1
ვითა ცხოვარი გზა შეცდომილი მგელთ წარსატაცად ფარეხთა გარე, ეგრეთ შენ, თაო, ხარ გახდომილი, ასეთი საქმე მე მოგიგვარე!
2
გავხდი გლახაკი და დავრდომილი, თუმცა საწუთროს მოვიანგარე; ვარ ცარიალზე მე დაჯდომილი, საუნჯისაგან კარს გარეთ მდგარე.
3
დავჰკარგე იგი ოქროს ბეჭედი, რომლით ნიშნულ არს ჩემი შვებადი, აწ მექცევიან ვანი გებადი მე საუკუნო განსვენებადი.
4
სიზმრად ვიხილე, კარს გარეთ ვრეკდი, ქორწილში შესვლად შიგნით ვიწევდი, ქრისტე, მიბოძე ასეთი ბედი, შენსა მას ქორწილს მეცა მიწვევდი!
5
მტერმან განმძარცვა მე შესამკელი, ტანთ საქორწინე შესამოსელი, ვა, თუ მით ვიქნა გარეთ მრეკელი, ქორწილსა შინა ვეღარ შემსვლელი!
6
შენ ხარ, უფალო, აწ ჩემი მშველი, ქრისტევ, შემმოსე მადლით შიშველი, პეტრე და პავლე, სამოთხის მცველი, ნუ მექნებიან კართა დამხშველი!
7
ნუ გძინავს, სულო, აწ განიღვიძე, რომ არ შეიქნა ლამპარ-შრეტილი, შუაღამისას მოვიდეს სიძე, გარეთ არ დარჩე კარ-დაკლეტილი.
8
ნუ ხარ სულელი, ზარმაც-უდები, არ დაგეკარგოს ქრისტეს ქორწილი, ნუმცა იქნები წილდაუდები, საინახისა არ ირგო წილი.
9
ვამე, ცოდვილსა და უბ[ა]დრუკსა, მე ვინ მაღირსებს ასეთს მაზმანსა, რომ დამიგრეხდეს სანთლის პატრუქსა, ან ზეთს მისხემდეს ჩემს მქრალს ბაზმანსა!
10
ვარ მე მტერთაგან მწარედ გაცრცვილი, ტანთ საქორწინე საცმელთ ხეული: სულ დამკარგვია ზეთი და ცვილი და საკერასე გორგლად ხვეული.
11
ქრისტევ, განმკურნე ბრმა-ყრუ-საპყარი, რომ მე აგინთო ბაზმა-ლამპარი, მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი, რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი! მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი, რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი! რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |