მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2180 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აკაკი წერეთელი სხვიტორში იყო, თავის სამშობლო სოფელში. ოქტომბერი იწურებოდა, წვრილი წვიმების, მსუბუქი ნისლებისა და წითელ-ყვითელი ფერების თვე. ხანდახან ნოტიო ნიავიც წამოუბერავდა, ხილნარის ფოთლებს დაბლა ჰყრიდა და მერე ცდილობდა, მიწა-მიწა წაეღო.

აკაკი უთენია დგებოდა. ბებრული ფათურით აანთებდა ლამპას, მიუჯდებოდა სამუშაო მაგიდას და ხან შუბლზე ხელმიბჯენილი კითხულობდა, ხანაც ოდნავ გვერდზე გადახრილი წერდა.

მაგიდა ფანჯარასთან ედგა. ზედ წიგნები, ქაღალდები, საწერ-კალამი, გახსნილი კონვერტები, პატარა დანა და ქინძისთავები ეწყო. ფანჯრიდან მთის ფერდობი მოჩანდა. მთას მაღლა მუხნარი გადავლებოდა, ქვემოთ და ქვემოთ კი რცხილის ბუჩქები იყო გაფანტული.

იმ ბუჩქებში, ჯერ ისევ გათენების ბინდში, ანდა ზემოდან საცეცებჩამოწვდილ ნისლში, თხები გამოჩნდებოდნენ, დაქივქივებდნენ, უკანა ფეხებზე შემდგარნი ეწვდებოდნენ რცხილის ნორჩ ყლორტებს... გაივლიდნენ გამხდარი, დაფიქრებული ბოჩოლები.

აირბენდა შოლტიანი ბიჭიც. აჰყვებოდნენ აღმა ამავალ ბილიკს წელში წალდგარჭობილი სხვა ბიჭებიც, კაცებიც, ზოგჯერ თავსაფრით პირახვეული ქალებიც. ცოტა ხანში, ოთხად მოღუნულები, ფერდობზე ჩამოატარებდნენ შეშის გუდურებს, ჩამოათრევდნენ ფიჩხს ანდა ტოტებშესხეპილ მოზრდილ ხეებს.

ზემოდან მომავლები ყველანი მორბოდნენ, აქეთ-იქით არ იხედებოდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება ჩქარა ჩაჰფარებოდნენ ბუჩქებს და ბექობებს.

ბიჭების უმეტესობა ფეხშიშველი იყო, შარვლის ტოტები აეკარწახებინათ და დაურიდებლად „მოსუსხურებდნენ“ ხმელ, ეკლიან ბალახებში.

უყურებდა მოხუცებული, მოტეხილი პოეტი, თითქოს მას ჩხვლეტდნენ ეკლები, თანაც ფეხებში კი არა, გულში, და გული ეკუმშებოდა, ეწურებოდა, უთავდებოდა ტკივილით.

შემოვიდოდა მოურავი კოწია, სალამს იტყოდა, იდგა, ჩოხის ქილებზე ისვამდა ხელს, მერე ისიც გაიხედავდა ფანჯარაში და მოჰყვებოდა წუწუნს. 

- გაკაფეს, ბატონო, ყველაფერი. ათი-თხუთმეტი წელიწადი და ხე აღარ დარჩება, სიცხეში რომ თავი შეაფაროს შეწუხებულმა კაცმა. სულ დაიხრამება ეს ფერდობები, ნიაღვრები წაიღებს ყანებს, უტყეოდ რაღა ქართული სოფელი იქნება ჩვენი სოფელი...

აკაკი მორჩილად მიაპყრობდა დაღლილ, დასუსტებულ თვალებს.

- უნდა ავუხსნათ, კოწია, თვითონ გლეხობას უნდა შევაგნებინოთ ეს გარემოება.

- ვუხსნი, ბატონო, სულ მაგას ვუჩიჩინებ ყოველდღე, მაგრამ ვინღაა ახლა ჩვენი დამჯერი! რიდი აღარა აქვთ და შიში: გლეხს კიდევ, ბატონო, თუ შიში არა აქვს რამის, რა დააკავებს სხვა! ერთი რომ ერთ ხეს მოჭრის, მეორე სამის მოჭრას ცდილობს, არ უნდა, სულ მცირეზე ჩამორჩეს მეზობელს.

აკაკი ადგებოდა, ხელჯოხს აიღებდა და ბოლთის ცემას იწყებდა დიდ, სევდიან ოთახში.

- ძნელია, კოწია, ძალიან ძნელი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი უნდა შევეცადოთ, ჩვენცა და გლეხებიც...

კოწია დასტურს აძლევდა, - კი, ბატონოო, რა თქმა უნდა ბატონოო, - მერე ისევ თავის სამიზნეს უმიზნებდა.

- წყალში ქვას არ დატოვებენ ხელშეუვლებელს. თუ რამე დაძრეს, შინ მიაქვთ ყველაფერი. ამას წინათ თითისოდენა ბავშვი რეზინს აჭრიდა ეტლის ბორბალს, ბებიას სჭირდება, ბღერის წამალი უნდა გააკეთოსო. ერთი  სარეკელი  გლეხი ღამით ხიდის ყურის ქვებს გლეჯდა...

აკაკი გაჩერდებოდა, ჯოხს ორივე ხელით დაებჯინებოდა და დაინტერესებული შეჰყურებდა კოწიას. სულ მალე ისეთი სახე უხდებოდა, აშკარა ჩანდა, ფიქრით უკვე სადღაც იყო გადასახლებული. მაშინ კოწიაც ჩუმდებოდა და ფეხაკრეფით გადიოდა გარეთ.

შეკრიბეს სოფლის თავკაცები, გაუშალეს სუფრა, დასხდნენ, ისაუბრეს - შინაურულად, ნათესავურად, მამაშვილურად. ყველა შეწუხებული იყო. უტყეოდ რაღა სოფელი იქნება ჩვენი სოფელიო. პირობა დადეს, ახლომახლო არც ერთ ჯანსაღ ხეს აღარ მოჭრიდნენ, მაგრამ სამი დღეც არ გასულა, ისევ ჩამოატარეს ბიჭებმა და ქალებმა ნედლი გუდურები. ერთმა ქვრივმა ქალმა კინაღამ ფრჩხილებით ამოკორტნა თვალები კოწიას. შემოვიდა კოწია, გული ყელში ჰქონდა მობჯენილი:

- არაო მათრახი და, ა! შეხედეთ, ბატონო, შეხედეთ!

ჩამოდიოდა ფერდობზე ორი პატარა, საცოდავი ბიჭი, ხელუღელისთვის გამოებათ ახალმოჭრილი, გრძელი, სუფთა ლატანი და მოათრევდნენ, მოარბენინებდნენ.

აკაკი გამტკნარებული იდგა. მერე თქვა:

- ცხენი შემიკაზმეთ!

შეუკაზმეს დის, ანას, წყნარი, ღონიერი ცხენი. შეჯდა, ნელა გავიდა ჭიშკარში, ნელა აუყვა მთის ფერდობს. წამოეწია კოწიაც, ხან მარჯვნიდან, ამოუდგებოდა, ხან - მარცხნიდან, ხშირად ახსენებდა მათრახს.

მიუბრუნდა აკაკი: ნუ მომდევ, მარტო მინდა ვიყოო. კოწია შეჩერდა. აკაკიმ მარტო განაგრძო გზა, მარტო გავიდა მთის იქით.

ნაშუადღევს დაბრუნებული კიდევ უფრო დაბერებული და მოტეხილი ჩანდა. განაწყენებული კოწია რაღაცებს ეკითხებოდა. აკაკი არ პასუხობდა. ავიდა მაღლა, საჭმელზე უარი თქვა, დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა.

მეორე დღეს კი ფანჯარა ნახევრად ამოაშენებინა გარედან. ახლა მაგიდასთან მჯდარი მოხუცი პოეტი შეულესავ კედელს, მთის თავზე გავლებულ ჩამუქებულ მუხნარს და მოწყენილ ცასღა ხედავდა.

თუ სიმშრალე იყო, ჩადიოდა ბაღში. დადიოდა ლანდივით ჩუმად. გაჩერდებოდა, იყურებოდა მაღლა, დასცქეროდა მიწას. მიწაზე ნიავი აწვალებდა უკვე გამხმარ, დამსუბუქებულ ფოთლებს, - ცდილობდა დაეძრა, ვერ ძრავდა. პოეტი ნიავს ხელჯოხით ეხმარებოდა. ფოთლებს ჯოხის წვერს აჰკრავდა, ნიავი გაიხარებდა, ფოთლებს რამდენიმე ნაბიჯზე წააფრიალებდა.

პოეტს დამცინავად ეღიმებოდა. მერე ისევ დაფიქრებული იდგა.

შეხედავდა ნახევრად ამოშენებულ ფანჯარას კოწია და გაუგებრობის ნიშნად გაშლიდა ხელებს. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ