მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 482 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სოციალური ჰიგიენის ბიუროს გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა ქეთრინ ბიმენტ დევისმა თავის დროზე ათასობით გათხოვილ ქალს სთხოვა გულახდილად ეპასუხათ რამდენიმე ინტიმურ შეკითხვაზე. შედეგი თავზარდამცემი იყო. დევისმა პრესაში გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ში განქორწინებათა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ფიზიკური შეუთავსებლობა.

იგივე დასკვნამდე მივიდა დოქტორი ჯ. ვ. ჰამილტონი, იგი ოთხი წელიწადი სწავლობდა ასი წყვილის ცხოვრებას. აი, მისი სიტყვები: „მხოლოდ მეტისმეტად თავდაჯერებულ ფსიქიატრს შეუძლია ამტკიცოს, რომ მოუწესრიგებელი ოჯახური ცხოვრება არ არის სექსუალური დისჰარმონიის შედეგი“...

ლოს-ანჟელესის ოჯახურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დოქტორის დოქტორ პოლ პოპენიუს აზრით განქორწინებებს ოთხი ძირითადი მიზეზი აქვს. ეს მიზეზები ასე ნაწილდება:

1. სექსუალური დისჰარმონია. 

2. თავისუფალი დროის სხვადასხვაგვარად გატარების სურვილი. 

3. ფინანსური გართულება. 

4. ფსიქიკური, ფიზიკური და ემოციური გადახრები.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სექსუალური საკითხი პირველ ადგილზეა, ფინანსური სირთულეები კი რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, - მესამეზე.

განქორწინების საქმეთა ყველა სპეციალისტი ერთხმად აღიარებს, რომ სექსუალური შეთავსება აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა ქორწინების კეთილდღეობისათვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ ცინცინატის შიდა საოჯახო ურთიერთობათა საქმეების სასამართლოს წევრმა გოფმანმა - კაცმა, რომელიც იცნობს ათასობით საოჯახო ტრაგედიას, - განაცხადა: „ყოველი ათიდან ცხრა განქორწინება გამოწვეულია სექსუალური ხასიათის უთანხმოებით“.

ცნობილი ფსიქოლოგი ჯონ ბ. უოტსონი ამბობს: „საყოველთაოდ აღიარებულია, სექსი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. ასევე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს ედება საფუძვლად ქალისა და კაცის საოჯახო ბედნიერების რღვევას“. 

ჩემს კურსებზე მსმენელთა წინაშე გამოსულა ბევრი პრაქტიკოსი ექიმი, რომლებიც ფაქტობრივად იგივეს ადასტურებდნენ. განა სავალალო არ არის, რომ დღეს, მეოცე საუკუნეში, როცა ხელთა გვაქვს უამრავი შესაბამისი ლიტერატურა, და როცა ყველას განათლებულად მოგვაქვს თავი, განქორწინებები ხდება იმის გამო, რომ ცოტა რამ ვიცით ამ ძირითადი და ბუნებრივი ინსტინქტის თაობაზე?

წმინდა ოლივერ მ. ბატერფილდმა, მთელი თვრამეტი წელი მეთოდისტური ეკლესიის მოძღვარი რომ იყო, კათედრა დასტოვა, რათა სათავეში ჩადგომოდა საოჯახო ცხოვრების საკითხებში საკონსულტაციო სამსახურს ნიუ-ორკში. ეს „მწყემსი კეთილი“, რომელსაც, როგორც ჩანს, ბევრი ახალგაზრდა წყვილი დაულოცნია, გვიამბობს:

„ჩემმა წინანდელმა მოძღვრად ყოფნის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მიუხედავად რომანტიკული შეხედულებებისა და კეთილი განზრახვისა, ბევრი წყვილი საქორწინო საკურთხეველთან ისე დგება, რომ არაფერი გაეგება ცოლქმრული ურთიერთობებისა“.

არაფერი გაეგებათ ცოლქმრული ურთიერთობებისა!

შემდეგ იგი განაგრძობს: „როცა ვფიქრობ, რომ საქორწინო ურთიერთობათა რეგულირების ესოდენ რთულ საქმეს, შემთხვევის ანაბარად ვტოვებთ, მიკვირს კიდეც, რომ განქორწინებათა ოდენობა მხოლოდ თექვსმეტი პროცენტია. საოცრად ბევრი ქალი და მამაკაცი სინამდვილეში არ არიან მეუღლენი, თუმცა არ განქორწინებულან: ისინი თავისებურ „სიწმინდეში“ ატარებენ ერთად ცხოვრების დღეებს“.

„ბედნიერი ქორწინება, - შენიშნავს შემდეგ დოქტორ ბატერფილდი - იშვიათად ხდება შემთხვევის წყალობით: ქორწინება უფრო ხშირად შეგნებული შემოქმედების შედეგია იმ გაგებით, რომ იგი გონებითა და საზრისით იგეგმება“. 

იმისათვის, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს ამ დაგეგმვებში, დოქტორი ბატერფილდი წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ყველა წყვილი, რომელთაც იგი აკურთხებს, მასთან ერთად გულახდილად განიხილავდეს თავის სამომავლო გეგმებს იგი სწორედ ასეთი საუბრების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ წყვილებს უმეტესად „არაფერი გაეგებათ ცოლქმრული ურთიერთობებისა“.

„სექსუალური ურთიერთობები, - ამბობს დოქტორი ბატერფილდი, - მხოლოდ ერთია იმ მრავალ ფაქტორთა შორის, რომლებიც კმაყოფილებას ანიჭებს მეუღლეებს, მაგრამ თუ იგი მოუწესრიგებელია, მაშინ სხვა აღარაფერი აღარ შეიძლება მოწესრიგდეს“.

„სენტიმენტალური დუმილის ადგილი (ისევ დოქტორ ბატერფილდის სიტყვებია) უნდა დაიკავოს ცოლქმრულ ცხოვრებაში მხარეთა ურთიერთობისა და მათი ქცევების საკითხთა დინჯი განხილვის უნარმა. ამ უნარის შესაძენად საუკეთესო საშუალებაა წაიკითხოთ ამ თემაზე სერიოზული და დიდი ტაქტით დაწერილი წიგნი. მე თვითონ ჩემი ბროშურის - „ქორწინება და სექსუალური ჰარმონია“ - გვერდით უამრავი ასეთი წიგნი მაქვს.

ჩემი აზრით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ასეთი წიგნებიდან ფართო მკითხველისათვის ყველაზე უფრო შესაფერისია შემდეგი სამი: იზაბელ პატონის „მეუღლეთა სექსუალური ურთიერთობა“, მაქს ექსნერის „ცოლქმრული ურთიერთობის სექსუალური მხარე“ და ელენ რაიტის „სექსის ფაქტორი ქორწინებაში“.

რაო, სექსუალური ცხოვრების შესახებ წიგნებიდან შევიტყოთ?! რატომ არა? რამდენიმე წლის წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტმა ამერიკის სოციალური ჰიგიენის ასოციაციასთან ერთად მიიწვია მოწინავე პედაგოგები, რათა განეხილათ კოლეჯების სტუდენტთა სექსუალური და ცოლქმრული პრობლემები. ამ თათბირზე დოქტორ პოლ პოპენიუმ თქვა: „განქორწინებები მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ხალხი მეტ ავტორიტეტულ წიგნს კითხულობს სექსისა და ცოლქმრობის საკითხებზე“.

გულწრფელი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ამიტომ უფლება არა მაქვს ეს ნაწილი ისე დავასრულო, რომ არ წარმოგიდგინოთ იმ წიგნების ნუსხა, რომლებშიც საფუძვლიანად არის გაშუქებული ეს სერიოზული პრობლემა:

მედიცინის დოქტორის - თეოდორ ჰენდრიკ ვან დე ველდეს - „იდეალური ქორწინება“. ცნობილი ექიმები გვირჩევენ წავიკითხოთ ეს წიგნი და აშბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი ქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობების საკითხებზე.

მერი უერ დენეტის - „ცხოვრების სექსუალური მხარე“- ეს წიგნი რჩევა-დარიგებებს იძლევა ახალგაზრდებისათვის.

მედიცინის დოქტორის მ. ჯ. ექსნერის - „ცოლქმრული ცხოვრების სექსუალური მხარე“. ეს არის ცოლქმრობის სექსუალური პრობლემების სერიოზული და ტაქტიანი განხილვა. 

მერი ს. სტოუფსის - „ცოლქმრული სიყვარული“ წიგნში გულახდილად არის მიმოხილული ცოლქმრული ურთიერთობანი.

ერნესტ რ. გროუვსისა და გლედის ჰ. გროუვსის - „სექსი ცოლქმრულ ურთიერთობებში“. წიგნში თავმოყრილია ფართო ინფორმაცია მოცემულ საკითხზე,

ერნესტ რ. გროუვსის - „მომზადება ქორწინებისათვის“.

1933 წლის ივნისის ნომერში ჟურნალმა „ამერიქენ მეგეზინ“ გამოაქვეყნა ემეტ კროზიერის სტატია „რატომ ინგრევა ოჯახები?“ ქვემოთ მოგვყავს ამ სტატიაში მოცემულ კითხვარი. იქნებ მიზანშეწონილად მიიჩნიოთ და თქვენ უპასუხოთ ამ კითხვებს (დამაკმაყოფილებელი პასუხი ფასდება 10 ქულით).

 

კითხვარი ქმრებისათვის:

 

1. უკეთებთ თუ არა ქათინაურს ცოლს, ყიდულობთ არა ყვავილებს, გახსოვთ თუ არა მისი დაბადების და ქორწინების დღე, იჩენთ თუ არა მოულოდნელ ყურადღებას. ავლენთ თუ არა მოულოდნელ სინაზეს?

2. ყოველთვის ერიდებით თუ არა მის კრიტიკას სხვათა თანდასწრებით?

3. აძლევთ თუ არა ფულს, რომ საოჯახო საქმის გარდა დახარჯოს საკუთარი სურვილის მიხედვით?

4. ცდილობთ თუ არა ქალისთვის დამახასიათებელი გუნება-განწყობილების ცვლილებების გაგებას და ეხმარებით არა დაღლილობის, ნერვიულობის ან შფოთვის დროს? 

5. ცოლთან ერთად ატარებთ თუ არა თავისუფალი დროის თუნდაც ნახევარს?

6. გყოფნით თუ არა ტაქტი, რომ თავი შეიკავოთ და შეადაროთ მისი საოჯახო საქმიანობა დედათქვენის ან "ბილ ჯონის" ცოლის საქმიანობას, თუ ასეთი შედარება კარგს არაფერს უქადის თქვენს მეუღლეს?

7. აშკარა ინტერესს იჩენთ თუ არა მისი ინტელექტუალური ცხოვრების, მისი კლუბებისა და საზოგადოებების, მისი წიგნებისა და საზოგადოებრივ პრობლემებზე მისი შეხედულებების მიმართ?

8. შეგიძლიათ თუ არა ეჭვიანობის გარეშე. ნება მისცეთ იცეკვოს სხვა მამაკაცთან და იტანთ თუ არა სხვა მამაკაცთა ყურადღებას მის მიმართ?

9. იყენებთ თუ არა ყოველ შესაძლებლობას, რომ შეაქოთ ან გამოხატოთ აღტაცება?

10, მადლობას უხდით თუ არა ისეთი მცირე სამსახურისთვის, როგორიც არის ვთქვათ ღილის მიკერება, წინდების ამოკემსვა ან თქვენი ტანსაცმლის ქიმწმენდაში წაღება?

 

კითხვარი ცოლებისათვის:

 

1. აძლევთ თუ არა ქმარს სრულ თავისუფლებას სამსახურებრივ საქმეებში, თავს იკავებთ თუ არა მისი კოლეგების, მდივნის არჩევისა თუ დღის რეჟიმის კრიტიკისაგან?

2. აკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი სახლი გახადოთ საინტერესო და მიმზიდველი?

3. ამრავალფეროვნებთ თუ არა საოჯახო მენიუს ისე, რომ თქვენმა ქმარმა არასოდეს არ იცოდეს, ამჯერად რას მიართმევთ?

4. საკმარისად ერკვევით თუ არა თქვენი ქმრის სამსახურებრივ საქმიანობაში, რათა მასთან ერთად განიხილოთ, ან თქვენი რჩევით დახმარება გაუწიოთ მას?

5. შეგიძლიათ თუ არა მხნედ გადაიტანოთ ფინანსური ჩავარდნა, ისე რომ არ გააკრიტიკოთ ქმარი შეცდომებისათვის და არ შეადაროთ უფრო იღბლიან ადამიანებს?

6. განსაკუთრებით ცდილობთ თუ არა, რომ კარგი ურთიერთობები გქონდეთ მის დედასთან და ნათესავებთან?

7. ითვალისწინებთ თუ არა თქვენი ქმრის გემოვნებას კაბის ფერისა და ფასონის შერჩევისას?

8. მიდიხართ თუ არა დათმობაზე უთანხმოების თავიდან ასაცილებლად აზრთა მცირე განსხვავების დროს?

9. ცდილობთ თუ არა ისწავლოთ ის თამაშობები, რომლებიც უყვარს თქვენს ქმარს, რათა თავისუფალი დრო მასთან ერთად გაატაროთ?

10. თვალს ადევნებთ თუ არა მიმდინარე მოვლენებს, ახალ წიგნებს და ახალ იდეებს, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ქმრის ინტელექტუალური ინტერესი?

 

მაშ, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, მისდიეთ მეშვიდე წესს, რომელიც ამბობს:

წაიკითხეთ კარგი წიგნი ცოლქმრულ ურთიერთობათა სექსუალურ მხარეზე.

 

რეზიუმე: შვიდი წესი, რომელთა დაცვა ბედნიერებას შემატებს თქვენს ოჯახურ ცხოვრებას:

 

1. ნუ იქნებით შარიანი.

2. ნუ შეეცდებით მეუღლის გარდაქმნას.

3. თავი დაანებეთ კრიტიკას.

4. გულწრფელად გამოხატეთ მადლიერება. 

5. ყურადღებიანი იყავით ერთმანეთის მიმართ. 

6. იყავით თავაზიანი.

7. წაიკითხეთ კარგი წიგნი ცოლქმრულ ურთიერთობათა სექსუალურ მხარეზე.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ