1
ისმინეთ ერნო, გულთ მეცნიერნო, მე დავსძრავ ბაგებს, მოგითხრობ კარგებს; მიგდევით ყური.
2
სიტყვავ ძლიერო, ღვთივ ზეციერო, თხრობილო მაღლით, სმენილო დაბლით ძედ წოდებულად;
3
კურთხევად ჩვენდა, არ შესაჩვენად, ღმერთად ცნობილო, კაცათ შობილო ქალწულისაგან;
4
უმამოდ ქვეყნით, უდედოდ ზეცით, რომელ მოვლინდი და ქვეყნად ვლიდი, იესო ქრისტე.
5
მწყემსო კეთილო, ნაყოფ-კეთილო, ვარ გახდომილად ცხვარი ცდომილად, აწ მომიძიე!
6
მოდი საძებრად, ვგდივარ სად მთხრებლად, გამკურნე ჭირი, მთხრებლს ახსენ პირი, აღმომიყვანე!
7
დამიხსენ ბნელით, ტანჯვითა ძნელით; ნუ მიმცემ მგელთა, მატლთა და გველთა, მელთ შესაჭმელად!
8
ამად გადიდებ, მავნეს მარიდებ, ხარ ჩემი მყვარი, მრწამს შენი ჯვარი სარწმუნოვებით.
9
ამად გიგალობ, მე შენა მწყალობ, ჩვენთვის ჯვარცმულო, საყვარლად თქმულო, აწ შემიყვარე.
10
აღმიპყარ ხელი, მწვავს ცეცხლი ცხელი, მაპკურე წყალი, დამშრიტე ალი, - წვა დამინელე;
11
ტკბილო იესო, მხამს განვილესო წამლად სასმელად, წლურზე სასმელად მე სისხლი შენი!
12
შენგნით ვიკურნო, არ დავიკრულო, არ გავხდე წბილად, ეშმაკთა შვილად, - ვიყო მე შენი.
13
შენგნით ხმობილად, კეთილ-შობილად ვიხსენებოდე, შენ მამად მყვანდე განუშორებლად.
14
ქრისტეს მაცხოვარს, გთხოვ ამ სათხოვარს, მარიდე ცხოვარს, საცა მგლის ხრო არს, მიხსენ მათგანა.
15
მე დავით ესე ვხან და ვითესე, ვინ ხართ ჭკვათმყოფნი, ესე ნაყოფნი ბრძნად მოიმკევით.
16
"არანანინას, თარანანინას" ესე სჯობია, ღვთის სამკობია: ალილუია! ესე სჯობია, ღვთის სამკობია: ალილუია, ალილუია, ალილუია! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |