მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 192900 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვეფხისტყაოსანი (სრულად)

ვეფხისტყაოსანი - (შინაარსი)

 

* * * განმარტებები და კომენტარები * * *

 1

 ომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

 ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

 ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

 მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

 

 2

 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

 შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

 მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

 ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

 

 3

 ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

 - მეფისა მზის -თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა,

 - მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე - რისა,

 მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მიმართ, შერისა.

 

 4

 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

 ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

 მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

 ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

 

 5

 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

 ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

 ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

 გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

 6

 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,

 - ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

 მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

 მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

 7

 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;

 მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

 დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,

 აქამდის ამბვად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

 

 8

 მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

 ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

 დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

 ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

 

 9

 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

 ვით მარგალიტი ობოლი, ხელით-ხელ საგოგმანები,

 ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

 ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

 

 10

 თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

 აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

 მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.

 სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

 

 11

 რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

 მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

 კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

 არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

 

 12

 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

 საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

 კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

 გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

 

 13

 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

 მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

 მართ აგრევე მელექსესა - საუბართა ტკბილთა ფრქვევა.

 რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

 

 14

 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

 რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

 არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

 ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

 

 15

 მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;

 თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

 განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

 მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.

 

 16

 მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

 არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,

 ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

 დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

 

 17

 მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,

 სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

 ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

 მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

 

 18

 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

 ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

 ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,

 მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

 

 19

 ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

 ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

 იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

 მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

 

 20

 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

 ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

 იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

 ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

 

 21

 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

 ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

 ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

 მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

 

 22

 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

 მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

 ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

 კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

 

 23

 მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,

 სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,

 ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

 ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

 

 24

 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

 მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

 იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

 ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

 

 25

 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

 რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

 გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

 მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.

 

 26

 მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,

 ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს:

 მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,

 ნურა გაჰვა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს

 

 27

 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

 დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

 ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.

 კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

 

 28

 არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

 თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

 შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

 დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

 

 29

 ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

 არ ბედითად "ჰაი-ჰაი"-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

 არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

 მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

 

 30

 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?

 ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

 რათამე-ღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?

 რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

 

 31

 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

 ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?

 თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!

 ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 

 32

 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

 სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

 იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,

 არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.

 

1.

 

ა.   რომელმან - რომელმაც, ვინც. ძალითა მით - ძალით.

ბ.   ზეგარდმო - ზემოდან. არსნი - არსებანი. სულითა ყვნა - სული მისცა, სულიერი გახადა. ზეცით - ზეციდან. ტაეპის აზრია: (ღმერთმა) არსებებს ზეციდან სული ჩაჰბერა, სიცოცხლე მისცა. 

გ.   ქვეყანა - დედამიწა.. 

დ.   ყოვლი - ყოველი. ხელმწიფე - თავისუფალი. ყოვლი ხელმწიფე - ყველა თავისუფალი არსება. იგულისხმება - ყველა ადამიანი. მისმიერი - მისგან შექმნილი (იგულისხმება ღმერთის მიერ შექმნილი. თავისუფალნი ვართ იმიტომ, რომ ღვთის სახედ და ხატად შექმნილნი ვართ. (ტაეპის განმარტება თინათინ ცქიტიშვილისა).

 

2.

 

ა.   სახე ყოვლისა ტანისა. იხ. კომენტარი.

ბ.   ძლევა მეც - ძალა მომეც, გამარჯვება მომეც. დათრგუნვად - დასათრგუნავად, დასაძლევად.

გ.   სიკვდიდმდე გასატანისა - სიკვდილამდე გასაყოლად. ტაეპის აზრია: მიჯნურობის სურვილს ნუ შემისუსტებ, იგი სიკვდილამდე გამაყოლე.

დ.   მუნ - იქ (იგულისხმება საიქიო ცხოვრება). თანა წასატანისა - თან წასაღების.

 

3.

 

ა.   შიმშერი - ხმალი.

ბ.   მეფისა მზის თამარისა - მზისებრი მეფე თამარის. ღაწვი - ლოყა. ბალახში - საუკეთესო ლალი. გიშერი - ძვირფასი შავი ქვა.

გ.   შევჰკადრო - გავუბედო. შე - ზმნისწინი "შესხმა” ზმნისა, გამეორებული აზრის გაძლიერების მიზნით. ხოტბისა... რისა - რა ხოტბის, როგორი ხოტბის. ა. ბ. გ. ტაეპების საერთო აზრია: იმ ლომს, რომელსაც თამარის შუბისა და ფარ-ხმლის ხმარება ჰშვენის, რა ხოტბის შესხმა უნდა შევკადრო?

დ.   ყანდი - ტკბილეული. ხამს - ჯერ-არს, საჭიროა. მიშერისა - ველური თაფლისა. ტაეპის აზრია: მის მჭვრეტელებს რჩეული ტკბილეული უნდა მიერთვათ ან: თამარს ტკბილი ლექსები უნდა ეთქვას.

 

4.

 

ბ.   ვთქვენი - ვთქვი. არ ავად გამორჩეული - კარგად გამორჩეული; კარგად შერჩეული სიტყვებით გამოხატული.

გ.   გიშრის ტბა - შავი თვალების აღმნიშვნელი მეტაფორაა. ნა - ლერწამი, წერწეტა ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა. ტაეპში ლაპარაკია თამარის შავ თვალებზე და წერწეტ ტანზე. მეტაფორულად გამოთქმულია აზრი, რომ პოეტს ლექსთა გამოთქმისას თამარის მშვენიერება შთააგონებდა.

დ.   ხეული - (გულის) გამხევი, ნახევი ჭრილობის გამჩენი. შესაძლოა სხვა გაგებაც. ხეული - დასობილი (ალ. ჭინჭარაული).

 

5.

 

ა.   მიბრძანეს მათად საქებრად. -  მრავლობითი. რიცხვი აქ მოწიწების გამოსახატავადაა ნახმარი. იგულისხმება მხოლოდ ერთი პიროვნება - თამარი, რომელსაც პოეტისთვის თავისი ქების თქმა უბრძანებია.

ბ.   ბაგე - ტუჩი.

გ.   ბალახში - საუკეთესო ლალი. ბროლ-ბალახში ტუჩკბილის აღმნიშვნელი მეტაფორაა. მის მიჯრით მიწყობილისა - იმ მიჯრით მიწყობილის, შეტყუპებულის. 

დ.   ქვასაცა მაგარსა - იგულისხმება ალმასი. ტაეპში ლაპარაკია ალმასის დამუშავებაზე ტყვიის პატარა "გრდემლის" გამოყენებით. საერთო აზრი შეიძლება ორგვარად გავიგოთ: 1. მცირე იარაღით - ჩემი პოეტური ხელოვნებით - თამარის მშვენებას ქებას შევბედე. 2. არამატერიალურმა ძალამ  - თამარის მშვენებამ - გამტეხა, მიჯნურად მაქცია. 

 

6

 

ა.   აწ - ახლა. გამოთქმად - გამოსათქმელად. გული -  იგულისხმება: ხალისი, მონდომება. ხელოვანება - ოსტატობა აქ: პოეტური ოსტატობა-დახელოვნება.

ბ.   შენგნით - შენგან. პოეტი, როგორც ჩანს, ღმერთს მიმართავს. გონება - ფიქრი. 

გ.   მით - ამ გზით; აქ: იმიტომ, იმისთვის. შევეწივნეთ - შევეწიოთ. თავისი პოემა ავტორს ტარიელის "შეწევნად" (დახმარებად), მის საგმირო საქმეთა თხრობად მიაჩნია. ტურფად - ლამაზად.

დ.   მათ სამთა გმირთა მნათობთა - იმ სამ მნათობისებრ გმირს. სჭირს ერთმანერთის მონება - ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ერთმანეთს საჭიროებენ. 

 

7. 

 

ბ.   დაბადებით - ქვეყნის გაჩენიდან. ვინმცა ყოფილა - ვინ იქნებოდა?  შობილი - იგულისხმება: ადამიანი, ხორციელი.

დ.   ა - ახლა. მარგალიტი წყობილი - ლექსის, გარითმული სიტყვის აღმნიშვნელი მეტაფორაა.

 

8.

 

ა.   ესე - ეს.

გ.   ვით - როგორც. ობოლი - ეპითეტია საუკეთესო მარგალიტის დასახასიათებლად. ხელის-ხელ საგოგმანები - ხელიდან ხელში გადასაგორებელი.

გ.   საჭოჭმანები - საყოყმანო. ისეთი საქმე, რომელიც შეიძლება ჯობდა არ მექნა. 

დ.   ხელმქმნელმან - გამხელებელმა, გამაგიჟებელმა. დამმართოს... ნები - დამსაჯოს, გამიკითხოს თავისი ნებისაებრ.

 

9.  

 

ა.   ხელობით - სიშმაგით, სიშმაგის გამო. ამა დარი - როგორც ჩანს, უნდა ნიშნავდეს "ამის მსგავსს", "ამათ მსგავსს". ამ სიტყვების ორგვარი გაგებაა შესაძლებელი“ 1. მე, რუსთველი, ამ წინა ავტორებს მიმსგავსებული (ვისაც პოემაში აღწერილი ამბავი აქამდის უთქვამთ. იხ. წინა ორი სტროფი), ხელობით, სიშმაგით განვაგრძობ ამავე საქმეს. 2. მე, რუსთველი, ასეთ საქმეს ხელობის, სიშმაგის გამო ვკიდებ ხელს (სახელ. ბრუნვა" ამა დარი" ნაცვლად მიცემითისა "ამა დარსა" ასეთ შემთხვევაში პოწტურ, ლიცენციად უნდა ჩაითვალოს).

ბ.   სპა - მუდმითი ჯარი; მუდმივი ჯარის მებრძოლი. ვხელობ - ვშმაგობ, გახელებული ვარ.

გ.   კვლა - აქ. არსით - არსაით, არსაიდან.

დ.   ანუ - ან. სამარი - სამარისა.

 

10.

 

ა.   უნათლოთა - სინათლედაკარგულებს, დაბრმავებულებს. ენატრამცა - ინატრონ. ახლად ჩენა - კვლავ ახელა, სინათლის დაბრუნება.

ბ.   აჰა - აი. მიჰხვდომია - შეჰხვედრია, წილად ხვდომია. ველთა - ველებში.

გ.   მიაჯეთ ვინ - გამომექომაგეთ ვინმე, შემიწყალეთ ვინმემ! ლხენა - სიხარული, შვება, აქ: ტანჯვის შემსუბუქება.

დ.   სამთა ფერთა საქებელთა - სამხმოვან სიმღერას (ან: სიმღერებს). ლამის - დიაღაც რომ(?). ლექსთა უნდა ვლენა - ლექსთა მიწოდება, სიტყვების მიცემა უნდა.

 

11.

 

ა.   უბნობდეს - ამბობდეს.

ბ.   მიწყივ - მუდამ. გულოვნობდეს - მამაცობდეს.

გ.   კვლა - აქ: ხოლო. გამოსცნობდეს - იგულისხმება: ამ გრძნობას სხვაში სცნობდეს, სხვის მიჯნურობას ატყობდეს.

დ.   ვისგან - ვინმესგან. დაიწუნოს - არად ჩასაგდები გახდეს, თავი სასაცილოდ ააგდებინოს. უწუნობდეს - უგმობდეს, არად უგდებდეს. ტაეპის აზრია: მიჯნურმა არც სხვის გრძნობას უნდა დასცინოს, არც სხვას მისცეს თავისი გრძნობის დაცინვის ნება.

 

12.

 

ა.   პირველადვე - იმთავითვე. 

ბ.   გასაგონი - გასაგები. მარგი - მარგებელი.

გ.   კვლა - აგრეთვე. ვარგი -  ვარგისი, ღირსეული.

დ.   ამად - ამიტომ.

 

13. 

 

ა.   ვითა - როგორც. რბევა - რბენინება.

ბ.   მართლად - სწორად, ზუსტად. ცემა - დარტყმა. ქნევა -  იგულისხმება: ჩოგნის ქნევა.

გ.   აგრევე - ასევე. ხევა - უკან დახევა, შეყოვნება.

დ.   მისჭირდეს - გაუჭირდეს, გაუძნელდეს. რა მისჭირდეს - როცა გაუჭირდება, გაუძნელდება.

 

14.

 

ბ.   რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა - როცა ვეღარ იპოვის, ვეღარ დაიმორჩილებს სიტყვას.

გ.   ქართული: აქ სიტყვა.

დ.   ჩოგანი - ცხენბურთის სათამაშო იარაღი.

 

15. 

 

ბ.   ყოლა - სრულებითაც. სწორი - თანასწორი, ბადალი.

გ,   განაღა - აქ; შეიძლება; ან: თუნდაც. უმსგავსო - შეუსაბამო, შეუფერებელი.

დ.   მაგრა - მაგრამ. იტყვის - ამბობს. უცილობლობს - ჯიუტობს. ვითა - როგორც.

 

16.

 

ა.   ცოტაი - პატარა. ნაწილი - წილხვედრი.

ბ.   ძალუც - შეუძლიათ. სრულ-ქმნა - დასრულება.

გ.   ბედითი - უსარგებლო, ცუდუბრალო.

დ.   მოპკლვენ - კლავენ. ხელად აქვს - წესად, ჩვეულებად აქვთ.

 

17. 

 

ბ.   სალაღობოდ - სახუმაროდ. სათრეველად - გასამასხარავებლად, ხუმრობით, გასაკილავად.

გ.   რაცა ოდენ - რაც-კი.

 

18.

 

ა.   ხამს - საჭიროა, ჯერ-არს, უნდა. ცუდად - ამაოდ, ტყუილ-უბრალოდ. აბრკმობდეს - აფუჭებდეს, აუქმებდეს, აფერხებდეს.

ბ.   უჩნდეს - ჰყავდეს, ეგულებოდეს.

დ.   მისგან კიდე - მის გარდა. ნურა - ნურაფერი. აქ: ნურვინ. სტროფის აზრია: მელექსემ თავისი სულიერი გასაჭირი - თავისი გრძნობა - ტყუილად არ უნდა გაფლანგოს, იგი ერთადერთი ქალისადმი - თავისი სატრფოსადმი მიმართულ ლექსებში უნდა გამოთქვას.

 

19.

 

ა.   ცანით - შეიტყეთ! ყოველმან - ყველამ.

ბ.   ესე - ეს. მიჩს - მიმაჩნია. გამიქიქია - დამიმცირებია, დამიგმია, გამიბიაბურებია.

გ.   ვითა - როგორც. ჯიქი - ლეოპარდი, პანტერა.

დ.   ქვემორე - ქვემოთ.

 

20. 

 

ა.   ვთქვა - ვიტყვი. პირველი - აქ: უპირველესი, უზენაესი. ტომი -  იდეების გამაერთიანებელი, ზოგადი იდეა (დღევანდელი ლოგიკის ტერმინოლოგიით. „გვარი”). გვართა - ზეციურ „იდეათა", რომელნიც, პლატონის მოძღვრების მიხედვით, ქვეყნიურ საგანთა პირველსახეებს წარმოადგენენ (იხ. კომენტარი).. 

ბ.   საჭირო - საძნელო. გამოსაგები - გამოსათქმელი, გამოსახატი.

გ.   საზეო - ზეციური, ზეცისკენ მომართული. 

დ.   თმობამცა ჰქონდა - მოთმინება ჰქონდეს.

 

21.

 

ა.   მას ერთსა - იმ ერთს. მიჰხვდებიან - მისწვდებიან, ეწევიან.

ბ.   დაშვრების - დაიღლება. დავალდებიან - შეწუხდებიან.

გ.   ვთქვნე ხელობანი ქვენანი - ვიტყვი, აგიწერთ "ქვენა” ანუ მიწიერ გრძნობებს. ჰხვდებიან - ეხებიან, ეკუთვნიან. 

დ.   ოდენ - მხოლოდ. სიძვენ - ხორციელ კავშირს ამყარებენ. შორით - შორიდან. ბნდებიან - გონებას კარგავენ, იბნიდებიან. თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან - თუ ხორციელ კავშირს არ ამყარებენ, არამედ მხოლოდ შორიდან ტრფობას სჯერდებიან.

 

22.

 

ბ.   მით რომე - იმიტომ, რომ. ვერ-მიხვდომისა - ვერმიახლოების, სატრფოსთან თავისი მიზნის ვერმიღწევის.

გ.   სიახლე - სიახლოვე. საღმრთო სიახლე - ღმერთთან სიახლოვე. დაშვრების აღმაფრენითა - იღლება, ძალას ხარჯავს ზეცისკენ სწრაფვაში. 

დ.   კვლა - ხოლო. ქვე უც - დაბლა, ამ ქვეყნად აქვს. კეკლუცთა - ლამაზთა. ფრფენითა - პეპელასავით ფრენით, ფარფატით. ტაეპის აზრია: ზოგის ბუნება ქვეყნიურ ლამაზ საგნებსაა შემსჭვალული, იგი ლამაზ ქალებს ეარშიყება და ზეცისკენ არ იყურება.

 

23. 

 

ა.   ჰმართებს - ეკუთვნის, მოეთხოვება. ვითა - როგორც. 

ბ.   სიმდაბლე - თავმდაბლობა, მორიდება. სიყმე - კარგი მოყმეობა, რაინდობა. ან ახალგაზრდობა. მოცალეობა - მოცლილობა. ან: შესაფერისობა. (სულიერი და სოციალური მონათესაობა თავის სატრფოსთან).

გ.   დათმობა - მოთმინება. მძლე - მძლავრი, მოწინააღმდეგის მომრევი. 

დ.   ვის - ვისაც. ესე - ეს. არა სჭირს - არ ახასათებს. ზნეობა - თვისება, ღირსება.

 

24 . 

 

ა.   ტურფა - 1. ლამაზი რამ. 2. ძვირფასი საიუველირო საგანი.  საცოდნელად - გასაგებად, შესაცნობად. გვარი - ზეციური „იდეა“.

ბ.   სიძვა - გარყვნილება, სქესობრივი აღვირახსნილობა. შესაძლებელია უფრო ვიწრო გაგებაც: უქორწინოთა ხორციელი სიყვარული. 

გ.   უზის - უძევს, გავლებული აქვს. ზღვარი - საზღვარი მიჯნა.

დ.   გესმას - გაიგონეთ, მოისმინეთ! ნაუბარი - ნათქვამი.

 

25.

 

ა.   ხამს - უნდა, საჭიროა. ხანიერი - გამტანი, ერთგული. მეძავი - გარყვნილი, ავხორცი.

ბ.   მოყვარესა - სატრფოს. სულთქმა - „სუნთქვა", ოხვრა. უში - ოხვრა, ვაება, კვნესა.

გ   კუშტი - მკაცრი, უკარებელი. მიჰხვდეს - შეჰხვდეს. ქუში - პირქუში, უღიმღამო, გულჩათხრობილი.

 

26. 

 

ა.   პირველ - პირველად, თავიდან.

ბ.   ლხინსა - ლხინში. ჭირსა - ჭირში. აუზვავდეს - გაუთამამდეს. შეუზარდეს - შეუშინდეს. 

გ.   დათმოს - 1. მოითმინის, 2. დათმოს. ყველაკაი - ყოველივე. 

დ.   ნურა ჰგავა - ნუ ენაღვლება, ნუ დაეძებს. სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს -  ყველაფერი დაეკარგოს, მოესპოს წილი ამ ქვეყნად; ან: მოკვდეს.

 

27.

 

ა.   უხმობს - უწოდებს.

ბ.   უნდეს - უნდოდეს. თმობასა - მოთმინებას. სთმობდეს გაყრისა თმობასა - ითმენდეს გაყრას. აზრი შემდეგია: ის მიჯნური არ ვარგა, რომელიც საყვარელთან გაყრას ითმენს, განშორებისას სხვა ქალებთან არშიყობით იქცევს თავს.

გ.   მღერასა - თამაშს. ბედითსა - ამაოს, ცუდუბრალოს. ყმაწვილობასა - გართობას, ხუმრობას, ზერელედ დროსტარებას. 

დ.   ვინ იქმს სოფლისა თმობასა - ვინც ქვეყანას დათმობს, ვინც სატრფოსთვის ყველაფერს გაწირავს.

 

28.

 

ა.   პირველი - აქ: საუკეთესო.

ბ.   თავის-წინა - მარტოობაში. ნიადაგმცა ჰქონდა - მუდამ ჰქონდეს. ხალვა - ფიქრიანი განმარტოება.

გ.   შორით - შორიდან. ალვა - აალება, წვა. 

დ.   დათმოს - მოითმინოს. მოყვრისაგან - სატრფოსაგან.

 

29.

 

ა.   ხამს - საჭიროა, ჯერ-არს. ხვაშიადსა - გულისნადებს.

ბ.   ბედითად - ტყუილად, ამაოდ. ზმიდეს - შვრებოდეს. „ჰაისზმიდეს - ოხრავდეს. მოყვარესა - სატრფოს. აყივნებდეს - არცხვენდეს.

გ.   არსით - არსად, არაფერში. აჩნდეს - ეტყობოდეს. არასადა - არასოდეს.

დ.   უჩნდეს - მიაჩნდეს.

 

30. 

 

ა.   უშმაგო - გონზე მყოფი, არაშმაგი.

ბ.   რამცა ირგო - რას ირგებს, რას მოიგებს?

გ.   რათამელა ასახელოს - რაღათი ასახელებს, რაღათი შეუძლია ასახელოს? მოაყივნოს - შეარცხვინოს. რა... მოაყივნოს - მას შემდეგ, რაც შეარცხვენს.

დ.   რა პგავა - რა ენაღვლება? ტაეპის აზრია: განა ძნელია კაცმა საყვარელს გული არ ატკინოს?

 

31.

 

ბ.   აყივნებს - არცხვენს. წყლული - დაჭრილი.

გ.   ტაეპის აზრია: თუ არ უყვარს, რად არ ეშვება რად არ ანებებს თავს? ვინც არ უყვარს, ვინც არ იზიდავს, იმას რატომ არცხვენს ტყუილუბრალოდ, მასთან ურთიერთობის განგრძობითა და შეფერებით?

 

32.

 

ა.    ტირილსა ემართლების - შეიძლება ტირილი მოვუწონოთ, ტირილისათვის არ დავგმოთ.

ბ.   დაეთვლების - ჩაეთვლება.

გ.   მიგან კიდე - მის გარდა. ნურად ოდეს... - ნურაფრისთვის  ნურასოდეს...

დ.   დააჩნდეს - შეტყოს. კაცთა ეახლების - ადამიანებთან იქნება.

 

„ვეფხისტყაოსნის“ მკვლევართა გვარები განმარტებებსა” და კომენტარში” მოხსენებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი აზრი ჩვენთვის ცნობილი გახდა ზეპირი გზით. (გამოქვეყნებულ შრომებს არ ვახსენებთ).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ