მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2609 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

"შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,

იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა.

გრ. ორბელიანი

 

I

 

ქართველების შესუსტება, გულის გატეხა, უკან ჩამორჩომა ამ ჟამად შეადგენს იმისთანა აშკარა მოვლენას, ამისთანა ცხად ჭეშმარიტებას, რომელსაც, ბევრად თუ ცოტად, ყველა ჰგრძნობს, ყველა ამჩნევს, არამც თუ განათლებული, არამედ უკანასკნელი უმეცარიც.

ბევრნი თუ არა, ზოგიერთნი მაინც, ამ უკან დახევის, უკან წასვლის მიზეზს ეძებენ იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იყო ჩავარდნილი საქართველო წარსულ საუკუნის დამლევს. ჩვენის აზრით, ამ გვარი სჯა სრულიად უსაფუძვლოა და დიდს შეცდომილებას შეადგენს.

ეს შეცდომილება დიდად მავნებელია ჩვენთვის ორი მხრით: ჯერ ერთი ესა, რომ მეძიებელს უბნევს გზასა და სენის მიზეზს უჩვენებს სრულიად სხვა დროში და სხვა ადგილას და ამითი ნამდვილ მიზეზის გამოკვლევას, პოვნას და მოსპობას უშლის;

მეორეს მხრით იმითია ცუდი, რომ სრულიად ახალს, მოსარჩენს სენს ჰრაცხს ძველს სენად, სთვლის დიდის ხნის სევდად, ხრონიკულს თვისებას აწერს მას და განკურნების იმედს თითქმის სრულიად უკარგავს მამულიშვილსა.

საიდგან წარმოსდგება ეს მავნებელი შეცდომილება? უმეტეს ნაწილად იქიდგან, რომ ჩვენის სამეფოს სახლის, ბაგრატიონთა გვარის, დაწვრილმანებას, გაფუქსავატებას და დაუძლურებას მიაწერენ მთელს ერსა, გადააქვთ მთელს ხალხზედ და კერძო წყლულს ჰრაცხავენ საზოგადო სენად; მაგრამ ისტორიული უტყუარი ფაკტები ამ დასკვნის წინააღმდეგ ჰღაღადებენ.

მართალია, თვით მეფე ერეკლე მეორე, საუკეთესო წარმომადგენელი, ვახტანგ მეექვსის შემდეგ, ბაგრატიონთა გვარისა მეთვრამეტე საუკუნეში, წინ აღუდგა დასავლეთის და ამოსავლეთის საქართველოს შეერთებას, რომელსაც ერთ-პირად და მხნედ ჰთხოულობდნენ იმერნი და ამერნი და, ქვეყნის საუბედუროდ, ჩაშალა ეს ბრძნული წადილი ერისა იმ ეგოისტურ წვრილმანი მიზეზის გამო, რომ თავის შვილის-შვილისათვის არ ეწყენინებინა და არ მოეკლო იმერეთის ტახტზედ ფარფაშობა;

ისიც ჭეშმარიტია, რომ თვით მემკვიდრემ საქართველოს ტახტისამ გიორგიმ, უბრალო უსიამოვნებისა გამო მამასთან, საშინელ განსაცდელის ჟამს არ მოაშველა ერეკლეს ქიზიყიდამ ჯარი სპარსელების წინააღმდეგ და შეიქმნა მიზეზი თავის ქვყნის აოხრებისა აღა-მამად-ხანისაგან;

აგრეთვე ცნობილია ბევრისათვის ისიც, რომ გიორგი მეფე თითქმის მთელს თავის დროს ატარებდა ერთის მხრით ზაქის ხორცით შექცევაში და მეორეს მხრით ხატების მთხვევაში და ბერულ ჩხირკედელაობაში მაშინ, როდესაც ყოველის მხრით მის სამეფოს მრავალი მტერი აქედ-იქიდგან უწყვეტდა ილაჯსა, ჰგლეჯდა და აოხრებდა;

ისიც ნამდვილია, რომ მემკვიდრე გიორგი მეფისა დავით, გენერალ-ლეიტენანტი რუსის ჯარისა, იმის მაგიერად, რომ არეულს და აშფოთებულს ქვეყანას პატრონად ასჩენოდა, თავის რეგენტობის უფლებას წვრილმან, პიროვან ჯავრის ამოსაყრელად ჰხმარობდა და საპყრობილეში ჰყრიდა შორს გამჭვრეტელს მამულიშვილებს, რომელნიც კარგად ჰხედავდნენ, რომ ის, უგუნურ ესავსავით, ოსპის შეჭამადზედ სცვლიდა თავისს უფლებასა და ჰღუპავდა ქვეყანასა;

ბოლოს ისიც ბევრსა აქვს შეტყობილი, რომ სამეფოს სახლის წევრნი, საუბედუროდ ქვეყნისა, მეტად გამრავლებულნი, ერთმანეთის მტრობაში, ჯიბრში და ქვეყნის ღალატში ირთმევდნენ სულსა, შემოჰყავდათ საქართეელოში მისი მოსისხლე მტრები, აქელვინებდნენ მას და მოკლებულნი იყვნენ საზოგადო სიკეთეზედ და ინტერესებზედ ზრუნვასა, საპოლიტიკო აზრებს და წადილებს.

ყველა ეს ფაქტები და მრავალნი მათ გვარნი სრულს ჭეშმარიტებას შეადგენენ, მაგრამ ყველა ეს რას ამტკიცებს? მხოლოდ მას, რომ ბაგრატიონთა გვარი აღარ იყო ამ დროს წარმომადგენელი ქვეყნის სიკეთისა, იმის დროშაზედ აღარ ეწერა ბედნიერება საქართველოსი, ის ყველაფერზედ უწინ ჰზრუნავდა თავის წვრილმან სარგებლობაზედ, პიროვან სიამოვნებაზედ, და მას მსხვერპლად სწირავდა ერის სარგებლობას, ხალხის ინტერესებსა.

 

II

 

სრულიად სხვა სურათს, სხვა სანახავს წარმოადგენდა თვით საქართველოს ერი. თუმცა იგი დიდის ხნის განმავლობაში იყო სამხედრო შერჩევის

გავლენის ქვეშა (военный подборъ), რომელიც საუკეთესო მამულის ვაჟ-კაცთა ჰჟლეტავს ბრძოლის ველზედ უჩამომავლოთა და გვარტომობის აღორძინების ასპარეზზედ ბურთსა და მოედანს უტოვებს ჩათლახ შვილებს ერისას, თუმცა შეუწყვეტელ და დაუსრულებელ მტერთან საქართველო ბევრგან იყო დაჭრილი და შესუსტებული და თუმცა ბევრი მკაცრი გარემოება აწუხებდა გარედგანაც და შინიდგანაც, - მაგრამ ძვალ-ხორცი ერს სნეული არა ჰქონდა, ჯანი და ღონე კიდევ ბლომად მოსდევდა და უკეთესის მომავალის იმედი გულში უღვივოდა.

თავისი ღვაწლიანი მარჯვენა ბევრგან ჰქონდა დაკოდილი და დასისხლებული, მაგრამ მითი ჯერ კიდევ მაგრა ეჭირა დროშა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, ჯერ კიდევ მტკიცედ იცავდა პირველს ადგილს კავკასიის ხალხთა დასში, ჯერ კიდევ ერთად-ერთი ლამპარი იყო ცივილიზაციისა არამც თუ კავკასიონში, არამედ მთელს მცირე აზიაში.

ამ გვარ დასკვნამდის მივა ჩვენის ერის შესახებ ყველა, ვინც კი ყურადღების დამყარებით ჩააკვირდება საქართველოს მაშინდელს მდგომარეობასა და შეიძლებს დასერილის ქერქის ქვეშ გაარკვიოს საღი ჯანი, მთელი გული და მომავალიანი შინაარსი.

დავიწყოთ თუნდა იქიდგან, რომ დაუსრულებელ ხიფათთაგან, აუარებელ დაჭირებათაგან საქართველომ ისე გამოიტანა თავი, რომ სახელმწიფო ვალი სრულიად არ დაიდო. მართალია, გარეგანის ვალის აღება თითქმის შეუძლებელი იყო მაშინდელს დროში და მდგომარეობაში, მაგრამ შინაგანის ვალის სესხება კი ყოველთვის მოხერხდებოდა.

თვითონ ხალხშიაც კერძო ვალი იშვიათს მოვლენას შეადგენდა... შემძლებელნი სახლობანი თვით გლეხთა შორის ბევრნი იყვნენ და ჭირნახულის გარდა ფულიც ბლომად ჰქონდათ, თუმცა ფული მაშინ ერთი-ათად უფრო ძვირი იყო, მანამ ჩვენს დროში.

ამას, სხვათა შორის, გვიმტკიცებს ის ფაქტი, რომ წინადაც ბლომად ჰპოულობდნენ და ახლაც ხანდახან ჰპოულობენ მიწაში ფულით სავსე ქილებსა, ჩვენს წინა-პართაგან ჩაფლულებსა. ძველებური დოვლათი ეხლაც ნატვრის საგანს შეადგენს ხალხში.

საჭმელ-სასმელი ტანთ-საცმელი თუმცა მარტივი იყო, მაგრამ თითქმის ყველას საკმაოდ ჰქონდა. სიიაფე ყველაფრისა ახლა ჩვენთვის თითქმის საარაკო და დაუჯერებელ ამბავს შეადგენს. საკვირველიც არ არის: ყველაფერი ნივთეულობა ცხრა მთას იქიდგან როდი მოდიოდა ახლანდელსავით.

არამც თუ ქალაქებსა, თითქმის ყველა სოფელს ჰყვანდა ხელოსნები, რომელნიც აკმაყოფილებდნენ ხალხის მოთხოვნილებათა. მაშინდელი საფეიქროები, მაგალითად, რომელნიც მოფენილნი იყვნენ მთელს საქართველოში, უხვად უმზადებდნენ ხალხს სამოსელსა, მერდინებსა, შალებსა და სხვა მატერიებსა.

სხვა გვარი ხელოსნობაც მაღლა იდგა. ერთის რუსის გენერლის, გვარად სლივიცკის, მოწმობით, წარსულის საუკუნის დამლევს გამოჩენილი ხელოსანი ქართველი ივანე ზოტიშვილი აკეთებდა და ჰყიდდა, აბაზად თითოს, იმსთანა სამართებლებს, რომელთაც „არცა ერთი ნაკეთი ევროპიაში არ შეედრებაო”.

შესანიშნავია, რომ 1827 წელს, როდესაც სლივიცკის, ჩვენს ქვეყანში დაბრუნებულს, მოენდომებინა ამ გვარივე სამართებლის ყიდვა, ეს ხელოსნობა სრულიად ამოფხვრილიყო ტფილისში.

ოქრომჭედლობა, მხატვრობა არხიტექტურა ქართველებში გავრცელებულნი იყვნენ და თვითოეულს ხელობას ჰყვანდა გამოჩენილი და სახელ-განთქმული ხელოსნები, როგორც მაგალითად: გლახა ზაზიაშვილი, ჩინებული არხიტექტორი, ეკლესიების მშენებელი, გაბრიელ მასხლაშვილი, ოქრო-მჭედელი, ნიკოლოოზ მხატვარი, აბხაზი და სხვ...

მეურნეობა, შუა საუკუნოებში აყვავებული, არ იყო სრულიად შეჩერებული გაუკეთესების გზაზედ გარეგანის შევიწროების გამო და ცოტათი მაინც წინ მიდიოდა წარსულს საუკუნეშიაც. ამას, სხვათა შორის, გვიმტკიცებს ახალის არხების გაყვანა უდაბურ ადგილების მოსარწყავად; ვახტანგ მეექვსის საფლავის ქვაზედ, სხვათა შორის, ვკითხულობთ შემდეგს სიტყეებს: „ქსნის რუი ხუნანს წავიღე, გაღმითაც მოვრწყე ველანი, მაშავრის რუ ტბას შევრიე, შიგ თევზი ჩავსვი ყველანი…”

მრავალი ქვითკირის ნასახლარები, ნადარბაზევები, რომელიც ამ ოცის წლის წინად ყველა სოფლებში ბლომად იპოვებოდა და ახლაც იპოება, ქვითკირის ვეებერთელა ციხეები, აგებულნი წარსულ საუკუნის მეორე ნახევარში, ამტკიცებენ, რომ ხალხი შემძლებელი იყო და კარგს მდგომარეობას შეჩვეული.

ძველებური გულიანი საჯარო ლხინი კაცებისა და ქალებისა, რომელსაც ჩვენგანი ყველა მოსწრებია პატარაობაში და რომელიც ახლა თითქმის სრულიად განქრა, მეტადრე ქალებში, ცხადად გვიჩვენებს, რომ მაშინდელ ცხოვრებას ქართველებისას არ აკლდა გულითადი სიხარული, შეხარულება ცხოვრებისადმი (жизнерадостность), ეს უმთავრესი წყარო ბედნიერებისა, თუმცა გარეგანი ხიფათი და გაჭირვება ხშირად კარზედ ადგათ...

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეტის-მეტის სიამოვნებით სცხოვრებენ, თუმცა იაფად კი ისმენ ამ სიამოვნებასა”, ამბობს მსოფლიო მოგზაური დელაპორტი, რომელმაც საქართველო დაიარა 1768 წელში. „ეს ქვეყანა სავსეა პურით, ბაღეულობით და ხილით. აქაური პური და ხორცი მეტად გემრიელია.

ღვინო მოჰყავთ ძალიან კარგი და ქართველებს სმაში ვერავინ შეედრება. ქალები საქართველოში ისეთი მშვენივრები, ისეთი ლამაზები არიან, რომ განუცვიფრელად მე მათ ვერ შევხედავდი.

მამა-კაცები არიან ამაყნი და ამპარტავანნი და ისე სძულთ სომეხნი, როგორც ჩვენ ურიები, რადგანაც სომეხნი კადრულობენ ყოველ გვარს დაბალს საქმეს, ოღონდ კი ფულის გამორჩენა შეიძლონ.

თუ კარგად გავშინჯავთ, არა ერთს მსგავსებას ვიპოვნით ქართველთა და ფრანციელთა შორის.”

ყველა ეს სიკეთე იყო შედეგი უმთავრესად სამის სასარგებლო სამეფო დაწესებულებისა. ჩვენი სახელმწიფო სრულიად მოშორებული იყო სამს უმთავრესს სენსა, სამს მრავალთავიანს სვავსა, რომელნიც ყველგან ხალხის დოვლათს ჩანჰთქამენ, ჰყლაპვენ, აღარიბებენ ერსა და პირში სულსა ჰხუთავენ.

მე ვამბობ ბურჟუაზიაზედ, ბიუროკრატიაზედ და სამუდამო ჯარზედ. ვაჭარი მაშინ ჩვენში ბურჟუად, ხალხის სისხლის მსმელ წურბელად ვერ გადაიქცეოდა, რადგანაც ეშინოდა დაიარაღებულის ხალხისა და თავის მხეცურს სიხარბეს თვითონვე ლაგამსა სდებდა. სამართალი ჩვენში იყო სიტყვიერი და საქვეყნო, მისი წარმოება მიყვანილი იყო უკანასკნელ სიმარტივემდე, - კანცელარიას, ურიცხვს ჩინოვნიკების ორ-კეც, სამ-კეციან ჯამაგირს ისე ვიყავით მოკლებულნი, როგორც ყურძნის ნაცარსა.

სამშობლოს მტერთაგან იცავდა საერო მილიცია, რომელიც მშვიდობიანობის დროს თავისი გამრჯელი მარჯვენით სიმდიდრეს იძენდა და ლაშქრობის დროს ხმალს აელვარებდა.

ამიტომ სახელმწიფო ხარჯი იყო ისეთი მცირედი, რომ გლეხი მის გადახდას ვერც კი იტყობდა. თამამად შეიძლება სთქვას კაცმა, რომ რაც ჩვენმა გლეხობამ მარტო ორლოვსკის ღუბერნატორობის დროს გაიღო ხარჯი, იმოდენა იმას არ გამორთმევია მთელის მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში. რაც შეეხება საბატონო ხარჯს, ისიც სამძიმო არ იყო, რის გამოისობით, ამას მკითხველი რამდენსამე სტრიქონის ქვემოდ შეიტყობს.

მაშინდელი საქართველო ჩვენს გონებაში იხატება როგორც აოხრებული ქვეყანა, მეტად თხლად დასახლებული და მცხოვრებთა რიცხვით ძალიან შემცირებული. ისტორიულის ფაქტების გაცნობა ამ შეხედულობასაც სრულიად აცრუებს. მართალია, ჩვენი პატივცემული მეისტორიე ბ. ბაქრაძის გამოკვლევით, მარტო ერთ შემოსვლაზედ შახ-აბასმა კახეთში გასწყვიტა 60-70 ათასი სული და ტყვედ სპარსეთში წაასხა 100,000 მეტი;

ისიც მართალია, რომ ლეკებმა ჩვენგან წასხმულ ტყვეებით ცამეტი სოფელი დაასახლეს დაღესტანში; აგრეთვე ჭეშმარიტია, რომ წარსულის საუკუნის დამლევს ბევრი სოფლები, ვახუშტის ქარტებში მოხსენებულნი, სრულიად გავერანებულნი იყვნენ, - მაგრამ მაინც მაშინდელი რიცხვი მცხოვრებთა ძლიერ მაღლა იდგა.

აი ამისი მტკიცე საბუთი. ტფილისის აკლების შემდეგ სპარსელებისაგან მეფე გიორგიმ მოახდინა კახეთში მცხოვრებთ აღწერა და აქ აღმოჩნდა 42,000 კომლი კაცი. თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ იმ დროს ქართველები სცხოვრობდნენ დიდ-დიდ ჯალაბობით და თვითო ჯალაბში იქნებოდა არა ნაკლებ ათის სულისა, მაშინ ჩვენთვის აშკარა იქნება, რომ კახეთში ამ დროს ყოფილა ოთხი ათასი სული. ეს რიცხვი აღემატება კახელების ახლანდელს რაოდენობასაც კი.

როგორ ჰხდებოდა ესა? რატომ არ ვერანდებოდა ქვეყანა, რომელიც თავის ძეთა დას-დასობით ჰკარგავდა სიკვდილით ბრძოლის ველზედ და ტყვედ წაყვანით სპარსეთში, ოსმალეთში, დაღესტანში და გადასახლებით რუსეთში? რის მეოხებით მრავლდებოდა ასე შეუპოვრად ჩვენი ერი?

ეს ჰხდებოდა იმიტომ, რომ, როგორც წინად მოვიხსენეთ, ნივთიერობითი კეთილ-დღეობა ხალხისა, მისი ქონება, მისი დოვლათი იდგა იმდენად მაღალ ხარისხზედ, რომ სიკვდილს ავადმყოფობისაგან ჰხდიდა იშვიათსა და ყოველ-წლიური პროცენტი მომკვდართა იყო, რაც კი შეიძლებოდა, ნაკლები. და ყველამ კარგად ვიცით, რომ სიღარიბე და ავად-მყოფობა ერთი ათად და ოცად უფრო მომეტებულს ხალხსა ჰჟლეტს, ვიდრე თვით ხანგრძლივი და უბედური ომი გარეშე მტრებთან.

 

III

 

ამ სწორედ საკვირველს მოვლენას, დოვლათის სიუხვის გარდა, სხვა მიზეზებიცა ჰქონდა. დიდი ხანია ნათქვამია: კაცი არა მარტო პურით იქმნების ცოცხალიო. ქართველს ერს, გულ-ჩჩვილს, გულწრფელს და მგრძნობიარეს, მარტო კუჭის სიმაძღრე

ვერ აატანინებდა ისე ადვილად ხშირს სისხლის დენას ძარღვებიდგან, თუ სხვა გვარ სიკეთესაც არ ეცხოვლებინა მისი ხიფათიანი არსებობა. ეს სიკეთე მდგომარეობდა იმაში, რომ დამჩაგვრელს უღელს მონობისას მოკლებული იყო და სარგებლობდა იმისთანა განწყობილობით წოდებათა შორის, რომელიც ხალხს ამხნევებდა და ადვილად ატანინებდა გარეგან გაჭირვებათა.

ბატონ-ყმობის საძაგელს სენს მაშინდელს დროში სრულიად სხვა ხასიათი და თვისება ჰქონდა. თავად-აზნაურნი მაშინ ფუფუნებით ცხოვრებას როდი იყვნენ მიჩვეულნი. როგორც პირველ რიგის მამულიშვილნი, ისინი მუდამ შეიარაღებულნი იდგნენ ბრძოლის ველზედ, მარტივს, სპარტანულს ცხოვრებას მიჩვეულნი. მათი მოთხოვნილებანი თითქმის არაფრით განირჩეოდნენ გლეხთა მოთხოვნილებათაგან. ამიტომ ბატონები მაშინ ყმებისაგან იღებდენ მცირე გადასახადსა.

ამასთან გლეხის ერთგულობა, სიყვარული, მათთვის მიუცილებელს საჭიროებას შეადგენდა. რადგანაც ორივე მხარე ერთს ტაფაში იწოდა, გლეხნი აძლევდნენ თავადა-ზნაურთ მხარსა, იყვნენ მათი მცველნი, საზოგადო მხნეობით იგერებდნენ მტერსა და ერთმანეთს უყოფდნენ ჭირსა და ლხინსა.

გლეხთა და თავადაზნაურთა შორის ჩამომდგარი არ იყო არარაიმე მესამე, უცხო ძალა, რომლის შემწეობით და დახმარებით უკანასკნელთ შესძლებოდათ დაეჩაგრათ გლეხნი. იმასაც კეთილი გავლენა ჰქონდა ამ გვარ განწყობილებაზედ გლეხთა და თავადაზნაურთა შორის, რომ სპარსეთი და ოსმალეთი, სადაც ჩვენებს ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ხან ნებით და ხან უნებლიეთ, სრულიად მოკლებულნი იყვნენ ბატონ-ყმობის სენსა, უთანასწორობასა ერთსა და იმავე სარწმუნოების შვილთა შორის.

არისტოკრატიულ სიბრიყვეს მაშინ ჩვენში ადგილი არა ჰქონდა. თავად-აზნაურობა შემკული იყო ვაჟკაცობით, მხნეობით, გულადობით, სამშობლოს წინ დიდი სამსახური მიუძღოდა და სათაკილოდ მიაჩნდა გვარეულობით, ჩამომავლობით ეამაყნა.

კაცი ჩამომავლობით მხოლოდ მაშინ ამპარტავნობს, როდესაც მოკლებულია კაცურ თვისებათა, ადამიანურს სიკეთესა, ჩვენი თავად-აზნაურობა კი იმდენად ჰრაცხდა თავის თავს თავისუფალს ამ ნაკლულევანებისაგან და იმდენად იმედი ჰქონდა თავის პიროვნობითის ღირსებისა, რომ, ვგონებთ, თითონვე გამოსთქვა ანდაზა: „თუ კაცი თითონ არ არის, ცუდია გვარიშვილობა.”

ბატონი ხშირად იყო პატრონი, მოსარჩლე და მფარველი თავის ყმებისა და არა მათი ტვინის ამომწოვი. იმას სასიქადულოდ მიაჩნდა თავის ყრმების კეთილ-მდგომარეობა, მათის დოვლათის სიუხვე და ბედნიერება.

მარტო ამ სათნოიან განწყობილებით ბატონთა და ყმათა შორის აიხსნება ის ფაქტი, რომ ტყვეობიდგან დაბრუნებული გლეხები, რომელნიც ერეკლეს ბრძანებით ყმობისაგან სრულიად განთავისუფლებულნი იყვნენ, თვითონვე ეძებდნენ ბატონებს და თავის ნებით უბრუნდებოდნენ მათ, „რათა არა დარჩენილიყვნენ ღვთის-ამარა, უპატრონოდ და უმფარველოდ”.

რასაკვირველია, ბატონ-ყმობა, როგორც ბუნების წინააღმდეგი და ადამიანის ღირსების დამამცირებელი დაწესებულება, მაშინაც საძაგელს სენს შეადგენდა, მაგრამ, ვიმეორებთ, ეს სენი მოკლებული იყო თავის გამრყვნელს და დამამხობელს თვისებასა.

მართალია, საქართველოს ფეოდალებს შორის იშვიათად არა სჩნდებოდნენ პირნი, რომელნიც, როცა თავისს საკუთარ ინტერესს, თავის გულის წადილს ვერ მიეწეოდნენ ხოლმე საკუთარის ძალით, „გულქვავად მიმართვიდნენ საქართველოს დაუძინარ მტერთა და მათის აურიცხველი ჯარებით შემოესეოდნენ თავიანთ სამშობლოს და აოხრებდნენ მას”, - მაგრამ ეს ფაქტი ამტკიცებს მხოლოდ სისაძაგლეს, სიმახინჯეს, პირუტყვულს თავ-მოყვარეობას და მხეცურს შეუბრალებლობას ზოგიერთა თავად-აზნაურისას და არა მთელის წოდების სიწამხდრეს და ღალატსა.

ამგვარი ღალატი ქვეყნისა დიდს ვნებას აძლევდა არა მარტო გლეხთა, არამედ თავად-აზნაურობასაც.

შემოსეულს მტერს ებრძოდნენ, თავს აკლავდნენ არა მარტო გლეხნი, არამედ თავად-აზნაურნიც, რომელნიც ყოველთვის პირველ დასში იბრძოდნენ წინააღმდეგ მტერთა და მოღალატეთა...

ვერც ერთ ერს ვერ დაასახელებთ ვერც ძველს ისტორიაში და ვერც ახალში, რომელიც მოკლებული ყოფილიყოს ამ გვარს შინად გამცემელთა.

ათინელებზედ ნიჭიერი და თავისი ქვეყნის მოყვარე ერი დედა-მიწის ზურგს ჯერედ არ აღუზრდია, მაგრამ გადაფურცლეთ ამ საკვირველის ერის ისტორია და მთელს გუნდს შეხვდებით მოღალატეთა, გამცემელთა.

ზოგნი მათგანნი აქეზებდნენ თავისს მშვენიერს და ბედნიერს სამშობლოზედ სპარსთა, ზოგნი სპარტელთა, ზოგნი მაკედონელთა და სხვათა.

მარტო ალკივიადის ღალატმა იმდენი ვნება მიაყენა ათინასა, რავდენიც ვერ შესძლეს სპარტის ყველა სარდალთა, და ისე მიასუსტა, რომ შეიქნა ერთი უმთავრესი მიზეზი ათინის დამხობისა სპარტისაგან.

მაგრამ ესა და ამ გვარი ფაქტები რას ამტკიცებენ? ნუთუ მას, რომ ათინის ერის დაწინაურებული წოდება, რომლისაგანაც გამოდიოდნენ მამულის მოღალატენი, იყო გარყვნილი, დამახინჯებული და სამშობლო ქვეყნის მტერი? ამგვარ დასკვნამდის არავინ არ მისულა და

არც არავინ მივა ათინის არისტოკრატიის შესახებ.

ამიტომაც დიდს უსამრთლობას ჩავდივართ, როდესაც ჩვენ, ზოგიერთა თავად-აზნაურის მოღალატეობის გამო, მთელს წოდებაზედ ვამბობთ: „ისეთი სასტიკობა, მხეცური დაუნდობლობა, როგორიც ჩვენმა თავად-აზნაურობამ გამოუჩინა თავისს სამშობლოს, არსად და არავის არ გამოუჩენიაო.”

ჩვენის აზრის შერყევა არ შეუძლია იმ ფაკტსაც, რომ ძველის კანონის ძალით თავადის მკვლელს უნდა გადახდომოდა ორმოცი ათასი თეთრი და უბრალო მონის მკვლელს კი მარტო ოთხასი. ჯერ საჭიროა დამტკიცდეს, რომ ეს კანონი მომქმედი კანონი იყო და არ ეკუთვნოდა ძველის საუკუნოების მკვდარ კანონებსა, რომელთა ძალა გაუქმებული იყო ცხოვრების და ისტორიის მიმდინარეობით.

ამგვარი მკვდარი კანონები, შუა საუკუნოებიდგან დარჩენილნი, ეხლაც ბევრნი მოიპოვებიან ევროპის ყველა სახელმწიფოებში. ინგლისში, მაგალითად, აქამდის გაუუქმებლად არსებობს ქაღალდზედ სასტიკი შუა საუკუნეების კანონი ბეჭდვის შესახებ, მაგრამ ნამდვილად კი ბეჭდვა სრული თავისუფლებით მოქმედებს.

ბევრი გარემოება, წინედ ნახსენები და შემდეგ მოსახსენებელი, გვაძლევს საბუთს ვიფიქროთ, რომ მკვლელობის შესახებ ჯარიმის დიდი განსხვავება ჩვენში ეკუთვნოდა უმოქმედო კანონებსა, უძლურს ძველ დაწესებულებათა... მაგრამ, ვთქვათ, რომ მოხსენებული კანონი გამოდგა მეტნაკლებობით მომქმედი და არა მკვდარი დაწესებულება, - ეს გარემოებაც ჩვენს აზრს ვერ დაარღვევს.

ეს კანონი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, როგორც ევროპის ყველა სახელმწიფოებისას, არისტოკრატული დაწესებულბა ჰქონდა;

მაგრამ განა ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ჩვენში თავადი ბატონი არ იყო და გლეხი ყმა? ჩვენ მხოლოდ იმაზედ ვდგევართ, რომ ჩვენის ქვეყნის მდგომარეობა, პოლიტიკური გარემოებანი იყო იმ გვარი, რომ ბატონ-ყმობის უღელს ამსუბუქებდა და შეჰქონდა მასში სათნო ელემენტი, ადამიანური ურთიერთობა გლეხთა და თავად-აზნაურთა შორის…

ნამდვილი დამჟავებული პატრიოტობა იქნება - სთქვას კაცმა, რომ არა სხვა ქვეყანას არა ჰყოლია იმისთანა ღვაწლიანი თავად-აზნაურობა, როგორიც ჰყავდა ჩვენს საქართველოსაო.

მეორეს მხრივ, არა უკეთესი უკიდურესობა მოსდით მათ, რომელნიც ჰქადაგობენ, რომ ჩვენისთანა მხეცური, დაუნდობელი და ქვეყნის მოღალატე თავად-აზნაურობა არავის და არას დროს არა ჰყოლიაო.

ეს აზრი უსამართლობას შეადგენს არა მარტო თავად-აზნაურობის, არამედ გლეხების წინაშეც. ვაჟო, თუ ასეთი უსაძაგლესი და უმავნესი რამ იყო ჩვენი თავად-აზნაურობა, რატომ გლეხობა არ აჯანყდა მის წინააღმდეგ და არ ამოჟლიტა?

ნუ ვინ იტყვის, რომ გლეხობას არ შეეძლო ეს მოეხდინა. იგი შეადგენდა დიდს უმრავლესობას ერისას, იყო დაიარაღებული, ბრძოლაში გამოცდილი და ამასთან თავად-აზნაურობაც მოკლებული იყო მოსარჩლე ძალას: სამუდამო ჯარი, რომელიც ყველგან არისტოკრატიას შველოდა და გლეხობას ხელს უკრავდა, ჩვენში არ არსებობდა და მეფის უფლებასაც აკლდა ძალა და ღონე.

„თუ რომელიმე უფლება ხალხზედ არის მისთვის მძიმე და ამასთან იგი უსარგებლოა მისთვის, ხალხი დიდ-ხანს არ დაანარჩუნებს ამ უფლებას შეუმუსვრელსა”, ამბობს ერთი საფრანგეთის მწერალი. ჩვენი ისტორია სრულიად არ წარმოადგენს იმისთანა მაგალითსა, როგორც გლეხების ბრძოლა არისტოკრატიის წინააღმდეგ საფრანგეთში დიდის რევოლიუციის დროსა და გერმანიაში მეთექვსმეტე საუკუნის განმავლობაში.

ჩვენის თავად-აზნაურობის და გლეხობის ურთი-ერთობითი განწყობილობა უფრო მოგაგონებს ინგლისსა, სადაც არისტოკრატია დაახლოებული, დაკავშირებული იყო ხალხთან და მასთან შეერთებული იბრძოდა მეფის უფლების წინააღმდეგ…

იმ ფაქტიდგან, რომ ჩვენი ისტორია არ წარმოადგენს გლეხობის აჯანყებას. ბრძოლას, ომებს ბატონების წინააღმდეგ, გამოდის შემდეგი აუცილებელი დილემა: ან ჩვენი გლეხი იყო მთლად უგუნური, სრულიად უძლური, გაუბედავი, ყოველ პროტესტის ძალას მოკლებული და პირუტყვულის მოთმენით ზიდავდა მონების უღელს, რომლის მოშორება მას ადვილად შეძლო - და მაშასადამე მკვდარს ელემენტს წარმოადგენდა, ან თავად-აზნაურობა არ იყო მოკლებული შებრალებას, სათნოებას და ადამიანურს განწყობილებას გლეხებთან.

ჩვენ მეორე დასკვნას ვადგევართ და უარს-ვყოფთ პირველსა არა მარტო იმიტომ, რომ იგი უსაფუძვლოა, არამედ იმიტომაც, რომ იგი უნუგეშოა.

ჩვენის ქვეყნის მომავალი დამყარებულია გლეხობის წარმატებაზედ, როგორც უმრავლესს და მშრომელს წოდებაზედ, მის აღორძინებაზედ. მაგრამ რა იმედი უნდა გვქონდეს მისი, თუ იგი ათასის წლის განმავლობაში წარმოადგენდა გონებით, ზნეობით და ფიზიკურის მხრივ მხოლოდ უძლურებასა, არაფრობას?!.... არაფრიდგან თავის დღეში არაფერი არ გამოსულა.

თუ ჩვენი წარსული ცხოვრება ერთის მხრივ წარმოადგენდა მხეცურს, ულმობელს მჩაგვრელებსა და მეორეს მხრით მიწასთან გასწორებულს მონებსა, რომელნიც პირუტყვულად, ხმა-ამოუღებლივ ითმენდნენ არა ადამიანურს მდგომარეობასა, მაშინ მომავალზედ სრულიად უნდა ხელი ავიღოთ და მკვდართა თანა ჩავირიცხნეთ.

როცა ამ გვარს აზრს ჩვენის წარსულის შესახებ ჰქადაგობენ იმისთანა უგულო, უცხო ჩინოვნიკები, როგორც ბერჟე და მის ამქრის ვაჟ-ბატონები, ეს სრულიად საკვირეული არ არის, რადგანაც მათ ჰსურთ დაიმსახურონ ჩვენის გამომხსნელების სახელი და მუდამ საყვედურის საბუთი ხელში ეჭიროთ.

მაგრამ არ შეიძლება არ განცვიფრდეს კაცი, როდესაც მთელი დასი ჩვენის ინტელიგენციისა იმავე აზრს ადგია და ამ გვარს მსჯელობას ავრცელებს: წინედ არაფერნი ვყოფილვართ, ახლაც არაფერნი გახლავართ, მაგრამ… მაგრამ შემდეგში კი ბრწყინვალე მომავალი გველისო.

ჩვუენ კი იმ აზრისანი ვართ, რომ უწინ ჩვენც რანიმე ვყოფილვართ, ჩვენც გვქონია მნიშვნელობა, ჩვენცა ვრეულვართ ერთა დასში, და თუ ახლა ძლიერ უკანა ვართ ჩამორჩომილნი და დავრდომილნი, რაიმე მნიშვნელობას მოკლებული, ამის დამნაშავენი არიან ახალნი გარემოებანი, რომელთა ცვლილების შემდეგ ჩვენი მდგომარეობაც შეიცვლება და მტკიცედ დავადგებით პროგრესის გზასა. ამ ცვლილებაზედ არის დამოკიდებული, როგორც ეროვნული წარმატება, ისე სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესობა.

რასაც შემდეგში ვხედავთ მტრულს განწყობილობას, საშინელს სიძულვილს ყმებსა და ბატონებს შორის, ტვინის ამოწოვას გლეხებისას ბატონების მხრივ, წყვეტას და ჟლეტას ბატონებისას გლეხების მხრივ - ყოველივე ეს დაიბადა ამ საუკუნეში, როცა ბატონსა და ყმას შუა ჩამოსდგა შტიკი და შუბი, რომელთა მოხმარება გლეხების წინააღმდეგ ადვილი იყო.

როცა თავად-აზნაურობამ დასტოვა ღვაწლიანი არსებობა, მარტივი ყოფაცხოვრება და მიეცა ცუდაობას და პირუტყვულ ფუფუნებას, როცა მან მოინდომა გლეხების ოფლით არისტოკრატიული სადგომი გაეკეთებინა, მოერთო ძვირფას ევროპიულ მებელითა, ზედ ჩაეცვა ინგლისის მაუდი, ჰოლანდიის ტილო, ვარშავის წაღები, ხშირად ესვა შამპანიის ღვინო და ლიონის აბრეშუმეულობით, პარიჟის მოდებით მოერთო თავისი ცუდა ქალბატონები... როცა მოაკლდა უწინდებულ ვაჟ-კაცურთ თვისებათა და დაიწყო ამაყობა, ამპარტავნობა არისტოკრატობით, გვარიშვილობით, რომლის იქით აღარაფერი გააჩნდა.

კიდეე უფრო მომეტებულად ამსუბუქებდა ხალხის ცხოვრებას, ავსებდა მას ნუგეშით, კაცურ თავმოყვარეობით და ადვილად ატანინებდა მრავალს გარეგან ხიფათს და განსაცდელს განსაკუთრებითი თვისება მეფის უფლებისა ჩვენში.

საოცარია და მეტად მანუგეშებელი მამულის-შვილისათვის ის ისტორიული მოვლენა, რომ ჩვენმა ერმა, აზიის კუთხეში მცხოვრებმა, გარეშემო აზიურ ხალხებით და დაწყობილობით შემოზღუდულმა, მეფის უფლებას მისცა ნამდვილი ევროპიული თვისება, ხასიათი.

ჩვენში მეფე სრულიად არა ჰგვანდა სპარსეთის, ინდოეთის და ჩინეთის დესპოტებსა, განმარტოებულებს, მიუკარებლებს, რომელთა პირის ხილვაც კი თითქმის მიუტევნელ ცოდვებს შეადგენდა.

ჩვენში მეფე იყო თავისი ერისათვის არა რაღაც მრისხანე, უწყალო, უზენაესი არსება, არამედ მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომლის სასახლის კარი ღია იყო ყველასათვის:

„მდიდართა, მოკლებულთა, სნეულთა, მშიერთა, ობოლთა და ქვრივთათვის. ყველას ჰქონდა ნება და კადნიერება მიემართა მეფისადმი და ეთხოვნა სამართალი, შეწევნა და ნუგეშის-ცემა.

მეფე ხშირად იყო ძვირფასი სტუმარი არა მარტო თავად-აზნაურების სახლებისა, არამედ გლეხის დარბაზისაც და ქვრივოხერის ქოხისაც. ხშირად მას გულითად მეგობრებად ჰყვანდნენ გლეხთაგანნი, როგორც, მაგალითად, მეფე გიორგის - იოანე კვეზერელი, მუდამი მისი მესაუბრე, მის სადილზედ განუშორებელი, რომლისათვის მეფის კარი ღია იყო მარადის.”

ამ გვარ კალაპოტზედ ჩამოისხა თავდაპირველადვე მეფის უფლება ჩვენში და ბოლოს ჟამამდის არ შეუცვლია თავისი განსაკუთრებითი თვისება, წინააღმდეგ აზიურ მაგალითების გავლენისა. სხვათა შორის მრავალი ანეგდოტები თამარ მეფეზედ ცხადად გვიხატვენ თვალ-წინ იმ მოყვრულს სიახლოვეს, რომელიც ძველადგანვე არსებობდა ჩვენს ერსა და თვით დიდებულთა ხელმწიფეთა შორის.

ეს სიახლოვე მეფისა ერთან მის უფლებას არამც თუ არ ამცირებდა და არ ასუსტებდა, უფრო აძლიერებდა და ამტკიცებდა, რადგან ქართველების ნაკლულევანებათა შორის ადგილი არა ჰქონდა იმ სიბრიყვეს, რომელიც პატივსა სცემს მხოლოდ უცნობელს და შორეულს და აბუჩად იჭერს ცნობილს და დაახლოებულს.

ამ მამა-შვილური განწყობილობით მეფესა და ერს შუა აიხსნება ის ფაქტი, რომ მეფე გიორგის სიკვდილის შემდეგ, თუმცა სამეფო სახლის განხეთქილობამ და უკუღმართობამ ბოლოსხანს მეტად ჩააშხამა ხალხს სიცოცხლე,

მაინც არც ქართლს და არც კახეთს მეფობის მოსპობა არა ჰსურდათ და, რადგანაც მემკვიდრე დავითი, მომლოდინე რუსეთიდგან ნებართვისა, დაგვირგვინებას აგვიანებდა, აღარ მოითმინეს: მეფედ იულონი აღიარეს და ამ ღირსებით იხსენიებდნენ მას ყველა ეკლესიაში.

ამ მეგობრულ სიახლოვით დაბალის ხალხისა მაღალ წოდებასთან და თვით მეფესთან აიხსნება ის მეტად შესანიშნავი ფაკტი ჩვენს ცხოვრებაში, რომ გლეხობაც ლაპარაკობდა და ახლაც ლაპარაკობს, თუმცა უფრო ნაკლიანად, იმავე დარბაისლური, განვითარებული, თავაზიანი წმინდა ქართულის ენით, რომელსაც ჰხმარობდნენ მაღალნი წოდებანი და რომელიც აქამდის შეადგენს აშკარა შურის საგანს სხვაფრივ იღბლიან სომეხთათვის.

ამ მხრით ჩვენებურს ქოხსა და სასახლეს შუა სრულიად არ არსებობდა ის თითქმის გაუზომელი მანძილი, რომელიც ძევს რუსის მუჟიკის უგვანო ჟარგონის და წმინდა რუსულ ენის შუა… სიწმინდე გლეხების ენისა იყო შედეგი მისი გონების გახსნილობისა და ზნეობითის სიმაღლისა.

ვის ჩვენგანს არ შეუნიშნავს ამ ოცის წლის წინად ის ფაკტი, რომ მოხუცებულნი გლეხნი აშკარად განირჩეოდნენ ყმაწვილისაგან მართებულობით, მეტყველობით, დარბაისლობით, კაცური ღირსეული ყოფა-ქცევით. ვარანცოვის დროს რუსის ჩინოვნიკები ჩვენს ხალხთან ძალიან დაახლოვებულნი იყვნენ: იცოდნენ მისი ენა და ხშირად ნათელ-მირონად უხდებოდნენ გლეხებსა.

არა ერთს მათგანს გულწრფელად უღვიარებია, რომ ქართველი გლეხი ჭკუით, ზრდილობით, ცოდნის-მოყვარეობით, მართებულებით ბევრით მაღლა სდგას რუსის გლეხზედაო.

მაგრამ ჩვენის გლეხობის ენის სიწმინდეს და გონების გახსნილობას ჰქონდა სხვა უფრო დიდი მიზეზი: ეხლანდელი გლეხი გამოჰყოფს თუ არა სოფლიდგან თავს, თითქო უცხოეთში ჰგრძნობს თავის-თავსა. მისი დედაენა, მისი მეტყველება აღარაფერშია გამოსადეგი.

მაღალ საზოგადოებას მისი ან სრულიად არაფერი ესმის, ან თუ ესმის, არ ჰკადრულობს მის ენას, აბუჩად იჭერს მას. ყველა სასამართლოდგან იგი გამოდევნილია და უფლება-ჩამორთმეული. გლეხი სრულიადაც რომ აღჭურვილი იყოს ქართულის მჭევრმეტყველობით ყველა სასამართლოში, დაბალში, გინდა მაღალში, ისეთივე უძლურია, როგორც მუნჯი.

სხვისი მას არაფერი ესმის, სხვებს მისი არაფერი ეყურებათ.... ერთის სიტყვით, გლეხი თავის სოფლის გარედ თავის-თავს ჰგრძნობს რაღაც პირუტყვად, რომლისას ყველაფერს ფასი და უფლება მოკლებული აქვს. ამიტომაც ჩვენი გლეხი, თუ საშინლად არ გაუჭირდა, თავისი სოფლიდგან არ გამოდის.

ეს გარემოება მეტად ავიწროებს გონებასა და უღარიბებს ენასა. ახლანდელი მოქრთამობა მოხელეებისა და უწყალო ტვინის წოვა ღატაკის გლეხებისა შემძლებელის გლეხებისაგან არის პირდაპირი ნაყოფი ჩვენის გლეხის ამ გვარის უკან დახევისა, გაველურებისა.

უწინ ეს ასე არ გახლდათ. ქართველი გლეხი მთელს საქართველოში ჰგრძნობდა თავისთავს, როგორც საკუთარს სახლობაში, შინაურობაში ყველგან მისი ენა გაისმოდა, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ეს ენა სუფევდა, ყველას გლეხის საუბარი ესმოდა, ყველას ბაასს, ლაპარაკს შეგნებით მოისმენდა. ყველგან თავისთავს კაცად იცნობდა, ღირსეულს ვინმედ ჰრაცხავდა.

უკანასკნელის მოხელედგან დაწყობილი თვით მეფე-დედოფლამდის ყველი გლეხს აგრძნობინებდა, რომ იგი იმ გვარივე არსებაა, როგორც სხვანი, და თუ განირჩევა - ხარისხით, რაოდენობით და არა ვითარებით, შინაარსით, ადამიანობით.

მაშინ გლეხს თავისი სოფლის დატოვება როდი ეჯავრებოდა, ხშირად მას დავლილი ჰქონდა მთელი საქართველო, არა იშვიათად ჰხედავდა გარე-შემოზღუდულს უცხოქვეყნებსაც და ხანდისხან ჰქელავდა იმისთანა შორეულ ქვეყნების მთებსა, როგორიც ავგანისტანია. აი რისთვის იყო მაშინ გლეხის გორიზონტი ფართო, გლეხი იყო მდიდარი სხვა-და-სხვა ფერის ჩაბეჭდილებით და გამოცდილებით და ამიტომ შედარებით ბევრით მაღლა იდგა ამდროინდელ გლეხებზედ გონების გახსნილობით, ენის მეტყველობით და ადამიანური თვისებით.

გამოკვლეულნი სახელმწიფო დაწყობილებანი შეადგენდნენ გამაცხოველებელს წყაროს, საიდგანაც ჩვენი ერი შესვამდა იმ მხნეობის ძალას, რომლის მეოხებით იგი არ ეპუებოდა მრავალთა უბედურობათა, არ ეჩაგვრინებოდა ხშირად შავს ბედსა და გულ-გაუტეხელად ებრძოდა აუარებელ განსაცდელთა.

ეს თვისება ჩვენის ერისა, ეს შეუპოვრობა წინაშე დაუსრულებელ ვაი-ვაგლახისა ერთობ რიტორიულად, მაგრამ გარკვევით აქვს გამოხატული მეფე გიორგის ცხოვრების ავტორს ერთს ტირადაში, რომელსაც საინტერესოდა ვრაცხთ მოვიყვანოთ აქ: „დიდი იყო დროთა ამათ (მეფე გიორგის გარდაცვალების დროს) ამბოხი და შფოთი და მასთან დიდი ლხინი და შექცევა დიდთა და პატარათა; არ ეკვირვებოდნენ ამას მრავალნი და არცა ჰგრძნობდნენ ამას უშვერად და ჭირსა და ლხინსა აერთებდნენ. ესრედ იყო მაშინ და ესრედვე არის დღესა (?). ქართველთა ერი ძველი და მრავალთა ჭირთა და შეიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნებდა თავსა, ვითარცა ჭირ-ნახადი.

გავლილი ცეცხლსა, ვითარცა ბრძმედსა შინა ოქრო, იყო ნათლად და წმინდად საჩვენებელი; ქსერქსისავე დროს 400 წლის წინედ ქრისტესი შეეჩვია სპარსთა უფლებასა და ჰქელავდა მათთანა ერთად ეგვიპტისა და ატტიკისა მთათა და ბართა, ვითარცა ღეროდოტი ამბობს.

"ხმალი ქართველთა ღელავდა ომსა და ბრძოლასა პირისპირ მაკედონელთა დროსა გმირისა მათისა, მეფისა ალექსანდრესა. შეჩვეული არაბთა უფლებასა ვერ დამორჩილდა მათ სრულებითა მონებითა. მორჩილი ქრისტეს მცნებათა, იყო ურჩი ბერძენთა ანუ ვიზანტიის იმპერატორთა, რომელნიც იპყრობდნენ ზღვისა შავისა პირთა, მისცემდნენ მეფეთა ქალთა და წარიყვანდნენ მეფისა ქალთა თვისთა სასძლოდ.

ჩინგიზი და თემურალანგი უქცევდნენ ქართველთა მეფობასა და ქართველნი კვალად განახლდებოდნენი. მიძინებულნი მტერთა და უცხოთა ნათესავთა დასხმისაგან კვალად განიღვიძებდნენ. პოლიტიკა შახაბაზისა ამოფხვრისათვის ქრისტიანობისა ქართველთა შორის დაშთა უნაყოფოდ.

ხმალი ქართველთა ტრიალებდა აღვანისტანისა მთებზედა, ვაჟ-კაცობა მათი და გმირობა განაკვირვებდა სპარსთა და ყეენთა. თვით ყეენი მიუწოდებდა ქართველთა მეფეთა დასასჯელად მეამბოხეთა ავღანთა. თურქნი, მეზობლად მოკრულნი ქართველთა, იშიშოდნენ შემოსვლასა შინ ქართლსა და კახეთსა შეუვალსა. ქართველთა ესრეთ მრავალ საუკუნოებთა გამოცდილთა და ცეცხლში, ვითარცა პური, გამომცხვართა, ვერ ერეოდეს ვერც შინაგანი, ვერც გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა დი განლაღებული მთებითა ეცინოდა ბედსაც და უბედობასაცა.”

მართალია, საქართველო იშვიათად არ იყო გარეგან დამოკიდებულების ქვეშა; მაგრამ ეს დამოკიდებულება განისაზღვრებოდა ცოტაოდენი ყოველწლიურ ხარკით, რომელიც უსიამოვნო საგანს შეადგენდა მხოლოდ მეფის თავმოყვარეობისათვის.

შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა, ერი მის გავლენას სრულიად არა ჰგრძნობდა და ყოველ შემთხვევაში დამჩაგვრელ თვისებას მოკლებული იყო. კაცსა, ერსა სჩაგრავს სისტემატიური უსამართლობა, შინაგანი ბრიყვობა, ყოველ-დღიური უღელი, რომელიც კისერში აწევს ხალხსა და ქედს ძირს ახრევინებს.

ქარიშხალივით დაცემა მტრისა, რომელიც დამარცხდება, თუ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში სტოვებს ქვეყანასა და ბრუნდება თავისს სამშობლოში - მხოლოდ დროების ხიფათს, წამის უბედურებას შეადგენს, რომლის კვალი მალე სრულიად ჰქრება ხალხის ცხოვრებაში.

ამას გარდა, უფრო მახლობელი ჩვენი მეზობელი და უფრო საშიში - სპარსეთი იშვიათად არ იყო გულ-წრფელი და გულითადი ჩვენი კეთილის-მყოფელი. ბევრი ცუდი ნაკლულევანება ჰქონდათ სპარსელებს, მაგრამ პოლიტიკურს იეზუიტობას, სიკეთის დაუნახაობას და უმაგალითო უმადლობას კი მათში ვერ ჰპოებდით.

ისინი ავ-კარგიანები იყვნენ. თუ მტრობას გვიხდიდნენ მხეცურის დაუნდობლობით და შეუბრალებლობით, სამაგიეროდ სიკეთისათვის იცოდნენ უხვი მოყვრობა და თავდაუზოგველი მეგობრობა.

მოვიგონოთ, მაგალითად, განთქმულის სარდლის ნადირ-შახის ანუ თამაზხანის მოქმედება შესახებ ჩვენის ქვეყნისა. მის ძლევამოსილ ჯარში დიდძალი ქართველობა ერია და მათის შემწეობით და კახეთის მეფის თეიმურაზის დახმარებით შახმა საშინლად დაამარცხა ოსმალეთი, დაიმორჩილა ავგანისტანი და ხარჯი დაადო თვით ინდოეთსა.

ეს სიკეთე ქართველებს და საქართველოს მან ერთი სამად და ოთხად გადაუხადა: შეაერთა ერთს მთავრობას ქვეშე ქართლი და კახეთი, დამორჩილებულ ქვეყნებში დიდძალი მამულ-დედული დაურიგა ქართველებსა, საქართველოში გამოაცხადა შეუხებლობა შინაურის მმართველობისა, თავისუფლება სარწმუნოებისა, სპარსეთში ბევრი უმთავრესნი სახელმწიფო თანამდებობანი ჩააბარა ქართველებსა და თავის გვერდით ღვიძლი შვილივით გამოუზარდა საქართველოს თეიმურაზის შვილი სახელოვანი მეფე ერეკლე...

აღსაზრდელად ამოირჩია არა გადამბირებელი მიმართულება და სპარსელები, არამედ ეროვნული გზა და სპარსეთში მყოფი ქართველი პატრიოტები.

 

IV

 

ვაჟ-კაცობა, გულადობა და მამულისათვის თავის დადება შავთა დროთ ვერ შეეცვალათ და უწინდელსავით ჰღვიოდნენ ქართველების გულში. წარსულ საუკუნეში რუსეთის ჯარზედ მამაცი მთელს ევროპაშიაც არ მოიპოებოდა, მაგრამ ქართველებმა არა ერთხელ

დაამტკიცეს, რომ ისინი მამაცობით და შეუპოვრობით უკან არ ჩამოურჩებოდნენ სუვოროვის სკოლაში გაწრთვნილს თანა-მორწმუნე გმირებს.

ამ მხრით მეტად შესანიშნავი არის ომი აზატ-ხანთან, ასპინძის ომი და აღა-მამად-ხანთან ბრძოლა.

აზატ-ხანი, ნადირშაჰის სიკვდილის შემდეგ სპარსეთის მბრძანებლად გამხდარი, 1752 წელს თავს დაესხა ერევანსა. ერეკლე სამი ათასის ჯარით სწრაფად გაეშურა ერევნისაკენ, რადგანაც იგი საქართველოს მფარველობის ქვეშ იყო.

ერთს მაღლობზედ დაბანაკებულს ქართველს ჯარს უცებ გარს შემოერტყა აზატ-ხანი თვრამეტი ათასის ჯარით და მრავალი ზარბაზნებით. და რა მოჰხდა? ნამდვილი სამხედრო სასწაული. სამი ათასმა ქართველმა თვრამეტს ათასს სპარსს სძლია, წაართვა ბანაკი, ზარბაზნები, მთელი სიმდიდრე, გააქცია და სწორედ კუდით ქვა ასროლინა.

1769 წელსა რუსეთის იმპერატრიცამ, ეკატირინემ, გამოუცხადა ომი ხონთქარსა. ამ დროს ხონთქარი მეგობრული განწყობილობით იყო ერეკლესთანა და უფრო დაახლოვებულს კავშირს ეძებდა.

ერეკლესათვის ამ გვარი განწყობილობა ხონთქართან ძალიან გამოსადეგი იყო, რადგანაც ყეენი მტრულად უცქეროდა მას იმ მიზეზისა გამო, რომ საქართველო დამოუკიდებელი იქმნა სპარსეთისაგან.

ეკატირინემ გამოუგზავნა ელჩი და სთხოვა ერეკლეს გამხდარიყო მისი მოზავე, დაერღვია მშვიდობიანობა სულთანთან, გამოეცხადებინა მისთვის ომი და რუსეთის ჯართან ერთად ემოქმედა ოსმალოს ჯარის წინააღმდეგ.

ერეკლეს მავნებლად მიაჩნდა თავისს სამეფოსათვის ეკატირინეს სურვილის ასრულება, მაგრამ ქართველურად ხათრი ვერ გაუტეხა, დაჰყვა ნებას და მიიღო ლაშქრობაში მონაწილეობა.

1770 წელს ასპინძასთან, ახალციხის მაზრაში, შეხვდნენ ერთმანეთს ერთის მხრით ქართველ-რუსის ჯარი და მეორეს მხრით ხვანთქრის რაზმები და ლეკთა ჯარი.

რუსის უფროსმა, გენერალმა ტოტლებენმა სწორედ ბრძოლის დაწყების წინედ ომზედ უარი განაცხადა: „მე მივიღე ბძანება იმპერატრიცისა, რათა დაუყოვნებლივ შევწყვიტო ბრძოლა სულთანის ჯართან და დავბრუნდე ახლავე რუსეთში, რადგანაც ზავი უკვე ჩამოვარდნილა ჩვენსა და ოსმალეთს შორის”, სთქვა გენერალმა, გასწია უკან თავისი ჯარით და დასტოვა გაოცებული და გაბრაზებული ქართველები პირისპირ მრავალის მტრისა.

თვით განთქმულის ჯარისათვის, თვით ნაპოლეონის ვეტერანებისათვის სათაკილო არ იქნებოდა ამისთანა შემთხვევაში ომის მორიდება; მაგრამ ერთი მუჭა ქართველი ჯარი არამც თუ უკან არ მოიქცა, არამედ გმირულად შეება ოსმალეთის მრავალთა რაზმთა, ევროპიულად გამოწრთვნილთა, და სრულიად დაამარცხა ბევრით თავისზედ უმრავლესი მტერი.

„აი ასპინძის გმირები,

ღირსებით თაყვან-ცემულნი,

რომელთ შეღებეს მტრის სისხლით

მტკვრის ზვირთნი აღელვებულნი.”

„მეორეს დღესა მიმავალმან საქართველოდგან იმერეთსა ბაღდადის გზით გენერალმა ტოტლებენმა სცნო დიდი გამარჯვება ირაკლისა ოსმალოს ჯარზედ და სირცხვილეული დაეშურა და მალე გადავლო მთა.”

აგრეთვე გმირული თავდადებულება გამოიჩინეს მამულისათვის ქართველებმა, სხვათა შორის აკადემიკოსის დუბროვინის მოწმობით, აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლაში, რომელიც მოხდა 1795 წელსა. გაბრაზებული ერეკლეს კავშირით რუსეთთან, 70 ათასი ჯარით სპარსეთის შაჰი მოადგა ტფილისს, სადაც ერეკლე მხოლოდ ხუთი ათასი კაცით იყო გამაგრებული, რადგანაც იმედი ჰქონდა მოკავშირე ჯარის დროზედ მოსვლისა.

„ვფიცავ ჩემს ღმერთსა, რომ ჩემს მტრებში ჯერ ამისთანა მამაცი და შეუპოვარი მეომარნი არ მინახავს”, წამოიძახა აღა-მაჰმადხანმა, დუბროვინის მოწმობით, როცა დაინახა, რომ ერთმა მუჭა ქართველმა ჯარმა პირველი შეტევით მუსრი გაავლო მის უმრავლესს ჯარს, გააპო იგი შუა და მტრის საშინელის ჟლეტით მიატანა თვით სპარსეთის ხელმწიფეს.

როგორც სხვა დროს, ამ ბრძოლაშიაც გლეხთა გამოიჩინეს ისეთივე თავგანწირული ვაჟკაცობა და მაღალი სიყვარული მამულისა, რომლითაც იყო შემკობილი თავად-აზნაურობა. მშვენივრად აქვს გამოხატული „სადღეგრძელოს” ავტორს ვაჟკაცური თავდადებულობა მამულისთვის სამას არაგველ გლეხისა:

 „აი სამასნი გმირები,

 დუშეთით ტფილისს მოსულნი,

 მეფის შეწევნად და მის წინ,

 მისთვისვე შეფიცებულნი:

 „თუ გაგვიწყრება ღმერთი და

 ვერა განვსდევნეთ მტრის ძალი,

 იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან

 შინა წავიდეს ცოცხალი”

 და გარდიწერეს პირჯვარი,

 ვაჟ-კაცებრ ხმალი იშიშვლეს

 და შავარდენებრ მივარდნენ

 სპარსთა ურიცხვსა სიმრავლეს!

 შესძრეს, გაჰფანტეს... მარმა

 ზედ თავიც თვისი დააკლეს!

 ფიცი ვაჟ-კაცთა წმინდა არს,

 მათც სიკვდილით შეამოწმეს!...”

მართალია, ომი უბედურად გათავდა ქართველთათვის, მაგრამ ეს იმიტომ მოჰხდა, რომ თვით სამაგალითო სიმამაცეც ყოვლად შემძლებელი არ არის და სამხედრო ისტორია არ წარმოადგენს იმისთანა მაგალითს, რომ ხუთასს კაცს დაეძლიოს სამოცდაათი ათასი ბრძოლაში დახელოვნებული და ძლევამოსილი ჯარი…

მეორე მხრივ თვით ამ დამარცხებამ უფრო კიდევ თვალსაჩინო ჰქმნა საქართველოს სიძლიერე დაამტანობა. მოგეხსენებათ, რომ ადვილად ატანა დიდი უბედურობისა კერძო ადამიანის, თუ მთელის ხალხის მიერ უკეთესი ნიშანია მისი სიმტკიცისა, მხნეობისა და ძალოვნობისა.

როგორ აიტანა საქართველომ ტფილისის აოხრება, თითქმის ხუთი ათასის ჯარის გაჟლეტა და მრავალი ხალხის დახოცვა? არ გამოვიდა ტფილისის აღების შემდეგ ექვსი თთვე და ქართველთ ჯარმა სამაგიერო გადაუხადა სრული საწყაული განჯის ხანსა, რომელმაც უღალატა ერეკლეს, მიემხრო სპარსელებს და უშველა მათ ტფილისის აღებაში და დარბევაში.

ტფილისის აღება მოხდა შემოდგომაზედ ხოლო შემდეგს გაზაფხულზედ ქართველი ჯარი მიადგა განჯას, აიღო და კვლავ თვისი მორჩილი გახადა უწინდებურად. განა ეს ფაკტი ხმამაღლა არ ჰღაღადებს, რომ საქართველოს სხეული იყო ჯერ კიდევ საღი, ძალღონით სავსე და დიდი სისხლის დენასაც კი ადვილად იტანდა.

ლეკნი, კარგნი და ყოჩაღნი მეომარნი, ყოველთვის დამარცხებულნი რჩებოდნენ, როცა კი ქურდულად და მოულოდნელად არ დაესხმებოდნენ ხოლმე ქართველებსა. მოგვყავს ერთი შემთხვევა ჩვენის მაღალნიჭიერ პოეტის სიტყვებით:

„რა ცეცხლი გაჩნდა გაღმა მხარს,

რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?

მთლად დაღესტანი მოაწვა

გასაოხრებლად ყვარლისა!

ოც-და-რვა დღეა, რა ისმის

ხმა ომის შეუწყვეტლისა!

გაჭირდა, ციხე მისუსტდა,

სად არის ხელი მხსნელისა?

ორასი მხედრით სოლომან,

ოთარი და რატიშვილი,

ნოდარის ძენი და ბოსტა,

დავით და ბებურიშვილი

გაჩნდნენ, დაჰკივლეს... ხმალ-და-ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი”!

ყველაზედ შესანიშნავი და იმედის მომცემი ის არის, რომ ამ ძვირფასი თვისებით შემკულნი იყვნენ მაშინდელი ქართველი ქალებიც. მათის მამულის ერთგულობას, ეროვნობის სიყვარულს, მაღალს ჭკუას და კაცურ გულს თვალ-წინ ცხადად გვიხატავს ჩვენის პოეტის ბარათაშვილის სოფიო, მათი წარმომადგენელი, მათი ტიპი. თუ პოემიდგან ისტორიაში ჩავხედავთ, იქაც შევხვდებით ამგვარ მაგალითებს:

1777 წელსა, მეუღლე გიორგი მემკვიდრისა ქეთევანი, ოცდაათი წლის ქალი, ასული ანდრონიკაშვილისა, ტფილისიდგან მუხრანს მიდიოდა სტუმრად. თან ახლდა მას სამასი ცხენოსანი. ღართის-კარის ვიწროებში რომ მივიდა, გზა სრულიად შეკრული დაუხვდა; ხუთასი ლეკი სამ გზით იყო ჩასაფრებული ამ ძნელად გასავლელს ადგილსა და სრულიად შეუძლებელს ხდიდა გზის გაკაფასა.

გულად ვაჟკაცსაც კი უკან გამოაბრუნებდა ამისთანა უძლეველი დაბრკოლება; მაგრამ ქეთევანი მას არ შეუშინდა. იგი თვითონ მამაცურად მოუძღვა წინ თავისს ცხენოსანთა, გაარღვია სამგზით გამაგრებულნი ლეკნი და ჰქმნა სახელოვანი ძლევა.

„უკუქცეული შემდგომად ერთის თვისა მუხრანით, მიიღო ერეკლემ გმირი რძალი თვისი ტფილისსა დიდისა დღესასწაულობითა, ზარბაზნის ციხიდამ სროლითა და ჩირაღითა.”

მაშინდელ ქართველების ვაჟკაცობა და მამაცობა ევროპაშიაც კი საყურადღებო საგანს შეადგენდა. თვით ფრიდრიხი, სამხედრო გენიოსი, ძლევა-მოსილი მებრძოლე მთელის ევროპისა, თავისს ჯარს ქართველების მამაცობას მაგალითად უდებდა და ეუბნებოდა:

„იბრძოლეთ ისე შეუპოვრად, როგორც იბრძვიან ერეკლეს ივერნიო!” - „მე ვარ ევროპაში უძლეველი, ამბობდა იგივე გვირგვინოსანი, გმირი, ხოლო აზიაში - მეფე ივერიისაო."

 

V

 

თუმცა საქართველოს მდგომარეობა დიდ ხანს იყო იმ გვარი, რომ ითხოვდა მხოლოდ ხმლის მღელვარების ხელოვნობას და სრულიად არ უწყობდა ხელს პოლიტიკურ აზრების აღზრდასა, მაგრამ მაინც მეთვრამეტე საუკუნის დამლევს საქართველოს ჰყვანდა შვილნი, რომელნიც იყვნენ შემკულნი შორსგამჭვრეტელობით და ნამდვილ სახელმწიფო ჭკუით.

ამ მამულიშვილებს ერთის მხრით კარგად ესმოდათ დიდი მნიშვნელობა და სარგებლობა პოლიტიკურის კავშირისა რუსეთთან, მეორე მხრით ნათლად ჰქონდათ გამორკვეული, რომ ეროვნობის გზის დატოვება, ნაციონალურთა ძალთა უარყოფა, გადაბირების გზაზედ დადგომა, თვით-მმართველობის გაცვლა შინაგანს და გარეგანს დამოკიდებულობაზედ ერს აყენებს დაუძლურების, დაწვრილმანების გზაზედ, მიჰყავს იგი უკან ყოველის მხრივ და თუ დროით მან არ უშველა თავსა, არ გამოვიდა ამ ბუნების წინააღმდეგ მდგომარეობიდგან, არ მოიპოვა თვით-მმართებლობა, არ დაისაკუთრა შინაური ბატონობა და არ მიეცა ნაციონალურ ძალთა და ღონეთა გაძლიერებასა და აღორძინებასა, უსათუოდ გამობირდება, გაფუქსავატდება, დაეცემა, დაჰკარგავს გონების და ზნეობის ძალას, მოაკლდება თავისუფლებათა დედულ-მამულიდგან დაჯდება ცალიერი და გარდაიქცევა ბოგანთა ნახირად, რომლის სახსენებელიც კი, ადრე თუ გვიან, ამოიფხვრება დედამიწის ზურგიდგან.

ვის არ წაუკითხავს ჩვენგანს „ქართლის ბედში” ის საკვირველი ბაასი ერეკლეს და სოლომონ მსაჯულის შორის, სადაც ეს უკანასკნელი მამულისშვილი წინასწარმეტყველური შეუცდომლობით უხატავს მეფეს საქართველოს მომავალს ბედს, როგორც მიუცილებელს შედეგს იმ წინ დაუხედავ პოლიტიკურის წადილისას, რომელიც მას განუზიარა ერეკლემ!

მგონი მკითხველისათვის მომეტებული იქმნება დავურთო, რომ სოლომონ მსაჯული არის ისტორიული პირი და ამასთან წარმომადგენელი, ტიპი მთელის მამულის შვილებისა დასის და არა ქმნილება პოეტის ფანტაზიისა. ზოგიერთა ამ პირებს შევხვდებით ქვემოდ, აქ კი საჭიროდ ვრაცხთ გავაცნოთ უკანასკნელი ისტორიული მოქმედება მოხსენებულის მამულის-შვილისა, რომელიც სავსე იყო მაღალი ჭკუით, მხნეობით, შეუცდომელ შორსგამჭვრეტელობით და მხურვალე პატრიოტულ გრძნობით.

სოლომონ ლეონიძე უკანასკნელად ჰმოქმედებდა მეფე გიორგის სიკვდილის დროსაც, ჩვენის ქვეყნის გარემოება განზრახ არევ-დარეული იქმნა, რომ უფრო უკეთესად დაეჭირათ თევზი ამღვრეულ წყალში. სოლომონ ლეონიძე, „ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის", თვალებს უხელდა დაბრმავებულთა, აფხიზლებდა მიძინებულთა, გონზედ აყენებდა მოტყუებულთა და შეარიგებდა მეამბოხეთა.

შეადგენდნენ თუ არა კრებას დავით მემკვიდრის წინააღმდეგნი, რომელთაც მტრობის გულისათვის იგი მეფედ არა ჰსურდათ, ლეონიძე მაშინვე დაიბადებოდა იქ და ეუბნებუდა: „ლექსი „მეფე" დადუმდა აქა? ბატონებო, იყავით ფრთხილად! ჯვარცმულის მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებლად.

იქით სარდლები იწევენ, აქედ მეფის ძენი, მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან! მოდით გონსა, დაფიქრდით და შედით საქმის ბჭობაში. დავითის მემკვიდრის მტრობისათვის რად უნდა შეექმნათ მტერნი ქვეყანასა; ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყნისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარა რუსის ჯარი და ტრაქტატი მეფის გიორგისა.”

უფრო კიდევ მხნედ და დაუძინებლად ჰმოქმედებდა შესახებ დავით მემკვიდრისა: „მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა - ვკითხულობთ მეფე გიორგის ცხოვრებაში, - მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხეილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ეგნატე იოსელიანი, შეიფ თარხნიშვილი და მათ უბრძნესი და ნათლად მხედველი მყობადისა სოლომონ ლეონიძე სთხოვდნენ და ევედრებოდნენ დავითს, წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ.

დავითმან ეს არ ინება, ელოდდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდან, და მიიღო მოსვლამდე ბრძანებისა მხოლოდ წოდება, ნაცვლად მეფისა, რეგენტობისა, ანუ სამეფოისა გამგისა. მაშინ წავიდა სოლომონ ლეონიძე და მოახსენა დავითსა:

„დასამშვიდებლად მეფობისა და აღრეულობისა დასაცხრომელად მიიღეთ ზომა მტკიცე, ჰქმენით, რაც არის საქნელი, აჩვენეთ ძალი და ძლიერება თქვენი; გმართებთ აქ გმირობა. დუმილი თქვენი და სისუსტე აძლიერებს თქვენთა მეტოქთა; დაეც შიში და ზარი მტერთა, ეხლავ უბრძანე, დაიფიცონ მორჩილებაზედ, ნუ ჰკარგავთ მეფობასა და ნუ ჰღუპავთ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმა ადრევე აღგიარა მემკვიდრედ და პირმშოდა, გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა!”

პატრიოტული სიმხურვალე ლეონიძისა იყო ისეთი გავლენიანი, რომ გადაედო თვით სარდალს იოანე ორბელიანს, დავით მემკვიდრის მტერსა, დაავიწყებინა მას პიროვანი ბოროტება, მიიყვანა დავითთან და მოახსენებინა შემდეგი რჩევა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა. მიბრძანე და გამოვუცხადებ მოწვეულს ჯარსა წარვიდეს ჩრდილოდ... დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ!”

მაგრამ, როცა დავითმან, რაღაც უცნაურის მოლოდინით შეპყრობილმა, არ შეისმინა ბრძნული რჩევა თავისი მეგობრისა და იოანე სარდლისა და განაგრძელებდა თავისს უგუნურს, წინ-დაუხედავს მოქმედებასა და ლოდინსა, - მაშინ ლეონიძე გადუდგა მას და ჰსურდა სხვა გზით და სხვა პირების დახმარებით და შუამდგომლობით ეშველა ქვეყნისათვის;

ამის გულისათვის იგი იქმნა ჩავარდნილი საპყრობილეში. მაგრამ საპყრობილიდგან ისეთივე შეუპოვრობით და გავლენით ჰღაღადებდა, რომ მისნი მტერნი შიშის გამო იძულებულნი შეიქნენ საქართველოდგან სრულიად გაეძევებინათ და გადაეკარგათ იმერეთსა... „ვუწოდებ მას, პატიოსნებისა გამო მაღლისა, დროთა ამათ ფაბრიციოდ ქართველთა”, - ამბობს ლეონიძეზედ ავტორი მეფე გიორგის ცხოვრებისა, „და, ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა და ისტორიისა კატონად."

 

VI

 

ჩვეულებრივის აზრით საქართველო მეთვრამეტე საუკუნის გასულს მოცული იყო გონების სიბნელითა და მოკლებული განათლებასა. დაახლოებითი გაცნობა ისტორიულის ფაქტებისა სრულიად ამტყუნებს ამ შეხედულობასა.

ორი სასულიერო სემინარია, თელავში და ტფილისში, უმზადებდა საქართველოს ერსა განათლებულს მწყემსთა.

მაშინდელი სასულიერო ყმაწვილების აღზრდა, უგულო და უსულო ჩინოვნიკების ხელში როდი იყო, მათ ჰზრდიდნენ იმისთანა განათლებულნი და გულმოდგინე მამულის-შვილები, როგორც გაიოზი, ავტორი მრავალთა შესანიშნავთა თხზულებათა და შემდგომში მთავარ-ეპისკოპოსი ტავრიდისა და ასტრახანისა; დავით და ალექსანდრე რექტორები, გულწრფელი პატრიოტები.

მაშინდელს სემინარიელებს ტვინს როდი უწყალებდნენ უცხო ენაზედ სწავლითა ბერძნულის და ლათინურის განუყრელი ზეპირობითა; ყველა საგანს ისინი მოისმენდნენ დედაენაზედ, ვრცლად შეისწავლიდნენ წარსულს ცხოვრებას თავისი ქვეყნისასა, შეითვისებდნენ ქართულ ლიტერატურის ქმნილებათა და ამასთან ვრცლად სწავლობდნენ საზოგადო საგნებსაც.

მთელი სისტემა სემინარიისა დამკვიდრებული იყო ნაციონალურ ნიადაგზედ, მეტ-ნაკლებობით ზედ იყო გამოჭრილი ჩვენის ერის მოთხოვნილებათა ზედა. ამიტომ ეს სემინარიები ჰზრდიდნენ პირთა, რომელთაგან შემდგომში გამოდიოდნენ შესანიშნავნი მსწავლულნი, სახელოვანნი მქადაგებელნი და ჭეშმარიტნი მწყემსნი ერისა.

ამათის მეოხებით მაღალი სწავლა სახარებისა ხშირად გაისმოდა ხალხში, უნათლებდა მას გონებასა, უმტკიცებდა ზნეობასა და უმაღლებდა პატიოსნებას. ამისთანა მწყემსნი ღირსნი იყვნენ სიყვარულისა და ერსაც უყვარდა ისინი. ყასპური ტაქცია ერსა და მღვდელს შორის მაშინ ყოვლად მოუფიქრებელი იყო და უშვერს რასმეს შეადგენდა. სემინარიებზედ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდი ღვაწლი მიუძღოდა მაშინდელ მონასტრებს, რომელთა რიცხვი

მარტო ქართლში თორმეტამდე ადიოდა (ეს მონასტრები ქართლისა იყვნენ შემდგომნი: ქვათახევისა, შიომღვიმისა, მეტეხისა, იკორთისა, ანანურისა, ჯვარისა, მღვიმისა, ლარგვისისა, ხობისა, ულუმბისა, გეთსამანიისა, თორისა.)

ესენი, როგორც ყველგან ცნობილია, იყვნენ არა მარტო ლოცვისა და მარხულობის ადგილნი, არამედ სწავლის და განათლების ლამპრები ჩვენს ქვეყანაში.

ეს კიდევ ცოტაა. თხუთმეტი კათედრა სამიტროპოლიტო და საეპისკოპოსო წარმოადგენდა პატარა ცენტრებსა, რომელნიც საეკკლესიო საშუალებით ავრცელებდნენ სწავლას და ზნეობას ხალხში.

(კათალიკოსის გარდა, რომელიც იჯდა ტფილისში, საქართველოს მაშინ ჰყვანდა ექვსი მიტროპოლიტი: ქართლში - სამთავროისა, ტფილისისა, რუისისა; კახეთში - ალავერდისა, ბოდბისა, ნინო-წმიდისა; ოთხი არხიეპისკოპოსი: ქართლში - წილკნისა, მანგლისისა; კახეთში - რუსთავისა, ნინო-წმიდისა(?) და ხუთი ეპისკოპოსი: ქართლში - ურბნისისა, სამთავისისა, ნიქოზისა; კახეთში - ნეკრესისა, ხარჭაშნისა.)

რა დიდ მნიშვნელობას აძლევდა სკოლების გამრავლებას მაშინდელი ჩვენი სასულიერო უმაღლესი მთავრობა, სჩანს იმ ფაქტიდგან, რომ, როგორც ამას ჰმოწმობენ საეკკლესიო გუჯრები, ყოველი ეპისკოპოსი კურთხევის დროს აძლევდა აღთქმასა, ხელწერილსა, რომლითაც იგი ვალად იდებდა საეკკლესიო სკოლების გამრავლებას თავისს ეპარქიაში.

მაშინდელი საერო მთავრობაც დიდს ყურადღებას აქცევდა ყოველ გვარ სასწავლებლებს და საეკლესიო სკოლებს კერძოდ: თვით მეფეც დაივლიდა ხოლმე სასწავლებლებს, სცდიდა სწავლაში მოწაფეთა, თავისი ხელით ასაჩუქრებდა უკეთესებს მათგანს, მამობრივს დარიგებას აძლევდა და აქეზებდა სწავლაზედ. ამიტომ მაშინდელი სკოლები მშვიდობიანობის დროს ყოველთვის სავსენი იყვნენ მოსწავლეებითა. აი რა საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ მეფე გიორგის ცხოვრებაში შესახებ ტფილისის საეკკლესიო სკოლებისა:

„თელავიდგან მოსრულს დავით რექტორსა თელავის სემინარიისა, შემდგომად გაიოსისა მოძღვარსა, უბრძანა მეფემან დახედოს ტფილისის სასწავლებელთა, რომელნიც იყვნენ დროსა ამას: ნათლის-მცემელის ეკლესიისა, კალოუბნისა, სიონისა, ქვაშვეთისა, მეტეხისა და ანჩხატისა. ასწავებდნენ აქ წერასა, კითხვასა, გალობასა, გრამატიკასა, კატეხიზმოსა ანტონი კათოლიკოსის სისტემითა, ძველთა სამეფო ისტორიათა და სხვ. მოსრულთა ჰასაკთა შინა კერძოდ და არა ყოველგან ასწავლიდნენ ძველსა და ახალსა ფილოსოფიასა და ღვთის-მეტყველებასა ანტონისავე შედგენილს.

მოწაფენი დროთა ამათ იყვენ ოთხასამდის, ვითარცა იტყოდნენ თვალით მხილველნი მოხუცნი. მაისის დღეს მეფე მიბძანდა და იხილა მოწაფენი ეფრემ მღვდლისა, კალოუბნელისა; თვითეულს უბრძანა წაიკითხოს, აგალობა იგინი და თვითონაც გალობდა წირვასა და მწუხრისა საგალობელთა.

დიდად გამხიარულდა მეფე, იხილა რა ყრმანი მადლიანად მკითხველნი, უბოძა თითო აბაზი და ამცნო ყრმათა, რათა ეშინოდეთ მათ ღვთისა და შეიქმნებიან ბრძენნი და შვილნი ეკლესიისანი, ვინაიდგან დასაწყისი სიბრძნისა არს შიში უფლისა და სხვ.” ამ ცნობიდგან ცხადად სჩანს, რომ მაშინდელი საეკკლესიო სკოლები მარტო წერაკითხვის მიმდევნი არა ყოფილან; მათ ჰქონიათ იმისთანა ფართო პროგრამა, რომელიც ბევრად აღემატება ახლანდელს ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებლების პროგრამასა.

ამიტომ ჩვენი ქვეყანა მაშინ ღარიბი არ იყო ნასწავლი და განათლებული პირებითა. მათ შორის იყვნენ გამოჩენილნი პოეტნი, როგორც ბესარიონ გაბაშვილი, ბესიკად წოდებული, ალექსანდრე ჭავჭავაძე; ფილოსოფოსნი და რიტორნი როგორც ჭაბუა ორბელიანი და სოლომონ ლეონიძე; შესანიშნავნი მქადაგებელნი, როგორც ამბროსი ნეკრესელი, ვარლაამ ერისთვიშვილი, რომლის ქადაგებანი გადათარგმნილ იქმნენ რუსულს ენაზედ;

სახელოვანი ღვთის-მეტყველნი, როგორც ანტონი პირველი, დოსითეოს ნეკრესელი და გაიოსი; შესანიშნავნი სასულიერო მწერალნი, როგორც დეკანოზნი სოლომონ და ალექსი ალექსიშვილები; ბიოგრაფნი, როგორც ომან ხერხეულიძე, აღმწერელი მეფის ერეკლეს ცხოვრებისა; დიდად პატივცემულნი სასულიერო პირნი, როგორც ანტონი მეორე, იუსტინე, მთავარ-ეპისკოპოსი მაღალაშვილი, ნიკიფორე, შემდეგ ექსარხოსისა ვიკარი; იოსტინ მღვდელ-მონაზონი ანდრონიკაშვილი და სხვანი.

რაც შეეხება დაბალს ხალხს, მასშიაც წერაკითხვის ცოდნა ისე ხშირი იყო, რომ ძნელად იპოვნიდით ქალსა, განსაკუთრებით მონასტრების და საეპისკოპოსო კათედრების ახლოს სოფლებში, რომელსაც წიგნი არა სცოდნოდა. ამ ფაქტს ამოწმებენ ყველა მოსწრებულნი პირნი, განათლებულნი და სარწმუნონი.

ამითი აიხსნება ის ფაქტიც, რომ ჩვენს ხალხს გაზეპირებული ჰქონდა საუკეთესო ადგილები „ვეფხის-ტყაოსნისა”; აქამომდე დარჩენილია გლეხობაში ამ ცოდნის ნაწყვეტები.

მაშინდელი სამეცნიერო წიგნების სიმრავლე ეხლა ჩვენთვის სრულიად გასაკვირველია. მეტაფიზიკიდგან და დიალეკტიკიდგან დაწყობილი, ვიდრე გეომეტრიამდე ქართულ ენას ჰქონდა შეძენილი ყოველის მეცნიერების თხზულება ან ორიგინალური, ან ნათარგმნი. მარტო ანტონ პირველმა, საქართველოს კათალიკოსმა, გაამდიდრა ჩვენი ლიტერატურა ორმოც-და-სამი ახალი თხზულებითა, რომელთა შორის ნახევარი საერო მეცნიერებას ეკუთვნოდა.

სიმდიდრე ჩვენის ენისა იყო იმისთანა, რომ თვით უღრმესნი ჭეშმარიტებანი ყოველ გვარ მეცნიერებისა დაუბრკოლებლივ და ყველასათვის გასაგებად იხატებოდნენ.

სწავლის და განათლების მოთხოვნილებას, ბევრად თუ ცოტად, აკმაყოფილებდა სტამბები, რომელნიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დაარსდნენ და ჰმოქმედებდნენ.

სასულიერო წოდებას მეტად ამხნევებდა და ფრთას უშლიდა ის გარემოება, რომ მას თავს უდგა არა შორიდგან მოსული პირი, რომელსაც არავითარი ეროვნული კავშირი არა აქვს ქვეყანასთან, არამედ მამულისშვილი, შეკავშირებული თავისს სამწყსოსთან სულის და გულის მრავლის ძაფებით, მოყვარე თავისი ქვეყნისა, მოწადინე მისის ბედნიერებისა და გამამხნევებელი ყოველის მოღვაწისა.

ყოველს ღირსეულს პირს მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ბედმა შეიძლება მომანიჭოს პირველი ადგილი სასულიერო სფერაში, დამაყენოს საქართველოს ეკკლესიის მთავრად, მმართველად და გამიყვანოს მოქმედების ფართო ასპარეზზედაო.

ეს იმედი ყველას ფრთებს უსხავდა, ყველას უმატებდა ძალასა და ღონეს მოქმედებისას და მხნეობით ავსებდა. ღენერლობის იმედს არა ერთი სალდათი გადაუქცევია სახელოვან სარდლად, - კათალიკოსობის მოლოდინმა არა ერთი ქართველი სასულიერო პირი შეამკო მრავალი ღირსებითა, აღავსო სწავლითა და ცოდნითა.

ვაი იმ ხალხს, რომელიც ამ გვარს იმედს მოკლებულია სასულიერო სფერაშიც და საეროშიაც!

მართალია, მაშინდელი ჩვენი მწიგნობრობა და ლიტერატურა ბევრით შეესაბამებოდა იმ ხარისხს განათლებისას, რომელიც ევროპამ გამოიარა მეთხუთმეტე საუკუნეში; მაგრამ ამ მწიგნობრობას თავისი საკუთარი ნიადაგიც ჰქონდა, ნამდვილის სიცოცხლის ნიშნები ედო, წარმატების გზაზედ იდგა და, ასე გასინჯეთ, არ იყო სრულიად მოკლებული გავლენასა იმ აზრებისა და იდეებისა, რომელნიც მაშინ აღელვებდნენ მთელს ევროპას, თუმცა ევროპაში მისვლამოსვლა ძალიან ძნელი იყო.

სადამდის მიდიოდა თანამედროვე ევროპის მოძრაობის გავლენა ზოგიერთ ქართველებზედ, სჩანს იქიდგან, რომ მაშინ ვოლტერსაც კი ჰყვანდა ჩვენში თაყვანისმცემლები.

თვით ანტონ კათალიკოსის მოღვაწეობის მეორე პერიოდი, ბევრით ნაყოფიერი პირველზედ ჩვენის ლიტერატურის გამდიდრებისთვის, ევროპის მსწავლულთ და მწერალთა გავლენის ქვეშ სწარმოებდა.

მაშინდელი სოციალურ და პოლიტიკურ იდეების ზედგავლენის კვალიც კი ეტყობა ჩვენს ცხოვრებასა. ამას გვაჯერებენ: ერთი შესანიშნავი განკარგულება ერეკლესი და შეთქმულობა დაცულ-ბარათაშვილისა.

როდესაც ეკატირინე მეორე მთელს მცირე რუსეთში ჰფენდა ბატონ-ყმობის სენსა და თავის ფავორიტებს ათასობით ურიგებდა იმ დრომდე თავისუფალ ხახოლებსა, იმ დროს ერეკლემ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით ყმობისაგან განთავისუფლდა ყოველი გლეხი, რომელიც ტყვეობიდგან დაბრუნდებოდა.

ეს ფაქტი სრულს საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ, თუ ჩვენი ისტორიული მსვლელობა თავის ნაციონალურის კალაპოტიდგან არ გადავარდნილიყო, ვინ იცის, იქნება ბატონყმობის გაუქმებას ბევრად ადრე მოვესწრებოდით სამოც-და-მეოთხე წელიწადზედ და ეს გაუქმება მომხდარიყო ბევრად უფრო სასარგებლო საფუძველზედ.

ხსენებულმა დაცულ-ბარათაშვილმა და ბევრმა იმის მომხრეებმა მეფე გიორგის სიკვდილის დროს შეადგინეს შეთქმულობა, რომლის განზრახვა იყო დაცვა დამოუკიდებლობისა და დადგინება საქართველოში რესპუბლიკისა.

 

VII

 

ყველა ზემოხსენებულით ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რომ საქართველო მეთვრამეტე საუკუნეს ბოლოს საღს სახელმწიფო ორგანიზმს წარმოადგენდა. სრულიად არა.

იგი ბევრგან იყო დაჭრილი, დაზიანებული და შესუსტებული, ბევრი რამ აკლდა; არეულობა, წინდაუხედაობა და უმეცრება მის შვილთა შორის იყო დიდი, ბევრს აზიურს წესებს გაედგათ ფესვები, ბევრი მტერი ჰყავდა მას, მაგრამ გული გატეხილი არა ჰქონდა ჯანი კიდევ ერჩოდა, ღონე და ძალა წარმატებისა ბლომად უდგა ძარღვებში, დაჩაგრულობას არ დაეხარა ძირსა და შეეძლო თავისი დაჭრილობანი მოერჩინა, შემავიწროებელნი გარემოებანი გაეფანტა, გამართულიყო წელში და მტკიცედ დასდგომოდა განათლების, თავისუფლების და გაუკეთესობის, პროგრესის გზასა.

ამ წადილის მიღწევისათვის საჭირო იყო ორი წამალი, ორივე უებარი: ერთობა ქართველთა ტომთა, მოკრება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსი ერთის მძლავრის მარჯვენის ქვეშა და გახსნა განიერის, ფართო გზისა შავის ზღვის შუამავლობით ევროპის გავლენისათვის და მის გამაცხოველებელ ცივილიზაციის დაწაფისათვის.

მაგრამ საქმე ის არის, - ჰგრძნობდა საქართეელოს ერი ამას? ესმოდა საჭიროება და უებრობა ამ წამლისა? ისტორიული ფაქტები ამ კითხვაზედ გვიპასუხებენ, რომ მთელი ერი საქართველოსი, ყოველი მისი წოდება მეთვრამეტე საუკუნის დამლევს ჰგრძნობდა ერთობის აუცილებელ საჭიროებას, მის დიდ სარგებლობას და გულით და სულით მოწადინებული იყო შეედგინა ერთი სახელმწიფო დაღესტნის სამზღვრებიდგან დაწყობილი ვიდრე შავი ზღვის კიდეებამდის.

ევროპას მეტად დიდ მნიშვნელობას აძლევდა ის გარემოება, რომ გაუვალი კედელი, რომელიც ამართა საქართეელოს და ევროპის შუა ოსმალეთის მფლობელობის დამკვიდრებამ შავს ზღვაზედ და მის გარეშემო ნაპირებზე, შემუსვრილ იქმნა რუსეთის მძლავრის გელით და ამის შემდეგ ეს ზღვა წარმოადგენდა ფართო განიერ გზასა საქართველოს ერის დაახლოვებისათვის, დაკავშირებისათვის აყვავებულს ევროპის ერთა თანა.

ეს კარგად ესმოდათ მაშინ ჩვენებსა, კარგად ახსოვდათ ისიც, რომ უწინაც, თამარ მეფის დროს, ერთობამ, ერთ-მთავრობამ საქართველო აღამაღლა, ააყვავა და განაძლიერა; ამიტომ პირველი მოხერხებული შემთხვევით ისარგებლეს და შეერთება მთელის ივერიისა თითქმის ერთ-ხმივ მოითხოვეს. ეს მოხდა 1790 წელსა, როდესაც იმერეთიდგან დესპანები მოვიდნენ ტფილისში.

ამ დესპანების მოსვლა, სახელმწიფო კრება ერეკლეს სასახლეში, ცხარე ბაასი და ხანგრძლივი სჯა მთელის საქართველოს შეერთებაზე ისეთი შესანიშნავი ფაქტია ჩვენს ისტორიაში, ისე ცხადად გვიხატავს ერთის მხრით ჩვენის ერის გონივრობას და სახელმწიფო ჭკუას და მეორე მხრით სამეფო სახლის ეგოიზმს, წვრილმანობას, რომ საჭიროდ ვრაცხთ დაწვრილებით მოვახსენოთ ეს ამბავი მკითხველსა.

ერთობას თხოულობდნენ ყველანი: გლეხნი, აზნაურნი, თავადნი, სამღვდელონი, იმერნი და ამერნი.

„შემდგომ გარდაცვალებისა სოლომონ პირველისა", ვკითხულობთ მეფის გიორგის ცხოვრებაში, „მოვიდნენ იმერეთით: ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთ-ხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცის კაცნი: ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი...

ესენი ითხოვდნენ, რადგანაც არა ჰსურს მეფესა ერეკლეს მეფე დავით მიტაცებული ტახტისა, ინებოს და შეაერთოს თავისად სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთმთავრობისა დროთა.

დესპანნი იმერეთისანი არწმუნებდნენ მეფესა, რომელ ყოვლადია სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა; თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიანთ ეს. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესე და უხარიანთ, უხარის ბატონობა თქვენი მთელ იმერეთსა, მტერთაგან ჯვარისა გაოხრებულსა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირად ბრძანა, იქმნას რჩევა საქმისა.”

დანიშნულს დღესა კათალიკოსი, მღვდელთ-მთავარნი, თავადნი, სარდალნი, სახლთ-ხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა შეიკრიბნენ სამეფო პალატაში და შევიდნენ განსჯასა. ამ რჩევასა და სჯის დროს, ამერთ მოითხოვეს შეერთება საქართველოსი ისეთივე მხნეობით და შორსგამჭვრეტელობით, როგორადაც იმერნი ითხოვდნენ. „პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის”, განაგრძებს მეფე გიორგის ცხოვრების ავტორი, „იყო ჭაბუა ორბელიანისა.

მას შეუდგნენ ქათალიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლეონიძე, ზაქარია, მოურავი ქიზიყისა, ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლაყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი.

მეფე სდუმდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილისა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა; აკურთხევდა აზრთა ამათ ზეგარდამო ჩაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერისა. „ნუ ჰყოვნი, მეფეო! იტყოდა ჭაბუა, ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა; ვითარ ეტყვის მეფე უარსა? რისთვის არ მიიღებს თხოვსა?

მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის. ვიცი და მესმის აზრი თქვენი, მეფეო! ვითარ მოვუღო მეფობა შვილის-შვილსა ჩემსა? ესეთი აზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყნისა.

ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა მეფეთა ქართლისათა და რაი დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთად დაკავშირება.”

„ბატონო მეფევ! მოახსენა წერეთელმა, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერეთ თქვენით. ირწმუნეთ მეფევ ბატონო, ხომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებასა.”

ამ ბრძნულ წადილს, მხურვალე მჭევრ-მეტყველებით გამოხატულს, წინა-აღუდგა წვრილმანი ანგარიში ჩვენის მაშინდელ ფეოდალებისა, რომელთაც ერთობა და მეფის გაძლიერება არაფრად ეპიტნავებოდათ ყოველთვის. „შემდგომ დუმილისა მეფისაგან, მუხრან-ბატონმა ივანემ მოახსენა კრებასა: დაკავშირება იმერეთისა დიაღ ძველიაო.

ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რად გექმნათ ბატონად ქვეყანასა, რომელსაც ჰყავს საკუთარი ბატონი, შვილისშვილი მეფისა?”

მაშინ დავით სარდალმან, ერთმა გულწრფელ პატრიოტთაგანმა, განრისხებულის ხმით წარმოსთქვა:

„მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი, რომ ვერ მოუვლის დღეს ის ქვეყანას თავისის ხმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მოსცემს ღმერთი სხვასა მუხრანის-ბატონსა, რომლის ხმალი უფრო მჭრელი იქნება.” ეს სიტყვა იწყინა მეფემ, რომელიც წინააღმდეგი იყო შეერთებისა, და დაშალა კრება.

 

VIII

 

დაუყოლებელი, შეჯერებული წინააღმდეგობა საქართველოს ერთობას ამოუჩინა დედოფალმა დარეჯანმა, რომელიც ეშმაკობაში დახელოვნებული იყო, მაგრამ ნამდვილს ჭკუას და მამულის სიყვარულს კი მოკლებული.

საუბედუროდ ქვეყნისა დარეჯანს დიდი გავლენა ჰქონდა ბოლოს ხანებში ერეკლეზედ და სახელმწიფო დიდ საქმეებშიაც კი თავისს ნებაზედ ატარებდა მას.

ამ მავნებელ გავლენის ნაყოფი იყო, სხვათა შორის, ის სამეფო სახლის აღმაშფოთებელი, ამრევი და ქვეყნის დამღუპავი ანდერძი, რომლითაც ერეკლე თავის პირმშო შვილის გიორგის შვილს გამოსწირავდა სამეფო ტახტსა, დაუმტკიცებდა მას იულონსა, უფროს შვილს დარეჯანისასა და თავის სამეფოში შემოჰქონდა ოსმალური წესი ტახტის მემკვიდრეობისა ნაცვლად ევროპის წესისა, რომელიც იმ დრომდე ჰმოქმედებდა საქართველოში.

ეს ანდერძი სრულიად გვარწმუნებს, რომ ერეკლე, შემკული მრავლითა სამაგალითო სამხედრო თვისებითა და სახელგანთქმული ვაჟ-კაცურ ხმლის მღელვარებითა, ჩვენდა საუბედუროდ, ნადირშახსავით და მეთორმეტე კარლოსავით, მოკლებული იყო პოლიტიკურ შორსგამჭვრეტელობასა და ამ მხრით გაუზომელად დაბლა იდგა თავის პაპა ვახტანგ მეექვსეზედ, რომლის მშვენიერი და მომწიფური პოლიტიკური განზრახვა დაარღვია იმისთანა უცნაურმა შემთხვევითმა მოვლენამ, რომელსაც არავინ არ მოელოდდა არც ევროპაში და არც აზიაში, და რომელმაც ერეკლესავით თავისთან სამარეში არ დამარხა ყველაფერი თავისი ნამოქმედარი, არამედ დასტოვა ჩვენს ისტორიაში ცხოველი, ნაყოფიერი და უკვდავი კვალი.

საქმის ჩასაშლელად და უკუღმა დასატრიალებლად დედოფალმა დარეჯანმა მოიხმარა მუქარა და მრისხანება იმათ წინააღმდეგ, რომელნიც უფრო გულმხურვალედ და გატაცებით ჰქადაგობდნენ ერთობის საჭიროებას და დიდს სარგებლობას... „სცნო დედოფალმან დარეჯან საუბარი ესე ყოველი (პირველის კრებისა) განრისხდა და დაიბარა ჭაბუა ორბელიანი და მრისხანედ უბძანა ყვედრების სიტყვა.“ მაგრამ ამ შემთხვევაშიაც ჭაბუამ დაამტკიცა, რომ საქართველოს კიდევ ჰყვანდენ შვილები, რომელნიც მზად იყნენ შეეწირნათ პიროვანი ინტერესები მამულის ბედნიერებისათვის.

„არა, ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული”, ეტყოდა ჭაბუა. „აზრი ჩემი დარჩება უცვლელად მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, ჩავიტან თან საფლავს. რად მიბრძანებ, არ ვიყო ერთგული მეფისა და ქვეყნისა! ვიცი, რასაც ვიტყვი. არ ვხედავ კეთილად საქმესა და ესე ვარჩევ. ვიყო და მერქვას ქვეყნის მრჩეველი და ვურჩევდე რასმე ბოროტსა? მამა-პაპათა სისხლი დაუღვრიათ ქვეყნისათვის... ვარ შვილი ქვეყნისა და ერთგული მეფისა. ამისათვის გაბედვით ვიტყვი და უშიშრად მოვახსენებ მეფესა ჩემსა და თქვენ, ბატონსა ჩემსა დედოფალსა, სიტყვათა ამათ.”

თვით მემკვიდრე საქართველოს ტახტისა გიორგი (რომელიც, საქართველოს საუბედუროდ, სწორედ იმ დროს გამეფდა, როცა დაჰკარგა გონებითი, ზნეობითი და ფიზიკური ძალა) გატაცებულ იქმნა საზოგადო წადილითა და მეორე კრებაზედ, რომელზედაც ჭაბუა და ქათალიკოსი ანტონი უწინდებური მჭევრ-მეტყველებით ამტკიცებდნენ ერთობის დიდს სარგებლობასა ქვეყნისათვის, მოახსენა ერეკლეს შემდეგი გონიერი სიტყვები:

„ხელმწიფეო ჩემო! შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავთ უძლეველობა ქვეყნისა ჩვენისა მტერთაგან. უნდა იქმნას ერთობა. რა არს უკეთესი, რა არს მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ოსრაელთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად სამეფო სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად. მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, ბრძანებს მაცხოვარი.”

დესპანნი იმერეთისანი ატყობდნენ, რომ საქმე იცარებოდა უფრო დედოფლის უკუღმართობით და ამიტომ გამოსთხოვეს დარეჯანს ცალკე ნახვა, აუდიენცია. ეტყობა, მათ კარგად იცოდნენ, რომ დედაკაცის დაყოლიება კეთილ საქმეში საბუთების გაშლით უფრო ძნელია, ვიდრე კეთილშობილურის გრძნობის გაღვიძებით, და ამიტომ ერთობის სარგებლობის დამტკიცებას თავი ანებეს და შებრალება იხმარეს იარაღად.

„ქუთათელი, გენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მიუთხრობდეს დედოფალსა იმერეთის მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა.”

მაგრამ ყოველი ცდა ამაოდ დარჩა. ბრძნული წადილი მთელის ერისა, ქვეყნის ფეხზედ დამყენებელი და გამაბედნიერებელი ღონისძიება, სასიქადულოდ ერთ-ხმად მოთხოვნილი და კეთილშობილი გატაცებით აღვიარებული იმერეთ და ამ ერთაგან, ჩაშლილ და განქარწყლებულ იქმნა სამეფო სახლის უკუღმართობის გამო. „დედოფალი იტყოდა უარსა და ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილისშვილის ხელთაგანა.”

ამავე აზრზედ ჯიუტად დადგა მეფე ერეკლეც რომელმაც ქვეყნის საუბედუროდ და თავის დიდების დასამცირებლად, უკანასკნელ წლებში თითქმის სრულიად დაჰკარგა უწინდელი წინდახედულობა, სამაგალითო ვაჟკაცობა, ნათელი გონება, შეუპოვარი მხნეობა, მიეცა თავისი გვარის წვრილმანი ინტერესების ძებნასა და უმეტესად იმაზედ ზრუნავდა, რომ დაეკმაყოფილებინა ეგოისტური მოთხოვნილებანი თავისი არეული და განხეთქილებით სავსე სახლობისა, რომლის დამღუპველი რაოდენობა წრეს იქით გადავიდა იმის გამო, რომ ერეკლემ და გიორგიმ მეორე-მესამე ცოლები შეირთეს წინააღმდეგ სახელმწიფო ინტერესების მოთხოვნილებისა.

 

IX

 

ქვის გული უნდა ჰქონდეს საქართველოს შვილს, რომ ეს ისტორიული მოვლენა სავსე მაღალი ტრაღიკული მნიშვნელობითა, გაიცნოს ისე, რომ დარდით და ნაღვლით არ აივსოს.

ერთი მხრით სდგას ერი, მრავალ-ტანჯული სხვის შეცდომილებითა და პატივს-ცემით მოახსენებს მეფესა: „შენმა წინაპრებმა ჩაიდინეს დიდი უსამართლობა და უწყალობა: ერთი სისხლი და ერთი ხორცი დამანაწილეს რამდენსამე პატარა სამთავროდ და ამითი შეიქმნენ მიზეზი ჩემის და თავის-თავის დაუძლურებისა, დაუსრულებელ წვალებისა და გამოუთქმელის უბედურებისა. დროა, მოსპო ეს უსამართლობა, მიხსნა ამ სენისაგან, შემაერთო ერთ დიდ ერად, მიიღო ერთ-მთავრობა, განძლიერდე ჩემით, განმაძლიერო შენით, შემოვიფანტოთ მტერნი და მტკიცედ დავადგეთ დამოუკიდებლობის, წარმატების და კეთილდღეობის გზასა."

მეორე მხარეს დგანან მეფე-დედოფალნი, რომელნიც თავის მრავალ-წამებულს, მაგრამ კიდევ ერთგულს ერს ეუბნებიან: „ორივე მხარე უწინდებულად დანაწილებულნი და უძლურნი უნდა დავრჩეთო. ბევრს ხელმწიფეს უნატრია ამისთანა წადილი დანაწილებულის ერისა, რომელიც საქართველომ გამოუცხადა ერეკლესა, მაგრამ ნატვრა რომ არ ასრულებია - დიდის ხნის განმავლობაში ხელში ხმალი სჭერია, უღვრია თავისავე ხალხის სისხლის ნაკადულები და ძალადატანებით შეუერთებია იგი ერთის სკიპტრის ქვეშა.

იტალიის შეერთებას მოუნდა არა ერთი შინაური ომი. გერმანიამ შეადგინა ერთი იმპერია მხოლოდ მასუკან, რაც ბისმარკმა კრუპის ზარბაზნებით და ბერდანის თოფებით დააჯერა ნემეცების ერთომის საჭიროება. რუსეთის მოკრება ერთს მთავრობის ქვეშ იყო შედეგი ხანგრძლივის შინაურის ბრძოლისა. საფრანგეთმა, ესპანიამ, ინგლისმა ამავე გზით, ასეთივე სისხლის ღვრით დაამყარეს თავისი ერთობა.

თითქმის ყველგან დანაწილებული ხალხი ესარჩლებოდა ამ დანაწილებასა, იცავდა თავისს დაყოფილებასა და მხოლოდ მაშინ ადგენდა ერთს სახელმწიფოს, როცა რომელიმე თავ-გამოდებული და შორსგამჭვრეტი მთავარი ძალას დაატანდა მას ხმლით, იძულებულს შექმდა თოფით და ზარბაზნით.

ჩვენში კი წაღმა მსვლელობა მიიღო საქმემ. თვითონ ხალხმა, თვითონ ერმა იგრძნო ერთობის საჭიროება და მეფისაგან მოითხოვა ერთ-მთავრობის დაფუძნება. მაგრამ მეფემ უარი სთქვა იმაზედ, რასაც სხვა გვირგვინოსანნი მხოლოდ ხანგრძლივი სისხლის ღვრით მოეწეოდნენ ხოლმე.

ასე უკუღმართად დატრიალება მაღალის მნიშვნელობით სავსე საქმისა, ასეთი დამღუპავი დაბოლოება მთელის ერის წადილისა ერთის კაცის თავისნებობით არა ერთს მამულის-შვილს ააშფოთებდა სულით და წარმოათქმევინებდა შემდეგ მწარე სიტყვებს, რომელთაც ჩვენი პოეტი ბარათაშვილი ათქმევინებს სოლომონ მსაჯულს ამ გვარსავე შემთხვევაში:

"მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!

ერთს კაცს მოჰფინებ ყოვლთა უფლებას,

და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,

განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,

და იგი მათ ბედს ისე განაგებს,

ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!

მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება-

სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,

მისდევდე შენსა გულის კვეთებას

და უთრგუნვიდე თავისუფლებას?

შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება.

რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,

და რად ივიწყებ, რომე მარადის

მეფის გულის-თქმა ერსა ეკუთვნის...”

მაგრამ შემცდარი იქნება ის, ვინც იფიქრებს, რომ სამეფო სახლის უკუღმართობით შეერთება საქართველოსი სამუდამოდ იყო ჩაფუშული, დაცარული. გულითადს წადილს ერისას თვით მძლავრი მთავრობაც ბევრს ხანს ვერ ეწინააღმდეგება და იძულებული შეიქმნება უთუოდ დააკმაყოფილოს იგი. შეერთება საქართველოსი მხოლოდ გადადებული იყო სხვა დროსათვის.

ეს დრო დიდის ხნის ლოდინს არ მოითხოვდა. ქართლ-კახეთი მჭიდროდ იყო შეერთებული და ერთობის სანატრელს გზას და საბაძავ მაგალითს აჩვენებდა.

ჭაბუა ორბელიანები, სოლომონ ლეონიძეები და ქაიხოსრო წერეთლები დღითი-დღე მრავლდებოდნენ, განათლების სხივები წინანდელზედ უფრო ხშირად ეფინებოდა საქართველოს, მეთვრამეტე საუკუნის ქარიშხალი ნიავის ძალით მაინც აწევდა ჩვენამდის და ჩვენი ქვეყანა მოძრაობაში მოჰყავდა, აფხიზლებდა.

გარეშე მტრებიც გვისუსტდებოდნენ: ოსმალეთი მიბეგვილი და მილეწილი იყო რუსის ძლევა-მოსილის ჯარით და სპარსეთი სწრაფად მიდიოდა უკან.

დაღესტანს, თუ იგი არ დაწყნარდებოდა, საქართველო ასე თუ ისე შეუკრავდა კრიჭას და დამართავდა იმავე ბედს, რაც მისგან მოუვიდა ფადონების სამფლობელოს მეთერთმეტე საუკუნეში.

დღეს თუ ხვალ, საქართველოს ერი ერთობას ლიტონი მჭევრ-მეტყველებით კი აღარ ითხოვდა, იგი მოითხოვდა მუქარით, ძალის მოხმარებით და შემუსრავდა ყოველს გვარს უკუღმართობას, რომელიც კი მის წადილის წინაიღმდეგობას გაბედავდა.

მაშინ იგი ერთობით წელში გამართული და გაძლიერებული ადვილად შემოიფანტავდა მტრებსა, ზურგს თამამად შეაქცევდა მაჰმადიანურ აზიასა, რომელთანაც მოკლებულ იყო ყოველ გვარ სასულიერო კავშირსა, მტკიცედ იქმოდა პირს განათლებულის ევროპისაკენ, რომლის ხალხთა დასს ის ეკუთვნოდა თავის სარწმუნოებით და გვარტომობით, და შავ ზღვის შუამავლობით დაეწაფებოდა მის გამაცხოველებელს კულტურას და მეცნიერებას.

რა ძალით სწყუროდა ჩვენს ერს ევროპის ნათელი და რა გვარი გაუმაძღრობით მოხდებოდა მისი დაწაფება დასავლეთის განათლებაზედ და მეცნიერებაზედ, - ცხადად გვიჩვენებს ის ყველა მეისტორიეთათვის გასაცვიფრებელი ლიტერატურული მოძრაობა, რომელიც დაიბადა საქართველოში ვახტანგ მეექვსის დროს.

რამ წამს ცოტაოდენის ჭუჭრუტანიდგან ჩვენში შემოაშუქა ევროპის ნათელმა, გამოიყვანა ლიტერატურულ ასპარეზზედ იმ გვარნი მაღალნიჭიერნი მწერალნი, როგორც ვახუშტი და სულხან ორბელიანი და მოკლე ხნის განმავლობაში გაამდიდრა ჩვენი ლიტერატურა არა ერთი მაღალ მნიშვნელობიანი და უკვდავი ქმნილებითა.

საქართველოს მოსისხლე მტერიც ვერ გაბედავს სთქვას, რომ ჩვენი ერი არ იყო ღირსი ამ გვარის მომავლისა. რაც მან დედამიწის ზურგზე თავი შეისწავლა, მის დევიზად თავის დღეში არ ყოფილა ქელვა, დათრგუნვა, დაბრიყვება, დამონავება, მიწასთან გასწორება რომლისამე ერისა.

ჩვენის ერის ხმაში მღელვარებდა მხოლოდ თავის თავისუფლების დაცვისათვის და დამოუკიდებლობის მოუსპობლობისათვის. თუ ოდესმე დროთა ვითარება იძულებულს ჰხდიდა შემოეერთებინა თავისთან რომელიმე უცხო ქვეყანა, ჩვენი ერი ანიჭებდა მას სრულს თვით-მმართველობას და ხელუხლებლად იცავდა ყოველს მის უფლებასა.

თვით საქართველოშიაც სხვა სარწმუნოების მიმდევნი სარგებლობდნენ სრულის თავისუფლებით და თანასწორობით ქართველებთან.

როდესაც განათლებულს საფრანგეთში ჰუგენოტებს ართმევდნენ კაცის ყოველს უფლებასა და ბარბაროსულად ჟლეტდნენ მათ კათოლიკები, როდესაც სახელოვანს ინგლისში კათოლიკები იდევნებოდნენ უწყალოდ და ულმობელად, იმ დროს საქართეელოში შემოხიზნული სომხები იყვნენ ყველასფერში გათანასწორებულნი ქართველებთან; ჰქონდათ მინიჭებული ყოველი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება და ხშირად მემკვიდრეობით ეჭირათ უმაღლესი ადგილები ჩვენს სამეფოში.

ამ გვარივე თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თვით ურიებსა და თუმცა საქართველოში ძლიერი იყო სიყვარული ქრისტესი, რომელიც ჯვარცმულ იქმნა ურიათა მიერ, მაგრამ იგინი მაინც ყოველთვის სარგებლობდნენ ჩვენში სრული მყუდრო ცხოვრებით და მათ ერთხელაც არ გამოუცდიათ ის დევნა და ჟლეტა, რომლის მსხვერპლად ხდებოდნენ და ხდებიან ახლაც ევროპაში.

დასასრულ, შესამოწმებლად ჩვენის წერილის დედააზრისა მოვიყვანთ ერთს სომხის მწერლის სიტყვებსა, რომელსაც ვერავინ ვერ შესწამებს მიდგომით მსჯელობას ქართველების შესახებ. გენერალი ქიშმიშოვი თავისს ნადირ-შაჰის ისტორიაში ამბობს:

„წარსულის საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო იყო ძლიერი სახელმწიფო და მას ემორჩილებოდნენ და ხარჯს აძლევდნენ განჯისა, ყარაბაღისა და ერევნის ხანები. თუ შეერთებული ქართლ-კახეთი ამოდენა ძალას იჩენდა, ადვილად წარმოსადგენია, თუ რა

ძლიერების პატრონი შეიქმნებოდა საქართველო, როდესაც ერთს სკიპტრას ქვეშ თავს მოიყრიდნენ ქართლ-კახეთთან ერთად იმერეთიც, გურიაც, რაჭაც და სამეგრელოც, თანახმად მაშინდელი დაწინაურებული ქართველების წადილისა.”

მაგრამ ბედმა ჩვენს მრავალტანჯულს ქვეყანას აღარ აცალა და არსებობის ჩარხი სხვა ნაირად დაუტრიალდა. მოხუცებულმა ერეკლემ, დაუძლურებულმა გიორგიმ, უხასიათო და ხელზედ დახვეულმა დავით მემკვიდრემ დასუსტებულის მარჯვენიდგან სრულიად გააგდეს სკიპტრა საქართველოსი და რუსეთმა შეაერთა საქართველოს ნაწილები ერთის ვალდებულობის ქვეშ, დაამყარა მის შორის სრული სიჩუმე, მყუდროება და მტკიცე კავშირით შეაერთა საქართველოს ბედი და უბედობა თავისთან.

 

X

 

 ეს პოლიტიკური ერთობა, შეურყეველი კავშირი რუსეთთან ჩვენთვის იყო და იქნება ძვირფასი საუნჯე, მაგრამ კეთილად მოვიხმარედ ეს საუნჯე?...

კარგად გამოვიყენეთ ეს მშვიდობიანობა, რომელიც ძლევამოსილმა რუსეთმა დაამყარა საქართველოში?...

გამოვიჩინეთ ისეთივე შეუპოვარი მხნეობა საარსო ბრძოლაში, როგორსაც იჩენდნენ ჩვენნი წინაპარნი დამოუკიდებლიბისათვის, თუ დავტოვეთ თვითმოქმედება, მივეჩვიეთ სხვის იმედსა და მივეცენით თვლემასა და ძილსა?... განვძლიერდით, ავყვავდით და შევიმოსეთ ახალის მაღალ თვისებებითა, თუ დავუძლურდით, მივსუსტდით და უწინდელი ვაჟკაცური თვისებანიც თითქოს დაგვიჭკნა და მათ მაგიერ ჩვენში ჭაობის ბალახივით ამოხეთქეს დაბალთა, წვრილმანთა თვისებათა და დაამცირეს ჩვენი არსებობა?.. ავივსენით დოვლათით და მოვიპოვეთ კეთილ-დღეობა, თუ დავღარიბდით, ვალში და ვახჩში ჩავცვივდით, დავკარგეთ დიდძალი მამულ-დედული?..

ავავსეთ ჩვენივე ფულებით დაარსებულნი და გამშვენიერებულნი სასწავლებელნი და ავმაღლდით განათლებითა, თუ ისე ჩამოვრჩით სწავლას უკან, რომ ასს კურს შესრულებულს მოწაფეში ჩვენგანი მარტო ერთი-ორი ურევია და ჩვენის სასწავლებლებით სხვანი ნათლდებიან და მაღლდებიან?..

ბრწყინავს ჩვენი ეკლესია თვით-მმართველობითა, თვით-მოქმედებითა, მადლიანის მწყემსებითა, სახელოვან მქადაგებლებითა, შესანიშნავ მსწავლულებითა, თუ, მოკლებულნი აქაც საკუთარს სათავეს მოქმედებისას, ძირს დაივწიეთ მეტად, დავრჩით ერთის უბედურ რუსულ-ბერძნულ-ლათინურ სემინარიის ამარა, სადაც ქართულს ენას და ქართველობას ჩამორთმეული აქვს თითქმის ყველაფერი;

ჩვენის ერის მწყემსებად და მოადგილედ ანტონისა, დოსითეოსისა, გაიოზისა, ვარლამისა ვხედავთ ღირსეულთა პირთა, თუ იმისთანებს, რომელთაც დაიმსახურეს იმ გვარი სიძულვილი ხალხისა, რომ ყასბურ ტაქციის გამწესებამდის მიაღწია საქმემ; რომელნიც მოკლებულნი არიან გონებითს სიცოცხლეს, რომელთა შორის სწავლა დამშრალია, რომელთაც თითქმის სრულიად შესწყვიტეს სახარების მაღალ სწავლის ქადაგება ხალხში, რომელთათვისაც სასულიერო ლიტერატურა სრულიად არ არსებობს, - მაშინ როდესაც, სომეხთ სამღვდელოება, აღზრდილი ნაციონალურ სემინარიაში და ნაციონალურს აკადემიაში, წაქეზებული და გამხნევებული ნაციონალურივე მთავრობით - პატრიარქ-კათალიკოსით - იჩენს დიდს სიცოცხლეს გონებისას, ბეჭდავს ყოველ წლივ ათობით და ოცობით სასულიერო და საერო თხზულებებს, რამდენსამე სასულიერო ჟურნალსა და აქვს გამართული ოთხი ათასი სახალხო ნაციონალური სკოლა?..

ავაყვავეთ ჩვენი ლიტერატურა და გავამდიდრეთ ყოველგვარი მეცნიერულ თხზულებებით, თუ ჩვენმა ცხოვრებამ, ნაციონალურ ნიადაგს სრულიად მოკლებულმა, იგი ჩააგდო იმ გვარ მდგომარეობაში, რომ წარმოადგენს სწორედ სიზიფის ქვას, რომელსაც რამდენიმე თავგამოდებული ყმაწვილი-კაცი ეწევა მაღლა, მაგრამ ვერას გზით ვერ აუცილებია ერთს დაბალ წერტილს ზევით?..

მტკიცედ დაგითმოთ ჩვენის ღვაწლიანის ენის უფლებანი და მივეცით მას ჯეროვანი ადგილი ყოველ სფერში, თუ ბრიყულად ზურგი შევაქციეთ მას, უგუნურად ავიძულეთ, ცალიერზედ დავსვით ყველა უფლებათაგან, გამოვდევნეთ ყველა ადგილებიდამ და მაღალი პატივი ამ ძვირფას საუნჯის დაცვისა დავუტოვეთ მხოლოდ გლეხის ქოხს?

ავაღორძინეთ ჩვენი ეროვნული ღონენი და საუნჯენი, თუ ვუღალატეთ მათ და დავადექით გადაბირების და გაფუქსავატების გზასა?

ჩვენის ქვეყნის მართვაში გვიჭირავს ღირსეული ადგილი, ვუწევთ მას მოსიყვარულე დედის სამსახურს და ვართ ერთგულნი მცველნი მისის კეთილ-დღეობისა, თუ პირველი ადგილიდგან მესამე ადგილზედ ჩამოვხტით, სამხედრო სამსახურშიაც კი თავს წამოვისვით გუშინდელი ჩვენი უმცროსი ძმები, ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზედ სხვის ხელში ჩავაგდეთ?

გაძლიერდა, დამტკიცდა კავშირი და ურთი-ერთი ზედ-გავლენა განათლებულის წოდებისა და ხალხისა, თუ სხვა ენაზედ სწავლა-განათლებამ სხვა ენის ფარფაშობამ ყოველ სფერაში ამართა გაუვალი კედელი ხალხისა და ინტელიგენციის შორის, მოსპო მათ შუა ორივე მხრისათვის გამაცხოველებელი ზედგავლენა და დააყენა ხალხი გაველურებისა და ინტელიგენცია გაქუფსავატების გზაზედა?

გავიხადეთ წინამძღომელად ის ცხადი ჭეშმარიტება მეცნიერებისა, რომ ყოველს ერს, მეტადრე ისტორიულს, რომელმაც თავისი ენა ლიტერატურულ სიმაღლეზედ დააყენა, გადაბირება, უცხო ტომის გზაზედ დადგომა არამც თუ გადაასხვაფერებს, არამედ შინაარსს დაუჭიანებს, ორ წყალ შუა გააჩერებს, თავისას ყველაფერს მოაკლებს, სხვისას ხეირიანად ვერასფერს ვერ შეათვისებინებს, გონებით დაამდაბლებს, ზნეობით დასცემს, ენას გაუღატაკებს, ლიტერატურას გაუფუჭებს, დოვლათს და დედულ-მამულს დააკარგვინებს, ბოგანოდ გადააქცევს და ბოლოს სრულიად აღგვის მას დედა-მიწის ზურგიდგან?

შეუპოვრად, გულადად ვაჟკაცურად ვებრძვით ჩვენს ბედსა და გულში გვიღვივის იმედი ბრწყინვალე მომავალისა, თუ წარმოვადგენთ დაჩაგრულთ, თავ-მოხრილ არსებათა გროვას, რომელიც თითქმის სრულიად მოკლებულია მომავალის გამაცხოველებელ იმედსა?

დიდებით ისმის ეხლა ჩვენი სახელი ევროპაში, თუ სახსენებელი ჩვენი თითქმის სრულიად განქრა, და თუ იშვიათად ისხენება, ისიც მხოლოდ მტვრიან კაბინეტში რომელიმე ჭირვეულის ფოლოლოგისა?..

ვისი აზრი გამართლდა: კურთხეულის ალექსანდრე პირველისა, რომელიც საქართველოს ბედნიერებისათვის შინაურს თვით მმართველობას რაცხდა საჭიროდ, თუ კნორინგისა, ციციანოვისა და სხვა სამხედრო გენერლებისა, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ყველას ის სჯობს, საქართველო უბრალო გუბერნიად გადავაქციოთო?

ჩვენის ოპტიმისტების მოლოდინი ასრულდა, თუ გამართლდა მამულიშვილების პატრიოტული შიში, რომელიც ისე მშვენივრად გამოხატა ბარათაშვილმა თავის უკვდავს პოემაში სოლომონ მსაჯულის და მის სოფიოს პირით? ერთის სიტყვით, მოკლე მოჭრით:

რანი ვართ დღეს?

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ