მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1463 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იყო და და ძმა.

- მე და მანო? - იკითხა დაჩიმ.

- და და ძმა კი იყო და თუ გინდა, შენ და მანო იყავით.

- მე და მანო ვიქნებით, - თქვა კმაყოფილმა დაჩიმ.

- ჰოდა, ამ დაიას ისე ძალიან უყვარდა ძმა...

- მე ვუყვარდი? - ჩაერია ისევ დაჩი.

- ახლა გულს ნუ გამიწყალებ! - წარბი შეიკრა ბაჩომ, - მაცალე, გიამბო.

დაჩიმ იცოდა, ბაჩო თუ გაჯავრდებოდა, არაფერსაც არ მოუყვებოდა, იფიქრა, უზღაპროდ დამტოვებსო და სმენად იქცა.

- ჰო, იმას ვამბობდი, - განაგრძო ბაჩომ, - ამ დაიას ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა ძმა. როცა დაჩი სანადიროდ წავიდოდა, მანოს სახლში დარდით გული უსკდებოდა: ჩემს ძმას არაფერი შეემთხვეს, არაფერი მოეწიოსო.

დაჩის ნადირი თუ შორს გაიტყუებდა და შეაგვიანდებოდა, დის გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. როცა ძმას დაინახავდა, თავისი დარდი სულ ავიწყდებოდა და დაჩის ეგონა, ჩემი დაია სულ ასეთ მხიარულ გუნებაზეაო.

ერთ დღეს დაჩის შეაგვიანდა. მანომ უცადა, უცადა, მერე ჭიშკართან დადგა და გზას თვალს არ აშორებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ძმაც გამოჩნდა.

დაჩი ძალიან დაღლილი და მოწყენილი ჩანდა.

- რა იყო, რა დაგემართა ძამია? - ჰკითხა შეშფოთებულმა დაიამ.

- რაღა რა დამემართა, ვერ ხედავ, ხელცარიელი დავბრუნდი?

მანოს ისე გაუხარდა ძმის გამოჩენა, სულ არ შეუნიშნავს, რომ ნანადირევი არ მოუტანია. დაჩივით საქვეყნოდ განთქმული მონადირის ხელცარიელი დაბრუნება კი არავის გაეგონა.

- რა იყო, ძმაო, შეუძლოდ ხომ არ იყავი? - გული კინაღამ გადაელია დაიას, მაგრამ დაჩის თავისი სადარდებელი აწუხებდა და მანოს არც კი შეხედა, ისე დაიწყო:

- შენ ხომ იცი, როგორი მონადირე ვარ?

- მე თუ არ ვიცი, აბა, ვის ეცოდინება?..

- მე რომ ნადირს ნიშანში ამოვიღებ, მისი საქმე წასულია.

- შენი დაია ნურც მოსწრებოდეს, რომ შენი ნასროლი ისარი მიზანს ასცდენოდეს და მოქნეული ხმალი გადაგტეხოდეს.

- ჰოდა, ამ დილით უღრანი ტყის პირას ორი ირმის კვალს წავაწყდი. გავყევი და, რას ვხედავ: დაცქვიტა ყურები მჭლე ფურ-ირემმა, ჩემსა და მსუქან ირემს შუა ჩადგა. მოვზიდავ მშვილდს, დავუმიზნებ ისარს ქორბუდას, ეს მჭლე მაშინვე დაცქვეტს ყურებს, აწრიალდება და მაინცდამაინც მსუქანს ჩამოეფარება. ვიფიქრე, ეს მსუქანი რომ მომაკვლევინა, იმ სუსტს ცოტა ხორცი დაედება-მეთქი.

- ის რომ მოგეკლა, მჭლეს რაღა გაასუქებდა?! - გაუკვირდა მანოს.

- როგორ რა გაასუქებდა. იგი მუდამ ქორბუდაზე ზრუნვას უნდება, თავი სადღა ახსოვს.

- ეს ასე იქნებოდა, მაგრამ...

- რა მაგრამ, - გაჯავრდა ისედაც უგუნებო დაჩი, - ჩემი თვალით ვუყურებდი და შენ მასწავლი?

- მერე რა, რომ შენი თვალით უყურებდი, მე ვიცი, მსუქანი რომ მოგეკლა, მჭლეც დაიღუპებოდა.

- თუ არ ვესროდი, რა დაღუპავდა?

- ქორბუდას სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა.

- მისი მოკვლა რომ მნდომოდა, მთელი დღე იმდენს არ ვდევდი, ვესროდი და გავათავებდი.

- ისრით კი არა, დარდით მოკვდებოდა, - ჩაილაპარაკა მანომ.

- რამდენჯერაც დავუმიზნე, იმდენჯერ რომ ჩამომეფარა, ავდექი და ფეხაკრეფით შემოვუარე, ხომ იცი, როგორი ფრთხილი ვარ ნადირობისას, მონადირეებს წესად გვაქვს, რაც არ გვჭირდება, არც უნდა მოვკლათ. მთელი დღე მუხლი არ მომიხრია იმდენი ვდიე, ვუტრიალე და, შენ თვითონ ხედავ, როგორი სირცხვილი ვჭამე. სახლში გაწბილებული დავბრუნდი.

- ეს იმის ბრალი არაა, ჩემო ძამია, რომ ცუდი მონადირე ხარ, მადლობა ღმერთს, შენი ამბავი ქვეყანამ იცის.

- გულს მიკეთებ, - დაჩიმ თავი სინანულით გადააქნია.

- დაჩი, იცოდე, - თქვა მანომ და თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ძმას თავისი ჯავრი ჰქონდა და არ შეუმჩნევია, - როგორც იმ ქორბუდა ლაღ ირემს მოკლავ, შენმა ნასროლმა ისარმა ახლოსაც რომ არ გაუაროს, მჭლე მაინც მაშინვე სულს დალევს, ის ძვალტყავა ირემი ქორბუდას დაა.

- ვიცი, რატომაც მეუბნები, - თქვა სინანულით დაჩიმ, - გინდა არ შევწუხდე, რომ ვერ ვინადირე.

- შენ, როგორც გინდა, მაგრამ ჩემი სიტყვა დაიხსომე: არ მოკლა ქორბუდა.

- ის მე ვიცი! - გაბრაზდა დაჩი და მეორე დღეს უთენია წავიდა.

იარა, იარა, მიადგა იმ ადგილს, სადაც წინა საღამოს ირმები თვალთაგან დაეკარგა და მალე მათი ღამენათევი ადგილიც იპოვა.

მსუქან ირემს ტანით სულ დაეტკეპნა ჩამონაყარი ფოთლები, იქვე, მის წინ, თავთან, ძლივს ეტყობოდა მეორის ნაწოლი.

გაჰყვა კვალს დაჩი, იარა ტყე-ტყე, მინდორ-მინდორ და მაღალ ცვრიან ბალახებში ირმებსაც წააწყდა, მაგრამ, რად გინდა, მჭლემ ისევ არ მისცა საშველი, ვერსაიდან სამიზნედ ვერ ჩაიგდო ქორბუდა. წინ გაირეკა, მჭლე უკან აედევნა ძმას, წინიდან მოუარა, წინ აეფარა.

სახლში დაიას სული ელეოდა, სანამ ძმა გამოჩნდებოდა.

გვიან გუშინდელზე უფრო დანაღვლიანებული დაბრუნდა დაჩი. მის დანახვაზე მანო ცას ეწია.

- არ გაგიკვირდეს, თუ დღესაც სამიზნედ არ დაგანება და იმ მხარეზე იდგა, საიდანაც საფრთხე ელოდა ძმას.

- ნუ მამშვიდებ, - უთხრა დაჩიმ, - ჩემზე ალბათ ქვეყანა ლაპარაკობს, ცუდი მონადირეაო.

- მე რომ მკითხო, ორივეს ხელუხლებელს დავტოვებდი.

- ჩემი საქმე მე ვიცი! - გაცხარდა დაჩი, - შენ გინდა ირმის მონადირეობაზე ხელი ამაღებინო და სახელი გამიტეხო.

დაიაზე გულმოსულმა დაჩიმ მთელი ღამე იფიქრა, იფიქრა და მეორე დღეს ეშმაკობა იხმარა: ქვებით დაიტენა ჯიბეები. წავიდა ტყეში. იპოვა ირმები. აცოცდა ხეზე და ქვები სამ მხარეს გადაისროლა.

დამფრთხალმა ირმებმა მეოთხე მხარეს მიაშურეს, სადაც ხეზე მონადირე იყო ჩასაფრებული. აბა, ზევიდან როგორ გადაეფარებოდა მჭლე ირემი და დაჩიმ მაშინვე ესროლა.

დაჩის ნასროლი რომ მიზანს არ ასცდება, ვინ არ იცის. მშვიდად ჩამოვიდა ხიდან, გაჰყვა სისხლიან ნაკვალევს და, რას ხედავს, აგერ მჭლე ირემი გდია, გახეთქია გული და სისხლი სდის.

დაჩიმ თავში ხელი შემოიკრა, სამი დღეა ამას ვერიდებოდი, მაინც მჭლეს მოხვედრია, დავიღუპე, მომეჭრა თავიო. ხედავს, სისხლის კვალი ისევ მიდის. გაჰყვა და აგერ ისარგაყრილ ქორბუდა ირემს არ წააწყდა? გაუკვირდა, რომელსაც ვესროლე, ის უფრო შორს წასულა და რომელიც ეკალსაც არ გაუკაწრავს, უფრო ადრე მომკვდარაო.

დაია მართალი გამოდგა. დაღონდა მონადირე, არ იცის, რა ქნას. ამ დროს ხეზე ერთი პატარა ჩიტი შემოჯდა და ატირდა:

- ძმაო, ვაი, ძმაო!

დაჩიმ აიხედა და ჰკითხა:

- შენ რაღა გატირებს, ეს ქორბუდა ირემი შენი ძმაც ხომ არ იყოო?

- ეგ არაა, მაგრამ მე ჩემს ძმას ვეძებ და ვტირიო.

- შენს ძმას რაღა დაემართაო? - ჰკითხა დაჩიმ.

- დამეკარგა, ვეძიე, ვეძიე, სულ მოვიარე ცა და მიწა, ახლაც ვეძებო.

- ალბათ, მკვდარი რომ ნახო, შენც გული გაგისკდება, შე საცოდავო, - შეებრალა დაჩის.

- ძმისთვის უკვდავების წყალიც კი ვიშოვე, მაგრამ რა ვქნა, რომ ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეო.

- შენ რომ გისმენ, ეს მჭლე ირემი კიდევ უფრო მებრალება, - უთხრა დაჩიმ და თავი ჩაჰკიდა.

- მონადირეებს უყვართ ნანადირევით თავის გამოჩენა. შინ რომ არ წაიღებდე, მაგ ქორბუდას ახლავე გავაცოცხლებდი.

- შინ რომ მივიტანო, ჩემს დაიას რა ვუთხრა, მირჩევნია ხელცარიელი დავბრუნდე. ამ მჭლე ირმის მოკვლას არ ვაპირებდი, იქნებ ამისთვისაც გეშველა რამე.

- არა, - უთხრა ჩიტმა, - ნანადირევს თუ შეელევი, მარტო ძმას გავაცოცხლებ, დას კი უკვდავების წყალი არ უნდა.

ჩიტმა ფრთის ქვევიდან ერთი წვეთი ალმასის წყალი გამოიღო, ნისკარტით ჩააწვეთა პირში ქორბუდას და მაშინვე ფეხზე წამოაყენა. ქორბუდამ ამაყად მიაბრუნ-მოაბრუნა მშვენიერი დატოტვილი რქები, მერე დაია მოიძია, დაადგა თავზე, დაყნოსა და საცოდავმა ძვალტყავა ირემმაც თვალი გაახილა.

დაჩი უკვე სიზმარში ხედავდა გაცოცხლებულ ირმებს, გახარებულები რომ დაკუნტრუშობდნენ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ