მინდორში ამაღლებული გორაკი იყო. ამ გორაკზე ჭიანჭველებს ბუდე ჰქონდათ. იმავე მინდორში ერთი უზარმაზარი სპილო ბალახს ძოვდა.
სპილო მიუახლოვდა ჭიანჭველების ბუდეს და უნდოდა, დაენგრია.
ჭიანჭველები სპილოს შეეხვეწნენ: - დიდო ბატონო, ბუდეს ნუ დაგვინგრევ, ჩვენი შვილების ცოდვაში ნუ ჩადგები!
სპილომ ყური არ ათხოვა ჭიანჭველების ვედრებას და ჩაილაპარაკა: - რად უნდა შევისმინო ამათი თხოვნა, ერთი ციცქნანი არიან, სამაგიეროს გადახდა არ შეუძლიათ. ისევ ის მირჩევნია, ჩემი ძალა მათზე გამოვიჩინო, - დაადგა თავისი ტლანქი ფეხი ბუდეს და ჩაანგრია.
ჭიანჭველები საშინლად გაბრაზდნენ და სამაგიეროს გადახდა განიზრახეს.
ისინი ერთ გუნდად შეგროვდნენ და მიეხვივნენ სპილოს; ფეხებიდან ტანზე ააცოცდნენ, ზოგი ყურში შეუძვრა, ზოგი ცხვირში და კბენა დაუწყეს.
სპილო ბევრს ეცადა, როგორმე მოეშორებინა თავიდან თავისი მწვალებლები, მაგრამ ვერაფრით მოახერხა. ჭიანჭველები კბენდნენ და კბენდნენ სპილოს, მოსვენებას არ აძლევდნენ.
სპილომ ახლა კი ცხადად დაინახა, რომ პატარა სულიერებსაც შესძლებიათ სამაგიეროს გადახდა; მწარედ ინანა, რატომ ვუმტრე ჭიანჭველებსო, მაგრამ სინანული გვიანღა იყო.
ჭიანჭველები თავისას არ იშლიდნენ და საშინლად ტანჯავდნენ სპილოს. დაუსრულებელმა სიმწარემ, რამდენიმე დღის მოუსვენრობამ მთლად გადარია სპილო. აღარ იცოდა, რა ექნა, გიჟივით დარბოდა უგზო-უკვლოდ და კლდეზე გადავარდნა ელოდა.
მაშინ სპილომ იკადრა და დაუჩოქა ჭიანჭველებს: - ოღონდ ახლა მაპატიეთ და გეფიცებით, რომ ჩემს სიცოცხლეში აღარას გაწყენინებთო.
ჭიანჭველებმა უპასუხეს: - კარგი, შენსავით გულქვაობას არ გამოვიჩენთ, შეგიბრალებთ და გაპატიებთ, მხოლოდ ამ პირობით: დღეის შემდეგ შენ აღარ უნდა გაბედო არამც თუ ჩვენი წყენა, არამედ არაფერი არ უნდა დაუშაო სხვასაც, მით უმეტეს, პატარასა და სუსტსაო.
სპილომ ხელმეორედ შეჰფიცა ჭიანჭველებს . მაშინ გამარჯვებული ჭიანჭველები ჩამოცოცდნენ სპილოს სხეულიდან ძირს და მხიარულად გასწიეს ახალი ბუდის ასაშენებლად.
ჭიანჭველებს საკუთარი ძალის გამოჩე ნაზე მეტად ის ახარებდათ, რომ თავიანთი გულკეთილობით აჯობეს უზარმაზარ სპილოს.
იმ დღის შემდეგ სპილო გახდა მეტად მომთმენი, მშვიდი და უწყინარი ცხოველი.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები