310
"ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
311
"ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
312
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
313
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: "წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები";
და ბრძანა: "წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები";
314
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: "შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა".
315
ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
შესთვალა: "ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან".
316
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;
და სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
317
თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: "ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!"
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
318
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვაÎ კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
და მეფემ ბრძანა: "შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა".
319
მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
და მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
320
ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა;
და არ გაჰვიდოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა.
321
ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: "მსგავსია ედემს ზრდილისა".
და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
322
მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი".
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
და თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!
323
წიგნი წიგნსა ეცემოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.
324
ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
და საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.
325
საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!"
326
ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.
და თქვა: "ისეენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ- ა.
327
მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!
328
იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;
და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
329
მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა,
პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;
და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!
330
დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.
331
სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
332
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.
რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა;
ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა;
და ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.
333
მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!
334
მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა;
და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.
335
მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
და ებრძანა: "შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.
336
ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა".
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
და "შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა".
337
ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა- მდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,
და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.
338
მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად,
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად;
და არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-მცეს ამირბარად.
339
აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია".