116
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
117
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
118
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!
119
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო, იესო!
120
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
121
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბრალი ვერ გპოეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო; ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
122
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
123
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
124
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგაჩნიესო! წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
125
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
126
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
127
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგაჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
128
უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, საპყართა - სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ იზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
129
გაიკითხევდეთ გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |