მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5045 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

567

 

აქ ნახეთ წუთის სოფლისა, ცრუ, მატყუარა, ფლიდისა,

მისგან სიბნელე ნათლისა, ზედან გარდაკვრა ბინდისა!

ყმანი ვიყვენით კეთილნი მის ცხებულისა დიდისა,

გვწყალობდის, უხვად გვაძლევდის, სწავლით შვილურებ გვზრდიდისა.

 

568

 

მას მოგვაშორა მუხთალმან, გზა დაგვიბნელა სავალი,

სად რა გვეშოვნა მუდრეგად, სარგებლით გვთხოვა სავალი!

რაც მან მოიღო, არ ითქმის ჩვენს თავზე გარდასავალი,

თუ გეტყვი, მწარედ გულს დამწვავ, შემხუხავ, შემტუსავ ალი!

 

569

 

ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!

ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო.

ჩვენ ყმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,

გაფთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ ცაო!

 

570

 

მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ-ტიალი!

მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი;

მოგვწყდა წელ-გული, შევქენით, ვით უმხროდ ჩიტმან, ფრტიალი,

დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.

 

571

 

მის დროს რუსთა თქვეს: ქართველნო, ეს თქვენცა გაგეგონება,

თვით ქრისტე ბრძანებს: "ძნელია ორთა უფალთა მონება"

იწამეთ ერთი უფალი, თუმცა გენებოსთ ცხოვნება,

ან წადით, ანუ დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება.

 

572

 

ჩვენ ოც წელს იქით სტუმარსა ვერ უზამთ თავაზასაო,

შემოგვეწევის თუ არას, მუდამ ვერ ვაჭმევთ მზასაო.

თუ რომ დასდგებით, ჩვენ თქვენთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო;

თუ არ დასდგებით, დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასაო.

 

573

 

ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის ვახტანგის მცნებაო:

წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის ნებაო.

სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ, საითაც იყო სნებაო.

არავინ უწყის, მუნითგან ცოცხალი ვინ იხსნებაო!

 

574

 

იფიცეს კახთა, ქართველთა: "ჩვენში არ იყოს შურია,

ჩვენ სულ დიდთა და პატარათ ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია;

დავსდგეთ, თუ სადმე წავიდეთ, ერთად ვიძებნოთ პურია".

მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია.

 

575

 

რა იგი ფიცი გარდასწყდა, გულში არ ქონა შურისა,

ხელმწიფეს არზა მიართვეს: "ჩვენ თქვენი ყმობა გვსურისა;

ლაშქარში წასვლა გვებძანოს, დრო არის სამსახურისა!"

ხელმწიფეს ესმა, იამა, ბრძანა მოგდება ყურისა.

 

576

 

თავის ვეზირებს უბრძანა, საყმო გარიგდეს მათიო:

თავადთა ოცდაათი და აზნაურთათვის ათიო;

თუ არ აღსრულდენ, კიდევე ათ-ათი მაზე სართიო,

მიეცით თანასწორადა, არა იყოს რა ხლათიო.

 

577

 

შურსა რა ესმა სისწორე, ერთობა მან იწყინაო:

რკინა რბილი და ფოლადი, თქვა, განასწორა ვინაო?

მართებელთანა დაგვჩხუბა, ავრიგად შეგვასმინაო,

ათ-ათი ისევ მოგვიჭრეს, სხვა კი მოგვიგდეს წინაო.

 

578

 

შური უვარყო, ვისაც რომ ჭკვა ქონდა ნატამალია,

შეჯდა და გარდაეხვეწა, იხმარა ცხენი მალია.

მე მყვანადა ცუდი ჯაგლაგი, მით ვერცად დავემალია,

გაჯავრებული მომიხდა, გარდმომიჭირა ხმალია.

 

579

 

შურმან დაჩაგრა და მოკვდა ყაფლანისშვილი ტეტია,

შურმან ციციშვილს ადამას დაარტყა თავში კეტია;

დაშავებული მეც შურით დავიარები ხეტია;

დამბნელებია გონება, თავზე მეხვევის რეტია.

 

580

 

შურმან მე დიდათ დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,

მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები ფეხით მისრისა;

ცეცხლით დამიწო სახლ-კარი, ვამე, ჯავრი მკლავს მის სრისა!

ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა მისრისა.

 

581

 

მას მეშურნესა პირველად არა აქვნდა-რა ძალები,

გამოაჩინა ბოლოს დროს ფარული დანაკრძალები;

გვიმტყუვნა, ხორცი თვით ჭამა, ჩვენ მოგვიყარა ძვალები,

ხე ვარჯოვანი დაგვახმო, აყოვნა ნაკუნძალები.

 

582

 

განაბოროტა კეთილი, შურმან აუბა თვალები.

წინა აღუძღვა ბრმა ბრმათა, არივა გზა და კვალები.

დაბენძღა, დაარიოშა, ოქროს მორივა რვალები.

გარდახდევინოს უფალმან, რაც ჩემი ედვას ვალები!

 

583

 

ვით თხასა ცხვარი, მივენდევ უპიროს, მოღალატესა.

წამიძღვა, სამჭმო მიჩვენა, თავს წამაყენა ფლატესა.

მითხრა, თუ: "აგერ საფოთლი, კარგია, ვინც იქ გახტესა".

თვით გახტა, მე შიგ ჩამაგდო, ჰგავს ეშმაკობით ანტესა.

 

584

 

შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა.

აწ დავჰკარგულვარ თავთათვის, აღარ მოველი პოვნასა.

უძღებებამან რა მიყო, ხედავთ ამ ჩემსა შოვნასა

სიმსუქნისათვის დავიკვლი, ძაღლნი შესჭამენ ქონასა.

 

585

 

ავად მომიხდა უმხროდა გაფრენა, ქმნა ნავარდისა!

სად ამოსული ხნარცვითა კიდევ მეორედ ვარდისა;

ვაიმე, მამა-დედისა, ძმის დამკარგავი ვარ, დისა,

ვეღარ მნახავი მოყვრისა ტან-ლერწამ, პირად ვარდისა.

 

586

 

ჩვენი გითხრა სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი;

ათას-შვიდას-ოც-და-ცხრამეტს ხოთინის კარს ვთხლიშეთ კეტი,

ოროც-და-ორს ფინდრიღავანს ცეცხლით გამოვბუგეთ შვეტი.

ოროც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყივეთ ტახტის სვეტი.

 

587

 

ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვივა რეტი.

მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისგან დავრჩი კენტი.

მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკლეტი.

მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი.

 

588

 

ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე მჭადი.

მე მომითხრეს: "მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი!"

ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,

ვამე ტკბილო სიცოცხლეო, რომ შენ ასე გამიმწარდი!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ