მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2257 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

− I −


მეკურტნე იოსებმა საოცარი რამ ნახა თავისუფლების მოედანზე 24 თებერვლის ღამეს.  

თვალები ქალაქის საათის ციფერბლატს მისჩერებოდნენ. ელოდნენ ათასების თვალები: როდის დაჰკრავდა თორმეტჯერ.

მოედანზე იდგა იოსებიც. შეინძრა უშველებელი საათის ისარი, თითქოს სული ჩაიდგაო, მარჯვნით გადაჩოჩდა, თორმეტჯერ დარეკა.

დამფრთხალი მოქალაქენი საშინელი ამბების მოლოდინში იყვნენ.

ძლივს იდგა ფეხზე მეკურტნე იოსები, მაგრამ შინ წასვლაზე არ ფიქრობდა. ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს, ხურჯინებს, ჩემოდნებს, ხან სადგურზე, ხანაც ქუჩიდან ქუჩაზე, რადგანაც ქალაქში გაუგონარი ამბავი ხდებოდა. აიყარნენ მცხოვრებნი, ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდნენ, აბორგდნენ, აზვავდნენ. ერთი ნაწილი ქალაქიდან გაიხიზნა თავისი ბარგით, ნაწილიც მოუსვენრად ქუჩებში დაწრიალებდა.

აღარ იცოდნენ, სად შეენახათ პატიოსანი თვლები, ნოხები, ფაიფურის ჭურჭლები და საგანძური.

ვისაც გული საგულეს ჰქონდა, ვისაც დასაკარგავი არაფერი გააჩნდა, მოედანზე იდგა რაღაც საოცარისა და არნახულის მოლოდინში.

ღიმღამებდა ზანტი ფიქრი დიდი იოსების დაქანცულ თავში: ავლაბარში წასულიყო, „მოდი ნახეში“ ერთი თხლაშო არაყი გადაეკრა? მაგრამ მოედნამდის მოსულს ყოველი დუქანი მძიმე ურდულებით დაგმანული დახვდა და ეს ანელებდა სურვილს.

ქუჩაში სინათლემ იკლო. საბუღრაოდ გამოსულ მოზვერებივით ღმუოდნენ მაფრაშებით, სკივრებით დატვირთული ავტომობილები. ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდნენ ერთიმეორეს, ჩაბღაოდნენ ყურში ბნელ ღამეს და გარბოდნენ.

გარბოდნენ ბარგით დატვირთული ჟოკეიანი, ბლუზიანი მოქალაქეები, მიჰქროდნენ ეტლები, ზუზუნებდა მოედანზე მდგარი ბრბო, გასცქეროდა ქალაქის გამგეობის აივნებს, ყაყანებდა როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს.

ფუნიკულიორის სადგურის ლიფლიფებიც ჩაჰქრა. მამადავითი გაშავდა, გაიზარდა, ჰარპუნნაკრავი გველეშაპივით გაიბერა და გვერდით მოუწვა დაბნელებულ ქალაქს.

ლანდები დალასლასებდნენ მოედანზე. ჩოჩქოლი იზრდებოდა. კამათი ყვირილით თავდებოდა.

იოსებმა მოედნის კიდეზე მოგროვილ მოზრდილ ჯგუფს მიაყურა:

„...გაიქცა და მერმე როგორ? აბა რა ეგონა მაგ ნაცარქექიას, ბაგრატიონების გვირგვინი არც ისე იოლი სატარებელია!“ - მოშაინესავით ეუბნებოდა შავფაფახიანი კაცი შავბლუზიანს, რომელსაც ჟოკეის ქუდი ყურებამდის ჩამოფხატოდა.

ტყვიამფრქვევის სისწრაფით აჭარტალებდა ეს პატარა ტანმორჩილი კაცუნა ენას, უამრავ უცხო სიტყვებს პირიდან ისროდა.

მობეზრდა იოსებს ეს უნიათო ლაქლაქი, გაერიდა მოყაყანეთ, ტრამვაის კიოსკისკენ გაემართა, მუხლები დაესვენებინა სადმე.

გადაეღობა წინ მაღალი, ქურქიანი კაცი. დაადო მხარზე ხელი მეკურტნეს უცნობმა და ასე უთხრა ათრთოლებულმა: „წამოდი ერთ წუთში, გეთაყვა“.

მეკურტნემ პასუხიც ვერ მოასწრო, თეთრი, ბანჯგვლიანი ლავერაკის სეტერი მივარდა იოსებს.

დიდი იოსები დაფრთხა, განზე გადაუხტა ძაღლს.

„ნუ გეშინია, არ გიკბენს“, - აშოშმინებდა ძაღლის პატრონი.

„არ შემიძლია, შენი ჭირიმე, ღამე ცოფიანი ძაღლივით დავრბივარ, პური არ მიჭამია ჯერაც“.

უცნობი არ მოეშვა:

„მთელი სოლოლაკი შემოვიარე, მუშა ვერსად ვიშოვნე, როგორმე წამომყევი, მე თავათ გიშველი“...

მდუმარედ მიჰყვნენ სოლოლაკის ქუჩას უცნობი და დიდი იოსები.

მგზავრები იძულებული გახდნენ ფილაქანზე გადასულიყვნენ. რადგანაც კოჯრიდან მომავალი მძიმე არტილერია შემოეჩეხათ.

ლაფში ამოსვრილი, დაგლეჯილ ფარაჯებში გამოფუთნული ჯარისკაცები უწესრიგოდ მისდევდნენ ზარბაზნებს.

უცნობმა სთხოვა იოსებს ცოტა მოეცადა, ხელმეორედ გადავიდა ქვაფენილზე, არტილერისტების ერთ ჯგუფს გზა გადაუღობა.

„საიდან, ძმებო?“

„სოღანლუღიდან“.

„გენერალი მ... მოიხსნა?“

„მოიხსნა, იმ მხარეზე გვარდიელებმა მთლად გააშიშვლეს ფრონოტი“.

„სროლა რომ ისმოდა შეგვიანებით?“

„ეს ჩვენ ვიყავით, იუნკრები, სროლით ვიხევდით უკან“.

„წითლები?“

„ალბათ ლილოს გზით შემოვლენ ქალაქში“.

უცნობი დადუმდა, მუნჯური სალამი გააყოლა მიმავალთ.

მისწყდა ზარბაზნების ბორბლების რახრახი.

სადღაც კარი მიარახუნეს, კუთხეში ბავშვი სტიროდა, შორიდან მილიციელის

სტვენა ისმოდა.

ისევ დაყრუვდა ქუჩა.

ორი მგზავრის ფეხის ხმაღა ისმოდა დაცარიელებულ ფილაქანზე.

 

* * * * * * * * *

 

მაჩაბლისა და ენგელსის ქუჩის კუთხეში ავტომობილი იდგა. მოტორი დამდუღრულივით თუხთუხებდა: მანქანა ცახცახებდა, გასაქცევად გამზადებულ ყაჩაღსავით აბრიალებდა ღველფიან თვალებს.

უცნობმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო.

ელექტროთი გაჩაღებულ კიბეებზე, ბატონურ ბინაში შეიყვანა დიდი იოსები. შუა დარბაზში უწესრიგოდ ეყარნენ გახსნილი ზანდუკები, მაფრაშები, ხელჩემოდნები.  

ლიცლიცით ბანაობდა რძისფერი ელექტროს შუქი განიერ კედლის სარკეებში. თმაგაწეწილი ნამტირალევი ქალები ფეხმორთხმული უსხდნენ ვაშკარანებს.

ფერწასული, სქელთეძოიანი დიასახლისი ფერადი თუნუქით მოჭედილ უშველებელ ზანდუკში ალაგებდა საოჯახო ნივთებს, ალაგებდა, სტენიდა, ზოგს ისევ იღებდა, განზე აწყობდა, ზოგსაც გაშტერებულ თვალებს მიაქცევდა.

ტანისამოსებით, საცვლებით დატვირთული მსახური ქალი ვერ ასდიოდა დობარი ნივთების გამოტანას ოთახებიდან, ხელში აჩეჩებდა პატრონს, იგიც ალაგებდა, ფიქრობდა, სწუხდა და ნერვიულობდა.

უფრო მეტად შფოთავდა ქურქიანი კაცი, ჯიბეებში ხელი ჩაეყო. აჩქარებდა ჩამლაგებლებს და სარგადაყლაპულსავით დაწრიალებდა განიერ დარბაზში.

„იჩქარეთ, იჩქარეთ, ლილოზე გადმოსულან და ყველაფერი აქ დაგრჩებათ“.

„დედა, სერვიზი რომ დაგვავიწყდა!“ - დაიძახა ფერწასულმა, მოკლეკაბიანმა გოგონამ.

„ჩემი ცხენი?“ - ჭირვეულობდა შავგვრემანი ბიჭუნა, ცრემლები ნიკაპთან ესკვნებოდა.

„ნუ სტირი, ჩიტუნა, გენაცვალოს დედიკო, და ბათომში გიყიდი აჩუ-აჩუს. სამაგიეროდ შენს მტრედს წამოიყვანს მათიკო“.

მუშა იოსები ამ ბუდეაფორიაქებული ხალხის სიბრალულმა აიტანა.

მაჩვივით დაჩოჩავდა გაშლილ ზანდუკებს შორის, აუჩქარებლად გულმოდგინედ შველოდა ჩალაგებაში.

მის გარდა ყველა შფოთავდა, ყველას ხელი უთრთოდა, მუხლი ეკვეთებოდა.

დამსწრენი ხედავდნენ, რომ მეკურნტე იოსები, რომელიც არა ერთხელ ენახათ დღე და ღამ ქუჩის კუთხეში ატუზული, მეტად კეთილი და დარბაისელი ვინმე უნდა ყოფილიყო.  

და რაღაც უხილავი ფლუიდების სახით ვრცელდებოდა მათზედაც ის სულიერი სიმშვიდე, ამ ლომივით მსხვილთავიანი, პანტასავით სახემჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა.

მონუსხულივით შესცქეროდა აფორიაქებული ოჯახის მამა დიდი იოსების დინჯი დუმილით მეტყველ სახეს, გაურანდავ გრანიტსავით ცივსა და მოუხეშავს. გრანიტი - მაგარი კრისტალური ქანი. იყენებენ საშენ მასალად.

ეხარბებოდა გულის სიღრმეში ამ საცოდავი მეკურტნის უებარი სიდარბაისლე. არზმანებული სიმდიდრე გადადიოდა ამ წუთში იოსების ხელში.

და სახლის პატრონს ერთხელაც არ შეუნიშნავს, რომ მეკურტნეს რომელიმე ნივთისათვის თვალი გაეყოლებინა, შურისგან არეული, სჩანდა უცნობი იყო და მისთვის ყოველივე თვალბოროტება.

ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე, თითქოს ბერი ყოფილიყო დაყენებული ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი.

იღებდა ხელში იოსები და მახლობელ ყუთებში, სკივრებსა და ზანდუკებში ალაგებდა:

შინდისფერ არშიებით შემკულ, მოოქრულ ფაიფურის ჭურჭლებს.

წერწეტ ვერცხლის შანდლებს, ვერცხლისავე ბადიებს, პატიოსანი თვლებით შემკულ ხატებს, ირანული მინანქარით მოჩითულ ლარნაკებს, ოქროს ზარნიშით მოოჭვილ ქამარ-ხანჯლებს, პაწია ყუთებს, მომსხო ბრილიანტების ბეჭდებით, მანიაკებით და ოქროს სამაჯურებით სავსეს.

ძვირფას ბეწვეულს, ტანისამოსს, ბუხარის და ირანის კრაველებს, ქართულ თასებს, ვერცხლის თუნგებსა და აზარფეშებს..

ოჯახის მამა ლენცოფანაჭამსავით დარბოდა ოთახში, აღებდა კარადებს, მაგიდების უჯრებს, როცა გასაღებს ვერ პოულობდა, ჩაქუჩით ამტვრევდა მათ. გლეჯდა კედლებიდან უშველებელ თექის ნოხებს და ფარდაგებს.

მსახურებს გამოჰქონდათ ოთახებიდან ქვესაგებელი, ჭურჭელი, ხელთუნგები, სპილენძის ტაშტები, ვერცხლის რახტიანი უნაგირები, გოლიათური, ვერცხლით შეზიკული ჯიხვის ყანწები, ვერცხლით მოჭედილი ლეკურები, სატევრები, ხავერდგადაკრული მუთაქები და ურთხმელის ჩარჩოებში ჩასმული სურათები.

დიდი დარბაზის კედლები ისე გააშიშვლეს, თითქოს მდიდრულად მორთულ ბინაში მტერს უნავარდნიაო.

მხოლოდ ერთ კუთხეში ყოველივე უცვლელად დარჩენილიყო.

მეკურტნე გაოცებული შესცქეროდა კაცის სიმაღლე ფოლადის რაინდის მანეკენს.  

შორიდან მთლად ცოცხალ კაცსა ჰგავდა იგი. თავზე უშველებელი ჯაჭვის ჩაბალახი ეხურა. ტანზე ფოლადის კინენი, პოლოტიკნი, საბეჭურნი, სამხრენი, სამაჯურნი, ხელებზე ფოლადის თათმანები, ფეხზე ფოლადისავე საბარკლენი, ფოლადისავე ფეხსამოსელი. ორივე ხელით დაბჯენოდა უშველებელ ხმალს.

შორიდან ვერ ჰხედავდა, იოსები, სახე თუ ჰქონდა ამ ფოლადის კაცს, თვალები თუ გააჩნდა, ან სული თუ ედგა.

ამის მსგავსი არაფერი ენახა. ხანდახან იჭვიც ებადებოდა: ვინ იცის, ეგებ შიგ ცოცხალი კაცია! მაგრამ, თუ ცოცხალია, რატომ არ იძვრის, რატომ არას ამბობს და ასეთ წუთში, როცა ყველა აფორიაქებულია, იგი არც ხმას იღებს და არც თუ სადმე წასვლად ემზადება.

შავგვრემანმა ბიჭუნამ, კახამ, შენიშნა, რომ იოსები ვერ გამორკვეულიყო, ცოცხალი იყო ეს კუთხეში მდგარი რაინდი, თუ აქ რაიმე ჯადოქრობა უნდა ყოფილიყო. მეკურნტემ დაიჭირა კახას ოდნავ დამცინავი ღიმილი, თვალი აარიდა ფოლადის რაინდს. შეეშინდა, დამცინებენო და მის გასწვრივ კედლებზე გადაიტანა მზერა.

კედელზე ფარი ეკიდა უშველებელი, მის გარშემო ძველებური გაზნექილი ხმლები, დაჟანგული დამბაჩები, წათი, შუბი, წერაქული, საპირეები, საფალიები და ისეთივე ჩაბალახი რკინისა, როგორიც თავზე ეხურა ფოლადის რაინდს.

ორი ავტომობილი, ერთიც საბარგო, კიდემდის დატვირთა იოსებმა. მაფრაშებისა და ზანდუკების ყორედან მხოლოდ თავები და მხრები უჩანდათ მგზავრებს.

როცა ავტომობილები შუილით დაიძრნენ, იოსებმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ ფარფატებდა პატარა კახას ხელში თეთრი მტრედის ხუნდი.

და დიდხანს უწიოდა ყურში ბავშვის ნაღვლიანი ძახილი: ბერბერა, მშვიდობით ბერბერა...  

   

− II −


ბერბერას ღვედი დიდ იოსებს შეაჩეჩა ხელში სახლის პატრონმა.

სოლოლაკის ქუჩამდის მისულმა ახლა შეამჩნია, ზრდილი ცხოველი დაღონებული მიჰყვებოდა უკან თავის ახალ პატრონს.

მეკურტნე ყოყმანებდა: სად წაეყვანა ეს ბატონკაცური ძაღლი ამ უპურობის დროს?

ავტომობილები ცოფიანი მგლებივით დაჰქროდნენ ქალაქში. ფილაქნებზე ხალხი ირეოდა. სასახლის ქუჩაზე მომავალ ქალსა და კაცს წამოცდათ სიტყვები მთრთოლვარე და უეცარი: „მოდიან, წითლები ლილოზე გადმოსულან. მენშევიკების მთავრობა დაუჭერიათ, მოდიან“.  

ავტომობილები ცოფიანი მგლებივით დაჰქროდნენ ქალაქში. ფილაქნებზე ხალხი ირეოდა. სასახლის ქუჩაზე მომავალ ქალსა და კაცს წამოცდათ სიტყვები მთრთოლვარე და უეცარი: „მოდიან, წითლები ლილოზე გადმოსულან. მენშევიკების მთავრობა დაუჭერიათ, მოდიან“.

ამ სიტყვებმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინეს იოსებზე.

მის გვერდით ავტომ დაიღმუილა, ფარაჯას ტალახი შეაშხეფა. სადღაც ვიტრინა ჩალეწეს, უეცარი ყვირილი გაისმა დაბნელებულ ქუჩაზე, ისევ ინათა, დაიბღავლა ავტომ, დაიზუზუნა და ისევ გაჰქრა.

ვიღაცეები გარბოდნენ, სხვები კი უკან მისდევდნენ.

ქართული კლუბის შესავალთან პირისპირ შეეხეჩა იოსები ორს, თოფებზე დაყრდნობილ ლანდს.

ერთს ცალი მკლავი თეთრი ბინტით ჩამოეკიდა.

დაკოდილი სტიროდა. რაღაცას უთხრობდა ამხანაგს.

ათოვდა სახეში იოსებს. სისველე ფეხებში ჩადგომოდა. უსაზმნო ფიქრებს გადაყოლილი გამოერკვა, ავლაბრისკენ წასვლა განიზრახა.

აკანკალებული ბერბერა შეებრალა.

ფილაქანზე დაწინაურებული ძაღლი სოლოლაკისკენ მიიწევდა.

მიუშვა საბელი ბერბერას და მიჰყვა კვალდაკვალ უპატრონო ცხოველს.

ძაღლი ნაჩვევ კიბეზე აუძღვა თავის ახალ პატრონს. თათით შეაღო კარი და დიდ დარბაზში შეიყვანა მეკურტნე იოსები, იატაკზე დაგლეჯილი კარტონები, ქაღალდის ნაგლეჯები და უწესრიგო მიყრილ-მოყრილი ავეჯი დაუხვდა იოსებს.

მათ შორის ბრძოლის ველზე მიტოვებული მერანივით იდგა პატარა კახას სადავემიშვებული ხის ცხენი.

იოსებმა ცალი ხელი თვალზე მიიჩრდილა, დარბაზის კუთხისაკენ გაიხედა.

იდგა მდუმარედ ფოლადის რაინდი და ნაღვლიანად გასცქეროდა გაპარტახებულ, მიტოვებულ ოჯახს.

დიდი იოსები მიუახლოვდა, სახეზე ჩამოფხატული ჯაჭვის ჩაბალახი გადაუწია. იცნო ფიტული, ხელი შეახო ფოლადის სამოსს.

მთელი საჭურველი ჯოხებზე იყო ჩამოცმული.

გაოცებული ათვალიერებდა დიდი იოსები ამ საოცარ ფიტულს, რომლისთვისაც არც ერთ ზანდუკში ადგილი არ აღმოაჩნდა მის პატრონს.

მის თვალწინ ცხენის პატრონის ცრემლიანმა სახემ იელვა და ეს ღიმილი დაუხშო საოცარმა სიბრალულმა.

საბელი მოხსნა ბერბერას იოსებმა, თავათ შუა დარბაზში იდგა და გასცქეროდა, თუ როგორ დასუნსულებდა ოთახებში, სულ წკმუტუნებდა და ეძებდა თავის პატრონებს.

მთელი ბინა შემოიარა იოსებმა. ყოველ კუთხეს ყურადღებით ათვალიერებდა. სამზარეულოში ონკანიდან წყალი მოჟონავდა, უშველებელმა კედლის საათმა სამჯერ დარეკა. ახლაც ისე გულმოდგინედ უცქეროდა დიდი იოსები ამ საათს, როგორც წეღან თავისუფლების მოედანზე დიდი ისარის გადაქანებას და ამ მყუდროებაში საოცარი მარტოობა და მოწყენა შეიცნო.

სასადილო ოთახში გაშლილი სუფრა დარჩენოდათ.

იოსებმა დაჰხედა საჭმელს, მაგრამ მოეკრძალა ნაოხარის ჭამას, ისევ სადარბაზოში გავიდა. ხავერდგადაკრულ შეზლონზე წამოწვა.

მთელ თავის სიცოცხლეში პირველად დაწვა იგი ასეთ ზამბარებიან რბილ საწოლზე, მაგრამ დაქანცულის თვალს ძილი მაინც არ ეკარებოდა.  

შესცქეროდა დიდი იოსები საოცრად მოლაპლაპე ელექტრონის ლიუსტრას. ამ მშველებული სინათლის ფლუიდებმა რაღაც უმიზეზო, გამოურკვეველი სიხარული გააღვიძა მის გულში და დიდი იოსების გონება უნებლიედ იმათ მისწვდა, ვინც ორიოდე საათის წინ ვაითა და ვიშით დასტოვეს ეს საუცხოო ბინა.

ატკინა თვალი სინათლემ მწოლარეს.

დიდმა იოსებმა თვალები დახუჭა და ხედავს იგი საოცარ, ლილისფერ რკალებს, რკალები იზრდებიან, განიერდებიან, არეში ჰქრებიან და მათ ნაცვლად ყომრალი და სინგურისფერი ბურთულები ცეკვავენ ჰაერში. სინგური - წითელი ფერის მინერალი. ძველად იყენებდნენ წითელი საღებავის დასამზადებლად.

ნელი ფეხის ხმა მოესმა, წამოიწია იოსებმა, ეს ბერბერა მისულიყო ახლოს.

„ბერბერა, მოდი ჩემთან, შე საცოდავო.“ - შეესიტყვა იოსები პირუტყვს.

ჩასცქეროდა იგი ლამაზ ბეწვიან ცხოველს ქარვისფერ თვალებში. ბერბერაც ისეთი გონივრული გამომეტყველებით შეჰყურებდა შეზლონზე მწოლარეს, თითქოს საცაა ენას აიდგამსო.

ხელს უსვამდა დიდი იოსები ბერბერას ნაპენტი მატყლივით რბილსა და კრიალა ბეწვს და მის ხსოვნაში ჩაიარა უჯიშო, ქეციან, გაბოროტებულ ძაღლების ლეგიონმა, რომელნიც ათასობით ენახა მას რაჭასა და ქალაქში.

არც ერთ მათგანს არა ჰგავდა ბერბერა.

ძაღლმა თათი მკლავზე დაადო და დიდმა იოსებმა ეს ამოიკითხა თავაზიანი პირუტყვის თაფლისფერ თვალებში:

ჩემმა პატრონებმა დაუკითხავად დამაგდეს, ამაგი არ დამიფასეს და ახლა შენა ხარ ჩემი მფარველი და მეგობარი.

ამ ღამეს, როცა ზოგიერთი გულგახეთქილი გარბოდა, რატომღაც დიდი იოსებიც განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა თავის მიუსაფრობას და მარტოობას და ასეთ მძიმე წუთებში ბერბერას მოალერსება რაღაც განუსაზღვრელი სინაზით ავსებდა მის სულს.

კიდევაც რომ გარკვეული საფრთხე მდგარიყო მის წინაშე, სად წასულიყო? ოცდაათი წელი ატარებდა თავის კურტანს ამ ქალაქში. ყოველი კუთხე მისთვის ნაცნობი იყო და სანუკველი ამ სიბერეში, სად გაქცეულიყო?

რაჭაში არაფერი დარჩენოდა. მის ძმის შვილებს არც კი ეპიტნავებოდათ მისი დანახვა, არა ერთხელ შეეცადნენ ლენჩად გამოეცხადებინათ და ფარდაგის ოდენა მიწის ნაჭერი წაეგლიჯათ მისთვის.

მეკურტნე იოსებს გულის სიღრმეში ჩაწვეთებული ჰქონდა, ბოლშევიკები მუშებს არას ერჩიან, წინააღმდეგ საუკეთესო სახლებს მათ დაურიგებენო ამ ფიქრებში გართულმა ჩასთვლიმა.

ეზმანა დიდ იოსებს:

ფოთის ბოღაზში მუშაობდა იგი. შავი ქვის გემებს ტვირთავდა.

მოადგა ნაპირს უშველებელი გემი.

გაირჭო პირში გემის უფროსმა უზარმაზარი თუნუქის საყვირი და იძახის: იოსებ ქველიძე!

წამოდგა ტფილისელი მეკურტნე მეორე იოსებ ქველიძე და მიაშურა გემის უფროსს.

ბრაზმა აიტანა დიდი იოსები, რომ მისმა სეხნიამ და თანამოგვარემ აქაც მოსდია. ტფილისში აკი დაარქვეს მას მეკურტნეებმა, ამ მეორე იოსებ ქველიძისაგან გასარჩევად, დიდი იოსები. წამოიჭრა დიდი იოსები, გაარღვია წრე, გვერდით ამოუდგა მეორე იოსებ ქველიძეს, თავისი ახმახი, ბრგე ტანით დაჩრდილა იგი და ეუბნება გემის უფროსს: ეს მე ვარ იოსებ ქველიძე, დიდ იოსებად წოდებული.

„თუ შენა ხარ დიდი იოსები, ეუბნება მას გემის უფროსი, გადააგდე შენი კურტანი და აჰა, მთელი გემი თუთუნი ჩამოგიტანე“.

სიხარულისაგან მუხლები უკანკალებს დიდ იოსებს, გემის ტრაპი ტორტმანობს მის ფეხქვეშ.

ერთბაშად რაღაც ტკრციალმა გამოაღვიძა. წამოდგა. თვალები მოიფშვნიტა, ბერბერა აღარსად იყო.

დიდი იოსები უქუდოდ გამოვიდა ქუჩაზე.

არსაიდან ისმოდა ჩქამი, ტელეგრაფის ბოძებს აზუზუნებდა ქარი.

თავისუფლების მოედანზე ორიოდე ავტომობილი ყვიროდა. რუსთაველის პროსპექტზე უკუქცეული ჯარის ნაწილები უწესრიგოდ მიღოღავდნენ.

დამარცხებულთა ეშელონები ერთიმეორეს მოსდევდნენ. თავჩაქინდრული ოფიცრები უღიმღამოდ ისხდნენ ცხენებზე, ჯარისკაცებს წინ მიუძღვოდნენ.

სთვლემდა სარკმელგამოღამებული მთავრობის სასახლე, სასახლის ნაძვნარში მოუსვენრად ბორგავდნენ, ყრანტალებდნენ ყორნები.  

მელანქოლიურად ჟღურტულებდნენ შადრევნები, უზუნდარას მოცეკვავე ქალსავით არხევდა ქარი ზეატყორცნილ შადრევანის ღეროს. ფარაჯიანი ლანდები დაღოღავდნენ მიტოვებულ ხეივნებში (იმ ღამეს დაჰკლეს ვიღაც გარეწარებმა სასახლის ბაღში უკანასკნელი რომანტიული გედი ).

პლეხანოვის ქუჩაზე გვარდიელთა ეშელონები უკვე ფილაქანებზე გადმოსულიყვნენ, ჩოჩქოლით, ლაშლაშით მოსდებოდნენ ქუჩებს.

ოქრომჭედლის მაღაზიას მოსახვევში ამტვრევდა გახულიგნებული ბრბო.

ძველი მთავრობა გაიქცა, ახალი არსად სჩანდა.

ცხადია, ამ შუამთავრობის დროს ძარცვის კვირა დაიწყება, გაიფიქრა დიდმა იოსებმა.

მთელი თავისი სიცოცხლე პატიოსანი ოფლის მონაპოვარ პურსა სჭამდა დიდი იოსები.

არასოდეს სხვის საკუთრებისაკენ ხელი არ გადასცდენია.

ამ ღამემ საოცრად ააფორიაქა მისი წარმოდგენა.

აგუნასავით დაბობღავდა მოხუცი ამბოხებულ ბრბოში.

ხან ერთ ჯგუფს აეკიდებოდა, ხან მეორეს - იოლი საშოვარის საძიებლად აღტყინებული.

ქსენიევის ქუჩის კუთხიდან შავებით მოსილი, ორ ჯოხზე დაყრდნობილი, უსინათლო დედაკაცი მოდიოდა, გულამომჯდარი სლუკუნებდა. უმწეოდ უშტერებდა ელექტროთი გაჩაღებულ ქუჩას მარღია თეთრ თვალებს. „გამქურდეს, მიშველეთ“, - ბუტბუტებდა სასოწარკვეთილი, მაგრამ ვის ეცალა გასაკითხავად. 

(იმ ღამეს მეც ტფილისის ქუჩებზე დავწრიალებდი. ის მოხუცი მეც შემხვდა. გერმანელების ეკლესიის ეზოში, ბაღის სკამზე დაესვა ვიღაცას. იჯდა და სტიროდა ჩუმად, ადგილის დედას მიაგავდა საქართველოისას, საკუთარი შვილების მიერ გაძარცულსა და ყელგამოჭრილს).

ერთი თავს ჩაბღაუჭებოდა, მეორე - ბოლოს.

გამოიარა თოფიანმა, იშიშვლა ხანჯალი, შუაში გაუჭრა.

ორივენი სიბნელეში გაჰქრნენ.

პატარა, დაბალ ფანჯრიან სახლში ვიღაცეები კარებს ამტვრევდნენ, ეზოდან ქალის კივილი ისმოდა.

სადგურის ქუჩაზე რკინიგზის სამმართველოს ფანჯრები ჩაელეწნათ. საწერი მანქანები და ტელეფონები გამოჰქონდათ.

იოსებმა თვალი მოჰკრა, ერთი ციდა ბიჭი უშველებელ თუნუქის ყუთს მოათრევდა.

ფულის სალარო თუა, გაიფიქრა იოსებმა, თავისი ყავარჯენი მოიმარჯვა და გამოუდგა.

ქურდმა ნადავლი ვერ ზიდა, ფილაქანზე გაუვარდა.

იოსები დაწვდა ნადავლს, თუნუქის ხუფი ახადა.

დანჯღრეული საწერი მანქანა შერჩა ხელში.

გულგაცრუებულმა ფეხი ჰკრა მანქანას, აჟღრიალდა თუნუქი, შეკრთა და გაეცალა.

სადგურის ქუჩაზე ბავშვების სათამაშოების მაღაზიის ვიტრინა ვიღაცას შეემტვრია, ვიტრინაში გამოფენილი ცხენები, ეტლები, დათვები, პაწია ორთქლმავლები, ფერადი ბუშტები, ნავები, ურმები, სარებუსო დაფები ყოველივე ხელუხლებლად დაეტოვებინათ, ყველაფერი რიგზე ელაგა, მხოლოდ ორი დედოფალი პირაღმა წაქცეულიყო (ასე ეცემიან ხოლმე პროვინციელი სცენისმოყვარე ქალები ტრაგიკულ როლებში თავის მოწამვლის შემდეგ).

მესამე, მოზრდილი ტიკინა ფეხზე იდგა. ცივი, უაზრო თვალი ჰკიდა რამდენიმე დაჭმუჭნულ ათას მანეთიანს, მიმოიხედა გარს და ჯიბეში ჩაიდო. ანაზდეულად ისევ სადგურს მიაშურა.  

მაფრაშებით, ტომრებით, ხელბარგით დატვირთული ადამიანების მასსა გარს შემორტყმოდა სადგურს. კარებში ჭედვა იყო. ვისაც კარებში შესვლის იმედი დაჰკარგოდა, ფანჯრებს ამტვრევდა. ტალანის შესავალთან რაღაც მოებლანდა ფეხებში იოსებს.

იცნო ბერბერა.

„მინისტრის ცოლი ვარ, ვაგონი, ახლავე ვაგონი!“ - უყვიროდა უფროსს თოჯინასავით მრგვალი, დაბალი დედაკაცი, თან ნერვიულად ფეხებს აბაკუნებდა.

გადმოდგა წითელქუდიანი კაცი: „მოქალაქენო, მცხეთასთან წითელმა ჯარმა ლიანდაგი გადაჭრა და მატარებელი არ იქნება“.

ამ ქადაგებას ქალების ისტერიული კივილი მოჰყვა.

ასე მოაწია დიდმა იოსებმა თავისუფლების მოედანს, რომ არც ეტლი და არც ადამიანი არ შეხვედრია.

აქა-იქ უპატრონო ძაღლები დაღოღავდნენ.

შიში გართხმულიყო ქალაქზე. სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს.

მიჰყვა იოსები ისევ ბერბერას.

ბინაში შესვლის უმალ გადარაზა კარები, ფანჯრების დარაბები მაგრად დაგმანა.

ამ წუთში დამყარებული მყუდროება დაარღვია ხმამაღლა ფიქრმა. დიდი იოსების თავში უეცრად გაიხსნა იდუმალი კვანძი: უპატრონო ბინა უნდა მიესაკუთრებინა.

ეს ფრიად იოლი უნდა ყოფილიყო.

ახალი მთავრობა საიდან გაიგებდა, რომ მეკურტნე იოსებმა სხვისი ბინა მიისაკუთრა, სახლის პატრონი ისე დაშინებული იყო, იგი ქალაქში ვერ გამოჩნდებოდა.

ქვედა სართულიც მიტოვებული იყო.

პირაღმა იწვა დიდი იოსები შეზლონზე. ტკბილს ოცნებას ეძლეოდა. არასოდეს გამოეცადა იოსებ ქველიძეს საკუთარი სახლის სიყვარული.

დღეიდან მის ცხოვრებას ახალი მიმართულება უნდა მიეღო. ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას გააქირავებდა, მარტო ავეჯი რომ გაეყიდა, რამდენიმე წელს ესეც ეყოფოდა.  

ახლა კედლის საათები, სამზარეულოს ჭურჭელი, განიერ ჩარჩოებში ჩასმული სურათები, ხავერდის პორტიერები, კარადები, მაგიდები.

და ამ საგნებმა მწკრივად ჩაიარეს მის თვალწინ.

ენიშნა დიდ იოსებს თუთუნით გატენილ გემის ამბავი.

უცნაურმა სიხარულმა აანთო მისი მიმქრალი სულის ოდნავ მბჟუტავი პატრუქი.

 

* * * * * * * * *

 

ერთხელ უდაბურ ეწერში ვნადირობდი გაზაფხულის პირზე.

აპრილის მზე ბუღრაობდა ფაიფურის ცადაქნილზე. დამქანცა. მხოლოდ ჩირგვნარები იყო და ჯაგი.

ვიარე, ვიარე, ვიარე - მუხას მივადექი ასწლოვანს.

აქ გამივლია ოდესღაც, მუხას შტოები შემოძარცვოდა.

აქ ყორნები მინახავს შემოხიზნული, ან წეროები, სამხრეთს მიმფრინავნი, სულს რომ ითქვამდნენ გამხმარ შტოებზე.

ახლა ეს მუხა ამწვანებულიყო გაზაფხულზე, მწვანე ყლორტები ალაგ-ალაგ ამოსვლოდა.

გაზაფხულს გამოეგლიჯა სიკვდილის ხელიდან ბებერი მუხა.

ასე აპირებდა უკანასკნელად აყვავებას დიდი იოსების მჭკნარი ცხოვრება.

უთენია ფეხზე ადგა დიდი იოსები. დიდი დარბაზი დაგავა. გამოღებული ყუთები ისევ თავ-თავიანთ ალაგას შეაწყო. ღიად მიტოვებულ შკაფებში შედგა მაგიდებზე დარჩენილი ჭურჭელი.

კედლებიდან ჩამოგლეჯილი სურათები, იატაკზე მიყრილ-მოყრილი, ისევ კედლებზე დაჰკიდა.

ავეჯი მიალაგა. დარჩენილი სუფრის საფენები მაგიდებზე გადააფარა. სამზარეულოშიც წესრიგი დაამყარა.

ჩაი აიდუღა, კარადიდან პური და ყველი გამოიტანა. ბერბერას შეაძლია პურის ნატეხი, მაგრამ განებივრებულმა ცხოველმა არ იკადრა პურის ჭამა.

გაახსენდა იოსებს, რომ ერთი კარადა გაუხსნელი დარჩა, ადგა, გასაღები ვერ იპოვნა, შეამტვრია კარი.

ფაფახი, მოძველებული ჩოხა-ახალოხი და სადა ქამარ-ხანჯალი, ვერცხლის ტარიანი დანა-ჩანგლები, ვერცხლის ბადიები და კოვზები იპოვნა ქვედა განჯინაში.

მოიზმანა ჩოხა, საუცხოოდ მოერგო. თავზე ქარვისფერი ბოხოხი დაიხურა. დადიოდნენ იოსები და ბერბერა განიერ კედლის სარკეების წინ.

რითი არ ჰგავდა მიხაკისფერ ჩოხაში გამოწყობილი დიდი იოსები მამამისის მებატონეს, როსტომ წერეთელს. მასაც სწორედ ასეთი ჩოხა ეცვა, თეთრი მეძებარი გვერდს უმშვენებდა.

მთელი საათები ტრიალებდა სარკის წინ.

ამ ბატონურმა დარბაზებმა, ამ საუცხოვო ავეჯმა, ბრჭყვიალა ლიუსტრებმა, ხავერდის პორტიერებმა, აზნაურულმა ჩოხა-ახალოხმა, მონადირე ძაღლმა, აუარებელი სიმდიდრის დაუფლებამ დიდი იოსები წამიერად გარდაქმნა, რადგან საგნები გაბატონდნენ მასზე.  

   

− III −

 

მეორე დღეს ბებუთოვის ქუჩაზე მობარბაცებდა მთვრალი იოსები. აკაკი წერეთლის ქუჩიდან გამოვიდა სამი კიდემდის დატვირთული საბარგო ავტომობილი. ამ ავტომობილებში უწესრიგოდ ეყარა საოჯახო კარადები, მაგიდები, საწოლები, ქვაბები, თავმოკრული ტომრები.  

წინ და უკან ჩიქილიანი, ლეჩაქიანი დედაკაცები და ბავშვები ისხდნენ, სამიც ჭარმაგი კაცი.

ქუჩის მოსახვევთან მეწინავე ავტომობილს ბორბალი მოსძვრა. დაზიანებულ მანქანას ქუჩის ბავშვები გარს შემოერტყნენ, უყურებდნენ, თუ როგორ ქოქავდა შოფერი მანქანის საბურავს.

იოსებიც შეუერთდა ცნობისმოყვარე ბრბოს.

იოსებმა ვეღარ დამალა თავისი ცნობისმოყვარეობა.

მგზავრები ამბობდნენ: ჩვენ ნაძალადეველი მუშები ვართ და ქალაქის რევკომმა სოლოლაკში ბინა მიგვიჩინაო.

„ოცი ოჯახი დღეის სწორს უნდა გადმოვიდნენ“, - ამბობდა ხნიერი, ჩიქილიანი დედაკაცი.

დიდ იოსებს ენიშნა, მაგრამ არ ერწმუნა ნაამბობს, როცა შეკეთებული და დაქოქილი ავტომობილი დაიძრა, იგი ძუნძულით მისდევდა ავტომობილებს, მტვერი ეყრებოდა სახეში, ბერბერა წინა ავტომობილს დაეწია, უყეფდა კოფოზე მჯდართ. ავტომობილი ბებუთოვის ქუჩაზე შესდგა.

როცა ავტომობილები შეაჩერეს და ბარგის გადმოტვირთვა დაიწყეს, დიდი იოსები შესდგა, უყურებს: არზმანებული სასწაულის ახდომას.

მუშები სოლოლაკში? წინათ ასეთ ჩამოგლეჯილ ხალხს არც კი გააჭაჭანებდნენ

ამ უბანში.

როცა რაჭველი მეკურტნეები ქუჩის კუთხეში მოგროვდებოდნენ, რუსი „გოროდოვოი“ გამოივლიდა და მოყაყანე რაჭველებს დაშლიდა. ახლა? ახლა ბურჟუებს სოლოლაკიდან მიერეკებიან, მუშები სოლოლაკში მოჰყავთ, ეს არ იყო 25 თებერვლის ღამეს განაგონი ჭორი, დიდი იოსები თავათ ჰხედავდა ამ ამბავს, ეს ჩამოგლე ჯილი მგზავრები, ამ ავტომობილში უწესრიგოდ ჩაზვინული საოჯახო ხელსაწყო, ხელშესახები და სარწმუნო საბუთი იყო.

ჩიქილიანი ქალი ახალგაზრდამ ჩამოიყვანა ავტომობილიდან, იგი მთვრალივით დაბარბაცდა და მის გვერდით უქმად მდგარ იოსებს ეუბნება:

„ეი, მუშა, გვიშველე ბარგის გადაზიდვაზე“.

დიდმა იოსებმა ოდნავ ითაკილა ასეთი მომართვა, ერთი ნაბიჯი უკან გადასდგა.

„მე მუშა აღარა ვარ“ - წაილუღლუღა.

 

− IV −

 

საღამოს გვიანამდის დარჩა დიდი იოსები „ნოეს ვაზში“. აქ რაჭველი მეთორნეები და მებარგეები ლოთობდნენ, სწორედ აქ გაანდო ერთ მეკურტნეს მთვრალმა თავისი სიხარული, რადგან საიდუმლო ვეღარ დაიტია მარტოხელას გულმა.

მეთორნე ქიტესამ გააფრთხილა: ბევრი, ბათუმში გაქცეულთაგანი, ახალმა მთავრობამ შეირიგა და შესაძლოა შენი სახლის პატრონიც დაბრუნდეს და ფრთხილად იყავიო. ურჩევდა ქიტესა.

ეს სიტყვები გესლივით ჩაენთხა გულში. ადრე დასტოვა სუფრა და შინ დაბრუნდა.

იმ ღამეს დაიწყო ყოველივე უბედობის სათავე.

მთვრალს გაუხდელად დასძინებოდა შეზლონზე.

ეზმანა დიდ იოსებს: კუთხეში მდგარ ფოლადის რაინდს სული აედგა, საშინელის ხრიალით, ფარხმალის და ჯაჭვის პერანგის ჩხარუნით მოდიოდა ხმალგაშიშვლებული შავნიღბიანი კაცი.

დაუპირისპირდა იოსებს და გადაიძრო ჯაჭვის ჩაბალახი, რათა ეჩვენებინა საზარელი პირი და გაცოფებული თვალები და ამ თვალებით იცნო დიდმა იოსებმა ბინის პატრონი, მუხლები მოეკეცა, შეევედრა ეპატიებინა მისთვის, რომ მან, დიდმა იოსებმა, რომელსაც არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია, ხელსაყრელ მდგომარეობისაგან წაქეზებულმა, სხვისი ქონება გაფლანგა.

ამაო იყო მისი ცრემლში ამოვლებული სინანული, მოისმა საზარელი ფოლადის ტკრციალი და ავარვარებულმა ხმალმა შუა გააპო დიდი იოსების თავის ქალა.

შეშფოთებული წამოვარდა იოსები, თავის ტყაპუჭს დაავლო ხელი, მეორე ოთახს შეეხიზნა და მაგრად გადარაზა კარები.

მაგრამ თვალს მილულავდა თუ არა, ისევ ფოლადის წკრიალი, კოშმარულ სიზმარსა და ცხადზმანებაში მოესმოდა გამუდმებული აბჯრის ჩხრიალი და ყურის წამღები ფოლადის ჟღერა.

ნაშუაღამევს, როგორც კი მყუდროება ჩამოვარდებოდა, მთელი ბინა გაიქარჩხებოდა.

საოცარი იყო: ბერბერას არ ესმოდა ყოველივე ეს.

ერთ ღამეს ძალზე მთვრალი დაბრუნდა იოსები. თვალი წალულა თუ არა, ისევ ახმაურდა გაქარჩხული სახლი, არაკუნდა, აკაკუნდა მთელი ავეჯი, ფანჯრებმა ზრიალი მორთეს, მერმე გაისმა ფოლადის აბჯრის რაჩხუნი, ხმლის წკრიალი.

თავზარდაცემული დიდი იოსები ეზოში გავარდა და პირველ სართულზე ახლად დამდგარი მდგმურები ფეხზე დააყენა.

რევოლვერებით შეიარაღებული სტუდენტები სანთლებით ხელში შემოუძღვნენ იოსებს დიდ დარბაზში. აქ მან ყოველივე უამბო მათ, რაც მე ავსწერე ზემოდ.

ფოლადის რაინდი გაუნძრევლად იდგა თავის კუთხეში, როგორც სიცელქისათვის დასჯილი ბალღი.  

მეორე დღეს კომუნალური მეურნეობის აგენტმა ჩაიბარა ოქმით დიდი იოსების ნადავლი ბინა, ხოლო თავათ დიდი იოსები მეეზოვედ დააყენეს.

   

− V −

 

პირველ ღამეს დიდი იოსები ძლიერ კმაყოფილი იყო, რომ მას ასე დაუსჯელად შერჩა სხვისი ქონების უსაზმნო ფლანგვა.  

იგი შეურიგდა მეეზოვის ნესტიან ოთახს, მაგრამ ბერბერას ძვირად დაუჯდა ბინის გამოცვლა. გახდა, ეპილეპტიური კრუნჩხვა შეეყარა. კანტუზიანი მხედარივით უცახცახებდა მთელი სხეული.

შეებრალა იოსებს ავადმყოფი ცხოველი. აქამდის თუ ერთ წუთს არ უშვებდა ქუჩაში, ახლა ბერბერა თავისუფლად დათარეშობდა, ქუჩის ძუკნა ძაღლებს გადაყოლილი.  

გახუნდა, გაჭუჭყიანდა, გაყვითლდა მისი სპეტაკი ბეწვი, ზინთიანი წილამურები ეკიდა ტანსა და კუდზე. სადღა იყო მისი სანაქებო, ზრდილი ქცევა და მიხვრამოხვრა. გაიმურა, ქუჩის ტალახში ამოიგანგლა მშვენიერი ბერბერა და დაემსგავსა თავადის ქალს, ჟამთა სიავით მრეცხავ ქალად გადაქცეულსა. ქუჩის ბიჭები ქვებს ესროდნენ გაწუწკებულ ძაღლს.

პატივი აეყარა ბერბერას ამ სახლში ახლად შემოხიზნულ მეზობლებისა და მდგმურების თვალში. მიუხედავად ამისა, დიდი იოსები ლუკმას უყოფდა თავის ერთადერთ მეგობარს.

 

* * * * * * * * *

 

არ მოსწონდა იოსებს თავისი ახალი ხელობა. ისევ კურტნისათვის ხელის მოკიდება ეწადა, მაგრამ ქალაქში ცხოვრება შეიცვალა, საიდანღაც აუარებელი ავტომობილები გაჩნდნენ. განსაკუთრებით ის ბოყინა, რახ-რახა საბარგო ავტომობილები სძაგდა იოსებს. მათმა სიმრავლემ ტვირთზიდვა შეამსუბუქა.  

ამ ავტომობილებით გადაჰქონდათ ახლა შინაური ავეჯი, ქაღალდის კიპები, ფქვილის ტომრები, როიალები, რომელთაც წინად რვა რაჭველი მეკურტნე ძლივს ეზიდებოდა. ყოველივე ამას ისიც დაერთო, რომ ქუჩის კუთხეებში გამოჩნდა ახალი ხალხი, რომელსაც ეზიდებს უწოდებდნენ.

დიდი იოსები მტრულად უცქეროდა ახალ სტუმრებს, რადგან გაგონილი ჰქონდა: ეზიდები ეშმაკეულის თაყვანისმცემელნი არიანო.

ეუცხოვებოდა მათი ხმამაღალი ლაპარაკი.

ისინი მცირე გასამრჯელოთიც იოლად მიდიოდნენ. აიკრიბნენ ქალაქში დარჩენილი რაჭველი მეკურტნეები, ზოგი ქარხნებს შეეკედლა, ზოგი რუსეთს წავიდა. ძველთაგანი ვინც ქალაქში დარჩა, მან ხელობა გამოიცვალა.

დაღონდა დიდი იოსები.  

როგორ თვალ-მიუწვდენ სიმაღლეზე ასტყორცნა ერთბაშად ბედისწერამ და რა მალე დაირღვა მისი ოცნების გოჯილა!

დარდმა დაბურა მისი გული (სვია შემოერტყმება ასე მოხუცებულ, გაუხარებელ წიფელას).

ეზოში ხმა დავარდა: დიდი იოსები ბინის ჩამორთმევის შემდეგ ჭკუაზე შეირყაო.

მოხუცი გრძნობდა, ყოველი კაცი მას დასცინოდა. იგი გაურბოდა ადამიანებს დღის სინათლეზე. ორიოდე გროშს იშოვნიდა და ავლაბრის სარდაფებში გადაიკარგებოდა.

ბოლო ხანებში მდგმურები ამჩნევდნენ: დიდი იოსები წარამარა ხმამაღლა ესაუბრებოდა ბერბერას.  

 

− VI −

 

მაისის მთვარიან ღამეს მეორე სართულში მცხოვრები შავგვრემანი სტუდენტი ბაღში იჯდა იასამნის ბუჩქებს მიფარებული და ოცნებობდა. სტუდენტი ხმამაღლა საუბარმა შეაკრთო. დამდგარიყო დიდი იოსები აუზთან და პურის ნამუსრევს ისროდა წყალში.

ბერბერა კუდს აქიცინებდა, აუზში იხედებოდა და მალი-მალ ჰყეფდა, ყმუოდა. იოსები რაღაცას დაჟინებით უქადაგებდა ძაღლს.

სტუდენტმა სუნთქვა შეიკავა.  

დიდი იოსები დაიხარა. ორივე ყურებთან მოსჭიდა ბერბერას ხელი. დიდხანს შესცქეროდა თვალებში, თითქოს ულოცავსო. ხელში აიტატა და ექსტაზმორეულმა აკოცა ცხოველს.

ადამიანმა და ცხოველმა ალბათ ამ წუთში იპოვნეს საერთო ენა.

ამგვარი ფიქრი კიანთობდა შავგვრემანი სტუდენტის ოცნებისაგან არეულ თავში.

იმავე შაბათს შავგვრემანი სტუდენტი ეწვია იოსებს.

შეკრთა, დაიბნა დიდი იოსები „განათლებული სტუმრის“ დანახვაზე. შენიშნა სტუდენტმა, იოსებს არ იამა მისი სტუმრობა, იცოდა: დიდი იოსები გაურბოდა ადამიანებს.

არყის სუნი ეცა სტუდენტს.

უხმო სალმის შემდეგ იოსებმა ქეჩაგადაგებულ ტახტის ძგიდეზე ჩამოსვა სტუმარი.

ორივენი მდუმარედ შესცქეროდნენ მხრჩოლავ საღამურ ლამპას.

„ერთი მითხარი, ჩემო იოსებ, რას უყურებ ხოლმე ღამღამობით აუზში? მე გნახე გუშინწინ“.

დიდი იოსები შეკრთა და დაიბნა.

„თევზები მანდ არ არის, არც სხვა რაიმე სულიერი“ - განაგრძო სტუდენტმა. „იჰი“... - იცინოდა დიდი იოსები ცალყბად.

„ან ბერბერა რას უყეფს ხოლმე ამ დროს? ეს ამბები მე ძლიერ მაინტერესებს“. „ბერბერა? ჰმ, ბერბერა...“ - ლუღლუღებდა დიდი იოსები.  

 სტუდენტმა თვალი მიაშტერა მოხუცს. ფუნჯებივით წარბებს დაეჩრდილა მისი ჭროღა თვალები.

 ულოსავით დაგრეხილ ულვაშებს ტუჩები დაებურდათ. საბრალოდ მოკუნტული იყო მისი მორგვივით მსხვილი, უფორმო ტანი, უშველებელი მოკლე ხელები ღრიანკალივით დაღვარჭნილ მუხლის თავზე შემოეხვია.

 ამ წუთში იგი რომელიღაც უხეირო, ბობღია ზღვის ცხოველს მიაგავდა.

დაძაბული მზერა შემოავლო სტუდენტმა იოსების უსაზღვროდ დამრგვალებულ

აღნაგობას. ასე მოკუჟული იჯდა ეს უშველებელი, ახმახი, ტლანქი ლეში და ერთ წუთში სტუდენტს შემოეფეთა ბასრი და ჭროღა თვალების ელვა და დაინახა ძლიერი სულის შორეული ლანდის კრთომა, რომელიც დროებით შეხიზნულსა ჰგავდა ამ მოუხეშავ სიმრგვალესა და სიტლანქეში. ალერსიანად ხელი გადაუსვა დიდმა იოსებმა მის ფერხთით დაწოლილ ცხოველს და ბუტბუტებდა: „ბერბერა მთვარეს უყეფს ღამღამობით“.

„აა, მაშ შენც მთვარეს აპურებ?“

„რატომაც არა, მთვარე მინდა მოვიტყუო“.

„პურის ნამუსრევით გინდა მთვარე მოიტყუო?“.

ორივენი სდუმდნენ.

„ადექი, იოსებ, მე ხოში მაქვს შენთან თითო თხლაშო არაყი გადავჰკრა“.

როცა სტუდენტი წამოდგა, იოსებმა შენიშნა, რომ იგიც მთვრალი იყო.

სოლოლაკის ქუჩაზე გამოვიდნენ, სტუდენტმა შეამჩნია დიდი იოსები ბავშვივით დაშინებული გაურბოდა უზარმაზარ საბარგო ავტოებს და მტრულ თვალებს გააყოლებდა ყოველ მათგანს.

ბერბერაც სცდილობდა არ ჩამორჩენოდა მიმავალთ. დიდი იოსები წარამარა უკან ბრუნდებოდა, ბერბერას გადაავლებდა თვალს.

„შენ, როგორც სჩანს, ძლიერ უფრთხი ავტომობილებს“ - ეუბნება სტუდენტი. „მე არა... ბერბერა კინაღამ გაიტანა, იმ სიტიალემ, გუშინღამ...“ - ბურდღუნებდა დიდი იოსები.  

 დიდი იოსები უხერხულად გრძნობდა თავს, რომ სტუდენტთან მხარდამხარ მიდიოდა, თითქოს მისი თანატოლი ყოფილიყო. ამიტომ განზრახ შორიახლო მისდევდა.

სტუდენტი წამდაუწუმ შეჩერდებოდა, მოავლებდა მკლავზე ხელს, ცდილობდა ნაბიჯი გაესწორებინა მისთვის იოსებს.

„დავბერდი, ჩემო ბატონო, არ შემიძლია თქვენსავით ჩქარა სიარული“.

„აწი ბატონს ნუღა მიძახი, იოსებ, მე გივის მეძახიან“.

„ჰო, კარგი, გივი...“

იოსები და ბერბერა „ნოეს ვაზის“ უშველებელ სარდაფში ჩაჰყვნენ გივის.

კუთხეში ერთ პატარა მაგიდას მიუსხდნენ.  

„ორი ბატკნის ბუღლამა და ერთი კვარტი თეთრი,“ - შეუკვეთა გივიმ.

დუქანში უშქარი ხალხი ზიმზიმებდა.

სომხის მეთარეები ხრინწიანი ხმით მღეროდნენ ეთიმ გურჯის შაირებს, მაგრამ არავინ უგდებდა მომღერლებს ყურს.

მაგიდებს უსხდნენ პორთფელიანი რუსები, შავბლუზიანი ებრაელები. ერთ ადგილას ფაფუკღიპიანი ტფილისელი მოქალაქეები შეექცეოდნენ მწვადებს. კახპა ქალები მხიარულად კისკისებდნენ და წამდაუწუმ საკვოიაჟის სარკეში იჭვრიტებოდნენ, პომადით იღებავდნენ ლაშებს.

ერთ კუთხეში ქართველი ავარები ღრეობდნენ. ბახუსის ამბორით შეზარხოშებული ფრენჩიანი ჭაბუკი გრძელ სიტყვას ამბობდა. ეს ერთადერთი სუფრა იყო, სადაც ერთი ლაპარაკობდა და დანარჩენი უსმენდა. მათ გვერდით მედროგეები ისხდნენ, მოშორებით ტფილისელი ლეკები, აქვე ისმოდა ოსური, ჩაჩნური, ეზიდური, სომხური, სპარსული და თათრული.

შუა კედელზე ბაზრის მხატვრის გაუწვრთნელ ხელს როსტევანის მონების მმუსვრელი ტარიელი გამოუსახავს:  

ტარიელი სავსებით არა ჰგავს რომანტიული ჭმუნვით გულგასენილს რაინდს, უფრო ტფილისის რესტორანებში ქინჩგასუქებულ სტუმარს. იგი უჯიშო, ციმბირულ ლაფშაზე ზის, როსტევანის მონებს ძველი ტფილისური კაბა-ჯუბანი აცვიათ, სასალახოს დანისებური მახვილი ჰკიდიათ წელზე და შიშველი ხელით იგერიებენ ტარიელის მიერ მოქნეულ მათრახს.

თქვენ გეუბნებით, მთელი ქვეყნის პოეტებო და მხატვრებო: რა გამოვა, პატარა ოსტატმა დიდი აზრი უხეიროდ რომ გამოჩმახოს?.. (ეს იგივეა, ჭიანჭველამ რომ იტვირთოს კევრისა ზიდვა), მხარ მარცხნით, დუქნის დაზგის პირდაპირ, მთელი ქვეყნის დიდებულთა კანკელია გამოხატული, თმა გაჩეჩილი, შავწვერა შექსპირი უფრო ძველი დროის დალაქს მიაგავს, ვიდრე მწერალს, სოკრატი ძლიერ უტვინო და ფრიად კეთილ პაპს წარმოადგენს.

ლერმონტოვი გურულ ფირალსავით აბრიალებს თვალებს, გალილეის ყოფნის სასწორი უჭირავს ხელში, დავით აღმაშენებელს მიტროპოლიტის კათხის მაგვარი გვირგვინი ახურავს, ჩარლზ დარვინი თათრის მოლა გეგონებათ, თამარ დედოფალს ბისონის კაბა აცვია, მაგრამ იგი მკლავებ წაკარწახებულ ქალაქელ პატარძალს უფრო მიაგავს.

რატომღაც ამ საზოგადოებაში მოხვედრილან სომხის მწერალი რაფი და მედუქნის პაპა - მუკიჩ ნერსესიან, რომელსაც იმდენი სინდისი კიდევ შერჩენია, რომ ფრიად შემაძრწუნებელი თვალებით გადასცქერის თავის მეზობლებს.

მამაკაცთა გამოსახვაში ერთ რამეში არ ღალატობს მხატვარი აღმოსავლეთის სტილს, რომლის ძალითაც გრძელი წვერი უთუოდ დიდი ჭკუის მომასწავებელი უნდა იყოს.

მესამე თხლაშო რომ გამოსცალეს, სტუდენტმა ისევ მთვარეზე ჩამოაგდო სიტყვა.

„... ესეც არის, ამბობდა გივი, მთვარესაც სული აქვს. მთვარე სიკვდილის თეთრი ნიღაბია, მიტომაც აგრე უყვართ იგი პოეტებს, შეპყრობილებსა და შეყვარებულებს“.

მეკურტნე იოსებმა უაზროდ მიაშტერა თვალები გივის. მეოთხე ჭიქა დაუსხა სტუდენტმა იოსებს, გადაულოცა და განაგრძო: მთვარე რომელიღაც გარდაცვლილი ღმერთის ლეშია, ამქვეყნიერებას კრუხივით რომ უვლის გარს და სიკვდილსა და გაქრობას აგონებს.

„შენ რა გგონია, იოსებ ჩემო, რატომ უყეფდა შენი ბერბერა მთვარის ლანდს აუზის სარკეში? ძაღლი გულთმისანია ცხოველთა შორის. მისი ყმუილი სიკვდილის მოახლოებას მოასწავებს.  

განა ვერ ხედავ, ჩემო იოსებ, რომ მთვარე ისე გაწითლდა, თითქოს სისხლში იყოს ნაბანი? ეს ქვეყანა ამჟამად მეექვსე მოქცევის ნიშანს ქვეშ იმყოფება. სიტყვა-სიტყვით ნავარაუდევია ეს ყოველივე: „და ვიხილე რაჟამს აღაღო მეექვსე ბეჭედი და, აჰა, ძვრა იქნა დიდი და მზე შეიქნა ვითარცა ძაძა ბალნისა, მთოვარე ყოველითურთ იქმნა ვითარცა სისხლი, ვარსკვლავნი ცისანი გადმოსცვივეს ქვეყნად, ვითარცა ლეღვმან რა დაჰყარის პირველი ნაყოფი თავისი, ქარისაგან დიდისა შერყევითა და ცა წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი და ყოველი მთა და ბორცვი ადგილთა თვისაგან შეინძრეს და მეფეთა ქვეყნისათა და მთავართა და ათასისთავთა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან და დამალნეს თავნი მათნი ქვაბთა შინა კლდეთა და მთათა შინა.

რამეთუ მოვიდა დღე რისხვისა მისისა და ვინ შემძლებელ არს დადგომად?“

დიდი იოსები ხმაგაკმედილი იჯდა, თავი ზე ასწია, სტუდენტის ფერმკრთალ სახეზე დიდრონი შავი თვალები ღველფივით ელავდნენ.  

სომეხ მეთარეებს უკვე სავსებით ჩახლეჩოდათ ხმა. ქართველი კინტოები წრეს გადასული ღრიალებდნენ. დუქანში ხმაურობა და ღრეობა მატულობდა.

„მთვარეული ხომ გაგიგონია, ჩემო იოსებ”, - ქადაგებდა სუდენტი, პაპიროსს აბოლებდა და ქანცმილეული ნაბავდა თვალებს.

„მთვარეული?“ - ამბობდა დიდი იოსები.

დედაჩემისაგან გამიგონია, მეც მჭირდა ეგე ბავშვობაში, მექვენის ეკლესიის სამრეკლოზე გავსულვარ ძილში დიდ ხუთშაბათ ღამეს, მნათეს დავუჭერივარ...

„ჰოდა, მე კი 14 წლის დაი მყავდა მთვარეული. ღამით ამდგარიყო, მესამე სართულიდან ჩამოჰყოლოდა წყლის მილს, ნაწვიმარ წყლის კასრში ჩასულა. წყლის გაკარებაზე გაღვიძებია და დამხრჩვალა.

იცი, ჩემო იოსებ, ამ ქვეყნად ყოველივე მთვარიდან მოდის. თვითონ მანქანებიც, შენ რომ გეზარება, ის მანქანებიც მთვარისაგან არიან მოგზავნილი“.

„როგორ მანქანები? ეს არ მესმის, ჰი, მანქანები!“ - იცინოდა დიდი იოსები, თავის ცხენურ კბილებს უჩვენებდა სტუდენტს.  

„სულ მარტივი ამბავია: მთვარე აორსულებს ადამიანებს. იგი თავისი შხამიანი სუნთქვით სწამლავს და აცოფებს ოცნებას და მერმე მთვარით შეპყრობილნი უსულო რკინასა და რვალს სულს ჩაუდამენ და ესენიც მთვარეულივით ხეტიალს დაიწყებენ.

ეს ქვეყანა ჩემო იოსებ, სიზმარსა და ოცნებას უპყრია და თუ ადამიანი ოცნებისაგან გამოერკვა, მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის, როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს. მაშინ დადგება სწორედ დღე რისხვისა, წეღან რომ გითხარი, იგი დღე, ძმა ძმას არ დაინდობს და შვილი - მშობელს. ეს ახდა კიდეც ნაწილობრივ.

მე ომში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ მოდიოდნენ წითლების ტანკები.

ტანკი შენც ხომ გინახავს ტფილისის ქუჩებზე. უშველებელ კუსა ჰგავს, გარშემო ფოლადის ხობოკვერა არტყია. შიგ ადამიანები სხედან არხეინად და ზარბაზნებს ისვრიან”.

დიდი იოსები გაოცდა, რადგან მას ასეთი რამ ჯერ არ ენახა.

„უნდა გენახა, დაბმული ნაგაზებივით რომ ჰყეფავდნენ და ღრიალებდნენ ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები. განა ქალაქში არ გესმოდათ მათი საშინელი ღრიალი?”

„როგორ არა“, - დაუმოწმა იოსებმა, - „ქალაქში ფანჯრები ზანზარებდნენ სოლოლაკში ორი ყუმბარა ჩამოვარდა და ჩემს თვალწინ გასკდა“.

„ჰოდა მანქანები იბრძოდნენ ხუთმეტი დღე. ჩემს თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ გასრესდა ფეხით, აიტაცა ასეთმა ყუმბარამ და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის ნამუსრევები ვიპოვნეთ მერმე.

ეს მოხდა გუშინ და შორს არაა ის დრო, როცა მანქანა ლუკმა-პურს წაართმევს იმავე ადამიანს. როცა ყოველ ჩვენგანს შენი კურტანი მოენატრება...“

იმ ღამეს დიდი იოსები და სტუდენტი გივი უკანასკნელნი გავიდნენ „ნოეს ვაზიდან“.      

   

− VII −

 

ქვეყანამ იცის, თუ რას ჰფიქრობდა ვატერლოსთან დამარცხებული ნაპოლეონი, ან ირაკლი მეორე კრწანისიდან უკუქცეული.

წაქცეულ დიდკაცებს ისტორიკოსები ისე მიცვივდებიან, როგორც ირმის ლეშს - მგლები.

გაცილებით უფრო ძნელია პატარა ადამიანების ზრახვებს გაართვა თავი.

მე არ ვთაკილობ პატარა ადამიანების სულში მომხდარი აღრევის გამოსახვას. ამიტომაც გულდასმით შევისწავლე დიდი იოსების ცხოვრება, თითქმის ყოველივე აქ მოთხრობილი ჩემი ზედმიწევნით დაკვირვების შედეგია, ზოგი რამ თანდამსწრეთაგან გამოკითხული, მაგრამ მრავალგზის სინამდვილესთან შეწამებული.

უნდა გამოგიტყდეთ: ბავშვობიდანვე მიყვარდა რაჭველი მეკურტნეები. მხოლოდ ესენი არ თაკილობდნენ ერთ დროს ტფილისის ქუჩებზე რუსთაველის ენაზე ლაპარაკს, ყოველ კუთხეში დაბანაკებული, თუშურ ქუდიანი მეკურტნეები ქართულ იერს აძლევდნენ ჩვენს დედაქალაქს.

კურტანი!

ნეტავ ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ბარბაროსული აზრი: ადამიანისათვის უღელის დადგმა? ბავშვობაში ფრიად სათაკილოდ მიმაჩნდა, რომ ეს ბრგე, ახოვანი რაჭველი ვაჟკაცები სოლოლაკის პლუტოკრატიის ხელით დადგმულ კურტანს ატარებდნენ ტფილისში!

დიდი იოსები მე თავათ მინახავს მრავალგზის. იგი მეტწილად ერევნის მოედნისა და ბებუთოვის ქუჩის მიდამოებში იდგა. არ შეიძლება თქვენც არ მოგეკრათ მისთვის, მკითხველო, თვალი.

იგი სწორედ ჩვენს ეზოში ცხოვრობდა, ვაკვირდებოდი: დიდი იოსების, სტუდენტი გივის და ბერბერას საოცარ მეგობრობას. ხშირად დამინახავს შეღამებულზე სამივე ბაღში. იასამანის ჩირგვს გადაღმა ერთ-ორჯერ შემთხვევაც მქონდა ყური დამეგდო მათი საუბრისათვის. ამ ხმადაბალი დიალოგების ნაწყვეტებიდან ბევრს ვერაფერს გაიგებდა კაცი.

დრო გადიოდა...

გადაჰყვა მარტი უხეირო ქარებს, მოვიდა ჭრელკაბიანი აპრილი, - აყვავდა ნუში ძველ ყაბახსა და ბოტანიკურ ბაღში, ქინძის სუნი ზედ შურის ციხემდის მოჰქონდა კოჯრის ნიავს.

მე მათ ქალაქის ქუჩებზე ვხვდებოდი და ყოველი მათი საქციელი საცნაურს ხდიდა ყურმოკრულ სიტყვებს, ამგვარად ვაკეთებდი ჩემს ვარაუდებს.

გაზაფხულს მღელვარე სიზმრები მოაქვს და მეც უძილობა დამჩემდა იმ გაზაფხულზე, ჩემი ფანჯრიდან მრავალგზის მომიკრავს თვალი, თუ როგორ მიბობღავდა დიდი იოსები სტუდენტი გივის ბინის კიბეზე. უკანასკნელად, შაბათ საღამოს, დიდი იოსები ჩვეულებრივზე გვიან ეწვია გივის, ახლა მომცრო, მოყვითანო ტყავის ჩემოდანი ეჭირა ხელში.

ასეთი ჩემოდნები კომივოიაჟორებსა და მუშკოპის ნოქრებს დააქვთ.

სტუდენტი.

დიდი იოსები.

ტყავის ჩემოდანი!

საათს დავხედე: ნაშუაღამევის 2-ის 15 წუთი.

უნებლიე ფიქრმა იელვა: რა კავშირი აქვს დიდი იოსების მიერ ბინის დაკარგვას ამ სტუდენტთან? ან ეს იდუმალებით მოცული პაემანები იასამნის ბუჩქთან, გივის კიბესთან და ახლა დიდი იოსების ხელში ტყავის ჩემოდანი?

სრული ნახევარი საათი ვუთვალთვალებდი; როგორც იქნა, ხელცარიელი გამობრუნდა იოსები. დარაბები დავხურე. დიდხანს ვფიქრობდი ამ საოცარი დამოკიდებულების გამო. მეორე ღამეს სწორედ 2-ის 15 წუთზე დიდ იოსებს იგივე ჩემოდანი გამოჰქონდა გივის ბინიდან.

 

− VIII −

 

გამოხდა ხანი, არც იოსები შემხვედრია, არც ბერბერა.

სტუდენტი ბაღში შემხვდა. პირადად მე მას არ ვიცნობდი.

საერთოდ, მეზობლებთან გამოცნაურება არ მიყვარს, რადგან ახლოს მდგომი კაცი უცებ გადადის ფამილარულ ტონზე, უდროო დროს გეწვევა, მიგიპატიჟებს, მერმე შენც უნდა დაჰპატიჟო, ხან ნარდისათვის გამოგიგზავნის კაცს, ხან მელანს გთხოვს, ხან ასანთს, ხან კალამს.

განსაკუთრებით კალმის განათხოვრება მეჩოთირება.

ყველაფერი მთხოვეთ, ოღონდ კალამს ნუ...

ხომ ძლიერ იაფია ჩვენს დროში კალამი, სულ ორიოდე კაპიკი ღირს, მაგრამ მაინც...

არც სტუდენტი იჩენდა მაინცდამაინც დიდ თავაზიანობას ჩემდამი, გარეგნობით იგი სტუდენტს არა ჰგავდა, უფრო მეტად მოლარეს, მუშკოოპის ნოქარს, ან რომელიმე საქმიან, საბჭოთა მოხელეს.  

ჩემი მსახურისაგან გავიგე გვიან: იგი საქართველოს სახვაჭრობის საწყობის გამგე ყოფილა.

თავაზიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როცა შემთხვევით შემეფეთებოდა, სახეს მარიდებდა.

არაჩვეულებრივად დიდი თავი, განზე გამდგარი ყურები. ფეხებზე აზიური ვიწრო ჩექმები და განიერი ქუდის ჩრდილში კოდალას ნისკარტივით წვეტიანი და გრძელი ცხვირი, საერთოდ, იგი თავკოპალას წააგავდა.

მუდამ მძიმე პორტფელით დატვირთული დადიოდა.

დედამისს კი ყოველდღე ვხედავ, თუ როგორ ფერთხავს ფანჯრიდან მოყვითანო ქეჩას. ამას იგი ყოველ დილას სჩადის, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართულში მცხოვრები სომხის დედაკაცები არ აქებენ მას ამ საქციელისათვის.

ჩემი მსახური ოთახების დალაგების დროს ცისას და ბარისას მიამბობს, ჩემი მსახური ფრიად ენამრავალი ვინმეა. ამ ლაყბობაში მას წამოცდა: წინა ღამეს სტუდენტის სახლში დიდი ქეიფი ყოფილა, ლამაზი ქალებიც დასწრებიან თურმე ამ ნადიმს.  

ყოველ კვირას ასეთი ამბავია და სომხის ქალები სჩივიან თურმე: ფოქსტროტის მოცეკვავენი დიდძალ მტვერს თავზე გვაყრიანო.

მსახურის შენიშვნები დავიმახსოვრე.

ჯამაგირი ხუთმეტი თუმანი?

თვეში ოთხჯერ დიდი ქეიფი და ფოქსტროტი?

 

* * * * * * * * *

 

უცხოეთშიც მომბეზრდა დაშაქრული და მოშაქრული საჭმელები.

ჭაობიან მხარეში ვარ გაზრდილი და ჩემი სხეული პიმპილიანს, ძმრიანს და ნივრიანს მოითხოვს.  

მე მაინცდამაინც დიდ წინააღმდეგობას არ ვუწევ ატავისტურ გრძნობებს (დასთრგუნეთ ატავიზმი თქვენს ბუნებაში და კარტონის ადამიანი შეგრჩებათ ხელში). ამიტომაც ხშირად დავდივარ „ნოეს ვაზში“, „ქოსებთან“ და „მოდი, ნახეში“

აქ მესმის ტფილისელი მოქალაქის ქართული. ვზივარ რომელიმე სარდაფის ჩრდილიან კუთხეში და ყურს ვუგდებ, თუ ვით სჩივიან ქალაქის აღმასკომის მიერ მაგრად დაბეგრილი ვაჭრები, როგორ საუბრობენ მეეტლეები, მეთულუხჩეები, ზეინკლები, ოქრომჭედლები, ჭონები, ხარაზები, ბაყლები, მემწვანილეები, მეთევზეები, მუშკოოპის რძისა და ნავთის დამტარებელნი, გამყივანი ხმით რომ ჰყვირიან მთელი დღე, ალბათ ის კაციც აქ შემოივლის ხოლმე, სოლოლაკში რომ ჩხავის: „ღვინოო, ღვინოო“ (მისი ყვირილი ახლაც მესმის, როცა ამას ვწერ).

ერთხელ ღამის 12 საათამდის შევრჩი „ნოეს ვაზში“ ერთ ბოთლ რქაწითელს. სტუდენტი გივი შემოდის. მაღალი, აშოლტილი, ქერა გოგონა თან ახლავს (ასეთ ქერებს დასავლეთ საქართველოში შეჰხვდებით ხოლმე).

სექტემბერში მოწეული ჩალისფერი თმა, ისრიმისფერი თვალები, ისინი მე ვერ მამჩნევენ, მე კი ბნელ კუთხიდან ვაკვირდები ორივეს და დანამდვილებით ვამბობ: ეს უთუოდ ქართველი ქალია, რომელსაც პირველად შეუცდა ფეხი ასეთ რესტორანში (სჩანს იგიც ატავისტური გრძნობების ძალას აჰყოლია).

სტუდენტს მაგრად წაევლო მისთვის ხელი, როგორც ძვირფასი საკუთრებისათვის, ქალი ოდნავ მორცხვობდა, მაგრამ მაინც ჩინებულად იფერებდა თავის მდგომარეობას.  

იგი იქნება უთუოდ მომავალი ქართველი მეტრესსების, ხასების წინაპარი, ისინი ალბათ თავიანთ ზოლას, ან მოპასანს იპოვნიან, მე ჯერაც დიდი იოსებისა და სტუდენტი გივის დამოკიდებულებითა ვარ გართული.

„კაბინეტი გაქვთ?“ - ეკითხება მოღუშული სტუდენტი.

„გახლავთ, ბატონო“.

„კაბინეტი ჯობია ხომ?“ - მიმართა სტუდენტმა ქალს.  

„რა თქმა უნდა“ - უპასუხებს დამა.

გივი და მისი შრიალა ქალი ბნელ კუთხეში გაჰქრენ, მე კი ამ ახალ ფაქტს ძველ დაკვირვებებს ვუმატებ.

ყოველ კვირაში დიდი ქეიფი, საწყობის გამგის ჯამაგირი. რამდენი მოუნდება, ასეთ ლამაზ ხასას თვეში?  

კოტის, ლორიგანის ნელსურნელება, ყვავილები, ფეხსაცმელები, ქუდი, ვიქტორიას წინდები?

ახლა, ვინ იცის, რა ღირს მისი ხავერდის პალტო? (თუნდაც იაფ ბაზარზედაც ნაყიდი). მსახური კაბინეტიდან გამოვიდა და ისეთის მოწიწებით ჩამოუშვა კაბინეტის კარის წითელი, ჭუჭყიანი ფარდა, თითქოს აღსავლის კარებსა ხშავდეს (კარგა ხანს ხმის ამოუღებლად სჭამენ).  

ძლიერ მინდოდა, თვალმოკვრით მაინც დამენახა, თუ როგორ სჭამდნენ ისინი. ადამიანის ხასიათი ხომ ჭამაში მჟღავნდება უპირატესად. გონების თვალით მაინც ვსწვდები: შრიალა ქალი ნაზობს, კრძალვით იღებს პირში ქორფა მწვანილს. სტუდენტს ასოციაციით მოაგონდა, მიტომაც უთხრა: „რა ცოტასა სჭამ, ჩემო ნუკრო!“ (ჭიქების წკრიალი ისმის).

ქალი ჯერ ძლიერ ხმადაბლა ლაპარაკობს, ალბათ ეუცხოვება ახალი გარემო. ეს კი გავიგონე, ქალმა უთხრა: „ნუკრს ნუ მეძახიო”.

„რატომ, ჩემო ნუკრო?“ - გაუმეორა სტუდენტმა.

„რატომ და ჩემს ამხანაგსაც ნუკრს ეძახოდი“.

„რომელს?“.

„ნუნუს“.

„არასოდეს“.

„რატომ სტყუი?“.

„არა“ (ეს ოდნავ გასაგონად წაილუღლუღა ვაჟმა).

ქალის პასუხში მხოლოდ ერთ სიტყვას მოვკარი ყური: „საყურე...“.

„საყურე... საყურე ისე ვუყიდე“. ვაჟმა თავი იმართლა (მკითხველო, სიტყვა „ისე“-ზე მახვილი იგულისხმე).

„ხა, ხა, ხა, ისე?... თქვენ, მამაკაცები, ისე არაფერს უყიდით ქალს“... (აქ რამდენიმე სიტყვა ვერ გავარჩიე). შემდეგ ქალი განაგრძობს: „მე რომ მომწონდა, სწორედ ისეთი ბრილიანტისთვლებიანი საყურე გიყიდნია ნუნუსთვის“.

„როგორ, შენი საყურე არა სჯობია ნუნუსას? იგი სულ რაღაც ათი ათასი დამიჯდა, შენსაში ოცდაათი ათასი მივეცი“.

მერმე სტუდენტი წამოდგა, სკამი ახრიგინდა, სუფრაზე ჭიქა წაიქცა.

როგორც ჩანს, ქალი გაუძალდა, ადგომა არ უნდოდა.

სტუდენტი არ მოეშვა, ქალი რაღაცას ხმადაბლა ეჩიჩინებოდა. აშკარად ეჭვიანობის სცენებია”..

ქალი თავს იცავს. სტუდენტი თავს არ ანებებს.

ქალი შიშობს: მსახური შემოგვისწრებსო.

სტუდენტი არწმუნებს: გაფრთხილებული მყავს. ზარის მიცემამდის არავინ შემოვიდესო.

მე ორივეს ფეხის ხმა მესმის. სტუდენტი არ ისვენებს. ქალი არ ნებდება.

იძალა ვაჟმა, ქალმა უკანასკნელი ქალური საბუთიც წამოიშველია: შეუძლოთ ვარო.

სტუდენტი ამ საბუთმაც ვერ დააშოშმინა, ქალი უკმაყოფილოდ ბიზღუნებს, უწყრება ვაჟს.

წამდაუწუმ მესმის: ნუნუ, საყურე, ღალატი..

„მე და ღალატი?...” (თავს იმართლებს ვაჟი). ქალი ეჭვიანობს.

მე გავიგონე: ორივენი დივანზე ჩამოსხდნენ. ორივე დადუმდა. ვაჟი კოცნით უკუმავს ტუჩებს.

ცოტა ხნის შემდეგ ქალმა დაარღვია დუმილი.

„მე მეშინია, იმ ყვითელჩემოდნიანმა არ გაგცეს“.

„რაჭველი და ღალატი ვის გაუგონია, დიდი ხანია ვიცნობ, მიტომაც მასზე შეჩერდა ჩემი არჩევანი“.

შემდეგ ორივენი ძლიერ ხმადაბლა ჩურჩულებდნენ.

ახლა ვაჟი ეუბნება: „მას შემდეგ, რაც იგი ავიყვანე, საქმე ძლიერ კარგად მიდის. ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენ სამჯერ მეტს ვბეჭდავთ, ახალი მანქანა დავდგით, მოსკოვიდან საუკეთესო ქაღალდი ჩამოგვიტანა ერთმა ებრაელმა. თითქმის ყველაფერს ვასაღებთ, რასაც ვბეჭდავთ. მუშტარიც ენდობა მას. მთელი ბაზარი იცნობს. იგიც ძლიერ მოწადინებულია, ხომ იცი, ბინის დაკარგვის შემდეგ ოდნავ შეირყა. მოგებული ფულით სახლი უნდა ვიყიდოო.

სახლის პატრონებს ძლიერ ეშინიათ. ბოლშევიკები სახლებს ჩამოგვართმევენო, მიტომაც ჩალის ფასად ჰყიდიან მოქალაქენი სახლებს. ეს კარგად იცის მან. ამიტომაც დაუღალავად მუშაობს.

მე ძლიერ დამაინტერესა ყურმოკრულმა ამბავმა, გაფაციცებით ვუსმენ, ქალის ხმა მესმის, მაგრამ, როგორც სჩანს, ვაჟს არ უნდა ქალის ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. ახლა ორივენი ჩურჩულებენ, კანტიკუნტად ბოკალებს აწკრიალებენ.

ქალი კისკისებს.

„დალიე“, - ეუბნება სტუდენტი.

ქალი უარზეა.

„კარგია შამპანური. მე მიყვარს მთვრალი ქალი“.

ჭიქა იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა, ქალი ხელიდან გაუსხლტა ვაჟს...

შეგონება:

მეზარება ამ წვრილმანების გამოქვეყნება, მაგრამ დრომ გააშიშვლა ადამიანი და მეც, ანატომის გულცივობით აღჭურვილი, ჩემს ნიშანდებას გამოვთქვამ გაშიშვლებული ადამიანის მიმართ. ხომ არაფერი ისე საინტერესო არ არის, როგორც გაშიშვლებული ადამიანი, არც თუ რამეა მასზე უსაზიზღრესი ამ ქვეყნად...

 

* * * * * * * * *

 

იმ ხანებში მე არც კი მეგონა, თუ მოვლენები ისე გადაეკვანძებოდნენ ერთიმეორეს და დასასრულ იმდენი მასალა ჩამივარდებოდა ხელში, რომ ერთი ნოველლის ინვენტარად მეყოფოდა.

ვაჟმა დაიჭირა, ქალი კისკისებს, არ ნებდება.

მცირე პაუზის შემდეგ ნეტარებით აღვსილი კვნესოდა შრიალა ქალი.  

   

− IX −

 

ადამიანს ხანდახან სულ უბრალო რამეები დაგაფიქრებს. ხშირად დიდი იდეებით გატაცებულიც რომ იყვე, სულ უბრალო სახე აგეკვიატება და შეგიპყრობს.

მაშინაც აგრე მომივიდა.

სად დაიკარგა დიდი იოსები? ან ბერბერა რა იქნა?

ვინ იცის, ეგებ ტფილისიდან უკანასკნელი მეკურტნეც ისევე გაიქცა, როგორც

უკანასკნელი ბაგრატიონი...

გალახული, ხმალგადატეხილი, გაწბილებული.

ტფილისი უდიდესი ძეგლია ქართველობისა. მისი გმირობის უდიდესი ბახტრიონი, მისივე სიძაბუნის უდიდესი ვატერლო. მისი უხასიათობის, დაუდევრობის, მისი სივაგლახის უდიდესი დოკუმენტი.

(ერთ დროს შორიდან მიყვარდა ქალაქი, ვიდრე ცამეტი წლის ჭაბუკი შინიდან გამოვიპარებოდი ილია ჭავჭავაძის სანახავად ტფილისს ჩამოსული).

მე ამას ვამბობ, დიდი იოსები რაღას იტყოდა?..

 

* * * * * * * * *

 

დიდო იოსებ!

შენ წილი არ დაგიდო ამ ცხოვრებამ თავის ნადიმში.

დიდო იოსებ!

შენს რაჭაში ორიოდე ციდა სამოსახლო მიწა არ შეგარჩინეს გაუმაძღარმა ძმისშვილებმა.

დიდო იოსებ!

ეგებ მეწყერებს თან გადაჰყვა შენი წილი ვენახიცა და შენი წალკოტიც. ბედისწერამ გადმოგტყორცნა ამ ამღვრეულ, დაბურდულ, განადგურებულ, დომხალივით არეულ ტფილისში.

უთუოდ იმავე ბედისწერამ არია შენი ცხოვრების ეტლი და, როგორც ვატყობ, მრუდე ბილიკებზე შეგაყენა შენაც.

 

* * * * * * * * *

 

ხანდახან ნათელი ფიქრიც აღმეძვრის გულში: ეგების დიდი იოსები არ შედრკა, რომელიმე დიდ ქარხანას ან წარმოებას თავი შეაფარა და პატიოსან შრომას დაუბრუნდა უკანასკნელი რაჭველი მეკურტნე.

მისი ბრგე ბეჭები ჯერაც კამეჩივით ამტანია და ძლიერი. მისი კისერი ლომა ხარის ქედივით აზვინულია და მოუდრეკელი.

ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთში შემხვდეს შრომის გმირის - დიდი იოსების - სურათი.

 

* * * * * * * * *

 

მოუცლელობის გამო, გულმოდგინეთ თვალს ვერ ვადევნებ გაზეთებს, მაგრამ იმ ხანებში გაფაციცებით ვკითხულობდი უეცარი შემთხვევების ქრონიკას, მუშგლეხინის ფურცელს, მუშათა ყოფა-ცხოვრების ამბებს, ვინძლო თვალი მოვჰკრა რაიმე ცნობას, რომელიც მცირეოდენ შუქს მოჰფენს სოლოლაკიდან გადაკარგულ დიდი იოსების ცხოვრებას.

თუ სადმე შევხვდი, გამბედაობას თავს მოვუყრი, უთუოდ მივალ და ვეტყვი: დიდო იოსებ, მე არ მომწონს შენი საეჭვო მისვლა-მოსვლა იმ საეჭვო სტუდენტთან. დიდო იოსებ, მე არ მომწონს შენი ტყავის ჩემოდანი.

თავი დაანებე, დიდო იოსებ, საკუთარ სახლზე ოცნებას, რადგან ჯერაც არ აგებულა ამ მიწაზე ისეთი სახლი, ადამიანის ოცნებად რომ ღირდეს, ჯერაც არ აშენებულა ამ მიწაზე ისეთი სახლი, ერთხელაც არ დაინგრეს.

მეწყერი და მიწისძვრა, დრო და სიმხურვალე, წვიმა და გრიგალი უფრო მაგარი ყოფილა თურმე, ვიდრე ყოველი ჯიშის გრანიტი და კაჟი.

დროის ფოლადის კბილებმა დაღეჭა ბოლნისის სიონი, ვარძია, ატენი. თვით სვეტიცხოველიც შეარყია მიწისძვრამ და საუკუნეთა უწყალო გრიგალმა.

რადგან ყველაზე მკვიდრი სახლი ამ ქვეყნად ის არის, რომელსაც ოცნებაში ააგებს კაცი, დიდო იოსებ!  

   

− X −

 

მე ხშირად დავყიალობ ვერცხლის ქუჩაზე, „ბნელ რიგებში“, თივის მოედანზე, შეითან ბაზარში, მეტეხის სანახებში. უკანასკნელ ხანებში მომხდარმა ამბებმა, ახალი ქარხნების გახსნამ ტფილისელ ხელოსანთა ამქრების გაქრობა დააჩქარეს.

მატარებელმა და ავტომობილმა დიდძალი ქარხნის საქონელი მოზიდეს ტფილისში.  

დაბეგრა ქალაქის აღმასკომმა კერძო ვაჭრები. იაფი, ხელმისაწვდომი, მილიონებისათვის ნავარაუდევი საქონელი მაჯლაჯუნასავით დააწვა ბაზარს, გაკოტრდნენ თერძები, ხარაზები, მეუნაგირეები, ზეინკლები, ოქრომჭედლები, მეთულუხჩეები და მკალავები. პროფკავშირები შეგირდების გაყვლეფას არ ანებებენ ოსტატებს.

ლეკები უკვე აღარ აკეთებენ მოსევადებულ, ზარნიშიან ლეკურებს, ხანჯლებს და ქამრებს.

თავადები გაგლეხდნენ და საბჭოთა მოსამსახურეებს თავადური სტილი არ აინტერესებთ.  

ამ ძველ ხელოსნებს დარაბები ჯერ კიდევ შერჩენიათ, მაგრამ მათ დუქნებში ახლა მეტ წილად ძველი ნივთების კომისიონერები და საეჭვო საქმის კაცები ხვდებიან ერთიმეორეს.

შეითან ბაზარში მრავალია ასეთი პატარა, ბნელი დუქანი.

მეც დავყიალობ ძველ ტფილისში. ვხედავ: ეს ტიპები გადაგვარების გზაზე შემდგარან.

სადა ხართ, ყოფის მწერლებო, სადა ხართ ყოველდღიურობის მხატვრებო?

ეს ხელით ნაკეთებ საქონელზე მოჭირნახულენი გადავლენ, მოისპობიან და მერმე გვიან იქნება მათი გროტესკული სახეების ტილოზე გადატანა.

თქვენ თვითონ დაფიქრდით: როგორ გაუძნელდება რომელიმე ბუდრუგანა ლეკს, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში „სპილოს კბილზე“ ჩუქურთმებს სჭრიდა, ფოლადზე ოქროს ზარნიშით ჰქარგავდა ვაზის მტევნებს, შტოებს და ლერწმებს, ვერცხლის ბადიებსა და ლარნაკებზე ბექა ოპიზარისებური ხელოვნებით ასახიერებდა ყელმოღერებულ ნიამორებზე ნადირობას, ომს, მიჯნურობას, ნადიმს და ცეკვას, რკინისგზის დეპოში ან ქარხნის საზეინკლო ნაწილში მუშაობა?

ან რა უნდა ჰქნას მეგრელმა მეუნაგირემ და უძიროების ხარაზმა, როცა ქართული უნაგირი ქართულ წითელ კავალერიას აღარ სჭირდება, კერძოებს ცხენები აღარ შერჩათ, რადგან მატარებელმა, ტრამვაიმ და ავტომ ცხენს პატივი აჰყარეს, ვიწრო უძიროებს აღარავინ იკერავს, ყაითანიანი, გადაზიკული, აფხაზური წუღა, მესტ-საცვეთი მეტწილად ავარებს აცვიათ.

რა უნდა ჰქნას მეგრელმა ხარაზმა, რომელიც ორმოცი წელი ხარაზი იყო, შეგირდი აიყვანა, ისიც კომკავშირში შევიდა, თავათ დაბერდა და ნემსში ძაფს ვეღარ გაუყრის?

მე მეცოდება მოხუცი ხარაზი, უძიროებს მიტომაც ვიცვამ.

რათ მინდა, ქვეყანა რომ ფართო იყოს, როცა ფეხის დასადგამი აღარსად არისო. ასე ოხუნჯობდა ერთი კაცი, რომელსაც ფეხზე ვიწრო უძიროები ეცვა.

მეც ასე მომდის, მუდამ ვიწრო უძიროებს ვატარებ, დაბადებას ვიწყევლი.

აღმოსავლეთო, შენ სადიზმამდის მიგიყვანია ლამაზი ფეხების კულტი!

   

− XI −

 

ერთ დღეს კბილით მოვიტანე სული ჩემი უძიროების ოსტატის დუქნამდის.

ვიდრე ჩემს საცვეთებს კალაპოტში ჩააგდებდნენ, მე ჩემს ოსტატს ვესაუბრებოდი. ვუამბობდი ჩემი დაწყლულებული ფეხის თავგადასავალს, თუ როგორ გამაწამა ვიწრო საცვეთებმა და რა ძნელია, რომ ამოდენა მიწაზე თავისუფლად ვერ დამიდგამს ფეხი.

ოსტატი თავის მხრით აღმასკომის მიერ შემოწერილი ბეგარის გამო შემომჩიოდა.

ბეგარამ მე ფული გამახსენა, ფულმა ჩემი ვალი, ჯიბეზე ხელი მოვისვი, მაგრამ ამიერკავკასიის ხუთასათასიანი ბონები ვიპოვნე მხოლოდ და ჩემს ოსტატს ხურდა არ აღმოაჩნდა.

ამასობაში დუქანში დაძონძილ ნაბდის ჯუბაში გამოფუთნული, ჭარმაგი კაცი შემოვიდა...

მას მწყერის ფერი ჩაბალახი ეხურა. ხელში მოყვითანო ჩემოდანი ეკავა.

ამ კაცმა ჩაბალახი რომ გადაიძრო, დიდი იოსები ვიცანი.

„კარგია, რომ მოხვედი“, - უთხრა ოსტატმა და ჩემ მიერ გადაცემული ხუთასათასიანი ბონი გაუწოდა. იოსებმა ჩემოდანი არ გახსნა, მე თვალი მოვკარი, თუ როგორ ამოალაგა მარჯვენა უბიდან დაძონძილი, ძგიდეშემოცვეთილი, ჭუჭყიანი ბონების დასტა.

მან გადასთვალა და ფული დაზგაზე დაულაგა ოსტატს.

ოსტატმა თავისი გასამრჯელო აიღო და რამდენიმე ათასმანეთიანი დამიბრუნა

„ვინ არის ეგ კაცი?“ - შევეკითხე განზრახ ჩემს ოსტატს, როცა დიდი იოსები დუქნიდან გავიდა.

„ეგ ერთი რაჭველია, ძველად მეკურტნედ იყო, ახლა ბაზარში ფულებს ახურდავებს“.

ასეთი ტიპი მე მრავალი მინახავს ტფილისში. იმჟამად ხურდა ფულს დანატრებული

იყო ბაზარი და მოხუცი შრომის ინვალიდები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და იოლი გარჯით თავს ირჩენდნენ.

 

* * * * * * * * *

 

სამიოდე დღის შემდეგ დიდი იოსების ხელიდან გამოსული ათასმანეთიანი პაპიროსის გამყიდველმა ხელში აიღო, კვერცხსავით დალანდა და მეუბნება:

„ყალბია, ბატონო“.

მე არ დავუჯერე პაპიროსის გამყიდველს, ბანკში წავიღე.

„ყალბია, ამხანაგო“, - გაიმეორა ბანკის ინსპექტორმა.

„როგორ თუ ყალბი?“ - შევრისხე ბანკის მოხელე.

„აი, დახეთ“, - მეუბნება, თანაც უჯრიდან გამოღებულ სხვა ათასიანს მიჩვენებს, - „ეს ქაღალდი როგორ დაუთოვებულია, ხოლო თქვენ მიერ მოტანილს როგორი ბუსუსები აქვს”.

„ბუსუსებიო?“

მხრები ავიჩეჩე, დავდუმდი.

ბუსუსებიანი აღმოჩნდა დანარჩენი ათასიანებიც.

მე ამდენი არ მესმის ფულის საქმეში. ფული მეც მიყვარს, მაგრამ დათვლა მეზარება.

წავედი და საწერი მაგიდის უჯრაში დაუთვლელად შევინახე ათასმანეთიანები.  

 

− XII −

 

სწორედ იმ ღამეს, როცა ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში ყალბი ათასიანები ჩავკეტე, საოცარი მერეხი დააცხრა ქალაქს.

მე ძლიერ მიყვარს მაგარი წვიმა, მტვერიან ქალაქზე თქეშითა და ღვართქაფით წამოსული.

წვიმამ რომ გადაიღო, ის-ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, რომ ჩვენი ქუჩის კუთხეში „ჩეკას“ ავტომობილმა დაიგრიალა.

უთენია უკვე მთელმა ეზომ იცოდა, რომ „ჩეკამ“ ჩვენი სახლის სარდაფში ამერიკული საბეჭდი მანქანა, დიდძალი ყალბი ბონების ნეგატივები, ვალცეტები, შრიფტი, ოციოდე ოზმა ბუსუსიანი ქაღალდი და ამიერ-კავკასიის ბონების ასიოდე კიპა აღმოაჩინა.

ყველა დაფრთხა, ფანჯრის გაღებასაც ვერვინ ჰბედავდა.

მე დილაადრიან აბანოში ვაპირებდი წასვლას, ცოტა ხანს კიდევ მინდოდა მოვლენების განვითარებისათვის თვალი მედევნებინა, მაგრამ ფრიად არ მიყვარს ჯერში დგომა და ჩემს საქმეზე გავეშურე.

სახლის კარიბჭე გავაღე, დიდი იოსები ლანდივით იდგა ფილაქანზე. ხელში მოყვითანო ჩემოდანი ეჭირა. ეტყობოდა ძალზე მთვრალი იყო, ხაშის სუნი მეცა უზმოზედ. ჩემ მიერ გაღებულ კარებში შევიდა, მაგრამ ორიოდე წუთის შემდეგ გამობრუნდა და აჩქარებული ნაბიჯით წინ გამისწრო.

ფილაქნებზე პორტფელებით დატვირთული საბჭოთა მოსამსახურეები მოისწრაფიან. კოხტად ჩაცმული მოხელე ქალები გზადაგზა იხედებიან რედიკულების სარკეებში, ტუალეტს ისინჯავენ.

უწიგნოდ მოლაშლაშებენ ქუჩაზე უქუდო, კანჭებშიშველი ტექნიკუმების მოწაფე ქალები, მოურიდებლად აცეცებენ თვალებს, თავხედურად აცქერდებიან გზადგამვლელ მამაკაცებს.

დაცალიერებული პორტფელები გამოუჩრიათ იღლიაში ჩამოხუნებულ ვექილებს და უპრაქტიკო ექიმებს, თავიანთ სამსახურში მიეშურებათ.

„ოხშლი, ოხშლი“, გაიძახიან წყნეთელი მენახშირეები, პატარა თუშურქუდიანი ბიჭუნები ცოცხით დატვირთულ ვირებს მოუძღვებიან, გაძვალტყავებული ცხოველები ძლივს მოსჩანან ამ ვეებერთელა, მოარულ ზვინებიდან.

„მაწოოონი, მაწოოონი!“ - ისტერიული ხმით გაჰკივის სადღაც მემაწვნე, მაღალ სოპრანოს ხმაზე ჰყვირის მუშკოოპის ნავთის გამყიდველი.

(და ის პატარა ბუდრუგუნა ბიჭუნა, სამოვრის სახეხ ქვიშას ცარიელ ბოთლებზე რომ ცვლის, ახლაც ვერ გამირჩევია, რას იძახის იგი).

დაგლეჯილ რუსულ ფარაჯებში გახვეული ქართველი გლეხები შეშით დატვირთულ ჭრიალა ურმებს მოუძღვებიან.

„ჰაამოო!“ - ჩხავის მეურმე და უღმერთოდ უტლაშუნებს შოლტს ღონემიხდილ ხარებს.

შეშა ბავშვის გოჯილასავით დაუხოხოლებიათ მომცრო ურემზე, სჩანს მათაც უსწავლიათ ქალაქური ხერხი: არარაობის დიდ ამბავად მოსაჩვენები.

რომელიღაც ქართველმა კომისარმა ჩემს ცხვირისწინ ავტოთი ჩაიქროლა.

კინტოების მოდგმის უკანასკნელ ნაშიერებს ყველით დატვირთული გობები შეუდგამთ თავზე. „წითელი ბოლოკი, წითელი ბოლოკი!“ - ბოხი ხმით მიხორხოცობს ორბორბალას გვერდით მიმავალი კარტუზიანი მემწვანილე.

ბებუთოვისა და ველიამინოვის ქუჩის კუთხესთან დიდი იოსების განიერ ბეჭებს თვალი მოვკარი. ახლა შევნიშნე მხოლოდ, მარტო არ იყო იგი. კუდამოძუებული ბერბერა წინ მიუძღოდა.

ბერბერა საგრძნობლად გამოკეთებულა. როგორც სჩანს, კარგად უვლის პატრონი, ეს არის მხოლოდ, სიარულში ძლიერ მოიკოჭლებს. სჩანს ქუჩის რომელიღაც კვიმატს ქვა უსვრია მისთვის.

სიონის ქუჩაზე ისევ დავკარგე დიდი იოსები, რადგან აქაც აუარებელი ხალხი მოდიოდა, ქუჩაზე ტრამვაები, საბარგო ავტოები მოჰქრიან, ბალანშემოცვეთილი აქლემები ქალაქში შემოჰყავთ ირანელებს. დაწინაურებული აქლემი მაღლა თავაწეული მოიმართება, ცალი თვალით იჭვნეულად შესცქერის ტრამვაის და გზას რეკვით მოიკაფავს. მეწინავე აქლემმა უკანასკნელად გულგრილად შეავლო თვალი ამ უშველებელ მოარულ გოჯილას და განერიდა.

დამდურებულებსავით ჩაუარეს ერთმანეთს ორი მოქიშპე კულტურის მაცნეთა.

გუგუნებდა სიონის გაბზარული ზარი.

ჯერ მოედანთან მისული არ ვიყავი, შევამჩნიე: დიდმა იოსებმა ჩემსკენ მოიხედა, გადასერა ქუჩა და მეორე ფილაქანზე გადავიდა, მეც ფეხს ავუჩქარე, არ ვიცი რატომ.

ათასებიანი, ათასფერიანი ბრბო მოედანზე ჩოჩქოლებს და ფუსფუსებს.

მეურმეებს, ცხენოსნებს, ქვეითებს თან მოაქვთ კრწანისის მწვანილი, ბორჩალოს შეშა, ყურძენი, ხილი, წითელ ცხვირსახოცით ყელწაკრულ, ყვითელ ფაფახიან თათარს დედისგან ახლად განალოკი, მადონასთვალებიანი ხბო მხარზე შეუსვამს, ტყაპუჭიანი მეცხვარეები ნაკელით გათხუნულ ჯოგს მოელალებიან, ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს ჰყვირიან, ყავარჯენით არიდებენ ტრამვაის გულუბრყვილო ციკნებს.

აგვისტოს უსიამო წვიმა ჟინჟლავს. წინა ღამით მოვარდნილ თქეშს ტრამვაის გზა გადაურეცხავს.

ქორული მზერით შევსცქერი ხორაგით დატვირთულ ცხენოსნებს, მეურმეებს, მესახედრეებს, მეფურგუნეებს, ქვეითებს.

მე ვხედავ თემურ ლენგის მეციხოვნე ჯარებიდან ჩამორჩენილ მონღოლებს, ინით წვერშეღებილ ირანელებს - ნარიყალას მეციხოვნე ჯარების ნაშიერთ, არაბების თარაქამების, ნიკოლოზ პირველის მალაკნების შვილის შვილის შვილის შვილებს, ისინი ამ ხიდით მეათასჯერ შემოდიან ტფილისში, მაგრამ არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ მოთალი, კარაქი, კიტრი, ვაშლი, ყურძენი და დუთმა ნესვი შემოაქვთ ტფილის-ქალაქის გაუმაძღარი კუჭის ამოსავსებად.

კომუნალურ ქუჩაზე თოფის სასროლ მანძილზე წამოვეწიე დიდ იოსებს. იგი წამდაუწუმ ჩემსკენ იყურება.

მე ვრწმუნდები: რაკი იმ დილით ჩემი სანადირო ტყაპუჭი მეცვა, „მილიციელი“ ვეგონე ალბათ, ან სისხლის სამართლის მილიციის აგენტი.

მე ეს მაინტერესებს: ნეტავ რა აქვს დიდ იოსებს ამ მოყვითანო ჩემოდანში?

იმავე ფილაქანზე გადაველი, რომელზედაც დიდი იოსები მიდიოდა, როგორც სჩანს, იგი ჩემმა დაჟინებულმა მზერამ მონუსხა. ფილაქანიდან იგი შუა ქუჩაზე გადავიდა.

კომუნალურ ქუჩაზე ურმების, ფურგუნების, ტრამვაიების ჭედვა იყო.

მოედნისკენ მიმავალი ტრამვაი პირისპირ შეეხეჩა ირაკლის ხიდიდან გამოქანებულ, ფქვილით დატვირთულ საბარგო ავტომობილებს.

მე ტროტუარიდან ვხედავ, თუ როგორ მოექცა მეურმე თათრის ბიჭის სახრით დაშინებული ბერბერა უშველებელ, ბოყინა საბარგო ავტომობილს ქვეშ ძაღლი უკან გადახტა შოფრის შეძახილისაგან შემკრთალი, როგორც ჩანს, უკანა, მტკივანმა ფეხმა უღალატა ბერბერას.  

ვატმანმა ადრე შეამჩნია, თუ როგორ დაბარბაცდა ძაღლი, ვესტენჰაუზის საჰაერო ონკანს მივარდა, ცალი ხელიც მექანიურ სახელურს მიაშველა, მაგრამ მანომეტრი ორამდის დასულიყო და ვესტენჰაუზმა ქვიშა ვეღარ დააყარა თქეშისაგან მორეცხილ რონებზე.

შოფერმა აქსცელერატორს ფეხი აუშვა, მაგრამ ჭახრაკის ხელის შევლება ვეღარ მოასწრო, ტრამვაის აერიდა, დიდი იოსები წინ გაჰქანდა წაქცეულ ბერბერას მისაშველებლად, მაგრამ ძაღლმა წამოდგომა მოასწრო.

თავათ წაიქცა დიდი იოსები, შოფერმა გაქანებული მოტორი ვეღარ შეიკავა. რაღაც განუსაზღვრელად მაგარი და მძიმე მოხვდა თავში დიდ იოსებს და ისეთი ზრიალი იგრძნო, თითქოს შვიდ ეკლესიაზე ჩამორეკესო და აზვავებულმა ავტომობილმა ელვის უსწრაფესად გასრისა დიდი იოსების უზარმაზარი სხეული.

   

მინაწერი:


როცა შოფერმა უკუაქცია მოტორი, მილიციელზე ადრე მე მივვარდი დიდი იოსების გათელილ ცხედარს, ყვითელი ჩემოდანი ხელში ავიღე და, გავხსენი თუ არა, წამსვე მეცნაურა ბუსუსიანი, ყალბი ბონების დასტა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კონსტანტინე გამსახურდია  • • •   კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ