მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2760 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა.

ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა.

რა ექნა უბედურს ქვრივს? რითი გამოეკვება თავისი ობლები? სოფელი “მწირი”, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობენ დღიურ ლუკმას. და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდენდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი.

მაგდანასაც ამ სიახლოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის. მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: “დედა, პური, დედა, პურიო!” - დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე ქალაქის გზას. იქ, “იარმუკის” თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ასე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხერიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის.

თუმცა სოფელი "მწირი” ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმე ბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები.

მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწარით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა.

მანამ პატარა და-ძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დახეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე.

იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე. ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილზე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა;

დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში. მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავს თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთიორად უგრძელებდა მანძილს;

მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე, ბევრჯერ დაღალულ-დაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს.

რძის ყიდვა ადუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა.

ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო. სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ.

 

II

 

მარიამობის თვეში, ერთ საშინელ ცხელ დღეს, მაგდანა ჯანმიხდილი, საშინელი ქშენით და ოფლში გაწუწული ავიდა იმ აღმართზე, საიდანაც სწორე გზა იწყებოდა სოფლამდე, და ძალიან გაუკვირდა, რომ სოფო ჩვეულებრივ არ მოეგება და შიშით გული გადმოუქანდა.

- ვაიმე, შვილებო! - გულში ხელი ჩაიკრა და თითქმის სირბილით მიიჭრა სახლში. იმისი შვილები და სოფლის გოგო-ბიჭები დერეფანში დიდი ღრიანცელით თავს რაღაცას დასტრიალებდნენ;

მაგდანამ მისწი-მოსწია ბავშვების გროვა და გაოცებული შედგა: მიწაზე დაცემული სახედარი იწვა, კისერი საცოდავად გადაეგდო და მძიმედ ქშინავდა.

მაგდანას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და ბავშვები მირეკ-მორეკა. შემდეგ დიდის გულისხმიერებით გაუსინჯა სახედარს წელი, ფეხები და რა დარწმუნდა, რომ სახედარს მოტეხილი არა აქვს რაო, უფრო ტკბილად გაიღიმა.

- დედა, იცი, მიხას ეგ ვირი გზის ნაპირას ენახა; დამიძახა და რის ვაი-ვაგლახით მოვაგდეთ შინამდინ. ის იყო უნდა დამება და ბალახზე წავსულიყავ, რომ საცოდავი დატორტმანდა და ძირს დაეცა. მე ყვირილს მოვყევი, გოგო-ბიჭები შემოცვივდნენ და აი ზედ დატანებაზედ შენც მოხვედი.

- ოჰ, შვილო, თუ სახედარი გამობრუნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, აბა, წადი ჩქარა ბატონიანთ სათივეში, ღობის გვერდებში მიგლიჯ-მოგლიჯე მწვანე, სულ ნორჩი ბალახი და საჩქაროდ მოირბინე.

მაგდანას სულ დაავიწყდა, რომ დაღალულ-დაწყვეტილი იყო და საჩქაროდ სახედრის მოვლას შეუდგა. გაათბო წყალი, გადაგლეჯილი და დაიარავებული ზურგი მოჰბანა, ნავთში გავლებული ჩვარი დააფარა, შეკრული კრიჭა გაუხსნა და ცივი წყალი ჩაასხა. შემდეგ მარილმოყრილი ლუკმა ჩაუდო და გადასავსავებული პირუტყვი მოაბრუნა. ამასობაში სოფოც მოვიდა მწვანე ბალახით დატვირთული და ვირს ალერსით წინ დაუყარა.

 

III

 

ორი კვირის შემდეგ, როდესაც სახედარმა იმდენად მოიხედა, რომ შეეძლო ტვირთის აკიდება, მაგდანამ ერთიორად მეტი რძე იყიდა, ერთიორად მომეტებული მაწონი შეაყენა, მეზობლებისაგან ორი დიდი გოდორი ითხოვა, გადაჰკიდა თავის ბედაურს, შიგ მჭიდროდ ჩააწყო თავისი ქილები და გაუდგა ქალაქის გზას.

დღეს ვერავინ იცნობდა მაგდანას, ისე გაღიმებული, ბედნიერებით სავსე იყო იმისი შეხედულება. ჩვეულებრივ ტვირთქვეშ მოხრილი კი აღარ მიღოღავდა, არა, ამაყად აბიჯებდა და მხიარულად შესცქეროდა თავის თანაშემწე - ლურჯა სახედარს და მის გარშემო სიხარულით მხტუნავ თავის ბავშვებს.

- დედა, დღეს ხომ უფრო ადრე ჩახვალ ქალაქს? - ღიმილით ეკითხებოდა მაგდანას მისი პატარა მიხა.

- რასაკვირველია, შვილო, ადრე კი არა ერთიორად ადრე ჩავალ და შუადღემდე იქნება კიდეც მოვბრუნდე.

- რას ამბობ, დედა, შუადღემდე! იქნება საღამომდინაც ვერ მორჩე მაგოდენა მაწვნის გაყიდვას; მთელი სოფლის ქოთნები მათხოვნინე წუხელ, - უთხრა სოფომ დედას.

- გაყიდვისა კი აღარ მეშინიან, ამ ოთხ-ხუთ დღეში, შვილო, იმოდენა ხალხი გავიცანი, იმდენი მუშტარი ვიშოვე, რომ ფიქრი არ არის, მალე დავაცარიელებ მაგ დიდ გოდრებს, მერე ვერა ხედავ, რა ცხელ დღეს იჭერს? მაწვნის მეტს რას შესჭამს ამ პაპანაქებაში ვაჭარი კაცი?! ახლა კი დაბრუნდით, შვილო, დაიღლებით.

- არა, დედი, არა, დაღმართამდის მიგაცილებთ და იქიდან გიყურებთ, როგორის გოგმანით წავა ჩვენი ლამაზი ლურჯა. რა ლამაზი თვალები აქვს, დედა, შავი, ჭკვიანი! მაგრამ ისევ ისე დაღონებული კი გამოიცქირება, როგორც მაშინ, დავარდნილი რომ ვიპოვეთ. ახლა ხომ აღარა შიან, დაღონებული რაღად არის?

- რა ვიცი, შვილო, ვირის ჯიში აგრეა, სულ დაღონებულნი არიან ვირები, თავს მაღლა თავის დღეში არ აიღებენ. მაძღრობა ვირს მარტო კუნტრუშზედ ეტყობა, და განა არა ნახე, გუშინ ჩვენი ლურჯა მინდორზედ როგორ კუნტრუშობდა?

- ხა, ხა, ხა, როგორ დაკუნტრუშობდა გოგიანთ ვირებთან! - გადიხარხარეს პატარებმა, - მანამ მოხვალ, დედი, იმდენ ბალახს მოვუტანთ, იმდენს, რომ სულ შიგ ჩაიფლოს ჩვენი ლურჯა, - ხტუნვით და აღტაცებით შესჭიკჭიკებდნენ მაგდანას შვილები.

 

IV

 

მართლაც, მაგდანას ღმერთმა მოჰხედა, სახედრის წყალობით, იმისი საქმე კარგად წავიდა; რძისა და მაწვნის გარდა, მაგდანამ ხანდახან კვერცხს და ქათამსაც დაუწყო ყიდვა.

მაგდანა ყოველთვის პატიოსნად ვაჭრობდა, რძეს და მაწონს წყალს არ ურევდა, ჭურჭელი, სოფიოს წყალობით, ყოველთვის მშვენივრად ჰქონდა დახეხილი და ამის გამო მუდმივი მუშტარი ბევრი გაიჩინა ქალაქში.

გარდა ამისა, რომ მაგდანასაგან ვაჭრობდნენ, იბრალებდნენ კიდეც იმის ობლებს და აძლევდნენ იმათ თვის ნახმარ ტანისამოსს, ფეხსაცმელს.

შემოდგომამდე მაგდანამ დღიურ ლუკმას იმდენი გადაარჩინა, რომ შეეძლო ცოტაოდენი საწვრიმალო ეყიდნა და, როდესაც სოფლის საქონელი გაშრა და რძე აღარ იშოვებოდა, საწვრიმალოს ყიდვა დაიწყო; მიეკედლა ერთ მეწვრიმალე ხნიერ დედაკაცს, იმასთან სანახევროდ სავაჭრო იყიდა, წამოჰკიდა თავის სახედარს და წავიდნენ მთიულებში სავაჭროდ.

ამ ვაჭრობით ორი-სამი ტომარა ფქვილი მოუმზადა საზამთროდ შვილებს, სახედარს-ბზე და ცოტაოდენი ქერი, ახლა კი დაისვენა, დაუბრუნდა თავის შვილებს, ცეცხლი ააბოლა თავის კერაზე. ზამთრის დიდ ღამეებში მაგდანა ცეცხლის პირას იჯდა განუშორებელი მატყლის წინდით ხელში და თან თავის შვილებს უამბობდა ქალაქის ამბებს, თავის თავგადასავალს, თავის ვაჭრობის უცოდინარობას პირველში.

- გამოცდილება კარგი ყოფილა, შვილო, - დარბაისლურად მიუბრუნდებოდა ხოლმე მაგდანა თავის ჭკვიან გოგონა სოფოს, - პირველად რომ მაწვნით ვაჭრობა დავიწყე, ყველა მასხარად მიგდებდა, ყველა ცდილობდა ჩემზე წინ წამდგარიყო, რათა უფრო მალე გაესაღებინა თავისი სავაჭრო და მე კი, ბეჩავი, ჩუმად აბუზული, უკან ვრჩებოდი.

ბევრჯერ მტრობით ავმა სულებმა მიწა გადამიყარეს მაწვნებზე, ბევრჯერ განგებ დამეჯახნენ და დამაქცევინეს, მაგრამ მეც თვალი გავახილე, მეც მივხვდი, რომ ყველაფერში გამარჯვება სიმარჯვესა და სიმხნევეზეა და ხმა ამოვიღე, მივიძარ-მოვიძარ.

მეტადრე როცა მომაგონდებოდა, რომ თქვენ აქ უპატრონოდ, მშივრები, ტიტვლები ეყარენით, ცეცხლი მომედებოდა ხოლმე გულზე და მაშინ ვინ იყო ჩემი წინ წამომდგომი. მე ყველაზე წინ გავრბოდი, მე ყველას უფრო მომეტებულად შევღიჭინებდი, რომ ჩემი რძე-მაწონი ეყიდნათ და ლუკმა ამით ვიშოვე.

 

V

 

ნააღდგომევს, როდესაც სოფელში ისევ გახშირდა წველა, მაგდანამ გაამზადა თავისი ბედაური, თავისი მაწვნის ქოთნები და გაუდგა ქალაქის გზას. მხიარულად მიერეკებოდა თავის ლურჯას და თანაც ღიღინებდა.

მაგდანას გული იმედით იყო სავსე; "სააღდგომოთ შვილები ვერაფრით გავახარე, თითო ჩითის პერანგიც ვერ ჩავაცვი და ახლა მაინც ვუყიდი რასმე; სოფოს, ჩემს იმედს, ჩემს ჭკვიან გოგონას, წითელ ფოსტლებს ამოვუტან, ენაცვალოს დედა, მე შენ გითხრა, ჩემს პატარებს უჩემობას შეამჩნევინებს: ისე დაჰგურგურებს, როგორც კარგი დამზნილი დედაკაცი... ჩემს ვაჭრობას უფრო მოუმატებ, იქნება ორიოდე გროში მივაგდო სოფოს სამზითვოდ. დერეფნის შუა ბოძი ძლივს იმაგრებს გასაყარ ხესა, იმასაც გამოცვლა უნდა”...

ამ ფიქრებში გართული მაგდანა მიუახლოვდა ქალაქს. ის-ის იყო მზემ თავი ამოჰყო და მშვენივრად გააჩაღა ვერის ბაღები, პატარა ვერის მომჩქეფარე წყალი და უზარმაზარი სარკესავით აალაპლაპა მტკვრის მდორედ მოძრავი ზემოთა პირი.

ახლად გამოღვიძებული ქალაქის ხმაურობა გუგუნივით მოისმოდა, შეშის ურმები, აგურის პოვოსკები, ფურგუნები ერთიერთმანეთში ირეოდა; მებაღეები მწვანილით დატვირთული სახედრებით, მერძევე დედაკაცები კოკებით, კინტოები თაბახებით თავზე მიეშურებოდნენ, გარბოდნენ, რომ ბაზარში არ დაგვიანებოდათ. მაგდანამაც ორიოდე სახრე გადაჰკრა თავის ლურჯას და ფეხი ააჩქარებინა.

მაგდანა რომ ვერის აღმართს ავიდა, იმის პირდაპირ საშინელის სიჩქარით გამორბოდა მთელი ჯოგი სახედრებისა. იმათი პატრონი, მთლად შემურული მენახშირე, მშვენიერ იორღა ჯორზე იჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიერეკებოდა.

ერთმა ვირმა წამოჰკრა გვერდი მაგდანას მაწვნის გოდორს და მთლად შეარყია. მაგდანა გაანჩხლდა და მენახშირეს წყევლა დაუწყო: "კისერი მოგტყდეს, კისერი, შე ღვთის მუხანათო! რაზე დამღუპე და დამაქციე! დოსავით გათქვეფილი მაწონი ვიღასთან უნდა მივიტანო? “

მენახშირემ მხოლოდ ახლა მოაბრუნა კისერი ამისაკენ და უცბად შედგა, საჩქაროდ გადმოხტა ჯორიდან და მაგდანასთან მიიჭრა: "დედობილო, ნუ კი იწყევლები ემანდა და, აბა მიბრძანე, ეგ სახედარი შენ ვინ მოგცა”.

მაგდანას მუხლები მოეკვეთა, პირზე მკვდრის ფერი გადაედო და ხმის კანკალით ძლივს წაილუღლუღა: - მინდორში დავარდნილი ვიპოვე, სული ამოსდიოდა და მოვაბრუნე.

- "დავარდნილი, სული ამოსდიოდა”, - გააჯავრა მენახშირემ მაგდანას. - ვინ გეხვეწებოდა, მოაბრუნეო? მინდორში მე იმისათვის კი არ მივანებე თავი, რომ შენ მოგეპარა! სხვა სახედრებს ჩამორჩა, მე მეჩქარებოდა და თავი იმიტომ დავანებე; მეორე დღეს ტყიდან უნდა ჩამომევლო, წამეყვანა და რა გაგიშვია, რას ეძებ? თურმე რომ შენ მიგიჩქმალავს, შე არამზადავ, შენა, ახლავე მომე, თორემ ეგ არის შუაზედ გაგგლიჯე!.. მოხსენ ეგ შენი ქოთნები, თორემ ლუკმა-ლუკმად დაგიმტვრევ! "სუდში” წაგათრევ და ქურდობისთვის ციხეში დაგალპობინებ!..

მაგდანამ დაინახა, რომ ობლების საზრდო, იმედი ხელიდან ეცლება, საშინლად გააფთრდა, გოდრებს ზედ გადაეფარა, წივილ-კივილს მოჰყვა და, რაც ჯანი და ღონე ჰქონდა, იგერიებდა გაცოფებულ მენახშირეს.

- ვერ წამართმევ, ვერა. ეს ჩემი ნაპოვნია, ჩემი გამოკვებილია. ზამთარში, ჩემი შვილების ნუგეში ეს არის, ვერ წამართმევ! მომეცალე, მომეცალე, თორემ თვალებს გამოგწიწკნი, თავს აქ მოვიკლავ და არ დაგანებებ კი!

- იქით, იქით! ხელი აიღე, თორემ ეს არის მოთმინება დავკარგე! შენისთანებმა უნდა მაჯობონ, შე მასხარავ? იქით-მეთქი, გეუბნები! ცოდვაში არ ჩამაგდო, წიწილასავით არ წაგახრჩო! ნაპარავი ვიპოვე, შე არამზადავ, შენა, და კიდეც მიძალიანდები? რატო სირცხვილით თვალი არ გისკდება და დედამიწაზე არ დავარდები! იქით, იქით მეთქი!

- არა, არა! ჩემი ცოცხალის თავით არ დაგანებებ. ჩემია, ჩემი, არ მომიპარავს. განა, ურჯულოვ, შენ თვითონ არ იცი, რომ არ მომიპარავს? მთელმა ქვეყანამ იცის, "ტარშინა” - მამასახლისთან გამოცხადებული მაქვს. ღმერთმა აჩუქა ჩემს ობლებს და შენ უნდა წაართვა? არა, ვერ წამართმევ, ვერა!

მაგდანას თავშალი გადაუვარდა, თმები ჩამოეშალა და გაეწეწა, პირზე მკვდრის ფერი დაედო, შუბლზე ცივი ოფლი ჩამოსდიოდა, იმის მუდამ წყნარ ხმას მრისხანება მიეცა, მკლავს - საშინელი ძალა, და ყმაწვილს, ლომივით მენახშირეს, კინაღამ აჯობა.

ამასობაში პოლიცია გაჩნდა, ჩხუბის მიზეზი გამოიკითხა და მენახშირე ამ სიტყვებით გაისტუმრა: წართმევა არ იქნება, წადი, სუდში იჩივლე, იქ გაარჩევენ საქმეს და, სახედარი ვისიც არის, იმას მისცემენო.

მაგდანამ სული მოიდგა, თავშალი მოიხვია, ტანისამოსი გაისწორა და თავჩაღუნული და შემკრთალი, რომ ამოდენა ხალხმა ამის გაანჩხლება დაინახა, იარმუკისაკენ წავიდა.

 

VI

 

მშვენიერი, წყნარი, მთვარიანი ღამეა. მაგდანა თავისი ოთხი შვილით ვახშამს მოსჯდომია ეზოში, წინ პურჩაყრილი მაწვნით სავსე ტაფა უდგათ, მაგრამ კი არავინ სჭამს. იმათ მოშორებით, ბაკის ღობესთან, გამობმული ლურჯა კი მადიანად ახრამუნებს მწვანე ბალახს.

მაგდანა მწარედ ჩაფიქრებული შესცქერის მთვარეს და თვალები ცრემლებით ევსება, ვინ იცის, რითი გადაწყდება ხვალ იმისი საქმე. წაართმევენ ერთადერთ სახსარს ცხოვრებისას - ლურჯას, თუ შეიბრალებენ ამის წვრილშვილს და არ გასწირავენ?

- ოხ, ღმერთო, სად არის შენი სამართალი! მომხედე მე საცოდავს, ჩემს საბრალო ობლებს! განა ლურჯა მართლა ჩემი არ არის? განა მართლა მე და ჩემი შვილები ამის მოვლაში და საზრდოს ზრუნვაში არ ვიყავით!... რო წაგვართვან, რაღა გვეშველება! ისევ უნდა წელში მოვიხარო და ოთხფეხ პირუტყვსავით ზურგით უნდა ვზიდო რძე და მაწონი! ოხ, ოხ, ღმერთო, ღმერთო! შენ იყავი ჩემი მფარველი. - და მაგდანას გადმოსცვივდა მწარე მდუღარება.

- დედა, რათა სტირი? - უთხრა დედას გულამომჯდარმა სოფომ, - იქნება "სუდიებმა” ჩვენ გვარგუნონ, წინადვე გულს რად იხეთქავ?

- დედა, მოდი, მე ზედ შემსვი, - ტირილითვე უთხრა მიხამ, - და მანამ არ მომკვლენ, ძირს არ ჩამოვალ.

- შე საწყალო, შენა! მანამ არ მომკლავენო! შენ რა ხარ, შვილო, რომ შენი მოკვლა რა იყოს? პანტასავით იქით გადაგისვრიან და ბევრსაც გირტყამენ.

- მაშ, მოდი, დედა, მთიულებში წავიყვანოთ და იქ დავმალოთ, - იმედს არ ჰკარგავდა პატარა მიხა.

- დედა, პური ჭამე, გეთაყვანე, ღმერთი მოწყალეა! გუშინ ნოზაძიანთ ნინიკა ამბობდა: მთელი სოფელი უმოწმებს, რომ მკვდარი მოაბრუნაო. მაგდანას დამალვით ხომ არ დაუმალავს, საქვეყნოდ “ტარშინას” გამოუცხადა, რომ თუ ზამთარში გამოვკვებავ, მერე აღარავის დავანებებო.

ან ვის გაუგონია დავარდნილი სახედრის უკან დევნაო, ეგ გზა სულ მენახშირეებით არის გათელილი, მაგის მეტი რა გვინახავსო? დავარდნილი სახედრები ბევრი გვიპოვნია, ბევრი მოგვიბრუნებია, მაგრამ პატრონს ხმაც არ ამოუღიაო.

- ეგ მეც ვიცი, შვილო, მაგრამ, ვინ იცის, ,,სუდიები” “კანცელარიაში” რა ქეიფზე იქნებიან, ვისას უფრო გაიგონებენ. მენახშირე ფულით არის გატენილი, მე უბედური გლახა ვარ და გლახისას ვინ რას შეიწყნარებს.

-არა, დედილო, არა, ჩვენ ლურჯას ვერავინ წაგვართმევს, - ქვითინით წამოხტა პატარა მიხა და მივარდა სახედარს: - არა, ლურჯავ? შენ ნუ წაჰყვები იმ ოხერ მენახშირეს, ნუ წაჰყვები, შენი ჭირიმე! - და ამ სიტყვებთან ერთად ორივე ხელით შემოეხვია ლურჯას კისერზე.

 

VII

 

მეორე დღეს მაგდანამ თავზე ხელი გადაუსვა თავის ლურჯას, დიდხანს ჩასცქეროდა ტკბილ, დაღონებულ თვალებში და თავი გაიქნია:

- განა ასეთი იყავ ამ რვა თვის წინათ? განა ასე გიბზინავდა აქა-იქ ამოგლეჯილი შენი ლურჯი ბალანი, ჩემო ლურჯავ? განა მენახშირე ისევ ისე არ გადაგაძრობს ჩემს მორჩენილ ბეჭებს?

ნეტა ლაპარაკი მაინც იცოდე, რომ შენა გკითხონ, თუ ვის აირჩევდი პატრონად. - ლურჯაც თითქოს გრძნობდა თავის განსაცდელს და, რაც შეეძლო ზედ ეკვროდა თავის პატრონს.

მაგდანამ კარგად მოუარა თავის ბედაურს, კურტანიც კი აღარ დაადგა, რომ ყველას ენახა, რა რიგად იყო მოვლილი მისი ლურჯა; კისერზე თოკი გამოაბა და რომ შვილების ტირილი და ვაგლახი აღარ ენახა, გაუთენებლივ გაუდგა გზას. ჯერ სოფლის ,,კანცელარიაში” ჩამიჩუმიც არ იყო, რომ მაგდანა თავისი სახედრით იქ გამოცხადდა.

სოფო, მიხა და ორი პატარა მთელი დღე ბანზე ისხდნენ. არც ერთს იმათგანს მთელი დღე ხმა არ ამოუღია. თითქმის არა უჭამიათ რა და მხოლოდ გზას გასცქეროდნენ. მზემ კარგად გადაიწია და მაგდანა კი არსად ჩანდა.

ბავშვები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. სოფო, რაც ძალი და ღონე შერჩა, კიდევ ნუგეშსა სცემდა პატარებს, თუმცა თვითონ მთლად კანკალებდა მოუთმენლობით.

მზე ჩავიდა და აგერ გზის პირად გამოჩნდა მაგდანას შავი თავშალი. კიდევ ერთი წამი და მაგდანა, წელში გაშლილი, პირმოღიმარი, თოკით ხელში ლურჯას წინ მოუძღოდა და თავის მოწმეებით გარშემოხვეული მოუახლოვდა სოფელს.

მაგდანას შვილები სახედრის დანახვაზე მთლად გადაირივნენ: ტიროდნენ, იცინოდნენ, ხტოდნენ, გარბოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ და ისევ გამორბოდნენ. ბოლოს ოთხივე წივილ-კივილით ვირს მოეხვივნენ, ჰკოცნიდნენ, ზედ ახტებოდნენ და უალერსებდნენ.

- კარგით, შვილო, კარგით! ხომ ხედავთ, ლურჯა ჩვენ გვარგუნეს. სოფო, შვილო, გაიქე სახლში, ცეცხლი გააჩაღე, ამ პატიოსან მოწმეებს უნდა გავუმასპინძლდე.

მაგდანა თავის მოწმეებს გულუხვად დაუხვდა. ღვინო და არაყი ბლომად მიართვა, კარგი ჩასუქებული დედალიც დაუკლა და შუაღამემდის იმის ერდოდან, წუხანდელი ტირილის მაგივრად, ჰარიარალეს ხმა ამოდიოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ