1
დიდება შენდა უფალო, შენა ხარ კაცთა მოყვარე, გეაჯები, რომ შემინდო, მე ვისაც რამე მოვპარე! თუმცა გვარდუცი ვერცხლითა ვავსე, ყელამდინ მოვყარე, ისევ ცუდ იქმნა ჩემთვისა, გვარდუცით ვერ წამოვყარე.
2
ცრუვმან საწუთრომ რაც მომცა, ისევ იმანვე წამართო, ვით ხმელი შეშა საწვავად მე ცეცხლსა ზედან წამართო; აწ რითღა უნდა კეთილად მე ჩემი საქმე წარვმართო. ან ისრაელად რით გავხდე, ან რითღა მე ვიწარმართო?
3
ღმერთო, შემინდევ აწ ჩემი ნაქნარი ცოდვა და ბრალი; შორს განმარიდე ურიგო მე საქმე ფინთი და მყრალი, შენ დამიმშვიდე მე გული ღრძუვი, ფიცხელი და მწყრალი, რომ არ შევიქნა ღვინითა მე ჭირვეული და მთვრალი.
4
ვაი, თუ მოვჰკვდე ცოდვილი კაცი ავის ზნით მე ზრდილი, წამერთოს დღენი მზიანი, ღამენი ცა-მოწმენდილი; მდგომარეს ზღვისა ჭვრეტანი, ცა ვარსკვლავ-მთვარით ჭედილი. უკეთეს ვნახავ ვეღარას ხორც-მკვდარი, სულ-წარწყმენდილი.
5
ვაი, თუ მოვკვდე უმადლო, შევიქნა ცოდვის ზიერი, დავკარგო ხორცის სიმაძღრე, სულითაც ვიქნა მშიერი; მისთვის მომადგეს რისხვანი ზეგარდმო, ღვთივ ზეციერი, სრულად წამერთვას ქვეყნადა, მე მაქვნდეს რაც ნივთიერი.
6
ვამე, თუ შორს გზას წავიდე, საგძლად ვერა-რა წავიღო, წინ მებაჟენი დამიხვდენ, რაც მთხოონ, ის ვერ გავიღო, ქრისტეს წინ წავდგე ქედ-დრეკით, თავი ვერ მაღლა ავიღო; სასწორში ცოდვა დაჭარბდეს, უმადლომ ვერ გარდავიღო.
7
ვამე, თუ ჩემი სიკვდილით გული არავის სტკიოდეს, გულ-უმხურვალოდ ტიროდეს, განგებ ხმამაღლა კიოდეს, უბრალოდ იწირპლებოდეს, ცრემლი არ ხარბად ზდიოდეს, რა მნახოს თვალებ-წუხილი, ჩემზედ ავს რასმე ჩიოდეს. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |