პატარა ქალაქში მევიოლინე ცხოვრობდა.
მოსაღამოვდებოდა თუ არა, მევიოლინე ჩაიცვამდა ძველ ფრაკს, ამოიიღლიავებდა ვიოლინოს და გასწევდა ქალაქის მოედნისაკენ. დადგებოდა შუა მოედანზე და დაიწყებდა დაკვრას.
რამდენიმე მსმენელი თუ მოიყრიდა ხოლმე თავს მოედანზე.
მევიოლინე წყენას არ იმჩნევდა.
დახუჭავდა თვალებს და ამღერებდა ვიოლინოს. უკრავდა დიდხანს, თავდავიწყებით.
დაკვრას რომ მორჩებოდა, გაახელდა თვალებს და ნახავდა, დაღამებულიყო უკვე, დაფანტულიყვნენ მსმენელნი.
ფარნების მკრთალი შუქით განათებულ მევიოლინეს ერთხანს ფიქრი გაიტაცებდა. მერე ნაღვლიანად გაიღიმებდა და გაუყვებოდა ქუჩებს შინისაკენ...
და მეორე დღეს კვლავ ელოდა საღამოს. კვლავ მიდიოდა მოედანზე.
კვლავ ცოტა ჰყავდა მსმენელი...
მაშინ ეს იფიქრა მევიოლინემ: იქნებ ყველაფერში ვიოლინოა დამნაშავეო. წავალ, ისეთ ხეს ვიპოვი, მისგან გამოჭრილმა ვიოლინომ მსმენელი გააოცოსო.
დაეხეტებოდა მევიოლინე ტყეებში, მიუახლოვდებოდა რომელიმე ხეს, დააკაკუნებდა და მიუგდებდა ყურს, მერე შუბლს დაიჭმუხნიდა და ახლა სხვა ხეზე დააკაკუნებდა. მთელი ქვეყანა შემოიარა მევიოლინემ იმ ხის ძებნაში.
... და ერთხელ ხის ძირას პატარა ჩიტი იპოვა ფრთებმოტეხილი.
აიყვანა და წყაროს წყალი აპკურა. ჩიტი გონს მოვიდა. მევიოლინემ ჰკითხა, რა დაგემართაო.
- მინდოდა ცაში ავფრენილიყავი, მაღლა, სულ მაღლა... მაგრამ ფრთები დამეღალა და ჩამოვარდი, - თქვა ჩიტმა და ატირდა.
მევიოლინე გაოცდა. ჩიტი ფრთხილად ჩაისვა უბეში და გამოეშურა ქალაქისკენ.
დიდხანს უვლიდა ჩიტს მევიოლინე. მალამოს ადებდა ფრთებზე. თავს დასტრიალებდა. გამოჯანმრთელდები და კვლავ გაფრინდებიო ცაში.
ზრუნავდა ჩიტზე მევიოლინე, თავი აღარ ახსოვდა... ვიოლინოც კი გადაავიწყდა. მისი სახლიდან საკრავის ხმა რომ აღარ ისმოდა, ძალიან უკვირდათ გამვლელებს.
ერთ კაცს უხაროდა მხოლოდ. ეს კაცი მევიოლინეს მეზობელი იყო. ამ კაცს ჭამა უყვარდა ძალიან, ხოლო მუსიკა ჭამის მადას უკარგავდა. ასე ეგონა, თუ ვინმე მღერის ან უკრავს, ჩემი ჯიბრით უკრავს და მღერისო.
ახლა, მევიოლინე რომ აღარ უკრავდა, მეზობელი კმაყოფილი და ბედნიერი იყო. მაგრამ ბოლოს შეეშინდა, ვინ იცის, რას ამზადებს მევიოლინე ჩემს წინააღმდეგო.
მიეპარა და ჩუმად შეიჭვრიტა მევიოლინის ფანჯარაში. დაინახა, როგორ დასტრიალებდა მევიოლინე ჩიტს და როგორი სიფრთხილით ადებდა მალამოს მოტეხილ ფრთებზე. დაინახა, როგორ შესცქეროდა მადლიანი ჩიტი მევიოლინეს.
მეზობელმა იფიქრა, ცუდადაა საქმე, როცა ამ ჩიტს მოარჩენს, გახარებული აღარც დღე მომასვენებს და აღარც ღამე თავისი ვიოლინოს წრიპინითო.
ჰოდა, მევიოლინემ და ჩიტმა რომ დაიძინეს, შეიპარა სახლში და მოიპარა ჩიტი.
დილით ჩიტმა გაიღვიძა და დაინახა, რომ გალიაში იჯდა. ატირდა ჩიტი. მას უკვე ისე უყვარდა მევიოლინე, ფიქრობდა ხოლმე, როგორღა გავფრინდები ცაში, როგორ მივატოვებ მევიოლინესო.
იჯდა ჩიტი გალიაში და ტიროდა.
მევიოლინე სევდიანი დადიოდა ქალაქში და ყველას ეკითხებოდა, პატარა ჩიტი ხომ არ გინახავთო.
- პატარა ჩიტების მეტი რა არის ამქვეყნად. შენ ის გვითხარი, რა ნიშანი ჰქონდა განსხვავებულიო, - ეკითხებოდნენ.
- ჩვეულებრივი პატარა ჩიტი იყო და ცაში უნდოდა აფრენა, მაღლა, სულ მაღლაო... - ამბობდა მევიოლინე.
გამვლელები ხელებს გაშლიდნენ, მხრებს აიჩეჩავდნენ და გაეცლებოდნენ...
გადაუწყდა იმედი მევიოლინეს. იფიქრა, ალბათ აღარაა ცოცხალი, ვეღარ ვნახავო პატარა ჩიტს.
უკრავდა მევიოლინე და ბოლოს დაქანცულმა, თვალები რომ გაახილა, დაინახა, მთელ ქალაქს მოეყარა თავი მოედანზე.
საოცარი ჰანგებით მოხიბლული იდგნენ ადამიანები.
უყურებდა აღფრთოვანებულ სახეებს და მიხვდა მევიოლინე: ტყუილად ვეძებდი საოცარ ხეს ვიოლინოსთვის. საუცხოო ჰანგებს მხოლოდ დიდი წუხილი ბადებსო...
ყოველ საღამოს უკრავდა მოედანზე.
და ყოველ საღამოს უსმენდა მას მთელი ქალაქი.
დაკვრას რომ მორჩებოდა, დიდები მხოლოდ იმის თქმასღა ახერხებდნენ, რა მშვენიერი მუსიკააო და ცრემლს მოიწმენდდნენ. ბავშვები კი დაბრუნდებოდნენ თუ არა შინ, მიუსხდებოდნენ მაგიდას და ათასფრად მოელვარე ვარსკვლავებს ხატავდნენ რვეულებში.
მაგრამ ყველაზე დიდი საცოდაობა ღამით ხდებოდა. როცა ყველა დაიძინებდა, ვარსკვლავები წყდებოდნენ ბავშვების რვეულებს და ცისკენ მიფრინავდნენ.
ასტრონავტებს ვერ გაეგოთ, როგორ ჩნდებოდა ახალი ვარსკვლავები ცაზე. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ. რამდენჯერმე ჩხუბიც კი მოუვიდათ.
ბოლოს მორიგეობა დაიწყეს. მთელი ღამე შეჰყურებდნენ ცას სათითაოდ. მაგრამ არ შეიძლება, ერთი პირი ასტრონავტსაც არ ჩაეძინოს და სწორედ ამ დროს წყდებოდნენ ვარსკვლავები მიწას.
ცას ვარსკვლავები ემატებოდა.
ქალაქში კი დიდ-პატარა გამუდმებით ღიღინებდა მევიოლინის მელოდიებს.
მოსვენება დაეკარგა მევიოლინეს მეზობელს. ბრაზობდა მევიოლინეზე, ბრაზობდა ქალაქზე. აღარ იცოდა, სად დამალოდა მუსიკას, ჩამოხმა ბრაზით, სულ გადაირია.
ბოლოს კედელს მიანარცხა ჩიტის გალია. მერე წაავლო ხელი ჩიტს და ქალაქის მოედნისკენ გაიქცა. იქ მევიოლინეს უსმენდა ხალხი.
ბოროტმა კაცმა მომაკვდავი ჩიტი წინ დაუგდო მევიოლინეს და ქალაქიდან გადაიხვეწა. დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
მოედანზე მდუმარედ იდგა ხალხი.
კვდებოდა პატარა ჩიტი და მწარედ ტიროდა მევიოლინე.
* * * * * * * * *
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა.
პატარა ქალაქის მოედანზე ახლა მევიოლინეს ძეგლი დგას. საკრავი ისე მოუმარჯვებია, თითქოს უკრავსო, მხარზე კი ჩიტი აზის.
ამბობენ, ღამით, როდესაც ვარსკვლავი მოწყდება ცას, მევიოლინე შეირხევა და ამოიკვნესებსო ვიოლინო. მაშინ შეიფრთხიალებს თურმე ბრინჯაოს ჩიტი და მიფრინავს ბნელში.
მიფრინავს ჩიტი, აიტაცებს ჩამოვარდნილ ვარსკვლავს და მიფრინავს ცაში.
განთიადისას კი კვლავ უბრუნდება მევიოლინეს.
ამიტომ არ აკლდებაო ვარსკვლავები ცას.
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |