1393
ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1394
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.
1395
აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა.
და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.
1396
აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსი ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა".