1270
ფატმან სწერს: "აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
და ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!
1271
თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;
შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბვითა, მო, ალხენიე,
და ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.
1272
მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;
და შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.
1273
ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:
და ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?
1274
რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;
მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე!
შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე,
და ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესააფერნი შეგაზავნე!"
1275
წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები;
დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები;
ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები,
და შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?"
1276
ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა:
"ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!"
მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
და მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.
1277
წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა.
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
და მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
1278
ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;
იგი ეზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,
და შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი.
1279
ზანგმან უთხრა: "ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?
მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები;
ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,
და მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!"
1280
პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა,
ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;
და იკითხავს, სულთქვამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.
1281
მონასა ჰკითხა: "მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?"
მან მოახსენა: "ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი,
და რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.
1282
ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;
მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;
მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,
და ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.
1283
აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,
მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა.
იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;
და მე გამოგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა".
1284
ქალმან უთხრა: "მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,
და მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი".