226
გაბრძანდა კახი-ბატონი, განიდგა კარავ-სევანი; მიიხმო მდივან-ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი. შემოყორუღეს ყაფიჩთა, იმგრგვლივ მოავლეს დევანი, დასხდენ და შექნეს საქმისა სამჯობინარის რჩევანი.
227
უბრძანა კახმან-ბატონმა ძმასა, ყმათა და მონათა: “სიბრძნით მიჰხედეთ უღელთა ჩემთა სასწორის წონათა; მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს, ვარ ბერწოვნათა, რაც თქვენ გიჯობდესთ, არჩიეთ შვილთათვის მოსაწონათა”.
228
“მე ღმერთს წინაშე უცილოდ სიტყვის მთქმელი ვარ მართლისა; სწორედ გარჩევა საქმისა წესია მოსამართლისა; თუმცა მიბოძა ყეენმა, არ მხამს მიღება ქართლისა, ამად რომ მტერთგან დამდნარნი ვართ, ვით ნაღვენთი სანთლისა”.
229
“მე ვახტანგს მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა, შევფიცე, ვით-ღა ვიტვირთო ეს საქმე ფიცთა გმობისა? თუ მე არ დავსთმობ, აწ მისგან უფრო არ დაითმობისა. ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა!”
230
“ესეც ვიცი. შემიტყვია, ჭკუვა მიჭრის, გული მიგნებს; მეფე ვახტანგ ამ რაყამსა არც ისმენს და არც იწიგნებს. თუ ქართლსა ვსთხოვ, ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხრმალზედ იგ ნებს, უნდა რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს!”
231
“მე კაცი ვარ ხორციელი, სულ ხომ ცას არ შავბერდები; ვით ვყოფილვარ მიწა-მტვერი, ისრევ ისე გაჰვმტვერდები. მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რად-ღა დავმტერდები? იმას ისრევ ქართლი ქონდეს, მე ჩემს კახეთს დავსჯერდები!”
232
“მოვისვენებ სანამდის ვერ, სანამ ლეკზე ჯავრს არ ვიყრი; მე ჩემს ძმაზე სამტეროდა არაოდეს ჯარს არ ვიყრი! კახეთს კარგა განვამაგრებ, შემოვზღუდავ, კარს შავიყრი… თქვენ რას ბრძანებთ ამისასა, ეს ასეა ჩემი ფიქრი!”
233
კახთ მიუგეს: “ვინც დაიკრას თვისის ხელით თავში ცული, თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული; რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთის წყალობა კარს მოსული; შენ რომ შვილი არა გყვანდეს, ჰა ძმა შენი და ძმისწული!”
234
“რაც ღმერთს შენთვის მოუცია, რაღად ჰკარგავ შენის ნებით? შენ რას გავნებს, რომ გასტეხო ფიცი ხელმწიფის ბრძანებით? ჩვენ თუ იმის ბრძანებასა წინაღდგომად შავექნებით, ვით თქვენ ბრძანეთ: “ვართ დამდნარნი”, მაგით უფრო დაცავდნებით”.
235
“სჯობია, რომ აღასრულო ეგ ბრძანება, რაც წინ გიძე. თეიმურაზ მიუგზავნო, თქვენი ძმაა, მისი სიძე, მამი-შენის ერეკლესი მაზე დიდი ამაგი ძე, - თუ გისმინოს, შეიძინე, თუ არა და, განიღვიძე”.
236
მან უბრძანა: "კახელებო! გამიგონეთ, ვიტყვი სწორად: ყეენს შიშით თავითგანვე გაუხდივართ ერთი-ორად; ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად, ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად”.
237
“ერთსა კაცსა ცოლი, შვილი ყვანდეს ტვირთად; ზურგთ ეკიდოს, არა ქონდეს სახლ-სამყოფი, ფეხი ვერცად მოეკიდოს, უკანიდამ მტერი სცემდეს, წინ მოყვარეს წაეკიდოს, - იმისთანას უგუნურსა უნდა ცეცხლი წაეკიდოს”.
238
“მართალს ვიტყვი, არ დავიშლი: მძულს ტყუილი, სიტყვა მრუდი. მე მას მამად მოვიკიდებ, ვეშვილები, თუმცა უნდი; გარს გვარტყია ვით სარტყელი, სულ სხვა-და-სხვა მტერთა გუნდი. ჩვენ ერთმანეთს ხმალსა ვსცემდეთ, ეგ რჩევა არს დიაღ ცუდი!” |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |