მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12947 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;

თვით ის, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც შავად იყო ალანძული - მისი სქელი, გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე;

კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში.

მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც, დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.

- ვის ელი, შე საბრალოვ? - შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, - ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ, საცა მოგეწონოს, იქ დარჩი.

მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.

ამოვიდოდა ყოველდილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზიღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:

- ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!

მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იჩენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.

მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს, რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და ოდნავშესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.

ერთ დღესაც ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელი დღე იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმმა შეცვალა.

როცა გათენდა, ტყე თითქოს ნისლიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმით გაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.

- ჩამოდი, შე საცოდავო! - დაუძახა ქვემოდან წყალმა, - ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.

მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.

ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.

შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა.. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშვავებული ლეშხისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა.

მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა. იგი ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც, ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ.

და, აი, ამ დროს მინასავით უზრავ ლურჯ ჰაერში, ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი... ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შედგნენ ერთმანეთის უკან.

ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ-ნელა მოდიოდა... ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, - თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები.

ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა. ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა.

ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე - წითელი, უსასოო.

ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე - სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში, - ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა, რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.

ზამთრისპირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.

ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა. აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი.

იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა; დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგნოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს.

ეს არ შეეძლო და იდგა ჩუმად, კვირტების უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით.

ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ