613
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
614
მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!
615
კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.
616
ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია.
მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
617
თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი, არ დაყარნა,
მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა.
618
მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზატენით;
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
619
ფვრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს, თუ: "ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!"
620
მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯათა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: "მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!"
621
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,
ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით.