მელია მინდორზე მიდიოდა. მაღლა ყვავებზე დარჩა თვალი და ჭაში კი ჩავარდა.
იმის ბედად, ჭაში ცოტა წყალი იყო; დახრჩობის საფრთხე არ იყო, მაგრამ მაღლა ამოსვლა კი ვერ უხერხდებოდა. იდგა წყალში მელია, არ იცოდა, რა ექნა და წუხდა.
ამ დროს ჭას ბაკიბუკით, წვერის ცანცარითა და გრძელი რქების ქნევით მიუახლოვდა თხა. ჩაიხედა ჭაში, დაინახა მელია და ჩასძახა:
- მანდ რას აკეთებ, მელია?
– ვისვენებ, ჩემო გვრიტო! - ტკბილად ამოსძახა მელამ, - მანდ მაღლა ცხელა და ამიტომ აქ ჩამოვხტი. უჰ, რა მშვენიერი სიგრილეა აქ, რომ იცოდე! ცივი წყალია იმდენი, რამდენიც გინდა!
თხას დიდი ხანია წყურვილით პირი უშრებოდა.
- წყალი მართლა კარგია? - ჰკითხა თხამ.
- შესანიშნავი, - უპასუხა მელიამ, - ანკარა და ყინულივით ცივი. ჩამოხტი აქ, თუ გინდა, ორივე დავეტევით.
მელიას ნათქვამით გაბრიყვებული თხა ჩახტა ჭაში.
შეხედეთ ამ წვერიან ტუტუცს, ჩამოხტომაც ვერ მოახერხა, სულ ერთიანად გამზუზნა, - თქვა მელამ წყრომით; შეახტა ზურგზე თხას, ზურგიდან რქებზე მოექცა, რქებიდან მაღლა ახტა და მოკურცხლა ტყისკენ.
დარჩა ჭაში უგუნური თხა. კინაღამ შიმშილით სული ამოსძვრა.
ბოლოს ძლივს მიაგნეს, მოსჭიდეს რქებზე ხელი და ამოიყვანეს ჭიდან.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები