1084
დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:
1085
"ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.
1086
შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენ ზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემიცა ჭნებიან,
სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
1087
ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა,
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!
1088
მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვსცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე, ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!"
1089
ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი;
თქვა: "არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!"
1090
თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!"
1091
ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
მერმე იტყვის: "ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინ-ა;
რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვა-მცა რა ისმინა!
1092
ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, გამავალ-შემომავალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა".
1093
თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა".
1094
კვლა იტყვის: "ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, მაქვს რაცა, არ მ~მინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!"