერთად წარმოვთქვამ, ორ ვეფხვს დავიჭერ კუდით და რა ვიცი! თუ გინდა, კიდევ რამე…

- არ მინდა, - ვეუბნები, - ეგეც სავსებით საკმარისია.

- არა, მაინც როგორია, ჰა? იმაზე იგლეჯდე ნერვებს, რომელიღაც პროვინციული სკოლის ვიღაც ცინგლიან მოწაფეებს ჯილდოები უნდა გადავცეო… ნორმალურია ახლა ეს? შენ გეკითხები!

პასუხს, რაღა თქმა უნდა, არც დაუცადა და თავისი გააგრძელა:

- რაღა თქმა უნდა, არა! ავხტები სცენაზე, ერთ-ორ სიტყვას დავაგდებ, მერე იმ ხისთავიანებს იმ რაღაც ჯილდოებსაც ჩამოვურიგებ და - მორჩა! ხალხიც კმაყოფილი დამირჩება… რა გარღვეული შარვალი, რის ღვთის ნება! და საერთოდ, როდისმე თუ გამრღვევია შარვალი?! არც არასოდეს! არადა, ხომ ვნერვიულობდი? ფაქტია, ვნერვიულობდი და ძაანაც ვნერვიულობდი… საქმეა ახლა ეს? ერთი ეს მითხარი, ბერტი, რამდენი ხანია მე და შენ ვმეგობრობთ?

- ათი-თორმეტი წელი იქნება…

- არა, წარმოგიდგენია?! მთელი ათი წელი! და იქნებ კიდე ორიც… და ხომ იყო დრო, როცა ერთმანეთს არც კი ვიცნობდით? ფაქტია, არ ვიცნობდით… წარმოუდგენელი ამბავია!

უცბად საუზმის მაუწყებელმა ზარმა ჩამოჰკრა. რწყილივით წამოხტა ლოგინიდან და სახეგაბრწყინებული, ერთი ნახტომით გაშპა გარეთ. მეც უკან მივყევი, ოღონდ ფეხათრევით და მცირეოდნავ შეჩქვიფებული. თუ გახსოვთ, სწორედ ეს მქონდა აზრად - გასისთვის, ასე ვთქვათ, სისხლი ამემოძრავებინა ძარღვებში, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო… ვაითუ, საერთოდ აეშვა თავი და მერე მეყოლე ვარდივით!

საბედნიეროდ, სუფრასთან ისეთი სამგლოვიარო განწყობა სუფევდა, გასსაც კი წაუხდინა ცოტათი ხასიათი. ბასეტს აკი დასევდიანებული გულების სიმრავლეზე ველაპარაკებოდი, მაგრამ ეს უკვე დაძმარებული კუჭების შემოსევას უფრო წააგავდა: როგორც გამოირკვა, იპოქონდრიის მწვავე შეტევით ლოგინად ჩავარდნილ მესიე ანატოლის თითი თითზე არ დაუკარებია, მთელი საუზმე კი იმ მრეცხავ გოგოს დაუმზადებია, რომელიც, ეტყობა, ტაფას ქვაბისაგან ვერ ასხვავებდა…

ჩვენს თავს დამტყდარმა ამ მორიგმა უბედურებამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ყველა იქ მსხდომზე, რომ ხმასაც კი აღარავინ იღებდა. ერთი პირობა, გასმა სცადა რაღაც წაეღიღინასავით, მაგრამ, რომ არავინ აჰყვა, ისიც კი მიხვდა რაღაცას და დადუმდა.

ამ ტანჯვა-წამებას რომ მოვრჩით, დეიდა დალიამ სიტყვა დაგვიგდო, არაუგვიანეს ოთხის ნახევრისა უკლებლივ ყველანი სნოუდსბერიში იყავით სათანადოდ გამოწყობილნიო და დავიშალეთ. მე ღერი სიგარეტის გაბოლება ვინდომე ბაღში, ცოტაც სუფთა ჰაერზე ვისეირნე და მხოლოდ მაგის მერე ავედი ჩემსას. ჯივზი ცილინდრს მიპრიალებდა და შევედი თუ არა, მახარა, მისტერ ფინკ-ნოთლი კი გელოდათ, მაგრამ მოთმინება აღარ ეყო და სულ ახლახან წავიდაო.

- კარგი ერთი… ჩემს ოთახში იყო?

- ნამდვილად, სერ. მე რომ გაწმენდილი ტანსაცმელი ამოგიტანეთ, ის უკვე აქ ბრძანდებოდა, სერ.

- ანეკდოტი თუ მოუყევი, ირლანდილებზე?

- დიახ, სერ. უნდა გითხრათ, ბევრი იცინა, სერ.

- რამე კიდევ?

- ვურჩიე, როცა ახალგაზრდა ჯენტლმენებს მიმართავთ, შეახსენეთ, რომ სწავლა ნათელია, უსწავლელობა კი - ბნელეთი. ცხონებულ ლორდ ბრანკასტერს ძალზე უყვარდა მოწაფეებისთვის ჯილდოების გადაცემა და მუდამ ამ ფრაზას იმეორებდა ხოლმე.

- და გასმა, რაო?

- კვლავაც ბევრი იცინა, სერ.

- მერედა, უცნაური არ გეჩვენა ეს მისი წრეგადასული მხიარულება?

- მცირეოდნავ, სერ.

- და ვერც მიზეზს ჩახვდი?

- უნდა გამოგიტყდეთ, სერ…

- მთვრალია ეგ, ალკოჰოლმა აასხა ტვინში!

 - ნუთუ, სერ? როდისღა მოასწრო?

- გეუბნები, გადაიწვა კაცი. იმდენი ინერვიულა, დეიდაჩემის ბარს მიადგა და განუზავებელი ვისკი უხუხია. თანაც ბლომად. კიდე კარგი, იმ ჩვენს ფორთოხლის წვენს რომ არ…

- ეგ კი ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, სერ.

- ვერ გავიგე, ჯივზ?

- ჭიქა რომ დაგიცლიათ, სერ.

ბიძია თომას პორტრეტი დაცურებულიყო და მის უკან ცარიელი ჭიქა მოჩანდა.

- დაიცა, ეს რა - შენ არ გიქნია?!

- არავითარ შემთხვევაში, სერ. მე რომ შემოვედი, ეგ ჭიქა უკვე ცარიელი დამხვდა და ამიტომაც ვიფიქრე…

ერთმანეთს მივაჩერდით. ძნელი მისახვედრი არ იყო, რაზე ვფიქრობდით ორივენი.

- ვშიშობ, ჯივზ…

- მეც ასევე, სერ.

- ფაქტები ჯიუტი რამაა, ჯივზ. ჭიქა ბუხრის თაროზე იდგა, გასმა კი დაიჩივლა კიდეც, წყურვილი მახრჩობსო… ორს მივუმატოთ ორი და გამოვა, რომ გას ფინკ- ნოთლის ხახაში ჯინი ვისკის მიჰყვა და ახლა… ცუდი ამბავი დაგვემართა, ჯივზ.

- ნამდვილად, სერ, უაღრესად…

- დაიცა, ჯივზ. მოდი ჯერ დავაჯამოთ: რა თქვი, რამდენი ჩავუსხიო?

- ერთი სირჩა, სერ.

- ორი მაგდენი მეც მივაყოლე… ბარში რამდენი დალია, მაგას ვინღა ჩივის… და ახლა რაღა? სულ ათიოდ წუთში გას ფინკ-ნოთლი სნოუდსბერის დაწყებით სკოლაში შეეცდება - ვამბობ, შეეცდება-მეთქი - ბავშვებს ჯილდოები გადასცეს და სიტყვაც წარმოთქვას საგრაფოს ნაღები საზოგადოების წინაშე…

- ვფიქრობ, ამ სანახაობის გამოტოვება არ ივარგებს, სერ. ვერ გაგვიგებენ…

- სავსებით მართალი ხარ, ჯივზ. და შენი პროგნოზი?

- ამჯერად წარმოსახვა მღალატობს, სერ.

ჩემს წარმოსახვას მოვუხმე. სამწუხაროდ, ღალატი გადამდები დაავადება აღმოჩნდა.

 

თავი 17

 

- რამე რო იყოს, ჯივზ, - ვეუბნები, თან მანქანის საჭეს ვატრიალებ მარჯვნივ- მარცხნივ, - ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე.

ჩვენი ბოლო საუბრიდან სულ რაღაც 20-25 წუთი თუ იქნებოდა გასული, ჩემს ორადგილიან „ასტონ მარტინში“ ვისხედით და გეზი სნოუდსბერის დასახლებისაკენ გვქონდა აღებული.

- მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ახლა გასი იმ მდგომარეობაშია, როცა ქალისთვის ხელის თხოვნა უფრო ადვილია, ვიდრე… ე-ე… მასზე უარის თქმა!

- სავსებით მართალი ბრძანდებით, სერ. გას ფინკ-ნოთლმა და მედლინ ბასეტმა უკვე ნიშნობის დღეც კი დათქვეს, სერ.

- დაიცა, ეგ როგორღა?!

- როგორც თავად ბრძანეთ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, სერ. როგორც კი თქვენი ოთახიდან გამოვედი, დერეფანში შემეჩეხა და წვრილად მომიყვა ყველაფერს. მართალია, მისი ნაუბარიდან ბევრი ვერაფერი აზრი გამოვიტანე, მაგრამ იმას კი მივხვდი - ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, სერ.

ამჯერად წარმოსახვის დაძაბვა არ დამჭირვებია. იმ კაცისგან, რომელიც ცხოვრებაში ალკოჰოლს არ გაჰკარებია და ერთბაშად გაილეწება, ყოველგარი მოულოდნელობაა მოსალოდნელი! ასეთი ადამიანი აღარც ენას უკიდებს და აღარც იმას ფიქრობს, ხელები სად წაიღოს - დარწმუნებული ვარ, გასმა მკლავებში მოიმწყვდია მედლინ ბასეტი და ისეთი წინადადება შესთავაზა, რაზეც ის ვერაფრით იტყოდა უარს! ამგვარ რომანტიკულ ქალბატონებზე ჯიქური მიდგომა მუდამ საუკეთესოდ ჭრის ხოლმე, გამიგია…

- მაშ, ასე და ამგვარად, ჯივზ?

- ნამდვილად, სერ.

- მშვენიერი ახალი ამბებია, ჯივზ.

- რაზეა ლაპარაკი, სერ.

- ახლა ხომ მაინც მიხვდი, რამდენად მართალი ვიყავი?

- მაპატიეთ, სერ?

- სწორხაზოვნად ვმოქმედებდი, ჯივზ - არავითარი ეგ შენი ბალ-მასკარადები და შედეგიც, შეიძლება ითქვას, სახეზეა!

- ნამდვილად, სერ.

 ეჭვიანად გავხედე - ისევ ის რაღაც გაურკვეველი ინტონაცია შეეპარა თითქოს ხმაში… მაგრამ სახეზე ნაკვთი არ გატოკებია და ვითარების გამწვავება აღარც მე ჩავთვალე საჭიროდ.

სულ მალე სნოუდსბერის დაწყებითი სკოლის ეზოში შევგრიალდით. გუნება- განწყობას არ ვუჩიოდი: მართალია, ანჯელასა და ბენტერას საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევი იყო, ანატოლი ლოგინად გახლდათ ჩავარდნილი და დეიდა დალიასათვის 500 ფუნტის შოვნაზე ხომ ჯერ ლაპარაკიც არ ღირდა, მაგრამ გას ფინკ-ნოთლისა და მედლინის ამბავი ხომ მაინც შეიძლებოდა გადაწყვეტილად ჩაგვეთვალა? მოკლედ, რაღაც ხომ გვქონდა გასახარი…

როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, სნოუდსბერის დაწყებითი სკოლა 1416 წელს აშენდა და უნდა გითხრათ, გარდასულ საუკუნეთა სურნელი ჯერაც არ გამონელებულიყო მისი კედლებიდან. წელიწადის ამ დროისათვის უჩვეულო მხუთრი იდგა და იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას მაინც მოესაზრებინა ფანჯრების გამოღება, სააქტო დარბაზში ჩამომდგარ მძიმე, ტრადიციებით გაჟღენთილ ჰაერზე ამას არანაირად არ უმოქმედია.

დეიდა დალიამ თვალი მკიდა და ხელი დამიქნია - აქეთ, რჩეულ საზოგადოებაში გაერიეო, მაგრამ ჯერ სრულ ჭკუაზე გახლდით და  ამიტომაც  უკანა  რიგებში, ვიღაც მაიმახის ფართო მხარ-ბეჭს ამოვეფარე. ამგვარ ღონისძიებებზე მთავარია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავო ხოლმე გასასვლელის ახლოს…

ისე, მთელი დარბაზი ფერად-ფერადი ალმებითა და რაღაც მხიარულზე მხიარული პლაკატებით მოერთოთ, სკამებზე კი ბიჭუნები, ამათი მშობლები და ვინ იცის, კიდე ვინ არ ჩამომსხდარიყვნენ - მოკლედ, სავსეზე სავსე იყო იქაურობა. ბევრი ლოდინიც არ დაგვჭირვებია: კანტიკუნტი ტაშისცემის მერე (ჯივზმა ამას სპორადული აპლოდისმენტები უწოდა) ვიღაც წვეროსანმა გასი ხელკავით გამოიყვანა სცენაზე და ზედ  წამოჭიმულ,  მაღალსაზურგიან  სავარძელში ჩაასვენა.

არა, ღმერთს ვერ შევცოდავ - იქაურობა არაფრით მაგონებდა იმ ჩემს ძველ თავგადასავალს, როცა მსგავსივე ვითარებაში მოვყევი: მაშინ გოგონათა გიმნაზიაში მთხოვეს ჯილდოების გადაცემა და ჩემს მტერს, რაც იქ დამხვდა - კიკინებიან თუ „ცხენისკუდიან“ უწლოვან, ჭყვიტინა ქალბატონთა მთელი რემა, რომელთა დასაწყნარებლად მათი სათვალიანი კობრა-დირექტრისას ძალმოსილებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი!

ღრიანკალნაკბენი ცხენივით გავიქნიე თავი და ეს კოშმარული ზმანება ძლივს მოვიცილე თავიდან. მერე სცენას გავხედე და რას ვხედავ - გას ფინკ-ნოთლი პოეტ-ლაურეატივით ჩამჯდარიყო ძველ სავარძელში, სახეზე კი იმგვარი სულელური ღიმილი დასთამაშებდა, ძაან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყავი კაცი, ამის ნამდვილ მიზეზს ვერ ჩამხვდარიყავი… დეიდა დალიამ კიდე, მოგეხსენებათ, თავგადაკლულ მონადირეთა ბუნების წიაღში ყელის გასველების მრავალი ღონისძიების მოთავემ და ამა სიმპტომების უებრო დიაგნოსტიკოსმა, ერთი შეიფრთხიალა, ორიოდ გამჭოლი მზერა სტყორცნა და მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა; ოღონდ ჯერჯერობით, მხოლოდ ბიძია თომას გადაუჩურჩულა რაღაც…  ამასობაში  წვეროსანი  გამობრძანდა  წინ  და  მოჰყვა  ლაქლაქს წარსულის წარმატებულ მოწაფეებზე, მომავლის ხედვაზე და რა ვიცი… მეტი ვერც ვერაფერი გავარჩიე, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკბილოც იყო და ენასაც უკიდებდა. მოსწავლეებმა რომ არც დამპალი პომიდვრები დაუშინეს

და არც ლაყე კვერცხები, აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლებოდა გამომეტანა: ეს თავად სკოლის დირექტორი გახლდათ. მსმენელებიც, ეტყობა, იმთავითვე დამორჩილდნენ განგების ნებას და ჩუმად იტანჯებოდნენ.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და როგორც იქნა, წვეროსანიც გავიდა ბოლოში:

- ახლა კი, ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი საპატიო სტუმარი, ბ-ნი ფიც-ნოკლი!

და ხსენებული ბატონი, რომელიც წვერებიანი გამომსვლელის მთელი ამ ტირადის განმავლობაში როდენის „მოაზროვნის“ პოზაში თვლემდა, დაბარებულივით სწორედ ამ დროს გამოფხიზლდა რატომღაც, ჯერ სცადა, ფეხი ფეხზე გადაედო, და რომ არ გამოუვიდა, გაბრაზებულ გულზე ახლა წვეროსანზე იყარა ჯავრი:

- ფიც-ნოკლი არა ისა…

- დიახ, ბ-ნი ფინტ-ნოტლი…

- ფინკ-ნოთლი-მეთქი!

- დიახ, სწორედ ასე მინდოდა მეთქვა…

- მერედა რა გიშლიდა ხელს, ბებერო?! კარგი, ეშმაკს წაუღია შენი თავი, გააგრძელე…

თვალები მილულა და ისევ ეცადა, ფეხი გადაედო ფეხზე. ისევ უშედეგოდ. ამ პატარა გაუგებრობამ წამიერად შეაჩქვიფა წვეროსანი, მაგრამ მხოლოდ

წამიერად; ეტყობა, სკოლის დირექტორები სხვა ჩამოსხმის ხალხია და იმანაც

თავისი გააგრძელა:

- ახლა მივესალმოთ ჩვენს სასიქადულო სტუმარს, ბ-ნ ფინკ-ნოთლს, ვინც ითავა კიდეც ღირსეულთა შორის ყველაზე ღირსეულთათვის ჯილდოების გადაცემის საქმე. მოგეხსენებათ, ეს პატივი ტრადიციულად მამა უილიამ პლამერს ერგება ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად ავადობამ შეუშალა ხელი… თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე, კაცმა არ იცი, სად დაკარგავ და სად იპოვნი!..

აქ მან მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა და თან გაიღიმა კიდეც, რათა მსმენელისათვის უფრო ადვილი გასაგები ყოფილიყო ხუმრობა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა. ისე, ახიც იყო, მაგრამ ხომ გითხარით, ეს სკოლის დირექტორები მართლაც რაღაცა სხვა ჩამოსხმისა არიან-მეთქი და რომ არა სრულიად უდროოდ გამოღვიძებული გასი, არც კი შეიმჩნევდა არაფერს, ოღონდ ამ უკანასკნელის გამოხდომამ კი მართლა მოუღო ბოლო!

- …და რადგან ბ-ნ ფინკ-ნოთლის სახელი ყველასათვის კარგადაა ცნობილი და მის დამსახურებებზე ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებ…

- ჰო, არა?! - სწორედ ამ დროს ჩაერთო ჩემი მეგობარი. - აქამდე კარგად აგრძელებდი და ახლა რა გეტაკა? ან იქნებ პირადად შენთვის არც არაფერია ცნობილი და ახლა თავს იკატუნებ, ბებერო ცრუპენტელავ? კარგი, ამჯერად გეპატიოს. მიდი, როგორც გეხერხება, ისე გააგრძელე!

ოღონდ, ეტყობა, სკოლის დირექტორის ნერვებიც კი არაა უცვეთი და ისიც მეტისმეტად დიდხანს ჭოჭმანობდა… საქმე ისაა, შეუძლებელია, აქამდე არ მიმხვდარიყო, რომ საპატიო სტუმრის თავს რაღაცა ვერ იყო მთლად რიგზე, თუმცა ვეჭვობ, ნამდვილ მიზეზს ჩახვედროდა; ამიტომაც დროზე ვეღარ გადაწყვიტა, საერთოდ აღარ მიეცა სიტყვა ბ-ნი ფინკ-ნოთლისათვის, თუ პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასულიყო… ამასობაში კი გასი სავარძლიდან წამოიწია, ერთი ლაზათიანად გაიზმორა, სახეზე გულკეთილი ღიმილი დაიფინა და პირდაპირ სცენის შუაგულისაკენ გაემართა. მორჩა, მისი წინააღდგომა უკვე აღარავის შეეძლო…

- სიტყვა მაქვს სათქმელი! - გამოაცხადა და ერთხანს დაელოდა, სანამ ტაშის გრიალი მიწყნარდებოდა. საქმეც ისაა, რომ, როგორც ეტყობა, სნოუდსბერის დაწყებითი სკოლის ბავშვებს არც ისე ხშირად ესტუმრებიან ხოლმე ვიღაცეები, ვინც მათ დირექტორს „ბებერ ცრუპენტელას“ დაუძახებდა სახალხოდ, ამიტომაც გასმა უცბადვე მოიპოვა მათი სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც - ახლა მათი კერპიც ის იყო და მოგვიც!

- ბიჭებო! - დასჭექა ბოლოს. - მინდოდა მეთქვა, ბატონებო და ქალბატონებო- მეთქი… და ბიჭებოც, რაღა თქმა უნდა! არავითარი გრძელ-გრძელი სიტყვების წარმოთქმას არ ვაპირებ და თქვენც არ გირჩევთ… მაგრამ ამ დაუვიწყარ დღეს მაინც არ შემიძლია, რაღაც არ გითხრათ! ე-ე… ჩვენ ყველანი დიდი სიამოვნებით ვუსმენდით ამ ჩვენს წვერგაუპარსავ მეგობარს, რომლის სახელი არც კი ვიცი, თუმცა რა მოხდა - არც იმან იცოდა ჩემი და შეიძლება თამამად ითქვას, ახლა ბარიბარში ვართ… მოკლედ, ძალიან კი ვწუხვარ, რომ ის მამაო-ვიღაცა შეუძლოდ შეიქნა - რას იზამ, ყველანი მოკვდავნი ვართ, მოგეხსნებათ - დღეს აქ, ხვალ - იქ… მთავარზე მთავარი კი ისაა, რომ ახლა აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს - თქვა ერთმა ღრჯუ გერმანელმა - აბა, ამისთანა სისულელეს სხვა ვინ იტყოდა და ახლა ეს წიგნები უნდა გადმოგცეთ!

მისი გამოსვლა პირდაპირ განწირული იყო წარმატებისთვის: ბოლოს და ბოლოს, ყველამ იგრძნო, რომ მათ წინაშე ნამდვილი ორატორი იდგა და არა ვიღაც ხათრით მობრძანებული. გაკვირვებას გახლდით, ჩემეული მკურნალობის სულ ერთი სეანსის შედეგად ეს უენო და გაუბედავი ადამიანი რაოდენი მგზნებარებითა და ხმის რაგვარი მოდულაციებით ახერხებდა აუდიტორიის უპირობო ყურადღების მიპყრობას! გეუბნებით მე თქვენ - არა პწ(24) კაცი თუ ქალი, თუკი არ სურს, სისულელეები აყრანტალოს, ახლოსაც კი არ უნდა გაეკაროს მიკროფონს, ვიდრე ყელში კარგად არ ჩაიფენს რაიმე ისეთს… ასეა.

- ბატონებო! - მაღალი ტრიბუნიდან აქუხებდა ამ დროს გასი. - მინდოდა მეთქვა, ბიჭებო - ჩემო პატარა მეგობრებო! ცხოვრება მშვენიერია და ვინც საწინააღმდეგოს იტყვის, პირველი ვესვრი ქვას! სამაგალითოდ თუნდაც ერთ კარგ ანეკდოტს მოგიყვებით: ორი ირლანდიელი, პიტი და მაიკი, ბროდვეიზე მისეირნობს. ერთი ეუბნება მეორეს: ეშმაკმა წაგიღოს, მაიკ, სწავლა ხომ სინათლეა და უსინათლობა - სიბნელე!

მართალი გითხრათ, ამაზე სულელური ხუმრობა ბევრიც არ მსმენია ცხოვრებაში და გაკვირვებას ვიყავი, ნუთუ ჯივზმა უკეთესი ვერაფერი გაიხსენა-მეთქი… (როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გასს გვარიანად შეუცვლია ტექსტი და უფრო ამის ბრალი თუ იყო ეს ყველაფერი). მაგრამ რა გინდა რა - დაინგრა იქაურობა! მოკლედ, გასი ახლა მთელი იქაური ახალგაზრდობის იმისთანა favori გახლდათ, თითი რომ ეჩვენებინა და ოდნავ მაინც ჩაეღიმილა, წამში სიცილის მთელი ტალღა გადაუვლიდა დარბაზს!

როცა ტაშისცემა და „ბრავოს“ შეძახილები ცოტათი მიწყნარდა, გასმა კვლავ გულდინჯი გამომეტყველება დაიდო სახეზე.

- დი-იახ, ჩემო პატარა მეგობრებო: ცხოვრება მშვენიერია, მზე ანათებს და ჩიტები ოსანას უმღერიან გამარჯვებულს! მაგრამ თუ გახსოვთ, ის დამთხვეული ირლანდიელები ორნი იყვნენ - ერთი იმარჯვებდა, მეორე - მონაწილეობდა… მოკლედ, სამგზის ვაშა ორივეს!!!

როცა ხანგრძლივი, მქუხარე ტაში და ფეხების ბრაგუნისაგან ავარდნილი მტვერი ოდნავ მაინც ჩაცხრა, გასმა განაგრძო:

- მშვენიერია-მეთქი გეუბნებით და ამას ახლავე დაგიმტკიცებთ: სწორედ აქეთობისას ტომას ტრეივერსი მეუბნებოდა მანქანაში - ბიძია თომას ხომ იცნობთ? აგერ ზის, მეოთხე რიგში, ფრიად ფერხორციანი ბანოვანის გვერდით…

და თითი მიაშვირა, ვინმეს რომ მაინც არ შეშლოდა და სხვა მხარეს არ გაეხედა შემთხვევით.

- მეუბნება, ქვეყანა და მთელი კაცობრიობა იღუპებაო! გესმით თქვენ? ბებერი ინგლისიც, ევროპაცა და მთელი კაცობრიობაცო… - აზრზე არა ხართ, რასა ბოდავთ-მეთქი, ვეუბნები… - ცხოვრებაში ამაზე ჭკვიანური არაფერი მითქვამსო, მპასუხობს. - მაშ, დამწყებისთვის კიდე არა გიშავთ-მეთქი, ვეუბნები! ხომ კარგად ვუთხარი?

დარბაზი შეტორტმანდა და ისევ თავის ადგილზე დადგა. ახლა ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი.

- ჰოდა, ბატონებო, სემესტრი დამთავრდა, საზაფხულო არდადეგებიც დაიწყო, თქვენც აქეთ-იქით მიმოიფანტებით და ვერც ვერავინ დაგადანაშაულებთ, რადგან ეს სკოლა კი არა, სრული გაუგებრობაა… თქვენ კიდე ბროდვეიზე უნდა ისეირნოთ, ან პიკადილიზე, თუ გნებავთ, ან თუნდაც სოჰოში, ან პიგალის მოედანზე, გირჩევთ… მოკლედ, თქვენია ეს ქვეყანა!

როგორც მერე ჯივზმა ამიხსნა (ჩვენ კი კარგა ხანს ვარჩევდით გასის ამ სეფესიტყვას), ეს ყველაფერი ორგანიზმში ე. წ. ინჰიბიტორების დაგროვების ბრალიაო: გასს მთელი ხუთი წელი ცხვირი არ გამოუყვია გარეთ და ტრიტონების მეტი არაფერი აინტერესებდა, ამით კი იმდენად თრგუნავდა საკუთარ ფარულ სურვილებს, ახლა ამ ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა და შამპანურის საცობივით გამოვარდა გარეთ. მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ვენდობი - საზოგადოდ, ჯივზს კარგად მოეხსენება ხოლმე ის საკითხი, რაზეც სიტყვას ჩამოაგდებს… ასეა თუ ისე, ის იყო გავიფიქრე, დიდი ჭკუა კი ვიხმარე, დეიდა დალიას რომ არ ჩამოვუჯექი გვერდზე-მეთქი და ბედი არ გინდა?! - ის ფართოზურგიანი მაიმახი სკამზე შეწრიალდა და გასისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა:

- იცით, რას გეტყვით? პესიმისტებს ვერ ვიტან! ბებრებს კიდე არა უშავთ და ახალგაზრდა პესიმისტი რაღა უბედურებაა? აგერ, ე, ერთი მაგისთანა ზის და ვითომც აქ არაფერიო, ხმასაც არ იღებს! რაო, ბერტი ვუსტერ, მანდ რას შეყუჟულხარ?

თითქოს გვარ-სახელის დასახელება საკმარისი არ იყოო და ჩემკენაც გამოიშვირა საჩვენებელი თითი! ახლა ჩემსა და მას შორის ცნობისმოყვარე თვალების მთელი ტბა ლივლივებდა…

- იმიტომაც იმალება, ბატონებო და ქალბატონებო, და კიდევ - ჩემო ფრიადოსანო ბიჭუნებო, რომ ერთი უპირველესთაგანი პესიმისტია, დი-ი-ა-ახ! საერთოდ, იმასაც კი მეუბნებოდა, არ წახვიდე სნოუდსბერიში, ემანდ შარვალი არ გადაგასკდეს უკანალზეო!

„უკანალზე გადასასკდომი შარვლის“ ამბავი მთლად ბოლო წვეთი აღმოჩნდა უწლოვან სნოუდსბერელთა თავდაჭერილობის გამოსაცდელად - წამსვე რაღაც ცნობილ მელოდიაზე ააწყვეს ეს სიტყვები და გალობას მოჰყვნენ… ერთმა ავტოგრაფიც კი მთხოვა.

- ახლა ნება მიბოძეთ, ერთი-ორი სალაღობო ამბავი ამ ჩვენი ბერტი ვუსტერისაც ვთქვათ…

არა, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ იმის ნებას ვერავის მივცემ, ვუსტერების გვარი ლაფში ამოსვაროს! ავდექი და ის იყო, იქაურობა უნდა მიმეტოვებინა, რომ წვეროსანმა გამოიჩინა ინიციატივა: თითქოს ძილქუშიდან გამოერკვაო, მაგიდას ეცა, რაღაცა წიგნს დაავლო ხელი და გასს მივარდა.

- გვიანი საათის გამო, მისტერ ფინკ-ნოთლ, იქნებ ჯილდოები…

ამ მოულოდნელი აქტივობით დაფეთებულმა და უკვე მოკრივის დგომმიღებულმა გასმა შვებით ამოისუნთქა - მიხვდა, ცემას არავინ უპირებდა.

- რაღა თქმა უნდა, ჯილდოები… ე-ე… რით ვიწყებთ?

 - პ. კ. პურვისი, მართლწერა…

- ჩემ დროს… არა, ეგეთი სახელმძღვანელო რაღაც არ მახსენდება!

- ეგ მოწაფის სახელი და გვარია, სერ.

- აჰაა, ძალიან კარგი! აბა, სადაა ჩვენი ჩემპიონი?

რაკიღა გასის ყურადღება ახლა სხვა საკითხზე გადაიტანეს, ჩემი სტრატეგიული გეგმის განხორციელების აზრს ვერ ვხედავდი და თან ცნობისმოყვარეობამაც მძლია - დარწმუნებული გახლდით, კიდევ ბევრი საინტერესო გველოდა წინ… მოკლედ, ისევ იმ მაიმახის ზურგს ამოვეფარე და სცენას მივაჩერდი. იქ კიდე ვიღაც პუტკუნა, ლოყებღაჟღაჟა, ცისფერთვალა ყმაწვილი აბრძანებულიყო; ახალთახალი, სარკესავით გაპრიალებული წაღები ყურისწამღებად უჭრაჭუნებდა. გასსაც აშკარად თვალში მოუვიდა ბიჭუნა.

- მაშ, ეს შენ ხარ პ. კ. პარვისი?

- პურვისი, სერ.

- ე-ე… პურვისი, პარვისი, პელვისი… რაა სახელი? მთავარია, რომ ცხოვრება მშვენიერია, ჩემო პ. კ.

- ჭეშმარიტად, სერ.

- ცოლშვილიანი ხარ, პელვის?

- რას ბრძანებთ, სერ!

- არცაა საჭირო… ხეირი მანდედან მაინც არაფერია… აჰა შენი წიგნი -

დარწმუნებული ვარ, რაღაც სისულელე იქნება, მაგრამ რაცაა, ეგაა.

ვითარება დარბაზში, შეიძლება ითქვას, მცირეოდნავ დაიძაბა: ადგილობრივი აკადემიური წრეებისათვის ამგვარი ინოვაციები აშკარად ძნელი გადასახარში გახლდათ. რაც შეეხება დეიდა დალიას, მას განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა - თავიც კი გადახარა ხელმარჯვნივ მჯდომი მედლინ ბასეტისაკენ და რაღაც უჩურჩულა ყურში, იმანაც თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი და ისეთი სახე გაუხდა, თითქოსდა ტყის ფერია ღაწვზე მორიგი ეული მარგალიტის ჩამოგდებას აპირებდა - ირმის ნახტომის შესავსებად…

ამასობაში გასი ისევ გაითიშასავით - ერთ წერტილს მიშტერებოდა ყბაჩამოვარდნილი და ვიღაც ბრიჯებიანმა ბუთხუზამ რომ ჩამოქაჩა სახელოზე, მოულოდნელობისგან ადგილზევე შეხტა.

- გამარჯობა, - ხრინწიანი ხმით მიესალმა მომავალ სწავლულს, - გინდა რამე?

- ჩვენი მოწაფეა, რ. ბ. სმიტჰერსტი. - აუხსნა წვერებიანმა დირექტორმა.

- მერე, აქ რას მიკეთებს? კლასში ვერ დაჯდება?

 - ჯილდო ეკუთვნის, სერ. ხატვაში პირველია.

ეს ახსნა გასისთვის, ეტყობა, სავსებით მისაღები აღმოჩნდა, სახე გაუნათდა და ფუნჯ-საღებავების კოლოფს ერთი-ორი კეთილი სიტყვაც დაუსართა. წვეროსანმა კი წამსვე მხრებში ხელი ჩაავლო წარჩინებულ მხატვარს და ისე მოაშორა იქაურობას, რესტორნიდან რომ ისტუმრებენ ხოლმე ძველ, საპატიო, ოღონდაც ზედმეტად შექეიფიანებულ კლიენტს: ზრდილად, მაგრამ გადაჭრით…

ამის შემდეგ ვინმე სიმონსის ჯერიც დადგა. ამ აწოწილ, სათვალიან ყმაწვილს ბიბლიის ტექსტების საუკეთესო ცოდნით გამოუჩენია თურმე თავი. სამწუხაროდ, გასს ის იმთავითვე არ მოუვიდა თვალში:

- მაშ, ამტკიცებ, რომ სიმონსი გქვია?

- არა, სერ, ეგ გვარია… ჰერბერტი მქვია.

- საღვთო წერილის ცოდნაში ჯილდო მეკუთვნისო, ამბობ?

- მგონი, კი, სერ.

- ვნახოთ, ვნახოთ… აბა, მითხარი ერთი, რა ერქვა იმას, აი ის რომ ჩასახა?

- ვერ გეტყვით, სერ…

- აჰ-აა! ესე იგი, ვერ მეტყვი, არა? საინტერესოა…

- გარწმუნებთ, მისტერ ფინკ-ნოთლ, უუმკაცრესი გამოცდა გაიარა და მთელი თავით… - თავისდა საუბედუროდ, თავი გამოიდო დირექტორმა.

- არ ვიცი, არ ვიცი… გააჩნია, გამომცდელებად ვინ იჯდნენ! თუ ისხდნენ? მოკლედ, როგორც არი. აქ მაგისთვის კი არ მოვსულვართ, გრამატიკის საკითხები ვარჩიოთ

- ეგ უკვე გავიარეთ… მაშ, საღვთო წერილიო, არა? ვიცნობდი ერთს, იმანაც ჯილდო მიიღო, მერე კი სულ იუდეველ მეფეთა სიები უცვივდებოდა ჯიბეებიდან! საზოგადოდ…

მაგრამ მეტის ატანა აღარც მე შემეძლო და წამში გარეთ ამოვყავი თავი. მანქანა გასაღების ნახევარ გადატრიალებაზე დაიქოქა, სიჩქარეში ვგლიჯე და ციმციმ გამოვიყვანე სკოლის ეზოდან. ისეთ ხასიათზე ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა.

სახლში მისვლისთანავე ლოგინზე მივეგდე და ამდენ მღელვარებაგადატანილს, წამსვე ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, ვხედავ - ჯივზი წამომდგომია თავზე. წამოვჯექი.

- ჩაი მომიტანე, ჯივზ?

- არა, სერ. უკვე სადილობის დროა.

- ჩამძინებია ეს ოხერი. როცა ორგანიზმი გადაღლილია, ბუნება თავისას ითხოვს.

 - ჭეშმარიტად, სერ.

- როგორ ფიქრობ, რა ჩავიცვა?

- ტანსაცმლის გამოცვლა საჭირო არაა, მაგიდა მხოლოდ ცივი ხემსით იქნება გაწყობილი, სერ.

- ეგ ვითომ რატომაო, ჯივზ?

- მისის ტრეივერსმა მოისურვა ასე, სერ: მაინც ყველანი სერ პერსივალ სტრეჩლი- ბადის მამულში მივდივართ ცეკვებზეო.

- აჰა, მაშ ყველანიო, არა? შენც მოდიხარ?

- არა, სერ. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, სერ. ამდაგვარი გართობებისკენ გული დიდად არ მიმიწევს, თანაც როცა ეს სხვის სახლში ხდება, სერ.

- სავსებით მესმის შენი, ჯივზ. ამ მიყრუებულ მამულებში მუდამ ერთადერთი ვიოლინოა ხოლმე, დანჯღრეული პიანინო და უსწორმასწორო იატაკი… არც ანატოლი წამოვა?

- არა მგონია, სერ. მეტრ ანატოლი ჯერაც ლოგინში იშუშებს სულიერ იარებს, სერ.

- არა, ეს ფრანგები მაინც რაღაც მეტისმეტად მგრნობიარენი არიან, ჯივზ.

- ნამდვილად, სერ.

მცირე ხანს ვიყუჩეთ და მერე შორიდან გადავწყვიტე შემოვლა:

- მძიმე დღე გვქონდა, ჯივზ.

- ნუ იტყვით, სერ.

- მე რომ წამოვედი, მას მერე საინტერესო კიდევ მოხდა რამე, ჯივზ?

- ბევრი არც არაფერი, სერ. მისტერ ფინკ-ნოთლის შენიშვნებს ახალგაზრდა სიმონსის მიმართ დაჯილდოების მთელი პროცედურის ჩაშლა მოჰყვა, სერ.

- აკი ჩემამდეც უთხრა ყველაფერი…

- ყველაფერი არა, სერ. იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ამისთანა გაიძვერა ისე უბრალოდ ვერ გაიმარჯვებდა და ეჭვიც კი გამოთქვა, ეს ყმაწვილი აღრიცხვაზე უნდა იყოს პოლიციაშიო.

- ღმერთო დიდებულო!

- ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, სერ: მოსწავლეებმა ტაში დასცხეს, ახალგაზრდა სიმონსის დედამ კი მოითხოვა, ბოდიში მოეხადათ მისი შვილისათვის.

 - მერე, დათანხმდა ვინმე?

- არავითარ შემთხვევაში, სერ. ის კი არა, მისტერ ფინკ-ნოთლმა განაცხადა, ახლა ყველაფერს უკვე ფარდა აეხადა და ცხადზე უცხადესია, რომ ქ-ნი სიმონსი და სკოლის წვერმოშვებული დირექტორი ახლო სექსუალურ კავშირში არიან ერთმანეთთან, თანაც ფარულად ურიგდებიან გამომცდელებსო…

- დაიცა, ხომ არ იგონებ რაღაცას?!

- არავითარ შემთხვევაში, სერ!

- უფალო, შეგვეწიე! მერე?

- „ღმერთო, ჰფარვიდე დედოფალსა“ იმღერეს ერთად, სერ.

- ნუ გადამიყვანე ჭკუიდან! გასმა და მისის სიმონსმა იმღერეს?!

- სწორად ვერ გამიგეთ, სერ. სკოლის დირექტორი მივიდა ორგანისტთან, რაღაც უჩურჩულა ყურში და იმანაც დააგუგუნა… მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე და აჰყვა. ამით დამთავრდა ყველაფერი.

- გაიხარე…

ჩავფიქრდი. ცხადია, მთლად კმაყოფილი კი ვერ ვიქნებოდი, მაგრამ…

- დაიცა, მედლინ ბასეტთან მისი ამბავი ახლა რა სტადიაშია, ჯივზ?

- უარესი რომ არ იქნება, სერ. მის ბასეტმა უარი თქვა ნიშნობაზე, სერ.

- ხუმრობ?

- არა, სერ. შეაჩნევდით, ალბათ, ასეთ რამეებზე ხუმრობა არ მჩვევია, სერ.

ის იყო, თავი ხელებში ჩავრგე და სასოწარკვეთასაც აღარაფერი მიკლდა, რომ კარზე ისეთი ბრახუნი გაისმა, კედლებმა იწყეს რყევა.

- არა მგონია, ეს მისტერ ფინკ-ნოთლი იყოს, სერ. - წარბი აზიდა ჯივზმა.

ამჯერად ინტუიციას მისთვის არ უღალატია. კარი გაუღო თუ არა, ოთახში ბენტერა შემოჯლიგინდა და თან ისეთი სახით, გეგონებოდათ, სრულიად ბრიტანეთი მსოფლიო ომში ჩაერთოო…

 

თავი 18

 

თვალები მოვჭუტე და კარგად შევათვალიერე. მართალი გითხრათ, სულაც არ მომეწონა. არა, იმის თქმა კი არ მინდა, თითქოსდა სხვა დროს მომწონდა ოდესმე

- გული კი კეთილი ჰქონდა, მაგრამ გამომეტყველება - მტრისას! რაღაც საშუალო გავეშებულ დათვსა და გაბრაზებულ მარტორქას შორის… ახლაც მაგრა ვინანე, ეს ჩემი ჯივზი რომ მეტისმეტად ტაქტიანად იქცეოდა და ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოვლენას მუდამ ერიდებოდა ხოლმე - ერთია, როცა შენი ლაქია შეუმჩნევლად ქრება, თუკი სტუმართან მარტო დარჩენა გინდა - მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ გახლდათ და ჯობდა, მხარში ამომდგომოდა…

მოკლედ, ჯივზი ოთახში აღარ იყო. ვერც კი შევამჩნიე, როდის გაიპარა, გაქრა, აორთქლდა! მეჩვენებოდა, ახლა ბენტერას ფართო ბეჭებსა და თარაზულად მოჭრილ ნიკაპს გაევსო მთელი ოთახი.

- ბერტი, - მეუბნება ავი ხმით, - მაპატიე, ნამდვილად არ ვიყავი შენთან მართალი.

უუფ! ცოტა გულზე მომეშვა. მაგრამ იმ რგოლების ჩამოხსნის ამბის მერე ბევრ წყალს ჩაევლო და ახლა რამ გაახსენა-მეთქი, გავიფიქრე. ვთქვათ და, სინდისმა შეაწუხა… რატომ მერე? რა მოელანდა?

- ჩემო კარგო, - ვეუბნები ალალად, - არაფერი ბოდიშის მოხდა არაა საჭირო…

- როგორ თუ არაა საჭირო? ხომ მოგიხადე უკვე?

- კარგი, დაივიწყე. ახლა რას მერჩი?

- რომ მითხარი, მედლინ ბასეტზე ვარ შეყვარებულიო, მართლა კი არ დაგიჯერე - თავს ვიკატუნებდი… მერე აქეთ-იქით მივყნოს-მოვყნოსე და ვირწმუნე, რომ არ ცრუობდი. ახლა ბოდიშს გიხდი.

- არა, რა ვქენიო?

- მოკლედ, მედლინს ვკითხე და დამიდასტურა, ხელი მთხოვაო.

- შე მართლა ბენტერა, შენა, ეგ რამ გაქნევინა?

- რა იყო, მოხდა რამე?

- რა წესია! არა, ნუთუ არავითარი ამაღლებული გრძნობა შენთვის არ არსებობს?

- არა.

- სამწუხაროა, სამწუხარო…

- შენ რაღა გაწუხებს? კარგი, ვთქვათ, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ანჯელას არ ეკურკურებოდი, ახლა კი მშვიდადა ვარ… გავაფუჭე ამით რამე? ისე, მართლა რას ვერჩი ამ პატიოსან კაცს-მეთქი, გავიფიქრე.

- მოკლედ, დავადგინე, ვინცაა!

- რა თქვი?

- ბერტი, გახსოვს, რომ მითხარი, კანში არავინ ახლოსაც არ გაკარებიაო?

- ეგრე იყო და რა ვქნა!

- ისევ მართალი ხარ: ეგ აქ მოხდა, ჩემ ცხვირწინ!

- კარგი ახლა, ნუ დაიწყე თავიდან!

- აბა, ეს გას-საგიჟებელი ბ-ნი ფინ-ნოთლი საიდან გამოტყვრა?!

- სრულ ჭკუაზე თუ ხარ? გასს ბასეტი უყვარს…

- რა ყველა ერთად გადაირიეთ ამ ქალზე? რა ნახეთ მასში ამისთანა?! ტყუის, გეუბნები მე შენ!

- დაიცა, აკი მის ჩამოსვლამდე წაიჩხუბეთ?

- კი, ეგრეა… მაგრამ უარი სწორედაც რომ მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში მტკიცა!

- რა, ერთ-ორ საათში შეუყვარდა?

- რატომაც არა! მეც ეგრე არ მომივიდა?

- მართლა წრეგადასული გულმოდგინებით ჩხრეკ საკითხს, ჩემო…

- მართლა?! მაშინ ამიხსენი ერთი, როგორ მოხდა, რომ დაინიშნენ? მგონი, თავბრუც კი დამეხვა.

- ვინ ვისზე დაინიშნა, ბენტერ?

- ანჯელა გასზე, თუ პირიქით - ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ფაქტი სახეზეა!

- მიედ-მოედები რაღაცას!

- თავად მითხრა.

- ვინა, გასმა?

- არა, ანჯელამ. სნოუდსბერის სკოლაში იმ რაღაც ჯილდოების გადაცემის მერე დაუმარტოხელებია, სიყვარულში გამოტყდომია და იმასაც მეტი რა უნდოდა!

 - გეუბნები, აქ რაღაც შეცდომაა-მეთქი!

- ნამდვილად! თავად ეგ ფინკ-ნოთლია შეცდომა, თან იმისთანა, რომელსაც დიდის სიამოვნებით გამოვასწორებ… არა, ჯერ კისერს მოვუგრეხ და მერე გავუსწორებ! ექვსი საათიდან დავდევ.

- აბა, შენ იცი…

- სადმე თუ ნახო, კარგად დაემშვიდობე და ერთი გვირგვინი შენგანაც დაუკვეთე… სადა ხარ, ჯივზ?

ღმერთმანი, არც გამიგია და არც დამინახავს, როგორ გაჩნდა ოთახში. მგონი, ადრეც გითხარით, ეტყობა, მაგ კაცისთვის კარები საერთოდ არც არსებობს- მეთქი! აბა, სხვანაირად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ როცა უნდა და სადაც უნდა, იქ ჩნდება ხოლმე და თანაც - სრულიად უჩუმრად! გეუბნებით, უხერხემლო გაზისებრთა ნიჭი დასდევს, ნამდვილად.

- სერ?

- ვინმე ფინკ-ნოთლი არსად გინახავს?

- არა, სერ.

- უნდა მოვკლა.

- გასაგებია, სერ.

ბენტერა ცეცხლწაკიდებულ შუშხუნასავით გავარდა ოთახიდან, მე კი ჯივზს გავაცანი საქმის ვითარება.

- აბა, ახლა რას იტყვი? - ვეკითხები. - გესმის რამე? აკი სულ რამდენიმე საათის წინ მითხარი, მედლინ ბასეტი დანიშნაო.

- საზოგადოდ, როცა ჯენტლმენი ერთი ლედისაგან იღებს უარს, როგორც წესი, მალევე სხვა ქალბატონს აეტორღიალება ხოლმე… ცნობილი ფაქტია, სერ. ფრანგებმა ამას სახელიც კი გამოუძებნეს - un beau geste(25).

მგონი, რაღაცას მაინც ჩავხვდი.

- ასე ვთქვათ, არ გინდა - ნუ გინდა, შენ გარდა სხვებიც არიანო, არა?

- დიახ, სერ. აი, ჩემი ბიძაშვილი ჯორჯი, სერ…

- ჯორჯს შევეშვათ. ამისთვის ზამთრის გრძელი საღამოები მაქვს გათვალისწინებული.

- როგორც ინებებთ, სერ.

 - არადა, მაგისთანა უნიათოსაგან არავითარ ეგეთ ჟესტებს არ ველოდი, ჯივზ.

- ნუ დაივიწყებთ, რომ მცირედ აჟიტირებულ მდგომარეობაში გახლავთ, სერ.

- მართალი ხარ, ჯივზ. ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა…

- ეჭვგარეშეა, სერ.

- და ჩვენც რომ წავაშველეთ ხელი… აი, ბენტერამ თუ დაიმარტოხელა, აჟიტაცია მერე ნახე შენ! ახლა რომელი საათია?

- ზუსტად რვა, სერ.

- ესე იგი, უკვე სრული ორსაათ-ნახევარია, რაც დაეძებს… იპოვის კიდეც, წყალი არ გაუვა! უნდა მივეშველოთ, ჯივზ.

- აუცილებლად, სერ.

- ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ჯივზ. მეთანხმები?

- ძალზე ზუსტად შენიშნეთ, სერ.

- ჯერ ვიპოვოთ, მერე ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა უნდა შევადგინოთ, ჯივზ.

- არა მგონია, მაგის საჭიროება იყოს, სერ. ძებნას ვგულისხმობ. თუ არ ვცდები, ახლა ტახტის ქვემოდან გამოძვრება, სერ.

ეშმამ წამიღოს, თუ ვტყუოდე - სწორედ ამ დროს მართლა არ გამოძვრა იქიდან?! ღმერთმანი, იმ კუს გავდა, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად რომ გამოყოფს ხოლმე თავს ბაკნიდან.

- გას! - შევყვირე უნებურად.

- ჯივზ… - დაიხრიალა იმან, - კარი ჩაკეტილია?

- არა, სერ, მაგრამ ახლავე…

გასი ოხვრა-კვნესით ჩაეშვა სავარძელში.

- უკვე ჩაკეტე, ჯივზ?

- დიახ, სერ.

- კაცმა არ იცის, ეგ ჯორი გლოსოპი როდის მოტრიალდება…

ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, კარის რაზა რომ შეჯანჯღარდა და ისეთი შთაბეჭდილება იყო, საცაა ბუდიდანაც ამოვარდებაო!

გასი ლამის ამოფრინდა სავარძლიდან და სწორედ ისეთ პოზაში გაიყინა, როგორშიც მგლებით გარშემორტყმული, დაფეთებული ირემი იმ ნახატზე, კიდევ ერთ დეიდაჩემს, მართას რომ უკიდია სამზარეულოში! მერე ისკუპა და ტანსაცმლის კარადაში გაუჩინარდა…

- ვინ ბრძანდებით? - ვითომ ნამძინარევი ხმით, მაგრამ მაინც ხაზგასმით ზრდილობიანად დავეკითხე კარს.

- გამიღე, ეშმაკსაც წაუღია შენი თავი! - დაიგრგვინა იქიდან ბენტერას ბას- ბარიტონმა. - შენ თუ კარგი კაცი ხარ, რას ჩაკეტილხარ მანდ!

ჯივზს გავხედე და ცალი წარბი ავწიე კითხვის ნიშნად; იმან ორივეთი მიპასუხა. მერე იმან ასწია ერთი და მეც ორივეს აწევით დავეთანხმე. მხოლოდ ამის შემდეგ, როცა არც ერთს ეჭვიც კი აღარ დაგვრჩა მდგომარეობის გამოუვალობის თაობაზე, ჯივზმა საგდული გადასწია.

ბენტერა ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში.

- რატო ჩაიკეტე? - მეკითხება ეჭვიანად.

ჩემი ნავარჯიშევი წარბები თავისით ამიცოცდა მაღლა-მაღლა.

- ვფიქრობ, განმარტოების უფლება ინგლისელებს ჯერ კიდევ ქარტიაში გვიწერია, გლოსოპ! ჯივზს კი იმიტომაც ჩავარაზვინე კარი, ტანსაცმლის გამოცვლას ვაპირებდი სასადილოდ…

- ახლავე არ დაგიჯერო! - მერე რაღაც უხამსობა ჩაიბურდღუნა თავისთვის და ისევ მე მომიბრუნდა: - რაო, შიშობ, ვინმემ შენს ყვავილებიან ნიფხავს არ მოკრას თვალი? მორჩი ტყუილებს! ნაღდად ეგ ვირიშვილი ფინკი-ნოთლი გეყოლება სადმე აქ დამალული! თავიდანვე ვიეჭვე… ერთი კარადაშიც შევიხედო!

ამის თქმა იყო და გასი ელვასავით გაკრთა ოთახში - კაცი ვერც კი იაზრებდა, საიდან გაჩნდა და სად გაქრა… ბედი მისი, ბენტერაც ისე დაიბნა, უცებ ვერც დაედევნა უკან - იქნებ ნათქვამის საპირისპიროდ, მთლად არც სჯეროდა ბ-ნი ფინკ-ნოთლის ჩემს კარადაში ყოფნა… თუმცა მალევე გამოერკვა და თოფნაკრავივით გავარდა გარეთ. ერთი დეიდა დალია აკლდა ამ სანახაობას, ბარემ ისიც ჩასდგომოდა კვალში ყვირილით - იო-ჰო-ჰოო! - თუ რა ვიცი, რას გაჰყვირიან ხოლმე, როცა მელას მოიხელთებენ…

ახლა მე ჩავიკეცე სავარძელში. ვითარება აშკარად უკონტროლო ხდებოდა.

- ჯივზ, - ვეუბნები, - ნამდვილი საგიჟეთია.

- გეთანხმებით, სერ.

- საცაა, თავბრუ დამეხვევა.

- ეგ არაფერი, სერ, ხდება ხოლმე.

- კარგი, ჯივზ, ახლა ერთი კარგი დაფიქრება მჭირდება. რამე უნდა ვიღონოთ.

 - მესმის, სერ.

კარი გაიხურა და გავიდა. სიგარეტი გავაბოლე, ასე უკეთ ვაზროვნებ ხოლმე.

 

თავი 19

 

ჩვენ, ვუსტერებს, ბევრი ფიქრი არა გვჩვევია - წამში მოვისაზრებთ ხოლმე რამეს. აკი პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი სიჯიუტის გამო ანჯელამ ერთ მთვრალ ბოთეს უარი არ უთხრა და ცოლობაზე დათანხმდა - ე. ი. ჯერ სწორედ ჩემს დეიდაშვილთან უნდა გამერკვია ყველაფერი.

ბევრი ძებნაც არ დამჭირვებია - ფანჩატურში იჯდა, მარტოდმარტო.

- ანჯელა, - ვეუბნები მკაცრზე უმკაცრესი ხმით, - ადამიანებს გვჩვევია სისულელეების ჩადენა, მაგრამ დროულად თუ გავიაზრებთ…

ფიქრებიდან გამოერკვა და რაღაც ისე, თითქოს გაკვირვებულმა შემომხედა:

- რა ბრძანე? ამას რა - საკუთარ თავზე ამბობ?

- რას, მაგალითად?

- სისულელეებს ჩავდივარო.

- შენა გგონია, აქ იმისათვის მოვიდოდი, საკუთარ სისულელეებზე მელაპარაკა?

- იზამდი, კი.

გადავწყვიტე, ამგვარ უაზრო პროვოკაციას არ ავყოლოდი და სხვა მხრიდან მომეარა.

- ეს წუთია, ბენტერას გადავეყარე.

- ნუთუ?

- და კიდევ - გას ფინკ-ნოთლს.

- რაო მერე, რა გვინდაო?

- როგორც მივხვდი, ამ უკანასკნელზე დანიშნულხარ.

- ძაან მიხვედრილი ვინმე ხარ, ბერტი.

- ამიტომაც ვამბობ, შეცდომები გვჩვევია-მეთქი. შეუძლებელია, გასი გიყვარდეს.

- ვითომ რატომ?

- იმიტომ, რომ ეგეთი რამ ბუნებაში არ შეიძლება მოხდეს.

იმას ვგულისხმობდი, რომ გას ფინკ-ნოთლისთანა სალოსი მარტო მისნაირსავე მედლინ ბასეტს თუ შეიძლება შეუყვარდეს: ფერი ფერსაო, ასე ვთქვათ… არა, თავისთავად, მშვენიერი ყმაწვილი იყო - ზრდილი, გულისხმიერი… აი, შენი საყვარელი ტრიტონი რომ შეუძლოდ გამხდარიყო, უკეთეს მომვლელს ვერც ინატრებდი, ოღონდ რომელ ჭკუადამჯდარ გოგოს მოუვიდოდა თავში, მაგის გვერდზე დამდგარიყო მენდელსონის მარშის მოსასმენად?!

ეს ყველაფერი ანჯელას მოვახსენე და ჩემდა გასაკვირად, ულაპარაკოდ დამეთანხმა.

- კარგი, ვთქვათ და არ მიყვარს. რა მერე?

- როგორ თუ რა?! აბა, რაღაზე დათანხმდი?

- სასაცილო მეჩვენა. გენახა ერთი, რა სახე გაუხდა ბენტერას, ეგ ამბავი რომ ვახალე.

და უცებ მხია თავში: გამოდის, ეგეც ჟესტი იყო? - ვეკითხები.

- რა ჟესტი?

- გასს იმიტომაც დათანხმდი, გინდოდა ბენტერასთვის ნიშნი მოგეგო?

- აბა, სხვა რისთვის?

- მაგაზე ვამბობ სწორედ, შენი მხრიდან ეს გარკვეული ჟესტი იყო-მეთქი!

- რა ვიცი, შეიძლება.

- რას გეტყვი იცი, ქალბატონო? დიდი უსინდისობაც გიქნია და შენს მაგივრად მე მრცხვენია, დიახ!

- არ მესმის, ჩემგან რა გინდა?

- ვერც გაიგებ, იმიტომ რომ ქალი ხარ, ეს ქალები კი ყველანი ერთნაირები ხართ, ყველაზე უტვინო ძვლიდან გამოჩორკნილები! რაღაც სისაზიზღრეს ჩაიდენთ და მერე გიხარიათ - იცინით, იცინით, კვდებით სიცილით! მარტო დალილასა და სამსონის მაგალითი რად ღირს!

- დაიცა, დალილასა და სამსონის ამბავი შენ საიდანღა იცი?

- ცოტა გონებასაც თუ დაძაბავ და გაიხსენებ, სკოლაში ჯილდო მაქვს მიღებული საღვთო წერილის საუკეთესოდ ცოდნისათვის…

- კი, გამახსენდა, გასი გახსენებდა თავის სიტყვაში.

- მართალი ხარ, - ვეუბნები, თავად კი სულაც არ მინდა იმის ნაბჟუტურალის გახსენება. - მეც მაგიტომ გეუბნები, სამსონისა და დალილას ამბავიც საკმარისია- მეთქი… მძინარეს თმა შეაჭრა და მერე იკვეხნიდა კიდეც, ჩემი ნამოქმედარიაო! მართალს ამბობენ - ო, დედაკაცო, არარაობა უნდა გერქვას შენ!

- მაინც ვინ ამბობს?

- როგორ თუ ვინ?!

- მე კი არ გამიგია და…

- მოკლედ, დაანებებ თავს?

- ვის?

- გას ფინკ-ნოთლს, სხვა ვის?

- არაფრის დიდებით!

- და ეს იმისათვის, რომ ბენტერა გაამასხარაო?

- რა, მართლა ეგრე გამოიყურება - გამასხარავებული?

- მე თუ მკითხავ, კი.

- ახია მასზე!

ნელი-ნელ ვხვდებოდი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ასე ვთქვათ, ფეხსაც ვერ მოვიცვლიდი ადგილიდან. მახსოვს, საღვთო წერილის ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი, ბალაამის ვირის ამბავი წავიკითხე; დედააზრი რაღაც მთლად ბოლომდე და კარგად კი ვერ გავიგე, მაგრამ ცხადია, რომ ანჯელა ახლა მართლა იმ პატიოსანი პირუტყვივით იქცეოდა - სუფთა ქ-ნი ნეგაციაა…

- ცალტვინა! - მივაძახე.

- აბა კი! თვითონა ხარ ეგეთი.

- მე არც ბენტერას ვუწამლავ სიცოცხლეს და არც საკუთარს ვღუპავ!

- ჰოდა, შემეშვი.

- კიდევ რა გინდა! გგონია, ჩემს სკოლის ძმაკაცებს შენ მოგიგდებ სახრავად?! თანაც ხომ ვხედავ, რომ ბენტერაში ხარ ჩამწვარი!

- არაფერიც!

- კარგი ერთი! რამდენჯერაც შენი წყლიანი თვალებით გახედავდი ხოლმე, ყოველ ჯერზე თითო პენი რომ მომცა, მდიდარი კაცი გავხდებოდი…

- ხოდა გაიარე…

- დიახაც! შენთან ლაპარაკში არც არაფერი ყრია და… მოკლედ, წავედი და ბედნირებას გისურვებ!

იმედი მქონდა, ამ ჩემი უკანასკნელი ნათქვამის ირონიას მაინც ჩახვდებოდა. არადა, ღმერთია მოწმე, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ვერც კი წარმომედგინა, რომ დაქალებული, ამისთანა ვერაგობას იკისრებდა - ბენტერას სულიერად გასანადგურებლად თანახმა იყო, გას ფინკ-ნოთლს გაჰყოლოდა ცოლად! არა, ცამდე მართალი იყო ბებერი უილიამი, ქალთა ბუნების სიმყიფეზე რომ გაიძახოდა…

ამგვარი მძიმე საუბრის მერე ერთი კარგი ნაჭერი ლორი არ მაწყენდა, თავის მდოგვითურთ: საყოველთაოდ ცნობილია - არაფერი ისე არ აღადგენს უარყოფით განცდებზე დახარჯულ ცხოვრებისეულ ენერგიას, როგორც მაწიერი საკვების მიღება.

ოღონდ სასადილო ოთახში შევაბიჯე თუ არა, წამსვე დეიდა დალიას ვკიდე თვალი - იჯდა და გემრიელადაც მიირთმევდა მაიონეზში ამოვლებულ ორაგულს. ე-ეე… შუადღემშვიდობისა-მეთქი, - წავიბურტყუნე უგერგილოდ: თუ გახსოვთ, ჩვენი ბოლო tete-a-tete(26) შეხვედრა დიდი გულითადობით არ გამოირჩეოდა - აკი მირჩია კიდეც, გიჯობს, ტბორში დაიხრჩო თავიო, და დარწმუნებული არ ვიყავი, მას მერე რამდენად შეიცვალა მისი ჩემ მიმართ დამოკიდებულება.

ცოტა მხოლოდ მაშინ მომეშვა გულზე, მოღიმარი სახით რომ დამიქნია თავი და ჰაერში ჩანგალიც კი შეათამაშა - მოსალმების ნიშნად.

- სალამი, ბრიყვუნი, - მითხრა, - ასეც ვიცოდი, რომ საცა სუფრა გაიშლება, შენც წუთში იქა ხარ ხოლმე… ერთი ეს ორაგული გასინჯე - თითებს ჩაიკვნეტ!

- ანატოლის ნახელავია? - დავეკითხე.

- არა, ჩვენი ფრანგი ჯერ კიდევ ლოგინშია… არ ვიცი, მოახლე გოგოს გასტრონომიის მუზა ეწვია თუ უცბად გონება გაუსხივოსნდა - მოკლედ, მიდგა და მშვენიერი რაღაცეებიც გამოუვიდა!

კერძი გადავიღე, მადიანად შევექეცი და აქეთურ-იქითურზეც გავაბით ტკბილი საუბარი. ის იყო, დამატებაზე ვფიქრობდი, რომ დეიდაჩემმა გასზე ჩამომიგდო სიტყვა. წამში მივხვდი, მისი და ანჯელას დანიშვნის თაობაზე ჯერაც არაფერი სმენოდა.

- იმ შენს ფინკ-ბოთლზე უნდა დაგელაპარაკო, - თქვა და ახლა ხილის სალათს დასწვდა.

- ფინკ-ნოთლზე…

- კარგი ერთი! რაც დღეს მაგან სპექტაკლი მოგვიწყო, გვარი უნდა გადავუკეთოთ… მოკლედ, როცა ნახავ, გადაეცი, რომ ისე გამახარა, ცხოვრებაში არ დავუვიწყებ. არა, მართლა მაგრა დაუარა ჩემს ქმარს, ყველა წმინდანის მადლმა! რაღაც თავისებური შნო მართლა აქვს, ამას მაინც ვერ წაართმევ.

- ჰო არა? და ის როგორ იყო, ჩემზე რომ გაიარ-გამოიარა?!

- რა მოხდა მერე? რაო, კუდი აგეწვა?

- არ გეკადრებათ, დეიდაჩემო! წელებზე ფეხს ვიდგამდი, დღედაღამე ვიზუთხავდი და დამიფასდა კიდეც…

- და პესიმისტიაო?

მინდოდა მეთქვა, რაც აქ ჩამოვედი, იმისთანა ამბები ხდება გარშემო, რატო სულ არ გავრეკე-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. მარტო ის ვუთხარი, არაფერი მაგის მაგვარი-მეთქი.

- ძალიანაც კარგი, ბერტი. ყველაფერი საუკეთესოდაა ამ სამყაროთა შორის საუკეთესოში… ცხოვრება კი რთულია, ნულზე არ იყოფა… კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო… ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს… შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი… და საერთოდ, სალათი გადაიღე - გეუბნები, ნუგბარი რამეა.

ხათრით გავღეჭე ორი ლუკმა, მაგრამ გაუცნობიერებელი ეჭვი კი მიღრღნიდა გულს: იყო რაღაც არაბუნებრივი დეიდა დალიას ამ სიმხიარულეში…

- მეგონა, ბრაზობდით…

- ეგ რატომღა?

- გასის არცთუ მთლად ტაქტიან გამოხდომებზე. გამოგიტყდებით, სულ სხვა რეაქციას მოველოდი თქვენგან.

- რას ამბობ, პირიქით, ნაამებიც უნდა ვიყო, ასე რომ დააფასეს ჩემი სასმელები… ახლა შედეგი? თვალსა და ხელს შუა შეიცვალა კაცი. ღმერთმანი, ვისკის ომისშემდგომ წარმოებაზე შერყეული რწმენა განმიმტკიცდა. და საერთოდ, როგორ შეიძლება ვინმეზე ვბრაზობდე, როცა ანატოლი ჩვენთან დარჩენას დათანხმდა?!

- აი, ეს კი გამახარეთ! მოსალოცი ამბავია, დეიდაჩემო.

- აბა, მე რას გეუბნები? თახვივით თავდაუზოგავად ვიშრომე, როგორ არ მოვუქონე თავი და ბოლოს მაინც მივაღწიე ჩემსას - ღვთის შეწევნით, რაღა თქმა უნდა.

- ახლა არ მითხრათ, სანთელი უნდა დავანთოო.

- ნუ მკრეხელობ!

სწორედ ამ დროს სასადილო ოთახის კარი გაიღო და მსახურმა შემოყო შეჭაღარავებული თავი:

- მაქვს პატივი მოგახსენოთ, მადამ, მისტერ ფინკ-ნოთლი სხვენზე ამძვრალა და სწორედ ახლა სარკმლიდან ეჭყანება მესიე ანატოლის…

 

თავი 20

 

აი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ავბედითიო, რომანებში რომ წერენ. დეიდაჩემი ლაქიას მიშტერებოდა, ლაქია - დეიდაჩემს; მე კიდე ხან ერთს გავხედავდი და ხან

- მეორეს… უცბად ხილის სალათიდან პირში ვაშლის ნაჭერი მომყვა, აზრმიუტანებლად გავღეჭე და ისეთი ხრაჭუნის ხმა გაისმა, მეგონა, მეზობელ მამულშიც კი დაფეთდებიან-მეთქი.

დეიდა დალია სკამის საზურგეს მიეყრდნო და რაღაცნაირი მიკნავებული ხმით იკითხა:

- რას შვრებაო?

- ემანჭება, მადამ.

- სხვენში დატანებული ფანჯრიდან?

- დიახ, მადამ.

- გინდათ თქვათ, სახურავზეა აფორთხებული?

- ნამდვილად, მადამ. მესიე ანატოლი ძალზე ნერვიულობს, მადამ.

მე მგონი, სიტყვათშეხამებამ „ანატოლი ნერვიულობს“ ქნა, რაც ქნა - დეიდა დალიამ კომანჩების ტომის ინდიელთა საბრძოლო ყიჟინა დასცა, ადგილს მოსწყდა და ისეთი სისწრაფით გავარდა ოთახიდან, ნებისმიერ ძველი სკოლის გარემარბს შეშურდებოდა. ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი ახლაც მის გვერდით იყო, ამიტომაც სალათს თავი ვანებე და უკან გამოვუდექი. ზურგში ლაქიის ხშირი სუნთქვა მომყვებოდა.

მის გვერდით-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ რეალურად მისი დაწევის შანსი ნაკლებად მქონდა: კიბის პირველსავე ბაქანზე უკვე ექვსი კორპუსით მისწრებდა, მეორეზე სხვაობა არ შემცირებულა და მხოლოდ ფინიშის სწორზე იყო, წლებმა რომ მაინც თავისი ქნა… ბოლო წამს რომ ხელი არ ეკრა, იქნებ ფოტოფინიშიც დაგვჭირვებოდა გამარჯვებულის გამოსავლენად! საბოლოოდ, ადგილები ასე განაწილდა:

1. ქ-ნი დალია;

2. ბერტრამ ვუსტერი;

3. ლაქია სეპინგზი.

გამარჯვებულმა ნახევარი თავით მიასწრო მდევარს; მეორე და მესამე ადგილებს შორის მანძილი - ერთი ბაქანი.

ოთახში შევჯლიგინდით და ყველანი ანატოლის მივაშტერდით. მაგარი სანახავი კი იყო: ტანმოკლე, თავიან-ფეხიანად ჩამრგვალებული, ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი იდგა და ჭერს უღერებდა პაწია მუშტებს! ისიც ითქვას, როცა კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა, ნალოლიავები ულვაშები აეპრიხებოდა ხოლმე, სევდიანი განწყობის ჟამს ბოლოები ქვევით ეშვებოდა, ახლა კი საერთოდ ტაქსას ყურებივით ჩამოყროდა ძირს…

მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მრგვალი ფანჯრიდან მართლაც გას ფინკ-ნოთლის სახე იმზირებოდა - თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, პირი - დაფჩენილი და საერთოდ, წყლიდან ახლად ამოყვანილ რომელიღაცა იშვიათი ჯიშის თევზს წააგავდა. მოკლედ, მძიმე ვითარება შეიქნა: წარმოიდგინეთ აბა, წევს ფსიქიკურ ტრავმაგადატანილი ფრანგი გასტრონომი ლოგინში, ფიქრობს რაღაცას თავისას და უცებ - ვიღაც ინგლისელი ფანჯრიდან ეჭყანება! ბოლოს და ბოლოს, ფრანგისთვის მისი ლოგინი მისი ციხესიმაგრეა და ვიღაცეების დრუნჩების ყურება სულაც არ შედის კაცთმოყვარეობის მათეულ გაგებაში…

ამ უსიამო ფიქრებით გახლდით შეპყრობილი, რომ დეიდა დალიამ, როგორც პრაქტიკულმა ქალმა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო:

- რა ხდება, ჩემო კარგო ანატოლი? - ეკითხება დათაფლული ხმით.

უნდა გითხრათ კია, რომ მესიე ანატოლი სრულიად თავისუფლად მეტყველებდა ინგლისურად, ოღონდაც მეტად აბნეულ-დაბნეულად: საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე მოხვედრის მერე, ბრინკლი-ქოურთში დასახლებამდე, ის ჯერ ბინგო ლაითლს ედგა სამსახურში და გასაგებია, როგორც გაიმდიდრებდა ლექსიკას, მანამდე - ნიცაში უმზადებდა სადილებს ვიღაც ამერიკელ მილიონერ ცოლ-ქმარს, იმათ კიდე ერთი უბედურის ვინმე ბრუკლინელი ირლანდიელი ყავდათ თურმე მძღოლად… მოკლედ, ახლა მისი მეტყველება დაახლოებით ასე მოისმოდა:

- რასაა რო ბოდიალობთ,  მადამ?!  კარგი რა უნდა ხდებოდეს ჩემსა?..  დამაყუდეს აქ ტელეგრაფის ბოძივით და ამ შუშიან ხვრელს ვჩითავ! და რა მერე? ვიღაც დაბოლილი მეჭყანება და სანამ ნაწლავებს არ დავაყრევნებ, არ შემეშვება?! მე რა, კაცი ვარ აქ თუ ნაქურჩალი?!

რას ერჩი, აქამდე ყველაფერი გასაგებიც იყო და მართალიც გახლდათ, ყველა გაგებით…

- არა, მაინც ვინ ჩემი ფეხებია?! რას მიკეთებს იმ გადასახურავზე? ერთბაშად კრამიტებს ლაწალუწი არ აუტეხოს! მე მაგას ვაჩვენებ, ვირი ხეზე სად გასულა!!

- აუცილებლად, ჩემო ანატოლი, აუცილებლად… - დეიდაჩემის ხმა უკვე მტრედების ღუღუნს მოგაგონებდათ. - თქვენ არ იღელვოთ, ყველაფერი კარგად იქნება…

აი, ეს ბოლო კი გაუცუდდა: მესიე ანატოლის ის-ის იყო მინავლებულმა წყენამ კვლავაც ვულკანივით იფეთქა:

- Hom d`un nom d`un nom!(27) იქნება-არ იქნება! მკიდია, არავითარი ვალი და ვახში მე არა მაქ! წავალ, უკან აღარ მოვალ! ეშმაკსაც წაუღია ყველა ეგ თქვენი pignouf(28) თუ roustisseur!(29).. - ეტყობა, განსაკუთრებული მღელვარების ჟამს ისევ თავის მშობლიურ ენაზე ერჩივნა გრძნობების დაფრქვევა.

რა გამოსადეგი სიტყვები იქნება-მეთქი, გავიფიქრე! მაგრამ რად გინდა - ახლა რას დავიმახსოვრებდი… თანაც ტყვიამფრქვევის სისწრაფით ისროდა და არც ერთხელ არ გაუმეორებია ერთი და იგივე ზედსართავი!

მაგრამ დეიდაჩემისთვის მთელი ამ ტირადიდან მხოლოდ ერთ ფრაზას ჰქონდა მნიშვნელობა - წავალ, უკან აღარ მოვალო და ამის გაგონებაზე ერთი ისეთი დაიყმუვლა, როგორც

თათებიდან მელიადასხლტომილი მონადირე ძაღლების წინამძღოლმა. მერე - ჩამოდი მანდედან, შე არანორმალურო, შენაო! - ასძახა გასს, მაგრამ იმან მხოლოდ სახის მანჭვა-გრეხას უმატა და ახლა თავის აქეთ-იქით ტრიალსაც მოჰყვა.

- ვფიქრობ, იმის თქმა სურს, მადამ, რომ თუკი უკან ჩასვლა ვცადე, კისერს მოვიტეხო… - ჩაერია სეპინგზი.

- დიდი ამბავი!

სავსებით მესმოდა დეიდაჩემის, მაგრამ მაინც ჯობდა, რაღაც სხვა გამოსავალი გამოგვეძებნა.

ისე, ეს ფანჯარა თუ სარკმელი ერთადერთი იყო მთელ სახლში, რომელსაც ბიძია თომამ გისოსები არ დაუყენა - ეტყობა, ჩათვალა, რომ თუკი ვინმე იქ აფოფხებასა და იქიდან სახლში შემოძრომას იკისრებდა, მასზე ალალიც იქნებოდა მთელი ნაქურდალი…

- თუკი შიგნიდან გამოვაღებთ, იქნებ გამოეტიოს კიდეც და მერე იოლად ჩამოხტება ლოგინზე, - გამოვთქვი აზრი.

- სეპინგზ, როგორ იღება ეს სარკმელი?

- გრძელი ჭოკით, მადამ.

- ახლავე მოიტანეთ! თუდაც ათი ჭოკი, ჯოხი თუ კომბალი!

ორი წუთიც არ იყო გასული, გასი რომ შემოგვიერთდა. იდგა თავდახრილი და აშკარად დაბნეული. ისიც ითქვას, დეიდაჩემს შეუძლია ტკბილი ენით მოთაფვლა, მაგრამ თუ გარეკა, ჯობია, თუნდაც უახლოეს ხეზე გახვიდე თავშესაფრის საპოვნელად…

- აბა? - ისე თქვა, იქ მყოფთ ტანში გაგვცრა ყველას ერთად. გასმა მხოლოდ რაღაც ამოიხრიალა პასუხად.

- აქედან მოაშორეთ და ცივი ტილო დაადეთ თავზე! - მიბრძანა დეიდაჩემმა და მეც რა შვილი ვიყავი, სიტყვა შემებრუნებინა - ხელი ვტაცე გასს და ოთახიდან გავიყვანე. სეპინგზი მეორე მხრიდან ამოუდგა მხარში. დეიდა დალია კი ანატოლის გადარწმუნებას შეეცადა - გიჟი კი არაა, ცხოვრებაში პირველად დათვრა და სახურავზე აძვრა, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა და ხომ ხედავ, მხოლოდ ფანჯრის შიგნიდან გამოღებას გთხოვდა, შენ კი რა არ იფიქრეო…

მაგრამ მე საკუთარი მოსაზრებები მქონდა ამის თაობაზე: რის სიმთვრალე, გასი მთვრალიც კი ტყუილუბრალოდ არაფრით აძვრებოდა სახურავზე - აქ სადღაც სხვაგან იყო ძაღლის თავი ჩამალული.

- ბენტერას გაურბოდი? - ვეკითხები ფრთხილად.

- აბა?! ლამის იყო, სხვენზე ასასვლელი კიბის თავში მწვდა და ცოცხალს არც გამიშვებდა, მაგრამ როგორღაც დავუსხლტი და ლავგარდანით გადავედი სახურავზე, იქიდან კი სულ ერთი ხელის გაწვდენაზეღა იყო ეგ სარკმელი… იქ აღარ გამომყოლია, ოღონდ რა მერე - უკან ხომ ვეღარ ჩავიდოდი! ის პიჟამიანი ტიპი ვიღა იყო? ვერაფერი შევაგნებინე…

- ეგაა სწორედ მეტრ ანატოლი, დეიდაჩემის შეფ-მზარეული.

- მართლა ფრანგია?

- სულით ხორცამდე.

- მაშინ გასაგებია ყველაფერი. ეგ ფრანგები ხისთავები არიან, ერთიანად. კიდევ კარგად გადავრჩი.

- კი, დროებით.

- ეგ როგორ?

- ბენტერა ასე იოლად არ შეგეშვება. ადგილზევე შეხტა.

- რა ვქნა? მიშველე რამე!

- კარგი ახლა, სულ ნუ მოიმჩვარე! ოთახში შედი და კარი ჩარაზე. რამეს მოვიფიქრებთ.

ორჯერ თქმა არ დამჭირვებია - თაგვივით შეძვრა თავის სოროში და კარიც საგულდაგულოდ გადარაზა. ახლა მეტი არაფრის გაკეთება არ შემეძლო, სამზარეულოში ჩავედი და დაუმთავრებელ სალათს გავეთამაშე. სად იყო, სად არა, დეიდაჩემიც შემოვიდა.

- რამე დასალევი გამომიღე, ბერტი. - თქვა და სავარძელში ჩაესვენა.

- მაინც რა სიმაგრის?

- რაც მეტი, მით უკეთესი.

მოგეხსნებათ, ამ საქმეში ვუსტერებს განსაკუთრებული ნიჭი გამოგვარჩევს - სამთო ტურისტების მშველელი სენბერნარები ჩვენთან მონაგონია. წამში ავუსრულე სურვილი და რამდენიმე ხანს მხოლოდ მისი ენის წკლაპუნი ისმოდა ოთახში.

- ერთი კარგი დასვენება არ გაწყენდათ, დეიდაჩემო, - ვეუბნები, - ამდენი რამ გადაიტანეთ… ანატოლის საკითხი როგორ გადაწყდა?

ერთხანს დაჟინებული მზერით მომჩერებოდა.

- ატილა. - თქვა მერე. - ნამდვილად. ჰუნების ბელადი ატილა.

- ე-ე… ვერ გავიგე?

- ვიღაცას მაგონებს-მეთქი, ვფიქრობდი. იყო ერთი ასეთი, ყველგან შფოთსა და უბედურებას თესავდა, ცეცხლითა და მახვილით სპობდა ყველას და ყველაფერს, მთელ სოფლებს წვავდა, ბაღ-ვენახებს უდაბნოდ აქცევდა, ხალხს აწიოკებდა… ატილა ერქვა.

ისევ შემათვალიერა.

- საოცარი ამბავია, გარეგნულად ერთი რიგითი ბრიყვი ხარ, ყოვლად უვნებელი, იქნებ ცოტათი შერეკილიც, მაგრამ - არა გარეკილი… სინამდვილეში კი ღვთის მათრახი ხარ, ჭირი, ვაი და ვუი… შენ რომ გიყურებ, თავი ჩამოვიხრჩო, მინდა.

გამიკვირდა და, სიმართლე გითხრათ, ცოტათი გავნაწყენდი კიდეც. თუმცა, პირგამოტენილმა, უცბად რიგიანი პასუხის გაცემა ვერც მოვახერხე. სანამ ლუკმას გავღეჭდი და გადავყლაპავდი, დეიდაჩემი ისევ მომდგა:

- გესმის მაინც, ამ შენი პინკ-ბოთლის ჩამოყვანით რა უბედურებაც დაგვაწიე? დაჯილდოების ცერემონიის ჩაშლას ვინღა ჩივის -

ვიცინეთ მაინცაა და ანატოლის რა ვუყო? ისეა წყობიდან გამოსული, ხვალვე აპირებს აქედან გუდა-ნაბადის აკვრას!

- რა თქვით?!

- ჰო, ჰო, გაიკვირვე ახლა! ჩემს ქმარს კი სიცოცხლის ბოლომდე გამოწერილი აქვს ყაბზობა და კუჭის წვა ერთდროულად… და ეს კიდევ არაფერი - ანჯელამ მახარა, პინკ-ბოთლს უნდა გავყვე ცოლადო.

- დროებითი ამბავია, დეიდაჩემო, მერწმუნეთ.

- კი, როგორ არა! ყველა გზასა და გზაჯვარედინზე გაიძახის - ოქტომბრის თვეს ქორწილში უნდა მეწვიოთო! ახლა რომ აქ იობი შემობლაყუნდეს, დილამდე მოვუნდებოდით ჩვენი უბედურებების ჩამოთვლას.

- არაა, იმას მაინც მეტად უჭირდა…

- შენ რა იცი? რა საზომით ზომავ? ინგლისის საუკეთესო მზარეული გამექცა, მეუღლე ნაწლავების გადახლართვით დამეღუპება, ჩემი თვალისჩინი, ერთადერთი ქალიშვილი კი ტრიტონებზე გადაგებულ ლოთს მიჰყვება ცოლად! რა სჭირდა იობს ეგეთი?!

ვაპირებდი ჩამომეთვალა, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი.

- კარგი ახლა, დეიდაჩემო! ყველაფერს მოევლება. აქ არა ვარ?

- რა, კიდევ რაღაც გეგმებს აწყობ?

- რაზეა ლაპარაკი! ერთს კი არა, თქვენი გულისთვის რატო ორ ათეულს არა… ამოიოხრა.

- მეც მაგის მეშინოდა. ისე, უარესი რაღა უნდა დამემართოს? მიდი, გაუტიე. იმას მაინც ვნახავთ, ჯოჯოხეთის რომელ წრეში ამოგვაყოფინებ თავს…

ამ დროს, როგორც ყოველთვის, სრულიად უჩუმრად საიდანღაც ჯივზი აისვეტა ჩემ გვერდით.

- რა ხდება, ჯივზ? - ვეკითხები.

- წერილია, სერ.

- რა წერილი? - გავიკვირვე.

- მის ბასეტისაგანაა, სერ.

- მის ბასეტისაგან, ჯივზ? არ გეშლება?

- არანაირად, სერ.

- როგორ ფიქრობ, ნეტა რას იწერება?

- რა მოგახსენოთ, სერ.

დეიდაჩემს უკვე ისე აეშალა ნერვები, ჩემსა და ჩემი მსახურის საუბარშიც კი ჩაერია (რის უფლებასაც მანამდე არასდიდებით არ მისცემდა თავს) და გვარიანად დაგვიცაცხანა, მორჩით ამ კითხვაპასუხობანას და იქნებ წერილსაც გადახედოთო. მერე წამოდგა, სიტყვა დაგვიგდო, ჩემს ოთახში მივდივარ, იქნებ იოგას ვარჯიშები შემეწიოს რამითო, მაგრამ ორიოდ ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული, ჩემმა განწირულმა ძახილმა რომ გაყინა ადგილზე.

- რა გაბღავლებს? - მეცა ისევ.

- მედლინ ბასეტი მწერს, ცოლად უნდა გამოგყვეო…

- ახია შენზე! და საერთოდ, სულ პატარა რომ იყავი, ერთხელაც მე დამიტოვეს შენი თავი, შენ კიდე სატყუარა გადაგეყლაპა და იხრჩობოდი… ძლივს გადაგარჩინე. ახლა კი ისევ რომ მოგივიდეს მსგავსი რამ და ირგვლივ კაციშვილი არავინ იყოს ჩემ გარდა, იცოდე - წასულია შენი საქმე…

თქვა და შეუვალი გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან.

 

თავი 21

 

თავს დავდებ, სწორედ ასეთი გრძნობა აქვს, ალბათ, მოკრივეს, მსაჯისაგან მალულად რომ ამოარტყამენ მუცელსქვემოთ… სუნთქვა შემეკრა და პირდაპირი მნიშვნელობით, თვალთ დამიბნელდა. თუკი მედლინ ბასეტმა თავში ჩაიდო - ამ კაცის გული ჩემს ფერხთით ძევს და მხოლოდღა უნდა დავწვდე და ავიღოო - მორჩა, გათავებული იყო ჩემი საქმე! აბა, უკან ხომ არ დავიხევდი?! არავითარი ნოლლე პროსექუი აღარ მიშველიდა…

თუმცა სხვას იქნებ პირსახოციც გადმოეგდო რინგზე, მაგრამ არა ვუსტერების შთამომავალს!  უპირველესად,  წერილი გადავიკითხე -  არაფერი ახალის აღმოჩენას იქ არ მოველოდი, მაგრამ მინდოდა, ცოტა დავმშვიდებულიყავი და რიგიანად ამეწონ-დამეწონა ყველაფერი. მერე, გონებრივი სამუშაოსათვის სახმილის მისაცემად, სალათის კიდევ ერთი გვარიანი მარაგი გადმოვიღე თეფშზე და ზედ ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერიც მივაყოლე. თუმცა სიმართლე გითხრათ, სანამ ყველს არ მივადექი, იქამდე ტვინი მაინც რაღაც მძიმედ მიმუშავებდა…

მერე კი იცოცხლე, სულ თრიხინ-თრიხინით წამოვიდა იდეები! საქმეც ისაა, რომ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი მთავარია, გონება არ აგემღვრეს და პრობლემის არსი გამოავლინო, დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, უკვე ტექნიკის საქმეა.

ამ ჩვენს შემთხვევაში, ცხადია, პრობლემის თავი და თავი მედლინ ბასეტი გახლდათ - გასს რომ უარი სტკიცა, იქიდან დაიწყო მთელი ეს ამბავი, ახლა კი საჭირო იყო მისი გადარწმუნება და გას ფინკ-ნოთლზე ჯვარის დაფსკვნა - ამით ანჯელას ამბავიც გაირკვეოდა, ბენტერაც დაშოშმინდებოდა და საათივით აეწყობოდა ყველაფერი…

მოკლედ, ის იყო მაგიდიდან ადგომასა და მედლინ ბასეტის საძებნელად წასვლას ვაპირებდი, რომ თავად არ შემობრძანდა ოთახში? (ვის-ვის, და მე კი უნდა მცოდნოდა - გატეხილ-დამსხვრეული გულები ძირითადად სწორედ გაშლილი სუფრისაკენ მიიწევენ ხოლმე!) წამსვე წამოვხტი, სკამი გამოვუწიე. ღაწვები შეუფაკლდა, თავი დახარა და - გმადლობთ, დიდადო, - ჩაიჩურჩულა.

ბევრგზის შემიმჩნევია - ამგვარ ვითარებაში უხერხულობისაგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალება რაღაცის კეთებაა: ხელები დაისაქმეთ და მორჩა - დანარჩენი თავისით წავა… ამიტომაც თეფშს დავავლე ხელი და შევთავაზე - ორაგულს გადმოგიღებთ-მეთქი.

- ერთი ნაჭერი, თუ არ გაგიჭირდებათ…

- იქნებ ცოტა სალათიც?

- სულ ცოტა, თუ არ გაგიჭირდებათ…

- დალევთ რამეს? რომელი სამსალა გირჩევნიათ?

- ფორთოხლის წვენი, სულ ერთი ყლუპი.

ის იყო საქმეზე მინდოდა გადასვლა და ვთქვი - ე-ე-ე…, რომ იმანაც იგივე ამოუშვა პირიდან, ჩვენი ეს ორი ე-ე-ე კი ჰაერშივე შეეჯახა ერთმანეთს და თითქოს იქვე გამოეკიდა.

- უკაცრავად!

- მე მაპატიეთ…

- ამბობდით, რომ…

- გინდოდათ, გეთქვათ…

- რას ამბობდით?

- არა, გთხოვთ, თქვენ გააგრძელეთ…

- კარგი აბა, - ვეუბნები და თან ჰალსტუხის ნასკვს ვისწორებ, - ეგეც აუცილებელი ამბავია, მერე რატომღაც ჩავახველე კიდეც და როგორც იქნა, ამოვღერღე:

- ამა რიცხვის თქვენეულ წინადადებაზე უნდა მოგახსენოთ, რომ… ისევ წამოწითლდა და ჩანგლით სალათის ფოთოლს დაუწყო წვალება.

- ჩემი წერილი მიიღეთ? - ლამის ჩურჩულით მეკითხება.

- კი, მივიღე. აი აქა მაქვს, ჯიბეში.

- ჯივზს ვთხოვე, გადმოეცა.

- კი, სწორედ ჯივზისაგან მივიღე, ანუ მინდოდა მეთქვა, ჯივზმა გადმომცა-მეთქი.

- კიდევ კარგი, რომ მიიღეთ.

- დიახ, მივიღე და დიდის ყურადღებითაც გავეცანი... და თავად თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- რაზე… ამაზე?

- ე-ე… აი იმაზე, რაც მომწერეთ.

- აკი მოგწერეთ უკვე…

- კი, ე-ე… დიახ, ნამდვილად! ნათლად და გასაგებად იყო ყველაფერი მოწერილი, ოღონდ მცირეოდნავ… ე-ე…

- გაგიკვირდათ?

- დიახ, სწორედაც რომ! გამიკვირდა და თან - ძალიანაც!

- თქვენ ალბათ, ოგასტუს ფინკ-ნოთლზე გაიფიქრეთ, არა?

- ეს ბოლო ხანია, მხოლოდ მასზე ვფიქრობ…

- არ არის საჭირო. ეგ ამბავი წარსულს ჩაბარდა. მე ახლა მხოლოდ თქვენს გაბედნიერებაზე ვიზრუნებ.

- მეტად დავალებული ვარ…

- მთელ ჩემს ცხოვრებას ახლა მხოლოდ ამ მიზანს შევწირავ.

- ნამდვილი მეგობარი ხართ, წყალი არ გაუვა…

- ოღონდ უნდა გაგაფრთხილოთ, ბერტი: მართალია, მომწონხართ კიდეც და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი მეუღლე დადგეს ჩემგან, მაგრამ ისეთ ცეცხლოვან გრძნობას, რაც გასის მიმართ მქონდა, ვერაფრით დაგპირდებით.

- აბა, რას გადამეკიდეთ?! რა ხეირია ჩემგან? გიყვართ და გაყევით…

- არა, ბერტრამ, ის სიყვარული მოკვდა.

- რას ბრძანებთ! დაუჯერებელია!

- ასეა. მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა, მშვენიერ თეთრ ყვავილს უგვანი ლაქა დააჩნდა, და გზნებაც ჩაკვდა.

ყველაფერი ცხადი იყო: ქალი ჯერ ჭკუაზე აღარ გახლდათ სიხარულისაგან, გასმა რომ ბოლოს და ბოლოს თავი მოაბა სათქმელს და მერე

კი აღმოაჩინა, ამ დროს გალეშილი მთვრალი ბრძანებულა! მართლა და მართლა, ყველაფერს აქვს საზღვარი!

მაინც შევეცადე, უკუღმა წასული საქმე წაღმა შემომებრუნებინა:

- კი, მაგრამ განა კარგად აწონ-დაწონეთ ყოველივე? იქნებადა სრულიად უსამართლოდ სჯით იმ საბრალოს? იქნებ სულაც მზეზე გადაუხურდა თავი? აკი დღეს მართლა გვარიანად აცხუნებდა…

ისე გამომხედა, მივხვდი, რომ კვლავ თავის ცხენჯოხას იყო მომჯდარი - თვალები გაუფართოვდა და ცრემლით აევსო.

- თქვენ სამარეც ვერ გამოგასწორებთ, ბერტი… ნამდვილი რაინდი ხართ! იცით, ვის მაგონებთ? სირანოს.

- ვისა, ვისა?!

- სირანო დე ბერჟერაკს. აი იმას, დიდზე დიდი ცხვირი რომ ჰქონდა...

უნებლიეთ ცხვირზე ვიტაცე ხელი. მართალია, კლასიკური არ ეთქმოდა, მაგრამ მთლად პინოქიოსთანა ვიღაცეები ახლა რა სახსენებელი იყო…

- სულზე მეტად უყვარდა ის ქალი, მაგრამ სხვის შეყვარებას კი სთხოვდა! სწორედ ამით მომწონხართ, ბერტი, კეთილშობილი ხართ და დიდსულოვანი! ოღონდ სულ ტყუილად ირჯებით - ოგასტუსის მიმართ ჩემი გრძნობა ვეღარ აღდგება, გარწმუნებთ. მე ახლა თქვენი ვარ, საუკუნოდ თქვენი!

- მადლობელი, დიდად. - ვეუბნები. აბა, რა უნდა მეთქვა?!

რაღა თქმა უნდა, ჟანრის კანონებით, ახლა ვიღაც უნდა შემოსულიყო სცენაზე და ანჯელაც გამოძახებულივით შემობრძანდა. ბასეტმა წამსვე აცნობა ახალი ამბავი, ანჯელამ მიულოცა და გადაკოცნა, თან დაამატა, დარწმუნებული ვარ, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ ერთადო; მერე ბასეტმა გადაკოცნა და იმედი გამოთქვა, გას ფინკ-ნოთლი იდეალური მეუღლე იქნება შენთვისო და ანჯელამ უპასუხა - ეჭვიც არ მეპარებაო და მერე ისევ გადაკოცნეს ერთმანეთი და აი, მაშინ კი მიმტყუნა ნერვებმა, წამოვდექი და უჩუმრად გავიპარე ბაღში.

ღმერთმანი, უნდა გამიგოთ: ერთი, რომ ამათი ატანა აღარ მქონდა და მეორეც, ამისთანა ვაგლახ დღეში ნაღდად არასოდეს ჩავვარდნილვარ! მაშინაც კი, როცა ბენტერას ბიძაშვილსა და შეთავსებით, ფიზმომზადებაში მისსავე მწვრთნელზე დავინიშნე, მაშინაც კი, გეუბნებით მე თქვენ, ასე ნირწამხდარი არა ვყოფილვარ… ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წყალში ვიხრჩობოდი და კაცი არ მყავდა მშველელი.

სიგარეტი გავაბოლე, თუმცა ისე ვაფუილებდი, პირში არაფრის გემო არა მრჩებოდა. დაზაფრული წარმოვიდგენდი ჩემს მომავალ ცხოვრებას, სადაც ყველაფერს ქ-ნი ბასეტის (არა, უკვე ქ-ნი ვუსტერის) ცრემლიანი თვალები განაგებდა! იმდენად წავედი საკუთარ მწარე ფიქრებში, თავისთვის მშვიდად მდგარი ჯივზი ვერც შევამჩნიე და ლამის შევეჯახე.

- ბოდიშს გიხდით, სერ! - მეუბნება. - უნდა გავწეულიყავი…

მე კიდე თითქოს მზერა გამეყინა - ვიდექი და მივშტერებოდი უაზროდ. თუმცა არა, არც მთლად უაზროდ: იქნებადა მაგან გადმომიგდოს მაშველი რგოლი-მეთქი? - ვფიქრობდი.

ცოდვა გამხელილი სჯობია და არანაირად არ ვაპირებდი ჩემი ბრინჯაოსფერფოლაქებიანი თეთრი სმოკინგის თაობაზე საკუთარი პოზიციების დათმობას - მხოლოდ რჩევა მჭირდებოდა მისგან, სხვა არაფერი; ოღონდაც ჯერ ეგ წინარე საკითხი უნდა გაგვერკვია ბოლომდე:

- ჯივზ, - ვეუბნები, - სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.

- სერ?

- დავიბენისავით, ჯივზ.

- გნებავთ, კარამდე მიგაცილოთ, სერ?

- არა ჯივზ, არა, სულ სხვა, ცხოვრებისეული პრობლემაა… მითხარი, ჯივზ, თევზი ჯერაც არ ამოგიღია კვების რაციონიდან?

- არავითარ შემთხვევაში, სერ. მოგეხსენებათ, ფოსფორი…

- სწორედ მაგის გაგება მინდოდა, ჯივზ. ე. ი. ანალიტიკური განსჯის უნარი ჯერაც არ მოგჩლუნგებია, ჯივზ?

- ვიმედოვნებ, რომ არა, სერ.

- აგაშენა ღმერთმა! ახლა მისმინე: ძველად, როგორც კი რაიმე სამსახურს გამიწევდი ხოლმე, მუდამ ავად სარგებლობდი ჩემი მადლიერებით და ხან ლილაქისფერ წინდებს გადამიყრიდი, ხანაც გოლფის სათამაშო შარვალზე მიცვლიდი აჭიმებს… მოკლედ, სიტყვა მინდა მომცე, რომ თუ ამჯერად ბასეტზე დაქორწინებასაც გადამარჩენ, სიტყვას არ დაძრავ ჩემი ახალი თეთრი სმოკინგის ავკარგიანობის თაობაზე!

- მესმის, სერ.

- მოკლედ, მპირდები, რომ არ გადამაგდებინებ?

- ეს როგორ იფიქრეთ, სერ.

- მაშ ასე, შენ რომ წერილი გადმომეცი, იქ შავით თეთრზე ეწერა - თანახმა ვარ, თქვენი მეუღლე გავხდეო.

- უცნაურია, სერ.

- რაა აქ უცნაური, ჯივზ?

- მახსოვს, სახეზე უცნაური გამომეტყველება ედო, სერ. ვერაფრით ვიტყოდი, ბედნიერებისაგან გაცისკროვნებული სახე ჰქონდა-მეთქი, სერ.

- ახლაც ეგეთია… შენ რა, გგონია, მართლა უნდა ჩემზე გათხოვება?! ეგ სწორედ ერთი იმ ჟესტთაგანია, რომელთა გამოისობითაც ბრინკლი-ქოურთში მალე ერთ გაცინებულ სახეს ვეღარ ნახავ!

- ცუდი ამბავია, სერ.

- და რა ვქნა ახლა?

- სავსებით დარწმუნებული ხართ, სერ, რომ მის ბასეტის გული კვლავაც ოგასტუს ფინკ-ნოთლს, ასე ვთქვათ, უპყრია?

- ძილშიც კი საქორწინო კაბა ეზმანება, წყალი არ გაუვა!

- მაშინ ისღა დაგვრჩენია, ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნოთ, სერ.

- არ მითხრა ახლა, უკვე ისიც ვიცი, როგორო.

- რაღა თქმა უნდა, სერ.

- თქვი მერე, გავილიე კაცი!

- თუ გახსოვთ, სერ, როგორც კი აქ ჩამოვედით, მაშინვე წარმოგიდგინეთ ჩემეული გეგმა. აზრი არც ახლა შემიცვლია, სერ.

- რა, მართლა გინდა სახანძრო განგაში ავტეხოთ?!

არა, მართლა ისეთ მდგომარეობაში გახლდით, კასრ კუპრში კოვზი თაფლის ძიებას აღარაფერი მიკლდა. ისიც კი გავიფიქრე, იქნებადა ცხელ გულზე მაშინ გეგმის რაღაც-რაღაც ნიუანსებს ვერ ჩავავლე-მეთქი.

- კარგი… კარგი კი არა, ძალიან ცუდი, მაგრამ სხვა მაინც არაფერი დამრჩენია… შემახსენე ერთი, რა და როგორ უნდა ექნათ?

-  ადამიანის ფსიქოლოგია უნდა გავითვალისწინოთ,  სერ:  განგაშის ატეხვისთანავე ყველას თავგზა აებნევა - მოგეხსენებათ, შიშს დიდი თვალები აქვს და შეეცდებიან, ცეცხლს ის მაინც გამოსტაცონ, რაც ყველაზე ძვირფასად მიაჩნიათ…

- სავსებით მართალი ხარ, ჯივზ.

- შედეგად მისტერ გლოსოპი შეეცდება, ანჯელა გადაარჩინოს, მისტერ ფინკ- ნოთლი კი მის ბასეტის ოთახს მიაშურებს უეჭველად.

- ეს დედუქციაა, ჯივზ?

- რა თქმა უნდა, სერ. გაიხსენეთ, რას ეუბნება შერლოკ ჰოლმსი თავის მეგობარ ექიმ უოტსონს: აქსიომაა, ჩემო უოტსონ, რომ ხანძრის დროს ინსტინქტი აიძულებს ადამიანს ის გადაარჩინოს, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის.

- მერედა, ბენტერა რომ ხორცის ღვეზელს ეცეს? ამაზე არ გიფიქრია?

- გამორიცხულია, სერ. ეს ხომ გვიან ღამით მოხდება, ამ დროს კი სარდაფიცა და საკუჭნაოც ჩაკეტილი ექნებათ, სერ.

- და მსახურები? განსაკუთრებით ერთი ის გოგო, საკმარისია, ხელი მოხვიო წელზე და წამში ისტერიკაში ვარდება…

- ფრიად ნერვიული პიროვნებაა, სერ, მეც მივაქციე ყურადღება… მაგრამ მესიე ანატოლის გარდა, დღეს ყველანი კინგჰემ-მეინორში გაიკრიფებიან ცეკვებზე, სერ.

- კი, ეგრეა… ახლა ხომ ხედავ, ჯივზ, რა დღეში ჩამაგდეს? მალე საკუთარი სახელიც დამავიწყდება. კარგი აბა, ერთიც გავიმეოროთ: ატყდა ზარის რეკვა, გასი ბასეტის ოთახში შევარდება, ამოიიღლიავებს და… დაიცა, პირდაპირ ეზოში რომ გავარდეს?!

- ვეჭვობ, სერ. ქალის იმპულსურობაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ? ქ-ნი ბასეტი ჯერ სწორედ ფანჯრიდან ეცდება გადახტომას.

- გადაირიე, ჯივზ?! ახლა ეგღა გვაკლია, დილაუთენია მედლინ ბასეტის დამახინჯებული სხეული ვიხილოთ მდელოზე!

- მინდა შეგახსენოთ, სერ: ქურდბაცაცების შიშით მისტერ ტრეივერსმა ყველა ფანჯარას რკინის გისოსები დაუყენა, სერ.

- გაიხარე! აღარც ეგ მახსოვდა… ცუდადაა ჩემი საქმე ნამდვილად. კარგი, რომელ საათზე ვიწყებთ?

- ზედ შუაღამისას აჯობებს, სერ.

- ეგრე იყოს. ზუსტად თორმეტზე შევუდგები საქმეს.

 

თავი 22

 

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ქალაქგარეთ,  როგორც  კი შებნელდება,  მეტად უსიამო  გრძნობა მიპყრობს ხოლმე.  ლონდონში თუნდაც  მთელი ღამე ვიხეტიალებ ქუჩებში, სახლში ალიონზე დავბრუნდები და ვითომც არაფერი, ბუნების წიაღში კი სინათლეების ჩაქრობისთანავე ოთახში მინდა შევიყუჟო და ძილს მივცე თავი. გარეთ ქარი არხევს ხის კენწეროებს, ტოტები ჭრიალებს, ბუჩქები შრიალებს - მოკლედ, სულ მგონია, რომ ვიღაც მეპარება უკნიდან… ვერაფერი სიამოვნებაა, ღმერთმანი! ახლა კიდე, როცა მთელ ამ მხარეში ყველაზე დიდი ზარისთვის უნდა ჩამომეკრა და ხალხისთვის ტკბილი ძილი დამეფრთხო, მართლა უსიამოდ ვგრძნობდი თავს.

ბრინკლი-ქოურთის სახანძრო ზარის თაობაზე ბევრი მსმენოდა: ქურდების გარდა, ბიძია თომას იმისიც ეშინოდა, ოდესმე ცოცხლად არ დავიბრაწო საკუთარ სახლშიო  და  ამიტომაც  რაღაც  პაწია  სამრეკლოსავით წამოჭიმა  გვერდით, ოღონდ ზედ იმხელა ზარი დაკიდა, საარაკოდ გაიხადა საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზაფხულობით - სწორედ მაშინ, როცა იქ არდადეგებზე ჩავდიოდი ხოლმე - „სავარჯიშო განგაშების“ მოწყობა უყვარდა და მეც არაერთხელ წამოვმხტარვარ ღამით - სრულიად დარწმუნებული, რომ არმაგედონი დაიწყო და საცაა მთვარანგელოზი მიქაელი და ჯარი მისი მოედება- მეთქი მიდამოს!

მცირე ხნით სწორედ ამ ავბედითმა მოგონებებმა შემაჩერა, როცა შუაღამისას სამრეკლოზე ავფორთხდი - არადა, ზარის ენას გამობმული მსხვილი თეთრი თოკი საეჭვოდ ირხეოდა სიჩუმეში, თითქოს ჩამოსაქაჩად მეპატიჟებოდა: შენ ოღონდ დაქაჩე და მერე მე ვიციო! ეს ოხერი, ჯივზის გეგმაც სულ უფრო და უფრო მაეჭვებდა - რა გარანტია მქონდა, ან ბენტერა, ან გასი შესაბამისად ანჯელასა და ბასეტს ებდღვნებოდნენ გადასარჩენად…

იმის თქმა მინდა, რომ სულ სხვა ინფორმაცია გამაჩნდა, თუ როგორ იქცევიან ეს

„მაგარი ბიჭები“, ნამდვილი საფრთხის წინაშე რომ დგებიან ხოლმე: ფრედი ვირჯილი, მაგალითად, თავად მიყვებოდა - როგორც კი სახანძრო სირენის ხმა გაიგო, ჩაცმის პირადი რეკორდი დაამყარა (10 წმ.) და დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდა სასტუმროს სამი სართულის ჩასარბენად… თავში კი მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, თავად ფრედი ვირჯილის გადარჩენის ფიქრი უტრიალებდა! რაც შეეხება ქალთა სქესის წარმომადგენლებს, მზად იყო, სხვებთან ერთად ისიც ფანჯრის წინ მდგარიყო და გაშლილი საბნით დაეჭირა საცვლების ამარა გადმომხტარები, ოღონდ ამაზე მეტი თავგამოდება მისგან ნამდვილად არავის უნდა მოეთხოვა.

და რით განსხვავდებოდა ოგასტუს ფინკ-ნოთლი ან თუნდა ჰილდებრანდ გლოსოპი ზემოხსენებული ფრედერიკ ვირჯილისაგან? არც არაფრით!

მეც ვიდექი ერთხანს, ზარის თოკს ვაწვალებდი ხელებში და ერთი პირობა ისიც კი გავიფიქრე, წყალსა და მეწყერს წაუღია ყველა-მეთქი, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე, რა ელეთმელეთი ეცემოდა მედლინ ბასეტს ზარის პირველსავე გახმიანებაზე და ამან გადაწყვიტა ყველაფერი - მეტი სიმყარისათვის ფეხები გან- გან გავდგი, მაგრად ჩავეჭიდე თოკს და რაც ძალი და ღონე მქონდა, დავქაჩე.

გითხარით უკვე, ხმიანობით მეორედ მოსვლის დადგომას გაფიქრებინებდა კაცს, და მეც კი, რომელსაც ხმაური და ეგეთი რამეები დიდად არ მაწუხებს (ერთხელ ოლბრაიტმა პოლიციის სასტვენი მოაყოლა ხელს „საქმის კაცში“, უკნიდან მომეპარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ზედ ყურთან ჩამბერა, მე კიდე სავარძლის საზურგეს მივესვენე და წარმოვიდგინე, რომ ოპერაში გახლდით; ერთხელ კიდე დეიდაჩემ აგათას ონავარმა შვილიშვილმა ფეიერვერკის პაკეტი ამიფეთქა მაგიდის ქვეშ, მაგრამ ყურიც არ გამიპარტყუნებია, მშვიდად ვაგრძელებდი ხბოს ხორცის დაჭრას…), მეც კი-მეთქი, დაფეთებული წამოვვარდებოდი ხოლმე მისი რეკვის გამგონე და წარმოიდგინეთ ახლა, მთელ ამ ჯამაათს რა დაემართებოდა!

რა და - წუთში ყველა გარეთ გამოეფინა: ბიძია თომა - იისფერ პიჟამაში გამოწყობილი, დეიდა დალია - მაქმანებიან, წითელ-ყვითელ ღამის პერანგში, და არც დანარჩენები იყვნენ მთლად სათანადოდ მოსილნი - ანატოლი გინდა, გასი, ბენტერა, ანჯელა, მედლინი თუ ჯივზიც კი. ყველანი იქ იყვნენ, უკლებლივ. ოღონდ ეგაა, რაღაც არ ეტყობოდათ, ვინმე მაინც ჩართულიყო სამაშველო საქმიანობაში… იმის თქმა მინდა, რომ არც ბენტერა დახრილიყო ანჯელას თავთან და არც გასი უნიავებდა გულწასულ ბასეტს! პირიქით, მედლინი რატომღაც დეიდა დალიასა და ბიძია თომასთან ერთად ამშვიდებდა ანატოლის - არაფერია აქ სანერვიულო, ლონდონის დიდი ხანძრიდან მოყოლებული ჩვენში ეგ ჩვეული ამბავიაო; ანჯელა და გასი ერთად ჩამომსხდარიყვნენ დიდი მუხის ძირას და არაფრისმეტყველი სახეებით ისინჯავდნენ დაბეჟილ ადგილებს, ბენტერა კი ეულად დააბოტებდა აქეთ-იქით.

მოკლედ, საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა და მეც ჯივზს ვანიშნე, ერთი აქეთ მობრძანდი-მეთქი.

- სერ? - მეკითხება, თან ხალათის კალთებს ისწორებს.

- რა - სერ? მაგით რა გინდა თქვა? მე გეგმაზე გეკითხები…

- ახლოით განჩხრეკის შემთხვევაში, სერ, მართლა ისე ჩანს, თითქოსდა გეგმა ჩაგვიფლავდა, სერ.

- დაიცა,

მრავლობითში რატო ლაპარაკობ? აკი მაგ შენი გეგმის წინააღმდეგ…

- დიახ, სერ, იმთავითვე გარკვეული ეჭვები გაგიჩნდათ, სერ.

- შენ მაგას „ეჭვებს“ ეძახი?! თავიდანვე იმას გავიძახოდი, მანდედან კარგი არაფერი გამოვა-მეთქი!

- დიახ, სერ. ნამდვილად.

- ახლა რაღა ვქნათ? თუკი…

- მომიტევეთ, სერ, მაგრამ ასე მგონია, ქ-ნი ტრეივერსი გიხმობთ, სერ.

თითქოსდა მისი სიტყვების დასტურადო, ისეთი „ჰეი!“ მოისმა მდელოზე, მისი დამძახებელი არავისში არ შეგეშლებოდათ…

- ერთი აქეთ მობრძანდი, ატილა ჩემო!

მართალი გითხრათ, ცოტა შევცბი: არანაირი თავგასამართლებელი მიზეზი ჯერ არ მომეფიქრებინა, თუ რატომ დავცხე ზარს ამ შუაღამეს! დეიდაჩემთან კი რაღაც სულელური საბუთებით ფონს ვერ გახვიდოდი…

თუმცა, როცა მივუახლოვდი, გარეგნულად სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მხოლოდ სახის გამომეტყველება ჰქონდა ოდნავ, როგორც იტყვიან ხოლმე,

„გაყინული“.

- აბა, საყვარელო, ახლა ხომ ყველანი აქა ვართ, - მეუბნება.

- ე-ე… ვხედავ, - ვპასუხობ ფრთხილად.

- შემთხვევით, ვინმე ხომ არ მოისაკლისე?

- ე-ე… არა მგონია.

- შესანიშნავია, შესანიშნავი. ალბათ, ჩახუთულ საწოლ ოთახში ყოფნას მაინც ღამეული პრომენადი და სუფთა ჰაერის ყლაპვა გერჩივნოთო, არა? თუმცა, ის იყო ჩავთვლიმე და… ეს ხომ ნამდვილად შენ ჩამოჰკარი ზარს, ჩემო ბიჭუნი?

- კი, მე.

- თოკზე პროწიალი მოგინდა თუ ისე, ხელში ათამაშებდი და შემთხვევით…

- მომეჩვენა, რომ სახლში ხანძარი გაჩნდა.

- მაინც სად, ჩემო თვალისჩინო? უთხარი დეიდას…

- რომელიღაც ფანჯარაში.

- აჰაა… ესე იგი, ყველანი იმიტომ წამოგვყარე ლოგინებიდან, რომ ხილვა გქონდა?

ამ დროს ბიძია თომამ ერთი ჩაიფრუტუნა, ანატოლიმ კიდე - რომლის ულვაშები უკვე ყოვლად უსვინდისოდ ეკიდა - საკუთარი აზრები დააფრქვია იმ ადამიანისმაგვარ პრიმატებზე, რომელთაც ყველაფერი ქინძზე კიდიათ…

- ე-ე… უნდა ვაღიარო, რაღაც შემეშალა, დეიდაჩემო. ბოდიშს გიხდით ყველას.

- ნუ ბოდიშობ, გენაცვალოს დეიდა… ყველას ძალიან მოგვწონს აქაურობა. შენ ის მითხარი, კიდევ დიდხანს აპირებ სეირნობას?

- არა, სწორედ ახლა ვაპირებდი…

- ძალიან კარგი, ჩემო ტკბილო და მარგალიტო, ჩვენც სიამოვნებით შემოგიერთდებით… თან მარტოც ვერ დაგტოვებ - ვაითუ ჩემს ფანჯარაში ვარდისფერი სპილოები მოგელანდოს და ქვები დაგვიშინო! არა, ისევ ჯობია… დიახ, მისტერ ფინკ-ბოთლ?

- მომისმინეთ! მომისმინეთ-მეთქი!!

- გისმენთ, სერ, მთელის გულისყურით გისმენთ… რაო, თქვენ რაღა მოგელანდათ?

- სახლში ვეღარ შევალთ!

- მაგით რის თქმა გსურთ, ბატონო ჩემო?

- კარი ჩაკეტილია!

- რომელი კარი?

- შესასვლელი კარი! ეტყობა, ვიღაცამ გამოიხურა და…

- მერე, გავაღოთ!

- შეუძლებელია, შიგნიდან იკეტება, თავისით.

- მაშინ, უკანა კარიდან…

- ისიც ჩაკეტილია!

- რა ეშმაკმა ჩაკეტა?!

იქნებ ქარმა-მეთქი, წავიბურტყუნე, მაგრამ დეიდაჩემმა წამსვე მომაკეტინა:

- არა, ოღონდ ახლა არა, ჩემო გვრიტო, ცოტა ხნით მაინც განმიტევე შენი უკიდეგანო ფანტაზიებისაგან!

მივხვდი, რაც იგულისხმა - ნიავიც კი არ იძვროდა გარეშემო…

ბიძია თომამ იკითხა, ახალგაზრდებიდან ვინმე ფანჯრიდან ხომ არ იკისრებს გადაძრომასო, მაგრამ დეიდა დალიამ ახლა იმას გააწყვეტინა სიტყვა - რომელი ფანჯრიდან, ყველას იმისთანა გისოსები უყენია, მტრედი ვერ შეძვრება შიგო.

- იქნებ ზარი დაგვერეკა? - იკითხა ვიღაცამ.

- რისთვის? მომსახურე პერსონალი ახლა კინგჰემშია, სრული შემადგენლობით, ცეკვებზე…

- კი, მაგრამ მთელი ღამე ასე გარეთ ხომ არ დავრჩებით?! - აღშფოთდა ბიძია თომა.

- რატომაც არა, ძვირფასო? როცა საქმეს ჩვენი ატილა კიდებს ხელს, მასპინძელთათვის თუ მათი სტუმრებისთვის აღარაფერია წარმოუდგენელი! სეპინგზი, ცხადია, უკანა კარის გასაღებს თან წაიღებდა და სანამ ის არ დაბრუნდება, აქ, მოლზე კოტრიალი მოგვიწევს!

- მანქანით შეგვიძლია კინგჰემში ჩავიდეთ და სეპინგზს გასაღები გამოვართვათ!

ამ აზრმა ყველა აღტაცებული დატოვა: დეიდა დალიას სახის გამომეტყველება, როგორც იქნა, გაულღვა, ბიძია თომამ ისევ ჩაიფრუტუნა - ამჯერად, კმაყოფილებისაგან, და ანატოლიც აშკარად ოპტიმისტურად არატრატდა რაღაცას თავის პროვანსულ დიალექტზე. ასე განსაჯეთ - თუ არ მომეჩვენა - ანჯელამაც კი გამთბარი მზერა გააპარა ყოფილი შეყვარებულისაკენ.

- აი, საზრიანი კაცი! - აღმოხდა დეიდა დალიას. - მიდი, გლოსოპ, გარაჟისკენ გაქანდი და მანქანა გამოაგორე!

წამსვე ყველა იმაზე ალაპარაკდა, რაოდენ გონიერი, ჭკუადამჯდარი და ენერგიული ვინმე გახლდათ ეს ახალგაზრდა გლოსოპი, და შეფარვით ვიღაც ბერტრამს ადარებდნენ (არა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რაღა თქმა უნდა). თუმცა ეს ყველაფერი მალევე მოთავდა, როგორც კი ბენტერა დაბრუნდა და განაცხადა - არაფერი გამოვა, გარაჟის კარიც ჩარაზულიაო.

- მერე, ვერ გავაღებთ?!

- გარედან საგდულს რას მოვუხერხებთ? ვერაფერს.

- უოტბერის ასძახეთ!

- ეგ ვინღაა?

- ჩვენი მძღოლი. ზედ გარაჟის თავზე აქვს ოთახი.

- განა ისიც ცეკვებზე არ წავიდა?

აი, ეს კი მართლაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა დეიდა დალიას მოთმინების ქოთნისთვის! როგორც გითხარით, აქამდე გარეგნულად მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მაგრამ ახლა გარეკა და რა გარეკა! თითქოს ორი ათეული წელი ჩამოიკლოო - გეგონებოდა, ისევ ისე ცხენზე იჯდა და უზანგებზე წამოწეული, უგერგილო მარეკებს თათხავდა!

- წყალსა და მეწყერს წაუღია ყველა მოცეკვავე მძღოლი! რა ეშმაკად უნდა მანქანის მძღოლს ცეკვის ცოდნა?! რაში ადგია ან იმას, ან მე?! რა კავშირია საჭის ტრიალსა და ფეხების ქნევას შორის? მერე კიდე იტყვიან - ცუდ მოცეკვავეს კაკლები უშლის ხელსო! დაგვერხა და ესაა. დილამდე. და დილაადრიანადაც თუ გამოჩნდა ვინმე, მაგრა გამიკვირდება! არ ვიცი მაგათი ამბავი? უსაქმურები არიან, ყველა ერთიანად! ეს ბრინკლი-ქოურთიც ხომ მთლად საცეკვაო სკოლად გადაიქცა! ბარემ ერთი-ორი რუსი ბალერინაც მომეწვია! ან სულაც პანსიონი გამეხსნა ბებერი ბალერონებისთვის! თუმცა რას ვამბობ, დილისთვის აქ უკვე ჩვენი გაციებული გვამები ეყრება და ჩვენი საყვარელი ატილა კვლავაც ჩამოკრავს მწუხრის ზარს… შენ რაღას მერჩი, ჩემო კარგო?

ეს უკვე ჯივზის მიმართ იყო ნათქვამი, თან ნახევარი ტონით დაბლა, თუმცა ის უკვე ორი-სამი წუთი იქნებოდა, რაც გვერდში ედგა და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.

- ერთი აზრი მეც მომივიდა, მადამ.

მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ კაცს რაღაც მაგნეტიზმის უნარი დასდევს-მეთქი! თითქოს ჰიპნოზის ქვეშ აქცევს ყველას, ჩემ გარდა. თუმცა ჩემზე ერთხელ თქვა  კიდეც  -  როგორც  ირლანდიელებზე არ მოქმედებს ქვეცნობიერი, ისე ჩემს ახალგაზრდა ბატონზეო… არ ვიცი, რის თქმა უნდოდა ამით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოფიან მარტორქას რომ შეეყაროს, მისი ხმის გამგონე და თვალის გამსწორებელი ცხოველი წამსვე ძირს დაებერტყება, ოთხივე ფეხს აიშვერს და მუცლის მოფხანას მოითხოვს!

ყოველ შემთხვევაში, დეიდა დალია უცებ მოიღვენთა, ხმასაც დაუწია და მზერაც გაუთბა…

- ჯივზ, ჩემო კარგო! არ მითხრა ახლა, მართლა მოვიფიქრე რაღაცაო…

- ნამდვილად, მადამ.

- არის, არის ღმერთი ძლიერი, მამა ჩვენი ზეციერი! რაო, ჯივზ, რით ვუშველოთ იარებს?

- თუკი ერთი ამ ახალგაზრდა ჯენტლმენთაგანი ველოსიპედით გასეირნებას დათანხმდება…

- რას დათანხმდება?!

- აქვე ფარდულში მებაღის ველოსიპედს ვკიდე თვალი, მადამ. შევამოწმე და სავსებით გამართულად მუშაობს… ვინმე რომ კინგჰემ-მაინორს გაემგზავროს და სეპინგზს უკანა კარის გასაღები გამოართვას…

- ჩვენც გადავრჩებით და სეპინგზიც გადამირჩება! გადასარევი აზრია, ჯივზ! ჯივზმაც თავმდაბლად მოახსენა მადლობა და უკან, ჩრდილში დაიხია.

- ატილა! - დაისისინა დეიდაჩემმა.

ცხადია, მე უკვე მოველოდი, რომ განტევების ვაცად გამომიყვანდნენ და მზად გახლდით, მთელი ჩემი სამსახიობო ოსტატობა გამომეყენებინა იმის დასამტკიცებლად და გარშემო მყოფთა დასარწმუნებლად, ველოსიპედზე ბავშვობაშიც კი არ ვმჯდარვარ-მეთქი, რომ უეცრად ჯივზმა არ ჩამცა ზურგში დანა!

- ცამდე მართალი ბრძანდებით, მადამ! მისტერ ვუსტერზე უკეთ ამ საქმეს ნამდვილად ვერვინ გაართმევს თავს - პირადად ჩემთვის ბევრჯერ მოუყოლია კიდეც, რაოდენი წარმატებები ჰქონია წარსულში.

ღმერთო, შენ მიშველე-მეთქი, გავიფიქრე. თავს მოვიჭრი, თუნდაც სიმთვრალეში თუ წამომცდენოდეს რამე ამდაგვარი! ერთხელ იყო - სიცილით მოვუყევი, როგორ გადავკვეთე პირველმა ფინიშის ხაზი უჩვეულო შეჯიბრებაზე: ეკლესიის გუნდში მომღერალ ბიჭუნებს დავენიძლავე და რაკი ვიცოდი, უილი პლანკეტთან უეჭველად წავაგებდი, მის უფროს ძმას შევატყობინე, უილიმ თქვენი საამაყო ველოსიპედი აგწაპნათ გარაჟიდან-მეთქი… ისიც სწორედ რომ  დროზე გამოჩნდა და ნახევარი წრით წინ გასული უილი ძალისმიერი ილეთით (ყურის აწევას ვგულისხმობ) მოხსნა შეჯიბრებიდან… ეგ იყო და ეგ! რომელ სხვა ჩემს წარმატებებზე ლაპარაკობდა ეგ ლაქიაჩემი?! და თითქოს ესეც არ იყო საკმარისი, ახლა ბენტერა გამოვიდა სიტყვით:

- მართალია, მართალი! მახსოვს, ღამღამობით ოქსფორდში დედიშობილა დაქროდა ხოლმე ტრეკზე, თან კიდე კომიკურ კუპლეტებსაც ასრულებდა…

- აგაშენა ღმერთმა! მეც ეგ მინდა - გაქროლდი და გინდა იმღერე, გინდა ილოცე, გინდა დედიშობილამ და გინდა ფრაკში გამოწყობილმა, ოღონდ ცალი ბორბალი რომ აქ დატრიალდება, მეორე უკვე იქ იყოს! - დეიდაჩემი უკვე აშკარად სადღაც მეექვსე და მეშვიდე ცას შორის დაფრინავდა… - მაგრამ მე, ე-ე… რა ხანია არ… აღარც კი მახსოვს…

- გაიხსენებ.

- როდიდან არ მივარჯიშია!

- ერთი-ორჯერ დაეცემი და - ვარჯიშიც ეგაა! უნარ-ჩვევები კი მხოლოდ პრაქტიკას მოაქვს, ეგრეა!

- კი, მაგრამ კინგჰემამდე რამდენი მილია!

- სწორედ მაგაშია საქმე - ადრე წახვალ, ადრე მოხვალ!

ეს რა შავ დღეში ჩავვარდი-მეთქი, ვფიქრობდი, როცა ყურებჩამოყრილი, ფანჩატურისაკენ მიმავალ ჯივზს ჩავუდექი კვალში, დეიდა დალია კი მომძახოდა

- წარმოიდგინე, რომ სწორედ ის მალემსრბოლი ხარ, სასიხარულო ამბავი რომ მოიტანა მარათონის ბრძოლიდანო! არ ვიცი კია, რას გულისხმობდა.

- ეგეც შენ, ჯივზ! - ვეუბნები გულდამწვარი. - თუმცა შენ რა, მე მომიწევს რვა მილის…

- ცხრის, სერ.

- ცხრა მილის გავლა…

- თვრამეტის, სერ - ცხრა იქით და ცხრაც - აქეთ.

- დამცინი, ჯივზ?

- ეგ რამ გაფიქრებინთ, სერ! უბრალოდ, გამოვითვალე.

მერე ფარღალალა კარში შერგო თავი და რაღაც ორთვალა გამოაგორა.

- ეგ რაა, ჯივზ? სანათი არა აქვს?!

- ვშიშობ, რომ არც არასოდეს ჰქონია, სერ.

- მერე, ამ წკვარამში ხო გადავიჩეხები სადმე!

- არა მგონია, სერ. იქამდე ლარივით სწორი გზაა, სერ. თან იცინის.

- ღვთის გულისათვის, ჯივზ, რაა აქ სასაცილო?

- ნამდვილად არაფერი, სერ, ოღონდ რატომღაც ის ამბავი გამახსენდა, ბიძაჩემი სირილი რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში: ბიძაჩემს თუ რამე დაეჯერება, ვიღაც ორი ჯენტლმენი - ნიკოლსი და ჯექსონი, სერ, ტანდემით, ანუ ორადგილიანი ველოსიპედით გაემგზავრნენ ბრაიტონს, გზაზე კი უზარმაზარ ტრაილერს შეეჯახნენ; როდესაც სამაშველო ბრიგადა მივიდა შემთხვევის ადგილას, აღმოჩნდა, რომ კაცი არ იყო იმის გამრკვევი, სად ნიკოლსის ტანი იყო და სად - ჯექსონის თავი! ბოლობოლო, ორივეს ნარჩენები ერთად შეაგროვეს და ერთ საფლავში დაასვენეს, ქვაზე კი - მცდარი მართლწერით - ნიკსონის გვარი ამოტვიფრეს… მახსოვს, სიცილით ვბჟირდებოდი ხოლმე, როცა ამას მიყვებოდა.

მცირე ხანს ვიყუჩე, ჯერ თავს მოვერიე და მერეღა დავეკითხე:

- რას შვრებოდი, ჯივზ?

- ვიცინოდი, სერ.

- ლამის სიცილით ბჟირდებოდი, ჯივზ?

- სწორედ ასე იყო, სერ.

- და ბიძაშენი სირილიც იცინოდა?

- დიახ, სერ.

- მაგარი ოჯახი გქონიათ, ჯივზ! როცა ნახავ, გადაეცი, რომ მაგარი ვინმე ყოფილა

- განსაკუთრებით, იუმორის მხრივ.

- შარშანწინ გარდაიცვალა სერ, მოგჭამათ ჭირი.

- რაღაც მაინც გავიგე სასიამო… კარგი, მოიტა ეგ შენი სათრიხინო. საბურავები დაბერილია?

- ბოლომდე, სერ.

- ჯაჭვიც შეუმოწმე? ხომ არ მოეშვა?

- არა, სერ.

- აბა, მშვიდობით.

- მშვიდობით დაბრუნებული მენახეთ, სერ.

ცოდვა გამხელილი ჯობია და, ბენტერას ნათქვამშიც იყო სიმართლის მარცვალი: ერთხელ მართლაც გავჯირითდი ველოსიპედით ტრეკზე, ოღონდ დედიშობილა კი არა, ნიფხვის ამარა და თან - გვარიანად ნაყლაპი… მოგეხსენებათ, ნასვამ მდგომარეობაში კაცი ხანდახან ისეთ რამეებს სჩადის, ფხიზელი რომ ვერასდიდებით იქმოდა - ველოსიპედზე ჯდომას ვგულისხმობ, რაღა თქმა უნდა. ისე, გამიგია, რომ ამისთანა მდგომარეობაში ვიღაცეებს თურმე ნიანგის ზურგზე ამხედრებულებსაც კი უცურავიათ ზოოპარკში!

ასე იყო თუ ისე, სხვა რა გზა მქონდა, პედლებს დავაწექი და შარაზე გავედი. ოღონდ სისხლში ალკოჰოლის ნაკლებობა მაინც თავისას შვრებოდა - სულ რვიანებით მივდიოდი და ერთიმეორეზე საშინელი ამბები მახსენდებოდა - აი ისეთები, ჯივზი რომ მომიყვა სულ ახლახან.

ის იყო, მდგომარეობა გამოსწორდასავით და ახალი უბედურება - ზედ შუაგზაზე ვეებერთელა ნეზვი არ გადამეყარა! ერთი კი ვიფიქრე, ვაითუ მეც ნიკოლს- ჯექსონის ბედი მელის-მეთქი, მაგრამ საჭის მკვეთრმა აღებამ მარჯვნივ და ასევე ბრაზიანად აღრუტუნებული ღორის მარცხნივ გაცუქცუქებამ დროებით მაინც ამაცილა სსშ(30). ოღონდ ამ ამბავმა თვალი ამიხილა ხიფათზე, რაც ნებისმიერ უსანათო ეულ ველოსიპედისტს მოელის სოფლის გზებზე და ახლა ერთი ის ამბავიც გამახსენდა, ვიღაც რო ყვებოდა კლუბში: თურმე ნუ იტყვით და ვაცების პატრონებს ჩვევად ჰქონიათ მათი ჯაჭვით გზისპირზე დაბმა, ისინი კიდე მეორე მხარეს გადადიან, ჯაჭვი იჭიმება და უდიდეს ხიფათს უქმნის ყველას, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ველოსიპედისტებსაც! ერთი ამისთანა უბედურ დღეზე გაჩენილი ვაცმა მთელი 7 მილი ათრია თურმე და დილასღა იპოვეს მინდორში, მთლად გონმიხდილი და დაბეგვილიო…

მოკლედ, ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივედი, რომ სულ ტყუილად დავყევი ჩემი ახლობლების ნებას და სრულიად აზრმიუტანლად ჩავერთე ამ ხიფათით სავსე თავგადასავალში! ერთადერთი, რაშიც ბედისწერა ჯერჯერობით მაინც მინდობდა, ვაცების არყოფნა იყო. სამაგიეროდ, ძაღლების ყეფამ წაიღო ჩემი ნებისყოფის ნახევარი და ერთხელაც კიდე, სანიშნე ბოძზე რომ დეიდაჩემ აგათას ალი-კვალი ბუ დავინახე, აი მაშინ მეცა ელდა, მაგრამ მალევე ვიაზრე, რომ დეიდაჩემი არასგზით არ დათანხმდებოდა ღამით ბოძზე გასვლას!

მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, კინგჰემ-მეინორში ჩასული ბერტრამ ვუსტერი, წელში ორად მოკაკული და მეზღვაურივით გან-განი ნაბიჯებით მოსიარულე, ნამდვილად არაფრით მოგაგონებდათ ხალისიან, ამყოლ და მუდამ წელგამართულად მოარულ ბოულევარდიერ (31) ბერტის! თუმცა რა - თავად კინგჰემში დიდი დროსტარება და ამბავი იყო: იქაურობა ერთიანად გაეჩახჩახებინათ, მუსიკა გრგვინავდა, ლაქიები, კარისკაცები, მოახლე გოგოები, მრეცხავები თუ მზარეულები - ერთიანად ფერხულში ჩაბმულიყვნენ და იატაკსაც სულ ბრაგუნი გაუდიოდა!

ერთ ღია ფანჯარასთან შევჩერდი და დარბაზში შევიხედე. სეპინგზი აშკარად ყველასაგან გამოირჩეოდა კარგად დამუშავებული საცეკვაო ილეთებითა და დახვეწილი ბრუნვებით. ერთი-ორჯერ კი იმისთანა შეხტა-შეითამაშა, გამოჯეკილ პროფესიონალსაც კი არ დაუდებდა ტოლს. შესვენებამდე შევიცადე და მერე გავძახე; თქვენც არ მომიკვდეთ - იმისთანა გნიასი და  სიცილ-კისკისი იდგა,  ვის რას გააგონებდი. ამიტომ ისევ ძველი და ნაცადი ხერხი - ფერდში თითის ტაკება გამოვიყენე.

ღმერთმანი, ისე შეხტა, კინაღამ ორივე ფეხით დააკოჭლა მეწყვილე - ვიღაც სანდომიანი სახის, ლოყებატკეცილი და ჩათქვირული მოახლე გოგო - და გაოგნებული მეკითხება:

- აქ რამ მოგიყვანათ, სერ?!

- ახლა შენი „სერობები“ მაკლდა! უკანა შესასვლელის გასაღები, სეპინგზ -

სწრაფად!

რაღაც მძიმედ აზროვნებდა, ვერაფრით გაეგო, რას ვთხოვდი.

- რომელი გასაღებიო, სერ?

- ბრინკლი-ქოურთის სახლის უკანა შესასვლელის გასაღები, სეპინგზ! რაა აქ გაუგებარი?

- მერე, მე აქ საიდან გაგიჩინოთ, სერ?

- სეპინგზ, სამასხარაოდ არა მცხელა! 9 მილი გამოვიარე რაღაც საკერავ მანქანაზე და 9 კიდევ იქით მელოდება… გასაღები-მეთქი!

- კი, მაგრამ წამოსვლისას ხომ ჯივზს დავუტოვე, სერ!

- ვისა, ვისა?!

- თქვენს ლაქიას, სერ - ჯივზი არა ჰქვია? ღამით ადგილობრივი ქულბაქის მონახულებას ვაპირებ და გასაღები მათხოვეო… შევთანხმდით, რომ სამზარეულოს კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ამოდებდა, სერ.

გეუბნებით, დანა რომ დაგერტყათ, წვეთი სისხლი არ გამომივიდოდა! სეპინგზს ჩავაცქერდი თვალებში - არც სკლერა ჰქონია ჩაწითლებული, არც მზერა - ამღვრეული… არც ხელები უკანკალებდა და ნაბიჯი ხომ, თავად მოგახსენეთ უკვე - თუნდაც თითისწვერებზე დადგებოდა… მოკლედ, გადაკრულში მყოფს არანაირად არ გავდა.

- გინდა მითხრა, მთელი ეს ხანი გასაღები ჯივზს ედო ჯიბეში?

- ნამდვილად, სერ. წყალი არ გაუვა.

ჭკუაზე გადადგომას აღარაფერი მიკლდა. ენაც წამერთვა და ბიჯიც ვეღარ გადამედგა… მარტო ერთი რამ მოვიაზრე - როგორც კი ბრინკლი-ქოურთში დავბრუნდები და ჩემი ნახევრად მოხრილი ხელი ჯივზის ყბის მიწვდენაზე აღმოჩნდება, წამში გამოვარკვევ, ეს რაები გააიმასქნა-მეთქი! ჯერ მარტო ის რად ღირდა, დეიდა დალია ღამით ბაღში პერანგისამარა  რომ  აყურყუტა!  იმაზე აღარას ვამბობ, ერთადერთი პატრონი უფარნოდ და თანაც - სრულიად უსარგებლო თვრამეტმილიან მოგზაურობაში რომ გაუშვა სოფლის შარაგზაზე!!!

არა, ბიძამის სირილს რომ ჩაედინა რაიმე ამდაგვარი, კიდევ გავუგებდი - კაცს ან აშკარად ღალატობდა სახელგანთქმული ინგლისური იუმორის გრძნობა, ან საერთოდ ვერ ყოფილა სრულ ჭკუაზე, მაგრამ ჯივზი…

ველოსიპედს მოვახტი და წამსვე ამოვიკვნესე, როგორც კი ჩემი მრავალტანჯული გავა ამ „რკინის რაშის“ ხისტ საჯდომს შეეხო… მაგრამ მეტი რა ჩარა იყო - ისევ პედლებს დავაწექი და ფეხები ავამუშავე.

 

თავი 23

 

სწორედ ჯივზმა მითხრა ერთხელ (ცოტა მაღალფარდოვნად კი გამოუვიდა, რატომღაც):  ჯოჯოხეთშიც  ვერა  ჰპოვებთ ფარდ  მძვინვარებას,  უარყოფილი ქალის გული რომ დაატარებს… აქამდე მეგონა, სრულ სიმართლეს ამბობს-მეთქი, თუმცა  პირადად  არასოდეს არავისთვის მიწყენინებია,  აი პონგო  ტვისტლთონმა კი ერთხელ ისე გაანაწყენა დეიდამისი - უარი უთხრა, მის შვილს დახვედროდა პედინგტონის სადგურზე, დაეპურებინა სასაუზმეში და მერე ვატერლოოს სადგურიდან გაემგზავრებინა სადღაც - რომ ზემოხსენებული დეიდამისი მართლა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა: იმისთანა წერილებს უგზავნიდა, პონგო კატეგორიულ უარზე იყო, მათი თუნდაც მოკლე შინაარსი გადმოეცა,  ერთხელ კი ღია ბარათი გამოუგზავნა,  რომელზეც  ომში დაღუპულ ჯარიკაცთა  მემორიალი იყო გამოსახული.

მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, აქამომდე ჯივზის ამ განცხადებაში ეჭვიც არასოდეს შემიტანია, მაგრამ მართლა გამძვინვარებული ვინმე თუ გინდათ იხილოთ, მოტყუებით გააგზავნეთ თვრამეტმილიან უაზრო და უსარგებლო მოგზაურობაში, თანაც - უფარნოდ!

აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სიტყვებს „უაზრო და უსარგებლო“ - ეგ იყო სწორედ, გულს რომ მიკლავდა! არა, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და ზამთარში, შუაღამისას ავადმყოფი ბავშვის საშველად ექიმის მოყვანა ყოფილიყო საჭირო, ჩემი თავი გენაცვალოთ! ანდა - შუა დროსტარების დროს სასმელი შემოგვკლებოდა და ველოსიპედის გარდა ტრანსპორტი არ ყოფილიყო გარშემო - კი ბატონო! ლოჰინვარივით გავიჭრებოდი საშოვარზე, მაგრამ ასე ვთქვათ, ცეცხლი, წყალი და მეწყერი გამოიარო ვიღაცის გაუკუღმართებული იუმორის გრძნობის დასაკმაყოფილებლად - ნურას უკაცრავად, ამის ასე უპატიებლად დატოვებას არ ვაპირებდი!

ასე რომ, მართალია, დაღლილობისაგან მთლად ცოცხალ-მკვდარმა ჩამოვაღწიე ბრინკლი-ქოურთს, მაგრამ შურისძიების ცეცხლი არ გამნელებია… ამიტომაც, კიბეზე ჩამომავალ ვიღაც სულიერს რომ ვკიდე თვალი, მთლად კარგად ვეღარ გავერკვიე, სასურველი არსებულად ჩავთვალე და ხაფი ხმით შევძახე:

- ჯივზ!!!

- მე ვარ, ბერტი!

ეს ხმა უკვე ტკბილ სიროფს უფრო მაგონებდა და მედლინ ბასეტი რომც არ ამომეცნო, მაინც ძნელი მისახვედრი არ გახლდათ, რომ კიბეზე მდგომი პიროვნება ჯივზი ვერაფრით იქნებოდა: ჯერ ერთი, ტვიდის კუბოკრული კაბა ემოსა და თან სახელით მომმართა, ჯივზი კიდე - მთელი მისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად - არც კაბებს ატარებს და არც სახელის კნინობითი ფორმით დაძახებას მაკადრებდა ოდესმე!

ნახევარი ღამე რომ ველოსიპედის საჯდომზე გექნება გატარებული, მედლინ ბასეტის პირისპირ ხილვა მართლა ვერაფერი ხეირია, მაგრამ - ზრდილობა უპირველეს ყოვლისა!

- დილა მშვიდობისა, - ვეუბნები.

როგორც ყოველთვის, ახლაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ღმერთმანი, გავბეზრდი - რამდენი ამ გოგოსთან ერთად ვრჩებოდი პირისპირ, იმდენი საუბარი თითქოს თავისით ჩაკვდებოდა ხოლმე… ახლაც ეგეთი სურათი იკვეთებოდა, აშკარად.

- ე-ე… მაშ, მაინც შეაღწიეთ სახლში? - ისე, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორღა გამოიცვლიდა ტანსაცმელს?

- კი, სულ რაღაც ათიოდე წუთი თუ იქნებოდა გასული, რაც თქვენ გაემგზავრეთ და ჯივზმა გასაღები იპოვა - სამზარეულოს…

- ვიცი, ვიცი! - გავაწყვეტინე ცოტა არ იყოს, უკმეხად. - მაგას რომ ყნოსვა აქვს, ირლანდიურ სეტერს შეშურდება… განსაკუთრებით, გასაღებებზე.

- რა ბრძანეთ?

- არა, ისეთი არაფერი. რაღაცას ჩემსას ვფიქრობდი და…

ისევ ჩამოვარდა სიჩუმე. ღმერთმანი, ამ ქალს თუ შევირთავდი ცოლად, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას ძნელად თუ განასხვავებდი ტრაპისტი ბერების(32) საძმოსაგან!

- შემთხვევით, ჯივზი ხომ არ გინახავთ სადმე ახლომახლოში?

- სასადილო დარბაზშია.

- იქ რას მიკეთებს?!

- რა ვიცი, ტაფამწვარი შემოაქვს, ბეკონს ჭრის, შამპანურს უსხამს… რა ბრძანეთ?

სიტყვაც არ დამიძრავს. ან რა უნდა მეთქვა? ესენი აქ ქეიფობდნენ და აზრად არავის მოსვლია, მოეკითხა - ბერტრამ ვუსტერს ფარცაგი ხომ არაფერი შეემთხვაო…

ბასეტის ხმამ შემაწყვეტინა ეს მწარე ფიქრები:

- ბერტი?

- რა?

- რაღაც მაქვს სათქმელი…

- მერე, გიშლით ვინმე?

სიჩუმე.

- ბერტი?

- ჰო, ბერტი მქვია, მერე?

- ტენისონს თუ კითხულობთ ხოლმე?

- თუკი სხვა არაფერი მომხვდა ხელში.

- მრგვალი მაგიდის რაინდებს მაგონებთ… აჰა, დაიწყო-მეთქი, გავიფიქრე.

- ეგ რა გაგებით?

- ისეთი დიდსულოვანი ხართ, ისეთი უანგარო, კეთილშობილი… თქვენისთანა ჯერ არავინ შემხვედრია ცხოვრების გზაზე!

არა, რა გინდა ამაზე თქვა? ხომ ვერ ეტყვი, მადლობელი ვარ სადღგრძელოსიო…

- ბერტი?

- დიახ, დიახ…

- ახლა სწორედ თქვენი დიდსულოვნების იმედად ვრჩები…

- და რა გაგჭირვებიათ ასეთი?

- მძიმე გამოცდა გელით, ბერტი… ბევრი ვერ შეძლებდა… გულმა რაღაც ცუდად მიყო რეჩხი.

- ე-ე… ამ ველოგადარბენის გადამკიდე, ისეთი დამსხვრეულ-დამტვრეული ვარ… ასე მგონია, ძვალ-რბილი გამიერთიანეს-მეთქი…

- არა, თქვენ ვერ გამიგეთ…

- აბა?

- ნუთუ ვერაფერს ხვდებით?

- ვერა…

- ბერტი, ჯაჭვები უნდა ამხსნათ!

- ვაიმე… რა ჯაჭვები? - დავეკითხე ეჭვიანად.

- უნდა გამიშვათ!

- და ვინ გიჭერთ?! პაუზა.

და უცებ არ დამარტყა თავში?! ეტყობა, მართლა ძაან-ძაან გადაღლილი ვიყავი, თორემ ადრევე უნდა მივმხვდარიყავი, საით უბერავდა ქარი!

- არ ხუმრობთ?

- ასეთ რამეებზე არ ხუმრობენ, ბერტი.

მზად ვიყავი, დავლური დამევლო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადავწყვიტე, ჯერ ბოლომდე გამერკვია ყველაფერი.

- ესე იგი, ისევ გასისკენ გაგიწიათ გულმა და ახლა გინდათ, ჩვენი ნიშნობა გააუქმოთ, ასეა?

- მხოლოდ თუ თქვენც თანახმა იქნებით.

- წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი!

- და სიტყვა რომ მოგეცით?

- დაივიწყეთ!

- ანუ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ…

- რაზეა ლაპარაკი!

- სულდიდობის განსახიერება ხართ, ბერტი…

მეცა, კისერზე ჩამომეკიდა და შუბლზე მაკოცა. ვერაფერი შეგრძნება იყო, მაგრამ როგორც ანატოლი იტყოდა, თავი თუ გადარჩა, ჭირსაც წაუღია თმები!

ველოსიპედი იქვე, ბუჩქებში მივაგდე და სახლში შევედი. უნდა გითხრათ, კინოებში ბიჭებს რომ ყულფში გააყოფინებენ თავს და სწორედ ამ დროს ვიღაც შემოჭენდება შეწყალების ქაღალდით ხელში, არაფერი იყო მადლიერების იმ გრძნობასთან შედარებით, მე რომ გამიჩნდა საკუთარი მფარველი ანგელოზის მიმართ! დროებით ჯივზიც კი გადამავიწყდა.

ის იყო, მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურზე შევდგი ფეხი და ვიღაცამ მომაძახა მხიარულად, ბერტის ვახლავარო. ბენტერას ხელში რამდენიმე დამტვერილი ბოთლი ეჭირა - აშკარად სარდაფს გახლდათ ნასტუმრები.

- რაო, უკვე დაბრუნდი? რაღაც მთლად კარგად ვერ გამოიყურები. ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვა?

სხვა დროს კი მოვახსენებდი ერთ-ორ ტკბილ სიტყვას, მაგრამ ახლა ისეთ გუნება- განწყობაზე გახლდით, ყველასთვის მხოლოდ კარგის თქმა და სიკეთის თესვა მინდოდა.

- გაიგე, ბენტერ? ბასეტი ფინკ-ნოთლზე თხოვდება!

- ძაან უბედურება მოსვლია ორივეს!

- რა, მართლა ვერ ხვდები, ეს რასაც ნიშნავს?! ახლა ანჯელა… კინაღამ ჩაბჟირდა სიცილით:

- ბერტი, შე ძველო! მაგრა ჩამორჩი ცხოვრებას! ისე, საკუთარ თავს დააბრალე - ღამღამობით ველოსიპედზე გადამჯდარი რომ დაყიალობ აქეთ-იქით… მე და ანჯელამ რა ხანია გავარკვიეთ ყველაფერი.

- რაო?!

- რაც გესმის. დიდი ამბავი - ცოტა მე დავუთმე, ცოტა - იმან და მორჩა! მე ზვიგენის ამბავი ვაღიარე, ის ჩემი ღაბაბის ხსენებას შეეშვა და…  მაპატიე,  ძმაო,  მაგრამ ახლა შენთან სალაყბოდ არ მცალია - სასადილო ოთახში მელოდებიან!

თითქოსდა მისი სიტყვების დასტურად, ზემოდან ისეთი ძახილი მოისმა, ვერავისში ვერ შეგეშლებოდათ დედამიწის ზურგზე:

- გლო-სო-პ!

- აქა ვარ, ქალბატონო დალია, აქ!

- სად აქ?! რას დაეხეტები ზემოთ-ქვემოთ? მოგვხედე ერთი!

- ახლავე-ე! მოვდი-ივა-არ! მერე მე მომიბრუნდა:

- მაგარ გასწორებულშია დეიდაშენი. ანატოლიმ დარჩენა გადაწყვიტა და ქმარმაც ჩეკი გამოუწერა ჟურნალის გამოსაშვებად. მეშვიდე ცაზეა. აბა, წავედი!

ბიბლიური ლოთის ცოლის ამბავი გახსოვთ? ზუსტად ეგრე დამემართა. ღმერთმანი, ბრინკლი-ქოურთიდან რომ გავემგზავრე, აქაურობა რიტუალური მომსახურების ბიუროს წააგავდა, ახლა კი… თავბრუდახვეული და გაოგნებული, ჩემს ოთახში ავედი.

ჯივზი კარადასთან იდგა, რაღაცას კიდებდა შიგ.

- დილა მშვიდობისა, სერ! იმედია, კარგად იმგზავრეთ.

როგორია?! მაგრამ ახლა მასთან ანგარიშის სწორებისათვის არა მცხელოდა - ძირისძირამდე უნდა გამერკვია, ამისთანა რა ამბავი დატრიალდა ბრინკლი- ქოურთში.

- ჯივზ…

- სერ?

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- იმას გულისხმობთ, რომ…

- დიახაც, სწორედ მაგას! რამ გადარია ეს ხალხი?

- მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩემმა ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო, სერ.

- ოღონდაც, ჯივზ! ახლა არ მითხრა, სახანძრო განგაშის გეგმამ გაამართლაო!

- სწორედ ასეა, სერ.

- არ-აა!

- დიახ, სერ. საქმე ისაა, რომ ბოლომდე გულახდილიც არ ვყოფილვარ თქვენთან, სერ. გეგმის საბოლოო მიზნად მხოლოდ ხალხის მდელოზე გამოყრა არ მქონია, სერ. ეს უბრალოდ საშუალება იყო, სერ.

- ბატონო?!

- ფსიქოლოგიის ამბავია, სერ: ცნობილი ფაქტია - არაფერი ისე არ აერთიანებს ერთმანეთთან დამდურებულ ინდივიდუუმებს, როგორც მათი განაწყენების სხვა პიროვნებაზე გადართვა…  ნება  მომეცით,  საკუთარი ოჯახის მაგალითზე აგიხსნათ, სერ: როგორც კი რაიმე უსიამოვნება მოგვივიდოდა, იმავე საღამოს დეიდა მართას ვეძახდით ხოლმე სტუმრად და ყველაფერი თავისით ლაგდებოდა - ერთმანეთთან კინკლაობა ყველას ავიწყდებოდა და გაერთიანებული ძალებით შეუტევდნენ ხოლმე დეიდაჩემს! ამიტომაც დარმუნებული გახლდით - როგორც კი ყველა გაიაზრებდა, რომ თქვენის წყალობით მოუწევდათ ბაღში დილამდე ყურყუტი, წამში გაერთიანდებოდნენ და საკუთარ უთანხმოებებს მიივიწყებდნენ… ასე ვთქვათ, ჯოხი თქვენზე გადატყდებოდა, სერ.

აი, ეს ბოლო მეტაფორა განსაკუთრებით მიმზიდველი მეჩვენა, მაგრამ ხმა ვეღარ ამოვიღე.

- ჯერ ეზოდანაც არ იქნებოდით გასული, სერ, რომ ყინული დაიძრა - მოგდგნენ და რიგრიგობით გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს თქვენი პიროვნების თაობაზე, სერ. მერე უკვე დაწყვილდნენ კიდეც და მისტერ გლოსოპი გამოწვლილვით უყვებოდა მის ანჯელას ოქსფორდში თქვენი სწავლის პერიოდზე, ის კიდე თქვენს ბავშვობას იხსენებდა; მისტერ ფინკ-ნოთლი სკოლაში თქვენს თავს გადამხდარ ანეკდოტურ შემთხვევებს იგონებდა მის ბასეტის გულის მოსაგებად, მისის ტრეივერსი კი ანატოლის უხსნიდა…

- და ამას ეძახი შენ წარმატებულ გეგმას?! ახლა ხომ ფეხსაც აღარ შემომადგმევინებენ ამ სახლში, ვინღა დამიძახებს ანატოლის კულინარიული შედევრების დასაფასებლად…

- აბა, ეგ რამ გაფიქრებინათ, სერ! პირიქით - როგორც კი გასაღები ვიპოვე და მიხვდნენ, რა ტყუილუბრალოდ გაგაგზავნეს ამხელა მანძილზე, ღამით, უფარნო ველოსიპედზე ამხედრებული, თქვენ მიმართ მათ განაწყენებას წამსვე სინდისის ქენჯნა ჩაენაცვლა, სერ. მართალია, მერე ბევრიც იცინეს და თუ ნებას მომცემთ, სერ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გარკვეულ ხანს მათი ენამწარობის სამიზნედ მოგიწევთ ყოფნა, სერ. თუმცა თქვენისთანა ჯენტლმენისთვის ეს განა რა სახსენებელია, სერ.

- შენ ასე ფიქრობ?

- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სერ. უთქვენოდ არა წვეულება აღარ ჩაივლის ბრინკლი-ქოურთში: თქვენ ახლა თითით საჩვენებელი პიროვნება ხართ, სერ.

ჩავფიქრდი.

- ასე გამოდის, ყველაფერი მოგიგვარებია, ჯივზ: ბენტერა და ანჯელა ჯვარს დაიფსკვნიან, გასი და ბასეტი - ასევე, ბიძია თომამ „ლამაზმანის ბუდუარი“ დააფინანსა, ანატოლი რჩება… მოკლედ, კარგია, რაც კარგად მთავრდება.

- მეტად გონებამახვილური გამონათქვამია, სერ. ისევ ჩავფიქრდი.

- და მაინც, მეტისმეტად უხეში მეთოდები კი გაქვს, ჯივზ.

- სხვა რა გზა არსებობს, სერ? კვერცხის გაუტეხავად განა რა ომლეტს მოამზადებ…

ომლეტიო? ყურები ვცქვიტე:

- დაიცა, ომლეტს ხომ ვერ დამიმზადებდი, ჯივზ?

- სიამოვნებით, სერ.

- და ერთი მოზრდილი ჭიქა შენეული ელექსირი?

- ულაპარაკოდ, სერ.

- აბა, შენს იმედზე ვარ!

ლოგინში შევძვერი და ზურგს უკან ბალიში ამოვიდე. ადამიანის მოდგმის მიმართ კეთილგანწყობა ნელი-ნელ მინელდებოდა - მთელ ტანში მტეხდა, განსაკუთრებით კი - თავად მოგეხსენებათ, სად და ერთადერთ ნუგეშად ისღა მრჩებოდა, რომ მედლინ ბასეტის მკლავებიდან მაინც დავიძვრინე თავი - ეს კი ერთ რამედ ღირდა, ნამდვილად. ბოლობოლო იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯივზმა კარგად იმუშავა და როცა ლანგრით ხელში აისვეტა ლოგინთან, გულკეთილად გავუღიმე.

რატომღაც, ამ ჩემი მეგობრული ღიმილის საპასუხოდ, წარბი არ გაუტოკებია. მაშინვე რაღაც უსიამო ეჭვმა გამკრა გულში.

- მოხდა რამე, ჯივზ? - ვეკითხები ფრთხილად.

- სამწუხაროდ, მართლა ასეა, სერ. ვშიშობ, ერთი მარცხი მაინც მომივიდა.

- აბა-აბა, ჯივზ? - ვეუბნები და ომლეტის პირველი ნაჭერი დავიდნე ენაზე.

- თქვენი საკლუბო სმოკინგის თაობაზე უნდა მეთქვა, სერ… ტანში გამცრა.

- ძალზე ვწუხვარ, სერ, სწორედ ახლა ვაუთოებდი და საკუთარმა უგულისყურობამ…

ოთახში ის ავბედითი სიჩუმე ჩამოწვა, თხრობის დასაწყისში რომ ვახსენე.

- ენა ვერ იტყვის, რაოდენ გისამძიმრებთ, სერ.

ერთი პირობა, კინაღამ ვუსტერთა სისხლმა ამასხა ტვინში და კაცმა არ იცის, რა უბედურება შეიძლებოდა დამეტრიალებინა, მაგრამ ჯივზისეული ნექტრის ერთმა ყლუპმა მაინც თავისი ქნა.

- დაიკიდე, ჯივზ!

- როგორც თქვენ იტყვით, სერ.

 

სქოლიო

* * * * *

 

1 - პ. გ. ვუდჰაუსის (1881-1975) წყალობით ინგლისურ ენაში ეს სახელი რა ხანია უკვე იდეალური მსახურის სინონიმად იქცა.

2 - საწყისი წერტილი (ფრანგ.).

3 - ვახტანგურად (გერმ.).

4 - ბუნებრივია (გერმ.).

5 - მოდის უკანასკნელი კივილი (ფრ.).

6 - ეს ბრძოლა 1415 წ. გაიმართა საფრანგეთის ჩრდილოეთში და მეფე ჰენრი ვ-ის წინამძღოლობით ინგლისელმა მოისრეებმა ლამის ერთიანად გაჟუჟეს საფრანგეთის რჩეული მხედრობა.

7 - ეს მეტსახელი შეიძლება ყოფილ საზღვაო ფეხოსანსაც ნიშნავდეს და ამავე დროს, ადამიანისმაგვარ მაიმუნთა კრებითი სახელიცაა.

8 - მეორე ქორწინება (ფრ.).

9 - ვისიმე პირდაპირ მდგომი ან მჯდომი ვინმე (ფრ).

10 - მდგომარეობა გვავალდებულებს (ფრ.).

11 - ინგლისის უძველეს და უპრესტიჟულეს 9 კოლეჯთაგან ერთ-ერთი და ასევე, ვაჟთა სკოლა, დაარსდა 1440 წ.

12 - ძილის წინ ნერვების დასაწყნარებლად მისაღები ალკოჰოლის დოზა.

13 - სოკოებშემოწყობილი ხბოს ხორცი ტკბილ საწებელთან ერთად (ფრ.).

14 - სააბაზანო (ფრ.).

15 - ეშლება რომელია _ მშვენიერ როზამუნდს არც შექსპირთან და არც რომელიმე ედუარდთან არავითარი კავშირი არა ჰქონია _ ის მეფე ჰენრი იი-ის საყვარელი გახლდათ (მთარგ. შენ.).

16 - აქ: სიტყვის მასალა, სალამ-ქალამი (ფრ.).

17 - ცომში გამომცხვარი წიწილა (ფრ.).

18 - ღვინოში ჩამბალი თეთრი სოკო როსინისებურად (ფრ.).

19 - `ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს "მხიარულება" (ფსალმ.29,6).

20 - ოსტატობის მწვერვალი, შედევრი (ფრ.).

21 - მშვიდად, უხმაუროდ (იტალ.).

22 - აკვიატებული აზრი, იდეა (ლათ.).

23 - იურიდიულ ენას უხმობენ ასე (მთარგ. შენ.).

24 - პარლამენტის წევრი (მთარგმ. შენ.).

25 - ლამაზი ჟესტი (ფრ.).

26 - პირისპირ (ფრ.).

27 - ეშმაკმა დალახვროს (ფრ.).

28 - თავხედი (ფრ.).

29 - უსინდისო (ფრ.).

30 - სავალალო საგზაო შემთხვევა (მთარგმნ. შენ.).

31 - აქ: დარდიმანდი (ფრ.).

32 - 1664 წ. საფრანგეთში, ლატრაპის მხარეში ჩამოყალიბებული, ცისტერციანელთა ორდენის ერთ-ერთი განშტოება, რომელთა წევრებიც ძუნწსიტყვაობის აღთქმით იყვნენ შეკრულნი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ