ბიზნესმენის იმიჯი პიროვნული თვისებებიდან და ფირმის რეპუტაციიდან ყალიბდება. ამიტომ, იმიჯი ვერ იქნება დადებითი, თუ მისი ფირმა შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში, ან საეჭვო გარიგებებში.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესმენის საქმიანი რეპუტაცია. მის სიტყვაზე უნდა შეიძლებოდეს დაყრდნობა, იყოს პატიოსანი და მოწესრიგებული არა მხოლოდ თანამშრომლებთან და პარტნიორებთან, არამედ კონკურენტებთანაც კი. იგი პატივს უნდა სცემდეს მათ თავისუფლებას.
ბიზნესმენს, რომელიც ილტვის წარმატებისკენ, არ უნდა შეეშინდეს წარუმატებლობის და შეეძლოს მისგან შესაბამისი დასკვნების გამოტანა. სჯეროდეს საკუთარი ძალების, შეძლოს მიზნის მიღწევა, რომელსაც დაისახავს.
მიზანმიმართული მოქმედება და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება გამოარჩევს სერიოზულ ბიზნესმენს მათგან, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს.
მისი განვითარების დონე, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე სხვა ჰუმანიტარულ სფეროებშიც საკმარისზე მაღალი უნდა იყოს, რათა ის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ყველაზე ფართო საზოგადოებრივ წრეებშიც კი.
რა თქმა უნდა ბიზნესმენი უნდა ზრუნავდეს საკუთარი ფირმის განვითარებაზე, მის წარმატებაზე. აქტიურად იყოს ჩართული იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც აწუხებს ფირმაში დასაქმებულ ადამიანებს. ორიენტირებული იყოს ფირმის შემოსავლების ზრდაზე, ამისთვის კი მუდმივად ხვეწდეს ტექნოლოგიებს, ეძებდეს ახალ გზებს ბაზრის დასაპყრობად.
ბიზნესმენს წარმატებულ იმიჯს ასევე განაპირობებს მიზანი, რომელიც არ არის მხოლოდ წმინდა ფინანსური ხასიათის. ის უნდა იყოს საზოგადოების ნაწილი და ზრუნავდეს მასზე. პატივსცემით ეკიდებოდეს თავის ქვეყანას, იცავდეს მის კანონებს. შეჰქონდეს საკუთარი წვლილი სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში.
ბიზნესმენის გარეგნული იერსახე და სამოსი უნდა იწვევდეს თავდაჯერებულობისა და სტილურობის შეგრძნებას. მისი კოსტიუმი არ უნდა იყოს გამორჩეულად გამოკვეთილი, გამომწვევი.
ძვირფასი, ოდნავ კონსერვატიული სამოსი ხელს უწყობს წარმატებული ბიზნესმენის იმიჯს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქცევები და ეტიკეტის ცოდნა შეუდარებელია, ხოლო საუბარი და წარმოთქმული სიტყვა შეესაბამება ლიტერატურულ ნორმებს.