184
აქ ცხადად ითქმის ყველაი დასაბამ-დასასრულისა, მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალის, სიბრძნით სრულისა, მეზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა, მერმე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ-დაბაწრულისა.
185
იჯდა ყაენად შახ-თამაზ, ძე ძისა შააბაზისა. მან შექმნა ბილწად დრანჯობა, ბევრი ღვინო სვა ვაზისა, აღარ ახსოვნდის სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა, მით სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა.
186
შეყვარებოდა ორივ მას - ლოთობა, მეძაობანი; მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი. მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი, მის გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი.
187
მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი? სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი: ჩრდილოეთის მხარეს რუსეთსა გილანით მისცა დავღანი, დაღისტნით ქართლსა, კახეთსა წაართო ყუმაშ-ყავღანი.
188
მით გასახმილდა წინწკალი, გირგლად გარდიქცა სიონი, მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი; მან ვახტანგ, ძე ლევანისა, შეიპყრა ბაგრატიონი, უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი.
189
იყო ჩრდილეთის ხელმწიფე, თეთრის რუსეთის მჭირველი, თვითმპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი, პირველ-ჟმურ-ხრმალ-რბილ, პირ-ბლაგვთა მწთობელი, გამომპირველი ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ყავს მლოცველ-მწირველი.
190
ვირემდის იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამწვდარია; ბრძენ-უხვი, მართალ-მოწყალე, სამართალ-დაუმცდარია; მტერთა მებრძოლთა ყოველთა მან ყველას ხელი დარია, მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარია.
191
პეტრეს აქეთნი მეფენი, რომელნიც ტახტზე ჯდებიან, პეტრეს ბრძანებას მოწმობენ, მის მცნებაზედა დგებიან, გინდ, უჩნდესთ წინააღმდეგად, მას წინ არ აღუდგებიან, არს პეტრეს თქმულნი უკვდავნი, მიდღეში არ მოკვდებიან.
192
პეტრეს ხელმწიფის ბრძანებას სრულყოფად არა ზარობენ, წინ უძესთ მისი ანდერძი, მით დგანან, მითვე მგზავრობენ, მითვე ლაშქრობენ, ვაჭრობენ, მოდუქან-მობაზარობენ, მით ჰკვლენ და ჰკარგვენ, რომელნიც მათ წესზედ აბეზარობენ.
193
არს მოსაწონი მნახველთა გაწყობა რუსის ჯარისა, ათას-ხუთას კაცთ ერთფერად ტანთა ცმა, სხმა აბჯარისა, მწყობ-რიგად შესვლა-გამოსვლა, ქცევა ვით ბრუნვა ჯარისა, დამუსრვა ციხის მოქლოთა, მაგროვნად დანაჯარისა.
194
კურთხეულმცა არს ღვთისგან პეტრეს ხელმწიფის ხსენება! რა საქმე ვახტანგ მეფისა სცნა, მისი შველა ენება; ზღვა გავლო, დაჰკრა ავღანთა, სოლაღს დაუწყო შენება, დაღისტანს მიხვდა ღვთის რისხვა, მრავალგზით განაწყენება.
195
ხრმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მიხვდა ლბობისა; ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა, რა ნახეს ცეცხლი ნაწვიმი ყუმბარისა თუ ბომბისა. ვაიმე, კარგთა სათქმელთა ძალი არ შემწევს მბობისა!
196
ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა: მოდი, მიგიჩნევ მამადო, იესოს ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო; გიჯობს, მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო, მერმე შენს მტერზე მიმიძღვე, ვით თივას ცეცხლებ მამადო.
197
მდივანთ ხელმწიფის ბრძანება რა შეასრულეს წერითა, დაბეჭდეს, შეკრეს, შეხვიეს ზარქაშის მონაჭერითა. კვლავ ჩაფარ-ელჩთა უწოდეს სასწრაფოთ გულის ძგერითა. უთხრეს: თუ ჩქარად არ ივლით, ვერ გასძღეთ მზისა ცქერითა!
198
მათ ჰკადრეს “ტოჩას სუდარი”, სიტყვის თქმა მათი სწრაფისა. ცხენთა შესხდენ და გაქუსლეს, სიტყვა თქვეს რა მუქაფისა. მესამეს მწუხრზედ, ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა, შევლეს ციხე და ქალაქი, კარები სეიდაბისა.
199
საღამოს ჟამსა ხალვათად მეფე თვით იჯდა მარტოდა; ქვეყნის არევის მიზეზით გულს სევდა მას მიმატოდა. მაღლითგან ნახა, სირბილით კიბეზე კაცი ახტოდა, რასაც ის კაცი იტყოდა, გულითაც მას ინატროდა.
200
ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი გამოსცეს იამა, დაბუხებულმან, ნაზამთრმა მხარი აღისხას ჭიამა, დიდის სიცხითა მაშვრალსა აამოს სიო-ნიავმა, - ეგრეთ ხელმწიფის ბრძანება მეფეს რა ესმა, იამა.
201
რა მოეხსენა მეფესა ამბავი საამურია, ჭმუნვა განაგდო, გარდუწმდა, გულს ეკრა რაც ჯანგ-მურია; მალ-მალ იკითხის ამბავი, ბრძნად მას მიუპყრა ყურია. კვლავ მოიტანეს ვახშამი, სუფრად გაშალეს პურია.
202
შეიქნა წვევა ჩუმ-ჩუმად ვაზირთა, თანგანმზრახისა, გაგრძელდა სმა და პურობა, ხმა წინწილისა, ვახისა, შაეტყობოდათ, განთიად ჩაცმა არ სწადდათ თალხისა, ეგონათ სწორედ ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისა. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |