გადაცემის დროს ტელეკამერის წინ შესამოსად საუკეთესო ფერებია: ლურჯი და მასში გარდამავალი ფერები, ასევე მწვანე, ზურმუხტისფერი, იასამნისფერი და შინდისფერი.
მეწამული ეკრანზე შავად და გაურკვევლად ჩანს. წითელი და ვარდისფერი არ იძლევა კონტრასტს და ხაზს ვარ უსვამს სხეულის კონტურებს.
ეკრანზე ყველაზე კარგად უბრალო და სადა სტილი წარმოჩინდება. მოერიდეთ სამოსში სიჭრელეს. საყურე არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი, ეს ყურადღებას მოაკლებს თქვენ სახეს.
არ უნდა გაიკეთოთ ბრილიანტის სამკაულები. უმჯობესია გამოიყენოთ მარგალიტი ან ოქრო-ვერცხლის სადა უთვლო სამკაული.
მოერიდეთ ჟღარუნა სამკაულებს. აუცილებლად გაიკეთეთ გრიმი, ამაში ტელევიზაჟისტები დაგეხმარებიან. ამიტომ სტუდიაში ბევრად ადრე უნდა მიბრძანდეთ.
ტელესტუდიამ შიძლება ცოტათი დაგძაბოთ. ეს განცდა არა მარტო ახალბედებს არამედ გამოცდილ ადამიანებსაც უჩნდებათ, ამიტომ სანამ სკამზე მოთავსდებით ღრმად ჩაისუნთქეთ და გულწრფელად გაუღიმეთ წამყვანს.
კამერას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ესაუბრეთ წამყვანს ბუნებრივად და თავისუფლად. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ხართ, შინ ან სამსახურში. იჯექით ოდნავ დახრილად, მოერიდეთ გაუგებარ ჟესტებს, ნუ დამალავთ ხელებს, რათა თეატრის თოჯინას არ დაემსგავსოთ.
ტელევიზიას შეუძლია ან პოპულარობის მწვერვალზე აგიყვანოთ ან ყველა იმედი გადაგიწუროთ პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად.
თანდათანობით უნდა დაუფლოთ ტელეკამერების წინაშე წარდგომის, სიტყვით გამოსვლის ოსტატობას.
აუცილებელია გყავდეთ კვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც დაგეხმარებიან იმიჯის დახვეწაში, შეგირჩევენ ისეთი ჩაცმულობას რაც თქვენს მიერ წარმოთქმული მოსაზრებისადმი რწმენას გააორმაგებს.
ჭკვიანურად შერჩეული იმიჯი მოგანიჭებთ თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან და საჭირო თავდაჯერებულობას.
პოლიტიკოსი ქალის საუკეთესო მაგალითად დღემდე ითვლება მარგარეტ ტეტჩერი და მისი ტრანსფორმირებული იმიჯი.
პროფესიონალი იმიჯმეიკერების დახმარებით, ტეტჩერის დიქცია, ხმის ტემბრი, თმის ფერი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და სამოსი მუდმივად მიმზიდველი, განახლებული ფერებით წარმოჩინდებოდა.