398
ხმა მესმა ძილსა შინაო: "რას ხვრივ, რასა ფშვინაო! აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო!" ფეხი წამომკრა წყნარადა, ჯოხითა დამაშინაო: რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?
399
დამაწვენელმან აქ შენმან აქ აღარ დაგაწვინაო; მასთან გიბრძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო, ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო! მასთან გიბრძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო. ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო! ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!"
400
მძინარეს ასე მეგონა, ცხადია, - არ სიზმარია; ვსთქვი, თუ: ტყვე ვინმე მოსულა, ჩემსავით პატიმარია. მე უთხარ: თუ რამ შაგეძლოს, შენს თავსა მოეხმარია, არ გეშინიან, გზა იცი, შენ წადი, მე კი მარია!
401
მე მითხოვნია ღვთისათვის, რაც ჩემი სათხოვარია: აწ ჩემი წინამძღომელი არს ქრისტე მაცხოვარია, მან მწყემს-კეთილმან მომნახოს მე წარწყმედილი ცხვარია, შენ ვერ გენდობი, ვერ გიცნობ, არ ვიცი ვინა ხარია!
402
მან მითხრა: ვისაც შენ ამბობ, შენზედ წყალობა მისია; შენად ჯოხითა საცემრად მე იმან გამომისია. მან ბრძანა: ფარეხთ გარეთა რად დაგდებულა ისია, რად არ ეშინის მგელთაგან, ღამეა, განა დღისია?!
403
მე უთხარ: თუმცა აგრეა, კაცი ყოფილხარ წმინდაო, ოღონც ამდენი მაცალე, ვიშოვნო ქალმან-წინდაო, ფეხთა ჩავიცვამ, წამოვალ, აქ ყოფნა მე არ მინდაო! დუმნა, აღარა მითხრა-რა, დითხანს ხმა გაიკმინდაო.
404
ერთი ეს კი თქვა: არ ვიცი მე შენის ქალმან-წინდისა, გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა; ჩემგნით ეგ იყო მოთხრობა, ნიშნად მოცემა წინდისა! თუ მიენდობი, დაგფარავს მადლი სულისა წმინდისა! |
დავითიანი / პოემა • • • ![]() |