332
სახით სიტყვა-შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო, ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო; გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო, ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!
333
ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო, გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო! აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო, მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!
334
საყვარელო, სახით თქმულო, უსასყიდლო მარგალიტო! ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო! გევედრები შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო, ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!
335
მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო, გვრიტო? შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო; ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო, ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.
336
შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო! ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო; ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ შერისხეო, მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!
337
სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო! სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო; გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო, ვით ლაზარეს დამარხულსა "აღდექ" - თავსა დამძახეო!
338
ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო, შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო; შენს ჩრდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთხის დამრხეო, განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |