ნაწილი მეორე
ექვსი ხერხი ადამიანის გულის მოსაგებად
თავი პირველი
მეგობრების შეძენა თუ გვინდა, ამ წიგნის კითხვას განა ის არ სჯობს, დავაკვირდეთ ძაღლის - ადამიანის გულის მოგებაში ამ ყველაზე უფრო დახელოვნებული არსების ტექნიკას! თქვენს დანახვაზე კუდის ქნევას მოჰყვება, თუ მოეფერეთ და თავზე ხელი გადაუსვით, მაშინ ხომ სულ გაგიჟდება, მხიარულად შეხტება და აშკარად დაგანახებთ თავის სიყვარულს. რაც მთავარია, მის ქცევას არავითარი ფარული მოტივი არ გააჩნია.
თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ძაღლს, სხვა შინაური ცხოველებისა და ფრინველებისგან განსხვავებით, არსებობისათვის საზღაურის გაღება არ სჭირდება? ქათამი რომ ქათამია, ისიც კვერცხს იძლევა. ძროხა - რძეს, ცხვარი - მატყლს. მხოლოდ ძაღლი ცხოვრობს ადამიანის გვერდით ისე, რომ სიყვარულისა და ერთგულების მეტს არას გაიღებს,
ხუთი წლისას მამამ ლეკვი მიყიდა. იმ ლეკვის სიხარული გასდევს მთელი ჩემი ბავშვობის წლებს როგორც კი ჩემს ხმას გაიგონებდა ან დამინახავდა, ტყვიასავით გამოვარდებოდა და ხტომითა და მხიარული ყეფით შემომეგებებოდა. მერე მეხმა მომიკლა. ეს ამბავი ნამდვილ ტრაგედიად მექცა.
ტიპი! შენ არ წაგიკითხავს არც ერთი ფსიქოლოგიური წიგნი. არ გჭირდებოდა. რაღაც მეშვიდე გრძნობით იცოდი, რომ ადამიანს მისდამი გამოჩენილი ინტერესი და ალერსი სჭირდება. შენ ამ გზით ორ დღეში გაცილებით მეტ მეგობ ბარს შეიძენდი, ვიდრე ზოგი ადამიანი ორ წელიწადში. და იცი, რატომ? ის ზოგი მხოლოდ იმის ცდაშია, თვითონ დაიპყროს სხვათა ყურადღება.
მეც და თქვენც ბევრი ვიცით იმისთანა, ვინც სულ იმის ცდაში არიან, გარშემომყოფთა ინტერესი გამოიწვიონ და ამით უდიდეს შეცდომას სჩადიან. მათი ცდა ამაოა. საკუთარ თავზე უფრო არავის არავინ აინტერესებს. ყველა თავის თავზე ფიქრობს.
ცნობილი ვენელი ფსიქოლოგი ალფრედ ადლერი თავის ერთ წიგნში ამბობს: „ინდივიდუუმი, რომელიც არ ინტერესდება თავისი მოძმეებით, თვითონაც დიდ სირთულეებს აწყდება და სხვასაც უსამართლოდ ექცევა. ასეთი კაცისგან ყალიბდება უიღბლო, ხელმოცარული ბანკროტი“.
ერთხელ ცნობილ ილუზიონისტ ჰოვარდ ტერსტონს სამსახიობო საპირფარეშოში ვესტუმრე. ტერსტონს უამრავი მაყურებელი ჰყავდა. მთელი ორმოცი წლის განმავლობში მისთვის ერთხელაც არ უღალატნია ბედს. ვთხოვე, გაენდო წარმატების საიდუმლო. სკოლა, როგორც მოველოდი, არაფერ შუაში იყო, რადგანაც ტერსტონი სულ პატარა გაქცეულა სახლიდან, ბევრი უხეტიალნია, ქვეყანა მოუვლია საბარგო მატარებლებით და კითხვაც რკინიგზის გაყოლებით გამოკრულ აბრებზე უსწავლია.
მაშ, როგორ შეიძინა ცოდნა მაგიის სფეროში? ამ ხელოვნებაზე მრავალი წიგნი არსებობს, მაგრამ არც ისინი წაუკითხავს. სამაგიეროდ ტერსტონს ჰქონდა ორი რამ, რაც სხვებს არ გააჩნდათ. ჯერ ერთი, მას შეეძლო საოცარი გარდასახვა და მეორე, კარგად ახერხებდა ადამიანის „შეცდენას“ და რაც მთავარია, კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას. ყოველი ჟესტი, ინტონაცია, წარბის აწევა საგულდაგულოდ ჰქონდა დამუშავებული და გავარჯიშებული, ყველა მოძრაობა - წამებში გათვლილი და კიდევ: ტერსტონი დიდ გულისხმიერებას იჩენდა მაყურებლის მიმართ. ბევრი ილუზიონისტი დარბაზს რომ გადახედავს, ფიქრობს, კარგა ბევრი გულუბრყვილო შეკრებილა, ამ სოფლელ უტუებს სულ იოლად გავაცურებო.
ტერსტონს კი სულ სხვა რამ უტრიალებს თავში. ყოველ გამოსვლაზე თავს ეუბნება, მადლიერი უნდა ვიყო მაყურებლისა, ჩემი ხელოვნების სანახავად რომ მოსულა. ისინი რომ არა, ჩემი უნარი უკვალოდ ჩაიფერფლებოდა. ახლა კი თავი არ უნდა დავზოგო და, რაც შემიძლია, ვასიამოვნო ჩემი ხელოვნებითო.
სცენაზე გამოსვლის წინ მას წესად ჰქონდა რამდენჯერმე გაემეორებინა: „მე მიყვარს ჩემი მაყურებელი, მიყვარს“. სასაცილოა? სისულელე? შეგიძლიათ ასეც იფიქროთ; მე კი თავს ვიკავებ კომენტარისაგან და გიამბობთ ისე, როგორც ერთ საშუალებაზე, რომლითაც სარგებლობდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და უპოპულარულესი ილუზიონისტი.
სწორედ ეს - გარშემომყოფებისადმი ყურადღება და სიყვარული იყო თეოდორ რუზველტის (ფრანკლინში ნუ აურევთ, რედ.). საოცარი პოპულარობის საიდუმლოც. ის ყველას უყვარდა, როგორც თანატოლთ, ისე მსახურთ. მისმა კამერდინერმა შავკანიანმა ჯეიმს ამოსმა დაწერა წიგნი, რომელსაც „თეოდორ რუზველტი - თავისი მსახურის გმირი" უწოდა. წიგნში ამოსი ერთ ასეთ საგულისხმო შემთხვევასაც აღწერს:
„ერთხელ ჩემმა ცოლმა ჰკითხა პრეზიდენტს, რანაირი ფრინველია კაკაბიო. მას არასოდეს ენახა კაკაბი და პრეზიდენტმაც დაწვრილებით აღუწერა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენს კოტეჯში ტელეფონის ზარი გაისმა (ამოსი და მისი მეუღლუ რუზველტის მამულში, ოისტერ ბეის სანაპიროზე პატარა კოტეჯში ცხოვრობდნენ). თვითონ რუზველტი რეკავდა რეკავდა იმიტომ, რომ ჩემი ცოლისთვის ეთქვა კაკბები ეზოში დასეირნობენ, ფანჯარაში გამოიხედე და დაინახავო. ბევრი ასეთი წვრილმანით იგებდა რუზველტი ჩვენს გულს. კოტეჯის წინ ისე არ გაივლიდა, რომ არ შემოეძახნა „ეჰეი, ჯეიმს“ ან „ეჰეი-ენ“!.. განა შეიძლებოდა, ასეთი ადამიანი არ ჰყვარებოდათ?
ის მსახურებსაც კი სახელით მიმართავდა.
ერთხელ რუზველტი თეთრ სახლში მივიდა: პრეზიდენტი ტაფტი და მისი მეუღლე იქ არ დახვდნენ.
„მზარეული ალისა დაინახა და, - წერს არჩი ბატი, - ჰკითხა, კიდევ აცხობ თუ არა მჭადებსო. ალისამ უპასუხა, ხანდახან მსახურებისათვის, თორემ ზემოთ აღარავინ მიირთმევსო. პირში გემო არ ჰქონიათო - უპასუხა რუზველტმა და შეპირდა, პრეზიდენტს რომ ვნახავ, აუცილებლად ვეტყვიო.
ალისამ მაშინვე მიართვა თეფშზე დადებული მჭადი. რუზველტმა აიღო და ასე ჭამით გაემართა პრეზიდენტის კანცელარიისკენ. გზადაგზა მებაღეებსა და სხვა შავ მუშებს ესალმებოდა, ისე ეგებებოდა ყველას, როგორც თავისი პრეზიდენტობის დროს. ის დღე ერთ-ერთ ბედნიერ დღედ იქცა თეთრი სახლის მსახურთათვის“.
პირადმა გამოცდილებამ დამარწუნა, რომ შეიძლება ამერიკაში ყველაზე უფრო პოპულარული ადამიანებიც კი დაიხმარო შენს საქმეში. ოღონდ აუცილებელია ერთი პირობა: მათდამი ნამდვილი, გულწრფელი ინტერესი. ნება მომეცით, მოგიყვანოთ მაგალითი.
რამდენიმე წლის წინ ლიტერატურული დახელოვნების კურსს ვკითხულობდი ბრუკლინის ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტში. მინდოდა, ჩვენს ინსტიტუტს სწვეოდნენ და თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ ცნობილ მწერლებს. მივწერეთ, რომ მე და ჩემი მსმენელები აღტაცებული ვართ მათი ხელოვნებით და რომ ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მოიცლიან და გაგვაცნობენ თავიანთი წარმატების საიდუმლოს. ყოველ წერილს დაახლოებით ასორმოცდაათი სტუდენტი აწერდა ხელს. აგრეთვე ვწერდით, რომ გვესმის, ძალიან მოუცლელნი არიან და ლექციისათვის სპეციალურად მომზადების დროს ვერ გამონახავენ, ამიტომ ვთხოვდით ეპასუხნათ რამდენიმე კითხვაზე მათი მუშაობის მეთოდების შესახებ. ამ კითხვებს წერილში ვდებდით. როგორც ჩანს, ჩვენი წინადადება მოეწონათ - ყველა ჩამოვიდა.
ამავე გზით შევძელი დამეთანხმებინა ლესი შოუ - ფინანსთა მინისტრი თეოდორ რუზველტის კაბინეტში, ჯორჯ ვიკერსჰემი - იუსტიციის მინისტრი ტაფტის კაბინეტში, უილიამ ბრაიანი, ფრანკლინ რუზველტი და ბევრი სხვა სახელგანთქმული მოღვაწე. ისინი გვეწვივნენ და საინტერესოდ გვესაუბრნენ ორატორული ხელოვნების შესახებ.
თუ გვინდა შევიძინოთ მეგობრები, უნდა გავისარჯოთ მათთვის. უელსის პრინცმა, ვინძორელმა ჰერცოგმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დათვალიერება რომ დააპირა, რამდენიმე თვე მოანდომა ესპანური ენის შესწავლას, რათა, სტუმრად ჩასულს, სიტყვა მასპინძელი ხალხის ენაზე წარმოეთქვა. სწორედ ამით მოიგო კიდეც მათი გული.
რამდენიმე წელიწადია ვინიშნავ მეგობრების დაბადების დდეებს. ყოველი თვის დასაწყისში ამ თარიღებს კალენდრის ფურცლებზე ვიწერ და მერე მისალოც წერილს ან დეპეშას ვუგზავნი. რომ იცოდეთ, რა შთაბეჭდილებას ვახდენ! მითუმეტეს, რომ ზოგჯერ ერთადერთს მე მახსენდება ეს დღე.
თუ მეგობრების შეძენა გვინდა, მივეჩვიოთ მხიარულ, ხალისიან მისალმებას. ტელეფონის ზარზე „გისმენთ“ ისე წარმოვთქვათ, რომ მიხვდნენ როგორ გაგვეხარდა მისი ხმის გაგონება. სატელეფონო კომპანიები თავიანთ ტელეფონისტებს ასწავლიან, რომ სიტყვები - „ვისი ნომერი გნებავთ" - ისეთი ტონით წარმოთქვან, როგორც იტყოდნენ: „დილა მშვიდობისა, ნება მომეცით, მოგემსახუროთ“, გაიხსენეთ ეს რჩევა და პირველივე დარეკვისას გამოიყენეთ.
გამოდგება თუ არა ეს წესი საქმიანი ურთიერთობების დროს? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე კი საილუსტრაციოდ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ დროს დავზოგავ და მხოლოდ ერთს ვიკმარებ.
ნიუ-იორკის ერთ-ერთი დიდი ბანკის მუშაკს ჩარლზ უოლტერსს დაავალეს მოემზადებინა კონფიდენციალური მოხსენება რომელიღაც კორპორაციის შესახებ. უოლტერსმა იცოდა, რომ მეტად საჭირო მონაცემები შეეძლო შეეტყო ერთი დიდი სამრეწველო კომპანიის გამგეობის თავმჯდომარისაგან. მის კაბინეტში რომ შედიოდა, ყური მოჰკრა მდივანი ქალის შეწუხებულ ხმას - დღეს ვერც ერთი მარკა ვერ გიშოვეთო. თავმჯდომარე სტუმარს მოუბრუნდა და აუხსნა, მარკებს ვაგროვებ ჩემი ბიჭუნასთვისო.
უოლტერსმა გააცნო მოსვლის მიზეზი და რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა. თავმჯდომარე გაურკვევლად და ბუნდოვნად პასუხობდა. საუბარი ძალზე მოკლე და უნაყოფო გამოდგა.
ეს ყველაფერი უოლტერსმა ჩემს მსმენელებს უამბო და მერე დასძინა - აღარ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, რომ უცბად გამახსენდა მდივანი ქალის შეწუხებული სახე, მარკები და თორმეტი წლის ბიჭუნა... მერე ისიც მომაგონდა, ჩვენი ბანკის უცხოეთის განყოფილებაშიც რომ აგროვებდნენ მარკებს...
მეორე დღეს ისევ შევიარე თავმჯდომარის მისაღებში და მდივანს ვუთხარი, რომ მარკები მოვიტანე. ნეტავ გენახათ რა ზარზეიმით მიმიღეს. იმ კაცს ასე კონგრესში არჩევაც ვერ გაახარებდა. სულ ღიმილად იქცა: „ოჰ, სწორედ ამ მარკას ეძებდა ჩემი ჯორჯი“. მთელი ნახევარი საათი ვლაპარაკობდით მარკებზე და ვათვალიერებდით მისი ბიჭის ფოტოსურათს, მაგრამ მერე, ამის სანაცვლოდ, საათზე მეტი დამითმო და დაწვრილებით გამაცნო ყველა საინტერესო მონაცემი, თან ისე, რომ აღარც მითხოვია. ყველაფერი რომ მიამბო, მერე თანამშრომლები იხმო და ისინიც გამოჰკითხა. ტელეფონითაც კი დაუკავშირდა რამდენიმე კოლეგას. ამგვარად იმდენი მასალა დამიგროვდა, რომ, გაზეთის მუშაკთა ენით რომ ვთქვა, „სენსაციური წარმატება ხელთ მქონდა“.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენს გარშემომყოფთა გული მოიგოთ, მისდიეთ პირველ წესს:
გულწრფელი ინტერესი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ.
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე