1492
ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს, აწ ბოროტსა არ დაჰბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
და თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
1493
ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
და მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.
1494
იგი მზე უჯდა კუბოსა და ეგრე არონინებდეს;
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს;
სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
და მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
1495
მას ჰგვანდეს, თუ-მცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,
და სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
1496
ტარიელ ბრძანა: "მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
და მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა".
1497
მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
და ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
1498
მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
და არ იტყვიან, თუ: არ გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.
1499
უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები,
და მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.
1500
ფრიდონს უთხრა: "ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების";
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
და შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების".
1501
ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
"მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინ-მცა იყო ვითა კეტი,
და ჩემი ლხინი მუნამდის-ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!"
1502
ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად,
და ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
1503
მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალი ხანები.
დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
და ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
1504
ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
და გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
1505
მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
და დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
1506
აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი სპანია,
და ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია".
1507
რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
და ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
1508
ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა.
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
და შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ ჩ გულ-მაგრებისა.
1509
მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი,
და თქვეს: "ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!"
1510
რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
"აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
და ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.
1511
ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
და რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენ თანა ხლებულა".
1512
ტარიელ უთხრა: "კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმ-მცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
და ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა".
1513
მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი.
ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,
მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,
და წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.
1514
ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,
ცნა მეფემან, ტარიელ-ა, მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;
გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
და სდებს პატივსა ინდოთ მეფე მართ მამისა შესაგვანსა.
1515
ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ;
მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,
გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:
და "შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ".
1516
გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,
პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;
კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,
და მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.
1517
მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.
ტარიელ ეტყვის: "მეფეო, აწ გული შენ გემონების;
მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!
და რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?
1518
ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
და ვიაჯ რასმე და აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა".
1519
დასხდეხ მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.
ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;
ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;
და დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:
1520
"მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,
მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად, მქენებლად;
თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
და ვინ არის ჩემად სინათლედ და ბნელთა გამათენებლად.
1521
აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:
ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით,
დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;
და არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.
1522
თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
მუხლ-მოყრილი გაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,
და რომე მისცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
1523
ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა".
ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა,
ადგა, მუხლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.
და გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბვისა მომსმენელსა.
1524
რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: "ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
და თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.
1525
ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,
ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;
გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
და სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!
1526
მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა;
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;
ვარდი ახლად იფურჭვნების, მე ყვავილი დამებერა,
და რად-მცა ვჰკადრე შეცილება, რასცა ოდენ იგი სჯერა!
1527
თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
ვინ-მცა გკადრა შეცილება, უშმაგო-მცა ვით მოგმდურდა!
თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?
და დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა".
1528
რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,
დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედა დაეფინა.
კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
და ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.
1529
ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა,
ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა!
წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,
და მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.
1530
მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;
ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.
მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
და მაგრა მისსა შვენებასა რა-მცა ვითა დაჰფარვიდა?!
1531
მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან;
ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;
უბრძანა: "ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;
და რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"
1532
მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არე-მარე:
"დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე;
ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,
და გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე, მარე".
1533
მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
1534
ყმა მეფესა მოახსენებს: "მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?
მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
და შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ".
1535
ტარიელსცა მოახსენა. შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
და ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.
1536
მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.
დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,
და დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხდომილმან.
1537
ეტყვის: "მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
და თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო".
1538
გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;
ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;
მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა,
და სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკე რბენასა.
1539
შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად,
ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,
არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,
და ადრე მივიდეს მეფისა სახლად საყოფად, არებად.
1540
შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა,
მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;
და შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.
1541
ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,
მოეგება, აკოცეს და საუბარი დააამეს,
იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,
და ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.
1542
თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა,
ტარიელ უთხრა: "შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
და მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა".
1543
ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა,
გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;
უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,
და ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.
1544
ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.
მეფე ეტყვის: "შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,
და ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა".
1545
აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
და თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!"
1546
მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
"ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება,
და ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!"
1547
ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: "მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
და მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს".
1548
ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება;
ქალსა ეტყვისა: "შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე შენი დება,
და ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება".