1428
ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: "მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
და მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
1429
აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
და ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.
1430
მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
და მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
1431
თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,
გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა,
და ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!"
1432
რა კაცი ტარიელისი ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკთობელსა, -
მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
და მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.
1433
ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქოწილისა მათისა,
მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარა სავალი დღისა ათისა;
და უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.
1434
შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,
და ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
1435
ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: "ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
და ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი".
1436
ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
"ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
და მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი".
1437
ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
და პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.
1438
მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
და კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.
1439
ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,
და მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.
1440
ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,
თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,
და მოახსენეს: "მადლი რა ვთქვათ, სვიანმცა-ა დავლა თქვენი!"
1441
ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა:
"დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა,
და ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა".
1442
ზღვათა მეფე მოახსენებს: "ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!
და რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!"
1443
ტარიელ ფატმანს უბრძანა: "მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია".
1444
ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
"მე მეფეო ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.
და ახ, ნეტარძი მოხლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!"
1445
ზღვათა მეფესა ეტყვიან სამნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
"უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგდაფენი,
და მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.
1446
შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო".
მეფემან ბრძანა: "არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
და რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!"
1447
მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
და ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
1448
გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;
ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უვიცართა,
და ბაგეთათ შუქი შეადგის ზედა ბროლისა ფიცართა.
1449
მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად:
"მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
და ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად".
1450
იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
და მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.
1451
მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები.
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომ ვეღარ გაჰხსნის ცულები,
და აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.
1452
ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
უბრძანა: "ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით-ა;
და მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!"
1453
ასმათ ჰკადრა: "მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდენ გნახენ მხიარულნი".
და სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.
1454
დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:
"რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ-ა მისი ღმრთება!
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
და წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება".
1455
მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს.
მეფე ეტყვის: "ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
და ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს.
1456
თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია".
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
და ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.
1457
მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქვმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: "რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
და თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვის-მცა ივაგლახეს!"
1458
ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა".
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: "ნურათ იქმთ გამწარებასა,
და ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!"
1459
ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: "თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
და აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა".
1460
მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
და მოტყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.
1461
შუკათათ მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
და მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.
1462
გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
გამოეგება მრავალი ოქრო სარტყლითა მონები,
ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
და თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.