405
გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი, ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა ღვარი. ღმერთსა ვსთხოვე: მიწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი, უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი.
406
ვახსენე ღმერთი, წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა, გული ტიროდა, ცრემლითა თვალები მეგულებოდა, აღარ მეგონა, მე თუ-ღა გული-ღა მეგულებოდა, ვიტყოდი, ვაი, მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებო, და!
407
დღისით წიმანძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა, მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა; ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა დაღისტნის არესა, მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა.
408
ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილი, წამ-და-წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი; არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა წუხილი, თავს დავიხვივე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.
409
სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა, გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა. ავდექ; იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდ-გაძრობილსა, მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდ-შობილსა.
410
დამედვა დიდი იმედი, ვთქვი, თურმე ღმერთი მფარავსა; თუ ჩემთვის კარგი არ სწადდეს, არ დამადგამდა კარავსა; დამიხსნა წვიმა-სეტყვასა, ქარსა სასტიკად მბზარავსა, რაც კაცი ღმერთსა ენდობის, ღმერთი კარგს უზამს, არ ავსა.
411
ვსთქვი, თუ: ეჰ, ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცდომილთა მხსნელია; თუ არ შენგნითა, წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია; თვალებ-დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია, გულით მაცნობე წინა-გზა და ვპოე საძებნელია.
412
სეტყვამ გარდიღო, გამოველ. უფალსა მსხვერპლი შევსწირე: არ მყვანდა საღმთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე; არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე, "ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!" ეს ლოცვა გავიზეპირე. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |