376
წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
მოეწერა მზისა შუქთა: "ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
377
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
378
შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
379
მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!"
380
ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა".