ერთი მოხუცი კაცი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან თავის ვაჟებს სხვა ქონებასთან ერთად "ვეფხისტყაოსანიც" დაუტოვა.
ძმები წაიჩხუბნენ. ორივე ცდილობდა, წიგნი მას დარჩენოდა.
მოდავე ძმებს მეზობელმა უთხრა:
- თქვენ უთუოდ ძლიერ გიყვართ კითხვა და ბევრი წიგნიც წაგიკითხავთ, რადგან მის გამო ასე ჩხუბობთო.
ძმებმა თავები დახარეს. მათ ვერც ერთი წაკითხული წიგნი ვერ გაიხსენეს, რადგანაც წიგნებს არ კითხულობდნენ!
- მაშ, თქვენ იმ ორ სასაცილო კაცს ჰგავხართ, თავზე თმა რომ აღარ ჰქონდათ და სავარცხლის გამო ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენო, - ჩაილაპარაკა მეზობელმა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები