1318
დაწერა: "ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
და უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!
1319
ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
და დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.
1320
იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
და ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.
1321
გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,
სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;
რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,
და არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.
1322
აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,
გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე;
ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,
და ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.
1323
ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია:
ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცა გული ამათთვის სრულია!
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხან-დაზმულია?
და "მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს", ესე ბრძენთაგან თქმულია".
1324
ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;
შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
და მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.
1325
მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,
გამოემართა იგი მზე პირია სავსე მთვარისა,
მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა;
და მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.
1326
ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,
იტყვიან: "მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა?
და და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა?"