თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს - მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ თაფლის ათვისება ხდება სრულიად.
თაფლის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი სამდიცინო-ბიოლოგიური: ანტიბაქტერიალური, ანტიანთებითი, ამუნომასტიმულირებელი და ა.შ თვისებები.
თაფლით მკურნალობენ თირკმლების, ღვიძლის, გულის, ფილტვების, ტუბერკულოზის დაავადებებს, აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებს.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში თაფლს გარეგანი დანიშნულებითაც გამოიყენებენ.
თაფლის გამოყენება უნდა მოხდეს რაციონალურად. დღეში შესაძლებელია 2-3 - ჯერ არაუმეტეს 60-100 გრამი თაფლის მიღება, მცირე პორციებით და სასურველია გარკვეული ხნის განმავლობაში მისი პირის ღრუში გაჩერება.
სწორი მკურნალობისათვის განსხვავებული ხარისხის თაფლია საჭირო, რადგან თითოეულ მათგანს თავისებური კონსისტენცია, ფერი და სხვა დამახასიათებელი თვისებები გააჩნია.
აკაციის თაფლს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს თაფლი კარგია ბავშვებისთვის, ვინაიდან ჭარბად შეიცავს A ვიტამინს (კაროტინი).
ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების დროს ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ მის მიღებას.
თვალის ავადმყოფობების დროსაც (კატარაქტა, კონიუნქტივიტი, გლაუკომა) აკაციის თაფლი უნდა გააზავოთ გამოხდილ წყალში (1:2) და ჩაიწვეთოთ თვალში საღამოობით.
აკაციის თაფლს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისებები. ხშირად ენიშნებათ ნევროზული და ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფებს.
ცაცხვის თაფლი სასიამოვნო არომატით, მკვეთრი, სპეციფიკური გემოთი და ქარვისფერი, ნათელი-მოყვითალო ტონით გამოირჩევა.
თხევად მდგომარეობაში - გამჭვირვალე-წყლისფერია; დაკრისტალებისას მსხვილ ხორბლის ფორმას წააგავს და თითქმის თეთრი ფერისა ხდება. ეს საუკეთესო თაფლია ყოველგვარი გაცივების, ბრონქიტისა და ფილტვების ანთებისათვის. ასეთი დაავადებების დროს ეფექტურია შემდეგი რეცეპტები:
100 გრამი მრავალძარღვას წვენი შეურიეთ 100 გრამ ცაცხვის თაფლში. გამზადებული მასა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუფრის კოვზით, 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.
100 გრამი ალოეს წვენი, 500 გრამი დანაყილი ბერძნული კაკლის გული, 300 გრამი ცაცხვის თაფლი და 3-4 ლიმნის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე (ალოეს წვენს საწინააღმდეგო ჩვენება აქვს თირკმლების მწვავე დაავადების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ტუბერკულიოზის გამწვავებისა და ბუასილის პერიოდში. არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ბოლო პერიოდშიც).
წიწიბურას თაფლი გამოირჩევა მოწითალო ელფერის მქონე ნათელი-მოყავისფრო ფერით, ძლიერ სასიამოვნო არომატითა და განსაკუთრებული გემოთი. ის საუკეთესო პროდუქტია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ:
ხახვის წვენი შეურიეთ ნატურალურ თაფლში 1:1-ზე პროპორციით. მიიღეთ 3-ჯერ დღეში სუფრის კოვზით 20-30 დღის განმავლობაში - შესამჩნევ გამოჯანმრთელებამდე.
1 ჭიქა თაფლში შეურიეთ ამდენივე რაოდენობის შავი ბოლოკის წვენი. მიიღეთ 3-ჯერ დღეში სუფრის კოვზით ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. კარგია ავადმყოფობის პროფილაქტიკისთვის.
სამყურას თაფლი თითქმის გამჭვირვალეა; ნაზი, სასიამოვნო არომატითა და გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით ეფექტურია ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
1 ჭიქა თხიერი თაფლი, 1 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ჭიქა სტაფილოს წვენი შეურიეთ 1 ჭიქა პირშუშხას ფესვების ნაყენს (ამისთვის პირშუშხას დაჩეჩქვილ მასას დაასხამთ წყალს და დადგამთ 36 საათის განმავლობაში). მიღებული მასა უნდა შეინახოთ ცივ, ბნელ ადგილას. მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, 3-ჯერ დღეში, 2-3 თვის განმავლობაში.
100 გრამი სამყურას თაფლი და 1 ლიმონის წვენი კარგად აურიეთ; მიიღეთ ძილის წინ სუფრის კოვზით და 15-20 წუთის შემდეგ დააყოლეთ ცხელი რძე ან ჩაი.
ტირიფის თაფლი მოყვითალო - ოქროსფერია, ტიპიური ტირიფის არომატითა და ცოტა მომწარო გემოთი. დაკრისტალებისას კრემისფერ ტონალობას იძენს. უფრო ჰეპატიტის დაავადებისას გამოიყენება
მოამზადეთ 1 ჭიქა პირშუშხას წვენი, 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ჭიქა თაფლი, რომელსაც დაემატება 30 მლგ. არაყი და 2 ლიმონის წვენი. ეს ნაზავი მიიღეთ სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. 2 თვის შემდეგ კურსი კვლავ გაიმეორეთ.
მინდვრის ყვავილების თაფლი გამოირჩევა ღია-მოყვითალო და ღია-მოყავისფრო ფერით, სასიამოვნო გემოთი და არომატით, რომელიც მინდვრის ყვავილების სურნელებას მოგვაგონებს. ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გასტრიტის დროს.
ერთი სუფრის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ, ანადუღარ რძეში (შესაძლებელია ასკილის ნაყენში, ხილის ან ბოსტნეულის წყალგარეულ წვენში ან ჩაიში). მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამიდან 1,5 -2 საათის შემდეგ (გასტრიტის შემთხვევაში და როცა კუჭის მჟავიანობა მომატებულია), ან ჭამის წინ (ენტერიტის, ანუ წვრილი ნაწლავების ანთებისას და კოლიტის, ანუ მსხვილი ნაწლავების ანთების შემთხვევაში).
თაფლს შეიძლება დაემატოს ნაღები ან ახალი, აუმჟავებელი არაჟანი. მკურნალობის კურსი 1,5 -2 თვეა.
კუჭის აშლილობის შემთხვევაში ეფექტურია შემდეგი ნაზავის გამოყენება: 400 გრამი ჭერმის ჩირი, 400 გრამი კურკებისგან გასუფთავებული შავი ქლიავი და ერთი კოლოფი ალექსანდრიის ფოთლები. ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 200 გრამი თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ ჩაის კოვზით ჭამის პროცესში, რომელსაც 15 წუთის შემდეგ დააყოლებთ თბილ, ანადუღარ წყალს.
ტყის თაფლს ღია-მოყვითალო ან ღია-მოყავისფრო შეფერილობა ახასიათებს (თუმცა, შედარებით უფრო მუქია, ვიდრე მინდვრის თაფლი); აქვს ცოტა მწკლატე არომატი და საოცარი გემო. განსაკუთრებით ეფექტურია უძილობის დროს:
1 სუფრის კოვზი თაფლი გახსენით ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში (უჯობესია თხის ან საქონლის თბილი რძის გამოყენება) და მიიღეთ ძილის წინ.
პირშუშხას ნაყენი და თაფლი 1:1-ზე პროპორციით, აურიეთ კარგად, მიიღეთ სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს.
მოამზადეთ 100 გრამი თაფლისა და 1 ლიმონის წვენის ნაზავი. მიიღეთ ძილის წინ 1 სუფრის კოვზი და 15-20 წუთის შემდეგ დააყოლეთ ჩაი ან რძე.
ხილისა და სხვადასხვა ნაყოფის თაფლი (აყვავებული ხილის ხეების ყვავილების ნექტრისაგან დამზადებული) - ღია ქარვისფერია და ყველაზე ნაზი თაფლია თავისი არომატითა და გემოთი. იგი დიდი ხნით არ კრისტალდება. თაფლი შეუცვლელია გულის იშემური დაავადებისას:
1-2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 50 გრამი თაფლი.
მოამზადეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენისა და 1 ჭიქა თაფლის ნაზავი. მიიღეთ ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
250 გრამი გასუფთავებული და გასრესილი ნიორი შეურიეთ 350 გრამ თხელ თაფლს და დააყენეთ 7-10 დღის განმავლობაში. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ 40 წუთით ადრე ჭამამდე - 2-3 თვის განმავლობაში.
წაბლის თაფლი ოდნავ მუქი ფერისაა და მძაფრი სუნითაც გამოირჩევა, ნაწლავებს მატებს ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას. კარგია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ, გულის ფუნქციონირების დარღვევის, პროსტატის, ბუასილის საპროფილაქტიკოდ. წაბლის თაფლი უებარია მადადაკარგულთათვის.
იელის თაფლი მუქი-მოყავისფრო ფერისაა - მცენარის მკვეთრად გამოხატული სპეციფიკური სურნელებით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ამ "მათრობელა" იელისა და შქერის თაფლის მოხმარებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ვინაიდან ტოქსიკურია და ადამიანი მათგან იოლად იწამლება: თაფლის ჭამის შემდეგ ებინდება გონება, ეწყება ძილქუში, ბოდვები, ორგანიზმის სისუსტე და პირღებინება.
მართალია ამგვარი უსიამოვნო სიმპტომები მალევე ქრება (ავადმყოფი მეორე დღეს თავს კარგად გრძნობს), მაგრამ, ამის მიუხედავად, ურიგო არ იქნება, თუკი მოწამლულს მაშინვე ამოურეცხავთ კუჭს და სასაქმებელ მარილსაც მისცემთ. თუმცა იგი შესანიშნავია კომპონენტია ორგანიზმიდან ჭიის გამოსადევნი და ქალური დაავადების წამლის მოსამზადებლად. ამიტომ, მეცნიერთა ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს მის გამოყენებას, ოღონდ თბილ მდგომარეობაში:
1 : 1 -ზე პროპორციით გაამზადეთ თაფლისა და გოგრის კაკლის გასუფთავებული და დანაყილი ნაზავი. მიიღეთ ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში.
თაფლი ეფექტურია ქალური დაავადებების სამკურნალოდ. განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის წყლულისა და ტრიქომონადური კოლპიტისათვის.
აიღეთ მარლის ტამპონი, დაასველეთ თაფლისწყლიან ხსნარში (1 წილ თაფლთან 2 წილი წყალი), დაძინების წინ შეიტანეთ ღრმად საშვილოსნოს ყელთან და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. კურსი 15-20 პროცედურაა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თაფლი, როგორც მეტად ყუათიანი საკვები და პოპულარული სამკურნალო საშუალება, განურჩევლად ყველას როდი რგებს. მას ალერგიული თვისებაც აქვს.
მაგალითად, დიათეზიან ბავშვებს კატეგორიულად ეკრძალებათ თაფლის ჭამა. თაფლს თავი უნდა აარიდონ მათაც, ვისაც სათუთი კანი აქვს, თორემ შესაძლოა, ზურგსა და კიდურებზე გამონაყარმა (ქავილმა) შეაწუხოს.
ასეთ დროს ადამიანი ჭირვეულობს, ცუდად სძინავს, სულ გაღიზიანებულია. თუ ალერგიულებს მიუხედავად ამისა, ძალიან სურთ მიირთვან თაფლი, აუცილებელია კვების რაციონში მისი რაოდენობა მკაცრად გააკონტროლონ.
გაითვალისწინეთ: თაფლი შეიცავს ცოცხალ ფერმენტებს. ეს ფერმენტები ნადგურდება ლითონის კოვზთან კონტაქტით, ამიტომ უმჯობესია თაფლი მიირთვათ ხის კოვზით (თუ ხის კოვზი არ გაქვთ, გამოიყენეთ პლასტმასის კოვზი.)
ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ |