813
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
814
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: "არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული,
აზომ რომე გაგათრიე შენ, ვაზირი გულის-გული.
815
თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: "წყენააო ჭირთა ბადე";
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკლადე".
816
კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,
რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
"შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!"
817
რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი".
818
რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: "უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის".
819
თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: "მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!"
რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
820
კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: "წასრულა მზე დაუდგომლად, მთვარულად?"
მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო ფარულად:
"მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!"
821
რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;
პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი,
მოსთქვამს, იტყვის: "ვაÎ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?
822
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები?
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
823
ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
824
ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?"
825
ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: "ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!"
826
რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
უთხრა: "ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,
სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?"
827
ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: "იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?"
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
828
მოახსენა: "საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;
დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!"
829
რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: "მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვან,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!"