400
ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, -მათგან მოსლვისა დრონია, -
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
"არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია?"
401
მოეწერა: "რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა".
402
ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხრპანია,
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.
403
ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.
404
ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
"მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!"
405
შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,
თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
"ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?"