- იყო ორი ძმა.
- მე და ბაჩო? - იკითხა ძმაზე გულმოსულმა დაჩიმ.
- ჰო, შენ და ბაჩო.
- ბაჩო არ მიყვარს.
- ვიცი, გულმოსული ხარ, მაგრამ ძმა მაინც ძმაა.
- ბაჩო არაა ძმა.
- აბა ვინაა?! - გაიოცა მანომ.
- არ მინდა ბაჩო.
- აბა რა გინდა?
- ზღაპარი მინდა.
- ჰოდა, მოიცა, დამიგდე ყური და გეტყვი: იყო ორი ძმა, ერთი დიდი ბიჭი, მეორე - სულ პატარა.
- მე სულ პატარა არა ვარ.
- მართალია. იყო ერთი უფროსი და მეორე უმცროსი. ერთხელ, უმცროსს გული მოუვიდა უფროსზე და თქვა: მე არ მინდა ძმა. არავინ გამიჯავრდება, ვივლი ჩემთვის მარტო და სადაც მინდა, იქ წავალ.
ერთ დღეს ადგა დაჩი, წელზე ხანჯალი დაიკიდა, მხარზე მშვილ-ისარი გადაიგდო და გასწია.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ბაჩომ.
- შენი საქმე არაა, - უპასუხა დაჩიმ.
- როგორ თუ ჩემი საქმე არაა, მე შენზე უფროსი ვარ.
- მე შენ არ მიყვარხარ, - გზას დაადგა უმცროსი.
- მე შენი ძმა ვარ და უნდა მკითხო.
- შენ ძმა არა ხარ და სადაც მინდა, იქ წავალ! - არ დაიშალა დაჩიმ.
ბაჩოს უნდოდა ეთქვა, თუ მძინარე დევი ნახო, არ გააღვიძოო, მაგრამ უმცროსმა არ მოუსმინა და წავიდა. იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და მიადგა ერთ გამოქვაბულს.
ხედავს, გამოქვაბულის კართან უშველებელი დევი წევს. ცალი დიდი თვალი ღია აქვს, მეორე, სულ პატარა თვალი, დაუხუჭავს და ხვრინავს. დაჩიმ იფიქრა, თუ ცალში, ისიც დიდში, იხედები, ეს რა ძილიაო, დაიდო ხელი ხანჯალზე, ჰკრა დევს ფეხი და გააღვიძა. აღრიალდა დევი:
- ვინაა ძილს რომ მიფრთხობს?!
- ვინ უნდა ვიყო, დაჩი ვარ!
დაჩი საქვეყნოდ განთქმული მონადირე იყო, მაგრამ დევი ჟურნალებსა და წიგნებს არ კითხულობდა, არც რადიოს უსმენდა და აბა, საიდან ეცოდინებოდა.
დევმა პატარა თვალით გაზომა ბიჭი და თქვა:
- ერთ ლუკმად გადაგყლაპავ.
- მერე მე ხანჯალი მაქვს, გაგიჭრი მუცელს და გამოვალ.
- გეტყობა შენ ჩემი არ გეშინია! - გაუკვირდა დევს, იქვე ლოდს მუშტი დაჰკრა და მტვრად აქცია.
- არაფრის არ მეშინია, - თქვა არხეინად დაჩიმ და მეორე ხელიც ხანჯალზე დაიდო.
- აჰა, ვიცი, - ხმას დაუწია დევმა, - უფროსი ძმა გყავს და იმის იმედი გაქვს, ხომ?
დაჩი ძმაზე ისევ გულმოსული იყო და თავი გაიქნია.
- ძმა სულაც არ მყავს.
დევი სიხარულით გადაირია.
- ჩამომართვი ხელი! - გაუწოდა დაჩის, - ძალზე გულადი ყოფილხარ!
უფროს ძმას წამოსვლის წინ უნდოდა ეთქვა: დევი არ გააღვიძო, მაგრამ თუ შეცდი და გააღვიძე, ხელი მაინც არ ჩამოართვაო. დაჩიმ ხომ არ მოუსმინა და ახლა დევს ხელი გაუწოდა.
დევმა მაგრად ჩასჭიდა ბანჯგვლიანი თითები, მაგრამ დაჩის მეორე ხელი ხანჯალზე ედო და ისევ ეშმაკობა იხმარა:
- მოდი, დაჩი, დავძმობილდეთ!..
- ბაჩოს უნდოდა დაებარებინა ძმისთვის, დევი მოღალატეა და არ ენდოო, მაგრამ დაჩიმ ხომ არ უსმინა და დათანხმდა.
- დავძმობილდეთ.
დევი სიხარულით ცას ეწია.
- თუ მართლა ამბობ, მეორე ხელიც ჩამომართვი!
უფროს ძმას უნდოდა დაებარებინა უმცროსისათვის, თუ შენსას არ დაიშლი და დევს ენდობი, ცალ ხელსაც ჩამოართმევ, მეორე მაინც ხანჯალზე უნდა გედოსო. მაგრამ დაჩიმ ხომ არ უსმინა და ახლა დევს მეორე ხელიც ჩამოართვა.
ჩამოართვა თუ არა, დევი ორივე ხელში ეცა ბიჭს. დაჩი ხანჯალს რაღას ამოიღებდა, ან მშვილდს როგორ მოზიდავდა. წაართვა დევმა იარაღი. ძალიან მაძღარი იყო და შეაგდო გამოქვაბულში, ზედ უშველებელი ლოდი მიაფარა.
- რატომ არ დავუჯერე ჩემს ძმას? - თავში შემოიკრა ხელი დაჩიმ.
ბაჩო არხეინად იყო სახლში. არც კი იცოდა დაჩის რა შეემთხვა, რომ უცებ ისე დაუმძიმდა გული, თითქოს ზედ ლოდი დაადესო. გაბრაზებული იყო უმცროს ძმაზე, მაგრამ, რა უნდა ექნა, ისე უსაშველოდ აწრიალდა, შინ გაჩერება არ შეეძლო.
ბაჩო გზას გაუდგა. დაჩის ხომ არ დაუბარებია და არ იცოდა, რა მხარეს წასულიყო, მაგრამ მაინც მიდიოდა, საითაც გულს მიჰყავდა.
იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და მასაც დევის ხვრინვა შემოესმა. ბაჩომ იცოდა, დევი არ უნდა გაეღვიძებინა. ხედავს, რას ხედავს! აგერ დაჩის ხანჯალი და მშვილდ-ისარი არ ყრია? იფიქრა, დევს იარაღები წაურთმევია და ბიჭი გადაუყლაპავსო.
აიღო ბაჩომ ისარი და დევს უშველებელ თვალში დაუმიზნა. მაგრამ ხედავს, დევს ამ დიდ თვალში ბევრი ისარი აქვს მოხვედრილი, მეორე, პატარა თვალში კი - არც ერთი.
მაშინვე მიხვდა, დევი ეშმაკია, მხოლოდ პატარა თვალში იხედებაო. ჰკრა ისარი და გვერდზე გახტა. იღრიალა დევმა, მაგრამ რა იღრიალა, დედამიწა დააზანზარა.
წამოვარდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი მიყარ-მოყარა. მერე გამოქვაბულზე მიფარებულ ლოდს მიეჯახა. ისიც აიღო, გადაისროლა... და დაჩი აგერ არ ყურყუტებს გამოქვაბულში?!
დაავლო ხელი ბაჩომ, ძლივძლივობით დაბრმავებული დევის ფეხებში გამოაძვრინა და წინ გაიგდო. ბაჩო ნამეტანი გაბრაზებული იყო და კისერში წაუთაქა.
დაჩი ატირდა და ძმაზე ისევ გული მოუვიდა.
- მაინც არაფერს არ დაგიჯერებ! - ისევ გაჯიუტდა დაჩი.
- არ დამიჯერებ და მეორედ ყურებს აგახევ!
- მაინც გაგეპარები! და არავის არ ვეტყვი, რომ უფროსი ძმა მყავს.
- გამეპარები და გამეპარე, მაგრამ არც მე დაგიწყებ ძებნას და იცოდე, უარესი დაგემართება.
- არაფერიც არ დამემართება, ახლა ყველაფერი ვიცი.
დაჩიმ თავისი არ დაიშალა და მეორე დღეს ისევ ძმის დაუკითხავად წავიდა. იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა. დევს შორიდანვე მოესმა ფეხის ხმა და ტირილი მორთო. დაჩიმ იფიქრა: რომ ეძინოს, არ გავაღვიძებდი, მაგრამ რადგან ტირის, მიზეზი რატომ არ უნდა ვკითხოო.
- რა გატირებს? - ჰკითხა დაჩიმ.
- თვალში ვერ ვიხედები და არ ვიტირო? - კიდევ უფრო მწარედ აქვითინდა დევი.
- მერედა, რომ ვერ იხედები, ვისი ბრალია?
- ჩემი ბრალია და ამიტომაც ვტირი. ძმობილს ვუღალატე და ახია ჩემზე.
წამოსვლისას რომ უფროსი ძმისთვის ეკითხა დაჩის, ეტყოდა ბრმა დევი კიდევ უფრო მატყუარაა და ცბიერი, ახლოს არ გაუაროო, მაგრამ დაჩიმ ძმას არ ჰკითხა და ახლა დევზე გულიც კი მოუბრუნდა.
- შენმა ძმამ არ მკრა პატარა თვალში ისარი?
დაჩი ისევ გაბრაზებული იყო ბაჩოზე, რატომ დამტუქსა და წამითაქაო.
- არა, - უთხრა დაჩიმ, - არც კი ვიცნობ, ვიღაც მონადირე იყო.
დევს ისევ გაუხარდა, მაგრამ ისიც გაუკვირდა, ამას ძმის მეტი ვინ იზამდაო.
- მოდი, შევრიგდეთ, ახლა მაინც ბრმა ვარ და რაღას დაგაკლებ.
დაჩის წამოსვლისას უფროსი ძმისთვის რომ ეკითხა, ეტყოდა: ბრმა დევი კიდევ უფრო მუხთალია და არ მოუსმინოო, მაგრამ მან ხომ ისევ არაფერი ჰკითხა და ახლაც დევს დაუჯერა, თვალში ვერ იხედება და რას დამაკლებსო.
- მხოლოდ ხელს არ ჩამოგართმევ, - იუარა დაჩიმ.
- შენი ნებაა, - უთხრა დევმა, - რაკი მაპატიე, მაინც მადლობელი ვარ და შენი ერთგული ვიქნები, მაგრამ ახლა რაკი ისევ ძმობილები ვართ, ერთი სათხოვარი ამისრულე, წყურვილით ვიხრჩობი, მდინარემდე კი გზა ვერ გამიგნია და წყალი მომიტანე.
- რით მოგიტანო? - ჰკითხა დაჩიმ, - შენ ხომ პეშვით მოტანილი წყალი არ გეყოფა.
- მდინარის გაღმა დოქი დამრჩა და ცურვა თუ იცი, გამოიტანე.
- დაჩის ძმისთვის რომ ეკითხა, ეტყოდა: ცურვა რომ იცი, დევს არ უნდა უთხრაო.
- ვიცი რას ჰქვია, არ ვიცი!
- მაშინ იარაღი და ტანსაცმელი აქ დატოვე, მე ვუდარაჯებ.
დაჩიმ მოიხსნა იარაღი, გაიხადა ტანსაცმელი და წავიდა, გადაცურა მდინარე, გამოიტანა უშველებელი დოქი, გაავსო წყლით და დევს მიუტანა. დევმა მადლობა გადაუხადა, მოსვა, მერე ისევ ატირდა და დაჩის შეეხვეწა, - შენ რომ წახვალ, წყლის მომტანი ვინ მეყოლება, გამოქვაბულში შეიტანე, ცივად შეინახე და ცოტა-ცოტას დავლევო.
დაჩის ძმისათვის რომ ეკითხა, ეტყოდა: დევს წყალი არ უნდა მიუტანო, და თუ მიუტან, გამოქვაბულში მაინც არ უნდა შეგიტყუოსო.
შეიტანა დაჩიმ დოქი. ის იყო დადგა სიღრმეში, გრილად რომ ყოფილიყო და, რას ხედავს, დევს ისევ არ მიუფარებია კარზე უშველებელი ლოდი?! წაიშინა თავში ხელები, მაგრამ უკვე გვიან იყო.
ბაჩოს მაშინვე დაუმძიმდა გული, არ უნდოდა საძებნელად წასვლა, მაგრამ სახლში ვერ გაჩერდა და დაადგა გზას. გადაიარა ცხრა მთა და მოესმა დევის ტირილი.
ბაჩომ იცოდა, დევი რა მამაძაღლიც იყო და ფრთხილად მიუახლოვდა, მაგრამ დევს ცალი ყური უშველებელი ჰქონდა, მაშინვე გაიგო.
ბაჩოს უნდოდა სცოდნოდა, რომელი ყური დაევსო დევისთვის, ფეხის ხმა რომ ვერ გაეგონა. ამიტომ ქვა ჯერ პატარა ყურისკენ გადააგდო.
დევს არაფერი გაუგია. დიდი ეშმაკია! რა მხრიდანაც მიუახლოვდა, იმ მხარეზე პატარა ყური მიაბრუნა. ბაჩო მიხვდა: რაკი დიდ ყურს მარიდებს, ეტყობა მეორეში არ ესმისო. აიღო ქვა და ახლა სხვა მხარეს გადააგდო. დევმა იფიქრა, იქიდან მიახლოვდებაო და მიბრუნდა. ბაჩოს მოემატა ღონე და ჩასცხო და ჩასცხო შუბი დიდ ყურში.
იღრიალა, მაგრამ რა იღრიალა დევმა. სულ ქვები ცვიოდა კლდეებიდან. აქეთ ეცა, იქით ეცა, ყველაფერი მიყარ-მოყარა და ის ლოდიც მოისროლა, გამოქვაბულს რომ ჰქონდა მიფარებული. დაჩი აგერ არ ყურყუტებს?! დაავლო ხელი ბაჩომ, გამოიგდო წინ და მოსცხო და მოსცხო. დაჩი ისევ გაბრაზდა და აღრიალდა.
- ახლაც არ ისწავლი ჭკუას, ახლაც არ დამიჯერებ?
- არ დაგიჯერებ.
- აი შენ, თუ არ დამიჯერებ! - ბაჩომ ბროწეულის წნელი მოტეხა და სულ აუჭრელა ფეხები.
- არ დაგიჯერებ! ისევ გაგეპარები და არ ვიტყვი, რომ ძმა მყავს.
და შენ რა გგონია, ერთ დღეს მართლა გაიპარა. მიდის და ფიქრობს: დევის არც ხვრინვას მოვისმენ და არც ტირილს და ახლოსაც არ გავეკარებიო.
იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა. ესმის: დევი იცინის, იცინის, კვდება სიცილით. დაჩის გაუკვირდა, თვალში ვერ იხედება და ყურში არ ესმის, რაღა აცინებს, მოდი, შორიდან დავინახავო.
დევს აუღია დიდი ხე, ტოტები გაუცლია, მოიქნევს, გადაიჭერს ზურგზე და იცინის.
- ახია შენზე! - ლანძღავს თავის თავს, - ძმობილის დანდობა რომ არ იცი, მატყუარა რომ ხარ და მოღალატე, ახია!
ირტყამს, სისხლი სდის ბანჯგვლიან ზურგზე და იცინის.
რომ ეტირა, დაჩის არ შეეცოდებოდა, მაგრამ ისე მაგრად ირტყამს, კანი უსკდება და მაინც იცინის. ძალიან შეეცოდა.
უფროსი ძმისთვის რომ ეკითხა, ეტყოდა: დევი იცინოდეს კი არა, თავსაც რომ იკლავდეს, არ უნდა შეიცოდოო, მაგრამ არც ახლა უკითხავს და რა იცოდა. დაჩიმ ხანჯალი ამოიღო და მოუქნია. უნდოდა ხე ორად გაეჭრა, მაგრამ მოქნეული ხანჯალი ხეში ჩაერჭო და დევი მიხვდა, რომ მიიტყუა. ხე მოისროლა, შიმშილით სული სძვრებოდა, ბიჭს ხელი სტაცა და მაშინვე გადაყლაპა.
ზის დაჩი დევის მუცელში და ფიქრობს: რატომ არ დავუჯერე ბაჩოს, რატომ გავეკარე დევს ახლოს, ახია ჩემზე, და თვითონაც დაიწყო სიცილი თავის თავზე.
ბაჩოს არაფრით არ უნდოდა სახლიდან ფეხი გამოედგა, მაგრამ გული უსაშველოდ დაუმძიმდა, სულ სისხლმა დაუწყო წვეთა და, რაღა ექნა, გაუდგა გზას. იარა, იარა, ხედავს, აგერ, ხეში ვადამდე ჩარჭობილი ხანჯალია.
გადაირია, ახლა კი ნამდვილად გადაუყლაპავს ჩემი ძმაო. მაშინვე ძალიან ბევრი ღონე მოემატა, ამოგლიჯა ხანჯალი და დევს მუცელი გამოუფატრა. დაჩი აგერ არ ყურყუტებს! წამოიყვანა დაჩი სახლში, არც უწყრება და არც არაფერს ეუბნება, რა ქნას, ძმა მაინც ძმაა.
ჩათვლემილ დაჩის ეღიმება და თავისთვის ამბობს:
- ძმა მაინც ძმაა!
მანო უჩამიჩუმოდ გაიპარა ოთახიდან.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |