1
აწ მე აღვიძრავ ენასა, ვადიდებ ღმერთსა ზენასა; ვიწყო მე გალობა, მიყოს მან წყალობა. მან ქმნა ვაჟ-ქალობა, მისცა ტრფიალობა.
2
მე ჩემს საყვარელს შამყაროს, არ შემაძულოს, მაყვაროს. მაქვს ტრფიალთ წილდება, მწვავს სახმილთ კიდება; ამისთვის მინდება ქება და დიდება.
3
დავით თქვა ღვთისა ქებანი, უკრა ქნარ-წინწილ-ებანი, ღვთისავე ნებითა კარგისა მცნებითა იპოვა ძებნითა! ადიდა ებნითა!
4
ათძალს ალყანი აუბნა, უკრა, ღვთის ქება აუბნა; ორღანოს დაბერა, ქნარზედა დამღერა, ფსალმუნი აღწერა, ღმერთს გული აჯერა.
5
აქებდა ღმერთსა ცათაგან, ყოველთა მისთა ძალთაგან, იროკა, ისამა, საბაოთ იწამა, მამის და ძისამა და სულის თქმისამა.
6
სთნდა ღმერთსა ქნართა ხმობანი, დავითის კარგი ყმობანი. წინასწრ თქმულია, ყურითა სმულია, ვითარ აღთქმულია, ძედ სახელ რქმულია.
7
მოსცა ძე ბრძენი, ჭკვიანი. შეიქნა მეფე სვიანი. ქალწულსა ახარა, ძედ მუცლად სახა რა, მადლითა დაფარა; ყრმა იშვა პატარა.
8
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა" - გალობდენ მაშინა. ზეგარდმო თხრობილი, ქვეყნადა შობილი, კაცთა ძედ მკობილი, ღმერთადა ცნობილი.
9
იესო ქრისტე სახელად ეწოდა დასაძახებლად, - გამოჩნდა მხსნელია, განათლდა ბნელია! სახმილი ნელია, აღარა ძნელია!
10
ხმა გვესმა გასახარელი: მოგვეცა ძე საყვარელი! აწ ერნო იხარეთ, სიბრძნენი იხმარეთ, რაც მოგცათ, იკმარეთ ეს ნუ გაიკმარეთ.
11
ძედ სიტყვა ღვთისა მოვლინდა; კაცთა ძედ ქვეყნადა ვლიდა: სნეულთა ულხენდა, ბრმათა თვალს უხელდა, მკვდართა აღუდგენდა, წყალს ღვინოდ უქცევდა.
12
ვერ იცნეს, ვეცხლზედ გაყიდეს, ზურგზედა ჯვარი აჰკიდეს, გალანძღეს, გაკიცხეს, თვალ-აკრულს თავში სცეს: ვინ გცაო? - მას კითხეს, მათ სისხლი თავს იცხეს.
13
საჯეს, ბრალეულ გახადეს: ტანისამოსი გახადეს. უბრალო დასაჯეს, გოლგოთას ჯვარს აცვეს, ეკალი თავს ადგეს, ნაღველი მას ასვეს.
14
უგმირეს გვერდსა ლახვარი, გამოხდა სისხლი და წყალი. შეიქნა მშობელი თვალ-ცრემლ-უშრობელი, გულითა მლმობელი, ლახვართა მსობელი.
15
დაჯდა სატყებრად, გოდებად, თავთა ხლად ხე-ქვა-ლოდებად, გულსა სახმილის მოდებად, შესაბრალ-შესაცოდებლად. ვაი, რა შესაზარია მისი მოთქმა და ზარია! გოდება ანუ არია, მთქმელთათვის ყველა მწარია! |
დავითიანი / პოემა • • • ![]() |