მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 25483 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სახელწოდება „ადიქცია“ მოდის ინგლისური სიტყვიდან “Addict”, რომელიც ნიშნავს დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულებას.

თავდაპირველად, ადიქცია იყო ტერმინი, რომელიც გულისხმობდა ადამიანის ქიმიურ დამოკიდებულებას ნარკოტიკის, ალკოჰოლის, ან რომელიმე სახის მედიკამენტთან მიმართებაში.

ამჟამად კი ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის დროსაც წარმოიშვება აკვიატებული მოთხოვნილება კონკრეტული სახის ქმედებების მიმართ.

სასიყვარულო ადიქცია (პათოლოგიური სიყვარული) იყო ერთ-ერთი პირველი არაქიმიური დამოკიდებულება, რომელიც აღწერილია სპეციალურ ლიტერატურაში და სხვა არაქიმიურ (ქცევით) დამოკიდებულებებთან ერთად, მიეკუთვნება ეროტიკულ (ან არაეროტიკულ) ადიქციათა ჯგუფს.

იდეა იმის შესახებ, რომ სასიყვარულო ურთიერთობასაც შეიძლებოდა ჰქონოდა ადიქციური ხასიათი, გამოითქვა (Simon -ის და Timmreck -ის მიერ 1982 და 1990 წელს).

სასიყვარულო ადიქცია შეფასებული იქნა როგორც დისფუნქციონალური ემოციონალური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უნდობლობით, საკუთარი თავის დაკარგვის, წარუმატებლობის და ზოგადად - დანაკარგის განცდით, ურთიერთობაში ნამდვილი ინტიმის არ არსებობით, უამრავი უარყოფითი ემოციებით და მოქმედებების სხვა თვითგამანადგურებელი მოდელებით, რომლებიც აჩქარებენ ემოციონალურად დაავადებული სასიყვარულო ადიქტის პიროვნულ რღვევას.

სასიყვარულო (დამოკიდებულებითი) ადიქცია, ადამიანური სიყვარულის მტკივნეული გამოვლინება და ავადმყოფური მისწრაფებაა “სიყვარულის” ობიექტის მიმართ, რომლის დროსაც იტანჯება არა მხოლოდ ადიქტი, არამედ მისი „აღფრთოვანების ობიექტიც“, რადგან მას უწევს აიტანოს შეუსაბამო ფეტიშიზმი, მუდმივი ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი, გაუთავებელი საყვედურები და სხვა გაუაზრებელი ქმედებები.

ადიქციური დამოკიდებულებების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის პიროვნული ზრდის შეჩერება, ზოგჯერ კი ორივე პარტნიორის დეგრადირება.

სასიყვარულო ადიქციის გამოვლენის მექანიზმი თითქმის არ განსხვავდება ქიმიური: ნარკოტიკის, ალკოჰოლის ან სიგარეტის მოხმარების დამოკიდებულებისგან.

ადიქტი ყველაფერს უძღვნის დამოკიდებულების ობიექტთან ურთიერთობებს და უკანა პლანზე გადააქვს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობები, სამსახურის საქმეები თუ საყვარელი ჰობი.

მისი დროის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად სრულად ეთმობა მისწრაფების ობიექტს. მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ თუ მოულოდნელად მოხდა ცვლილებები გეგმებში და მათ შეხვედრას ან სხვა სახის კონტაქტს რაიმე საფრთხე დაემუქრა, ადიქტი ვარდება პანიკურ მდგომარეობაში.

ადიქტის სამყარო აღსავსეა მისწრაფების ობიექტის მხრიდან საკუთარი პერსონის მიმართ დადებითი მოლოდინის არარეალური განცდებით.

ადიქციით შეპყრობილი ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უსაფუძვლო თავდაჯერებულობა, რომ ადიქციის ობიექტი - მიუხედავად მისი მხრიდან გულგრილობისა, უხეშობისა და კიდევ უფრო უარესი ქმედებებისა, შეყვარებულია მასზე და თითქოსდა ამას ვერ გამოხატავს სიმორცხვის, ან სხვადასხვა სახის პირადი ან ზოგადი პრობლემების გამო...

ამგვარი თვითდარწმუნება ხელს უშლის ადიქტს დაუსხლტეს ადიქციის ბადეს, რადგან რთულია აღიარო, რომ შენი აღფრთოვანების ობიექტს არ უყვარხარ და არც არასოდეს ყვარებიხარ.

ეს სიმართლე მისთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ადიქტი ირჩევს საკუთარი თავის მოტყუებას, მისთვის უფრო მარტივია დათრგუნოს სიმართლე და სჯეროდეს ის, რისი დაჯერებაც თავად უნდა.

ადიქცია - შფოთი, ტკივილი და არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიოლოგიური სატანჯველია, რომლის შემდგომაც ძალიან ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო დახმარება, რაც გამოწვეულია ნერვული დაძაბულობისა და დეპრესიის ფონზე ჩამოყალიბებული ფსიქოსომატიური დაავადებებით, რომლებიც თავს იჩენენ ხოლმე ადამიანის ორგანიზმის მთელ რიგ ორგანოებზე.

ის, რომ საზოგადოება შედარებით რბილად ეკიდება სასიყვარულო ადიქციის გამოვლინებებს, გამოწვეულია მათი გაუთვითცნობიერებით და საკითხის არსში გაურკვევლობით, რადგან ადამიანების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის და არ სმენია არც ამ ტერმინის და არც მისი  - რბილად რომ ვთქვათ უარყოფითი შედეგების შესახებ.

 

მაინც რა არის სასიყვარულო ადიქცია?

 

სასიყვარულო ადიქცია არის ადიტიური ქმედების ნაირსახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვა ადამიანზე ფიქსაცია და მასზე არაბუნებრივად მიჯაჭვული დამოკიდებულება.

როგორც წესი, ასეთი ურთიერთობები ყალიდება ორ ადიქტს შორის, რასაც საადიქციურ ურთიერთობებს უწოდებენ.

ყველაზე გავრცელებული საადიქციური ურთიერთობები ვითარდება სასიყვარულო ადიქტსა და განრიდების ადიქტს შორის, რომლის დროსაც წინა პლანზე გამოდის ემოციების ინტენსიურობა და მათი ექსტრემალურობა - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით.

სასიყვარულო ადიქციის პარადოქსს წარმოადგენს კავშირი ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ უნდობლობა, ეჭვიანობა, გრძნობა, რომელიც ახლოსაა აგრესიასთან და ამავდროულად ძლიერი მიჯაჭვულობა.

სასიყვარულო ადიქციის დროს ხდება ურთიერთობაში გარე რესურსის ძლიერი ჩართვა შიდა რესურსის სრულიად უგულვებელყოფის ხარჯზე, რასაც როგორც წესი მოსდევს რეალობის დამახინჯებული აღქმა.

სასიყვარულო ადიქციის დროს, „სიყვარულის ობიექტის“ მიმართ აკვიატებული მოთხოვნილება გამოწვეულია იმით, რომ განსაზღვრული სახის მოქმედებები იწვევს ხანმოკლე ბედნიერებისა და ეიფორიის განცდებს, რომლის ეტაპების გავლის შემდეგ ადამიანი უბრუნდება რეალური ცხოვრების ბუნებრივ მდგომარეობას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადიქციის არსი სხვა ადამიანით გადაჭარბებული, არაადეკვატური გატაცება, ავადმყოფური აზრებისა და ფიქრების გამოვლინება და ამ ადამიანის გვერდით მუდმივად ყოფნის მოთხოვნილებაა.

სასიყვარულო ადიქციას  მიეკუთვნებენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და ამსგავსებენ ნარკოტიკის, ალკოჰოლის მიმართ და ინტერნეტ დამოკიდებულებას.

პრინციპში ასეთი სახის დამოკიდებულებას შეიძლება დავარქვათ ფსიქო-ემოციონალური დამოკიდებულებაც.

ადიქციის პერიოდში, ადიქტი საკუთარი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ილუზიებში და ფანტაზიებში, მკვეთრად ეცემა მისი აზროვნების კრიტიკულობა.

მას ადიქციის ობიექტი ეჩვენება სრულყოფილების და იდეალურობის ნიმუშად, საკუთარი თავი კი არასრულფასოვნად.

ადიქტებს არ სურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და პიროვნული მეს დათმობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფასადაც კი ამჯობინებენ გახდნენ სხვა ადამიანზე მიჯაჭვული, ადიქციური დამოკიდებულების მონა.

მათ სურთ იყვნენ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი ყოველგვარი გარე ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, რაც პრაქტიკულად შუძლებელია.

ხშირად, ადიქციის ბადის ქვეშ ადამიანები ექცევიან იმისთვის, რომ შეზღუდონ, უგულვებელყონ შინაგანი სამყარო და დომინირების დროს მზად არიან (დროებით მაინც) მსხვერპლად შესწირონ და დაკარგონ საკუთარი თავი. 

ისინი ზღუდავენ პირად ეგოს, ეძლევიან თავდავიწყებას, ახშობენ ყველაფერს, რასაც უნდათ გაექცნენ ცხოვრებაში და ცდილობენ ამ გზით მიაღწიონ კომფორტულ მდგომარეობას, თუმცა საბოლოოდ ეს იწვევს მხოლოდ ტანჯვას, იმედგაცრუებას და ზოგჯერ სუიციდის სურვილსაც კი.

დღესდღეობით, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს და ვერ ეგუება საკუთარ თავს. ადიქტებში, ეს თვისება ამძაფრებს პიროვნული მეს უარყოფის სურვილს. შესაბამისად, იქმნება ნოყიერი ნიადაგი და ადიქცია, რომელიც იკვებება ადამიანების არასრულფასოვნების კომპლექსით - ვრცელდება შავი ჭირივით.

ემოციონალურ-ადიქციური დამოკიდებულება ხასიათდება სამი ძირითადი ფაქტორით:

1. უთანასწორობა - როცა ადამიანი გასცემს იმაზე მეტს, ვიდრე იღებს;

2. სულიერი ან/და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი;

3. ურთიერთობების დამოუკიდებლად შეწყვეტის შეუძლებლობა.

სასიყვარულო ადიქცია არ არის იმ ტიპის საშიშროება, რომელიც უშუალოდ ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს (როგორც ქიმიური, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ადიქციის დროს), მაგრამ წარმოადგენს საკმაოდ მაღალი რისკის სოციალური საფრთხეს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს არა მხოლოდ ადიქციით დაავადებული კონკრეტული ინდივიდი, არამედ ოჯახები, ან ადამიანთა ჯგუფები

ნიანდობლივია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ადიქციის პერიოდში ადამიანი წყვეტს პიროვნულ ზრდას და ფერხდება მისი სულიერ-ემოციური პროცესები.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე უნაყოფო, დესტრუქციული და რუხი პერიოდია ადიქტის ცხოვრებაში.

თუ სასიყვარულო ადიქცია მსუბუქი ფორმისაა, შეიძლება ადამიანი დროებით ამოვარდეს სოციალური ცხოვრების ჩარჩოდან, მაგრამ ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერაც ახლობელი ადამიანების ან სპეციალისტების დახმარებით ახერხებს ავადმყოფური სიტუაციიდან გამოსვლას და უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რითმს.

მაგრამ, თუ ადიქცია მიმდინარეობს მძიმე ფორმებში, სიმძიმის ხარისხის მიხედვით იგი არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე ნარკოტიკული ან აბსტინენტური სინდრომი, რომლის გადალახვისთვის აუცილებელია სერიოზული მკურნალობა ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ამიტომ, თუ ადქიტი დროულად არ შეჩერება, არ გააცნობიერებს პრობლემას, არ იმუშავებს საკუთარ თავზე და არ მოახდენს აზრებისა და მიზნების კორექტირებას - ადიქცია გადაიზრება ფსიქიკურ აშლილობაში, რაც შეიძლება საკუთარი ცხოვრების განადგურების, ასევე სუციდური განწყობის მიზეზი გახდეს და ყველაფერი დასრულდეს ძალიან სავალალოდ.

 

განსხვავება ადიქციასა და სიყვარულს შორის

 

სასიყვარულო ადიქტებისთვის პრაქტიკულად N 1 პრობლემას წარმოადგენს ფაქტი, რომ ადიქციური მიჯაჭვულობა მიაჩნიათ ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულად და ზეამაღლებულ გრძნობად.

სინამდვილეში, სასიყვარულო ადიქცია არის ერთი ადამიანის აკვიატებული, მანიაკალური ფიქსაცია მეორე ადამიანზე, რომელსაც იგი მიიჩნევს საკუთარი სიყვარულისა და ვნების ობიექტად, რაც სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრაა და შექმნილი სოციალური სტეროტიპების გამო ადამიანები მას ხშირად აღიქვამენ როგორც ბუნებრივ გრძნობას.

ეს ფიქსაცია ძალიან ხშირად შეიცავს მაზოხიზმის ელემენტებსაც.

ადიქციის ობიექტის მიმართ „სიყვარული“ მოქმედებს იმ მექანიზმებით, რაც ახასიათებს ნამდვილი სიყვარულის გრძნობას, თუმცა იმ სხვაობით, რომ ადიქციური დამოკიდებულების დროს ადიქტი ხდება აბსოლიტურად არაკრიტიკული საკუთარი თავისა და ადიქციის ობიექტის მიმართ.

იგი იკვებება ეიფორიისა და ემოციური ქაოსის ხანმოკლე ტკბილ-მწარე პორციებით და ვერ ხვდება, რომ იმყოფება არაჯანსაღ და სავალალო სულიერ მდგომარეობაში.

დადგენილია, რომ ადამიანურ სიყვარულსა და სასიყვარულო ადიქციას შორის არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება პროცესის მიმდინარეობის ნებიმიერ ეტაპზე - დაწყებული მისწრაფების ობიექტთან შეხვედრებიდან და დასრულებული მასთან განშორებით.

თუმცა, სხვაობა ადიქტიურ, ავადმყოფურ დამოკიდებულებასა და ნამდვილ სიყვარულს შორის საკმაოდ მარტივი გამოსაცნობია, რადგან:

ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ბალანსია, რომელიც დაფუძნებულია ჰარმონიაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიმშვიდეზე და სტაბილურობის განცდაზე. სასიყვარულო ადაქცია კი შიშზე, წუხილზე, აგრესიაზე, დეპრესიულ და მშფოთვარე მდგომარეობაზე.

სიყვარულს პარტნიორებისთვის მოაქვს პოზიტიური ემოციები. ისინი თავს გრძნობენ უფრო მშვიდად, დამაჯერებლად, ძლიერად და წარმატებულად.

მოყვარული ადამიანი დროის უდიდეს მონაკვეთში გრძნობს შინაგან ჰარმონიას, სტაბილურობას, დაცულობას, მადლიერებას და აქედან გამომდინარე თბილ და ნაზ გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ.

სასიყვარულო ადიქციას კი მოაქვს ნეგატიური ემოციების მთელი სპექტრი. დროის უდიდეს მონაკვეთში დამოკიდებული პარტნიორი აღვსილია წუხილითა და მღელვარებით.

მას აწუხებს შიში, მოუსვენრობა, შფოთი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ახასიათებს გაღიზიანება, შინაგანი დაძაბულობა, შეზღუდვა, კონტროლი და ეჭვიანობა „სიყვარულის“ ობიექტის მიმართ.

ადიქტები თვლიან, რომ „სიყვარული არის ტანჯვა და ტკივილი“. ისინი ვერ აფასებენ დაბალანსებულ გრძნობებს და მშვიდ ფონზე მოუსვენრად გრძნობენ თავს.

მათ სტაბილური მდგომარეობა სიყვარულად არ მიიჩნიათ და უძრაობად, რუტინად აღიქვამენ.

იმყოფებიან რა მძიმე ფსიქო-ემოციონალურ დამოკიდებულებაში ადიქციის ობიექტის მიმართ, ადიქტები თავს კარგად (სტაბილურად) გრძნობენ მხოლოდ მაშინ, როცა ცუდად გრძნობენ თავს.

− ნამდვილი სიყვარულის დროს, ურთიერთობებში ორივე პარტნიორი მონაწილეობს ერთნაირი ხარისხით, ხოლო ადიქციის დროს ურთიერთობები ხასიათდება დომინირებით და დამორჩილების სურვილით.

− სიყვარული კონსტრუქციულია და ძირითადად წარმატებები მოსდევს, ხოლო ადიქცია დესტრუქციულია და მის დროს აღინიშნება ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ხარისხის გაუარესება.

− შეყვარებული ადამიანი მოწოდებულია რათა შექმნას, ადიქციის დროს კი ხდება პიროვნების რღვევა და ადამიანი აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს.

– მოყვარული ადამიანები თავს კარგად გრძნობენ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე (თუ დროებით მოუწიათ საჭიროების გამო ხანმოკლე განშორება).

ადიქციის დროს კი ურთიერთობები კარგად იწყება, მაგრამ ხანმოკლე განშორებებიც კი იწვევს მწვავე დისკომფორტის შეგრძნებას. უფრო მოგვიანებით ადიქტებისთვის ერთად ყოფნა ხდება სრულიად აუტანელი.

− სიყვარული ეტაპობრივად ვითარდება, ადიქცია კი უცებ აღმოცენდება სრულიად არაფრისგან, ყოველგვარი ლოგიკური მიზეზებისა და ჯანსაღი გარემოებების გარეშე.

− სიყვარული არ განიცდის შინაგანი თავისუფლების დეფიციტს და ადამიანი მუდმივად ინარჩუნებს თავისუფლებას, ადიქციის დროს კი პიროვნების თავისუფლება და განწყობა პირდაპირ დამოკიდებულია - ობიექტის შეხედულებებზე, მოსაზრებებზე, ქცევებზე, შექებაზე ან კრიტიკაზე და ა.შ.

− სიყვარული ანიჭებს პრაქტიკულად უშფოთველ ბედნიერებას, სასიყვარულო ადიქციურ დამოკიდებულებას კი თან ახლავს ფსევდო-რომანტიკული წარმოდგენები, ოცნებები ადიქციის ობიექტის მიმართ და გამოგონილი აბსტრაქციებით ცხოვრება.

− სიყვარული ამდიდრებს და აცისკროვნებს ადამიანს, სასიყვარულო ადიქციური დამოკიდებულება კი წააგავს ძირგახვრეტილ კასრს, რომლეშიც რამდენი სიკეთე და სიყვარულიც არ უნდა „ჩაასხა“, მისთვის ყოველთვის ცოტაა.

− სიყვარულის დროს ადამიანის მთავარი სურვილია მისი სიყვარულის ობიექტი ბედნიერად გრძნობდეს თავს, დამოკიდებულების დროს კი უმთავრესია დამოკიდებულების ობიექტი ეკუთვნოდეს მას.

− სიყვარულის დროს ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში, ადიქციის დროს კი პიროვნების მდგომარეობა დაფუძნებულია ადიქციის ობიექტის განწყობაზე მის მიმართ. სწორედ ამიტომ ადიქტი განუხრელად აკონტროლებს თუ როგორ იქცევა, რას ფიქრობს, რას აკეთებს და ამბობს ადიქციის ობიექტი მასთან მიმართებაში.

− სიყვარულისთვის დამახასიათებელია ნდობა, ადიქციისთვის კი ეჭვიანობა, კონტროლი, უნდობლობა და „განძის“ დაკარგვის შიში.

− ნამდვილი სიყვარული ჩვეულებრივ ორმხრივია ხოლმე, პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთს აჩუქონ სიმშვიდე, გაუკეთონ მხოლოდ სიკეთე, გაუნაწილონ საკუთარი ენერგია, ერთმანეთის წინაშე გახსნან მომავლის საუკეთესო პერსპექტივები.

ადიქცია კი ძირითადად ცალმხრივია, უმეტეს შემთხვევაში ყალბი და ეგოისტური.

ადიქციური სიყვარული შეიძლება შევადაროთ ზედმეტად მარილიან კერძს, რომელიც უბრალოდ გაფუჭებულია და საკვებად სრულიად გამოუსადეგარია.

ზოგიერთი ადიქტისთვის ამ „კერძს“ აქვს თავისი ხიბლი, რომლისკენაც ისინი მიისწრაფვიან, თუმცა ვერ აცნობიერებენ რა ფასის გადახდა შეიძლებ მოუწიოთ ამგვარ „სიყვარულში.“

სიყვარულის დროს პარტნიორებს შორის ურთიერთობა აგებულია თანასწორობის პრინციპზე: მე შენ გჩუქნი სიყვარულს, შენ მე მჩუქნი სიყვარულს. შენ დღეს მანებივრებ მეტი სიყვარულით, ხვალ მე განებივრებ მეტი სიყვარულით. ჩვენ თანასწორები ვართ სიყვარულში.

სასიყვარულო ადიქციის დროს კი ადიქტი არის მორჩილი და აბსოლიტურად დაქვემდებარებული. იგი ინიციატორია ერთობლივი ღონისძიებებისა, თავად გეგმავს ურთიერთობებს, მოქმედებებს, პატიობს ყველა წყენებს. ამასთან მხოლოდ გასცემს და არაფერს იღებს სანაცვლოდ.

სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ადიქციურ-ემოციური "შეყვარებულობა" ადიქტების მხრიდან აღიქმება როგორც ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული და როცა ადიქტი საპასუხოდ ვერ იღებს ისეთივე ავადმყოფურად ემოციურ გრძნობებს, იგი განიცდის იმედგაცრუებას საერთოდ სიყვარულის მიმართ და მომავალში აღარც კი ცდილობს შეიგრძნოს და გაერკვეს ნამდვილი გრძნობების ხიბლსა და უპირატესობაში.

დღესდღეობით ფსიქოლოგების მიერ ზუსტად არის დადგენილი და პრაქტიკულად დადასტურებული, რომ ის რასაც ადიქტი მიიჩნევს სიყვარულად, სინამდვილეში წარმოადგენს უძრავ, არაჯანსაღ, გაყინულ, უნაყოფო და დესტრუქციულ ურთიერთობებს, რომელსაც არავითარი მომავალი არ გააჩნია.

 

ადიქციის ნიშნები

 

სასიყვარულო ადიქციას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:


ზეღირებული ურთიერთობა ადიქციის ობიექტის მიმართ, რაც გამოიხატება მის მიმართ ისეთი სახის ფიქსაციაში, რომელიც შეიცავს გადაულახავი ძალადობის ნიშნებს;

ადიქციის ობიექტის მიმართ დადებითი ურთიერთობების არარეალური, არაკრიტიკული მოლოდინი, რომელსაც თან ახლავს საკუთარი თავისა და პიროვნული მეს უარყოფა;

მიტოვებულობის გაცნობიერებული შიში, რომელიც ასუსტებს ნეგატიურ გრძნობებს ადიქციის ობიექტის მიმართ და ამძაფრებს ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლის სურვილს ურთიერთობის შენარჩუნებისთვის;

ინტიმურობის (სიახლოვის) გაუცნობიერებელი შიში, რომელიც ამუხრუჭებს ადიქციის ობიექტის მიმართ სექსუალურ ლტოლვას ფიზიკური სიახლოვის დროს;

ისეთი ადიქციური დამოკიდებულების ობიექტის არჩევა, რომელიც არ შეიძლება იყოს ინტიმური (ახლობელი) ჯანსაღი გზით (ამ დროს, პიროვნება პერიოდულად თავად ხდება ხოლმე განრიდების ადიქტი).

ადიქციის ობიექტის ცხოვრებისა და ინტერესების სფეროს ისეთი ნიუანსებით დაინტერესება, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს  რაიმე სახის ღირებულებას ან საჭიროებას.

გადაჭარბებული თვითკრიტიკულობა. საკუთარი ღირსებების შეფასების შეუძლებლობა. 

საკუთარი თავის წარმოდგენა ადიქციის ობიექტის მეურვის როლში. მისი „აღზრდისა“ და მასზე ზრუნვის სურვილი (უმეტეს შემთხვევაში ადიქციის ობიექტის სურვილის საწინააღმდეგოდ).

დაუძლურებული მდგომარეობა (სრული დაღლილობისა და უღონობის შეგრძნება).

თუ ადამიანი აცნობიერებებს, რომ ურთულდება ურთიერთობებში ყოფნა, კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას, განიცდის მუდმივ მტანჯველ შეგრძნებებს და ნევროზულობას - ეს ნათლად გამოხატული ადიქციაა.

ადიქციური დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ავადმყოფური მისწრაფება, ტკივილისა და ტანჯვის მუდმივი შეგრძნება მაშინაც კი, როცა დამოკიდებულების ობიექტი გვერდით იმყოფება.

განშორების პერიოდებში კი ადიქტი განუწყვეტლივ იხსენებს მისწრაფების ობიექტს. ამ მოგონებებს აქვს აკვიატებული ხასიათი და ბუნება, რაც უკონტროლოდ ჯდება ტვინში და იგი იწყებს პარტნიორის იდეალიზირებას. უჩნდება მის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი,

ყოველთვის ამართლებს, ხოლო თავად განიცდის დანაშაულის განცდას და სრულიად უუნაროა საღად შეაფასოს მასთან კრიტიკული კავშირი.

ადიქტს უფრო მეტად აწუხებს არა საკუთარი, არამედ დამოკიდებულების ობიექტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. უკიდურესად დაბალი თვითშეფასების გამო ის შიშობს და მუდმივად აწუხებს აზრი, რომ არ არის პარტნიორის ღირსი.

ინდივიდებს, რომლებიც მიდრეკილი არიან სასიყვარულო ადიქციის მიმართ, არ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი ცხოვრება, ამიტომ იწყებენ მისწრაფების ობიექტის ცხოვრების მართვას და ამას აკეთებენ თავსმოხვეულად, მშფოთვარედ და გაუბედავად.

მათი შფოთი და გაუბედავობა გამოიხატება იმაში, რომ ცდილობენ არ მოიქცნენ ბუნებრივად, რათა არ მოისმინონ პარტნიორის გადაწყვეტილება განშორების შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ ობიექტი მაშინვე მიატოვებს მათ.

სასიყვარულო ადიქციის დროს ადიქტი განიცდის უაზრო ეჭვიანობას, ნერვიულობას, ტკივილსა და ტანჯვას „საყვარელი არსების“ გამო, ეშინია მისი დაკარგვის, რის გამოც მისი ე. წ. „სიყვარული“ იქცევა შხამად, რომელიც წამლავს სულსა და სხეულს.

მას აღარ სურს კვება, ძილი, და აღარაფერი ახარებს ცხოვრებაში, რადგან ყოველგვარი სიხარული და კმაყოფილების განცდა დამოკიდებულია ადიქციის ობიექტის მის მიმართ დამოკიდებულებაზე.

ამ ყველაფერს ძირითადად დროებითი ხასიათი აქვს ხოლმე, მაგრამ სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა ადამიანის ინსტიქტები გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი გონება.

ადიქციის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს ადიქციის ისეთი ობიექტის არჩევანი, რომელთან კონტაქტიც ჯანსაღ სიტუაციაში არის აბსურდული და შეუძლებელი, რასაც ხელს უწყობს ადიქტის განადგურებული თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის არ არსებობა.

როცა ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, იგი სხვა ადამიანებისთვისაც ნაკლებად ფასეული ხდება. ამიტომ მას ცოტა თუ აფასებს და ცოტა თუ ინტერესდება მასთან ურთიერთობით.

საერთო ჯამში გამოდის ჩაკეტილი წრე - ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, ამიტომ იგი არ უყვარს არავის და ადამიანი არ უყვარს არავის, რადგან თავად არ უყვარს საკუთარი თავი.

სამწუხარო სურათია, მაგრამ რა უნდა უყოს პიროვნებამ საკუთარ სიყვარულს, თუ არ არსებობს არაფერი, რის გამოც მას უნდა უყვარდეს საკუთარი თავი? ამ შემთხვევაში იგი სიყვარულს მისცემს იმას, ვინც სხვებზე მეტად გამოხატავს მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას. ანუ შეიყვარებს მას, ვინც მისცემს შეყვარების უფლებას.

უნდა ითქვას, რომ ძალიან მარტივია თავი შეაყვარო ადამიანს, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი და მისი თვითშეფასება იმყოფება „ზღურბლზე დაბლა“. ამისთვის საკმარისია მას აჩვენო მხოლოდ მცირეოდენი დაინტერესება, გამოიჩინო გარკვეული ზრუნვა და მისცე ცოტაოდენი სითბო, რომელსაც საჭიროებს როგორც ჰაერს.

შედეგად, ადამიანი ექცევა სასიყვარულო ადიქციის ბადეში, რომელიც აბრმავებს, თავბრუს ახვევს, ატყუებს და  ეიფორიაში აგდებს მას.

ადიქციის კიდევ ერთი ნიშანია პარტნიორის ინდივიდუალურობის, მისი პირადი საზღვრების და ფსიქოლოგიური ტერიტორიის მიტაცების სურვილი (ამასთან საკუთარი ინდივიდუალურობის, პირადი საზღვრებისა და ფსიქოლოგიური ტერიტორიის დაკარგვის/შერწყმის ხარჯზე).

ამ დროს ადიქტი მოქმედებს მშობლის პოზიციიდან, რაც გამოიხატება მისი მხრიდან ადიქციის ობიექტის ზეკონტროლში. იგი ცდილობს ობიექტთან კავშირი და მიჯაჭვულობა შეინარჩუნოს "იდეალურად ზრუნვის" მოტივით და გახდეს მისთვის შეუცვლელი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად ცდილობს ჰყავდეს „ადიქციის ობიექტი“ დაქვემდებარებული, ხდება პირიქით და ობიექტი დომინირებს მისით, რასაც ადიქტი ვერ ხვდება და მთელი ძალებით ცდილობს დაიმსახუროს სიყვარული, ასიამოვნოს რითაც შეიძლება, მოიგოს მისი გული და ამისთვის არ ერიდება საკუთარი თავის უკიდურეს დამცირებასაც კი.

კიდევ ერთი ნიშანი: ძლიერი ადიქციური დამოკიდებულების დროს ადამიანს ეჩვენება რომ ის გარშემორტყმულია მტრებით (სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით).

იგი მტრად აღიქვამს ყველას ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელს უშლის ან უნებლიედ ეღობება ადიქციის ობიექტთან ურთიერთობის გზაზე.

ერთი სიტყვით, თუ ამ დროს ადიქტი ამჩნევს საკუთარ თავს მტრულ დამოკიდებულებას თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, უნდა იცოდეს, რომ იგი არის ადიქციური პათოლოგიის ტყვეობაში და პრობლემა (ამ შემთხვევაში დაავადება) საკუთარ თავშია არა სხვაში, ვინც არ უნდა იყოს იგი.

 

როგორ მიმდინარობს სასიყვარულო ადიქცია

 

სასიყვარულო ადიქცია ადამიანში ვითარდება შემდეგი ფაქტორების თანხვედრით:


− დამოკიდებულების ობიექტი ძალიან ახლოსაა ბავშვობისდროინდელ იდეალთან;

ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ჭარბი რაოდენობა;

ინდივიდი გათვითცნობიერებულად ცდილობს უყვარდეს და თავადაც იყოს სიყვარულის ობიექტი;


თავსმოხვეულ, აკვიატებულ ადიქციურ ურთიერთობებს მოსდევს შემდეგი ეტაპები:


− ადიქტს დამოკიდებულების ობიექტი ეჩვენება მონათესავე სულად და მიაჩნია რომ სწორედ ის არის მისი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული;

ურთიერთობის დასაწყისი არის ძალიან მძაფრი;

ადიქტს აქვს სურვილი, ყოველი წამი გაატაროს დამოკიდებულების ობიექტთან ერთად;

დაუსრულებელი ფანტაზიები დამოკიდებულების ობიექტის მიმართ;

სიყვარულის ახსნა და ერთგულების დაპირება;

ოჯახისა და მეგობრების ინტერესების უგულვებელყოფა დამოკიდებულების ობიექტთან განმარტოვების ან თუნდაც რაიმე სახის კონტაქტის გამო.

კამათი და იმგვარი უთანხმოება, რომლის შემდეგაც ნათელი ხდება, რომ დამოკიდებულების ობიექტი არ ყოფილა ის, ვინც ადიქტს სურდა და როგორადაც თავს ასაღებდა;

დამოკიდებულების ობიექტის უარი ერთად დროის გატარებაზე;

დამოკიდებულების მსხვერპლი ადიქტი ვარდება პანიკაში მარტოობის შეგრძნებისა და ობიექტის მხრიდან გულგრილობის გამო და იქცევა საცოდავ, დამცირებულ ადამიანად სასოწარკვეთილი მცდელობებით - როგორმე დაუახლოვდეს და რაღაც ფორმით შეუერთდეს დამოკიდებულების ობიექტს.

დამოკიდებულების ობიექტი ხდება გულგრილი და აკრიტიკებს მასზე დამოკიდებულ ადიქტს. შემდგომში კი ან წყვეტს ურთიერთობას, ან ბრუნდება, მაგრამ საკუთარი პირობებით, რომ ურთიერთობებს გააგრძელებს თუ ადიქტი შეძლებს საკუთარი თავის ფორმაში მოყვანას და ხელში აყვანას.

შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის შემდეგ კვლავ ხდება კამათისა და კონფლიქტების განახლება;

დამოკიდებულების ობიექტის დისტანცირების შემთხვევაში, იწყება მსხვერპლად ქცეული ადიქტის მხრიდან მისი სასოწარკვეთილი დევნა;

აკვიატებული ადიქციური დამოკიდებულება წარმოადგენს არაჯანსაღი რეაქციების ჩაკეტილ ციკლს: ფიცი, მიჯაჭვულობა, დაპირება, პანიკა, განშორება, შეერთება და ისევ განშორება....

ხშირად დამოკიდებულების ობიექტი ხელს უწყობს ადიქტის განადგურებას იმით, რომ დროგამოშვებით ტოვებს მსხვერპლს, რითაც იგი იწყებს შფოთვასა და ეჭვიანობას.

ტანჯვა, შფოთი და მოუსვენრობა კი ნოყიერ ნიადაგს უქმნის ადიქტის თვითშეფასების განადგურებას, პანიკურ შეტევებს, იზოლირებულობის, სიცარიელის შეგრძნებას და დეპრესიას.

დამოკიდებული ადიქტი ღიად ან ფარულად იწყებს ყოფილი პარტნიორის დევნას და მის მიმართ არაპროპორციულად გადაჭარბებული ყურადღების გამოჩენას, რაც უმეტეს შემთხვევებში მომაბეზრებელ, საკუთარი თავის დამამცირებელ და ძალიან ხშირად აბსურდულ ქმედებებში გამოიხატება.

სამწუხაროდ, ამ მოვლენებს ახასიათებს ციკლური გაგრძელებები მანამდე, სანამ დამოკიდებულების მსხვერპლი ადიქტი არ გააცნობიერებს საკუთარ არაბუნებრივ მდგომარეობას, არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს და არ შეეცდება მოძებნოს ავადმყოფური ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის გზები.

ჩვეულებრივ, ორ სასიყვარულო ადიქტს შორის ურთიერთობა წარიმართება შემდეგი დინამიკით:

თავდაპირველად შეინიშნება გადაჭარბებულად ურთიერთდაკავშირებული ურთიერთობა (რომელიც ხშირად წააგავს ნარკოდამოკიდებულებას).

ამ ურთიერთობიდან პრაქტიკულად ირიცხება ნებისმიერი სხვა ადამიანი, ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და საკუთარი შვილებიც კი (თუ ადიქტი დაქორწინებულია).

ადიქტის მიერ ხდება ხდება საკუთარ ფანტაზიებზე ფრთების შესხმა. მყარდება კავშირი ადრე არსებულ ფანტაზიებსა და რეალურ ობიექტს შორის, რასაც მოაქვს ყალბი ბედნიერების, აგრეთვე არასასიამოვნო შეგრძნებებისა და უინტერესო, ნაცრისფერი ცხოვრებისგან განთავისუფლების განცდა.

საკუთარი ფანტაზიების პიკზე, ადიქტი სულ უფრო მომთხოვნი ხდება ადიქციის ობიექტის მიმართ, რაც პარტნიორს განრიდების ადიქტად აქცევს და იძულებულს ხდის განერიდოს ამგვარ ურთიერთობებს.

როგორც წესი, ორი ადიქტიდან ერთ-ერთი უფრო აჟიტირებული, ენერგიული და აქტიურია, ამიტომ მეორე პარტნიორს უჩნდება შიში იყოს შთანთქმული და ცდილობს დისტანცირდეს, რითაც იქცევა განრიდების ადიქტად.

დამოკიდებულება სასიყვარულო ადიქტსა და განრიდების ადიქტს შორის თავს იჩენს მათი ურთიერთობის საწყისი მომენტიდანვე.

ხდება მანკიერი წრის ფორმირება - რაც უფრო მეტა აქტიურობას ავლენს სასიყვარულო ადიქტი, მით უფრო ცდილობს მისგან დისტანცირებას განრიდების ადიქტი, რითაც აძლიერებს პარტნიორში მიტოვებულობისა და გაუცხოვების შიშს.

ადიქციური დამოკიდებულების თავისებურებას წარმოადგენს სიყვარულის გაუმაძღარი მოთხოვნილება და პათოლოგიური ეჭვიანობა (არა მხოლოდ სხვა ფიზიკური პირის, არამედ ნებისმიერი მცირე მოვლენის მიმართ).

საქმე იმაშია, რომ გრძნობების ინტენსივობა გამომდინარეობს სასოწარკვეთილებიდან და არა მოთხოვნილებიდან, რათა პარტნიორებმა უკეთ გაიცნონ და შეიცნონ ერთმანეთი.

ადიქციის დროს, ადიქტს ძალიან უჭირს ურთიერთობებში მონიშნოს პიროვნული საზღვრები და გამოყოს საკუთარი ჩარჩოები.

მარტო დარჩენის შემთხვევაში, ინდივიდი (ადიქტი) იტანჯება და საკუთარ თავს ვერ აღიქვამს როგორც მთლიან, ერთიან პიროვნებას. მისი ემოციონალური კომფორტი (რომელიც მთლიანად აწყობილია პარტნიორის გარშემო), არის ადიქციური დამოკიდებულების ტყვეობაში და ფიქრი მოკლევადიან განშორებაზეც კი მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს მას.

ადიქტს უჩნდება მტანჯველი დეზორიენტაციის შეგრძნება, რადგან სასიყვარულო ურთიერთობა ობიექტის მიმართ მისთვის სიცოცხლისა და არსებობის ერთადერთ მიზანია.

იგი ეპოტინება საკუთარ მტანჯველ გრძნობებს ისე, როგორც ნარკომანი ეპოტინება - ნარკოტიკს და ალკოჰოლზე დამოკიდებული - ალკოჰოლს, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკის დონეზე აცნობიერებენ ამ გრძნობების ალოგიკურობას (ისე, როგორც ნარკომანები და ალკოჰოლზე დამოკიდებულები აცნობიერებენ საკუთარი დამოკიდებულების დამღუპველობას).

ადიქტი ხვდება, რომ ურთიერთობებს მისთვის უბედურების მეტი არაფერი მოაქვს და ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ემოციების დონეზე მაინც ვერ ახერხებს ამ ურთიერთობების დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს არც ადიქციის ობიექტის მხრიდან აქვს ადგილი.

ამგვარად ხდება პიროვნების გაორება - "გონებით ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს"... და რატომ ვერ უხერხებს? - იმიტომ, რომ არ შეუძლია გრძნობების კონტროლი და საკუთარი თავის ხელში აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ წინათ ამას ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა.

რა ხდება?

მოდით ყურადღებით განვიხილოთ, თუ როგორ გამოიყურება ადიქტის ენერგეტიკული ველი.

ენერგეტიკული ველის მიხედვით განასხვავებენ „ადიქტ პლუსს“ და „ადიქტ მინუსს“

საქმე იმაშია, რომ სიყვარულის ადიქტის ტვინი გამოიყურება ისე, როგორც ნარკომანის ტვინი. სხვაობა თითქმის არ არსებობს.

ნარკომანის ტვინი გადაწყობილია ისე, რომ ნარკოტიკი ჩაშენებულია მეტაბოლიზმში.

ხოლო ადიქტის ტვინს, მეტაბოლიზმში (ანუ საკუთარი ენერგეტიკული ცვლის პროცესში) ჩაშენებული აქვს სიყვარული.

მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს არც თუ ისე მცირე ადგილი უჭირავს ენერგეტიკული ცვლის პროცესში, არსებობს ტვინის კვების სხვა წყაროებიც და თუ „სიყვარულის ობიექტი“ მიაყენებს ადიქტს წყენას, იგი არ მოითმენს და მიუხედავად ადიქციური დამოკიდებულებისა მკვეთრად და უხეშად გაუსწორდება „რჩეულს“. შესაძლოა საბოლოოდ მიატოვოს კიდეც იგი - მიუხედავად იმისა, რომ ეს მოუტანს ტანჯვას და ტკივილს.

შეურაცხყოფით და იგნორით გამოწვეული სტრესის მიმართ შეგუება მისთვის უფრო აუტანელია, ხოლო დანაკარგით გამოწვეული სტრესი უფრო ნაკლებია, ვიდრე საკუთარი ღირსების შელახვით, შეურაცხყოფით, ან იგნორით გამოწვეული სტრესი.

ამ დროს ადიქტი არის „მინუსი“, ხოლო ადიქციის ობიექტი „პლუსი“. 

მართალია მას ამის გამო ეშინია და სტკივა, მაგრამ გაცილებით საშიში და მტკივნეული მისთვის დამოკიდებულების ობიექტის მხრიდან არასათანადო, შეურაცმყოფელი მოპყრობაა, რასაც იგი ვერ შეეგუება და შეუძლია სამუდამოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ადიქციას საერთო არაფერი აქვს სიყვარულთან.

ადიქცია არ არის სიყვარული, იგი ნახევრად შეშლილი მდგომარეობაა.

ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის შემთხვევაში, ადიქტებს ხშირად ეუფლებათ ზიზღის გრძნობა საკუთარი თავის, ხოლო უკიდურესი გულგრილობა და სიძულვილი დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

ეს უარყოფითი გრძნობა იმდენად მძლავრია, რომ ზოგჯერ გადადის  უკვე ყოფილი აღფრთოვანების ობიექტის მიმართ სიძულვილში და პიროვნულ აუტანლობაში (ხშირად ზედმეტშიც კი).

განშორების შემთხვევაში, ადიქტის ყოველგვარი მცდელობა - დააბრუნოს პარტნიორი, გაამართლოს მისი ქმედებები და გააუმჯობესოს მასთან ურთიერთობის ხარისხი, ნეგატივის გარდა არაფრის მომტანია.

მაგრამ, საკმარისია ადიქტმა ადიქციის ობიექტთან ერთად გაატაროს ცხოვრების უმოკლესი პერიოდი, რომ მისი აღტაცება და ეიფორია მომენტალურად გადაიზარდოს უფერულ ყოველდღიურობაში და მომაბეზრებელ საყოფაცხოვრებო წვრილმანებში.

ეს წვრილმანები იმდენად დიდი ტკივილის და იმედგაცრუების მიმტანია, რამდენადაც დიდი იყო ადქიციური მიზიდულობა.

ასეთ შემთხვევებში, ეიფორია ისე სწრაფად ქრება, როგორც დაორთქლილ მინაზე თითით მიწერილი სტროფები...

 

ადიქციის შესაძლო მიზეზები

 

თუ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი, იგი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს ადიქციის მსხვერპლი. 

საკმარისია გამოჩნდეს ნებისმიერი პირი (არა აქვს მნიშვნელობა მის ასაკს, სულიერ და ფიზიოლოგიურ მონაცემებს), რომელიც თითქოსდა მზადაა დაეხმაროს და მხარი შეაშველოს, რომ იგი ხდება მასზე ემოციურად დამოკიდებული.

სინამდვილეში, არავითარ მხარის შეშველებას და დახმარების სურვილს ადგილი არ აქვს, მაგრამ რახან ადქიტი თავად სთავაზობს ამ როლის შესრულებას, ადიქციის ობიექტიც უარს არ ამბობს და შედეგად წარმოიქმნება მხარდაჭერისა და ყურადღების ილუზია, რომლის დაკარგვაც ადიქტს არ სურს არაფრის ფასად.

ადიქციის ობიექტი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ არა მხოლოდ ურთიერთობებში არსებული კონკრეტული ადამიანი, არამედ გამოგონილი, ფანტაზიებით შექმნილი პირიც, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადიქტთან.

თუ ადიქტი არის პიროვნება, რომელსაც აქვს მოუქნელი ფსიქიკა, გამოირჩევა პირდაპირი, სწორხაზოვანი ხასიათით და საერთოდ არ გააჩნია კომპრომისზე წასვლის უნარი (რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად შესწევს სიყვარულის უნარი), იგი მარტივად შეიძლება მოექცეს ადიქციური დამოკიდებულების კლანჭებში.

ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელთაც არაფერი სმენიათ სასიყვარულო ადიქციის შესახებ, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით ჯანმრთელი იერ-სახის ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გონიერ და საკუთარი თავის პატივისმცემელ პიროვნებად მიიჩნეოდა, ჰქონდეს ამგვარად დამახინჯებული აღქმის სისტემა.

მათ ვერ გაუგიათ, თუ რატომ იტანენ ამაყი და ძლიერი მამაკაცები თვითგვემას და საკუთარი თავის შეურაცხყოფას, ხოლო ამაყი და ძლიერი ქალები დამცირებასა და ღირსების დაკარგვას.

შეიძლება ადამიანი გონიერი, ჯანმრთელი, მხიარული და წარმატებულია, დამოუკიდებელად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ უეცრად რაღაც... ემართება.

რატომ?

− საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგიურად ყველა ადამიანი შედგება ბირთვისა და ფასადისგან.

ხდება ხოლმე, რომ პიროვნების ფასადი - პასუხისმგებლობით აღსავსე, თვითკმარი და ყველასთვის მაგალითის მიმცემია, ხოლო ბირთვი - უმწიფარი.

შეიძლება ასეთი ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოექცეს ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ, რადგან მთელი ძალები გადასროლილი აქვს ლამაზი ფასადის შენარჩუნებაზე.

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ბირთვი უმწიფარი რჩება...

მაგრამ, როცა პირი კარგავს საღად აზროვნების უნარს და ექცევა ადიქციის ქვეშ, ეს მდგომარეობა მის სულში ქირურგიული ჩარევის ტოლფასია და ტკივილის გადალახვის შემდეგ მისი ბირთვი მწიფდება (ამ შემთხვევაში მწარე გამოცდილება და თვალსაჩინო კატასტროფული შედეგი.)

შესაბამისად, თუ პიროვნება მორალურად სწორად აღზრდილი და გონიერია, სწორი დასკვნების გამოტანის შემთხვევაში, მისგან მომავალში ასეთი ქმედებები პრაქტიკულად გამორიცხულია.


სასიყვარულო ადიქციის მიზეზები შეიძლება იყოს:


საკუთარი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა - თავისი არსით, ნებისმიერი სახის ადიქცია არის რეალობიდან გაქცევა.

ადიქტს საკუთარი მდგომარეობა იმდენად დისკომფორტულად, მოსაწყენად და დეპრესიულად ეჩვენება, რომ ადიქციის ობიექტის გამოჩენისთანავე თავს უფლებას უფლებას აძლევს როგორღაც გააფერადოს საკუთარი ცხოველმოქმედების საერთო ნაცრისფერი სურათი.

მას იმდენად ცარიელად და უაზროდ მიაჩნია საკუთარი ცხოვრება, რომ მისი შევსება წარმოუდგენია მხოლოდ დამოკიდებულების ობიექტთან თუნდაც რაიმე სახის ურთიერთობით ან ურთიერთქმედებით.


პერფექციონიზმი - სიტყვა პერფექციონიზმი გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან - perfectio , რაც ნიშნავს სრულყოფილს, უნაკლოს.

ფსიქოლოგიაში პერფექციონიზმი განიხილება პიროვნულ მახასიათებლად. ამ თვისების მატარებელი პიროვნება შეუპოვრად იბრძვის მიუღწევადი, არარეალური ან ძნელად მიღწევადი მიზნების შესრულებისათვის. 

პერფექციონისტი უმაღლეს სტანდარტებთან მიმართებაში ზომავს თავის პროდუქტიულობასა და თვითშეფასებას, რის გამოც გამოირჩევა თვითკრიტიკულობითა და დაბალი თვითღირებულების განცდით.

სხვანაირად რომ ვთქვათ, პერფექციონისტი საკუთარ ცხოვრებაში იმ იდეალების მუდმივი მდევარია, რომლებიც რეალურად მიუღწეველია.

ადამიანში პერფექციონიზმს წარმოშობს ავტორიტარული აღზრდის სტილი, რომლის დროსაც ინდივიდი საკუთარ თავს უსახავს გადაჭარბებულ, მიუღწევად მიზნებს და როდესაც ვერ აღწევს ამ მიზნებს, ვარდება დეპრესიაში ისე, რომ არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმას, რასაც უკვე მიაღწია.

პერფექციონისტი იგნორს უკეთებს შედეგს, თუ იგი არასრულყოფილია და არ აკმაყოფილებს მის მიერვე ჩამოყალიბებულ სტანდარტებს, რაც ურთულებს მიღწეულით  დაკმაყოფილებით სიხარულის შესაძლებლობას.

პერფექციონიზმმა ადამიანზე შეიძლება იმოქმედოს იმგვარად, რომ დაკარგოს სამყაროს რეალური, ობიექტური ხედვის უნარი, რასაც მოსდევს თვითშეფასების შემცირება და დეპრესია.

პერფექციონიზმი ხშირად გადაიზრდება ხოლმე ადამიანის ისეთ მიდრეკილებაში, როგორიცაა - პროკრასტინაცია (ადმიანის ქცევის ტიპი, რომლის დროსაც პიროვნებას შეუძლია შემდგომისთვის გადადოს  მნიშვნელოვანი საქმეები იმ მიზეზით, რომ არ ძალუძს ამ საქმეების სრულყოფილად განხორციელება).

პერფექციონიზმი ერთ-ერთი ხერხია სიყვარულის დამსახურებისა. პერფექციონისტის შინაგანი ბავშვი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და იმსახურებს სიყვარულსა და ყურადღებას.

არასრულყოფილი შედეგი კი მისთვის ნიშნავს, რომ ვერ დაიმსახურა გარშემომყოფთა სიყვარული.

პერფექციონისტი მაღალ მოთხოვნებს უყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც, რითაც აღრმავებს მათთან არასათანადო ურთიერთობებს.

იგი ვერ ხვდება, რომ სხვები სულაც არ არიან ვალდებულები შეესაბამებოდნენ მის პირად სტანდარტებს და იზიარებდნენ მის შეხედულებებს.

აქცევს რა საკუთარ ჩარჩოებში, პერფექციონისტი ემუქრება სხვა ადამიანების პიროვნულ თავისუფლებას, რის გამოც ისინი დროთა განმავლობაში პერფექციონისტებს ზურგს აქცევენ ხოლმე.


დაბალი ან მაღალი თვითშეფასება - ადამიანის გრძნობები და აზრები მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმოდგენაზე საკუთარი თავის მიმართ, რასაც თვითშეფასებას უწოდებენ.

თვითშეფასების ფორმირება ხდება ბავშვობაში, რის შემდგომაც დიდ გავლენას ახდენს მთელს დარჩენილ ცხოვრებაზე.

თვითშეფასების განვითარება ძირითადად დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ხდებოდა ბავშვის აღზრდა.

თვითშეფასება ზემოქმედებას ახდენს ადამიანის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე, მისი დამოუკიდებლობის დონეზე და პირად აქტიურობაზე. ამიტომ, იქნება თუ არა პირი წარმატებული, შეიძლება განსაზღვრო იმით, თუ როგორი თვითშეფასება გააჩნია მას.

თვითშეფასება არის სამი სახის: დაბალი, ადეკვატური და მაღალი. 

საინტერესოა, რომ ერთი და იგივე ადამიანი სამივე შემთხვევაში სხვადასხვაგვარად აღიქვამს როგორც სამყაროს, ასევე საკუთარ თავს.

დაბალი თვითშეფასება იწვევს საკუთარი მიღწევებით, ხასიათის თვისებებით, გარეგნული იერსახით, შესაძლებლობებით და ა.შ დაუკმაყოფილებლობას.

დაბალი თვითშეფასების ადამიანები შებოჭილები არიან ურთიერთობებში, ისინი მუდმივად ეძებენ მაღალ შეფასებას გარშემომყოფებში, სურთ იყვნენ მოწონებულები ყველას მიერ, ეშინიათ კრიტიკის, მათი ცხოვრება ვითარდება გაუბედავად და არააქტიურად.

დაბალი თვითშეფასება ადამიანებს ბავშვობიდან აქვთ ხოლმე, თუმცა არის შემთხვევები, როცა მისი ტრანსფორმირება ხდება ადეკვატური თვითშეფასებიდან - პირადი იმედგაცრუების, სხვებთან საკუთარი თავის შედარების ან წარსულში გადატანილი დეპრესიის გამო.

დაბალ და მაღალ თვითშეფასებას შორის ძალიან მცირე საზღვარია. მაღალი თვითშეფასება მედლის მეორე მხარეა, რომელიც არანაკლებ პრობლემურია ადამიანისთვის. იგი პიროვნებას ემართება მაშინ, როდესაც არ არის დარწმუნებული პირად შესაძლებლობებში და ცდილობს თავდაცვას.

ამგვარად იგი ატყუებს საკუთარ თავს და სურს, რომ ეს ტყუილი მიიღონ გარშემომყოფებმაც.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი, რომელსაც აქვს მაღალი თვითშეფასება ვერ იღებს სასურველ პატივს, თავს მიიჩნევს დაუფასებლად და საპასუხოდ ავლენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა აგრესიულობა, დიდგულობა, ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა.

მაღალი თვითშეფასების დროს ადამიანები მიდრეკილები არიან სხვების დამცირებაზე და თითქმის არასოდეს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, რადგან მიიჩნევენ, რომ არასოდეს ცდებიან და ყველაფერს სწორად აკეთებენ.

ზემოთ აღნიშნული სამი სახის თვითშეფასებიდან სასურველია ადამიანს ჰქონდეს ზომიერი (ადეკვატური) თვითშეფასება, რომელიც საშულებას იძლევა ობიექტურად იქნას შეფასებული საკუთარი თავი და ძალები. 

ადეკვატური თვითშეფასება ინდივიდს აძლევს სხვა ადამიანებთან თანაბარ დონეზე ურთიერთობის საშუალებას (მიუხედავად მათი სტატუსისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა.)

ამიტომ, თუ ადიქტს აქვს დაბალი, ან მაღალი თვითშეფასება და უკმაყოფილოა არა მხოლოდ ცხოვრებით, არამედ საკუთარი პერსონით, იგი „თავით გადაეშვება“ ხოლმე ადიქციის ობიექტის მიმართ ემოციონალურ დამოკიდებულებაში, რითაც სურს გარკვეული სახით იპოვოს საკუთარი თავი და შეავსოს სულიერი სიცარიელე.

ხშირად ასეთი ადამიანი საუბრობს საკუთარი აღქმის საზღვრების დარღვევაზე და აბსოლიტურად უკონტროლოა დამოკიდებულების ობიექტთან ურთიერთობაში, რაც აღრმავებს სასიყვარულო ადიქციას და მისგან განთავისუფლება ძალიან მძიმედ ხდება ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალი თვითშეფასება სასიყვარულო ადიქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვინც აღმოჩნდა ადიქციის კლანჭებში - სულელი, უაზრო ან სულიერად ღარიბი ადამიანია.

უბრალოდ, სულის სიღრმეში იგი თავს არ მიიჩნევს არავის ღირსად, მათ შორის იმ ადამიანის ღირსადაც, ვის გვერდითაც იგი იმყოფება.


შინაგანი კონფლიქტი (პიროვნების გაორება) - ეს არის სიტუაცია, როცა პიროვნების ერთ ნაწილს სურს ადიქციის შედეგად მიიღოს „სასიამოვნო“ შეგრძნებები, ხოლო მეორე ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას.

ამიტომ, თუ არსებობს შინაგანი კონფლიქტი გონებასა და გრძნობებს შორის, დიდია ემოციონალური, ადიქციური დამოკიდებულების განვითარების შანსი.

ეს არის იგივე პიროვნების გაორება (იდენტურობის დისოციაციური აშლილობა), რომელიც გონებრივი გადახრის ფორმას წარმოადგენს და რომლის დროსაც ადამიანი დროგამოშვებით კარგავს ლოგიკური აზროვნების უნარს.

ამ დროს, პირი ხშირად კონტროლს ვერ უწევს სხეულში არსებული მეორე "მეს" გარკვეულ, ულოგიკო და აბსურდულ ქმედებებს, რითაც ფეხქვეშ თელავს საკუთარ ღირსებას და პიროვნულ მეს.

შინაგანი კონფლიქტი ძალიან ახლოს დგას ფსიქოლოგიური დისკომფორტის ისეთ მდგომარეობასთან, რასაც - კოგნიტური დისონანსი ეწოდება.

კოგნიტური დისონანსი არის დისკომფორტის მდგომარეობა, როცა ადამიანი ერთდროულად განიცდის ორ წინააღმდეგობრივ შეხედულებას (აზრი, წარმოდგენა, განზრახვა) ერთ ობიექტზე.


ბავშვობისდროინდელი კომპლექსები - შესაძლოა სასიყვარულო ადიქცია გამოწვეული იყოს პოზიტიური გრძნობების მიღების სურვილით, რომელიც დაკავშირებულია ფაქტთან, რომ პიროვნება ამგვარი გრძნობების დეფიციტს განიცდიდა ბავშვობაში.

ანუ, სასიყვარულო ადიქციის საფუძველში შესაძლოა დევს პიროვნების დაუკმაყოფილებელი სურვილი - დაუბრუნოს სიხარული საკუთარ არსებაში არსებულ შინაგან ბავშვს, რომელსაც ბავშვობაში არ ჰყოფნიდა სითბო, ზრუნვა, სიყვარული, სინაზე, შეგრძნება, რომ იყო ვინმესთვის საჭირო და ღირებული.

ეხლა კი ეს შინაგანი ბავშვი ცდილობს მიიღოს ყველა ეს მნიშვნელოვანი რესურსები სასიყვარულო ადიქციის გზით. 

არსებობს საწინააღმდეგო ვარიანტიც, როცა პიროვნება პირიქით, განებივრებული იყო ბავშვობაში ზედმეტი ყურადღებითა და სიყვარულით, ხოლო როცა მოწიფულ ცხოვრებაში იგი ვეღარ იღებს მსგავს ყურადღებასა და ჭარბ სიყვარულს, ქვეცნობიერად ეძებს დამოკიდებულების ობიექტს, რადგან მიაჩნია, რომ მისგან მიიღებს ამ დანაკლისს.


ტანჯული და ქაოსური მდგომარეობის მიმართ მისწრაფება - არსებობს კიდევ ერთი, იშვიათად განხილვადი, მაგრამ სერიოზული მიზეზი, რის გამოც ადამიანები არა მხოლოდ ხდებიან ადიქციის მსხვერპლნი, არამედ სურთ კიდეც დამოკიდებულნი იყვნენ გრძნობაზე, რომელიც სიყვარულად მიაჩნიათ.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ადიქციური დამოკიდებულება შესაძლოა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ დადებითი ემოციების შეგრძნების, არამედ ტანჯვის მიმართ მისწრაფების გამოც.

თუ ადიქტი დიდი ხნის განმავლობაში არ განიცდის წყენას, დამცირებას და მრისხანებას, მას ეწყება თავისებური „შიმშილი“ და იწყებს ახალი მიზეზის ძებნას, რათა კვლავ განიცადოს ეს უსიამოვნო, თუმცა მისთვის მძაფრი შეგრძნებები.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს მათი ცხოვრების მაღალინტენსიურობა ან პირიქით, შეგრძნება, რომ სიცოცხლე უინტერესო და ნაცრისფერია. რის გამოც სურთ განიცადონ ახალი, უჩვეულო, მგზნებარე შეგრძნებები.

ამ კუთხით, შესაძლებელია სასიყვარულო ადიქცია თავისებურად მიმზიდველიც კი იყოს ისევე, როგორც მიმზიდველია სხვა ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც იძლევა სიამოვნების მიღების შესაძლებლობას ჯანმრთელობისა და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე.

იგი საშუალებას აძლევს ადამიანს ჩეფლოს სხვა სამყაროში, სადაც არ არსებობს არავითარი პასუხისმგებლობა და საღი განსჯის სურვილი ან უნარი, რაც აუცილებელია გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად.

ადიქტს აღარ სურს ამ სამყაროში საკუთარი თავის მუდმივი შეზღუდვა. მისთვის საკმარისია მხოლოდ სურვილი, რომ სრულიად მიენდოს საკუთარ გრძნობებს, საკუთარ ვნებებს, საკუთარ სიგიჟეს, საკუთარ ფარულ სურვილებს და ამ ყველაფრის ტალღაზე იცუროს დინების მიმართულებით ისე, რომ უკუაგდოს ყოველგვარი პასუხისმგებლობა, არ დაფიქრდეს მოსალოდნელ შედგებზე, არაფერი აკონტროლოს და მიიღოს მხოლოდ სიამოვნება თუნდაც წამიერი "ბედნიერებისგან."

მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდი ამ ყველაფრის გამო განიცდის სულიერ ტკივილს და შესაძლოა სამუდამოდაც დაუმახინჯდეს ფსიქიკა, მას არ ძალუძს წინ აღუდგეს „სიყვარულით ტანჯვისგან“ გამოწვეულ საინტერესო, უჩვეულო, არაფრის მსგავს შეგრძნებებს და სურს სრულად და მთელი არსებით მიეცეს თავდავიწყებას.


სხვა მიზეზები:


»» მოუმზადებლობა ზრდასრული ურთიერთობებისთვის;

»» გადაწყვეტილების მიღების უუნარობა ან შეუძლებლობა;

»» მარტოობის შიში;

»» არასრულფასოვნების კომპლექსი საკუთარი გარეგნობის გამო;

»» უარყოფის შიში;

»» მორჩილებისადმი მზადყოფნა;

»» უარყოფითი თვისებების მიმართ ჩაციკვლა;

»» პირადი ღირსებების დაკნინება;

»» დაცულობის შეგრძნების დაკარგვა;

»» ინტიმური ძალადობა ბავშვობაში უფროსების მხრიდან;

»» ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრამვები;

»» და სხვა დამოკიდებულებები;


სხვათაშორის, საზოგადოებაში ადიქციის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მედიაკულტურაც.

პრაქტიკულად ყველა კინოფილმები, ვიდეოკლიპები, სიმღერების ტექსტები და ა.შ - ლაპარაკობენ მხოლოდ ერთზე - „შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“, „შენ წახვედი და ვეღარ ვსუნთქავ“ და ა.შ, რაც ერთი/ერთში იმეორებს სასიყვარულო ადიქციისთვის დამახასითებელ ფრაზებს - „მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია“, „მხოლოდ მას შეუძლია გამხადოს ბედნიერი“, "მის გარეშე ჩემთვის მზე დაბნელდა", "მის გარეშე არაფერი ვარ" და ა.შ.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, სხვა ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად ნოყიერ ნიადაგს ქმნის ადიქციური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.

 

ქორწინებაში მყოფი ადამიანის ადიქცია

 

თუ ადიქტი არ არის დაქორწინებული, მას აქვს მაღალი შანსი პირადი, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე საბოლოოდ დაამარცხოს ეს სენი და მომავალში აღარასოდეს გაუჩნდეს მსგავსის განმეორების სურვილი.

თუმცა, სიტუაცია გაცილებით რთულდება, თუ ადიქტს აქვს ოჯახი და იგი მაინც მოხვდა სასიყვარულო ადიქციის ბადეში.

შესაძლოა პიროვნებას აზრადაც არ მოსდიოდეს ღალატი და სინამდვილეში ეს იყოს - სიყვარული/სექსის - ფრუსტრაცია (frustratio - მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმის, ჩანაფიქრის) - დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა, რომლის შემდგომაც ადამიანი ადვილად ვარდება ადიქციაში.)

ქორწინებაში მყოფ ადიქტს საკუთარი მეორე ნახევარი წარმოუდგენია როგორც უდიდესი ბარიერი და პრობლემების განსახიერება.

იგი დროგამოშვებით ხვდება კიდეც, რომ გააჩნია ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი „აღფრთოვანების ობიექტის“  მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია, მაგრამ ეს ტოქსიკური და გამანადგურებელი გრძნობა სახიფათოა იმით, რომ აშკარად, ან გაუცნობიერებლად ყოველთვის ეძებს უაზრო, არაფრის მომცემ მიზეზებს, გამოისყიდოს დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ.

ამ შემთხვევაში ადიქტს უჩნდება საკუთარი თავის მხვერპლად მიტანის და ოჯახის წევრების მიმართ ყველაფრის პატიების სურვილი, ან პირიქით - ოჯახში მისი მხრიდან აგრესია და დაძაბულობა იზრდება, რადგან ადიქტი მუდმივად ქმნის სიტუაციებს, რომლებიც ეხმარება დანაშაულის გრძნობის გადალახვაში და საკუთარი ქმედებების გამართლებაში.

მდგომარეობა რთულდება იმის გამოც, რომ ორმაგი ურთიერთობები და პარალელური კავშირები ითხოვს ორმაგ ძალებს, ორმაგი პირადი ენერგიის ხარჯვას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ორივე  პარტნიორის (მეუღლისა და ადიქციის ობიექტის) სურვილებს.

ადიქტი კი იმდენად დათრგუნულია, იმდენად სავალალოა მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, იმდენად ძლიერია ნერვული სტრესი, ამას რა თქმა უნდა ვერ ახერხებს და კრახით ასრულებს ურთიერთობას არა მხოლოდ ადიქციის ობიექტთან, არამედ საკუთარ მეორე ნახევართან.

ამიტომ, თუ ადიქტი ქორწინებაშია, ადიქცია მაღალი სოციალური რისკის გამომწვევი ფაქტორია, იმგვარი ფაქტორი, რომელიც უმოწყალოდ ანგრევს ოჯახებს, რადგან საზოგადოებრივ ენაზე ადიქციას - უბრალოდ პრიმიტიული - ცოლ-ქმრული ღალატი ჰქვია და ძალიან ცოტა შეურცხყოფილი და სამართლიანად აღშფოთებული მეუღლე თუ მოისურვებს საკუთარი მეორე ნახევრის ფსიქოლოგიურ წიაღსვლებში ქექვას.

სამწუხაროდ, თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრს გააჩნია ადიქციური ურთიერთობები სხვა ობიექტის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში ოჯახები ინგრევა ხოლმე - ზოგჯერ ლოგიკურად (როცა ადიქცია „სექსუალური მიდრეკილებისაა“), ზოგჯერ კი ალოგიკურად (როცა ადიქციას არავითარი კავშირი არა აქვს ინტიმთან).

თუ პირველ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია, და ოჯახის შენარჩუნებას აზრი არ აქვს (რადგან მისი დანგრევის მიზეზი - სხვა ადამიანთან ფიზიკური კავშირის სურვილია), მეორე შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან რთულია ადიქტმა პარტნიორი დააჯეროს, რომ ფიზიკური ღალატი არ მომხდარა და არც გასჩენია ამგვარი სურვილი.

რაც შეეხება მორალურ მხარეს, ასევე რთულია პარტნიორის დარწმუნება, რომ ფაქტი სულიერი ავადობის და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მოხდა და ამის გამომწვევი მიზეზი არ იყო სხვა პიროვნების მიმართ არსებული ნამდვილი, ჭშმარიტი გრძნობები.

თუმცა ფაქტია, რომ ადიქტებს პრობლემები აქვთ არა მხოლოდ სულიერ-ემოციური, არამედ ფიზიკურ სიახლოვესთან დაკავშირებით.

ამიტომ, თუ ისინი არ გადახედავენ, უალტერნატივოდ არ შეიცვლიან და შეათანხმებენ საკუთარ აზრებს პარტნიორთან  - არა მხოლოდ ემოციონალურ, არამედ ინტიმურ სიახლოვესთან მიმართებაში, ოჯახი ასევე უალტერნატივოდ დგას დანგრევის საფრთხის წინაშე, რადგან პრაქტიკულად წარმოუდგენელია ადიქტმა საკუთარი მეორე ნახევარი დაარწმუნოს უკანონო ურთიერთობებში სულიერი ღალატის და ინტიმის არ არსებობის შესახებ.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ასეც ხდება და პიროვნება, რომელსაც დაავადებული აქვს ფსიქიკა - საჭიროებს თანადგომას, ზრუნვას, ყურადღებას, სითბოს და ნამდვილ სიყვარულს, საკუთარი ქმედებებით იღებს სკანდალს, რეპუტაციისა და ფსიქიკის რღვევას, რაც ხშირად სრულდება ოჯახის დანგრევით, რითაც ნადგურდება არა მხოლოდ ადიქტის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და ბავშვების მომავალი.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა უკვე გამორკვეული და აზრზე მოსული ადიქტები სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებენ ხოლმე.

ქორწინებაში მყოფი ადამიანში, სასიყვარულო ადიქციის წარმოქმნის მიზეზი ხშირად არის საკუთარ თავთან კონტაქტის დაკარგვა, რასაც ხელს უწყობს:

ძველი ტრამვები;

დაგროვილი წყენები;

არარეალიზებული სურვილები;

პასუხისმგებლობის გრძნობაზე უარის თქმა;

ჩამოუყალიბებლობა საკუთარ მოთხოვნილებებში;

უნდობლობა პირადი გრძნობებისა და შეგრძნებების მიმართ;

პირდაპირი და ღია დახმარების მოთხოვნის უუნარობა;

• ოჯახის წევრებთან გახსნილი დიალოგის უუნარობა;

ბედნიერების შეგრძნების შეუძლებობა, რომელიც იცვლება ცრუ კმაყოფილებისა და ტკბობის ხანმოკლე პორციებით;

წარმოქმნილ პრობლემებში გარკვევის სურვილის უქონლობა, გაურკვეველი ვადით გადადება ან შეუძლებლობა;

და სხვა..

ეს ნიშნები არის სიგნალი იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა და აუცილებელია საკუთარი ცნობიერების გენერალური დალაგება.

მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადიქტი (ოჯახის თუ ადიქციის ობიექტის სასარგებლოდ) მას მოუწევს პირადი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

სხვა ადამიანები მას ვერასოდეს მისცემენ იმ აუცილებელ და მართებულ რჩევებს, რაც სჭირდება საკუთარი ცხოვრების დასალაგებლად.

 

ადიქციის ობიექტის იდეალიზაცია და მისი ქმედებები

 

ადიქციით დაავადებული პიროვნების წარმოსახვაში - დამოკიდებულების ობიექტი იდეალია - ის თითოსდა მზეა ცის კაბადონზე.

ირგვლივ სხვა ყველაფერი ნაცრისფერია, საცოდავია, არ გააჩნია არავითარი მნიშვნელობა და ღირებულება.

ადიქტი ამგვარი სახით ცდილობს შეუქმნას საკუთარ თავს ემოციონალურად კომფორტული ატმოსფერო. მისი ცენტრი (დამოკიდებულების ობიექტი) - ცხოვრების მიზანია და რაც არ უნდა იქნას გააკეთებული ან ნათქვამი მის მიერ, ყველაფერი იდეალურია, რადგან ეს ხომ კუმირის ნათქვამი ან ნამოქმედარია.

ეს არის აბსოლიტური შერწყმა ადიქციის ობიექტთან. პარტნიორი წარმოდგენილია როგორც სარკე და ხდება ადიქტის სრული მორჩილება რჩეულის სურვილებისა და ნებისადმი, შემდეგ კი მისი მფარველი ანგელოზის როლის თამაში, პარტნიორის ცხოვრებაზე დაუფლების, სრული დამორჩილების სურვილი.

ადიქციით დაავადებული თითქოსდა ბურუსში ცხოვრობს. მისი აზრები და მოქმედებები არ ემორჩილება კონტროლს და ყველაფერი განკუთვნილია მისი ვნების ობიექტისთვის. იგი მას მიაწერს ისეთ თვისებებს, რომელიც ამ უკანასკნელისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი.

ეს შეიძლება იყოს გაუაზრებელი, შეუსაბამო და გაუგებარი ფეტიშიზმი, რომელიც დამოკიდებულების ობიექტში თავდაპირველად სიამაყეს, პატივის განცდას, შემდეგ ქილიკს, დაცინვას, ბოლოს კი მობეზრებას და გაღიზიანებას იწვევს.

როცა დროდადრო პარტნიორი ეუბნება, რომ არ არის საჭირო მისი ასეთი იდეალიზება, ადიქტი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს “რჩეულის” აღჭურვას ფანტასტიკური თვისებებით.

ეს ყველაფერი გამოწვეულია ადიქტისთვის დამახასიათებელი მუდმივი შიშით, რომ არ იყოს გარიყული და მიტოვებული, რაც პრაქტიკულად ყოველთვის ასე მთავრდება კიდეც, რადგან მას თავად მიჰყავს საკუთარი ქმედებებით ამგვარი დასასრულისკენ ყველაფერი.

ადიქტი მთელს საკუთარ ძალებს უძღვნის ადიქციის ობიექტს, ცხოვრობს მისი ინტერესებით, რეგულარულად ადევნებს თვალს ამ უკანასკნელის აქტივობას (საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ), მუდმივად იტანჯება ეჭვით, რომ პარტნიორს არ უყვარს იგი, არ ენდობა და შეპყრობილია მანიით, რომ მან არ უღალატოს.

იგი ითმენს ნებისმიერ დამცირებას, თავად კი პატიობს ყველა წყენასა თუ შეურაცხყოფას, რომ ობიექტმა არ მიატოვოს.

მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიატოვოს დამოკიდებულების ობიექტი და თავს იმცირებს მის წინაშე თუ მან გადაწყვიტა მისი მიტოვება.

სადღაც ქრება ადიქტის პირადი ემოციები - იგი აკოპირებს პარტნიორის ქმედებებს, ყველაფერში ეთანხმება და ეშინია ზედმეტი, ან გადაკრული სიტყვა უთხრას მას.

ყველა მისი აზრები და ფიქრები დაკავებულია ადიქციის ობიექტით, ამიტომ არ შეუძლია მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირება.

არაადექვატურად აღიქვამს კრიტიკას საკუთარი აღფრთოვანებისა და მისწრაფების ობიექტის მიმართ.

სულ უფრო ხშირად იყენებს სიტყვას „ჩვენ“ და თანდათანობით კარგავს საკუთარ „მეს“.

მუდმივად იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, მთელს ყურადღებას უთმობს ადიქციის ობიექტს და ნელ-ნელა უარს ამბობს როგორც საყვარელ გატაცებებზე, ასევე მისთვის ადრე ძვირფას ადამიანებთან ერთად დროის გატარებაზე.

შესაძლოა განრიდების ადიქტს ჰქონდეს ადიქტთან ინტიმური სიახლოვის შიში, რადგან მიაჩნია, რომ ინტიმური კავშირით იგი დაკარგავს თავისუფლებას და აღმოჩნდება კონტროლის ქვეშ.

ქვეცნობიერად ეს არის მიტოვებულობის შიში, რასაც როგორც წესი მოყვება ხოლმე ურთიერთობის აღდგენა ადიქტთან (მხოლოდ დისტანციურ დონეზე).

ადიქტი გრძნობს საშინელ რყევებს, როცა ადიქციის ობიექტი ერიდება მასთან კონტაქტს - არ ურეკავს, არ წერს, იკარგება, არ ჩანს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხდება არა იმიტომ, რომ ადიქციის ობიექტი ნამდვილად ძვირფასია მისთვის, არამედ იმის გამო, რომ წყდება ემოციონალური ნაკადი, რომელსაც იგი იღებს ამ ურთიერთობით.

ადიქციურ ურთიერთობას თან ახლავს მოულოდნელი ცვლილება ადიქციის ობიექტის ქცევებში: იგი მოულოდნელად ხდება ცივი, განაპირებული, ხშირად უჩინარდება, არ ახსოვს, ან სპეციალურად არ ასრულებს დაპირებებს და ამ ყველაფერს არ განმარტავს, ბუნდოვნად და გაურკვევლად ტოვებს სხვადასხვა თემებს.

საგულისხმოა, რომ ამ ყველაფრის საბოლო მიზანი (და შედეგიც) ადიქტის საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ადიქტის ფსიქოლოგიური განადგურებაა.

მოდით გადავხედოთ ზოგიერთ სიმპტომს, რომელიც დაეხმარებათ ადიქციის მსხვერპლთ რეალობის აღქმაში და დაარწმუნებთ პრობლემის არსებობაში მანამ, სანამ დაკარგავდნენ საკუთარ თავს:


ადიქციის ობიექტი მანიპულირებს ადიქტის იმგვარი საუკეთესო თვისებებით, როგორიცაა - პასუხისმგებლობა, ემპათია (ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა), სიცოცხლისმოყვარეობა, ურთიერთთანადგომა, ალტრუიზმი (სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახური, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა).

ადიქციის ობიექტი ფარული მანიპულირებით აიძულებს ადიქტს, სულ უფრო ძლიერად გამოავლინოს მასზე ზრუნვა იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს მის პირად მეს და გარემოცვას.

ფსიქოლოგიური დისტანცირების ხერხების გამოყენებით ადიქციის ობიექტი სპეციალურად უჩინარდება მხედველობის არიდან გარკვეული დროით, რათა შემდგომში მოულოდნელად შეხვდეს ადიქტს, ან დაურეკოს და დარწმუნდეს, თუ როგორ იტანჯებოდა იგი მისი ამგვარი „აუხსნელი“ გაუჩინარებით.

ადიქციის ობიექტი სულ უფრო ხშირად - გულგრილად ამცნობს ადიქტს, რომ „რაღაც“ ისე არა აქვს, და თუ ის „რაღაც“, მის გამო დაძლეული იქნა, იგი მალევე პოულობს სხვა მიზეზებს…

ადიქციის ობიექტი ხშირად დუმს (იმ შემთხვევაში, თუ ატყობს, რომ მისი დუმილი იწვევს ადქიტის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს);

ადიქციის ობიექტი დროდადრო საუბრობს რაღაც თემებზე, მაგრამ ისე, რომ ადიქტის კითხვებზე - მისი პირადი მომავლის შესახებ, პასუხი შაბლონურია - რომ  “თურმე ჯერ კიდევ ბუნდოვნად უყურებს საკუთარ მომავალს და ნათლად ვერ წარმოუდგენია თუ რა იქნება შემდგომში“

რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და მოგვიანებით, როცა სიტუაცია ასე თუ ისე იწმინდება და ადიქტი აზრზე მოდის, იგი ხვდება, რომ იმყოფებოდა დამოკიდებულების ქვეშ.

როგორ ხდება ეს? - ერთხელაც ადიქტი ხვდება, რომ  - ეს არის მდგომარეობა, როცა ამცირებენ ისე ფრთხილად და მოზომილად, რომ თავიდან ამას ვერც კი გრძნობს, შემდეგ კი უნებურად ეხილება თვალები და აცნობიერებს, რომ უკვე დაკარგა საკუთარი თავი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფსიქიკას.

შემდგოში, ადიქტს მუდმივად აქვს შეგრძნება, რომ მოაჯადოვეს ან რაღაც დაალევინეს (მაგ.მცენარის ნახარში), დაწყევლეს, გათვალეს და ა.შ.

 

სასიყვარულო ადიქცია და გენდერული თავისებურება

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქალებში ადიქცია უფრო ძლიერად იჩენს თავს, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, რადგან მამაკაცებს ავადმყოფური დამოკიდებულებებისგან იცავთ ისეთი თვისებები, როგორიცაა: მამაკაცური თავშეკავებულობა, საკუთარი სუსტი მხარეების წარმოჩენის სურვილის არ არსებობა, პრობლემების ფარულად მოგვარების უნარი და სხვა.

როგორც წესი, თუ ადიქციის მსხვერპლი ქალია, მისი განწყობა და მდგომარეობა მუდმივად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მისი ურთიერთობა ადიქციის ობიექტ მამაკაცთან.

ზოგადად, ქალებისთვის დამახასიათებელია მამაკაცების იდეალიზირება, თუმცა ამას ხშირად უარყოფენ ხოლმე.

ზოგიერთ შემთხვევაში ისინი საკუთარი თავისთვის იგონებენ სიყვარულს მათი თვალთახედვით იდეალური მამაკაცის მიმართ, სინამდვილეში კი არ განიცდიან არავითარი სიყვარულის გრძნობას.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სასიყვარულო ადიქციის დიაგნოზის დასმის და მისგან თავის დაღწევის წინ სწორად ამოვიცნოთ მართლაც არსებობს კონკრეტულ ადიქციურ დამოკიდებულებაში სიყვარულის ფაქტორი, თუ ეს არის დამოკიდებულება გარკვეული სახის ქმედების მიმართ - მაგალითად: სურვილები, მიზნები, ჩვევები თუ სხვა მოთხოვნილებები (როგორც გნებავთ ისე დაარქვით).

როცა არ არსებობს არავითარი სიყვარული, შესაბამისად შეუძლებელია არსებობდეს მასზე დამოკიდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში, თითქოსდა სიყვარულით შეპყრობილი ადამიანი მსჯელობს საკმაოდ ეგოისტურად, შეიძლება ითქვას რომ იგი მომხმარებლურად ეკიდება საკუთარ დამოკიდებულების ობიექტს - მთელი დროის განმავლობაში ესაუბრება საკუთარ სურვილებზე, მოთხოვნებზე, ინტერესებზე, ხოლო პარტნიორს განიხილავს მხოლოდ როგორც  ამ ყველაფრის დაკმაყოფილების საშუალებას.

როგორც წესი, ამ დროს ქალი ხდება აქტიური და ახასიათებს აკვიატებული ქცევები იგი თავად ურეკავს და თუ დასჭირდა უთვალთვალებს კიდეც მას, რაც ობიექტის მხრიდან თავმობეზრებას იწვევს და შედეგად განერიდება ადიქტ ქალს, რის გამოც იგი კიდევ უფრო მეტად კარგავს გონებას, ხდება მეტად აგრესიული და მომაბეზრებელი.

და ყველაზე საინტერესო არის ისა, რომ თუ ადიქციის ობიექტი დაბრუნდა და იგი ნამდვილად შეიყვარა, ადიქტი უმოკლეს ვადაში, ზოგჯერ მომენტალურადაც კი მიატოვებს მას.

მისწრაფების ობიექტი მას სჭირდება მხოლოდ მანამდე, სანამ იგი მიუწვდომელია, რადგან შეყვარებულია იდეალზე და როგორც კი ურთიერთობები დაიწყებს დალაგებას და ადიქტი დაინახავს რეალურ ადამიანს მისი ყველა ჭეშმარიტი თვისებებით, „სიყვარულიც“ მალე განქარდება ხოლმე, რაც ავადმყოფური მიჯაჭვულობისა და არარსებული ილუზორული გრძნობების ნიშანია.

მიუხედავად იმისა, რომ ადიქციის მსხვერპლნი უფრო ხშირად ხდებიან ქალები, "ნარკომანული" სიყვარულთ არანაკლებ იტანჯებიან მამაკაცებიც.

განსხვავებისთ ქალებისგან, მამაკაცებში ადიქციური დამოკიდებულება უმეტეს შემთხვევაში ინტიმური ხასიათისაა და სწორედ ის ხდება მიჯაჭვულობის მიზეზი.

თუმცა ხშირია მამაკაცების მხრიდან არა ინტიმური, არამედ ემოციური დამოკიდებულებების შემთხვევებიც.

პროცესის მიმდინარეობა და დასასრული თითქმის იგივეა, როგორიც ქალების შემთხვევაში.

ადიქტი მამაკაცი ხდება დამოკიდებული "საყვარელ" ადამიანზე, მის განწყობაზე, გრძნობებეზე, მაგრამ როგორც კი იგი მოახერხებს ადიქციის ობიექტს თავი შეაყვაროს, იდეალი ინგრევა და სიყვარულის ნაცვლად რჩება იმედგაცრუება.

ზოგჯერ მამაკაცები ამას ქალებთან შედარებით ძალიან სწრაფად ხვდებიან ხოლმე და სწრაფადვე შორდებიან (დაახლოებით 1-3 თვე), ურთიერთთანაცხოვრების შემთხვევაში კი შესაძლოა მეორე დღესაც კი.

 

სასიყვარულო ადიქციისგან განთავისუფლება

 

ადიქციური დამოკიდებულების გადალახვა საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინდივიდი, რომელიც იტანჯება ამგვარი ურთიერთობებით, არ აღიარებს საკუთარ მდგომარეობას და ქმედებებს თავსმოხვეულად და დესტრუქციულად.

პიროვნება, რომელიც შეყრობილია ადიქციური დამოკიდებულებით, ეჩვენება, რომ ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული მთელი მისი ცხოვრება.

ეს კავშირი მისთვის თვითაქტუალიზაციის საშუალებაა, რაც ანიჭებს თავის ქმედებებს მაღალ ღირებულებებს საკუთარ თვალში.

მიუხედავად იმისა, რომ დროგამოშვებით ადიქტს უბრუნდება ჯანსაღი აზროვნების უნარი და ხვდება კიდეც საკუთარი ქცევების აბსურდულობას, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად, მყისიერად შეცვალოს საკუთარი ქცევის მოდელი.

ეს ხდება იმის გამო, რომ ადიქტმა, რომელმაც ძალიან დიდი ენერგია დახარჯა ადიქციური დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, ხდება სრულიად გამოფიტული, შინაგანად ცარიელი და საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას, რათა შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, და მიეცეს ნამდვილი სიყვარულის და ბედნიერების განცდის შანსი ახალ პარტნიორთან ერთად.

სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, ადიქციური დამოკიდებულების დროს, ადიქტის რაციონალური აზროვნების უნარი მნიშვნელოვნად უარესდება და იგი საჭიროებს რეაბილიტაციის პროგრამას.

მაგრამ ვერავითარი პროგრამა და ფსიქოლოგების დახმარება ვერ უშველის პიროვნებას, თუ მან თავდაპირველად არ აღიარა და გააცნობიერა საკუთარი პრობლემა.

ჯანსაღ და ადიქციურ ქმედებებს შორის სხვაობის დანახვა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ადიქტს პრობლემის გადალახვაში, არამედ მომავალშიც დაეხმარება ადამიანური და ბედნიერი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

ადიქციური დამოკიდებულების აღიარება, მისგან თავდახსნის მთავარი პირობაა.

ყველაფერი ხომ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას და როგორ ფიქრობს ადამიანი.

სწორედ საღი ფიქრები და აზროვნება განსაზღვრავს მის გრნობებსა და მოქმედებებს.

ამიტომ, თუ პიროვნება ფიქრობს, რომ ნამდვილად უყვარს, ხოლო სიყვარული ტანჯვა-წამების გარეშე არ არსებობს, იგი გააგრძელებს ტანჯვას და საკუთარ თავს მსხვერპლად შესწირავს ამ ავადმყოფურ გრძნობას.

ხოლო თუ მიხვდა, რომ ეს არის არა სიყვარული, არამედ ავადმყოფური (ადიქციური) მდგომარეობა, იგი მოახერხებს იმოქმედოს შესაბამისად და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.

ადიქციისგან თავის დაღწევა არ ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობას მხოლოდ კონკრეტულ ურთიერთობაში. ცხოვრება გრძელდება და ადიქტს ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ იგი არ გახდება დამოკიდებული შემდგომ ურთიერთობებშიც.

საჭიროა ადიქციისგან განკურნება ერთხელ და სამუდამოდ:

სხვაგვარად შეუძლებელია.

ადიქციური დამოკიდებულებიდან თავის დასაღწევად საჭიროა მისწრაფება - სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და განსაზღვრისათვის.

ისეთი ღირებულებებისა, რომლის გამოც ნამდვილად ღირს ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს: ოჯახი, მეგობრები, სხვადასხვა სახის ჰობი, საკუთარი ინტერესთა წრე, პროფესიული, ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობა.

იმისათვის, რომ ადიქტმა ამას მიაღწიოს, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების ფასი და მნიშვნელობა და არა ცარიელი, არაფრისმომტანი და დამამცირებელი ურთიერთობა დამოკიდებულების ობიექტთან (ვინც არ უნდა იყოს იგი).

მხოლოდ ნამდვილ ურთიერთობებს და ღირსეულ პარტნიორს შესწევს უნარი უანგაროდ დაეხმაროს ადიქტს - დააფასოს და შეიყვაროს საკუთარი თავი, შეიგრძნოს მისი მნიშვნელობა, დაიბრუნოს ღირსება და შეიგრძნოს ნამდვილი სიყვარული.

თუ ადიქტი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება პრობლემას, მას შეიძლება დაეხმაროს კარგი ფსიქოლოგი, ან ფსიქოთერაპევტი, რომელიც დაუბრუნებს საკუთარი ძალების რწმენას, საკუთარი თავის სიყვარულს, რაც დაეხმარება თავი დააღწიოს დამანგრეველ ურთიერთობებს და დაიწყოს ახალი ცხოვრება.

მაშ ასე, მოკლედ ჩამოვაყალიბოთ მოქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს ადიქციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას:


პრობლემის აღიარება და მისი არსებობის გაცნობიერება - ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ბევრი ადიქტი თვლის, რომ მათ ყველაფრი რიგზე აქვთ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ განთავისუფლდნენ არასასურველი აზრებისა და გრძნობებისგან.

მხოლოდ პრობლემის არსებობის გაცნობიერებამ შეიძლება ადიქტი დააახლოოს მისი გადაჭრის გზებთან.

თვითშეფასების ამაღლება - მნიშვნელოვანია მუშაობა ადეკვატური თვითშეფასებისა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნობის აღდგენაზე.

თუ ეს მოახერხა, ადიქტს აღარ ექნება „შინაგანი სიცარიელის“ თუნდაც რაიმე გზით ამოვსების სურვილი.

საკუთარი თავის სწორად აღქმა და საკუთარ პერსონასთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება არის წარმატებული ფუნდამენტი, რათა დამარცხებული იქნას ნებისმიერი სახის ადიქციური დამოკიდებულება.

ბავშვობისდროინდელი კომპლექსებისგან განთავისუფლება - სასიყვარულო ადიქციის საფუძველში დევს მზრუნველობისა და სიყვარულის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება.

საჭიროა საკუთარი შინაგანი ბავშვისთვის სიხარულის განცდის დაბრუნება. მას სურს სიყვარული, სითბო, ზრუნვა...

ემოციონალური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება მარტივად შეიძლება, თუ ადიქტი დაუბრუნებს საკუთარ შინაგან ბავშვს სიხარულის განცდას.

 აზროვნების განვითარება - კარგად განვითარებული აზროვნება, ნებისმიერი მავნე დამოკიდებულებებისგან თავდაცვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.

მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ კომპეტენტური თვითანალიზი, გაერკვნენ საკუთარ გრძნობებში, სურვილებში, მოთხოვნილებებში, თავსმოხვეულ აზრებში და მტკიცე ნებისყოფის ძალისხმევით შეცვალონ საკუთარი ქმედებები საჭირო სახით.

ზოგს ამის გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად, ზოგს კი სპეციალისტების დახმარებით.

მოაზროვნე ადამიანებს ძირითადად ძალუძთ გაერკვნენ საკუთარ თავში, დაფიქრდნენ თავისი ქმედებების მიზეზებზე და თავი დააღწიონ ნებისმიერ დამღუპველ დამოკიდებულებას, მათ შორის სასიყვარულო ადიქციას.

ადამიანს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ გრძნობებითა და გულით, არამედ კრიტიკულ მომენტებში გონების კარნახით ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება.

არავინ ამბობს, რომ ცხოვრებიდან უნდა გამოირიცხოს გულის კარნახით მოქმედება ან აუცილებელია საკუთარი გრძნობების იგნორირება, მაგრამ თუ პიროვნება, რომელიც მოაზროვნეა და გააჩნია ფიქრის უნარი, უმეტეს შემთხვევებში არ გადადგამს იმგვარ უკონტროლო ნაბიჯებს, რომელთა გამოსწორება ძალიან რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი.

სხვა საქმეა შეცდომა და შეცდომის შედეგად გამოწვეული დისკომფორტი, ეს ყველას შეუძლია მოუვიდეს, მაგრამ მოაზროვნე ადამიანი არასოდეს გაებმება იმგვარ მახეში, რომელიც შეიწირავს ან საფრთხის წინაშე დააყენებს ჯანმრთელობას, პიროვნულ რეპუტაციას და საკუთარ მომავალს.

 ჯგუფური ფსიქოთერაპია - ადიქციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტიურ მიმართულებად მიიჩნევა ჯგუფური ფსიქოთერაპია, რომლის დროსაც პიროვნებას გააჩნია საშუალება მიიღოს მისთვის ახალი გამოცდილება, თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, გააცნობიეროს საკუთარი ადქიციური დამოკიდებულება და თავი დააღწიოს მის სიმპტომებს.

ამ ყველაფერში მას ძალიან ეხმარება ჯგუფის სხვა წევრების ისტორიები და გამოცდილება, მათ შორის ისეთების, რომლებმაც უკვე შეძლეს წარმატებით დაემარცხებინათ ადიქცია.

ჰობი - ფსიქოლოგების მიერ რეკომენდებულია, რომ პიროვნებამ გაიხსენოს და დაკავდეს ყველაფრით, რაც მის გონებაში არ დატოვებს ადგილს სულელური და ავადმყოფური ურთიერთობებისთვის, უსარგებლო, დამღუპველი ტანჯვა-განცდებისთვის.

საჭიროა იგი დაუბრუნდეს მეგობრების წრეს, მოიყვანოს საკუთარი თავი ფორმაში  ეწვიოს სტილისტს, ვიზაჟისტს, ბევრი იმოძრაოს, იმოგზაუროს, იცეკვოს, გაერთოს, გაიაროს აუტოტრეინინგის კურსები და ზოგადად - გაამრავალფეროვნოს საკუთარი ცხოვრება ისე, რომ ადგილი აღარ ჰქონდეს ავადმყოფურ დამოკიდებულებებს.

აუცილებელია პიროვნება პირველ რიგში ამაღლდეს საკუთარ თავში, რაც მას მისცემს სრულფასოვანი ცხოვრების, ახალი სიმაღლეების დაპყრობის, თავისუფლების, ბედნიერების მოპოვების, გვერდით მყოფი ან სხვა ადამიანების მართებულად შეფასებისა და დაფასების საშუალებას.

საჭიროა პიროვნებამ ჩაიხედოს სარკეში და დაფიქრდეს, ღირს თუ არა საკუთარი არსებობის დავიწყება სხვის გამო. 

ეს ყველაფერი მას მისცემს საშუალებას გაზარდოს თვითშეფასება და გაუჩნდება სურვილი აღარ დაუმორჩილოს და შესწიროს საკუთარ ავადმყოფურ (ან სხვის) ნებას საკუთარი ცხოვრება.

თუ ადიქციით შეპყრობილი ადამიანისთვის ბედნიერების ორი ძირითადი წყარო (სიყვარული ურთიერთობაში და სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ) დროებით მიუწვდომელია, რეკომენდებულია ორიენტირი აიღოს და აირჩიოს ჰობი, რომელიც მოუტანს არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ ნეტარებას.

სასურველია, თუ ჰობი არ იქნება კაფებარებში ან როკ კონცერტებზე ხშირი ვიზიტები, რადგან ეს არის გართობა, რომელიც ხელს არ უწყობს პიროვნების შემოქმედებიი პოტენციალის განვითარებას.

ამ დროს ადამიანი გამოდის მომხმარებელის როლში, ჰობი კი თავის თავში გულისხმობს შექმნას, ანუ რამის კეთებას არა საბოლოო მიზნისთვის და კონკრეტულად ვინმესთვის, არამედ თავად პროცესისთვის.

სია იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ჰობი საკმაოდ ფართოა: ხატვა, ფოტოხელოვნება, მოდელირება, ცეკვა, სიმღერა, ქსოვა, ძერწვა, ენების შესწავლა, საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, მოგზაურობა და სხვა...

შესაძლოა ადამიანს მთელ ცხოვრება უნდოდა რამეთი დაკავებულიყო და უსასრულოდ მომავლისთვის გადადებდა ხოლმე - სიზარმაცის, უდროობის და სხვა მიზეზების გამო, ან უბრალოდ არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში.

ამ შემთხვევაში, ადიქციისგან თავის დასაღწევად ამის გაკეთება ყველაზე დროული და შედეგის მომტანია. მაშინაც კი, თუ უკვე ძალიან გვიანაა და დროც არასაკმარისია.

დიახ, ეს აუცილებელია, თუნდაც დღეში ამას დაეთმოს 15-30 წუთი, ან რამოდენიმე საათი უქმე დღეებში - იმაზე დამოკიდებულებით, თუ რის გაკეთებას აირჩევს ადამიანი.

მას უნდა ჰქონდეს სულის მოთქმის საშუალება, რომლის დროსაც დაივიწყებს ყველაფერს და მიიღებს აუცილებელ ემოციებს.

ჰობის ეფექტურობის ძირითადი ნიშნები:

»» ამას არ უნდა აკეთებდეს ძალდატანებით;

»» ვერ უნდა გრძნობდეს დროის გასვლას საქმიანობის დროს;

»» მთელი არსებით უნდა იყოს ჩართული პროცესში;

»» საქმიანობის დროს უნდა მოხდეს პიროვნების თვითგამოხატვა და მისი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა;

»» უნდა იღებდეს სიამოვნებას პროცესისგან;


 ადიქციის ობიექტის პატიება - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პიროვნება ჩავარდეს ადიქიციის ობიექტის მიმართ სიძულვილში.

თუ ჩვენ შევიძულებთ ადამიანს, ვერ შევძლებთ თავი დავაღწიოთ დამოკიდებულებას მასთან მიმართებაში.

უბრალოდ ეს დამოკიდებულება მიიღებს სხვა, ახალი სახის ფორმებს.

სანამ ჩვენ ვერ შევძლებთ ვაპატიოთ ადამიანს, ვრჩებით მასზე დამოკიდებული - საკუთარი წყენებით.

ისევე, როგორც ნებისმიერი ზედმეტნაკლებად არსებული სერიოზული კავშირი - ისევ და ისევ დამოკიდებულებაა.

აუცილებელია სწრაფვა ადიქციის ობიექტის მიმართ ქრისტიანული მიდგომებისკენ, მიუხედავად იმისა, რა ტანჯვა, უსამართლო და ვერაგული ქმედებებიც არ უნდა ჰქონდეს მას მოყენებული.


მომხდარის სწორი ანალიზი - ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.

საჭიროა საკუთარი შეცდომების მიზეზების დადგენა, გაანალიზება და ამ მიზეზების აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განმეორება კვლავ მოსალოდნელია.

მნიშვნელოვანია დამოკიდებულების ობიექტის მიერ დაშვებული შეცდომების ანალიზი და ამ შეცდომების მიზეზის დადგენაც. არა მტრულად და ბოროტულად, არამედ გონივრულად და მოწყალებით, რადგან შესაძლოა ისიც ვნებებით შეპყრობილი ან სულიერად დაავადებული იყო ურთიერთობის პერიოდში (არ არის გამორიცხული ისიც იმყოფებოდა ადიქციური დამოკიდებულების ზეგავლენის ქვეშ).

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მიეთითოს არსებული ქცევების მანკიერების და მისი მიუღებლობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ერთი სიტყვით, შესაძლოა და აუცილებელია ადიქციის ობიექტთან გაწყდეს ყოველგარი კავშირი, მაგრამ ურთიერთობები დარჩეს საღი, რეალური, არადამახინჯებული, ადეკვატური, ყოველგვარი გულთბილი და სენტიმენტალური ან სიძულვილით და აგრესიით აღსავსე მოქმედებების გარეშე.


მნიშვნელოვანია - ადიქციური კავშირის დიდხანს გაგრძელება და მუდმივად არსებობა გამორიცხულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ადიქტმა ადიქციის ობიექტისგან თავის დაღწევა შეძლოს რაც შეიძლება დროულად.

დრო აქ უმნიშვნელოვანესია. ცნობილია, რომ ადიქციის პერიოდი გრძელდება 1-დან 12 თვემდე, თუმცა 12 თვე ძალიან მძიმე მდგომარეობის ნიშანია. ძირითადად ადიქციის პიკი აღწევს 9 თვეს და არიან იღბლიანები, რომლებიც სენს 3-2 და 1 თვეშიც კი ამარცხებენ.

თუ კავშირი მართლაც 12 თვე გაგრძელდა, საბოლოოდ ადიქტი მაინც გამოვა მდგომარეობიდან, მაგრამ - ფსიქოლოგიურად განადგურებული, დათრგუნული და იმედგაცრუებული. ანუ ისეთ მდგომარეობაში, რომ სრულყოფილ ცხოვრებამდე დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ნებისყოფის გამოვლენა დასჭირდება.

ხშირად, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ადიქტი იჩენს უნდობლობას ყოველგვარი ახალი ურთიერთობების მიმართ, აღარ სჯერა სიყვარულის და მისი არსება აღსავსეა სასოწარკვეთილებით.

ამ დროს, სასურველია გამოცდილი ფსიქოლოგის, ან ფსიქოთერაპევტის დახმარება, მაგრამ თუ ამის საშუალება ან სურვილი არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იმყოფება მის გვერდით ამ პერიოდში და რამდენად ესმის, რომ ადამიანის სულიერი ბალანსი დარღვეულია.

მხოლოდ საკითხის არსში გარკვეულ და მომთმენ ადამიანს ძალუძს მსუბუქად გადაატანინოს პიროვნებას პოსტადიქციური პერიოდი და დაუბრუნოს მას ძალები და საკუთარი თავის რწმენა.

დღესდღეობით, ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია საერთო ნეირობიოლოგიური საფუძვლები სასიყვარულო ადიქციასა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას შორის.

დიქტიური ქცევების სხვადასხვა ფორმების გაანალიზებისას, კონკრეტულად კი სასიყვარულო ადიქციის (პათოლოგიური სიყვარულის) განხილვის დროს, იხსნება სულ უფრო მეტი პერსპექტივები, ადიქტოლოგიის პოზიციიდან გამომდინარე იქნას შესწავლილი ადიქტიური ქმედების არაქიმიური ფორმის ამ რთული ფენომენის თერპიული განკურნების შესაძლებლობები.

 

სასიყვარულო ადიქციის შესაძლო უარყოფითი ფაქტორები:

 

− ადიქტისა და ადიქციის ობიექტის სწრაფი დესოციალიზაცია, რაც სრულდება მნიშვნელოვანი პირდაპირი და ირიბი მორალური და ფიზიკური ზარალით თითეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.

− ამაღლებს ადიქტებში აუტოდესტრუქციული და აუტოაგრესიული ქმედებების დონეს.

− ამაღლებს სუიციდური განწყობის რისკს.

− ამაღლებს ადიქტების კრიმინალიზაციისა და ვიქტიმიზაციის (მსხვერპლად ქცევის) პროცესს;

− ხელს უწყობს დიდი რაოდენობით კომორბიდული დარღევევების რისკს (რამდენიმე ქრონიკული დაავადების არსებობა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პათოგენური მექანიზმებით).


დაკვირვებების შედეგად, ემოციონალურ-ღირებულ კრიზისულ ურთიერთობებში მყოფი სასიყვარულო ადიქციის ნიშნების მქონე ინდივიდების მიერ ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარების მოთხოვნის მოტივები ასეთია:


− ემპათიური თანადგომის მოთხოვნა (სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი)  ადამიანს სურს ისაუბროს, ამოთქვას სათქმელი, ამოიტიროს (როგორც სტრესზე მწვავე რეაქციის შედეგი).

− ექიმ-ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან საკუთარი ქცევებით თავის მოწონების ან თავის მართლების სურვილი.

− მხარდაჭერის და გამხნევების სურვილი საკუთარი "უღირსი (ცუდი)" პარტნიორის ქცევების გამო;

− პარტნიორის ქცევების მიზეზების "ფსიქოლოგიური ანალიზის" მიღების სურვილი, მასზე ზემოქმედების მიზნით (ანუ მოიქცეს ისე, რომ პარტნიორმა მას გაუგოს).

− მტანჯველი შეგრძნებებისა და დანაშაულის გრძნობის გადალახვის სურვილი (როცა ადიქტი დაქორწინებულია).

− მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებში გარკვევის მოთხოვნილება, შექმნილი სიტუაციის კონსტრუქციულად დასრულების მიზნით.


რთულად კონტროლირებადი ლტოლვა განმეორებითი ქმედებების მიმართ:


− ეპიზოდის მიმდინარეობის პროცესში საკუთარი ქმედებების კონტროლის უუნარობა.

− ნათელი რაციონალური მოტივების არ არსებობა იმ ქმედებებში, რომლებიც პაციენტს აყენებენ ფსიქოლოგიურ, სოციალურ, სამართლებრივ და ფიზიკურ ზიანს.

− ანომალურ ლტოლვაში შთანთქმის მაღალი რისკი.

 

პს.

 

ამ სამყაროში, თითეულ ადამიანს სურს იყოს სიყვარულის ობიექტი, ძვირფასი, ღირებული... ეს მოთხოვნილება ზოგჯერ უბიძგებს ადამიანებს ნახონ ბედნიერება და დასაყრდენი არა იქ, სადაც იგი ნამდვილად არსებობს, არამედ სადღაც გარეთ... და ეხვევიან ადიქციის ვერაგ ბადეში.

ნამდვილი სიყვარული და ბედნიერება ცხოვრებაში შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის მიმღებლობით და რეალობის აღქმით.

თუ ადიქტმა გადაწყვიტა, რომ სურს განთავისუფლდეს ავადმყოფური მიჯაჭვულობისგან, ეს უნდა გააკეთოს ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

თუ სულის სიღრმეში იგი კვლავ ოცნებობს, ან თუნდაც უშვებს ფაქტს, რომ შესაძლებელია კვლავ დაუბრუნდეს მავნე, დამღუპველ ჩვევას, ესე იგი ბოლომდე ვერ გააცნობიერა პრობლემა, და რეციდივიც არ დააყოვნებს.

ამიტომ, ბრძოლა საკუთარ თავთან უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ პიროვნება არ შეძლებს საბოლოოდ გადალახოს დამანგრეველი, სარეველას მაგვარი ფსიქოლოგიური ტალღები და დაუბრუნდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

დღესდღეობით, სასიყვარულო ადიქციის ბუნების ერთიანი გაგება, ფსიქოპათოლოგია, კლინიკური დინამიკა, თერაპიისა და პროფილაქტიკის მიმართ ერთიანი მიდგომები არ არსებობს.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ადიქციის კლინიკურ გამოვლინებაზე, დიაგნოსტიკაზე, ეპიდემოლოგიაზე, ფსიქოლოგიურ პროფილზე და გენდერულ თავისებურებებზე.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ადიქციის ფორმირებაზე, შეიძლება გამოვყოთ სოციალურ-ფსიქოლოგიური (სოციალური სტერეოტიპებისა და ოჯახის გავლენა) და ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური (პირადი თვისებები).

ლიტერატურაში აღწერილია სასიყვარულო ადიქტების ტიპიური თვისებები, რომელიც გამოიხატება დეპრესიაში, მაზოხიზმში, ნარცისიზმში, ჯანსაღი ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობაში და სხვა.

პიროვნებაზე ადქიტიური ქმედებების დამანგრეველი ქმედება იმდენად თვალსაჩინო და საზიანოა, რომ ადიქციის პროცესისა და მისი დამღუპველი შედეგების გადალახვა ფსიქოლოგიური პრაქტიკის ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ