მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1157 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

- იყო ერთი ბიჭი.

- მე ვიყავი! - წამოიძახა დაჩიმ.

- ნუ ღრიალებ, თუ გინდა შენ იყავი!

- მე ვიქნები! - დაშოშმინდა დაჩი.

- იყო დაჩი და მეზობლის ბიჭი გოჩა.

- გოჩა მსუქანია!

- მსუქანია თუ გამხდარი, მეზობლის ბიჭია და მოყოლა მაცალე, თორემ უზღაპროდ დარჩები.

დაჩიმ იფიქრა: მართლა უზღაპროდ არ დამტოვოსო და ხმა გაკმინდა.

- გოჩა ღრმა ჯამზე დაფხვნიდა პურს, დაასხამდა რძეს და მადიანად ამოხვრეპდა, მერე ორ ფუნთუშას გადასანსლავდა, ბისკვიტს ხომ არც ერთს არ დატოვებდა, ბოლოს მაინც განჯინაში შერგავდა თავს, და თუ მეტს ვერაფერს იშოვნიდა, ცივ მჭადსაც დააყოლებდა.

- გოჩა, დოყლაპია ხომ არ გამოხვალ? - ჰკითხა ერთხელ დაჩიმ.

გოჩამ გულის მოსვლა არ იცოდა, გაიცინა და უპასუხა:

- მე ღონიერი გამოვალ, დაჩი, და სანადიროდ წაგყვები.

- ტყეში მოგშივდება და აღრიალდები, ვინ გაიგონა შენი ნადირობა!

- მოშიებით კი მომშივდება, მაგრამ რაკი მსუქანი ვარ, მოვითმენ. ცოტა საჭმელი რომ გვექნეს, შენ დაგითმობ.

- თუ მომშივდება, მწვადს შევწვავ, შენ მონადირის ამბავი არ იცი.

- მაშინ სხვა რამე თუ გაგიჭირდება, ღონიერი რომ ვიქნები, მოგეშველები.

- მე მყავს ძამია და დაია, მყავს ბიძაშვილები და შენი მოშველება არ დამჭირდება.

გოჩას ძალიან ეწყინა, მაგრამ რაკი გულის მოსვლა არ იცოდა, მაინც იცინოდა.

ერთ დღეს ვეფხვების ქვეყნიდან თუთიყუში მოფრინდა და ძალიან საწყენი ამბავი მოიტანა: დაჩის ძუძუმტე ბოკვრები უგზო-უკვლოდ დაკარგულან და მათი ასავალ-დასავალი ვერავის გაუგიაო. ჯავრზე დაჩის დედობილი ვეფხვი ლოგინად ჩავარდნილა. იქ ხეები თუთიყუშებითაა სავსე, ისიც შეხვეწია ერთ ნისკარტკაუჭა ჭრელ თუთიყუშს: წადი, დაჩის შეატყობინე ჩემი ამბავი, უთხარი, ისემც ჩემი რძე შაქრად შეგერგება, მომეშველე-თქო.

ეზოში რომ ლამაზი, ჭრელი ჩიტი დაუნახავს, გოჩა ღობეს მისდგომია და ყველაფერი გაუგონია. უფიქრია, დაჩის რომ ვუთხრა, არ წამიყვანს, მოდი, ჩუმად გავყვები, ვეფხვების საძებრად მიდის, რაღაცა როგორ არ გაუჭირდებაო და როცა დაჩი გზას დაადგა, უკან აედევნა.

ჩასულა დაჩი ვეფხვების ქვეყანაში, უნახავს დედობილი, საწყალი თურმე ჯავრისაგან ძვალი და ტყავია.

- ნუ გეშინია დედობილო, - უთქვამს დაჩის, - ქვეყანას ვიცნობ და ქვეყანა მიცნობს, ჩემს ძუძუმტეებს როგორ ვერ ვიპოვიო.

გოჩა, ხომ იცი, მსუქანი ბიჭია და მსხვილ ხესაა მოფარებული. ვერავინ ხედავს, თვითონ კი ყველას ხედავს და ყველაფერი ესმის.

დაჩის იქაური მონადირეებისათვის დაუძახია. გახარებიათ ამ საქვეყნოდ განთქმულ მონადირის ნახვა. რატომ მოგვიძულეო, უთქვამთ.

დაჩი ძალიან ნაწყენი ყოფილა, გულმოსულად უკითხავს:

- ჩემი ძუძუმტე ბოკვერები ხომ არავის მოგიკლავთო?

- დაჩი, როგორ გეკადრება, - სწყენიათ მონადირეებს, - ვეფხვები ისედაც ცოტაა ჩვენს ტყეებში და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით, ამას გარდა, ნადირის სახსენებელი რომ სულ ამოგვეწყვიტა, შენს ძმობილებს, შენი ხათრით, ხელს როგორ ვახლებდით, ჩვენ მაგის ხალხი ვართო?!

გოჩა, თურმე, ახლა აგერ ეფარება, რა თქმა უნდა, ისევ მსხვილ ხეს.

- კარგი, - უთქვამს დაჩის, - ახლა თქვენთან ლაპარაკის დრო არა მაქვსო, - და წასულა.

მასპინძლებს ამ სახელოვანი სტუმრის დაპატიჟება და პატივისცემა ნდომებიათ, მაგრამ სიტყვა ვერავის გაუბედავს.

დაადგა გზას დაჩი და ფიქრობს: მოდი, ლომთან მივალ, ნადირთა ხელმწიფეა, მის სამეფოში რა ხდება, მეფე თუა, მეფემ უნდა იცოდესო.

მოვიდა დაჩი. თურმე მაშინვე იცნეს, შეხედეს - შუბლშეკრულია განთქმული მონადირე, კარისკაც ნადირებს შიშით სულ კანკალი ატეხიათ, არაფერი ვაწყენინოთ, თორემ მაგას ვინ გადაურჩებაო.

ყურთამდე გააღეს კარები: მობრძანდი, ბატონო დაჩი. ალბათ, მეფესთან გექნებათ საქმე, აბა, ჩვენთვის რავა გაირჯებოდიო.

ლომი სულ დაბერებულა და დაუძლურებულა, მაგრამ მეფეს სანამ პირში

სული უდგას, ტახტიდან თუ ძალით არ გადმოაგდე, ხელმწიფობას შენ დაგანებებს? თვალსაც დაჰკლებია, მაგრამ ჟურნალიდან ამოჭრილი დაჩის სურათი კედელზე ჰქონია გაკრული და მაშინვე უცვნია. წამოვარდნილა ფეხზე, შეგებებია. ხედავს, დაჩი დაჯავრიანებულია. აბღავლებულა მეფე:

- არაფერი დამიშავებია, შენ სურათზე დაწოლის წინ ვლოცულობ, დღეიდან დილითაც დავიწყებ ლოცვას, რას მერჩი, მე შავ დღეზე გაჩენილსო.

დაჩის უთქვამს: შენი ლოცვა რა ჯანდაბად მინდა, ჩემი ძუძუმტეების ხომ არაფერი გაგიგიაო.

- ლომის პირობაზე ნამეტანი კეთილი ვარ, რაც შენი სახელი გავიგონე, მას მერე მადა ისედაც არა მაქვს, ნახევარ ულუფას ვჭამ, აწი იმასაც მოვუკლებო, - ისევ თავისას გაიძახის მეფე, რაკი მთლად დაყრუებულა და დაჩის კითხვა არ გაუგონია.

- ჩემი ძუძუმტეების ამბავი ხომ არ იციო? - აყვირებულა დაჩი, იქნებ გაიგონოსო.

ლომს რომ დაუნახავს, ყვირის დაჩიო, უფიქრია: კიდევ უფრო გავაბრაზეო, დავარდნილა მიწაზე და ბიჭს თურმე ფეხებს ულოკავს, არ დამღუპო, არ დამაქციოო.

გამობრუნებულა დაჩი, ამ გამოყრუებულს რა ველაპარაკოო.

მეფის პირველ კარისკაც - ჯიქს, ხმადაბლა ჩაულაპარაკია: დაჩის ძუძუმტეებს გარეულ ღორებთან ჰქონდათ მტრობა და შეიძლება რაიმე უბედურება შეამთხვიესო.

დაჩის მაშინ ყურადღება არ მიუქცევია, მიდის და მიდის, მიარღვევს ტევრს, გოჩა მისდევს, მაგრამ მსუქანია და თუ ხეები ერთმანეთთან ახლოსაა, უნდა შემოუაროს, შუაში ვერ გაეტევა. გათავდა ტყე და დაჩი ყვითელ სილაზე გავიდა სადაც არც ხეა, არც ბალახი. დაჩიმ იფიქრა: რადგან სილაა, ალბათ, ახლოს მდინარე ან ზღვა იქნებაო.

გოჩა, რაკი ტყიდან გამოსულა, ახლა თავისუფლად მისდევს, მაგრამ წელში წახრილა, არ დამინახოსო.

მიდის დაჩი, არც წყალი ჩანს, არც - ხე, არც - ბალახი, არსად - ნადირი, არსად - ფრინველი. ასეთი უკაცრიელი ქვეყანა დაჩის არ ენახა და არც სჯეროდა, რაღაცას როგორ ვერ შევხვდებიო. იარა, იარა, სულ დაიქანცა, უნდა დაჯდეს, დაისვენოს, მაგრამ ჩრდილი არაა. მოსწყურდა, წყალი არაა, მოშივდა, ირგვლივ სილის მეტი არაფერია. თურმე რა დაგიკარგავს, რას ეძებ, უდაბნოა და არც ერთი ცხოველი და ფრინველი აქეთ არ წამოვა, რაკი მშიერ-მწყურვალი ვერ გაძლებს. დაჩიმ, უკან რომ დავბრუნდე, დედობილს რა ვუთხრაო, გზა განაგრძო. ბოლოს დაინახა ერთი რაღაც უშნო ოთხფეხი, რომელიც ეკლიან ბალახს ჭამდა, ახლოს რომ მივიდა, იცნო - აქლემი იყო.

- რას გიგავს მოყვანილობაო? - გახუმრებია დაჩი.

- რასაც მიგავს ხომ ხედავ, ამ უდაბნოში ჩემზე ლამაზი არავინააო.

- წყურვილით ყელი მიხმება და რა მეშველებაო? - უკითხავს დაჩის.

- მაგისი რა მოგახსენო, - თავი გაუქნევია აქლემს, - უკვე მეც მწყურია, ახლა წყალზე მივიჩქარიო.

- ჩემს ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წყაროა, აქ რა უბედურება ყოფილა, მეგონა, ყველაფერი ვიცოდი და არ მცოდნიაო.

- ვისთვის უბედურებაა, ვისთვის ბედნიერება, აქ უშიშრად ვარ, თავს ვერავინ დამესხმება, წყალს ერთი კვირის მერე დავლევ და ისევ აქ დავბრუნდები, - გზას დაადგა აქლემი.

- აბა, მარტო შენი ყოფილა ეს ქვეყანაო.

- ჩემია, - დაეთანხმა აქლემი, - თუ შენისთანა გზააბნეული არ შემოეხეტა. ამას წინათ გარეულ ღორებს ორი ვეფხვი შემოეტყუებინათ ამ უდაბნოში და შიშით კინაღამ სული გამძვრა, მაგრამ წყურვილით ისე იყვნენ დაუძლურებულნი, ფეხზე ვეღარ დგებოდნენო.

- ეუ, ჩემი ძუძუმტეები იქნებოდნენო! - შემოუკრავს თავში ხელი დაჩის და მაშინვე გაქცეულა.

ურბენია, ურბენია, და აგერ ამ ტიალ სილაში ხედავს, რას ხედავს: ორივე ბოკვერი... უკვე რაღა ბოკვერები, ვეფხვები გამხდარან. სული უდგათ და მეტი არაა. ვეფხვები ტყუპები იყვნენ და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ, მაგრამ ერთს ლურჯი წარბები ჰქონდა, მეორეს - მწვანე წამწამები. ამოუდვია დაჩის იღლიაში ლურჯწარბიანი, მაგრამ დაღლილს და მშიერ-მწყურვალს მეორე ვეღარ უზიდავს. არა და რა ქნას, ძუძუმტე ძუძუმტეა, ჯერ ერთი უთრევია, უთრევია, დაქანცულა, დაუშვია მიწაზე, მობრუნებულა უკან, ახლა მწვანეწამწამიანს მოათრევს, მოჰყავს, თან ფიქრობს, თუ ასე წინ და უკან ვიარე, აქედან როგორ გავაღწევო.

მისულა იქ, სადაც ლურჯწარბა დატოვა, ვერ უნახავს, აქ რას გაიგებ, არც ხეა, არც ბალახი, იქნებ უფრო შორს წავიყვანეო, იარა, იარა და ქანცი ისევ რომ გაუწყდა და უნდა დაეცეს, წინ მეორე ვეფხვი დაინახა. როგორმე იქამდე მივალ და მეტი აღარ შემიძლიაო. მიდის, ვერაფრით ვერ მიაღწია. მოიკრიბა ძალ-ღონე, აუჩქარა ფეხს, ვერ იქნა და ვერ მიუახლოვდა, გაბრაზდა, სულ აუჩქარა ფეხს და ხედავს, რას ხედავს! ტყე არ გამოჩნდა? სადაც ტყეა, იქ წყალიც იქნებაო, - გაიფიქრა დაჩიმ და სულ დაავიწყდა, რა გასაჭირიც ადგა.

მართლაც, აგერ, ტყის პირას, წევს ლურჯწარბა ვეფხვი და წყალს ლოკავს. მივიდა დაჩი, დაუშვა მიწაზე მწვანეწამწამებიანი ძუძუმტე და თვითონაც წყაროს დაეწაფა. როცა მოსულიერდნენ, დაჩიმ ლურჯწარბა ძმობილს ჰკითხა:

- აქ ვინ მოგიყვანაო?

- არაფერი ვიცი, მგონი, შენ მომიყვანეო.

-- დაჩიმ მე მომიყვანა, ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ კარგად მახსოვსო, - უთხრა მწვანეწამწამებიანმა ძმას.

დაჩიმ მიიხედ-მოიხედა, უდაბნოსთან მეჩხერი დაგვალული ტყე ხარობდა. ხედავს, გოჩა ხეს ეფარება, მსუქანი მუცელი კი უჩანს.

- გოჩა! - დაუძახა დაჩიმ, - დაგინახე, ნუ იმალებიო!

- გოჩა გამოვიდა და გაიცინა.

- წყალი დალიე, არ გწყურიაო? - ჰკითხა დაჩიმ.

- მწყურია, მაგრამ ვითმენ.

- აგერაა წყალი და სვი, რატომ ითმენ?

- ბევრი რძის სმა რომ მიყვარდა იმიტომ.

- ეს ვინააო?! - გაჰკვირვებია ვეფხვებს, - რა მსუქანი ბიჭიაო.

- ჩემი მეზობელია, - უთქვამს დაჩის, - ბევრი ჭამა და სმა უყვარს. ხომ ხედავთ, უდაბნო მოიარა, შენც მაგან მოგიყვანა, აგერ წყაროა და არ სვამს, ითმენსო.

- უჰ, მაგის ოჯახი ააშენა ღმერთმა,.. - გახარებიათ ვეფხვებს, - კინაღამ არ დავიხოცეთ? ჩვენ კი არა, მგონი უწყლოდ შენც კი გაგიჭირდაო.

- გამიჭირდა, აბა არა?! მაგას რომ არ ეშველა, სამივე იმ მშიერ-მწყურვალ უდაბნოში ვეყრებოდითო.

მერე დაჩის დედობილისთვის გაუცვნია გოჩა. გოჩას ისევ გაუცინია. გახარებულ დედა ვეფხვს შვილებისათვის უთქვამს:

- აი, მეზობელი და მეგობარი ასეთი უნდა, დღეიდან არ დავინახო მეზობლებში თქვენი კინკლაობა და ჩხუბი, მეგობრებს თვალის ჩინივით გაუფრთხილდითო.

- აწი ასე ვიზამთო, - თვალი დაუხრიათ ბოკვერებს, მაგრამ ლურჯწარბას ნამეტანი შერცხვენია, შევარდნილა ბუნაგში, გამოუტანია დაჩუტული წითელი ბუშტი და მეზობელ ავაზის შვილებთან გაქცეულა, თურმე მათთვის წაურთმევია. მირბის და თან ბუშტს ბერავს, დაჩუტული რომ მივუტანო, არ ეწყინოთო.

ბაჩოს უნდოდა უკან დაბრუნების ამბავიც მოეთხრო, მაგრამ მთვარის სინათლეზე დაინახა, დაჩის თვალები დახუჭული ჰქონდა. ჰოდა, თუ ლოგინში წევხარ და თვალები დახუჭე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაგძინებია, ხოლო ვისაც სძინავს, იმისათვის ზღაპრის მოყოლა აუცილებელი არაა.

ბაჩოც, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვიდა ოთახიდან, გამოსვლისას კარმა ცოტა კი გაიჭრიალა, მაგრამ დაჩის არაფერი გაუგონია


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ