386
რამეთუ გცოდე, უფალო, ვითხოვ შემინდეო! შენი ვარ მონა, წყალობა შენ მე დამმართეო. არსადა მყავს მისამართი, მე შენ მოგმართეო, სუფევა შენი მშვიდობით გამოავლინეო.
387
ძალი და ღონე მიბოძე, მტერთა ვეყო მრეო. დიდება შენდა ნათელო, ერთო, სამ-სახეო! მამისა აბრამისასა სტუმრად მსხდომარეო, დაბერებულთა მათ ბერწთა შვილით ახარეო,
388
ძისა მათისა ისაკით ძე მოასწავეო. დამმარხველს, დამტირებელსა ვითხოვ, მიბოძეო! წმინდისა სამებისაო მადლო, დამფარეო, სულისა ჩემის საოხად, რაც ვთქვი, მახმარეო.
389
აწ დავით იტყვის: დიდება, შენდა, მეუფეო, მარადის და უკუნითი უკუნისამდეო! ამინთე მე ბნელს სანთელი და მამინათეო, დავით მე შენ გევედრები, გზა წარმიმართეო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |