906
რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.
907
იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს;
ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
908
ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ორგნით რებულნი, -
სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, -
შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
909
პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - დედათა-მცა გამოჰრიდნეს! -
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
910
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: "არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!"
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.
911
ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
912
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე!
913
აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა?
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა".
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
914
ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: "დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.
915
სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს;
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს".