მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 278 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნაწილი მეექვსე

შვიდი წესი, რომელთა დაცვა ბედნიერებას შემატებს თქვენს ოჯახურ ცხოვრებას

 

თავი პირველი

 

სამოცდათხუთმეტი წლის წინათ საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ II-ს - ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისწულს შეუყვარდა მსოფლიოში ულამაზესი ქალი გრაფინია მარია ევგენია იგნასიო ავგუსტინა დე მონტიხო და ცოლად შეირთო იგი.

ნაპოლეონსა და მის მეუღლეს არც ჯანმრთელობა აკლდათ და არც სიმდიდრე, არც ძალაუფლება და დიდება, არც სილამაზე, არც სიყვარული და ურთიერთთაყვანისცემა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ჰქონდათ, რაც საჭიროა იდეალური რომანისათვის.

მაგრამ ვაი, რომ წმინდა ცოლქმრულმა კოცონმა მალე ბჟუტვა და ქრობა დაიწყო. ნაპოლეონს შეეძლო ევგენია გაეღმერთებინა, მაგრამ ვერაფერმა, ვერც სიყვარულის ძალამ და ვერც ტახტის სიდიადემ ვერ შეაჩერა ქალის შარიანობა.

ეჭვით შეპყრობილი და გატანჯული ქალი მოჩვენებით განმარტოების საშუალებასაც კი არ აძლევდა ქმარს. იჭრებოდა მის კაბინეტში, როცა ის სახელმწიფო საქმეებს წყვეტდა, აწყვეტინებდა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს. არასოდეს მარტოს არ ტოვებდა იმის შიშით, რომ სხვა ქალს არ შეხვედროდა.

მერე რა, რას მიაღწია?

აი რას. მომყავს ციტატა უ. ა. რენჰარდტის წიგნიდან „ნაპოლეონი და ევგენია, ერთი იმპერიის ტრაგიკომედია“, „ამგვარად, საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაპოლეონი ღამღამობით გვერდის პატარა კარით ქურდულად იპარებოდა სასახლიდან. ის ან მართლა რომელიმე ლამაზმანთან მიდიოდა, ან უბრალოდ დახეტიალობდა ქალაქში“.

აი, რას მიაღწია ქალმა თავისი ჭირვეულობით.

ევგენიას ბიბლიური იობივით შეეძლო მწარედ ეთქვა: "რომლისათვის ვზრუნავდი, მოიწია ჩემზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხვა მე“ (იობი. თ. 3. 25).

გრაფ ლევ ტოლსტოის ცოლი ამას გვიანღა მიხვდა, სიკვდილის წინ ქალიშვილებს გამოუტყდა: „მე მიძევს ბრალი მამათქვენის სიკვდილში“-ო. ქალიშვილებმა არაფერი მიუგეს. იცოდნენ: დედამ სიმართლე უთხრათ.

ქორწინება ლევ ტოლსტოის ტრაგედიად იქცა. მის ცოლს ფუფუნება უყვარდა, ის კი ვერ იტანდა; ქალს სახელი და პატივი სწყუროდა, ტოლსტოისთვის კი ეს ამაოება ამაოთა იყო; ქალი ფულისა და სიმდიდრისკენ ისწრაფვოდა, ტოლსტოის კი სიმდიდრე და კერძო საკუთრება ცოდვად მიაჩნდა.

მათი ცხოვრების ერთი ეპიზოდი მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულისამაჩუყებელ სცენად მესახება. მათ თავიდან უღრუბლო ბედნიერება ჰქონდათ. მაგრამ ახლა, ორმოცდარვა წლის შემდეგ, ქალის ატანა აღარ შეეძლო. ზოგჯერ საღამოობით მოხუცი, დარდით გათანგული, სულიერ სითბოს მოწყურებული ქალი ქმრის წინაშე მუხლს მოიყრიდა და სთხოვდა ხმამაღლა წაეკითხა სტრიქონები, რომელიც მას ამ ორმოცდაათი წლის წინათ ჩაეწერა დღიურში. ტოლსტოიც კითხულობდა იმ შესანიშნავ, ბედნიერ, სამუდამოდ დაკარგულ დღეებზე და ორივე მწარედ ქვითინებდა. რა შორს დარჩენილიყო, როგორ განსხვავდებოდა გარდასული რომანტიკული ოცნებები რეალური ცხოვრებისაგან!

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ქალს საკმაო საფუძველი ჰქონდა უკმაყოფილებისათვის. ვეთანხმები. შეიძლება ასეც იყო. მაგრამ საქმე სხვაა; რამე გაუკეთა ამ ჭირვეულობამ თუ უფრო გაუუარესა მდგომარეობა?

აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებაშიც უდიდესი ტრაგედია იყო ქორწინება, დიახ მისი მკვლელობა კი არა, ქორწინება! მისის ლინკოლნი მთელი საუკუნის მეოთხედი აწამებდა ქმარს.

აბრაამ ლინკოლნი და მერი ტოდ ლინკოლნი სრულიად საპირისპირო პიროვნებები იყვნენ: აღზრდით, წარმოშობით, ტემპერამენტით, მიდრეკილებებითა თუ მსოფლმხედველობით. ქალს არ მოსწონდა ქმრის განზე გადაფენილი ყურები, საყვედურობდა კიდეც სწორი ცხვირი რატომ არა გაქვს, ან ქვემო ტუჩი როგორ გადმოგიწევია, ხელ-ფეხი ძალიან დიდი გაქვს, თავი კი მეტად პატარაო.

სენატორი ალბერ ბევერიჯი, ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი ლინკოლნმცოდნე, წერდა: „მისის ლინკოლნის გამყივანი ხმა ქუჩის მეორე მხარეს ისმოდა; მისი გამუდმებული აყალ-მაყალის შესახებ ყველამ იცოდა, ვინც კი ახლომახლო ცხოვრობდა. მისის ლინკოლნის სიანჩხლის ამბავმა ჩვენამდეც მოაღწია“.

აი, ერთი შემთხვევა: ლინკოლნი და მისი მეუღლე ქორწინების შემდეგ სპრინგფილდში ცხოვრობდნენ მისის ჯეიკობ ერლისთან - ექიმის ქვრივთან, რომელიც იძულებული იყო პანსიონერები აეყვანა. ერთ დილას საუზმეზე ლინკოლნმა რაღაცით გააღიზიანა ცოლი. რა ჩაიდინა ასეთი, არავინ იცის, მაგრამ მისის ლინკოლნი ისე განრისხდა, რომ ცხელი ყავა ფინჯნიდან სახეში შეასხა ქმარს. ამას სხვა პანსიონერებიც სწრებოდნენ.

ლინკოლნს ხმა არ გაუღია. იჯდა ასე დამცირებული და დუმდა, სანამ მისის ერლი სველი პირსახოცით უწმენდდა სახესა და ტანსაცმელს.

მისის ლინკოლნის ეჭვიანობა იმდენად უაზრო, უსამართლო და იმდენად უზომო იყო, რომ ზოგი სამარცხვინო ეპიზოდის გაცნობაც კი ადამიანს აღაშფოთებს და გულს უწურავს. ქალი ბოლოს შეიშალა, რაც თითქოს ამართლებს მის ცხოვრებას; როგორც ჩანს, ეს შეშლილობა თანდათან მწიფდებოდა.

მაგრამ შეცვალა თუ არა ლინკოლნი ცოლის საყვედურებმა, დავამ და გაუთავებელმა ჩხუბმა? ერთის მხრივ, შეცვალა. შეცვალა გრძნობები მისის ლინკოლნის მიმართ. ქალმა აიძულა ენანა უიღბლო ქორწინება. იმასღა ცდილობდა, თავი აერიდებინა და რაც შეიძლება იშვიათად შეხვედროდა მას.

სპრინგფილდში თერთმეტი ადვოკატი ცხოვრობდა და ყველას ვერ წვდებოდა ადგილობრივი საქმეები. ამიტომ ისინი ხან ერთ, ხან მეორე ქალაქში დადიოდნენ. ზოგი ადვოკატი ახერხებდა და ყოველ შაბათს ოჯახში ჩადიოდა. ლინკოლნი ასე არ იქცეოდა. მას ეშინოდა შინ დაბრუნების და გაზაფხულობითა და შემოდგომობით მთელი სამ-სამი თვე სპრინგფილდს ახლოს არ ეკარებოდა.

გადიოდა წლები. პროვინციული ქალაქების სასტუმროებში ცხოვრება უჭირდა, მაგრამ შინ დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა.

აი, ამას მიაღწიეს თავიანთი ქცევით მისის ლინკოლნმა, იმპერატრიცა ევგენიამ თუ გრაფინია ტოლსტოიმ. ასეთმა საქციელმა მათი ცხოვრება ტრაგედიად აქცია, დააკარგვინა ქალისათვის ყველაზე სანუკვარი რამ!

ბესი ჰამბურგერმა, რომელიც მთელი თერთმეტი წელ ნიუ-იორკის სასამართლოში ოჯახურ ურთიერთობათა საქმეებზე მუშაობდა და რომელსაც გარჩეული ჰქონდა ქმრების ოჯახიდან წასვლის ათასობით შემთხვევა, დაასკვნა, რომ ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ცოლების ჭირვეულობა იყო. ასე რომ, ქალები თვითონ უთხრიდნენ სამარეს საკუთარ ცოლქმრულ ბედნიერებას.

მაშასადამე, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, მისდიეთ პირველ წესს:

ნუ იქნებით შარიანი!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ