376
მამაო, ყოვლის მპყრობელო, ღმერთო მოწყალეო! ჩვენო გამაკაცებელო, შემქმნელ-დამბადეო! რომელი ხარ ცათა შინა არსის საყდარზეო, წმინდა არსი მაგალობე, შენი ეო-მეო.
377
იყავნ ჩემზედ მოწყალებით, შენ დამიფარეო; სახელისა შენისათვის აწ მამეხმარეო; შენი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო, მოვედინ მოწყალებითა, ისევ შემყარეო!
378
სუფევა წარმოავლინე, მადლი მომფინეო; შენი განჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო! იყავნ ნება შენი ჩემზე, ჩემო მეუფეო, ვითარცა პირველ მამათა შენ უწყალობეო.
379
ცათა შინა ისრაელთა საზდო უწვიმეო, ეგრეცა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო, ქვეყანასა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო, ზედა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო.
380
პური არა მაქვს, მიბოძე, მშიან, მაჭამეო! ჩვენი შენგნით მოცემული, რად დამიმალეო? არსობისა პურს გამყარე, შამბი მაძოე! მომეც, გვედრებ, შენი ვალი გარდაიხადეო!
381
ჩვენ გცოდეთ და შენ შეგვინდევ სულგრძელ-მოწყალეო, დღეს სადილად არა მაქვს-რა, გამომიჩინეო; დავიკრიფე ყოვისფჩხილა და ისი ვსჭამეო! მომიტევენ შეცოდება, თუ რამ შეგცოდეო.
382
ჩვენთანა შენი წყალობა ნუ განაქარვეო, ნადებნი ძველნი სახმილნი ნუ განგვიახლეო, ჩვენნი მსხვერპლი კაენისა ნუ მიამზგავსეო. ვითარცა აბელ მართლისა შენ შეიწირეო.
383
ჩვენ მიუტევებთ თუ ძმათა, შენც მოგვიტევეო! თანამდებთა გარდავიხდით, მივცემთ რაცა გვძეო, მათ ჩვენთა აღნადგინებთა სხვათა ნუ აძლეო. დამბადებელო მიბოძე, ეს რაც ვითხოვეო.
384
ნუ შემიყვანებ ღრმა ზღვათა, რომ არ დავინთქეო, ჩვენ შენად სადიდებელად მთლად განგვარინეო, განსაცდელსა მოგვარიდე, კარგო მენავეო, არამედ მიხსენ, ვით მოსეს შუა განუპეო!
385
ჩვენო მოწყალევ! ეს ძღვენი გიძღვენ დავით მეო, ბოროტისაგან დამიხსენ ყოვლად ავით მეო! |
დავითიანი / პოემა • • • ![]() |