მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8307 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთხელ პატარა ქალაქს მეტად უცნაური სენი შეეყარა: ქალაქის მცხოვრებთ ჩემოდნები შეუყვარდათ ძალიან, სულ ჩემოდნებს დასტრიალებდა მათი ფიქრები.

ბინიდან გასვლისას ჩემოდნით ხელში დიდ სარკესთან მივიდოდნენ და ჩაიხედავდნენ, მიტრიალდებოდნენ, მოტრიალდებოდნენ… არ გეგონოთ, თავის სახეს აცქერდებოდნენ, არა, ამოწმებდნენ, ჩემოდანი ხომ ლამაზად გამოიყურებაო. მერე ასწევდნენ თავს და ამაყად გადიოდნენ ქუჩაში.

ქუჩაში ყველას ჩემოდანი ეკავა ხელში.

მძიმე ჩემოდანს დაათრევდა დიდი თუ პატარა…

უფრო და უფრო უყვარდებოდათ ჩემოდნები…

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე ჩემოდნის გამომგონებელს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის კვარცხლბეკი ჩემოდნის ფორმის იყო, გამომგონებელსაც დიდი ჩემოდანი ეკავა ხელში.

ამ ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე, მოქალაქენი ქუდს მოიხდიდნენ ხოლმე მოწიწებით…

მიათრევდნენ მძიმე ჩემოდანს… რომ შემაჩნევდნენ, დამტვერილაო, შევიდოდნენ სკვერში, ჩამოსხდებოდნენ სკამზე, ჩემოდანს მუხლებზე დაიდებდნენ, ჯიბიდან ხავერდის ნაჭერს ამოიღებდნენ და აპრიალებდნენ და აპრიალებდნენ ჩემოდანს.

გააპრიალებდნენ კარგად და მხოლოდ მერე განაგრძობდნენ გზას.

ის კი არადა, თეატრშიც თავის ჩემოდანი ედოთ მუხლებზე და ისე უცქეროდნენ სპექტაკლს. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა მსახიობებიც ჩემოდნით ხელში ამბობდნენ მონოლოგებს და თვით ტანწერწეტა ბალერინებიც ჩემოდნებიანად დახტოდნენ სცენაზე.

მართალია, ამის გამო ისე მსუბუქად ვეღარ ტრიალებდნენ თითის წვერებზე, მაგრამ ეს არავის ანაღვლებდა.

მთავარი იყო ჩემოდანი…

მხოლოდ ერთი კაცი დადიოდა უჩემოდნოდ,ხელები ჯიბეში ჩაეწყო, პალტოს საყელო აეწია და ნაღვლიანი მიჰყვებოდა ქუჩას. ეს კაცი კლოუნი იყო. კლოუნი ცირკიდან გამოაგდეს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემოდანს არ ატარებდა, მეორეც იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიცილი აღარ უყვარდათ.

უყურებდა კლოუნი გამვლელებს და ამჩნევდა, ისე უცქეროდნენ ერთმანეთის ჩემოდნებს, ეტყობა, ფიქრობდნენ, იმისი ჩემოდანი სჯობიაო თუ ჩემიო. სულ მოღუშულები იყვნენ.

ალბათ ძნელია იღიმებოდე, როცა იმას ფიქრობ, ნეტა ვისი ჩემოდანი სჯობია ან რა უწყვია სხვას იმ ჩემოდანშიო.

- ეჰ, - ამოიოხრებდა კლოუნი და ჩაჰკიდებდა თავს…

კლოუნის უჩემოდნოდ სიარული არ მოსწონდათ მოქალაქეებს. ჯერ იყო და წარბშეკრული უცქეროდნენ, მერე და მერე გაგულისდნენ და ქუჩაში მიმავალს ბრაზით მხარსაც გაჰკრავდნენ ხოლმე.

ერთ დღეს კი უმიზეზოდ ჩხუბი აუტეხეს და ძლივს გაასწრო, კიდევ კარგი, რომ იმათ მძიმე ჩემოდნები ეჭირათ ხელში და სწრაფად ვერ მორბოდნენ, თორემ ცუდი დღე დაუდგებოდა ნამდვილად.

მას შემდეგ აღარ გამოდიოდა კლოუნი ქუჩაში, იჯდა ფანჯარასთან და გაჰყურებდა ქუჩას ნაღვლიანი, ხედავდა, როგორ დამახინჯებულიყვნენ მოქალაქენი მძიმე ჩემოდნის ტარებით. ტანი გაზნექოდათ და დაბრეცილიყვნენ.

ამას თვითონაც ამჩნევდნენ და ალბათ ორი ჩემოდნის ტარებასაც შემოიღებდნენ წონასწორობისთვის, მაგრამ საქმე ისაა, უნდოდათ ცალი ხელი თავისუფალი ჰქონოდათ, რათა ქუდი მოეხადათ ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე…

უყურებდა საგონებელში ჩავარდნილი კლოუნი მოქალაქეებს და აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს რაღაც მოიფიქრა და თქვა: თუ უშველის, ეს უშველის, თუ არა და, დაიღუპება ქალაქიო… მეორე დილით დიდი აფიშები იყო გაკრული მთელ ქალაქში. აფიშებზე ეხატა კლოუნი და კლოუნს ეჭირა ვეება ჩემოდანი.

ეს ძალიან მოეწონათ მოქალაქეებს, მოსულა ჭკუაზეო, გაიფიქრეს… და საღამოს უამრავი მაყურებელი გაეშურა ცირკისაკენ. აუყვნენ კიბეებს, მიათრევდნენ თავიანთ მძიმე ჩემოდნებს…

მერე დაიწყო საცირკო წარმოდგენა და სიამოვნებით უცქეროდნენ მაყურებლები ათასჯერ ნანახს: როგორ ეწეოდა ვიღაც ღონიერი კაცი ას დიდ ჩემოდანს ერთად.

ჟონგლიორი პატარა ჩემოდნებს ისროდა ჰაერში. აკრობატები ჩემოდნებზე ხტუნავდნენ და ილუზიონისტსაც თავისი შავი ცილინდრიდან ჩემოდნები ამოჰქონდა დაუსრულებლივ.

განსაკუთრებით ის მოსწონდათ, რომ ცხოველებიც ჩემოდნებით დადიოდნენ არენაზე. სპილოებს ვეება ჩემოდნისთვის ჩაევლოთ ხორთუმი, ბაჭიები კი პაწია ჩემოდნებს მიაქანებდნენ სკუპ-სკუპით…

ბოლოს დაცარიელდა არენა და მიყუჩდა ორკესტრი. უცებ ჩაბნელდა ცირკი და მხოლოდ შუქის ერთი კონა მიადგა არენაზე შემოსასვლელ ფარდას…

მერე გაიხსნა ფარდა და შემოვიდა კლოუნი. მას დიდი ჩემოდანი ეჭირა. წამოიღო ბარბაცით, წამოვიდა არენის შუაგულისკენ და გამოყჯვა შუქის წრე.

უყურებდნენ მაყურებლები და ფიქრობდნენ, ახლა ალბათ მალაყებს გადავა ჩემოდნიანად, ან ბაგირზე ირბენსო. კლოუნმა კი დადო ჩემოდანი, ჩაიჩოქა მის გვერდით, გახსნა და ჩემოდნიდან პეპლები ამოფრინდნენ…

კლოუნმა მათ სთხოვა დახმარება, ფიქრობდა, იქნებ პეპლების სილამაზემ მოქალაქეებს ჩემოდნები დაავიწყოსო. აფარფატდნენ პეპლები არენაზე. რამდენიმე პეპელა კლოუნმა ხელის გულზე დაისვა და ისე წავიდა მაყურებლისკენ.

ბარიერთან მივიდა კლოუნი, ხელი ასწია და ხელისგული მაყურებლებს უჩვენა, ასე შემოუარა არენას, თან მაყურებლებს უყურებდა თვალებში და უღიმოდა. მაგრამ იმათ ვერ გაეგოთ, რა უნდოდა კლოუნს.

ჩემოდნების ცქერას მოჩვეულები, თურმე პეპლებს ვეღარ ხედავდნენ!

გაბრაზდნენ და ლანძღვა-გინება დაუწყეს კლოუნს, თუ აკეთებ რამეს, გააკეთე, თუ არა და, წადი აქედანო. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, ბავშვებმაც ვერ დაინახეს, რომ ლამაზი პეპლები დაფრინავდნენ დარბაზში. მხოლოდ რამდენიმე ბავშვმა თქვა: რა ლამაზი პეპლებიაო.

ისინიც მშობლებმა დატუქსეს და გააჩუმეს: ჩემოდნებს კარგად რომ არ უვლით, სისულელეები იმიტომ გელანდებათო.

ამაოდ იწვდიდა კლოუნი ხელებს კლოუნი მოქალაქეებისკენ. გაბრაზებულმა მაყურებლებმა დატოვეს ცირკი. ვიღაცამ ხელს კლოუნის ჩემოდანიც გააყოლა, მე უფრო გამომადგებაო…

იდგა კლოუნი შუქის წრით განათებული. მერე ის შუქიც ჩაქრა, ალბათ გამნათებელსაც მობეზრდა კლოუნის ცქერა და წავიდა ისიც. სიბნელე იყო ცირკში…

მერე უცებ ინათა ცისფრად. და გამოჩნდა თავდახრილი კლოუნი თავისი ძველი ცილინდრითა დამობრეცილი ფეხსაცმელებით. კლოუნი ახლა თითქოს ცისფერი მინისა იყო, ერთ წამს მოჩანდა მისი ნაღვლიანი სახე და კვლავ სიბნელე ჩამოწვა ცირკში. ნაღვლიანი კლოუნები არა კვდებიან თურმე, ერთხელ იელვებენ ცისფრად და ქრებიან მყისვე…

გაქრა კლოუნი…

ბუზღუნ-ბუზღუნით ჩამოდიოდნენ მოქალაქენი კიბეებზე. უცებ რაღაც მეტად უჩვეულო იგრძნეს, მიიხედეს და დაინახეს, ცირკიდან ცისფერი ნათება გამოდიოდა. კვლავ საჩქაროდ მიაშურეს ცირკს. არბოდნენ კიბეებზე, მიათრევდნენ მძიმე ჩემოდნებს. შევიდნენ და გაოცდნენ:

დარბაზში ცისფრად მნათი პეპლები დაფარფატებდნენ. კლოუნი კი აღარსაც იყო. დაფარფატებდნენ ცისფერი პეპლები. მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. კვლავ აივსო იარუსები. იდგნენ, შესცქეროდნენ პეპლების ფარფატს. და მიხვდა ყველა, ამ პეპლების ჩვენება სურდა მათთვის კლოუნს…

ის კი არ იცოდნენ, რომ კლოუმა დატუტოვა პეპლებს ეს ცისფერი ნათება. ასე იფრინეს პეპლებმა, იფრინეს, მერე აფრინდნენ მაღლა და გაფრინდნენ ცირკის გუმბათში დატანებულ სარკმელში…

და ბნელში დარჩნენ მაყურებლები…

აანთეს სინათლე ცირკში და რა ნახეს: თურმე პეპლები რომ დაფარფატებდნენ, ჩემოდნებს ეხებოდნენ ფრთებით და საპნის ბუშტებივით გამსკდარიყვნენ ჩემოდნები, აღარაფერი დარჩენილიყო მათგან. იდგნენ გაოგნებული მოქალაქენი. იდგნენ, ბრაზდებოდნენ თანდათან და ის იყო ყვირილი უნდა აეტეხათ, რომ შეხედეს ერთმანეთს და უცებ ვიღაცას სიცილი აუტყდა. მას აჰყვა მეორე, მესამე…

და ცოტა ხნის შემდეგ ყველა იცინოდა. იცინოდნენ, ხარხარებდნენ. გრიალი გაჰქონდა ცირკს… იცინოდნენ საკუთარ თავზე. და სისულელე იყო ეს ჩემოდნებით სიარულიო, ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მერე კლოუნი მოაგონდათ და დაღონდნენ…

გამოვიდნენ ქალაქში. ჩაფიქრებულები გაუყვნენ მთავარ ქუჩას… და უცებ შეჩერდნენ გაოცებულები: ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს უცნაური რამ დამართოდა. კი აღარ იდგა, არხეინად წამოწოლილიყო ჩემოდნისებურ კვარცხლბეკზე და ხელში ჩემოდნის ნაცვლად ყვავილები ეჭირა…

გაიღიმეს მოქალაქეებმა. და გადაურჩა უცნაურ სენს პატარა ქალაქი…

მას მერე ხანდახან კვლავ ხშირდება ქალაქში მოღუშული სახეები და არის საშიშროება, რომ კვლავ იფეთქებს ჩემოდნების ავადმყოფობა. მაგრამ ღამით, როცა ყველას სძინავს, ქალაქში შემოფრინდებიან ცისფრად მნათი პეპლები.

შეფრინდებიან ფანჯრებში და იწყებენ მძინარე მოქალაქეთა ირვლივ ფარფატს. დაფრინავენ პეპლები, სიზმრებში აღწევს მათი ცისფერი ნათება… და მეორე დღეს კვლავ უღიმიან ერთმანეთს მოქალაქენი…


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ