1081
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.
1082
ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა,
იტყვის: "რა ვქმნა, რა მერგების?" - აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.
1083
"მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს".