413
შენ, ღმერთო ერთო, ხილულთა მე ვერას დაგადარებო, არ ვიცი, ზიხარ, თუ სწევხარ, ფრინავ, თუ ფეხზე დარებო. ნათლად ვთქვა, ძველ-დღედ ხელმწიფობ, მზით დღესაც შენ ადარებო, უკვდავხარ, გნებავს ვისიცა, აცოცხლებ და ამკვდარებო.
414
მამა ხარ დაუსაბამო, არა გაქვს დასასრულია, სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი, გვსმენია აქ მოსულია. არა ხარ ღმერთი მტყუარი, გაქვს ჭეშმარიტი სულია. ერთი ხარ, მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გაექსულია.
415
მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია, იგ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე გაქსაქსულია; ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე, და ეგრეთ წმინდა სულია, ვისაც სამება არა სწამს, სჯულთაგან გარდასულია.
416
ღმერთო, ცათა და ქვეყნისა მპყრობელო, შემამკობელო, მამავ და ძეო და სულო, წინასწარ საქმის მცნობელო! ჩვენად ხსნად, შენად საქებრად მის მთით მის ლოდის მძრობელო. მე, დავით, მიხსენ მტერთაგან, მამის დავითის მთნობელო!
417
სახით, ვითარცა საწმისზედ, ცვარო ზეგარდმო წვეთილო, აგარაკთაგან უთესლოდ ძირო მორჩადა ხეთქილო; გამოუთქმელად ნათქვამო, მთით ლოდო გამოკვეთილო, მიხსენ ცხოვარი წყმედილი, იესო მწყემსო კეთილო!
418
მეხო, ქუხილის ისარო, მტერთ გულზე დასარჭობელო, დავითის ვარდო, აბრამის ყვავილო დაუჭკნობელო. განსჯად ცხოველთა და მკვდართა სამართლის გამამბჭობელო, მარცხენით თიკანთ მარიდე, მარჯვენით კრავთა მხმობელო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |