იმისათვის რომ მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება, მნიშვნელოვანია ისწავლოთ როგორ გამოხატოთ თავისუფლად თქვენი გრძნობები და ემოციები.
ნუ შეგრცხვებათ გაიცინოთ, თუ მხიარულ განწყობაზე ხართ. მიეცით თავს გაბრაზების უფლება მაშინ, როცა ამის საფუძველი გაგაჩნიათ და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისე არ გაგიგებენ როგორც საჭიროა.
თავი დააღწიეთ ეჭვიანობას
რთულ სიტუაციაში, ხშირად ვერ პოულობთ სწორ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ განიცდით დაბნეულობას, შებოჭილი ხართ, არ იცით როგორ მოახდინოთ გავლენა შექმნილ სიტუაციაზე. ამავდროულად მერყეობთ და ეჭვობთ, თუ რომელი მოქმედება იქნება მართებული კონკრეტულ მომენტში.
ამგვარი სიტუაციის გასაღები - თქვენი გრძნობებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვაშია.
იმის გარკვევას, თუ რამდენად მართებულია თქვენი გადაწყვეტილებები, აზრი არა აქვს, რადგან ძალიან ხშირად ამის დასადგენად პრაქტიკულად დროც არ რჩება ხოლმე. ამიტომ, გაქვთ საკუთარ შეგრძნებებზე და ემოციებზე დაფუძნებული მოსაზრებები? - გამოავლინეთ იგი!
ფიქრში, თუ რისი თქმა ან გაკეთებაა უკეთესი, ხელიდან გაუშვებთ დროს, შესაბამისად კი მომენტს, როცა თქვენი მოსაზრება შეიძლებოდა აქტუალური და გადამწყვეტიც კი ყოფილიყო.
გარდა ამისა, დაგრჩებათ დაუხარჯავი ემოციური მუხტი და ფიქრი, რომ ”ყველაფერი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო თქვენ რომ მოსაზრება გამოგეთქვათ ან რამე მოქმედება განგეხორციელებინათ”, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგტანჯავთ და მოსვენებას არ მოგცემთ.
თავი დააღწიეთ შიშის გრძნობას
ძალიან ხშირად, საკუთარი და მოწინააღმდეგის (პირობითად) ძალების შეფასებისას, სავარაუდოდ აზვიადებთ მოწინააღმდეგის ძალას და აკნინებთ საკუთარ შესაძლებლობებს.
ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე სრულიად უსუსური უნდა იყოს, რომ თქვენ არ გაგიჩნდეთ შიშის და მორიდებულობის გრძნობა მასთან მიმართებაში.
შიშის გრძნობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ თქვენ ამ ადამიანზე რაიმეთი მაინც ხართ დამოკიდებული. ამ დროს მის წინაშე საკუთარი მოსაზრების, და მითუმეტეს უკმაყოფილობის გამოთქმა თქვენს ძალებს აღემატება, რადგან შიშობთ რამე ისე არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა.
შეეცადეთ გადალახოთ შიში. მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრეტენზიები თანმიმდევრულად, წყნარად და ბოლომდე ჩამოაყალიბოთ. ნუ დაიტოვებთ გულში სულ მცირე უკმაყოფილებასაც კი.
გულჩახვეულობა მხოლოდ გავნებთ და დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი და შეკავებული პრეტენზიები ერთ დღეს მაინც გადმოიღვრება ისე, რომ ვეღარ გააკონტროლებთ და სასურველი შედეგის მიღების ნაცვლად საქმეს უფრო გაირთულებთ.
ან კიდევ უარესი, შეიძლება თქვენი რისხვა სრულიად უდანაშაულო, ახლობელ ადამიანებს დაატყდეს თავს, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე - თქვენივე ოჯახის წევრებს, რომლებიც არ უნდა გააწამოთ თქვენი სისუსტით და უგერგილობით.
თავი დააღწიეთ დანაშაულის გრძნობას
ერთის მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა. მისი წყალობით შეგიძლიათ გაიგოთ სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, უკეთესად გაუგოთ სხვა ადამიანებს.
მაგრამ თუ ვერ უმკლავდებით საკუთარი დანაშაულის გრძნობას, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება რაოდენობაში, მაშინ შესაძლოა იგი უმძიმეს ბორკილად გადაგექცეთ, რომლის ზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.
თუ დანაშაულის გრძნობის ჩარჩოში მოქცევა ვერ შეძელით, იგი დაეპატრონება თქვენს აზრებს და მოქმედებებს.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს გრძნობა მოდის მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია უკვე გამოსულია კონტროლიდან. ის აგირევთ აზრებს და არ მოგცემთ მოსვენებას მანამდე, სანამ არ ჩაწვდებით მის ჭეშმარიტ ბუნებას და არ მიხვდებით, რომ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი. ბევრისთვის ცნება ”საკუთარი თავის სიყვარული” რთული, გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ თქვენთვის რეალიზებადი გახადეთ ცნება ”იზრუნეთ საკუთარ თავზე”, ან ”იმეგობრეთ საკუთარ თავთან”.
დროგამოშვებით იხუმრეთ საკუთარ თავზე, იუმორი საუკეთესო წამალია გაჭირვებიდან და სულელური მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. ის თქვენი საუკეთესო თანამზრახველი იქნება და დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ დანაშაულის გრძნობას.
გახსოვდეთ, რომ გრძნობები თავისას ითხოვენ, ისინი გადახარშვას საჭიროებენ, ამიტომ ყოველთვის დაუთმეთ მათ ცოტაოდენი დრო და ყურადღება.
თავი დააღწიეთ აკრძალვებს
ოდესღაც ყველა ადამიანს ასწავლიდნენ, რომ: გაბრაზება - ცუდი ტონია, რომ მხოლოდ უნდა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო ირგვლივმყოფებს და ა.შ...
მაგრამ ამავე დროს, არავინ ასწავლიდა, რა უნდა მოუხერხო იმ ნეგატივს, რომელიც გინდა თუ არ გინდა, გროვდება პიროვნების შიგნით.
რას იღებს ადამიანი ასაკთან ერთად? - უზარმაზარ ტვირთს ნეგატიური ემოციების სახით, რომელსაც მალავს საკუთარი ტვინის ვითომდა უხილავ კუნჭულებში. სინამდვილეში კი ეს დაგროვილი ტვირთი უკანვე უბრუნდება მას - მაღალი წნევის, კუჭის პრობლემების, გულის ტკივილის და ნერვული სტრესების სახით.
ამ ტვირთის გარეთ გამოშვებას და ყველა ნეგატიური ემოციის დავიწყებას კი ხელს უშლის აკრძალვები, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს.
ამიტომ, მიეცით ხოლმე საკუთარ თავს გაბრაზების უფლება! რეგულარულად (როცა მიზეზი გაქვთ) გაბრაზდით მთელი ძალით და დაიცალეთ უარყოფითი ემოციებისგან.
შემდეგ კი იმისათვის, რომ მალე აღიდგინოთ ენერგია და ჩაჯდეთ ჩვეულ რითმში, იხუმრეთ და იუმორით შეხედეთ საკუთარ თავსა და ემოციებს.
ასე უფრო გაგიადვილდებათ...
რომ ვუფიქრდები რომ ვის ვუყვარვარ ჭეშმარიტად მეგობრებიდან მხოლოდ ერთი-ორი მახსენდება. საზოგადოებაში გასვლა აღარ მიყვარს,პარკში რომ გავდივარ მეგობრებთან ერთად ვცდილობ რომ იმ ადგილებში გავიარო სადაც არავინაა,იქ დავჯდე სადაც არ დაგვინახავენ და ა.შ კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს საკუთარ თავთან,ვიცი რომ ეს ჩემშია პრობლემა და ნაწილობრივ ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოებისაც,მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გახსნას...